-
ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვას გულს უხარებენსაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აპრილი
-
-
ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვას გულს უხარებენ
ეს სასწავლო სტატიები სპეციალურად მომზადდა იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებისთვის. ამიტომაც ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, გულდასმით შეისწავლონ მასალა და აქტიური მონაწილეობა მიიღონ კომენტარებში, როდესაც კრებაში „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე ეს სტატიები იქნება განხილული.
„შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავები 27:11, სსგ).
1, 2. ა) ნიშნავს თუ არა, რომ ქრისტიანული ცხოვრებისთვის არა ხარ გაჩენილი, თუ ეს წუთისოფელი გხიბლავს? ახსენი. (რომაელთა 7:21). ბ) რას სწავლობ ასაფის მაგალითიდან? (იხილე ჩარჩო, გვერდი 13).
წარმოიდგინე, რომ საყიდლებზე ხარ. თვალში მოგხვდა ტანსაცმელი, რომლის ფერიც მოგწონს და სტილიც. ფასიც ხელსაყრელია. მაგრამ როცა კარგად ათვალიერებ, შენდა გასაოცრად, ხედავ, რომ ქსოვილი ნაპირებთან გაცრეცილია და დაუდევრად არის დაგვირისტებული. ტანსაცმელი ლამაზია, მაგრამ უხარისხო. გადაიხდიდი ფულს ასეთ საქონელში?
2 შენ, ქრისტიანი ახალგაზრდა, შეიძლება სწორედ ამის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდე. ერთი შეხედვით, ზემოხსენებული ტანსაცმლის მსგავსად, ეს წუთისოფელიც ძალიან მიმზიდველია. მაგალითად, შესაძლოა, შენი სკოლის ამხანაგები ხშირად დროის სატარებლად იკრიბებიან, ნარკოტიკებს იღებენ, სვამენ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ხვდებიან და უარს არ ამბობენ ქორწინებამდელ სქესობრივ ურთიერთობაზე. ხომ არ გიზიდავს ზოგჯერ ასეთი ცხოვრება? ხომ არ გინდა გემო გაუსინჯო მათ ეგრეთ წოდებულ თავისუფლებას? ასეც რომ იყოს, ნაადრევად ნუ დაასკვნი, რომ შენს გულში ბოროტებაა დაბუდებული და ქრისტიანული ცხოვრებისთვის არა ხარ გაჩენილი. ბიბლია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ წუთისოფელი მაცდუნებელია მათთვისაც კი, ვისაც ღვთისმოსაწონი ცხოვრება სურს (2 ტიმოთე 4:10).
3. ა) რატომ არ ღირს იმის მიღება, რასაც წუთისოფელი გთავაზობს? ბ) როგორ აღწერა ერთმა ქრისტიანმა წუთისოფლის გზებით სიარულის ამაოება?
3 ახლა, მოდი ისე შევამოწმოთ ეს წუთისოფელი, როგორც ტანსაცმელს შევამოწმებდით ყიდვამდე. დაფიქრდი, რა ხარისხის „ქსოვილით“ და რამდენად ხარისხიანად არის „შეკერილი“ ეს სისტემა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „გადადის წუთისოფელი“ (1 იოანე 2:17). ამ წუთისოფლის მიერ შემოთავაზებული ყოველგვარი სიამოვნება ნებისმიერ შემთხვევაში დროებითია. გარდა ამისა, საქციელს, რომელსაც ღმერთი გმობს, სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვება. წუთისოფელი ნამდვილად არაფერს გვთავაზობს ღირებულს. ერთი ქრისტიანი, რომელმაც პირადად გამოსცადა, როგორც თვითონ ამბობს, „ახალგაზრდობის წლების უგუნურად გატარებით მიყენებული ტკივილი“, საკუთარ აზრს გვიზიარებს: „წუთისოფელი ერთი შეხედვით მომხიბლავი და მაცდურია. ცდილობს დაგაჯეროს, რომ უმტკივნეულოდ გაგართობს და გასიამოვნებს, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია. წუთისოფელი გამოგიყენებს და მერე გადაგაგდებს“a. განა ღირს, ახალგაზრდობის წლები ამისათვის დაკარგო?
„ბოროტისაგან“ დაცვა
4, 5. ა) რა სთხოვა იესომ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იეჰოვას ლოცვაში? ბ) რატომ იყო სათანადო მისი თხოვნა?
4 იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებს ესმით, რომ ამ წუთისოფელში არაფერია ღირებული, ამიტომაც ერიდებიან მასთან მეგობრობას (იაკობი 4:4). შენც მიეკუთვნები ღვთის ერთგული ახალგაზრდების რიცხვს? თუ ასეა, ქებას იმსახურებ. ნამდვილად არაა ადვილი, თანატოლების ზეგავლენას გაუძლო და მათგან გამოირჩეოდე, მაგრამ გახსოვდეს, რომ დახმარების მიღება შესაძლებელია.
5 სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იესო ლოცულობდა, რომ იეჰოვას მისი მოწაფეები ‘ბოროტისაგან დაეცვა’ (იოანე 17:15). იესოს თხოვნა უსაფუძვლო არ ყოფილა. მან იცოდა, რომ თავისი მიმდევრებისთვის, რა ასაკისაც უნდა ყოფილიყვნენ, ადვილი არ იქნებოდა ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც იესომ აღნიშნა, მის მოწაფეებს ძლიერ უხილავ მტერთან — „ბოროტთან“, სატანა ეშმაკთან — მოუწევდათ ბრძოლა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ბოროტი სულიერი ქმნილება „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).
6. საიდან ვიცით, რომ სატანას ბავშვებიც კი არ ებრალება?
6 ათასწლეულების განმავლობაში სატანას სადისტურ სიამოვნებას ანიჭებდა და დღესაც ანიჭებს ადამიანების მხეცურად წამება. ამას ადასტურებს თუნდაც ის დიდი უბედურება, რომელიც მან იობსა და მის ოჯახს დაატეხა (იობი 1:13—19; 2:7). ალბათ, შენც გაიხსენებდი საინფორმაციო საშუალებების მიერ გაშუქებულ რაიმე მოვლენას, რომელსაც სატანის მოძალადეობრივი სულის დაღი აჩნდა. ეშმაკი დაძრწის და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. ის ბავშვებსაც კი არ ინდობს. მაგალითად, ახ. წ. I საუკუნის დასაწყისში ჰეროდემ ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭუნა გაწყვიტა (მათე 2:16). როგორც ჩანს, ჰეროდე სატანამ აღძრა იმ ბავშვის გასანადგურებლად, რომელიც აღთქმული მესია უნდა გამხდარიყო და ღვთის მიერ სატანისთვის გამოტანილი განაჩენი უნდა აღესრულებინა! (დაბადება 3:15). ნათელია, სატანისთვის სრულიად უცხოა ბავშვებისადმი სიბრალულის გრძნობა. მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი „ჩაყლაპოს“. განსაკუთრებით კი დღეს ცდილობს ადამიანების განადგურებას „დიდი მძვინვარებით“, რადგან ზეციდან უკვე დედამიწაზეა ჩამოგდებული და „იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:9, 12).
7. ა) რამდენად განსხვავებულია იეჰოვა სატანისგან? ბ) სურს თუ არა იეჰოვას, რომ სიცოცხლით გაიხარო?
7 სატანისგან განსხვავებით, რომელიც „მძვინვარებით“ დაძრწის, იეჰოვა „გულმოწყალებით“ ეპყრობა ადამიანებს (ლუკა 1:78). ის სიყვარულის განსახიერებაა. ეს დიდებული თვისება მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამ სისტემის ღმერთისგან რამდენად განსხვავებულია შენი ღმერთი! სატანას ადამიანების განადგურება უნდა, იეჰოვას კი „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“ (2 პეტრე 3:9). მისთვის ძვირფასია თითოეული ადამიანის — მათ შორის შენი — სიცოცხლე. თავის სიტყვაში იეჰოვა მოგიწოდებს, რომ არ იყო ამ წუთისოფლის ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას შენთვის ცხოვრებაში სიხარულისა და თავისუფლების წართმევა უნდა (იოანე 15:19). მას სურს, ბოროტისაგან დაგიცვას. შენი ზეციერი მამა წუთისოფლის წარმავალ სიამოვნებაზე უფრო დიდ სიკეთეს გისურვებს. მას უნდა, რომ „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ მოიპოვო — მარადიულად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე (1 ტიმოთე 6:17—19). იეჰოვას უნდა, რომ ამ მიზანს მიაღწიო და მოგიწოდებს ამისკენ (1 ტიმოთე 2:4). გარდა ამისა, ის რაღაც განსაკუთრებულს გთავაზობს. რას?
„გული გამიხარე“
8, 9. ა) რა შეგიძლია აჩუქო იეჰოვას? ბ) როგორ შეურაცხყოფს სატანა იეჰოვას, როგორც იობის შემთხვევიდან ვხედავთ?
8 მიგირთმევია საჩუქარი ახლო მეგობრისთვის? გახსოვს მისი სიხარულით გაბრწყინებული სახე? ალბათ, დიდხანს ფიქრობდი, რა გეჩუქებინა. ახლა დაფიქრდი, რა შეგიძლია აჩუქო შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს? ღმერთისთვის რაღაცის ჩუქების იდეა თავიდან შეიძლება აბსურდული გეჩვენოს. რა სჭირდება ყოვლადძლიერს ჩვეულებრივი ადამიანისაგან? რა უნდა მისცე ისეთი, რაც მას არა აქვს? იგავების 27:11 პასუხს გვცემს: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავები 27:11, სსგ).
9 ალბათ, უკვე იცი ბიბლიიდან, რომ იეჰოვას მაგინებელი სატანა ეშმაკია. ის ამბობს, რომ ადამიანები იეჰოვას სიყვარულით კი არა, ეგოისტური მიზნებით ემსახურებიან და როგორც კი პრობლემები შეექმნებათ, მაშინვე მიატოვებენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მაგალითად, ღვთის ერთგული იობის შესახებ სატანამ იეჰოვას უთხრა: „განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ? შენ აკურთხე მისი ნახელავი და გაამრავლე ქვეყნად მისი საქონელი. აბა, ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:10, 11).
10. ა) საიდან ვიცით, რომ სატანას მხოლოდ იობის ერთგულება არ დაუყენებია ეჭვქვეშ? ბ) რა პასუხისმგებლობა გაქვს დაკისრებული უზენაესი ხელისუფლების საკითხთან დაკავშირებით?
10 ბიბლიიდან ვხედავთ, რომ სატანამ მხოლოდ იობის კი არა, ღვთის ყველა მსახურის — მათ შორის შენი — ერთგულებაც დააყენა ეჭვქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ სატანა ადამიანების შესახებ იეჰოვას ეუბნება: „სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი [არა მხოლოდ იობი, არამედ ნებისმიერი ადამიანი]“ (იობი 2:4). ხედავ, რა როლს ასრულებ ამ საკამათო საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით? როგორც იგავების 27:11-შია აღნიშნული, იეჰოვა გეუბნება, რის მიცემა შეგიძლია მისთვის — შენ შეგიძლია ღმერთს თავისი მაგინებლისთვის, სატანისთვის, პასუხის გაცემის საფუძველი მისცე. წარმოიდგინე, უზენაესი ხელისუფალი საშუალებას გაძლევს, შენი სიტყვა თქვა კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს საკამათო საკითხთან დაკავშირებით. რამდენად სერიოზული და, ამავე დროს, შესანიშნავი პასუხისმგებლობაა! შეასრულებ იეჰოვას თხოვნას? იობმა შეასრულა (იობი 2:9, 10). იესოც ასე მოიქცა. იეჰოვას ნება საუკუნეების განმავლობაში მრავალმა მორწმუნემ შეასრულა. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იყო (ფილიპელთა 2:8; გამოცხადება 6:9). შენც შეგიძლია ამის გაკეთება. გახსოვდეს, რომ არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია: შენი საქციელით ან ღვთის მაგინებელს, სატანას, დაუჭერ მხარს, ან იეჰოვას მისცემ პასუხის გაცემის საფუძველს. რას აირჩევ?
იეჰოვა ზრუნავს შენზე!
11, 12. აქვს იეჰოვასთვის მნიშვნელობა, აირჩევ თუ არა მის მსახურებას? ახსენი.
11 ნამდვილად აქვს იეჰოვასთვის მნიშვნელობა შენს არჩევანს? განა უკვე საკმაოდ ბევრმა არ შეინარჩუნა ღვთისადმი ერთგულება იმისათვის, რომ სატანას საკადრისი პასუხი გაეცეს? დიახ, უკვე დადასტურდა სატანის სიტყვების სიცრუე, რომ თითქოს იეჰოვას არავინ ემსახურება სიყვარულით. მაგრამ იეჰოვას სურს, საკამათო საკითხში შენც მას დაუჭირო მხარი, რადგან ზრუნავს პირადად შენზე. „არა აქვს სურვილი თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი“, — თქვა იესომ (მათე 18:14).
12 ცხადია, იეჰოვასთვის სულერთი არაა, რას აირჩევ. უფრო მეტიც, მას პირადად ეხება შენი არჩევანი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას გრძნობები აქვს და მის გრძნობებზე ადამიანის როგორც ცუდი, ისე კარგი საქციელი მოქმედებს. მაგალითად, ისრაელები ურჩობით „ტკივილს აყენებდნენ“ იეჰოვას (ფსალმუნები 78:40, 41, აქ [77:40, 41]). ნოეს დროინდელ წარღვნამდე, როდესაც „გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე“, იეჰოვა „დამწუხრდა თავის გულში“ (დაბადება 6:5, 6). დაფიქრდი ამ სიტყვების მნიშვნელობაზე. არასწორი საქციელით ტკივილს მიაყენებ შემოქმედს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი სუსტია ან ემოციებს ვერ ერევა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას უყვარხარ, ის შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს. მეორე მხრივ, კარგი საქციელით გულს გაუხარებ მას. ასეთ შემთხვევაში, იეჰოვას სიხარულის მიზეზი მხოლოდ ის კი არ იქნება, რომ სატანისთვის საკადრისი პასუხის გაცემის უფრო მეტ საფუძველს მისცემ; მას ის გაახარებს, რომ შენი კურთხევის შესაძლებლობა მიეცემა. იეჰოვას სწორედ ეს სწადია (ებრაელთა 11:6). რამდენად მოსიყვარულე მამა გყავს!
კურთხევები დღესვე
13. როგორ ვართ დღესვე კურთხეული იმისათვის, რომ იეჰოვას ვემსახურებით?
13 მხოლოდ მომავალში როდი ვიქნებით კურთხეული იმისათვის, რომ იეჰოვას ვემსახურებით. იეჰოვას მოწმე ბევრ ახალგაზრდას დღესვე აქვს სიხარულისა და კმაყოფილების მიზეზი. „მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნები 18:9). იეჰოვამ ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად იცის, რა არის ჩვენთვის უმჯობესი. ესაიას პირით იეჰოვამ თქვა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც გასწავლის სარგებლობას, რომელიც მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე. ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18).
14. როგორ დაგიცავს ბიბლიური პრინციპების გამოყენება ვალებით გამოწვეული პრობლემებისგან?
14 ბიბლიური პრინციპების გამოყენებით, ხშირ შემთხვევაში, თავიდან აიცილებ ტკივილსა და მწუხარებას. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ფულის მოყვარულებმა „თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). საკუთარმა მწარე გამოცდილებამ ხომ არ დაარწმუნა შენი რომელიმე თანატოლი ამ მუხლის სიტყვების ჭეშმარიტებაში? ზოგი ახალგაზრდა დიდ ვალს იღებს მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობილი ფირმის ტანსაცმელი იყიდოს და უკანასკნელ მოდაზე ჩაიცვას ან უახლესი აპარატურა შეიძინოს. ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად გრძელვადიანი, მაღალპროცენტიანი ვალების აღება მონობის ტოლფასია (იგავები 22:7).
15. როგორ გიცავს ბიბლიური პრინციპები ტკივილისგან, რომელიც სექსუალურ უზნეობას მოჰყვება?
15 განვიხილოთ სექსუალური უზნეობის საკითხიც. მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი გასათხოვარი მოზარდი ორსულდება. ზოგი აჩენს ბავშვს, რომლის გაზრდის არც სურვილი აქვს და არც უნარი. ზოგი აბორტს იკეთებს და მერე სინდისის ქენჯნით იტანჯება. ბევრი ახალგაზრდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით, მაგალითად შიდს-ით, ავადდება. იმ ახალგაზრდებისთვის კი, რომლებიც იეჰოვას იცნობენ, ყველაზე დიდი დანაკარგი იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭება იქნებოდაb (გალატელთა 5:19—21). ამიტომაც ბიბლია მოგვიწოდებს: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18).
„ბედნიერი ღმერთის“ მსახურება
16. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურს გაიხარო ახალგაზრდობის წლებით? ბ) რატომ გაძლევს იეჰოვა რჩევებს?
16 ბიბლიაში იეჰოვა „ბედნიერ ღმერთად“ არის მოხსენიებული (1 ტიმოთე 1:11, აქ). მას სურს, რომ შენც ბედნიერი იყო. მის სიტყვაში ნათქვამია: „გაიხარე, ჭაბუკო, შენს ბავშვობაში“ (ეკლესიასტე 11:9). და მაინც, იეჰოვა მხოლოდ აწმყოს კი არა, მომავალსაც ხედავს; მას შეუძლია განჭვრიტოს, სადამდე მიგიყვანს, როგორც სწორი, ისე არასწორი საქციელი. სწორედ ამიტომ მოგიწოდებს: «გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში, სანამ არ მოსულა ავი დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „არა მწადიან ისინი!“» (ეკლესიასტე 12:1).
17, 18. რა თქვა ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა იეჰოვას მსახურებაზე და როგორ შეგიძლია მასავით გაიხარო?
17 დღეს ბევრი ახალგაზრდა ბედნიერია იეჰოვას მსახურებით. მაგალითად, 15 წლის ლინა ამბობს: „შემიძლია თავაწეულმა ვიარო. ჯანმრთელობას ვინარჩუნებ, რადგან არც ვეწევი და არც ნარკოტიკებს ვიყენებ. ფასდაუდებელი რჩევების დახმარებით, რომლებსაც კრებაში ვიღებ, წინააღმდეგობას ვუწევ სატანის საზარელ ზეგავლენას. ბედნიერი ვარ კრებაში და-ძმებთან ურთიერთობით და, რაც ყველაზე მთავარია, მაქვს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი, რომელიც არ გამიმტყუნდება“.
18 ლინას მსგავსად, ბევრი ქრისტიანი ახალგაზრდა ძალ-ღონეს არ იშურებს რწმენის შესანარჩუნებლად, რაც მათ სიხარულს ანიჭებს. ისინი ხედავენ, რომ ნამდვილად აქვს აზრი და მომავალი ქრისტიანულ ცხოვრებას, რაც ზოგჯერ მათთვის არც ისე ადვილია. ასე რომ, კვლავაც ემსახურე ღმერთს, რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს შენს კეთილდღეობაზე. გული გაუხარე მას და ის შენთვის მარადიული სიხარულის წყარო იქნება (ფსალმუნები 5:12).
[სქოლიოები]
a იხილე სტატია „ჭეშმარიტებამ სიცოცხლე დამიბრუნა“ 1997 წლის იანვარი — მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში.
b მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მათთვის, ვინც ცოდვებს აღიარებს, ინანიებს და სწორდება იეჰოვა „მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).
-
-
ახალგაზრდებო — იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას!საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აპრილი
-
-
ახალგაზრდებო — იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას!
„ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).
1. როგორ გარწმუნებს ბიბლიის წიგნები „ებრაელთა“ და „მალაქია“, რომ იეჰოვა აფასებს შენს მსახურებას?
გქონია ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც მეგობრისთვის სიკეთე გაგიკეთებია, მაგრამ მას მადლიერება არ გამოუხატავს? ბუნებრივია, გული გვტკივა, როდესაც სათანადოდ არ აფასებენ ან სრულიად ივიწყებენ ჩვენს სიკეთეს. იეჰოვა ასე არასოდეს მოგვექცევა, თუ სულითა და გულით მას ვემსახურებით! ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10). დაფიქრდი ამ სიტყვების მნიშვნელობაზე. იეჰოვა უსამართლობად — ცოდვად — თვლის იმის დავიწყებას, რაც გაგიკეთებია და რასაც აკეთებ მის მსახურებაში. რამდენად მადლიერი ღმერთია იეჰოვა! (მალაქია 3:10).
2. რატომ არის იეჰოვას მსახურება ნამდვილად დიდებული შესაძლებლობა?
2 შენ ასეთი მადლიერი ღმერთის თაყვანისცემისა და მსახურების საუცხოო საშუალება გეძლევა. ეს ნამდვილად იშვიათი შესაძლებლობაა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მსოფლიოში მცხოვრებ დაახლოებით ექვს მილიარდ ადამიანს შორის დაახლოებით ექვსი მილიონია შენი თანამორწმუნე. გარდა ამისა, შენ ისმენ და დადებითად ეხმაურები სასიხარულო ცნობას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იეჰოვა ინტერესს ავლენს პირადად შენდამი. იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). დიახ, იეჰოვა თითოეულ ადამიანს პირადად ეხმარება ქრისტეს მსხვერპლიდან სარგებლობის მიღებაში.
დააფასე უდიდესი პატივი
3. როგორ გამოხატეს კორახის ძეებმა იეჰოვას მსახურებისთვის მადლიერება?
3 როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, გეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ იეჰოვას გული გაუხარო (იგავები 27:11). ეს უდიდესი პატივია, რომელსაც ყოველთვის უნდა აფასებდე. ღვთის შთაგონებით დაწერილ ერთ-ერთ ფსალმუნში კორახის ძეებმა გამოხატეს, რამდენად აფასებდნენ იეჰოვას მსახურებას: „ერთი დღე შენს ეზოებში ათასჯერ უმჯობესია; ჩემი ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას“ (ფსალმუნები 83:11).
4. ა) რატომ შეიძლება იფიქროს ვინმემ, რომ იეჰოვას თაყვანისცემა ზღუდავს და თავისუფლებას ართმევს? ბ) საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სურს შეუმჩნეველი არ დარჩეს და სანაცვლო მიაგოს თავის მსახურებს?
4 შენც ასევე აფასებ შენი ზეციერი მამისთვის მსახურებას? ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ იეჰოვას თაყვანისცემა გზღუდავს და თავისუფლებას გართმევს. ცხადია, ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენება გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. მაგრამ რასაც იეჰოვა შენგან მოითხოვს, ისევ და ისევ შენთვის არის სასიკეთო (ფსალმუნები 1:1—3). გარდა ამისა, იეჰოვა ხედავს შენს ძალისხმევას და მადლიერებას გამოხატავს იმისათვის, რომ მისი ერთგული ხარ. პავლემ დაწერა, რომ იეჰოვა „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). ღმერთი ამის გაკეთების შესაძლებლობებს ეძებს. ძველ ისრაელში მცხოვრებმა ერთგულმა წინასწარმეტყველმა დაწერა: „უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (2 ნეშტთა 16:9).
5. ა) როგორ ცხადყოფ საუკეთესოდ, რომ მთელი გულით იეჰოვაზე ხარ მინდობილი? ბ) რატომ შეიძლება გაგიჭირდეს შენს რწმენაზე ლაპარაკი?
5 მთელი გულით რომ იეჰოვაზე ხარ მინდობილი, საუკეთესოდ ცხადყოფ, თუ სხვებთან მის შესახებ ილაპარაკებ. გქონია შესაძლებლობა, სკოლის ამხანაგებთან შენს რწმენაზე გელაპარაკა? თავიდან შეიძლება ამან შეგაშინოს და სკოლაში ქადაგების გაფიქრებაზეც კი აღელდე. შეიძლება იფიქრო, რომ დაგცინებენ ან შენი რწმენა უცნაური მოეჩვენებათ. იესომაც თქვა, რომ ყველა არ მოისმენდა სამეფოს შესახებ ცნობას (იოანე 15:20). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დაგცინებს და უარგყოფს. პირიქით, იეჰოვას ბევრ ახალგაზრდა მოწმეს უსმენენ თანატოლები და პატივსაც სცემენ საკუთარი შეხედულებების ერთგულებისთვის.
„იეჰოვა დაგეხმარება“
6, 7. ა) როგორ უქადაგა თანაკლასელებს ერთმა 17 წლის გოგონამ? ბ) რა ისწავლე ჯენიფერის შემთხვევიდან?
6 როგორ უნდა მოიკრიბო გამბედაობა, შენს რწმენაზე ლაპარაკი რომ შეძლო? განა არ ჯობია გულწრფელი პასუხის გაცემა, როდესაც ვინმე დაინტერესდება, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ? აი, როგორ მოიქცა 17 წლის ჯენიფერი. „შესვენებაზე ბუფეტში ვისხედით. გოგოები რელიგიაზე ლაპარაკობდნენ და ერთერთმა მკითხა, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარო“, — გვიამბობს იგი. საინტერესოა, ღელავდა თუ არა ჯენიფერი პასუხის გაცემამდე. „დიახ, ვღელავდი, — აღიარებს ის, — რადგან არ ვიცოდი, გოგოებს რა რეაქცია ექნებოდათ“. როგორ მოიქცა ის? „ვუთხარი, იეჰოვას მოწმე ვარ-მეთქი. შევატყვე, რომ გაუკვირდათ. როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეებს უცნაურ ხალხად მიიჩნევდნენ. შეკითხვები დამისვეს და მეც შესაძლებლობა მომეცა, ზოგიერთ საკითხზე სწორი თვალსაზრისი შემექმნა მათთვის. იმ დღის შემდეგ ზოგი მათგანი შეკითხვებს მისვამს ხოლმე“.
7 ნანობს ჯენიფერი, რომ საკუთარი მრწამსის შესახებ ლაპარაკის შესაძლებლობა გამოიყენა? არა! „შესვენების შემდეგ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, — ამბობს ის. — ახლა იმ გოგოებმა უკეთესად იციან, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები“. ჯენიფერი უბრალო რჩევას იძლევა: „თუ გიჭირს თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან ქადაგება, შენთვის მოკლედ ილოცე. იეჰოვა დაგეხმარება. კმაყოფილი იქნები, რომ ქადაგების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვი“ (1 პეტრე 3:15).
8. ა) როგორ დაეხმარა ლოცვა ნეემიას მოულოდნელ სიტუაციაში? ბ) სკოლაში რა შემთხვევებში იქნებოდა კარგი, შენთვის გელოცა?
8 ყურადღება მიაქციე ჯენიფერის რჩევას — როდესაც შენს რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა გეძლევა, კარგი იქნება ‘შენთვის მოკლედ ილოცო’. სწორედ ასე მოიქცა მოულოდნელ სიტუაციაში სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს (ბიბლიაში ართახშასთა) მწდე. ნეემია დამწუხრებული იყო ცუდი ამბის გამო — იუდაელები სავალალო მდგომარეობაში იყვნენ და იერუსალიმის კედლები თუ კარიბჭეები ნანგრევებად იყო ქცეული. მეფემ შენიშნა, რომ ნეემიას რაღაც აწუხებდა და ჰკითხა, რაზე დარდობდა. პასუხის გაცემამდე ნეემიამ თავისთვის ილოცა, რათა ღმერთი დახმარებოდა. შემდეგ კი გაბედულად სთხოვა მეფეს, იერუსალიმში დაბრუნებისა და ქალაქის აღდგენის ნება მიეცა. არტაქსერქსემ ნეემიას თხოვნა შეუსრულა (ნეემია 2:1—8). რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? როდესაც შენს რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა გეძლევა და განიცდი, არ დაგავიწყდეს შენთვის ლოცვა. „თქვენი ყველა საზრუნავი მას [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7; ფსალმუნები 54:23).
„მზად იყავით, რომ . . . უპასუხოთ“
9. როგორ გაავრცელა 13 წლის გოგონამ 23 ეგზემპლარი წიგნისა „ახალგაზრდების შეკითხვები“?
9 აი, კიდევ ერთი მაგალითი. 13 წლის გოგონა, სახელად ლია, სკოლაში დასვენებაზე კითხულობდა წიგნს „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“a. „ბავშვები მიყურებდნენ, — ჰყვება ის, — და მალე ჩემ გარშემო შეგროვდნენ. აინტერესებდათ, რას ვკითხულობდი“. დღის ბოლოს ოთხმა გოგონამ სთხოვა ლიას ეს წიგნი. მოგვიანებით ამ გოგონებმა წიგნები თავიანთ მეგობრებს ათხოვეს და მათაც მოისურვეს პირადი ეგზემპლარები. რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიამ, მთლიანობაში, 23 ეგზემპლარი გაავრცელა. ადვილი იყო ლიასთვის ლაპარაკის დაწყება, როდესაც მეგობრებმა ჰკითხეს, თუ რა წიგნს კითხულობდა? არა! „თავიდან ვღელავდი“, — ამბობს ლია, — მაგრამ ვილოცე და ვიცოდი, რომ იეჰოვა ჩემთან იყო“.
10, 11. როგორ დაეხმარა პატარა ისრაელი გოგონა სირიელ მხედართმთავარს იეჰოვას გაცნობაში და რა იყო ამის შედეგი?
10 ლიას შემთხვევა სირიაში ტყვედ წაყვანილი პატარა ისრაელი გოგონას შემთხვევას გვაგონებს. ნაყამანი, სირიელი მხედართმთავარი, კეთრით იყო დაავადებული. შესაძლოა მისმა ცოლმა მოიხსენია ისრაელ გოგონასთან ეს საკითხი, რამაც გოგონას თავის რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა მისცა. „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან“, — უთხრა მან ნაყამანის მეუღლეს (4 მეფეთა 5:1—3).
11 პატარა გოგონას რომ გამბედაობა არ გამოევლინა, ნაყამანი ვერ დარწმუნდებოდა, რომ ‘მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელში იყო ღმერთი’. მან ისიც კი გადაწყვიტა, რომ ‘უფლის გარდა სხვა ღმერთებს აღარ შესწირავდა მსხვერპლს’ (4 მეფეთა 5:15, 17). იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა ამ გოგონას გამბედაობა. ის დღესაც აკურთხებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ლია ამაში საკუთარმა გამოცდილებამ დაარწმუნა. მოგვიანებით მას სკოლაში რამდენიმე ამხანაგმა უთხრა, რომ „ახალგაზრდების შეკითხვებში“ მოცემულ რჩევებს იყენებდნენ. „ძალიან გამიხარდა, — ამბობს ლია, — რომ დავეხმარე მათ, მეტი გაეგოთ იეჰოვას შესახებ და ცხოვრება შეეცვალათ“.
12. რა დაგეხმარება რწმენის შესახებ ლაპარაკში?
12 ჯენიფერისა და ლიას მსგავსად, შესაძლებელია, რომ შენც გქონდეს საინტერესო შემთხვევები. პეტრე მოციქული გვირჩევს: „მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). როგორ შეძლებ ამას? მიჰბაძე პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც იეჰოვას ლოცვაში სთხოვდნენ „მთელი გაბედულებით“ ლაპარაკში დახმარებას (საქმეები 4:29). შემდეგ გამბედაობა მოიკრიბე შენს რწმენაზე სალაპარაკოდ. თვითონვე გაოცდები შედეგებით. რაც მთავარია, ამით გულს გაუხარებ იეჰოვას.
ვიდეოფილმები და სასკოლო ღონისძიებები
13. რა შესაძლებლობებს იყენებენ იეჰოვას მოწმე ახალგაზრდები საქადაგებლად? (იხილე ჩარჩოები მე-20 და 21-ე გვერდებზე).
13 ბევრმა ახალგაზრდამ ვიდეოფილმების გამოყენებით აუხსნა სკოლის ამხანაგებსა და მასწავლებლებს საკუთარი მრწამსი. ზოგს სასკოლო ღონისძიებების დროს მიეცა იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა. მაგალითად, იეჰოვას ორ მოწმეს, 15 წლის ბიჭებს, მსოფლიო ისტორიაში დავალებად მიცემული ჰქონდათ რომელიმე რელიგიის შესახებ მოხსენების დაწერა. მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) და ერთად დაეწერათ მოხსენება იეჰოვას მოწმეებზეb. კლასში მათ ხუთწუთიანი მოხსენებაც უნდა წარმოეთქვათ. მათი მოხსენების შემდეგ მასწავლებელსა და მოსწავლეებს იმდენი კითხვა დაებადათ, რომ ბიჭებს კლასის წინაშე კიდევ 20 წუთი მოუწიათ ლაპარაკი. ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თანაკლასელები მათ დროდადრო შეკითხვებს უსვამდნენ იეჰოვას მოწმეებზე.
14, 15. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა შიში მახეა? ბ) რატომ უნდა გაუზიარო თანატოლებს შენი მრწამსი?
14 ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა ცხადყო, რომ ღმერთი გაკურთხებს, თუ სხვებთან საკუთარი შეხედულებების შესახებ ილაპარაკებ. არ დაუშვა, რომ ადამიანთა მიმართ შიშის გამო დაკარგო ეს დიდებული შესაძლებლობა და სიხარული, რომელსაც აუცილებლად იგრძნობ, თუ სხვებს იეჰოვას გაცნობაში დაეხმარები. ბიბლიაში ნათქვამია: „ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება“ (იგავები 29:25).
15 გახსოვდეს, რომ შენ, ქრისტიან ახალგაზრდას, შეგიძლია თანატოლებს ცხოვრების საუკეთესო გზა დაანახვო და მარადიული სიცოცხლის შესახებ აღთქმები გაუზიარო; ეს კი მათ ნამდვილად სჭირდებათ (1 ტიმოთე 4:8). საინტერესოა, რომ ერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში (სადაც, შეიძლება იფიქრო, რომ ხალხი გულგრილი და ნაკლებად რელიგიურია) ახალგაზრდების ნახევარი მაინც უყურებს რელიგიას სერიოზულად. მესამედი კი ამბობს, რომ რელიგია მათ ცხოვრებაზე „უდიდეს გავლენას“ ახდენს. როგორც ჩანს, ასეთივე სიტუაციაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თუ ასეა, სკოლაში შენი თანატოლებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, ბიბლიაზე საუბარი.
დაუახლოვდი იეჰოვას
16. რა უნდა გააკეთო ქადაგებასთან ერთად იმისათვის, რომ იეჰოვას ასიამოვნო?
16 ცხადია, იეჰოვას გულის გასახარებლად სხვებთან მის შესახებ ლაპარაკი არ კმარა. საჭიროა, მის მიერ დადგენილი ნორმები დაიცვა. იოანე მოციქულმა დაწერა: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნდები, თუ დაუახლოვდები იეჰოვას. როგორ უნდა დაუახლოვდე მას?
17. როგორ უნდა დაუახლოვდე იეჰოვას?
17 დრო გამოყავი ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის წასაკითხად. რაც მეტს გაიგებ იეჰოვაზე, მით უფრო გაგიადვილდება მისი მორჩილება და მის შესახებ ლაპარაკი. „კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს . . . ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი“, — თქვა იესომ (ლუკა 6:45). ასე რომ, ყოველივე კარგით უნდა გქონდეს გული სავსე. ამისათვის საჭიროა დაისახო მიზნები. მაგალითად, შეგიძლია უკეთესად მოემზადო შემდეგი კვირის კრების შეხვედრებისთვის. მომდევნო მიზნად შეგეძლო დაგესახა შენი სიტყვებით მოკლე კომენტარების გაკეთება. და რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში გამოიყენო ის, რასაც სწავლობ (ფილიპელთა 4:9).
18. რაში უნდა იყო დარწმუნებული იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგჯერ წინააღმდეგობას ხვდები?
18 იეჰოვას მსახურებას ხანგრძლივი, მარადიული კურთხევები მოაქვს. მართალია, ზოგჯერ წინააღმდეგობები გექნება ან დაგცინებენ იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმე ხარ, მაგრამ გული არ გაიტეხო. გაიხსენე მოსე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ხედავდა საზღაურს“ (ებრაელთა 11:24—26). შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვასგან შენც მიიღებ საზღაურს, თუ მის შესახებ მეტის გაგებასა და მასზე სხვებთან ლაპარაკს შეეცდები. ნამდვილად შეუძლებელია, რომ იეჰოვამ „დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10).
-