-
გატეხილი გულები, დამსხვრეული რწმენაგამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
გატეხილი გულები, დამსხვრეული რწმენა
„ყველგან გვამები ეყარა, გაგვიჭირდა იმ ადგილის პოვნა, სადაც ჩვენი სახლი იდგა“, — თქვა ერთმა შრი-ლანკელმა მამაკაცმა მას შემდეგ, რაც 2004 წლის დეკემბერში ცუნამმა მისი სოფელი მიწასთან გაასწორა. ერთ-ერთ გაზეთში, რომელშიც რელიგიური სტატიები იბეჭდება, სტიქიურ უბედურებებზე საუბრისას რედაქტორმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ კრიჭაშეკრული ლოცულობს.
ბევრი სტიქიურ უბედურებებს ღვთის სასჯელად მიიჩნევს. ერთმა მიმომხილველმა გამანადგურებელი ქარიშხალი „ღვთის მოღერებულ ხელს“ შეადარა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგმა რელიგიურმა წინამძღოლმა ქარიშხალ „კატრინას“ მსგავს მოვლენებს „ცოდვილ ქალაქებზე ღვთის რისხვა“ უწოდა. შრი-ლანკაში აღტყინებულმა ბუდისტებმა ცუნამით გამოწვეულ უბედურებაში ქრისტიანები დაადანაშაულეს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მათ შორის ურთიერთობა. ინდუსების ერთ-ერთ წინამძღოლს სჯეროდა, რომ ხალხის უზნეობამ ღმერთი შივა განარისხა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუდისტების ერთ-ერთმა წინამძღოლმა სტიქიური უბედურებების შესახებ თქვა: „ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ასეთი მოვლენები და არც ის ვიცით, რატომ ვართ აქ, დედამიწაზე“.
როდესაც დანგრეულ სახლებს, გვამებს და გულმოკლულ ადამიანებს ხედავთ, არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ უშვებს ღმერთი ამდენ ტანჯვას? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ღმერთს საამისოდ, ალბათ, საფუძვლიანი მიზეზები აქვს, მაგრამ არ გვიმხელს მათ? ეს საკითხები მომდევნო სტატიებში განიხილება. იმასაც შევეხებით, დასახიჩრებისა და სიკვდილის რისკის შესამცირებლად, რა ზომებს უნდა მიმართონ ადამიანებმა სტიქიურ უბედურებამდე ან მის შემდეგ.
-
-
ღმერთია დამნაშავე?გამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
ღმერთია დამნაშავე?
„ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 იოანე 4:8). ის აგრეთვე სამართლიანი და მოწყალეა. „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:4).
როგორც შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს ყველაფერი, რაც ადამიანებს ზიანს მიაყენებდა, და მათ საკეთილდღეოდ იმოქმედოს. გასაკვირი არ არის, რომ მრავალი, ვისთვისაც ცნობილია ეს ფაქტი და იცის, როგორ პიროვნებად წარმოგვიდგენს ბიბლია ღმერთს, სვამს კითხვას: „რატომ უშვებს ღმერთი სტიქიურ უბედურებებს?“a მილიონობით გულწრფელმა ადამიანმა დაინახა, რომ ამ კითხვაზე ყველაზე დამაჯერებლად თავად ღმერთი გვპასუხობს თავის სიტყვაში (2 ტიმოთე 3:16). გთხოვთ, დაფიქრდეთ ქვემოაღნიშნულზე.
მათ არაფრად ჩააგდეს ღვთის სიყვარული
ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთმა პირველ ადამიანებს ყველაფერი მისცა, რაც მათი ბედნიერი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის იყო საჭირო. პირველ წყვილსა და მათ შთამომავლობას ღვთის მითითების თანახმად, უნდა ‘ენაყოფიერათ, ემრავლათ და აევსოთ დედამიწა’. ამ შემთხვევაში მათ შეეძლოთ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ღმერთი კვლავ იზრუნებდა მათზე (დაბადება 1:28).
სამწუხაროდ, ადამმა და ევამ განზრახ აქციეს ზურგი თავიანთ შემოქმედს და მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს (დაბადება 1:28; 3:1—6). მათი შთამომავლობიდან უმრავლესობაც მათ ნაკვალევს მიჰყვა (დაბადება 6:5, 6, 11, 12). მოკლედ რომ ვთქვათ, კაცობრიობამ არჩია, თავისი თავისა და სახლის — დედამიწის — ბატონ-პატრონი თვითონ გამხდარიყო და უარი ეთქვა ღვთის ყოველგვარ ხელმძღვანელობაზე. ღმერთი სიყვარულია და არ ხელყოფს ადამიანის თავისუფალ ნებას; ის არავის აიძულებს, აღიაროს მისი უზენაესობა მიუხედავად იმისა, რომ კაცის მიერ არჩეულ კურსს შეიძლება საზიანო შედეგი მოჰყვესb.
არჩეული კურსის მიუხედავად, იეჰოვას არ მიუტოვებია ადამიანები. დღემდე „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45). უფრო მეტიც, იეჰოვამ ადამიანებს მისცა უნარი, შეესწავლათ დედამიწა, დაკვირვებოდნენ ბუნებაში არსებულ წრებრუნვებს და მიღებული ცოდნის საფუძველზე წინასწარ განესაზღვრათ მოსალოდნელი ამინდის რადიკალური ცვალებადობა და სხვა საშიშროებები, მაგალითად, ვულკანური ამოფრქვევები.
-