მოვიდა „სასამართლოს საათი“
„გამოცხადება“, ბიბლიის ბოლო წიგნი, მოგვითხრობს ანგელოზზე, რომელსაც „მარადიული სასიხარულო ცნობა“ აქვს. ის ხმამაღლა ამბობს: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი“ (გამოცხადება 14:6, 7). „სასამართლოს საათში“ იგულისხმება როგორც გამოტანილი მსჯავრის უწყება, ისე მისი სისრულეში მოყვანა. „საათი“ შედარებით მოკლე პერიოდია. მსჯავრის სისრულეში მოყვანა „ბოლო დღეების“ კულმინაციური მომენტია. ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ამ ბოლო დღეებში (2 ტიმოთე 3:1).
„სასამართლოს საათი“ სიმართლის მოყვარულთათვის სასიხარულო ცნობაა. ეს შვების მოახლოების დროა ღვთის მსახურთათვის, რომლებიც ამ ძალადობით აღსავსე და უსიყვარულო ქვეყნიერებაში უამრავ პრობლემას ხვდებიან.
ახლა, სანამ თანამედროვე ბოროტი სისტემის განადგურებით ჯერ არ დასრულებულა „სასამართლოს საათი“, ისმის მოწოდება: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“. აკეთებთ თქვენ ამას? ამაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე უბრალოდ იმის თქმა, რომ „მწამს ღმერთი“ (მათე 7:21—23; იაკობი 2:19, 20). ღვთისადმი მართებული შიში მისი პატივისცემისკენ გვიბიძგებს. ამან უნდა აღგვძრას, ზურგი ვაქციოთ ბოროტებას (იგავები 8:13). ღვთის შიში იმაშიც დაგვეხმარება, რომ გვიყვარდეს სიკეთე და გვძულდეს ბოროტება (ამოსი 5:14, 15). თუ პატივს მივაგებთ ღმერთს, მის სიტყვებს გულისყურით მოვეკიდებით. არ ვიქნებით იმდენად დაკავებულები, რომ მისი სიტყვის, ბიბლიის, რეგულარულად წასაკითხად ვერ მოვიცალოთ. ყოველთვის მას მივენდობით და ამას მთელი გულით გავაკეთებთ (ფსალმუნები 61:9; იგავები 3:5, 6). ისინი, რომლებიც ნამდვილად მიაგებენ ღმერთს პატივს, აღიარებენ, რომ ის არის უზენაესი ხელისუფალი, ცისა და დედამიწის შემოქმედი, და სიყვარულით ემორჩილებიან მას. თუ ვხედავთ, რომ ამ საკითხებს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, ნუ გადავდებთ მდგომარეობის გამოსწორებას.
მსჯავრის სისრულეში მოყვანას, რომლის შესახებაც ანგელოზმა განაცხადა, „იეჰოვას დღეც“ ეწოდება. მსგავსი „დღე“ ძველ იერუსალიმს ძვ. წ. 607 წელს დაუდგა, რადგან მოსახლეობა უგულებელყოფდა ღვთის წინასწარმეტყველთა გაფრთხილებებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ იეჰოვას დღე ჯერ შორს იყო და ამით კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნიდნენ საკუთარ სიცოცხლეს. იეჰოვამ გააფრთხილა ისინი: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე“ (სოფონია 1:14). „იეჰოვას დღე“ ძველი ბაბილონის ისტორიაშიც იყო, ძვ. წ. 539 წელს (ესაია 13:1, 6). ბაბილონელები საკუთარ სიმაგრეებსა და ღმერთებზე იყვნენ დაიმედებულნი და არაფრად აგდებდნენ იეჰოვას წინასწარმეტყველთა გაფრთხილებებს. მაგრამ ძლევამოსილი ბაბილონი ერთ ღამეში დაეცა მიდიელებისა და სპარსელების ხელით.
რა გველის ჩვენ? კიდევ ერთი და უფრო ფართო მასშტაბების მომცველი „იეჰოვას დღე“ (2 პეტრე 3:11—14). ღმერთმა „დიდ ბაბილონს“ მსჯავრი გამოუტანა. გამოცხადების 14:8-ის თანახმად, ანგელოზი აცხადებს: „დაეცა დიდი ბაბილონი“. ეს უკვე მოხდა. ღვთის თაყვანისმცემლები მის ტყვეობაში აღარ არიან. სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ის გახრწნილ საქმეებში მონაწილეობს და ომებში ერევა. ახლა კი მისი საბოლოო განადგურება ახლოვდება. ამის გამო ბიბლია ყველას მოუწოდებს: „გამოდი[თ] მისგან [დიდი ბაბილონისგან] . . . თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ, რადგან მისი ცოდვები ცას მისწვდა და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები“ (გამოცხადება 18:4, 5).
რა არის დიდი ბაბილონი? ეს არის მსოფლიო რელიგიური სისტემა, რომელსაც ძველი ბაბილონის ნიშან-თვისებები აქვს (გამოცხადება, თავები 17, 18). დაუკვირდით ზოგ მსგავსებას:
• ძველი ბაბილონის სამღვდელოება აქტიურად მონაწილეობდა ერის პოლიტიკურ საქმეებში. იგივე შეიძლება ითქვას დღეს მრავალ რელიგიაზე.
• ბაბილონის სამღვდელოება ხშირად ომისკენ აქეზებდა ხალხს. თანამედროვე რელიგიებიც პირველები არიან მათ შორის, ვინც საომრად მიმავალ ჯარისკაცებს აკურთხებს.
• ძველი ბაბილონის რელიგიურ სწავლებებსა და საქმეებს ერი საშინელ უზნეობამდე მიჰყავდა. დღესაც, როდესაც რელიგიური წინამძღოლები უგულებელყოფენ ბიბლიურ ზნეობრივ ნორმებს, უზნეობა ყვავის როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს შორის. აღსანიშნავია, რომ „გამოცხადება“ დიდ ბაბილონს მეძავს უწოდებს ქვეყნიერებასთან და, კერძოდ, პოლიტიკურ სისტემასთან მისი ურთიერთობის მანერის გამო.
• ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ დიდი ბაბილონი „სამარცხვინო ფუფუნებაში“ ცხოვრობს. ძველ ბაბილონში ტაძრის მსახურები დიდ ქონებასა და მიწებს ფლობდნენ; ქურუმები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კომერციულ საქმიანობაში. დღესაც, თაყვანისმცემლობის ადგილების გარდა, დიდი ბაბილონი უზარმაზარ ქონებას ფლობს და კომერციულ საქმიანობას ეწევა. მათ სწავლებებსა და დღესასწაულებს დიდი მოგება მოაქვს როგორც მათთვის, ისე სხვებისთვის ბიზნესის სამყაროში.
• თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენება, მაგია და ჯადოქრობა ძალიან იყო გავრცელებული ძველ ბაბილონში. იმავეს ვხედავთ დღეს მსოფლიოს მრავალ ნაწილში. სიკვდილი სიცოცხლის სხვა ფორმაში გადასვლად ითვლებოდა. ბაბილონი სავსე იყო სხვადასხვა ღმერთების პატივსაცემად აგებული ტაძრებითა და სამლოცველოებით. ამავე დროს, ბაბილონელები ეწინააღმდეგებოდნენ იეჰოვას თაყვანისმცემლებს. დიდი ბაბილონი ამ მხრივაც არაფრით ჩამორჩება თავის წინამორბედს.
ძველად იეჰოვა ძლიერ ერებს იყენებდა მათ დასასჯელად, ვინც მისი ნების მიმართ თავხედურად ავლენდა უპატივცემულობას. მაგალითად, ძვ. წ. 740 წელს ასურეთმა სამარია გაანადგურა. ძვ. წ. 607 წელს კი იერუსალიმი დაინგრა ბაბილონელთა ხელით. იგივე ბედი ეწია იერუსალიმს საუკუნეების შემდეგაც, როდესაც ახ. წ. 70 წელს რომაელებმა გაანადგურეს. თავის მხრივ, ბაბილონიც დაეცა ძვ. წ. 539 წელს, როდესაც ის მიდიელებმა და სპარსელებმა დაიპყრეს. ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ ჩვენს დროში პოლიტიკური ძალები მხეცივით დაესხმიან თავს „მეძავს“ და გააშიშვლებენ მას, ანუ მის ნამდვილ სახეს სააშკარაოზე გამოიტანენ. ისინი მთლიანად დააქცევენ მას (გამოცხადება 17:16).
ნამდვილად გააკეთებენ ამას მსოფლიოს მთავრობები? ბიბლია ამბობს, რომ ამას ღმერთი ჩაუდებს მათ გულებში (გამოცხადება 17:17). ეს უეცრად, მოულოდნელად მოხდება. შეუძლებელი იქნება ამ მოვლენის პროგნოზირება; სიტუაცია თანდათანობით არ განვითარდება.
თქვენ რისი გაკეთება გმართებთ? ჰკითხეთ საკუთარ თავს: ჯერ კიდევ მივეკუთვნები ისეთ რელიგიას, რომელიც „დასვრილია“ დიდი ბაბილონისთვის დამახასიათებელი სწავლებებითა და საქმეებით? მაშინაც კი, თუ არ ხართ ასეთი რელიგიის წევრი, მაინც შეგიძლიათ ჰკითხოთ საკუთარ თავს: ხომ არ ახდენს ჩემზე გავლენას მისი აზროვნება? რა აზროვნება იგულისხმება? დაბალი ზნეობრივი ნორმების შეწყნარება, ღმერთზე მეტად მატერიალისტური მისწრაფებებისა და სიამოვნების სიყვარული და იეჰოვას სიტყვის შეგნებული უარყოფა, თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხებში. სერიოზულად დაუფიქრდით ამ კითხვებზე თქვენს პასუხს.
იეჰოვას კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია ცხადად ვაჩვენოთ, რომ არა ვართ დიდი ბაბილონის ნაწილი. ეს უნდა აირეკლოს როგორც ჩვენს საქმეებში, ისე ყველაზე სანუკვარ სურვილებში. ახლა არ არის დაყოვნების დრო. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ აღსასრული მოულოდნელად მოვა: „ასეთი სისწრაფით დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარასოდეს იპოვიან მას“ (გამოცხადება 18:21).
მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრდება. „სასამართლოს საათი“ იმასაც მოიცავს, რომ იეჰოვა პასუხს მოსთხოვს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას, მის მმართველებს და ყველას, ვინც შეგნებულად უარყოფს იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით მოქმედი ზეციერი სამეფოთი წარმოდგენილ ღვთის სრულუფლებიან მმართველობას (გამოცხადება 13:1, 2; 19:19—21). დანიელის 2:20—45-ში მოცემულ წინასწარმეტყველურ ხილვაში პოლიტიკური მმართველობა, ძველი ბაბილონიდან მოყოლებული, აღწერილია როგორც უზარმაზარი კერპი, რომელიც გაკეთებული იყო ოქროსგან, ვერცხლისგან, სპილენძისგან, რკინისა და თიხისგან. ჩვენს დროზე ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა“ (დანიელი 2:44). ბიბლიური წინასწარმეტყველება იმასაც ამბობს, თუ კიდევ რა უნდა გააკეთოს ღვთის სამეფომ „სასამართლოს საათის“ განმავლობაში: „იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა [მიწიერ] სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
ბიბლია აფრთხილებს ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს, არ უყვარდეთ „ის, რაც ქვეყნიერებაშია“, ანუ ღვთის უარმყოფელი და ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი ცხოვრება (1 იოანე 2:15—17). ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან და საქმეებიდან, რომ აბსოლუტურად ღვთის სამეფოს მხარეს ხართ? ნამდვილად უმთავრესი ადგილი უკავია მას თქვენს ცხოვრებაში? (მათე 6:33; იოანე 17:16, 17).
[ჩარჩო 14 გვერდზე]
როდის მოვა აღსასრული?
„რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათე 24:44).
„იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათე 25:13).
„არ დაიგვიანებს“ (აბაკუმი 2:3, აქ).
[ჩარჩო 14 გვერდზე]
შეიცვლებოდა რამე, რომ გცოდნოდათ?
დავუშვათ, დანამდვილებით იცით, რომ ღვთის სამსჯავროს მოახლოებული დღე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოვა. სხვანაირად დაგეგმავდით ცხოვრებას? ამ დრომოჭმული სისტემის აღსასრულმა თუ უკვე დაიგვიანა, ვიდრე თქვენ ელოდით, შეგანელათ ამან იეჰოვასადმი მსახურებაში? (ებრაელები 10:36—38).
ზუსტი დროის არცოდნა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვაჩვენოთ, რამდენად წრფელი გულით ვემსახურებით ღმერთს. მათ, ვინც იეჰოვას იცნობს, იციან, რომ ბოლო წუთებში გამოვლენილი გულმოდგინებით ვერ მოისყიდიან ღმერთს, რომელიც გულებს ხედავს (იერემია 17:10; ებრაელები 4:13).
მათთვის, ვისაც იეჰოვა ნამდვილად უყვარს, ღმერთი ყოველთვის უმთავრეს ადგილს იკავებს ცხოვრებაში. სხვების მსგავსად, ქრისტიანებიც მუშაობენ. მაგრამ მათი მიზანი გამდიდრება კი არაა, არამედ ის, რომ საკმარისი ჰქონდეთ თავისთვის და კიდევ ცოტაოდენი — სხვების დასახმარებლად (ეფესოელები 4:28; 1 ტიმოთე 6:7—12). ისინიც ერთობიან და ისვენებენ, მაგრამ მათი სურვილი ძალების განახლებაა და არა, უბრალოდ, იმის კეთება, რასაც ყველა აკეთებს (მარკოზი 6:31; რომაელები 12:2). იესო ქრისტეს მსგავსად, მათაც სიამოვნებთ ღვთის ნების შესრულება (ფსალმუნები 36:4; 39:9).
ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ, მარადიულად იცხოვრონ და ემსახურონ იეჰოვას. და ეს იმედი ფასს არ კარგავს მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგი კურთხევის მისაღებად მათ ცოტა მეტ ხანს უწევთ ლოდინი, ვიდრე შეიძლება მოელოდნენ.
[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]
უზენაესობის საკითხი
იმის გასაგებად, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, საჭიროა გვესმოდეს ღვთის უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხი.
იეჰოვა შემოქმედია, ამიტომ აქვს უფლება, იყოს დედამიწისა და ყველა მასზე მცხოვრების მმართველი. ბიბლია მოგვითხრობს, რომ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ერთმა ქმნილებამ იეჰოვას ამ უფლებაში ეჭვი შეიტანა. სატანა ეშმაკმა განაცხადა, რომ იეჰოვა უსაშველოდ ზღუდავდა თავის ქმნილებებს. მან მოატყუა ჩვენი წინაპრები, როდესაც უთხრა, ცუდი არაფერი მოხდებოდა, თუ ღვთის კანონს დაარღვევდნენ და როგორც უნდოდათ, ისე მოიქცეოდნენ. მან ისიც კი თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა თვითონ, ღვთის გარეშე, ემართათ საკუთარი თავი (დაბადება, თავები 2, 3).
ღმერთი თუ მაშინვე გაანადგურებდა ურჩ ქმნილებებს, ამით ის საკუთარ ძლიერებას დაამტკიცებდა, მაგრამ წამოჭრილი კითხვები უპასუხოდ დარჩებოდა. დამნაშავეების ადგილზევე განადგურების ნაცვლად, მან საშუალება მისცა ყველა გონიერ ქმნილებას, საკუთარი თვალით ენახათ დაუმორჩილებლობის შედეგები. მართალია ეს პრობლემების გაჩენასაც ნიშნავდა, მაგრამ ღვთის ასეთი მოქმედების წყალობით ჩვენ ქვეყნად მოვლინების შესაძლებლობა მოგვეცა.
უფრო მეტიც, დიდი მსხვერპლის გაღების ფასად, იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა მორჩილ ადამიანებზე. მან იესო ქრისტეს სიცოცხლე გაიღო გამომსყიდველურ მსხვერპლად, რომ მათ, ვინც ამ მსხვერპლისადმი რწმენას გამოავლენდა, ცოდვისა და მისი შედეგებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა ჰქონოდათ და მარადიულად ეცხოვრათ სამოთხეში. საჭიროების შემთხვევაში, ის ამას მკვდრეთით აღდგომის საშუალებით გააკეთებს.
ამ საკითხის გადასაწყვეტად გამოყოფილმა დრომ ღვთის მსახურებს იმის დამტკიცების შესაძლებლობა მისცა, რომ მათ შეუძლიათ ღვთის სიყვარულს გამოეხმაურონ და ნებისმიერ ვითარებაში შეინარჩუნონ მისდამი ერთგულება. ღვთის უზენაესობის თაობაზე წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამყაროში კანონისადმი სათანადო პატივისცემა არსებობდეს. იმავეს თქმა შეიძლება ადამიანის ერთგულებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხზეც, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ღვთის უზენაესობის საკითხთან. ამ საკითხების მოგვარების გარეშე შეუძლებელია ნამდვილი მშვიდობის მიღწევაa.
[სქოლიოები]
a ეს საკითხები და მათი მნიშვნელობა დაწვრილებით ირჩევა წიგნში „დაუახლოვდი იეჰოვას“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი]
მსოფლიოს პოლიტიკური მმართველობის სისტემას ბოლო მოეღება.