საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა-წამება
    ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
    • ნაწილი 6

      რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა-წამება

      1, 2. როგორ წაახდინეს ჩვენმა წინაპრებმა ღმერთის მიერ ნაბოძები მშვენიერი საწყისი?

      მაშ რა მოხდა? რამ წაახდინა მშვენიერი საწყისი, რომელიც ჩვენი წინაპრებისთვის ედემის ბაღში ღმერთის მიერ იყო ნაბოძები? რატომ არის, რომ იმ სამოთხის მშვიდობისა და ჰარმონიის ნაცვლად, ათასწლეულების მანძილზე ბოროტება და ტანჯვა ბატონობს?

      2 მიზეზი ისაა, რომ ადამმა და ევამ ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება. მათ მხედველობიდან გამორჩათ მთავარი ფაქტი — ისინი არ იყვნენ შექმნილნი იმისთვის, რომ ღმერთისა და მისი კანონების გარეშე მიეღწიათ წარმატებებისთვის. მათ გადაწყვიტეს ღმერთისგან დამოუკიდებელნი გამხდარიყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამით გაიუმჯობესებდნენ ცხოვრებას. ამიტომ, მათ დაარღვიეს ღმერთის მიერ დაწესებული ნების თავისუფლების საზღვარი (დაბადება, თავი 3).

      საკამათო საკითხი უზენაესი ხელისუფლების შესახებ

      3-5. რატომ არ გაანადგურა ადამი და ევა ღმერთმა მაშინვე და არ დაიწყო ყველაფერი თავიდან?

      3 რატომ არ გაანადგურა ღმერთმა ადამი და ევა დაუყოვნებლივ და არ დაიწყო ყველაფერი თავიდან, მეორე წყვილით? იმიტომ, რომ ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული მისი უზენაესი ხელისუფლება, ესე იგი მისი მმართველობის ხელშეუვალი უფლება.

      4 საკითხი მდგომარეობდა შემდეგში: ვის აქვს მმართველობის უფლება და ვისი მმართველობაა მართებული? ღმერთს მმართველობის უფლება აქვს იმიტომ, რომ ის არის ყოვლისშემძლე და წარმოადგენს ყველა ქმნილების შემოქმედს. რადგან ღმერთი ფლობს აბსოლუტურ სიბრძნეს, მისი მმართველობა საუკეთესოა ყველა ქმნილებისთვის. მაგრამ, ღმერთის მმართველობა ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული. აგრეთვე, ეჭვს ექვემდებარებოდა, იყო თუ არა რაიმე ნაკლი მის ქმნილებაში — ადამიანში? მოგვიანებით განვიხილავთ, თუ როგორ უკავშირდება ამას ადამიანის უმწიკვლოების საკითხი.

      5 იმის გამო, რომ ადამიანები ღმერთისგან დამოუკიდებელნი გახდნენ, პარალელურად დაისვა სხვა საკითხი: იქნებიან თუ არა ადამიანები უფრო წარმატებულნი ღმერთის მმართველობის გარეშე? შემოქმედმა უსათუოდ იცოდა პასუხი, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხს გამოეკვლია ეს საკამათო საკითხი, ყველაზე მართებული გზა იყო მიეცა ადამიანთათვის სრული თავისუფლება, რაც მათ ისურვეს. ადამიანებმა თავიანთი ნებით ამოირჩიეს ეს გზა, ამიტომ ღმერთმა დართო ნება, გაეკეთებინათ ასეთი არჩევანი.

      6, 7. რატომ დაუშვა ღმერთმა ასე დიდი ხნით ადამიანების სრული თავისუფლება?

      6 იმით, რომ ადამიანებს ექსპერიმენტების ჩასატარებლად მისცა სრული თავისუფლება და საკმარისი დრო, ღმერთი სამუდამოდ გახდის ნათელს, რა არის მათთვის საუკეთესო — ღმერთის მმართველობა თუ მისგან დამოუკიდებლობა. დაშვებული დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანებს შეძლებოდათ მიეღწიათ იმისთვის, რასაც ისინი სთვლიდნენ უმაღლეს მწვერვალად პოლიტიკაში, მრეწველობაში, მეცნიერებასა და მედიცინაში.

      7 ამიტომ, ღმერთმა ადამიანს თვით დღევანდელ დღემდე მისცა თავისუფალი მართვის ნება, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე გახდეს ცხადი, შეუძლია თუ არა წარმატებით არსებობა მისგან დამოუკიდებელ ადამიანთა მმართველობას. ამრიგად, მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი სიკეთესა და სისასტიკეს, სიყვარულსა და სიძულვილს, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის. მაგრამ ისინი აღმოჩნდნენ თავიანთი არჩევნის შედეგების პირისპირ: ან სიკეთისა და მშვიდობის ან ბოროტებისა და ტანჯვა-წამების.

  • რა იყო ამბოხების შედეგი?
    ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
    • ნაწილი 7

      რა იყო ამბოხების შედეგი?

      1-3. როგორ დაამტკიცა დრომ ღმერთის სიმართლე?

      რაც შეეხება საკამათო საკითხს ღმერთის მმართველობის უფლების შესახებ, რა შედეგი ჰქონდა საუკუნეების მანძილზე, ღმერთისგან დამოუკიდებელ ადამიანთა მმართველობას? დაამტკიცეს კი ადამიანებმა, რომ ღმერთზე უკეთეს მმართველებს წარმოადგენენ? თუ ვიმსჯელებთ ადამიანების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფაქტების მიხედვით, აშკარაა, რომ არა.

      2 როდესაც ჩვენმა წინაპრებმა უარყვეს ღმერთის მმართველობა, ამას თან მოჰყვა უბედურება. მათ და მათგან წარმოშობილ მთელ საკაცობრიო ოჯახს თავს დაატყდა ტანჯვა-წამება. და საკუთარი თავის გარდა ისინი ვერავის დაადანაშაულებდნენ ამაში. ღმერთის სიტყვა ამბობს: „გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა“ (მეორე რჯული 32:5).

      3 ისტორიამ ცხადყო ღმერთის გაფრთხილების მართებულობა ადამისა და ევასადმი: თუ ადამიანები უარყოფდნენ ღმერთის მფარველობას, გადაგვარდებოდნენ და მოკვდებოდნენ (დაბადება 2:17; 3:19). ისინი გამოვიდნენ ღმერთის მმართველობის ქვეშევრდომობიდან და დროთაგანმავლობაში ნამდვილად გადაგვარდნენ და მოკვდნენ.

      4. რატომ ვიბადებით არასრულყოფილები და რატომ გვაქვს მიდრეკილება ავადმყოფობისა და სიკვდილისკენ?

      4 რომაელთა 5:12-ში ახსნილია, თუ რა დაემართა შემდგომ მათ შთამომავლობას: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის [ადამის, საკაცობრიო ოჯახის თავის] მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“. ამიტომ, როდესაც ჩვენი წინაპრები აჯანყდნენ ღმერთის ზედამხედველობის წინააღმდეგ, ისინი გახდნენ არასრულყოფილები და ცოდვილები. გენეტიკური კანონების თანახმად, მათ შეეძლოთ შთამომავლობისთვის გადაეცათ შეძენილი არასრულყოფილება. ამ მიზეზის გამო ვიბადებით არასრულყოფილები და გვაქვს მიდრეკილება ავადმყოფობებისა და სიკვდილისკენ.

      5, 6. რა გვიჩვენა ისტორიამ კაცობრიობის ძალისხმევასთან დაკავშირებით, დაემყარებინა მშვიდობა და კეთილდღეობა?

      5 განვლო მრავალმა საუკუნემ. იმპერიები ცვლიდნენ ერთიმეორეს. გამოიცადა მმართველობის ყველა შესაძლო ფორმა. მაგრამ, საკაცობრიო ოჯახს ისევ და ისევ თან სდევდა უბედურება. შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო, რომ ექვსი ათასი წლის შემდეგ ადამიანები მიაღწევდნენ წარმატებებს მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის დამყარებაში მთელს დედამიწაზე და რომ ამ დროისთვის იხელმძღვანელებდნენ სიკეთის, თანაგრძნობისა და ურთიერთთანამშრომლობის დადებითი თვისებებით.

      6 მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ადამიანის მიერ ოდესმე დაარსებული მმართველობის არცერთ ფორმას არ მოუტანია კაცობრიობისთვის მშვიდობა და კეთილდღეობა. ჯერ მარტო XX საუკუნეში, ჩვენ ვხედავთ მილიონების სისტემატურ განადგურებას ხოლოკაუსტის [ნაცისტური გენოციდის] დროს და 100 მილიონზე მეტ მკვლელობას ომებში. ჩვენს დროში შეუწყნარებლობისა და პოლიტიკური უთანხმოების გამო აურაცხელი რაოდენობის ადამიანი იყო წამებული, დაპატიმრებული და მხეცურად მოკლული.

      თანამედროვე მდგომარეობა

      7. როგორ შეიძლება აღიწეროს საკაცობრიო ოჯახის თანამედროვე მდგომარეობა?

      7 ამასთანავე, განიხილე საკაცობრიო ოჯახში საყოველთაოდ არსებული პირობები. მძვინვარებს დანაშაულობა და სისასტიკე. ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებამ ეპიდემიური სახე მიიღო. პანდემიად იქცა სქესობრივი გზით გავრცელებული დაავადებები. მილიონობით ადამიანი ავადდება სასიკვდილო ავადმყოფობით — შიდს-ით. იმ დროს, როდესაც ერთეულები უდიდეს სიმდიდრეს ფლობენ, ყოველწლიურად, მილიონები შიმშილისა და ავადმყოფობისგან იხოცებიან. ადამიანები ფიტავენ და აბინძურებენ დედამიწას. ყველგან, ინგრევა ოჯახები და ითელება მორალური ფასეულობა. ნამდვილად, დღევანდელი ცხოვრება ირეკლავს ‘წუთისოფლის ღმერთის’ — სატანის ამაზრზენ მმართველობას. ქვეყნიერება, რომელსაც ის მართავს არის სავსებით გახრწნილი, უგულო და სასტიკი (2 კორინთელთა 4:4).

      8. რატომ არ შეგვიძლია ვუწოდოთ ადამიანთა მიღწევებს ჭეშმარიტი პროგრესი?

      8 ღმერთმა საკმარისი დრო გამოყო, რომ ადამიანებს მიეღწიათ მეცნიერული და მატერიალური პროგრესის მწვერვალებისთვის. მაგრამ, არის კი ნამდვილი პროგრესი, როდესაც მშვილდი და ისარი შეიცვალა ქვემეხებით, ტანკებით, რეაქტიული ბომბდამშენებითა და ბირთვული იარაღით? ნუთუ ეს პროგრესია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ კოსმოსის დაპყრობა, ხოლო დედამიწაზე კი არ შეუძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება? ნუთუ ესაა პროგრესი, როდესაც ადამიანებს ღამე, ზოგიერთ ადგილებში დღისითაც კი, ეშინიათ ქუჩაში სიარული?

      რა გვიჩვენა დრომ

      9, 10. ა) რა ცხადყო გასულმა საუკუნეებმა? ბ) რატომ არ წაართვა ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება?

      9 საუკუნეების მანძილზე დრომ გვიჩვენა, რომ შეუძლებელია ადამიანებმა, ღმერთის მმართველობისგან დამოუკიდებლად, წარმატებით მართონ თავიანთი ნაბიჯები. ეს მათთვის შეუძლებელია ისევე, როგორც ცხოვრება საკვების, წყლისა და ჰაერის გარეშე. ფაქტი სახეზეა: ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ ვიყოთ დამოკიდებულნი შემოქმედის ხელმძღვანელობაზე, ზუსტად ისევე, როგორც საკვებზე, წყალსა და ჰაერის მოთხოვნილებაზე.

      10 ბოროტების დაშვებით ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ გვიჩვენა ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენების სავალალო შედეგები. რადგან ნების თავისუფლება ასეთი ძვირფასი ძღვენია, იმის ნაცვლად, რომ წაერთმია ეს ძღვენი ადამიანებისთვის, ღმერთმა დაუშვა, რომ მათ დაენახათ, თუ რას ნიშნავს ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენება. ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტებას გამოხატავს, როდესაც ამბობს: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ის ასევე ჭეშმარიტად ამბობს: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა [მისდა, აქ ] საზიანოდ“ (იერემია 10:23; ეკლესიასტე 8:9).

      11. აღკვეთა თუ არა ადამიანთა მმართველობის რომელიმე ფორმამ ტანჯვა-წამება?

      11 ექვსი ათასი წლის მანძილზე ღმერთის მიერ დაშვებულმა ადამიანთა მმართველობამ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა ჩამოაშოროს ტანჯვა-წამება; მან ვერასდროს ვერ შეძლო ამის შესრულება. მაგალითად, თავის დროზე, ისრაელთა მეფემ, სოლომონმა, მთელი თავისი სიბრძნით, სიმდიდრითა და ძალაუფლებით ვერ შეძლო ადამიანთა მმართველობის ცუდი შედეგების გამოსწორება (ეკლესიასტე 4:1-3). ასევე დღესაც, თანამედროვე უახლესი ტექნიკის მიღწევების მეშვეობითაც კი, მსოფლიო ლიდერები უმწეონი არიან აღკვეთონ ტანჯვა-წამება. პირიქით, ისტორიიდან ჩანს, რომ ღმერთის მმართველობისგან დამოუკიდებელმა ადამიანებმა კი არ აღკვეთეს, არამედ უფრო მეტად გაზარდეს სატანჯველი.

      ღმერთის შორსმჭვრეტელობა

      12-14. რა ხანგრძლივი სარგებელი იქნება იმის შედეგად, რომ ღმერთმა დაუშვა ტანჯვა?

      12 ღმერთის მიერ დაშვებულმა ტანჯვამ ტკივილი მოგვაყენა. მაგრამ, თავისი შორსმჭვრეტელობით ღმერთმა იცოდა, რომ ხანგრძლივი დროის შემდეგ კარგი შედეგები გამოჩნდებოდა. ღმერთის თვალსაზრისი სარგებელს მოუტანს ქმნილებებს არა მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულით ან რამდენიმე წლით, არამედ მილიონობით წლით — მარადიულად.

      13 თუ ოდესმე, მომავალში, ნებისმიერ სიტუაციაში, ვინმე ბოროტად გამოიყენებს ნების თავისუფლებას და ეჭვის ქვეშ დააყენებს ღმერთის მოქმედების სახეს, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მას თავისი თვალსაზრისის დასამტკიცებლად, მიეცეს დრო. მეამბოხეებისთვის ათასწლეულების მიცემით, ღმერთმა დაადგინა კანონიერი პრეცედენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მარადისობის მანძილზე, სამყაროს ნებისმიერ კუთხეში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება