საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეომარი და პატარა გოგონა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • ნაამანი მიდის ელისესთან, რომ განიკურნოს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 51

      მეომარი და პატარა გოგონა

      ერთი პატარა ისრაელი გოგონა თავისი ქვეყნიდან ძალიან შორს, სირიაში ცხოვრობდა. სირიელმა მეომრებმა ის ოჯახს მოსწყვიტეს და თავიანთ ქვეყანაში წაიყვანეს. იქ გოგონა მოსამსახურედ დაიყენა სირიელთა ჯარის მხედართმთავრის, ნაამანის, ცოლმა. პატარა გოგონა იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველა ცრუ ღმერთებს ეთაყვანებოდა.

      ნაამანს კანის საშინელი დაავადება ჰქონდა და ტკივილებით იტანჯებოდა. გოგონას ეცოდებოდა ის და მთელი გულით უნდოდა მისი დახმარება. მან ნაამანის ცოლს უთხრა: ვიცი, ვისაც შეუძლია თქვენი ქმრის განკურნება. ისრაელში არის იეჰოვას ერთი წინასწარმეტყველი, რომელსაც ელისე ჰქვია. ის აუცილებლად გამოაჯანმრთელებს თქვენს ქმარს.

      ცოლმა ყველაფერი უამბო ნაამანს. ისიც წავიდა ისრაელში ელისესთან, რადგან ძალიან უნდოდა გამოჯანმრთელება. ნაამანი ელოდა, რომ ელისე მას დიდი პატივით დახვდებოდა. მაგრამ ელისე პირადად არ შეხვედრია მას, მხოლოდ თავისი მსახურის პირით შეუთვალა: წადი, შვიდჯერ დაიბანე მდინარე იორდანეში და განიკურნები.

      ნაამანი იმედგაცრუებული დარჩა. მან თქვა: მეგონა, მოვიდოდა ეს წინასწარმეტყველი, თავის ღმერთს მოუხმობდა, ხელს მომატარებდა და განმკურნავდა. ის კი მეუბნება, წადი და ისრაელის მდინარეში იბანავეო. განა სირიაში უკეთესი მდინარეები არა გვაქვს?! რატომ უნდა ვიბანაო იორდანეში?! გაბრაზებულმა ნაამანმა იქაურობა დატოვა.

      ნაამანი ბანაობს მდინარე იორდანეში.

      ნაამანს თავისმა მსახურებმა სთხოვეს, დაფიქრებულიყო ელისეს სიტყვებზე. მათ უთხრეს თავიანთ ბატონს: განა ყველაფერს არ გააკეთებდი, რომ განკურნებულიყავი?! რატომ ამბობ უარს, ეს წინასწარმეტყველი ხომ რთულს არაფერს გეუბნება?! ნაამანმა მოუსმინა თავის მსახურებს. წავიდა, მდინარე იორდანეში შვიდჯერ ჩაყვინთა და წყლიდან სრულიად ჯანმრთელი ამოვიდა. ის იმდენად მადლიერი და გახარებული იყო, რომ ელისესთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად. მან უთხრა წინასწარმეტყველს: „ახლა უკვე ვიცი, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი“. შენი აზრით, რას იგრძნობდა პატარა ისრაელი გოგონა, როცა ნაამანი სახლში სრულიად განკურნებული დაბრუნდებოდა?

      „ბავშვები და ჩვილები შეგასხამენ ხოტბას“ (მათე 21:16).

      კითხვები: როგორ ფიქრობ, ადვილი იქნებოდა პატარა ისრაელი გოგონასთვის ნაამანის ცოლთან დალაპარაკება? შენი აზრით, რა დაეხმარა გოგონას გაბედულების გამოვლენაში?

      2 მეფეები 5:1–19; ლუკა 4:27

  • იეჰოვას ცეცხლოვანი ჯარი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • ელისე და მისი მსახური სირიელთა ჯარის ალყაში.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 52

      იეჰოვას ცეცხლოვანი ჯარი

      სირიის მეფე ბენ-ჰადადმა ომი გაუმართა ისრაელს. მაგრამ წინასწარმეტყველი ელისე ყოველ ჯერზე აფრთხილებდა ისრაელის მეფეს და ისიც ერიდებოდა იმ ადგილებს, სადაც მტერი იყო ჩასაფრებული. ამის გამო ბენ-ჰადადმა ელისეს შეპყრობა გადაწყვიტა. მან გაიგო, რომ ელისე ქალაქ დოთანში იმყოფებოდა და ჯარი გაგზავნა მის მოსაყვანად.

      ღამით სირიელთა ჯარი დოთანს მიადგა. დილით ელისეს მსახური გარეთ გავიდა და დაინახა, რომ ქალაქი ურიცხვ ჯარს ჰყავდა ალყაში მოქცეული. მსახურს შეეშინდა და ყვირილი მორთო: რა გვეშველება, ელისე?! ელისემ დაამშვიდა ის: ნუ გეშინია, ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან! იეჰოვამ თვალი აუხილა ელისეს მსახურს და მანაც დაინახა, რომ ქალაქის გარშემო მთები სავსე იყო ცხენებითა და ცეცხლოვანი საბრძოლო ეტლებით.

      ელისე და მისი მსახური სირიელთა ჯარის ალყაში.

      როცა სირიელმა მებრძოლებმა ელისეს შეპყრობა მოინდომეს, მან ღმერთს ლოცვით მიმართა: „იეჰოვა, გთხოვ დააბრმავე ეს ხალხი“. მართალია, მათ პირდაპირი გაგებით მხედველობა არ დაუკარგავთ, მაგრამ ვეღარ აცნობიერებდნენ, სად იყვნენ. ელისემ ჯარისკაცებს უთხრა: სხვა ქალაქში მოხვდით. გამომყევით და მე მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. ისინიც გაჰყვნენ ელისეს. მან ისინი სამარიაში მიიყვანა, სადაც ისრაელის მეფე ცხოვრობდა.

      სირიელები ძალიან გვიან მიხვდნენ, სად მიიყვანა ისინი წინასწარმეტყველმა. ისრაელის მეფემ ელისეს ჰკითხა: დავხოცო ესენი? ისარგებლებდა ელისე შესაძლებლობით და იძიებდა შურს თავის მტრებზე? მან მეფეს უთხრა: არა, არ დახოცო. საჭმელი აჭამე და თავიანთი გზით გაუშვი. მეფემაც დიდი ნადიმი გაუმართა მათ, შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში გაუშვა.

      სირიელი ჯარისკაცები მეფის სუფრასთან სამარიაში

      „დარწმუნებულნი ვართ, რომ, რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14).

      კითხვები: როგორ დაიცვა იეჰოვამ ელისე და მისი მსახური? როგორ ფიქრობ, შენი დაცვაც შეუძლია იეჰოვას?

      2 მეფეები 6:8–24

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება