საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დააფასეთ იეჰოვას თვისებები
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივნისი
    • დააფასეთ იეჰოვას თვისებები

      „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფეს. 5:1).

      როგორ უპასუხებთ?

      • როგორ შეგვიძლია უფრო მეტად დავაფასოთ იეჰოვას თვისებები?

      • რა ხდის ადამიანს უშუალოს?

      • როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას მიუკერძოებლობაში?

      1. ა) იეჰოვას რომელ თვისებებზე შეგვიძლია ვიფიქროთ? ბ) რაში დაგვეხმარება იეჰოვას თვისებების გამოკვლევა?

      უპირველესად, რომელი თვისებები გახსენდებათ, როცა იეჰოვას პიროვნებაზე ფიქრობთ? ბევრ ჩვენგანს ამ დროს ძირითადად ოთხი თვისება გაუელვებს გონებაში: სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძალა. თუმცა ვიცით, რომ იეჰოვა ამ თვისებებთან ერთად სხვა უძვირფასეს თვისებებსაც ფლობს. ჩვენ, სულ მცირე, 40 თვისების ჩამოთვლა შეგვიძლია. თითოეული მათგანი ჩვენს პუბლიკაციებშია განხილული. და რადგან ეს ასეა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდებული განძი გვქონია, რის აღმოჩენაც პირადი თუ ოჯახური შესწავლის დროს შეუძლია თითოეულ ჩვენგანს! შესწავლა გვიათკეცებს პატივისცემას ჩვენი ზეციერი მამისადმი; და რაც უფრო მეტი პატივისცემა გვექნება ღვთისადმი, მით უფრო გაგვიძლიერდება სურვილი, დავუახლოვდეთ და მივბაძოთ მას (იეს. 23:8; ფსალმ. 73:28).

      2. ა) მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ შეგვიძლია უფრო მეტად დავაფასოთ იეჰოვას თვისებები? ბ) რას განვიხილავთ?

      2 რას ნიშნავს ცნება „დაფასება“? ამ სტატიაში მოხსენიებული ეს სიტყვა რაიმეს სწორად შეფასებას ნიშნავს. ის დროთა განმავლობაში შეიძლება თანდათან უფრო გაძლიერდეს. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: როგორ შეიძლება ადამიანს კერძი თანდათან შეუყვარდეს? ის ჯერ ამ კერძის სუნს შეიგრძნობს, მერე გემოს გაუსინჯავს, და ბოლოს თავადაც უჩნდება მისი მომზადების სურვილი. მსგავსად ამისა, უფრო მეტად დავაფასებთ იეჰოვას თვისებებს, თუ სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, ვიფიქრებთ მათზე და ვეცდებით მათ გამოვლენას ცხოვრებაში (ეფეს. 5:1). წინამდებარე და მომდევნო ორი სტატიის მიზანი გახლავთ ის, რომ გაგვიღრმაოს პატივისცემა იეჰოვას იმ თვისებების მიმართ, რომლებზედაც შედარებით ნაკლებად ვფიქრობთ. თითოეული თვისების განხილვის დროს ვისაუბრებთ შემდეგი კითხვების ირგვლივ: რას ნიშნავს ეს თვისება? როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას ამ თვისების გამოვლენაში?

      იეჰოვა უშუალოა

      3, 4. ა) როგორ აღწერდით უშუალო ადამიანს? ბ) როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ უშუალოა?

      3 მოდი, უპირველესად შევეხოთ იეჰოვას ერთ-ერთ თვისებას, უშუალობას. როგორ ადამიანზე იტყვით, რომ უშუალოა? ალბათ ისეთზე, ვინც კეთილია, ყოველთვის მზად არის სხვების დასახმარებლად და ვისთანაც ადვილია საუბარი. უშუალობა ხშირად იმით განისაზღვრება, თუ რას და როგორ ვეუბნებით მოსაუბრეს. ამაში შედის ადამიანის სხეულის ენა: ჟესტები, სახის გამომეტყველება და ასე შემდეგ.

      4 საიდან ჩანს, რომ იეჰოვა უშუალოა? მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა უსასრულო სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედია, მას ძალიან სურს და ყოველთვის მზად არის, მოუსმინოს ჩვენს ლოცვებს და გვიპასუხოს (წაიკითხეთ ფსალმუნის 145:18; ესაიას 30:18, 19). ღმერთთან საუბარი შეგვიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან და არ გვეშინია, რომ ამ სითამამისთვის გვისაყვედურებს უზენაესი (ფსალმ. 65:2; იაკ. 1:5). ღვთის სიტყვა იეჰოვას მოკვდავთა ენაზე აღგვიწერს, რათა გვაჩვენოს, თუ რა ძლიერ სურს ღმერთს ჩვენთან ურთიერთობა. არაერთი ფსალმუნის ავტორმა მეფე დავითმა დაწერა, რომ იეჰოვას ჩვენკენ აქვს მოპყრობილი თვალი და მარჯვენა ხელი ჩაჭიდებული აქვს ჩვენთვის (ფსალმ. 34:15; 63:8). ხოლო წინასწარმეტყველმა ესაიამ იეჰოვა მწყემსს შეადარა და თქვა: „თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ“ (ეს. 40:11). ერთი წუთით წარმოიდგინეთ, იეჰოვას სურს, რომ მასთან ახლოს ვიყოთ; პატარა ბატკანივით გვიხუტებს გულში და მზრუნველი მწყემსივით უბით გვატარებს. ხვდებით, რა უშუალო ღმერთი გვყავს?! მაშ, იბადება კითხვა: როგორ მივბაძოთ მას?

      უძვირფასესი თვისება

      5. რატომ უნდა იყვნენ უხუცესები უშუალონი?

      5 ცოტა ხნის წინ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ასეთი კითხვა დაუსვეს: „ყველაზე მეტად რომელი თვისება მოგწონთ უხუცესებში?“. დიდმა უმრავლესობამ უპასუხა, რომ ყველაზე მეტად უხუცესებში აფასებენ უშუალობას. რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანი საჭიროებს ამ თვისების დახვეწას, მაგრამ ეს განსაკუთრებით უხუცესებისთვისაა აუცილებელი (ეს. 32:1, 2). ერთი და ამბობს: „უშუალობაა ის ერთადერთი თვისება, რომელიც გვეხმარება, უხუცესებში დავინახოთ სხვა დადებითი თვისებები და თავისუფლად მივმართოთ მათ“. თქვენც ასე ფიქრობთ? და მაინც, რა ხდის ადამიანს უშუალოს?

      6. ყველაზე მეტად რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი უშუალო გახდეს?

      6 უმთავრესი ფაქტორი, რაც ადამიანს უშუალოს ხდის, სხვების მიმართ გულწრფელი ინტერესია. უხუცესის მზრუნველობა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს თანაქრისტიანების დასახმარებლად, კრების წევრებს, მათ შორის პატარებს, შეუმჩნეველი არ რჩებათ (მარ. 10:13—16). 12 წლის კარლოსი ამბობს: „ძალიან მომწონს, როცა უხუცესი მიღიმის“. რა თქმა უნდა, უხუცესის უშუალობა მხოლოდ მისი საუბრით არ განისაზღვრება, მან ეს საქმით უნდა დაამტკიცოს (1 იოან. 3:18).

      7. რატომ იძლევა სამკერდე ნიშანი ხშირ შემთხვევაში საუბრის დაწყების საშუალებას და რას ვსწავლობთ აქედან?

      7 არც ისე დიდი ხნის წინ, ერთი ჩვენი ძმა კონგრესიდან სახლში ბრუნდებოდა თვითმფრინავით. მას გულზე სამკერდე ნიშანი ეკეთა. ბორტგამცილებელმა შენიშნა სამკერდე ნიშანზე წარწერა „მოვიდეს ღვთის სამეფო!“ და ძმას უთხრა: „ნეტავ, მართლა მოვიდეს! გაქვთ ორი წუთი, ამ საკითხზე რომ ვილაპარაკოთ?“. მათ შორის სასიამოვნო საუბარი შედგა და ბორტგამცილებელმა ჟურნალები სიხარულით აიღო. ალბათ, ბევრ ჩვენგანს ჰქონია დაახლოებით ასეთი შემთხვევა. რატომ იძლევა სამკერდე ნიშანი ხშირ შემთხვევაში საუბრის დაწყების საშუალებას? იმიტომ, რომ ამით, ასე ვთქვათ, ხალხს ვეუბნებით: „არ მოგერიდოთ! შეგიძლიათ თამამად მკითხოთ, სად მივდივარ“. სამკერდე ნიშნით ხალხს მივანიშნებთ, რომ მზად ვართ, ჩვენი რწმენის შესახებ ვესაუბროთ მათ. მსგავსად ამისა, ქრისტიან უხუცესებს გარეგნულადაც უნდა ეტყობოდეთ ანუ გადატანითი მნიშვნელობით „სამკერდე ნიშნები“ უნდა ეკეთოთ წარწერით: „არ მოგერიდოთ, მე ყოველთვის მზად ვარ თქვენ დასახმარებლად“. მოდი, ვნახოთ, რით მიანიშნებენ უხუცესები, რომ უშუალონი არიან.

      8. როგორ აჩვენებენ უხუცესები, რომ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი სხვებით და როგორ მოქმედებს ეს კრების წევრებზე?

      8 მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში ურთიერთობის სხვადასხვა კულტურა არსებობს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, როცა და-ძმებს თბილად ვუღიმით, მეგობრულად ვართმევთ ხელს და ვესალმებით, ამით ვაჩვენებთ, რომ გულწრფელად ვინტერესდებით მათით. ამ მხრივ ვინ უნდა გამოავლინოს ინიციატივა? ვნახოთ, რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ. მათე ამბობს, რომ მოწაფეებთან შეხვედრისას „იესო მივიდა მათთან და უთხრა“ (მათ. 28:18). დღეს უხუცესებიც იესოს ჰბაძავენ: ინიციატივას იჩენენ, მიდიან თანამორწმუნეებთან და ესაუბრებიან მათ. როგორ მოქმედებს ეს კრების წევრებზე? ერთი 88 წლის პიონერი და ამბობს: „როცა სამეფო დარბაზში უხუცესები თბილად მიღიმიან და ტკბილად მესაუბრებიან, უფრო საყვარლები ხდებიან ჩემთვის“. სხვა და კი ამბობს: „შეიძლება, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა სამეფო დარბაზში შესვლის დროს უხუცესი თბილად მიღიმის და მესალმება“.

      უშუალო და მუდამ და-ძმების სამსახურში

      9, 10. ა) რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იეჰოვა? ბ) როგორ შეუძლიათ უხუცესებს, მუდამ მზად იყვნენ, მოემსახურონ და-ძმებს?

      9 რა თქმა უნდა, არავინ მოვა ჩვენთან დახმარების სათხოვნელად, თუ არასდროს გვცალია სხვებისთვის. იეჰოვა ამ მხრივ შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. წმინდა წერილებში წერია: „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქ. 17:27). ერთ-ერთი მხარე, რითაც უხუცესი აჩვენებს, რომ სურს გამოადგეს სხვებს, არის ის, რომ დროს გამოყოფს კრების შეხვედრის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ დებთან და ძმებთან — ახალგაზრდებთან თუ ხანდაზმულებთან — სასაუბროდ. პიონერი ძმა ამბობს: „როცა უხუცესი მეკითხება, როგორა ვარ, შემდეგ დგას და ყურადღებით ისმენს ჩემს პასუხს, პატივისცემას ვგრძნობ მისი მხრიდან“. ერთი და, რომელიც თითქმის 50 წელია იეჰოვას ემსახურება, აღნიშნავს: „როცა კრების შემდეგ უხუცესები სასაუბროდ დროს მითმობენ, ვგრძნობ, რომ მათთვის ძვირფასი ვარ“.

      10 გასაგებია, რომ ქრისტიან მწყემსებს სხვა მოვალეობებიც აკისრიათ, მაგრამ მათი უმთავრესი მიზანი კრების შეხვედრების დროს „ცხვრისთვის“ ყურადღების მიქცევაა.

      იეჰოვა მიუკერძოებელია

      11, 12. ა) რას ნიშნავს მიუკერძოებლობა? ბ) რა მაგალითს გვაძლევს იეჰოვა ამ მხრივ?

      11 მიუკერძოებლობა იეჰოვას ძვირფას თვისებათა შორის ერთ-ერთია. რას ნიშნავს მიუკერძოებლობა? ეს ნიშნავს, იყო სამართლიანი, არ გქონდეს ვინმეს მიმართ წინასწარ შექმნილი აზრი და ერთი ადამიანი მეორეზე მაღლა არ დააყენო. ნამდვილი მიუკერძოებლობა ჩანს ორ მხარეში: განწყობასა და საქციელში. ორივე აუცილებელია, რადგან თუ ადამიანი განწყობილია, იყოს მიუკერძოებელი, ის ყველას მიუკერძოებლად მოექცევა. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა „მიუკერძოებლობა“ სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: „არ გაარჩიო სახეები“, ანუ ერთ სახეს მეორესთან შედარებით უპირატესობა არ მიანიჭო (საქ. 10:34; „სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). მიუკერძოებელი ადამიანი ყველას სათანადო პატივს მიაგებს და არ ასხვავებს ადამიანს გარეგნობის ან შესაძლებლობების მიხედვით. ის ადამიანის შინაგან პიროვნებას აფასებს.

      12 იეჰოვა მიუკერძოებლობის სწორუპოვარი მაგალითია. მისივე სიტყვაში წერია, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის“ და „არ იქცევა მიკერძოებით“ (წაიკითხეთ საქმეების 10:34, 35; კანონის 10:17 ). ძველად მოსეს დროს მომხდარი ერთი შემთხვევა ამის შესანიშნავი მაგალითია.

      ცელოფხადის ასულები ღვთის მადლიერნი დარჩნენ (იხილეთ მე-13 და მე-14 აბზაცები)

      13, 14. ა) რა ვითარებაში აღმოჩნდა ცელოფხადის ხუთი ასული? ბ) როგორ გამოავლინა იეჰოვამ მიუკერძოებლობა?

      13 ისრაელის აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ხუთი გასათხოვარი და ერთგვარი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. დებმა იცოდნენ, რომ სხვა ისრაელი ოჯახების მსგავსად, მათ ოჯახსაც უნდა მიეღო მიწა. მიწა წილისყრით მათ მამას ეკუთვნოდა, რომელიც მენაშეს ტომიდან იყო (რიცხ. 26:52—55). თუმცა მათი მამა, ცელოფხადი იმ დროს უკვე აღარ იყო ცოცხალი. კანონის თანახმად, ცელოფხადის მიწა მის ვაჟებს უნდა გადასცემოდა, მაგრამ მას მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა (რიცხ. 26:33). საინტერესოა, როგორ გადაწყდებოდა ეს საკითხი; ცელოფხადის კუთვნილი მიწა მის ნათესავებს გადაეცემოდათ და ეს ხუთი და მემკვიდრეობის გარეშე დარჩებოდა?

      14 დები მივიდნენ მოსესთან და ჰკითხეს: „რატომ უნდა დაიკარგოს მამაჩვენის სახელი თავისი საგვარეულოდან იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა?“. მათ მოსეს სთხოვეს: „მოგვეცით მამაჩვენის ძმებს შორის ის, რაც გვეკუთვნის“. როგორ მოიქცა მოსე? უთხრა მან, რომ კანონში გამონაკლისს ვერ დაუშვებდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „წარუდგინა მოსემ მათი საქმე იეჰოვას“ (რიცხ. 27:2—5). ღმერთმა უთხრა მოსეს: „მართალს ამბობენ ცელოფხადის ასულები. უნდა მისცე მათ კუთვნილი მემკვიდრეობა მათი მამის ძმებს შორის, გადაეცი მათი მამის მემკვიდრეობა“. შემდგომში იეჰოვამ კიდევ უფრო მეტი გააკეთა. მან კანონში ერთგვარი ცვლილება შეიტანა და გამონაკლისი დაუშვა. მოსე წერს: „თუ კაცი ისე მოკვდება, რომ ვაჟი არ ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მის ასულს გადაეცით“ (რიცხ. 27:6—8; იეს. 17:1—6). მას შემდეგ ისრაელში ყველა ქალი, ვინც მსგავს პრობლემას შეხვდებოდა, დაცული იქნებოდა.

      15. ა) როგორ ექცევა იეჰოვა თავის ხალხს, მათ შორის გაჭირვებულებს? ბ) კიდევ რომელი შემთხვევებიდან ჩანს, რომ იეჰოვა მიუკერძოებელია?

      15 რამხელა სიკეთე და რაოდენ დიდი მიუკერძოებლობა გამოსჭვიოდა იეჰოვას ამ გადაწყვეტილებიდან! იეჰოვა გაჭირვებაში მყოფ ამ დებს ისევე ღირსეულად მოექცა, როგორც სხვა ებრაელებს, რომლებიც შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ (ფსალმ. 68:5). ეს ერთ-ერთია იმ უამრავი ბიბლიური შემთხვევიდან, რომელიც იმედის მომგვრელ და სულის მაამებელ ჭეშმარიტებას ამტკიცებს: იეჰოვა აბსოლუტურად მიუკერძოებელია ყველა თავისი მსახურის მიმართ (1 სამ. 16:1—13; საქ. 10:30—35, 44—48).

      შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას

      16. როგორ გავხდეთ მიუკერძოებლები და როგორ დავხვეწოთ ჩვენში ეს თვისება?

      16 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას მიუკერძოებლობაში? გახსოვდეთ, მიუკერძოებლად იმ შემთხვევაში მოვიქცევით, თუ შინაგანად ვიქნებით ასეთი პიროვნებები. ცხადია, ყველას გვინდა, რომ მიუკერძოებელ და ობიექტურ ადამიანად გვიცნობდნენ. თუმცა, ალბათ, ძნელია საკუთარი თავის ყოველთვის ობიექტურად შეფასება. მაგრამ დავუშვათ, დააკვირდით თქვენს თავს და აღმოაჩინეთ, რომ არა ხართ მიკერძოებული, რა შეგიძლიათ, მიუხედავად ამისა, გააკეთოთ? ერთხელ, როცა იესო დაინტერესდა, რას ფიქრობდა ხალხი მასზე, სანდო მეგობრებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“ (მათ. 16:13, 14). შეიძლება აქედან რამის სწავლა? თქვენც შეგიძლიათ ჰკითხოთ მეგობარს, რას ფიქრობს, მიკერძოებული ადამიანის რეპუტაცია ხომ არ გაქვთ? როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გეტყვით, რომ თქვენში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს თვისება და ზოგჯერ მიკერძოებას ავლენთ რომელიმე ეროვნების, სოციალური ფენის ან შეძლებული ადამიანების მიმართ? გულწრფელად ესაუბრეთ იეჰოვას თქვენს გრძნობებზე, ევედრეთ, რომ დაგეხმაროთ თვალსაზრისის შეცვლაში, რათა სრულად აირეკლოთ მისი ეს უნიკალური თვისება (მათ. 7:7; კოლ. 3:10, 11).

      17. როგორ გამოვავლინოთ მიუკერძოებლობა?

      17 მთელი გულით გვსურს, მივბაძოთ იეჰოვას, გამოვავლინოთ ეს ძვირფასი თვისება და კრებაში და-ძმებს ღირსეულად და კეთილად მოვექცეთ. როცა საქმე სტუმართმოყვარეობის გამოვლენაზე მიდგება, არავის ვარჩევთ, სიამოვნებით ვეპატიჟებით იმ და-ძმებს, რომელთაც ჩვენგან განსხვავებული წარსული აქვთ; ამ დროს არც გაჭირვებულები, ობლები და ქვრივები გვრჩება მხედველობიდან (წაიკითხეთ გალატელების 2:10; იაკობის 1:27 ). გარდა ამისა, სასიხარულო ცნობას ყველასთან ვქადაგებთ, განურჩევლად ერისა და ფერისა. გვახარებს ისიც, რომ ბიბლიური ლიტერატურა დაახლოებით 600 ენაზე ითარგმნება. ნუთუ ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ ნამდვილად მიუკერძოებლები ვართ?!

      18. პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ აფასებთ იეჰოვას ამ ორ უძვირფასეს თვისებას, უშუალობას და მიუკერძოებლობას?

      18 მოდი, დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რამდენად უშუალო და მიუკერძოებელია იეჰოვა! ასე უფრო მეტად დავაფასებთ ჩვენს ღმერთს და უფრო გაგვიძლიერდება სურვილი, მივბაძოთ მას და გამოვავლინოთ ეს თვისებები, როგორც ჩვენს თანამორწმუნეებთან, ისე მათთან, ვისაც ვუქადაგებთ.

      „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმ. 145:18) (იხილეთ მე-9 აბზაცი)

      „იეჰოვა, თქვენი ღმერთი . . . არ იქცევა მიკერძოებით“ (კან. 10:17). (იხილეთ მე-17 აბზაცი)

  • დააფასეთ იეჰოვას ხელგაშლილობა და გონიერება
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივნისი
    • დააფასეთ იეჰოვას ხელგაშლილობა და გონიერება

      „კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9).

      როგორ ახსნით?

      • იეჰოვას რომელი ორი თვისება უნდა დავაფასოთ კიდევ უფრო მეტად?

      • როგორ მივბაძოთ იეჰოვას ხელგაშლილობაში?

      • როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას გონიერებაში?

      1, 2. რა შესაძლებლობა აქვთ იეჰოვას მეგობრებს?

      „თითქმის 35 წელია, დაქორწინებულები ვართ. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. თუმცა დღემდე ერთმანეთის შესახებ ისეთ რამეს ვიგებთ ხოლმე, რაც აქამდე არ ვიცოდით“, — ამბობს ერთი ქრისტიანი და. უდავოა, ამ სიტყვებს უამრავი დაქორწინებული წყვილი ეთანხმება. ფაქტობრივად, ასეა ჩვეულებრივ მეგობრობაშიც.

      2 როცა ვინმე გვიყვარს, ძალიან გვსიამოვნებს მისი უკეთ გაცნობა და მასთან მეგობრობა. თუმცა ყველა მეგობრულ კავშირზე მაღლა ღმერთთან მეგობრობა დგას. უნდა ითქვას ისიც, რომ იეჰოვას ბოლომდე ვერასოდეს გავიცნობთ (რომ. 11:33). მთელი მარადიულობის განმავლობაში უფრო მეტად და მეტად გავეცნობით იეჰოვას თვისებებს და დავაფასებთ მათ (ეკლ. 3:11).

      3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      3 წინა სტატიის განხილვის შემდეგ უფრო მეტად დავაფასეთ იეჰოვას ორი ძვირფასი თვისება — უშუალობა და მიუკერძოებლობა. ამ სტატიაში განვიხილავთ იეჰოვას სხვა ორ თვისებას: ხელგაშლილობას და გონიერებას. შედეგად, უფრო უკეთ გავიგებთ, რომ „კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9).

      იეჰოვა ხელგაშლილია

      4. რას ნიშნავს ნამდვილი ხელგაშლილობა?

      4 რას ნიშნავს ხელგაშლილობა? ამ კითხვაზე პასუხს გვცემს იესოს სიტყვები, რომელიც საქმეების 20:35-შია ჩაწერილი: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“. ამ მარტივი განაცხადით იესომ ნათლად გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ხელგაშლილობა. ხელგაშლილი ადამიანი თავის დროს, ენერგიასა და მატერიალურ სახსრებს სხვებისთვის გასცემს და ამას სიხარულით აკეთებს. სინამდვილეში, ხელგაშლილობას საჩუქრის ღირებულება კი არ განსაზღვრავს, არამედ მოტივები (წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:7 ). ხელგაშლილობაში ბადალი არ მოეპოვება ჩვენს ბედნიერ ღმერთს, იეჰოვას (1 ტიმ. 1:11).

      5. როგორ ავლენს იეჰოვა ხელგაშლილობას?

      5 როგორ ავლენს იეჰოვა ხელგაშლილობას? ის ზრუნავს ყველაზე, მათზეც კი, ვინც ჯერ არ არის მისი თაყვანისმცემელი. მართლაც, „კარგია იეჰოვა ყველასთვის“. ღმერთს „მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:45). ამიტომ პავლეს, მათთან საუბრისას, ვინც ღვთის თაყვანისმცემელი არ იყო, შეეძლო ეთქვა: „[იეჰოვა] გაძლევდათ წვიმას ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქ. 14:17). ნამდვილად, იეჰოვა ხელგაშლილობას ავლენს ყველას მიმართ! (ლუკ. 6:35).

      6, 7. ა) ვისზე ზრუნვა ჰგვრის იეჰოვას განსაკუთრებულ სიამოვნებას? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებზე.

      6 იეჰოვას განსაკუთრებულ სიამოვნებას თავის ერთგულ თაყვანისმცემლებზე ზრუნვა ჰგვრის. მეფე დავითმა თქვა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმ. 37:25). ბევრმა ერთგულმა ქრისტიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას მზრუნველი ხელი. ვნახოთ ერთი შემთხვევა.

      7 ერთხელ ერთი ჩვენი და ნენსი, რომელიც სრული დროით მსახურობს, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა წლების წინ მოხდა. ის გვიყვება: „მომდევნო დღეს ბინის ქირა მქონდა გადასახდელი და 66 დოლარი მჭირდებოდა. არ ვიცოდი, საიდან უნდა მომეტანა ეს ფული. ვილოცე და სამსახურში წავედი. რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი. იმ საღამოს იმედი არ მქონდა, რომ კლიენტებისგან რაიმე თანხას მივიღებდი, ვინაიდან კვირის ამ დღეს ძალიან ცოტა სტუმრობდა ჩვენს რესტორანს. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, იმ დღეს რესტორანში მოსალოდნელზე მეტი კლიენტი შემოვიდა. როცა ცვლა დავასრულე და კლიენტების დატოვებული თანხა დავითვალე, აღმოჩნდა, რომ ზუსტად 66 დოლარი მქონდა“. ნენსი დარწმუნებულია, რომ ხელგაშლილმა ღმერთმა მასზე იზრუნა და იმდენი მისცა, რამდენიც სჭირდებოდა (მათ. 6:33).

      8. რა არის იეჰოვას ხელგაშლილობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი?

      8 რა არის იეჰოვას ხელგაშლილობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი? ეს არის მისი ძის მიერ მთელი კაცობრიობისთვის გაღებული გამოსასყიდი. იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). ამ მუხლში მოხსენიებულ სიტყვაში „ქვეყნიერება“ კაცობრიობა იგულისხმება. დიახ, დღეს ყველა, ვინც იღებს იეჰოვას ხელგაშლილობის ამ ყველაზე დიდ საჩუქარს, სარგებლობს კიდეც მისით. ისინი, ვინც რწმენას ავლენენ იესოსადმი, უსასრულო, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (იოან. 10:10). მართლაც, ეს ძღვენი ღვთის უდიდეს ხელგაშლილობაზე მეტყველებს!

      მიჰბაძეთ იეჰოვას ხელგაშლილობაში

      ებრაელებს მოუწოდებდნენ, რომ მიებაძათ იეჰოვასთვის და ყოფილიყვნენ ხელგაშლილები (იხილეთ მე-9 აბზაცი)

      9. როგორ მივბაძოთ იეჰოვას ხელგაშლილობაში?

      9 როგორ მივბაძოთ იეჰოვას ხელგაშლილობაში? ღმერთი „ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“, ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ გამზიარებლები და ამგვარად ხელი შევუწყოთ სხვების სიხარულს (1 ტიმ. 6:17—19). სიხარულით ვჩუქნით საჩუქრებს ჩვენს საყვარელ ადამიანებს და ვეხმარებით გაჭირვებულებს (წაიკითხეთ კანონის 15:7 ). რა დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ხელგაშლილები ვიყოთ? ხელგაშლილი ადამიანისთვის სხვების მხრიდან მიღებული საჩუქარი ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ თავადაც გაუკეთოს სხვებს საჩუქრები. საბედნიეროდ, დღეს ქრისტიანულ კრებებში უამრავი გულუხვი და-ძმა მსახურობს.

      10. როგორ უნდა აჩვენოს ადამიანმა, რომ ხელგაშლილია სხვების მიმართ?

      10 თუ ვინმეს სურს, იყოს ხელგაშლილი, მან ეს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა დაამტკიცოს. ამას მაშინ შევძლებთ, თუ ჩვენს დროსა და ენერგიას სხვების დასახმარებლად და გასამხნევებლად გამოვიყენებთ (გალ. 6:10). იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად კარგად ვართმევთ ამ საქმეს თავს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ასეთი კითხვები: ხედავენ სხვები, რომ ყოველთვის მზად ვარ მათ დასახმარებლად და მათი გულისტკივილის მოსასმენად? ყოველთვის უარით ხომ არ ვისტუმრებ მათ, ვინც რაიმეს გაკეთებას მთხოვს ან რაიმეს მოსატანად სადმე მგზავნის? ბოლოს როდის შევაქე გულწრფელად ჩემი ოჯახის წევრი ან თანაქრისტიანი? როცა გავცემთ, ვგრძნობთ, რომ უფრო მეტად ვუახლოვდებით, როგორც იეჰოვას, ისე ჩვენს მეგობრებს (ლუკ. 6:38; იგავ. 19:17).

      11. როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ ხელგაშლილები ხართ იეჰოვას მიმართ?

      11 ჩვენ ასევე შეგვიძლია ხელგაშლილები ვიყოთ იეჰოვას მიმართ. წმინდა წერილები მოგვიწოდებს: „პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან“ (იგავ. 3:9). სიტყვაში „ქონება“ იგულისხმება ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები, რომელიც შეგვიძლია მსახურებისთვის გავიღოთ. იეჰოვას მიმართ ხელგაშლილობის გამოვლენა პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ. ერთი ქრისტიანი მამა ამბობს: „ჩვენ შესაწირავისთვის განკუთვნილ ფულს ბავშვებს ვაძლევთ სამეფო დარბაზში შესაწირავის ყუთში ჩასაგდებად. მათ ეს ძალიან უხარიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ასე იეჰოვას რაღაცას აძლევენ“. ბავშვები, რომლებიც პატარაობიდანვე სიხარულით გასცემენ იეჰოვასთვის, მთელი ცხოვრება ხელგაშლილები იქნებიან (იგავ. 22:6).

      იეჰოვა გონიერია

      12. რას ნიშნავს გონიერება?

      12 იეჰოვას სხვა ფასდაუდებელ თვისებებს შორის ერთ-ერთია გონიერება ანუ კეთილგონიერება. რას ნიშნავს გონიერება? „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დედნისეული ენიდან ნათარგმნი სიტყვები „გონიერება“ და კეთილგონიერება“ სიტყვასიტყვით „დათმობას“ ნიშნავს (ტიტ. 3:1, 2). გონიერი ადამიანი ფანატიკურად არ იცავს კანონებს, ის არ არის მკაცრი და უკმეხი. პირიქით, სხვებს რბილად და თავაზიანად ეპყრობა და ითვალისწინებს მათ მდგომარეობას. გონიერი ადამიანი ყოველთვის მზად არის სხვების მოსასმენად, არ უჭირს დათმობაზე წასვლა და სხვების ინტერესების საკუთარზე მაღლა დაყენება.

      13, 14. ა) როგორ ავლენს იეჰოვა გონიერებას? ბ) რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ლოტის შემთხვევიდან?

      13 როგორ ავლენს იეჰოვა გონიერებას? ღმერთი მხედველობაში იღებს თავის მსახურთა გრძნობებს და ხშირად ითვალისწინებს მათ სურვილებს. მაგალითისთვის განვიხილოთ, როგორ მოექცა იეჰოვა მართალ კაცს ლოტს. როდესაც ღმერთმა სოდომისა და გომორას განადგურება გადაწყვიტა, ლოტს უთხრა, რომ მთებში გაქცეულიყო. მაგრამ ლოტმა, გარკვეული მიზეზების გამო, იეჰოვას სთხოვა, სხვაგან გაქცევის უფლება მიეცა. წარმოიდგინეთ, ლოტმა ღმერთს მითითების შეცვლა სთხოვა! (წაიკითხეთ დაბადების 19:17—20).

      14 შეიძლება ვინმემ ადვილად განსაჯოს ლოტი და თქვას, რომ ის სუსტი და ურჩი ადამიანი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იეჰოვას შეეძლო ლოტის გადარჩენა და მას შიშის საფუძველი საერთოდ არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ლოტმა შიში მაინც ვერ დასძლია. ამიტომ იეჰოვამ გაითვალისწინა მისი გრძნობები და დათმობაზე წავიდა; ნება დართო, გაქცეულიყო იმ ქალაქში, რომლის განადგურებასაც აპირებდა (წაიკითხეთ დაბადების 19:21, 22). როგორც ამ შემთხვევიდან დავინახეთ, იეჰოვა არც სასტიკი და არც ზედმეტად მკაცრია; ის დამთმობი და გონიერია.

      15, 16. როგორ ირეკლავს მოსეს კანონი იეჰოვას გონიერებას? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)

      15 იეჰოვას გონიერება შესანიშნავად გამოჩნდა მოსეს კანონიდანაც. თუ ისრაელში ვინმე იმდენად გაჭირვებული იყო, რომ ხელი არ მიუწვდებოდა ცხვარზე ან თხაზე, მას შეეძლო შეეწირა ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა მას, ვისაც ამის საშუალებაც არ ჰქონდა? ამ შემთხვევაში იეჰოვა გაჭირვებაში მყოფს ნებას რთავდა, ცოტაოდენი ფქვილი შეეწირა. თუმცა ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს: ღარიბს ნებისმიერი ფქვილი კი არ უნდა შეეწირა ღვთისთვის, არამედ „წმინდად დაფქული“, რომლითაც საპატიო სტუმარს უმასპინძლდებოდნენ (დაბ. 18:6). რატომ არის ეს დეტალი მნიშვნელოვანი? (წაიკითხეთ ლევიანების 5:7, 11 ).

      16 წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ისრაელში და ძალიან გიჭირთ. მიდიხართ კარავში და შესაწირავად მიგაქვთ ცოტაოდენი ფქვილი. ამ დროს ხედავთ, რომ შეძლებული ებრაელები პირუტყვს სწირავენ. შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოთ იმის გამო, რომ მათ ფონზე თქვენი შესაწირავი უმნიშვნელოა. შემდეგ გახსენდებათ, რომ იეჰოვას თვალში თქვენი შესაწირავი ძალიან ძვირფასია. რატომ არის თქვენი შესაწირავი ღვთისთვის ასე ძვირფასი? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იეჰოვა საუკეთესო ხარისხის ფქვილის შეწირვას ითხოვს. ფაქტობრივად, ამით იეჰოვა გაჭირვებულ ებრაელებს ეუბნება: „ვიცი, რომ იმდენის შეწირვა არ შეგიძლია, რამდენსაც სხვები მწირავენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ საუკეთესოს მწირავ“. მართლაც, იეჰოვა ძალიან გონიერია; ის ყოველთვის ითვალისწინებს თავის მსახურთა მდგომარეობასა და მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს (ფსალმ. 103:14).

      17. რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული?

      17 ნუგეშს გვგვრის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გონიერი ღმერთია და სულითა და გულით შესრულებული ჩვენი მსახურება ყველანაირად მისაღებია მისთვის (კოლ. 3:23). ერთი ასაკოვანი იტალიელი და კონსტანცია ამბობს: „ყველაზე მეტად მიყვარს, როცა სხვებს ჩვენს შემოქმედზე ვესაუბრები. ამიტომ არ ვწყვეტ ქადაგებას და ბიბლიის შესწავლების ჩატარებას. თუმცა ზოგჯერ გული მწყდება, რომ ცუდი ჯანმრთელობის გამო მეტს ვეღარ ვაკეთებ. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვა ხედავს ჩემს მდგომარეობას, ვუყვარვარ და აფასებს იმას, რასაც ვაკეთებ“.

      მიჰბაძეთ იეჰოვას გონიერებაში

      18. როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ იეჰოვას?

      18 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას გონიერებაში? კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, როგორ მოექცა იეჰოვა ლოტს. ღმერთს ყველაზე მაღალი მდგომარეობა უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ყველაზე მაღალი მდგომარეობა უკავია, მან თავაზიანად მოუსმინა ლოტს, როცა ის თავის გრძნობებზე ესაუბრებოდა. იეჰოვამ გაითვალისწინა მისი თხოვნა. მშობლებო, შეგიძლიათ მიჰბაძოთ იეჰოვას? შეგიძლიათ მოუსმინოთ თქვენს შვილებს და, თუ არაფერი შავდება, გაითვალისწინოთ მათი მოთხოვნები? ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო 2007 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“. იქ წერია, რომ ზოგჯერ მშობლებმა შეიძლება შვილებთან ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ რა წესები იქნება ოჯახში დადგენილი ბავშვებისთვის. მაგალითად, მშობლებმა უნდა დაუდგინონ შვილებს კონკრეტული დრო, თუ როდის დაბრუნდნენ სახლში. თუმცა ქრისტიანმა მშობლებმა დადგენილ დროსთან დაკავშირებით შვილების აზრიც უნდა მოისმინონ. ზოგჯერ, თუ ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა, მშობლებმა შეიძლება დადგენილი დრო შეცვალონ. როცა ისინი წესების დადგენისას შვილების აზრს ითვალისწინებენ, ბავშვებს უფრო უადვილდებათ ამ წესების გათავისება და მშობლების მორჩილება.

      19. როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ იეჰოვას გონიერებაში?

      19 კრების უხუცესები ცდილობენ, მიჰბაძონ იეჰოვას გონიერებაში და ითვალისწინებენ თანამორწმუნეების მდგომარეობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იეჰოვასთვის გაჭირვებული ისრაელების შესაწირავებიც ძვირფასი იყო. დღესაც ზოგი და-ძმა სუსტი ჯანმრთელობისა თუ ხანდაზმულობის გამო ბევრს ვერ მსახურობს. ამის გამო მათ შეიძლება გული გაუტყდეთ. ამიტომ უხუცესებს შეუძლიათ გაამხნეონ ეს და-ძმები და აუხსნან, რომ იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასნი არიან, რადგან საუკეთესოს „სწირავენ“ (მარ. 12:41—44).

      20. ნიშნავს გონიერება ღვთისადმი მსახურებისგან თავის შეკავებას?

      20 რა თქმა უნდა, გონიერება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავს ზედმეტად გაუფრთხილდეს და ბოლომდე არ დაიხარჯოს ღვთისადმი მსახურებაში (მათ. 16:22). არ გვსურს, რომ „საქმე გავიიოლოთ“ და შემდეგ იმით ვიმართლოთ თავი, თითქოს გონივრულად ვიქცევით. პირიქით, სამეფო ინტერესების მხარდასაჭერად თავი არ უნდა დავზოგოთ! (ლუკ. 13:24). გაწონასწორებულად უნდა ვიცავდეთ ორ ბიბლიურ პრინციპს: ერთი მხრივ, ძალ-ღონეს არ უნდა ვიშურებდეთ ღვთისადმი მსახურებაში და მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია. იეჰოვას სიამოვნებს, როცა მას საუკეთესოს ვაძლევთ. მართლაც, რა დიდებულია, რომ ვემსახურებით ასეთ მადლიერ და გონიერ ღმერთს! მომდევნო სტატიაში განვიხილავთ იეჰოვას სხვა ორ ბრწყინვალე თვისებას (ფსალმ. 73:28).

      „პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან“ (იგავ. 3:9) (იხილეთ მე-11 აბზაცი)

      „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ“ (კოლ. 3:23) (იხილეთ მე-17 აბზაცი)

  • დააფასეთ იეჰოვას ერთგულება და მიმტევებლობა
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივნისი
    • დააფასეთ იეჰოვას ერთგულება და მიმტევებლობა

      „კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის; დიდია შენი სიკეთე მათ მიმართ, ვინც შენ გიხმობს“ (ფსალმ. 86:5).

      შეგიძლიათ ახსნათ?

      • როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას ერთგულების გამოვლენაში?

      • როგორ მივბაძოთ მიმტევებელ ღმერთს?

      • რატომ უნდა დავაფასოთ დღითი დღე უფრო მეტად იეჰოვას უნიკალური თვისებები?

      1, 2. ა) რატომ ვაფასებთ ერთგულ და მიმტევებელ მეგობრებს? ბ) რას განვიხილავთ?

      როგორ დაახასიათებდით ნამდვილ მეგობარს? „პირადად ჩემთვის, ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ყოველთვის მხარში მიდგას და ყოველთვის მპატიობს შეცდომებს“, — ამბობს ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ეშლი. ყველას გვსიამოვნებს იმ ადამიანთან მეგობრობა, ვინც ერთგულია და ვისაც არ უჭირს პატიება. მასთან თავს დაცულად ვგრძნობთ და აშკარად ვხედავთ, რომ ეს ადამიანი უდიდესი სიყვარულითაა განმსჭვალული ჩვენ მიმართ (იგავ. 17:17).

      2 არ არსებობს ქვეყნად იეჰოვაზე ერთგული და მიმტევებელი მეგობარი. სწორედ ეს აზრი აღნიშნა ფსალმუნების დამწერმა, როცა თქვა: „კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის; დიდია შენი სიკეთე [ანუ ერთგული სიყვარული] მათ მიმართ, ვინც შენ გიხმობს“ (ფსალმ. 86:5). რას ნიშნავს ერთგულება და მიმტევებლობა? როგორ ავლენს იეჰოვა ამ უძვირფასეს თვისებებს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას ამაში? ამ საკითხების განხილვა დაგვეხმარება, უფრო მეტად შევიყვაროთ ჩვენი საუკეთესო მეგობარი, იეჰოვა და გავიძლიეროთ მეგობრული კვანძები თანაქრისტიანებთან (1 იოან. 4:7, 8).

      იეჰოვა ერთგულია

      3. რას ნიშნავს ერთგულება?

      3 ერთგულება არის თბილი გრძნობა, რომელიც მოიცავს თავგანწირვას და ნდობას და გამორიცხავს ღალატს. ერთგული ადამიანი არ არის მერყევი. მას უყვარს ყოველთვის და ეს გრძნობა არ უნელდება არც ჭირში და არც ლხინში. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა ყველაზე ერთგული პიროვნებაა სამყაროში (გამოცხ. 16:5).

      4, 5. ა) როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას? ბ) როგორ გვაძლიერებს იეჰოვას ერთგულების მაჩვენებელ საქმეებზე ფიქრი?

      4 როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას? ის არასდროს ტოვებს, არასდროს ივიწყებს თავის ერთგულ თაყვანისმცემელს. მისმა ერთ-ერთმა მსახურმა მეფე დავითმა ღვთის ერთგულება საკუთარ თავზე გამოსცადა (წაიკითხეთ 2 სამუელის 22:26 ). გასაჭირში დავითს იეჰოვა ერთგულად ხელმძღვანელობდა, იცავდა და იხსნიდა (2 სამ. 22:1). მან იცოდა, რომ ღმერთი ერთგულებას თავის თაყვანისმცემელთა მიმართ საქმეებით ავლენდა. რატომ ერთგულობდა იეჰოვა მას? იმიტომ, რომ თავად დავითი იყო ერთგული მის მიმართ. დიახ ასეა, იეჰოვა თავს ევლება თავის ერთგულთ და ერთგულებითვე პასუხობს (იგავ. 2:6—8).

      5 ვძლიერდებით, როცა იეჰოვას ერთგულების მაჩვენებელ საქმეებზე ვფიქრობთ. „ძალა მემატება და ვმხნევდები, როცა ბიბლიაში დავითის შემთხვევებს ვკითხულობ, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა მას განსაცდელების დროს, — ამბობს ერთი ძმა, სახელად რიდი. — ღმერთი მაშინაც კი არ ტოვებდა დავითს, როცა ის მტრებს გაურბოდა, ღია ცის ქვეშ და ზოგჯერ გამოქვაბულში ათევდა ღამეებს. ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რა სიტუაციაშიც არ უნდა ვიყო და როგორ გამოუვალ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდით იქნება, თუ ვუერთგულებ მას“. ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენც იმავეს ფიქრობთ! (რომ. 8:38, 39).

      6. კიდევ როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას და რა სიკეთე მოაქვს ამას მისი თაყვანისმცემლებისთვის?

      6 კიდევ როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას? ის ყოველთვის ერთგულობს თავის პრინციპებს. „მე იგივე ვარ კაცის სიბერემდე“, — გვარწმუნებს თავად ღმერთი (ეს. 46:4). იეჰოვას გადაწყვეტილებები ყოველთვის ეყრდნობა სწორსა და არასწორთან დაკავშირებით მის ურყევ პრინციპებს (მალ. 3:6). გარდა ამისა, ის მუდამ თავისი დაპირებების ერთგულია (ეს. 55:11). როგორ მოაქვს იეჰოვას ერთგულებას სიკეთე მისი თაყვანისმცემლებისთვის? როდესაც ყველანაირად ვიცავთ მის მოთხოვნებს, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთი თავის დაპირებას უერთგულებს და გვაკურთხებს (ეს. 48:17, 18).

      მიჰბაძეთ იეჰოვას ერთგულების გამოვლენაში

      7. რომელია ის ერთ-ერთი მხარე, რაშიც შეგვიძლია ღმერთს მივბაძოთ ერთგულების გამოვლენაში?

      7 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს ერთგულების გამოვლენაში? ერთ-ერთი მხარე რთულ მდგომარეობაში მყოფთა მხარდაჭერა და გამხნევებაა (იგავ. 3:27). იცნობთ პირადად ისეთ თანაქრისტიანს, ვისაც ხალისი აქვს დაკარგული იმის გამო, რომ ცუდი ჯანმრთელობა აქვს, ოჯახის წევრები ეწინააღმდეგებიან ან რაიმე პირად სისუსტეს ებრძვის? მისწრება იქნებოდა მათთვის თქვენი „კარგი და მანუგეშებელი სიტყვები“ (ზაქ. 1:13).a ასეთი სახით თქვენზეც შესრულდება იგავებში ჩაწერილი სიტყვები, სადაც წერია, რომ ჭეშმარიტი „მეგობარი ძმაზე ახლობელია“ (იგავ. 18:24).

      8. როგორ შეუძლიათ დაქორწინებულ წყვილებს, მიჰბაძონ იეჰოვას ერთგულების გამოვლენაში?

      8 კიდევ ერთი, რითაც იეჰოვას ერთგულების გამოვლენაში მივბაძავთ, არის ის, რომ ვუერთგულებთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს. მაგალითად, დაქორწინებულებმა იციან, რომ ერთგულება მათ შემთხვევაში ძალზე აუცილებელი თვისებაა (იგავ. 5:15—18). ამიტომ ვერიდებით ყველაფერს, იმ მცირედსაც კი, რაც მრუშობამდე მიგვიყვანდა (მათ. 5:28). გარდა ამისა, ერთგულებას ვუმტკიცებთ ჩვენს თანაქრისტიანებს, როცა არ ვჭორავთ და ცილს არ ვწამებთ მათ, უარყოფითად არ ვსაუბრობთ სხვებზე და უფრო მეტიც, არ ვუსმენთ ასეთ საუბრებს (იგავ. 12:18).

      9, 10. ა) განსაკუთრებით ვის უნდა ვუერთგულოთ? ბ) რატომ არ არის ყოველთვის იოლი იეჰოვას მითითებების დაცვა?

      9 ყველაზე მეტად გვსურს, რომ იეჰოვას ვუერთგულოთ. თუ მაქსიმალურად ვეცდებით, საგნებსა და მოვლენებს მისი თვალით ვუყუროთ — შევიყვაროთ ის, რაც მას უყვარს და შევიძულოთ ის, რაც მას სძულს — იეჰოვას ნამდვილად დავუმტკიცებთ ერთგულებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10). რაც უფრო მეტად შევუსაბამებთ ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებს ღვთის ფიქრებსა და გრძნობებს, მით უფრო გაგვიძლიერდება სურვილი, დავემორჩილოთ მის მცნებებს (ფსალმ. 119:104).

      10 და მაინც, ყოველთვის იოლი არ არის ღვთის მითითებების დაცვა. ზოგჯერ შეიძლება დიდი ბრძოლის ფასად დაგვიჯდეს ერთგულების შენარჩუნება. მაგალითად, ასეთ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს და ან ძმა, რომელსაც დაქორწინება სურს და ვერ პოულობს თავისთვის შესაფერის მეუღლეს იეჰოვას თაყვანისმცემელთა შორის (1 კორ. 7:39). პირობითი სიტუაცია: გასათხოვარი და ხედავს, რომ მისი თანამშრომლები გამუდმებით ცდილობენ მისთვის ვიღაცის გარიგებას; და შესაძლოა მარტოობის გრძნობას ებრძვის, მაგრამ არაფრის დიდებით არ მიდის დათმობაზე და ყველანაირად ცდილობს, უერთგულოს იეჰოვას. ნამდვილად დასაფასებლები არიან ის და-ძმები, რომლებიც უმწიკვლობისა და ერთგულების ასეთ ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევენ! ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვა დააჯილდოებს ყველას, ვინც სიძნელეების მიუხედავად, ერთგულებას უმტკიცებს მას (ებრ. 11:6).

      „ზოგი მეგობარი . . . ძმაზე ახლობელია“ (იგავ. 18:24) (იხილეთ მე-7 აბზაცი)

      „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფეს. 4:32) (იხილეთ მე-16 აბზაცი)

      იეჰოვა მიმტევებელია

      11. რას ნიშნავს მიმტევებლობა?

      11 იეჰოვას უძვირფასეს თვისებათა შორის ერთ-ერთი მიმტევებლობაა. რას ნიშნავს მიმტევებლობა? ეს ნიშნავს, აპატიო მწყენინებელს, როცა ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. თუმცა ამ დროს მპატიებელი არც დანაშაულს იწყნარებს და არც მომხდარს უარყოფს. ის უბრალოდ ივიწყებს წყენას. წმინდა წერილები გვასწავლის, რომ იეჰოვა მზად არის აპატიოს მათ, ვინც სულითა და გულით ინანიებს (ფსალმ. 86:5).

      12. ა) როგორ ავლენს იეჰოვა მიმტევებლობას? ბ) რას ნიშნავს „ცოდვების წაშლა“?

      12 როგორ ავლენს იეჰოვა მიმტევებლობას? იეჰოვა „მრავლის მიმტევებელი“ ღმერთია და როცა პატიობს, პატიობს სრულად და სამუდამოდ (ეს. 55:7). რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა სრულად გვპატიობს? ამაში საქმეების 3:19 გვარწმუნებს (წაიკითხეთ). მოციქულმა პეტრემ მსმენელებს მოუწოდა: „მოინანიეთ და მობრუნდით“. როცა შემცოდველი გულწრფელად ინანიებს, ის მთელი არსებით ნანობს ჩადენილს. მას ამასთანავე გადაწყვეტილი აქვს, მეტად აღარ დაუშვას იგივე შეცდომა (2 კორ. 7:10, 11). უფრო მეტიც, ჭეშმარიტი მონანიება შემცოდველს აღძრავს, მობრუნდეს ანუ მიატოვოს არასწორი გზა და ღვთისმოსაწონად იცხოვროს. რა მოჰყვებოდა შედეგად პეტრეს მსმენელთა გულწრფელ მონანიებას? მოციქულმა თქვა, რომ მათი „ცოდვები წაიშლებოდა“. სიტყვა „წაშლა“ ბერძნული სიტყვიდან მოდის და პირდაპირი გაგებით სრულ განადგურებას და გაქრობას ნიშნავს. როდესაც იეჰოვა გვპატიობს, ის, ასე ვთქვათ, ჩვენთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან იწყებს; ის გვპატიობს სრულად (ებრ. 10:22; 1 იოან. 1:7).

      13. რაში გვარწმუნებს სიტყვები: „აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“?

      13 ის საიდანღა ვიცით, რომ იეჰოვა სამუდამოდ გვპატიობს? განვიხილოთ იერემიას წინასწარმეტყველება, რომელიც ცხებულ ქრისტიანებთან დადებულ ახალ შეთანხმებას ეხება და რომლის საფუძველზეც ეპატიება მათ, ვინც ირწმუნებს გამოსასყიდს (წაიკითხეთ იერემიას 31:34 ). იეჰოვა ამბობს: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“. ამგვარად, იეჰოვას სურს, ვიცოდეთ, რომ, როცა გვპატიობს შეცდომებს, ის მომავალში აღარ გაგვიხსენებს მათ. იეჰოვა არ იმახსოვრებს ჩვენს ცოდვებს იმისათვის, რომ დაგვადანაშაულოს და კვლავ და კვლავ დაგვსაჯოს. პირიქით, ღმერთი გვპატიობს ცოდვებს და მათ სამუდამოდ ივიწყებს (რომ. 4:7, 8).

      14. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ გვანუგეშებს იეჰოვას მიმტევებლობაზე ფიქრი.

      14 იეჰოვას მიმტევებლობაზე ფიქრი ნუგეშის მომგვრელია. განვიხილოთ ერთი მაგალითი. წლების წინ ერთი ჩვენი და კრებიდან გაირიცხა. მოდი, პირობითად მას ელინი დავარქვათ. რამდენიმე წლის წინ ის კვლავ იეჰოვას მოწმე გახდა. ელინი იხსენებს: „მჯეროდა და სხვებსაც ვესაუბრებოდი, რომ იეჰოვამ მაპატია ჩემი დანაშაული, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ღმერთი შორს იყო ჩემგან. ვფიქრობდი, რომ სხვები უფრო ახლოს იყვნენ მასთან და მათთვის ის უფრო რეალური პიროვნება იყო“. ელინს შინაგანი სიმშვიდე მოჰგვარა იმ ბიბლიური მონაკვეთების კითხვამ და მათზე ფიქრმა, რომლებშიც იეჰოვა მიმტევებელ ღმერთად არის აღწერილი. „ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი იეჰოვას სიყვარული და მისი სათუთი ხელი“, — ამბობს ის. ელინზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს ერთ-ერთ პუბლიკაციაში მოცემულმა აზრმა: „მას შემდეგ, რაც იეჰოვა გვაპატიებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მოგვიწევს ცოდვის ლაქის ტარება“.b ელინი ამბობს: „ერთ რამეს მივხვდი: თურმე არ მჯეროდა, რომ იეჰოვას შეეძლო სრულად ეპატიებინა ჩემთვის და მეგონა, მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა მეტარებინა ეს ტვირთი. ვიცი, დროა საჭირო, მაგრამ მე უკვე ვგრძნობ, რომ შემიძლია ღმერთთან დაახლოება და ის საშინელი ტვირთიც მომეხსნა“. ნუთუ არ გახარებთ ის ფაქტი, რომ ასეთ მოსიყვარულე და მრავლისმიმტევებელ ღმერთს ვემსახურებით?! (ფსალმ. 103:9).

      მიჰბაძეთ მიმტევებელ ღმერთს

      15. როგორ მივბაძოთ იეჰოვას მიმტევებლობაში?

      15 იეჰოვას ვბაძავთ მიმტევებლობაში, თუ ვპატიობთ ერთმანეთს, როცა ამის საფუძველი გვაქვს (წაიკითხეთ ლუკას 17:3, 4 ). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როცა იეჰოვა გვპატიობს შეცდომებს, ის აღარ გვიხსენებს მათ. ჩვენც, როცა სხვებს ვპატიობთ, უნდა დავივიწყოთ ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, უკან უნდა მოვიტოვოთ მათი შეცდომები და აღარასოდეს გავიხსენოთ მომავალში.

      16. ა) ნიშნავს პატიება იმას, რომ მსუბუქად ვუყურებთ ჩადენილ არასწორ საქციელს და უფლებას ვაძლევთ შემცოდველს, ბოროტად ისარგებლოს ჩვენი გულმოწყალებით? ბ) რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღმერთმა გვაპატიოს?

      16 პატიება არ ნიშნავს იმას, რომ ჩადენილ არასწორ საქციელს მსუბუქად ვუყურებთ და უფლებას ვაძლევთ შემცოდველს, ბოროტად ისარგებლოს ჩვენი გულმოწყალებით. რეალურად, ეს წყენის დავიწყებას ნიშნავს. ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან: თუ გვინდა, რომ ღმერთმა გვაპატიოს, უნდა მივბაძოთ მას და ჩვენც უნდა ვაპატიოთ სხვებს (მათ. 6:14, 15). კიდევ ერთი: იეჰოვა თანამგრძნობი ღმერთია და ახსოვს, თუ ვინა ვართ ჩვენ; ჩვენ ხომ სინამდვილეში „მტვერი ვართ“?! (ფსალმ. 103:14). ნამდვილად, თანაგრძნობამ ჩვენც უნდა აღგვძრას, რომ ყურადღება არ გავამახვილოთ სხვების შეცდომებზე და ვაპატიოთ მათ მთელი გულით (ეფეს. 4:32; კოლ. 3:13).

      როცა მწყენინებელზე ლოცულობთ, მთელი გულით ილოცეთ (იხილეთ მე-17 აბზაცი)

      17. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანმა გული გვატკინა?

      17 პატიება ყოველთვის ადვილი არ არის. როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში ზოგ ცხებულ ქრისტიანსაც უჭირდა უთანხმოებების მოგვარება (ფილ. 4:2). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანმა გული გვატკინა? მოდი, ვნახოთ იობის შემთხვევა. მას უდიდესი ემოციური ჭრილობა მიაყენეს ვითომ მეგობრებმა: ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა; უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი (იობ. 10:1; 19:2). იეჰოვამ შეაგონა ეს ცრუ ბრალმდებლები. ღმერთმა უთხრა მათ, რომ მისულიყვნენ იობთან და შეეწირათ მსხვერპლი ჩადენილი ცოდვებისთვის (იობ. 42:7—9). მაგრამ იეჰოვამ იობისგანაც მოითხოვა რაღაც. მან დაავალა იობს, ელოცა თავისი ცილისმწამებლებისთვის. იობი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ღმერთმა უთხრა და აპატია თავის ბრალმდებლებს დანაშაული; იეჰოვამაც აკურთხა ის ამის გამო (წაიკითხეთ იობის 42:10, 12, 16, 17 ). გაკვეთილი ჩვენთვის: როცა ვინმე გვაწყენინებს, გულწრფელად უნდა ვილოცოთ მათთვის, რათა წყენა გულში არ ჩავიტოვოთ.

      დაე, მუდამ დააფასეთ იეჰოვას თვისებები!

      18, 19. როგორ უნდა გავიღრმაოთ დღითი დღე იეჰოვას უნიკალური პიროვნებისადმი პატივისცემა?

      18 იეჰოვას სხვადასხვა თვისებაზე ღრმად დაფიქრებამ ნამდვილად შეგვმატა ძალა და გაგვამხნევა. ვისაუბრეთ მის ისეთ თვისებებზე, როგორებიცაა: უშუალობა, მიუკერძოებლობა, ხელგაშლილობა, გონიერება, ერთგულება და მიმტევებლობა. თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება სიხარულს მოგვგვრის მთელი მარადიულობის განმავლობაში (ეკლ. 3:11). როცა ვფიქრობთ ამ ჟურნალში განხილულ ექვს თვისებაზე და იეჰოვას სიყვარულზე, ძნელია, არ დავეთანხმოთ მოციქულ პავლეს სიტყვებს: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე!“ (რომ. 11:33).

      19 დაე, თითოეული ჩვენგანი დღითი დღე იღრმავებდეს იეჰოვას ძვირფასი პიროვნებისადმი პატივისცემას. ამას იმით მივაღწევთ, თუ გავიგებთ, რა თვისებები აქვს მას, ვიფიქრებთ მათზე და თავადაც ვეცდებით მათ შეძენას და გამოვლენას (ეფეს. 5:1). ამგვარად ჩვენც ფსალმუნმომღერალივით ვიტყვით: „ჩემთვის . . . კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმ. 73:28).

      a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1995 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია სათაურით „გაგიმხნევებიათ თუ არა ვინმე ამ ბოლო დროს?“ და 1995 წლის 1  ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია სახელწოდებით „წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისკენ — როგორ?“.

      b იხილეთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“, თავი 26, აბზაცი 10.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება