-
როგორ იქცა მეთევზეთა სოფელი დედაქალაქადგამოიღვიძეთ! — 2008 | იანვარი
-
-
როგორ იქცა მეთევზეთა სოფელი დედაქალაქად
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იაპონიიდან
ათას ხუთას ოთხმოცდაათი წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს იეიასუ ტოკუგავა (სურათი მარჯვნივ), რომელიც მოგვიანებით ტოკუგავათა საგვარეულოში პირველი სიოგუნიa გახდა, იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მეთევზეთა სოფელ ედოში ჩავიდა. იმ დროს „ედოში მხოლოდ რამდენიმე ასეული ქოხმახი იდგა, რომლებიც, ძირითადად, გლეხებსა და მეთევზეებს ეკუთვნოდათ“, — ნათქვამია წიგნში „სიოგუნთა ქალაქი — ტოკიოს ისტორია“. ედოს მახლობლად იდგა საუკუნით ადრე აშენებული მიტოვებული ციხესიმაგრე.
ეს სოფელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბევრისთვის უცნობი იყო, მხოლოდ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდ კი არ იქცა, არამედ ხმაურიან მეგაპოლისად. ტოკიოს პრეფექტურაში (ადმინისტრაციული ერთეული) 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტოკიო გახდა ლიდერი ტექნოლოგიის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და კომერციის დარგში. მასში თავს იყრის წამყვანი საფინანსო დაწესებულებები. როგორ იქცა სოფელი უზარმაზარ ქალაქად?
სიოგუნთა ქალაქად ქცეული მეთევზეთა სოფელი
ონინის ბრძოლიდან (1467 წელი) 100 წლის განმავლობაში იაპონიის ფეოდალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. მათ იაპონია რამდენიმე საფეოდალოდ დაყვეს. საბოლოოდ, ფეოდალმა ტოიოტომიმ, რომელიც გლეხის ოჯახიდან იყო, ნაწილობრივ გააერთიანა ქვეყანა და 1585 წელს იმპერიის რეგენტი გახდა. თავდაპირველად ძლევამოსილი ჰიდეიოსი და იეიასუ ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისინი მოკავშირეები გახდნენ. მათ ერთობლივი ძალით ალყაში მოაქციეს და აიღეს გავლენიანი ჰოჯოს დინასტიის ციხესიმაგრე ოდავარაში და ამგვარად დაეუფლნენ კანტოს მხარეს აღმოსავლეთ იაპონიაში.
ჰიდეიოსიმ კანტოს რვა პროვინცია იეიასუს გადასცა, რომელიც ადრე ჰოჯოს ეკუთვნოდა. ამგვარად, იეიასუმ თავისი თავდაპირველი ადგილ-მამული დატოვა და აღმოსავლეთში გადავიდა. ჰიდეიოსიმ ეს, როგორც ჩანს, განზრახ გააკეთა, რათა იეიასუ, რაც შეიძლება, შორს ყოფილიყო კიოტოდან, სადაც ნომინალური იმპერატორი ცხოვრობდა. იეიასუმ მიიღო ჰიდეიოსის წინადადება და ჩავიდა ედოში, რაც სტატიის დასაწყისში იყო ნახსენები. ეს მეთევზეთა ღარიბული სოფელი მან თავისი სამფლობელოს ცენტრად აქცია.
ჰიდეიოსის სიკვდილის შემდეგ დასავლეთ იაპონიის სამხედრო ძალების წინააღმდეგ გასალაშქრებლად იეიასუ სათავეში ჩაუდგა გაერთიანებულ ჯარს, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ იაპონიის სამხედრო ძალებისგან შედგებოდა, და 1600 წელს ერთ დღეში მოიპოვა გამარჯვება. 1603 წელს იეიასუ დაინიშნა სიოგუნად და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი გახდა. ასე რომ, ედო იაპონიის ახალ ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა.
გრანდიოზული ციხესიმაგრის დასამთავრებლად იეიასუმ ფეოდალებს დაავალა, ეზრუნათ მუშახელისა და სამშენებლო მასალის მოგროვებაზე. დაახლოებით 3 000 ხომალდით ეზიდებოდნენ გრანიტის უზარმაზარ ლოდებს იძუს ნახევარკუნძულიდან, რომელიც ედოს სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა. ნავსადგურში გადმოცლილი გრანიტის ლოდები ასობით მუშას მიჰქონდა მშენებლობის ადგილამდე.
იაპონიის ამ უდიდესი ციხესიმაგრის მშენებლობა 50 წლის შემდეგ დასრულდა, მესამე სიოგუნის მმართველობის დროს. ეს ციხესიმაგრე ძლევამოსილი ტოკუგავას დინასტიის შთამბეჭდავ სიმბოლოდ იქცა. სამურაები ანუ მეომრები, რომლებიც სიოგუნს ემსახურებოდნენ, ციხესიმაგრის გარშემო დასახლდნენ. სიოგუნი ფეოდალებისგან მოითხოვდა, რომ მათ საცხოვრებელი ედოშიც ჰქონოდათ.
ედოში სამურაების დასახლების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა კიდიდან იმ ადგილს ვაჭრები და ხელოსნები მიაწყდნენ. დაახლოებით ერთი საუკუნე იყო გასული, რაც იეიასუ ედოში ჩავიდა, და 1695 წლისთვის ედოს მოსახლეობა მილიონამდე გაიზარდა. ედო იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი გახდა.
ხმლის ნაცვლად საანგარიშო
სიოგუნების მმართველობის დროს ქვეყანაში ისეთი მშვიდობა იყო, რომ სამურაებს საქმე თითქმის არ ჰქონდათ. მართალია, ისინი კვლავ ამაყობდნენ თავიანთი საქმით, მაგრამ ნელ-ნელა ხმალი საანგარიშომ შეცვალა. მშვიდობამ 250 წელზე მეტხანს გასტანა. მოსახლეობა გამდიდრდა, განსაკუთრებით ვაჭრები, და უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. განვითარდა უნიკალური კულტურა.
ხალხი დადიოდა ცნობილ სპექტაკლებზე, კაბუკის (ისტორიული), ბუნრაკუსა (თოჯინების) და რაკუგოს (კომიკური) წარმოდგენებზე. ზაფხულის ცხელ საღამოებს ხალხი მდინარე სუმიდას გრილ სანაპიროზე ატარებდა. ედო ამ მდინარეზე იყო გაშენებული. ისინი ფეიერვერკების სანახავადაც დადიოდნენ, რაც დღესაც ტრადიციაა.
მაგრამ ედოს არსებობის შესახებ სხვა ქვეყნებში არაფერი იცოდნენ. 200-ზე მეტი წლის განმავლობაში იაპონელებს უცხოელებთან ყოველგვარი კონტაქტი ეკრძალებოდათ. გამონაკლისს მხოლოდ ჰოლანდიელები, ჩინელები და კორეელები წარმოადგენდნენ და ისიც ყოველთვის არა. მაგრამ ერთმა მოულოდნელად მომხდარმა შემთხვევამ მთლიანად შეცვალა ქალაქისა და ერის ცხოვრება.
ტოკიოდ ქცეული ედო
ერთ მშვენიერ დღეს ედოს სანაპიროსთან უცნაური ხომალდები გამოჩნდნენ, რომლებიც შავ კვამლს უშვებდნენ. გაოგნებულ მეთევზეებს ისინი წყალში „მოტივტივე“ ვულკანები ეგონათ. ედოში ისეთი ხმები გავრცელდა, რომ ბევრი შეშინდა და ქალაქი დატოვა.
აშშ-ს ოთხმა სამხედრო გემმა, რომლებსაც მეთაურობდა ადმირალი მეთიუ პერი, ედოს ყურეში ღუზა 1853 წლის 8 ივლისს ჩაუშვა (სურათი მარცხნივ). პერიმ სიოგუნატს მის ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება სთხოვა. პერის სტუმრობამ იაპონელებს დაანახვა, რომ სამხედრო ძალითა თუ ტექნოლოგიის განვითარების თვალსაზრისით ისინი ბევრად ჩამორჩებოდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს.
ამას მოჰყვა მთელი რიგი მოვლენები, რის შედეგადაც ტოკუგავას რეჟიმი დაემხო და ძალაუფლება იმპერატორის ხელში გადავიდა. 1868 წელს ედოს ტოკიო ეწოდა, რაც „აღმოსავლეთ დედაქალაქს“ ნიშნავს. ეს სახელი მას იმიტომ დაერქვა, რომ კიოტოს აღმოსავლეთით მდებარეობდა. იმპერატორმა თავისი რეზიდენცია კიოტოდან ედოს ციხესიმაგრეში გადაიტანა, რომელიც მოგვიანებით საიმპერატორო სასახლედ აქცია.
-
-
როგორ იქცა მეთევზეთა სოფელი დედაქალაქადგამოიღვიძეთ! — 2008 | იანვარი
-
-
a სიოგუნები იყვნენ იაპონიის ჯარის მხედართმთავრები, რომლებსაც ეს წოდება მემკვიდრეობით გადაეცემოდათ. ისინი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ, თუმცა ქვეყნის ფორმალური მმართველი იმპერატორი იყო.
-