დიდი თეთრი ფრინველის დაბრუნება
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან იაპონიაში
მამაკაცები ჯოხით ერთიმეორეზე მიყოლებით ხოცავენ შესანიშნავ თეთრ ფრინველებს. ეს ფრინველები ალბატროსებია. მამაკაცები კი — ჰანემონ ტამაოკი და მისი თანამზრახველები. მოქმედების ადგილი: ტორიშიმა, კუნძული, რომელიც ტოკიოს სამხრეთით დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული. იდგა 1887 წელი.
ტამაოკი ამას წლების მანძილზე გეგმავდა. ფრინველის რბილ ბუმბულზე, რომელსაც ლეიბებისთვის იყენებდნენ, დიდი მოთხოვნა იყო, როგორც მის მშობლიურ ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ და ტორიშიმა იყო ერთ-ერთი მოშორებული კუნძული, რომელზეც მხოლოდ ათასობით ალბატროსი ბინადრობდა, რომლებიც ბუდობისთვის ამ კუნძულზე მოფრინავდნენ ხოლმე. ამ ალბატროსებს შორის იყვნენ თეთრზურგა ალბატროსები, რომლებიც განსაკუთრებით იზიდავდა ტამაოკის. ის უდიდესი იყო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მობინადრე ზღვის ფრინველთა შორის. წარმოიდგინეთ რამდენი ბუმბული ექნებოდა ჩასუქებულ ფრინველს, რომელიც დაახლოებით 8 კილოგრამს იწონიდა, ხოლო გაშლილი ფრთების სიგრძე 2,5 მეტრი იყო! გარდა ამისა, ფრინველი ადვილად მიმნდობი იყო და საშიშროების დროსაც კი არ ცდილობდა გაფრენას.
ფრინველების დასახოცად და გასაპუტად ტამაოკიმ კუნძულზე 300 მუშა ჩამოიყვანა. მათ ააშენეს სოფელი და დახოცილ ფრინველთა გადასაზიდად პატარა რკინიგზა გაიყვანეს. ეს საქმე იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5 მილიონი ფრინველის გაყიდვით ტამაოკი მალე ძალიან გამდიდრდა. ეს იმხელა გაჩანაგება იყო, რომ როდესაც 1902 წელს კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა სოფელი და მისი მობინადრეები, ზოგი ამას „ალბატროსების დახოცვის გამო მათი წყევლის“ შედეგად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს კუნძულზე კვლავ ჩავიდნენ დარჩენილი ფრინველების მაძიებლები.
თითქმის 1 500 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ტაივანსა და ოკინავას შორის მდებარე უდაბურ კლდოვან კუნძულებზე, იმავე სარფიან საქმიანობას ეწეოდა ვინმე ტატსუშირო კოგა. ტამაოკის მსგავსად, მანაც შენიშნა, რომ ფრინველები მალე შემოელია. საბოლოოდ, 1900 წელს მან დატოვა კუნძული, მაგრამ წასვლამდე დაახლოებით მილიონამდე ალბატროსი გაანადგურა.
სიხარბის ტრაგიკული შედეგი
ფრინველების ეს მასობრივი ხოცვა იყო ტრაგედია, რომელსაც საშინელი შედეგები მოჰყვა. კუნძულებზე, რომლებზეც ტამაოკი და კოგა ნადირობდნენ, მოფრინავს ალბატროსის მრავალი სახეობა (მათგან სამი წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობს) ძირითადად ბუდობის პერიოდში. ერთ-ერთი მათგანია თეთრზურგა ალბატროსი (Diomedea albatrus], რომელიც, როგორც ჩანს, მსოფლიოში სხვაგან არსად ბუდობს.
ერთ დროს ალბატროსს მოკრძალებით შეჰყურებდნენ ღია ზღვაში მყოფი მეზღვაურები. ლეგენდებსა და ზღვაოსნობაში ჩახედული ადამიანების გადმოცემებში ალბატროსი ქარის, ბურუსისა და სქელი ნისლის მომასწავებლად არის აღწერილი. მაგრამ ლეგენდას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ დიდ თეთრ ფრინველებს უჩვეულოდ გრძელი ფრთები საშუალებას აძლევს სულ რამდენიმე დღეში გადაუფრინონ ოკეანეს და უმეტესწილად ამ დროს ისინი ქარს მიაქვს, ხოლო ფრთები თითქმის უმოძრაოდ აქვთ გაშლილი. ლივლივსა და ზღვაზე დიდხანს დარჩენაში ამ ფრინველებს ბადალი არ ჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ალბატროსებს ჰაერში გრაციოზულად ლივლივი შეუძლიათ, ხმელეთზე ისინი ნელა და მოუქნელად დადიან. გრძელი ფრთები და საკმაოდ გათქვირებული სხეული ხელს უშლის მათ სწრაფად აფრენაში. ეს და ადამიანების მიმართ შიშის უქონლობა, ამ ფრინველს ადამიანისთვის ადვილ ნადავლად ხდიდა.
უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ალბატროსები ფულის გაკეთების წყარო იყო, სიხარულით განაგრძობდნენ მათ ხოცვას. გამოკვლევამ ცხადყო, რომ 1933 წლისთვის ტორიშიმაზე ამ ფრინველთა რაოდენობა 600-აც კი არ აღწევდა. სასოწარკვეთილმა იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, აეკრძალა კუნძულზე ადამიანების მისვლა. მაგრამ უსინდისო პიროვნებები მაინც გარბოდნენ კუნძულისკენ, რათა რაც შეიძლება მეტი ფრინველი დაეხოცათ მანამ, სანამ კანონი აკრძალვის შესახებ ძალაში შევიდოდა. ერთი სპეციალისტის ნათქვამის თანახმად, 1935 წლისთვის მხოლოდ 50 ფრინველი დარჩა. ბოლოს კი გამოცხადდა, რომ თეთრზურგა ალბატროსი საერთოდ ამოწყდა. ადამიანთა სიხარბის რა ტრაგიკული შედეგია! მაგრამ წინ დიდი სიურპრიზი ელოდათ.
ისინი კვლავ ბრუნდებიან
1951 წლის იანვრის ერთ საღამოს მამაკაცი, რომელიც ტორიშიმას კლდეზე ადიოდა, მოულოდნელმა კრიახმა შეაშინა. ის პირისპირ შეეჩეხა ალბატროსს! თეთრზურგა ალბატროსი როგორღაც გადარჩენილიყო და ბუდობისთვის კვლავ ტორიშიმაზე მოფრენილიყო. მაგრამ ამჯერად ფრინველებმა ბუდე კლდის დაქანებულ ფერდობზე გაიკეთეს, სადაც ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელი იყო მისვლა. როგორც ჩანს, მათ უჩვეულო სიფრთხილე გამოიჩინეს. რამხელა სიხარული იყო ეს ბუნების მოყვარულთათვის!
იაპონიის მთავრობამ სასწრაფო ზომები მიიღო. მათ დარგეს ბალახი, რათა ფრინველთა ბუდეებს უფრო მყარი საფუძველი ჰქონოდა და აკრძალეს ტორიშიმაზე ადამიანების მისვლა. ალბატროსი ეროვნულ საუნჯედ გამოცხადდა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ ფრინველთა რიცხვში შევიდა.
1976 წლიდან ჰიროში ჰასეგავა, იაპონიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის წარმომადგენელი წელიწადში სამჯერ მიდის კუნძულზე, რათა შეისწავლოს ეს ფრინველები. მან „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ ყოველწლიურად სხვადასხვა ფერის რგოლს წამოაცვამს ხოლმე ფრინველებს და აღმოაჩინა, რომ თეთრზურგა ალბატროსი ყოველ სამ ან ოთხ წელიწადში ერთხელ ბრუნდება მშობლიურ ადგილებში ბუდობისთვის. ისინი გამრავლებას ექვსი წლის ასაკში იწყებენ და მხოლოდ თითო კვერცხს დებენ. ამიტომ, ალბატროსების გამრავლებას, რომლებიც დაახლოებით 20 წელიწადს ცოცხლობენ, დიდი ხანი სჭირდება. 1996–1997 წლების ზამთარში ტორიშიმაზე დადებული 176 კვერცხიდან მხოლოდ 90 გამოიჩეკა.
რას აკეთებენ ალბატროსები დანარჩენ დროს? ჰასეგავა ამბობს, რომ ამის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის. ცხადია, ისინი ერიდებიან ხმელეთსა და ადამიანებს. დაჰყვებიან თუ არა ალბატროსები გემებს და სხდებიან თუ არა მათზე, ეს მხოლოდ ლეგენდებია, რომლის დამადასტურებელი ფაქტები, ჰასეგავას თქმით, არ არსებობს. ის დარწმუნებით ამბობს, რომ „იაპონური ალბატროსები გემებზე არ სხდებიან“. მაგრამ ამატებს, რომ სადღაც „ზოგი ალბატროსი, თუ აჭმევენ, დაფრინავს გემის გარშემო“. უმეტეს დროს კი იმას აკეთებენ, რაც საუკეთესოდ გამოსდით — ადიან ჰაერის სასურველ ფენებში და ვრცელი ოკეანის ზედაპირზე დაჰქრიან. როდესაც იღლებიან, წყალზე გაწვებიან და იძინებენ. ისინი იკვებებიან კალმარებით, მფრინავი თევზებით, კიბორჩხალებითა და კრევეტებით. ჰასეგავას მიერ დარგოლილი ფრინველებს რეგულარულად ხედავენ ბერინგის ზღვასა და ალასკის ყურეში. 1985 წელს კალიფორნიის სანაპიროზე თეთრზურგა ალბატროსის გამოჩენამ — რაც დაახლოებით საუკუნის განმავლობაში პირველად მოხდა — ფრინველებზე ადგილობრივ დამკვირვებლებს შორის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
რა შეიძლება ითქვას მისი მომავლის შესახებ
თუ დადებითზე ვილაპარაკებთ, თეთრზურგა ალბატროსების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. გასულ მაისს ჰასეგავას მონაცემებით, მათი რიცხვი „ბარტყების ჩათვლით 900-ს აღემატებოდა“. ჰასეგავამ დაამატა: „2000 წლისთვის მხოლოდ ტორიშიმაზე 1 000-ზე მეტი ალბატროსი გვეყოლება, რომლებიც ყოველწლიურად 100-ზე მეტ ბარტყს მოგვცემს“. სიხარულის მომგვრელია ის ფაქტიც, რომ 1988 წელს, 88 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის წყლებში ალბატროსებმა კვლავ დაიწყეს ბუდობა. ფრინველებმა კლდოვანი ავანპოსტის სადავო ტერიტორია აირჩიეს, რომელიც დროებით ადამიანთა ჩარევისგან სრული დაცვის გარანტიაა.
ასი წლის წინათ ჩადენილი ცუდი საქმის შედეგები თანდათანობით სწორდება. მაგრამ მართლა სწორდება? მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ხშირად, როდესაც ფრინველებს დარგოლვისთვის იჭერდნენ, ალბატროსები შინდებოდნენ და აღებინებდნენ. ნაღებში იყო ცელოფნის ნაგლეჯები, ერთჯერადი სანთებელები და სხვა ნარჩენები, რომლებიც ადამიანებმა უდარდელად მოისროლეს იმ გარემოში, საიდანაც ფრინველები იკვებებიან, ოკეანეში.
მიიყვანენ ადამიანები კვლავ მოსპობის პირას დიდ თეთრ ფრინველს?
[სურათი 24 გვერდზე]
ტორიშიმა, თეთრზურგა ალბატროსის სამშობლო.
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
ალბატროსს გრძელი, მოქნილი ფრთები საშუალებას აძლევს მსოფლიოში უდიდესი პლანერი იყოს.
[სურათი 25 გვერდზე]
თეთრზურგა ალბატროსის ტორიშიმაზე დაბრუნება.