-
იეჰოვა წესრიგის ღმერთიასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 მაისი
-
-
4. რატომ არის ლოგიკური, რომ იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებსაც უწევს ორგანიზებას?
4 ღვთის ერთგული სულიერი ქმნილებების მსგავსად ფიზიკური სამყაროც არაჩვეულებრივად არის ორგანიზებული (ეს. 40:26). ამიტომ ლოგიკურია, რომ იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებსაც უწევს ორგანიზებას. ის მათგან წესრიგის დაცვას ითხოვს მრავალი და ძალზე მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად. როგორც ძველ დროში, ისე დღეს მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მსახურთა ისტორია უთუოდ ადასტურებს, რომ იეჰოვა მათთან არის და ის „უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:33, 40).
ძველ დროში ღმერთი ორგანიზებას უწევდა თავის ხალხს
5. რამ შეაფერხა დედამიწის დასასახლებლად ადამიანთა გეგმაზომიერი გამრავლება?
5 იეჰოვამ პირველ მამაკაცსა და ქალს უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბ. 1:28). ადამიანები თანდათანობით უნდა გამრავლებულიყვნენ, რათა დაესახლებინათ დედამიწა და სამოთხედ გადაექციათ. მაგრამ ეს ადამისა და ევას ურჩობის გამო დროებით შეფერხდა (დაბ. 3:1—6). გავიდა დრო და „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო . . . გაიხრწნა დედამიწა ჭეშმარიტი ღვთის თვალწინ და აივსო ძალადობით“. ამიტომ ღმერთმა უღვთოთა წარღვნით მოსპობა გადაწყვიტა (დაბ. 6:5, 11—13, 17).
6, 7. ა) რატომ იყო იეჰოვა ნოეს მიმართ კეთილგანწყობილი? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე) ბ) რა დაემართა ნოეს დროს მცხოვრებ ორგულ ადამიანებს?
6 „ნოემ კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში“, რადგან „მართალი კაცი იყო, მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო“. ვინაიდან ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“, იეჰოვამ მას უზარმაზარი კიდობნის აგება დაავალა (დაბ. 6:8, 9, 14—16). წარღვნის დროს ადამიანთა თუ ცხოველთა გადასარჩენად ის შესაფერისი ნაგებობა იყო. „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა“ და თავისი ოჯახის დახმარებით კიდობნის მშენებლობა დაასრულა. მას შემდეგ, რაც კიდობანში შემსვლელთაგან გარეთ აღარავინ დარჩა, „დაკეტა იეჰოვამ კარი“ (დაბ. 7:5, 16).
7 იეჰოვამ ძვ. წ. 2370 წელს წარღვნით აღგავა „ყოველი არსება მიწის პირიდან“, კიდობანში შესული ერთგული ნოე და მისი ოჯახი კი გადაარჩინა (დაბ. 7:23). დღეს დედამიწაზე მცხოვრებთაგან ყველა ნოესა და მისი ვაჟების შთამომავალია. კიდობნის გარეთ მყოფი ყველა უღვთო ადამიანი დაიღუპა, რადგან არ უსმენდნენ „სიმართლის მქადაგებელ ნოეს“ (2 პეტ. 2:5).
კარგი ორგანიზება დაეხმარა რვა ადამიანს, წარღვნის დროს გადარჩენილიყვნენ (იხილეთ მე-6 და მე-7 აბზაცები)
8. საიდან ჩანს, რომ ისრაელი კარგად ორგანიზებული იყო, როცა ღმერთმა მითითებები მისცა ქანაანში შესასვლელად?
8 წარღვნიდან 800-ზე მეტი წლის შემდეგ ღმერთმა ისრაელები ერად ჩამოაყალიბა. მათ ცხოვრების ყველა სფეროში მოეთხოვებოდათ წესრიგის დაცვა, განსაკუთრებით თაყვანისმცემლობის საკითხებში. მაგალითად, მღვდლებისა და ლევიანების გარდა, „კარვის შესასვლელთან მოწესრიგებულად მომსახურე ქალებიც“ დაინიშნენ (გამ. 38:8). იეჰოვა ღმერთმა მითითებები მისცა ისრაელებს ქანაანში შესასვლელად, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს. ამიტომ ამ ორგულ თაობას მან უთხრა: „ვერ შეხვალთ იმ მიწაზე, რომელზეც ხელი ავწიე და დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა“, რომლებმაც აღთქმული მიწის დაზვერვის შემდეგ კარგი ამბავი მიუტანეს ხალხს (რიცხ. 14:30, 37, 38). მოგვიანებით მოსემ ღვთის მითითებისამებრ იესო ნავეს ძე ხალხის წინამძღოლად დანიშნა (რიცხ. 27:18—23). როცა იესო ნავეს ძეს ისრაელი ქანაანის მიწაზე უნდა შეეყვანა, ღმერთმა უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა“ (იეს. 1:9).
9. რა დამოკიდებულება ჰქონდა რახაბს იეჰოვასა და მისი ხალხის მიმართ?
9 მართლაც, სადაც არ უნდა წასულიყო იესო ნავეს ძე, იეჰოვა ღმერთი ყოველთვის მასთან იყო. ასე იყო ძვ. წ. 1473 წელსაც, როცა ისრაელი ქანაანის ქალაქ იერიხონთან იყო დაბანაკებული. იესო ნავეს ძემ ორი კაცი გაგზავნა იერიხონის დასაზვერად, რომლებიც მეძავი რახაბის სახლში დარჩნენ. მზვერავები იერიხონის მეფის ხალხს რომ არ შეეპყრო, რახაბმა ისინი თავისი სახლის ბანზე დამალა და უთხრა: „ვიცი, რომ მოგცემთ იეჰოვა ამ მიწას . . . გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვის წყალი თქვენ თვალწინ . . . და რა უყავით ამორეველების ორ მეფეს . . . იეჰოვა, თქვენი ღმერთი ცისა და მიწის ღმერთია“ (იეს. 2:9—11). ვინაიდან რახაბმა მხარი დაუჭირა იეჰოვას ხალხს, იეჰოვამ იზრუნა, რომ იერიხონის აღების დროს ის თავის სახლეულობასთან ერთად გადარჩენილიყო (იეს. 6:25). რახაბმა რწმენა და იეჰოვასადმი მოწიწება გამოავლინა. თავისი დამოკიდებულებით მან ცხადყო, რომ პატივს სცემდა იეჰოვას ხალხს.
პირველი საუკუნის კარგად ორგანიზებული და აქტიური კრება
10. რა უთხრა იესომ იუდეველთა რელიგიურ წინამძღოლებს და რატომ?
10 იესო ნავეს ძის წინამძღოლობით ისრაელებმა თანდათანობით აიღეს ქანაანელთა ქალაქები და მათ მიწაზე დასახლდნენ. მაგრამ მოგვიანებით მათ ჩვევად ექცათ ღვთის კანონის დარღვევა. ღვთის ძის დედამიწაზე გამოგზავნის დროს ისრაელს ღვთისადმი ურჩი ერის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული, რადგან არ უსმენდა ღვთის წარმომადგენლებს. ამიტომ უწოდა იესომ იერუსალიმს „წინასწარმეტყველთა დამხოცველი“ (წაიკითხეთ მათეს 23:37, 38). ღმერთმა ორგულობის გამო უარყო იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები, რომელთაც იესომ უთხრა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 21:43).
11, 12. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვამ პირველ საუკუნეში ისრაელი ერის ნაცვლად სხვა ჯგუფი აკურთხა? ბ) ვისგან შედგებოდა ახალჩამოყალიბებული ორგანიზაცია?
11 ახ. წ. პირველ საუკუნეში იეჰოვამ უარყო ორგული ისრაელი. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ დედამიწაზე მას აღარ ექნებოდა ერთგული მსახურებისგან შემდგარი ორგანიზაცია. ისრაელის ნაცვლად, იეჰოვამ აკურთხა ქრისტიანთა კარგად ორგანიზებული და აქტიური ჯგუფი, რომელიც ზედმიწევნით მიჰყვებოდა იესო ქრისტესა და მის სწავლებებს. ეს ჯგუფი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩამოყალიბდა. იმ დროს იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იერუსალიმში იყო შეკრებილი, როცა „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ“. შემდეგ „მათ თითქოს ცეცხლის ენები დაინახეს, რომლებიც სათითაოდ დაეშვა თითოეულ მათგანზე. აღივსო ყველა წმინდა სულით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, როგორც სული ალაპარაკებდა მათ“ (საქ. 2:1—4). ამ გასაოცარმა მოვლენამ ცხადი გახადა, რომ იესოს მოწაფეებისგან შემდგარ ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას იეჰოვა ედგა მხარში.
12 იმ ღირსშესანიშნავ დღეს იესოს მიმდევართა რიცხვს „დაახლოებით სამი ათასი სული შეემატა“. ამასთან, „იეჰოვა ყოველდღე მატებდა მათ გადარჩენილებს“ (საქ. 2:41, 47). პირველი საუკუნის მქადაგებელთა საქმიანობა იმდენად წარმატებული იყო, რომ „ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა. რწმენას უამრავი მღვდელიც იღებდა“ (საქ. 6:7). ამ ახალი ორგანიზაციის წევრების გაცხადებულ ჭეშმარიტებას ბევრი გულწრფელი ადამიანი ეხმაურებოდა. მოგვიანებით იეჰოვამ პირველ გაქრისტიანებულ უცხოტომელებსაც მისცა წმინდა სული, რითაც კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქრისტიანულ კრებას (წაიკითხეთ საქმეების 10:44, 45).
13. რა ევალებოდა ღვთის ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას?
13 ქრისტეს მიმდევრებმა კარგად იცოდნენ, რის გაკეთებას მოითხოვდა ღმერთი მათგან. იესომ ნათლობიდან მალევე დაიწყო ზეციერი სამეფოს შესახებ ქადაგება, რითაც მაგალითი მისცა მათ (მათ. 4:17). ქადაგება მან თავის მოწაფეებსაც ასწავლა, ბოლოს კი უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ქრისტეს პირველ მიმდევრებს ნათლად ესმოდათ თავიანთი დავალება, რაც კარგად ჩანს იმ სიტყვებიდან, რომლებიც პავლემ და ბარნაბამ პისიდიის ანტიოქიაში განუცხადეს იუდეველ მოწინააღმდეგეებს: «ღვთის სიტყვა პირველად თქვენ უნდა გაგეგოთ, მაგრამ, რადგან უარყოფთ მას და საკუთარ თავს მარადიული სიცოცხლის ღირსად არ თვლით, ჩვენ უცხოტომელებთან მივდივართ. იეჰოვამ ასეთი მცნებაც დაგვიდო: „დაგნიშნე ერების სინათლედ, რომ მხსნელი იყო დედამიწის კიდით-კიდემდე“» (საქ. 13:14, 45—47). პირველი საუკუნიდან მოყოლებული ღვთის ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი აცხადებს, რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად.
მრავალთა განადგურებისას ღვთის მსახურთა გადარჩენა
14. რა დაემართა იერუსალიმს პირველ საუკუნეში და ვინ გადარჩა?
14 იუდეველთა უმეტესობა არ გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას, რის გამოც მათი განადგურება გარდაუვალი იყო. იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ მასში“ (ლუკ. 21:20, 21). იესოს სიტყვები შესრულდა. იუდეველთა აჯანყების გამო ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით იერუსალიმს ალყა შემოარტყა. თუმცა მათ უეცრად მოხსნეს ალყა, რამაც იესოს მიმდევრებს იერუსალიმიდან და იუდეადან გაქცევის შესაძლებლობა მისცა. ისტორიკოს ევსები კესარიელის სიტყვების თანახმად, ბევრმა იორდანეს გაღმა პერეაში ქალაქ პელას შეაფარა თავი. ახ. წ. 70 წელს რომის ჯარი გენერალ ტიტუსის ხელმძღვანელობით დაბრუნდა და მიწასთან გაასწორა იერუსალიმი. თუმცა ერთგული ქრისტიანები გადარჩნენ, რადგან ყურად იღეს იესოს გაფრთხილება.
15. რამ ვერ შეუშალა ხელი ქრისტიანული კრების სულიერ კეთილდღეობას?
15 გაჭირვების, დევნისა და რწმენის სხვა გამოცდების მიუხედავად, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება იზრდებოდა და სულიერად მტკიცდებოდა (საქ. 11:19—21; 19:1, 19, 20). ადრინდელი ქრისტიანები წინ მიიწევდნენ სულიერად, რადგან ღმერთი კურთხევებს არ აკლებდა მათ (იგავ. 10:22).
16. რა მოეთხოვებოდა თითოეულ ქრისტიანს სულიერი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად?
16 თითოეულ ქრისტიანს ძალისხმევა არ უნდა დაეშურებინა, რომ სულიერად ძლიერი ყოფილიყო. მნიშვნელოვანი იყო, მათ გულდასმით შეესწავლათ წმინდა წერილები, რეგულარულად დასწრებოდნენ კრების შეხვედრებს და აქტიურად ექადაგათ სამეფოს შესახებ. ყოველივე ეს ხელს უწყობდა იეჰოვას ხალხის სულიერ კეთილდღეობასა და ერთიანობას და ეს დღესაც ასეა. პირველი საუკუნის კარგად ორგანიზებული კრებებისთვის დიდ კურთხევას წარმოადგენდნენ ზედამხედველები და მომსახურეები, რომლებიც ხალისით ზრუნავდნენ კრების წევრებზე (ფილ. 1:1; 1 პეტ. 5:1—4). მათ ძალიან გაამხნევებდა პავლეს ან სხვა მიმომსვლელი ზედამხედველების მონახულება (საქ. 15:36, 40, 41). ჩვენსა და პირველი საუკუნის ქრისტიანების თაყვანისმცემლობას შორის დიდი მსგავსებაა. მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა დღესაც ისევე უწევს ორგანიზებას თავის მსახურებს, როგორც პირველ საუკუნეში!a
17. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
17 რაც მეტად უახლოვდება სატანის ქვეყნიერება თავის აღსასრულს, მით სწრაფად მიიწევს წინ ღვთის ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი. მივყვებით ფეხდაფეხ მას და ვიზრდებით სულიერად? მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
a იხილეთ 2002 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ სტატიები: „ქრისტიანები თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით“ და „ერთგული ქრისტიანები ჭეშმარიტებით დადიან“. ღვთის ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის საქმიანობა დაწვრილებით განიხილება წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“.
-
-
მიიწევთ წინ იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად?საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 მაისი
-
-
მიიწევთ წინ იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად?
„იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი“ (1 პეტ. 3:12).
1. ვინ აირჩია ღმერთმა თავისი სახელით წოდებულ ხალხად განდგომილი ისრაელი ერის ნაცვლად? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ჩამოყალიბება და გასულ საუკუნეში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღორძინება იეჰოვას წყალობით მოხდა. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ერთ დროს ღვთის რჩეული ისრაელი ერი განუდგა ღმერთს, რის გამოც მან თავისი სახელით წოდებულ ხალხად ქრისტეს პირველი მიმდევრებისგან შემდგარი ორგანიზაცია აირჩია. ეს ახლად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელსაც ღმერთი სწყალობდა, ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებას გადაურჩა (ლუკ. 21:20, 21). იმ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა ელის იეჰოვას თანამედროვე მსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ სატანის ქვეყნიერებას მალე მოეღება ბოლო, ღვთის ორგანიზაცია არსებობას არ შეწყვეტს (2 ტიმ. 3:1). რა გვარწმუნებს ამაში?
2. რა თქვა იესომ „დიდი გასაჭირის“ შესახებ და რით დაიწყება ის?
2 იესო ქრისტემ თავის უხილავ მოსვლასთან და ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებით თქვა: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათ. 24:3, 21). ეს არნახული გასაჭირი მაშინ დაიწყება, როცა იეჰოვა პოლიტიკური ძალების მეშვეობით გაანადგურებს დიდ ბაბილონს, ცრურელიგიურ სამყაროს (გამოცხ. 17:3—5, 16). რა მოხდება შემდეგ?
ღვთის ხალხზე სატანის თავდასხმას არმაგედონი მოჰყვება
3. ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ, რა საშიშროება დაემუქრება იეჰოვას ხალხს?
3 ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ სატანა და მისი ქვეყნიერება იერიშს მიიტანენ იეჰოვას მსახურებზე. „გოგზე, რომელიც მაგოგის მიწიდანაა“, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „გამოხვალ, ქარიშხალივით მოხვალ. ღრუბლებივით დაფარავთ მიწას შენ, შენი რაზმები და შენთან ერთად მყოფი მრავალი ხალხი“. იეჰოვას მოწმეები დედამიწაზე ყველაზე მშვიდობისმყოფელი და შეუიარაღებელი ხალხია, ამიტომ მტრის თვალში ისინი ხელში ადვილად ჩასაგდებები გამოჩნდებიან. თუმცა მათზე თავდასხმა უდიდესი შეცდომა იქნება (ეზეკ. 38:1, 2, 9—12).
4, 5. როგორ მოიქცევა იეჰოვა, როცა სატანა მისი მსახურების განადგურებას შეეცდება?
4 როგორ მოიქცევა ღმერთი, როცა სატანა მისი ხალხის განადგურებას შეეცდება? ის, როგორც სამყაროს უზენაესი ხელისუფალი, დაიხსნის თავის ხალხს, რადგან ამ თავდასხმას საკუთარ თავზე თავდასხმად მიიჩნევს (წაიკითხეთ ზაქარიას 2:8). ის სასწრაფოდ იმოქმედებს ჩვენს დასახსნელად. ხსნას მოჰყვება სატანის ქვეყნიერების განადგურება არმაგედონში, „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხ. 16:14, 16).
5 არმაგედონზე ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: «„დავა აქვს იეჰოვას ხალხებთან. ის თავად განსჯის ყოველ ხორციელს; მახვილის ძალას გადასცემს ბოროტებს“, — ამბობს იეჰოვა. აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, ხალხიდან ხალხში გადადის უბედურება; დიდი ქარიშხალი ამოვარდება დედამიწის კიდეებიდან. იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან. არ იგლოვებენ მათ, არ შეაგროვებენ და არ დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“» (იერ. 25:31—33). არმაგედონში განადგურდება სატანის ბოროტი ქვეყნიერება, იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი კი გადარჩება.
რატომ არის დღეს იეჰოვას ორგანიზაცია წარმატებული?
6, 7. ა) როგორ ხდება „უამრავი ხალხის“ შეკრება? ბ) როგორ იზრდება ბოლო წლებში იეჰოვას ორგანიზაცია?
6 დღეს დედამიწაზე ღვთის ორგანიზაცია იმიტომ არის წარმატებული და მიიწევს წინ, რომ მის წევრებს ღმერთი იწონებს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი, ყური — მათი ვედრებისკენ“ (1 პეტ. 3:12). მართლებში „უამრავი ხალხიც“ იგულისხმება, რომლებიც დიდი გასაჭირის დროს გადარჩებიან (გამოცხ. 7:9, 14). აღსანიშნავია, რომ ისინი აღწერილნი არიან როგორც უამრავი ანუ მრავალრიცხოვანი ხალხი. წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი გადარჩენილთა შორის?
7 როგორ ხდება „უამრავი ხალხის“ შეკრება? ამ კითხვაზე პასუხს იესოს მოსვლის ნიშანთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ. იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14). სწორედ ეს არის ბოლო დღეებში ღვთის ორგანიზაციის უმთავრესი საქმე. იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო სამქადაგებლო და საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად მილიონობით ადამიანი თაყვანს სცემს ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოან. 4:23, 24). მაგალითად, გასული ათი სამსახურებრივი წლის განმავლობაში (2003—2012) 2 707 000-ზე მეტი ადამიანი მოინათლა ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად. დღეს მსოფლიოში მოწმეთა რაოდენობა 7 900 000-ს აღემატება. ყოველ წელს მათთან ერთად მილიონობით სხვა ადამიანიც აღნიშნავს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. გვიხარია, რომ „უამრავი ხალხის“ რიცხვი სწრაფად იზრდება და ვიცით, რომ ეს ჩვენი დამსახურება კი არ არის, „არამედ ღმერთის, რომელიც ზრდის“ (1 კორ. 3:5—7).
8. ვისი წყალობით იზრდება დღეს იეჰოვას ორგანიზაცია?
8 ღვთის მსახურების რიცხვი იმიტომ იზრდება სწრაფად, რომ იეჰოვა უჭერს მხარს თავის მოწმეებს (წაიკითხეთ ესაიას 43:10—12). ამ ზრდის შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ეს. 60:22). ერთ დროს ცხებულთა დარჩენილი ნაწილი მართლაც მცირე იყო, მაგრამ მათი რიცხვი თანდათანობით გაიზარდა, როცა ღვთის ორგანიზაციას სულიერი ისრაელის სხვა წევრები შეემატნენ (გალ. 6:16). იეჰოვას კურთხევაა ის, რომ მის მსახურთა რიცხვს წლების განმავლობაში „უამრავი ხალხი“ ემატება.
რას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან?
9. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის სიტყვაში დაპირებული ნათელი მომავლით გავიხაროთ?
9 ცხებული ქრისტიანები ვართ, თუ „უამრავ ხალხს“ მივეკუთვნებით, ყველას შეგვიძლია გავიხაროთ ღვთის სიტყვაში დაპირებული ნათელი მომავლით. მაგრამ ამისთვის ღვთის მოთხოვნები უნდა შევასრულოთ (ეს. 48:17, 18). მაგალითად, ისრაელებისგან მოითხოვებოდა მოსეს კანონის შესრულება. კანონის ერთ-ერთი მიზანი ისრაელების დაცვა იყო, ამიტომაც მასში ჩაიწერა წესები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას, საქმიან ურთიერთობებს, შვილების აღზრდას, მოყვასთან ურთიერთობასა და სხვა საკითხებს ეხებოდა (გამ. 20:14; ლევ. 19:18, 35—37; კან. 6:6—9). ღვთის მოთხოვნების შესრულება ჩვენთვისაც სასარგებლოა. ისინი დამამძიმებელი არ არის (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3). ისრაელების მსგავსად, იეჰოვას კანონებისა და პრინციპების შესრულება ჩვენც დაგვიცავს. უფრო მეტიც, ეს გვეხმარება, ჯანსაღნი ვიყოთ რწმენაში (ტიტ. 1:13).
10. რატომ უნდა გამოვყოთ დრო ბიბლიის შესწავლისა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის?
10 იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის წინსვლა სხვადასხვა მხრივ ვლინდება. მაგალითად, ჩვენთვის უფრო და უფრო ნათელი ხდება ბიბლიური ჭეშმარიტება. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“ (იგავ. 4:18). მაგრამ მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს ვკითხოთ: ვიცი, როგორ იხსნება ესა თუ ის საკითხი ამჟამად? ვკითხულობ ბიბლიას ყოველდღე? ვარ ჩვენი პუბლიკაციების ერთგული მკითხველი? ყოველკვირა გამოვყოფ დროს ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის? ალბათ, ყველანი ვეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე რთულია, უბრალოდ, დროის გამოყოფაა საჭირო. განსაკუთრებით ახლა, როცა დიდი გასაჭირი კარსაა მომდგარი, მნიშვნელოვანია წმინდა წერილებიდან საფუძვლიანი ცოდნის მიღება, მათში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინება და სულიერად გაზრდა.
11. ძველი დროის მსგავსად, რა სარგებლობა მოაქვს დღეს კრების შეხვედრებსა და კონგრესებს?
11 იეჰოვას ორგანიზაცია ჩვენდა სასიკეთოდ მოგვიწოდებს, გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). ყოველწლიური დღესასწაულები და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი სხვა შეხვედრები ისრაელებს სულიერად განამტკიცებდა. გარდა ამისა, ამ შეკრებებს დიდი სიხარული მოჰქონდა მათთვის, რაც კარგად ჩანს ნეემიას დროს კარვობის დღესასწაულის აღნიშვნიდან (გამ. 23:15, 16; ნეემ. 8:9—18). იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს შეხვედრებსა და კონგრესებზეც. მოდი ყველამ სრულად ვისარგებლოთ ამ ღონისძიებებით, რომლებიც ჩვენს სულიერ ზრდასა და სიხარულს უწყობს ხელს (ტიტ. 2:2).
12. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამეფოს შესახებ ქადაგების მიმართ?
12 ჩვენ, ღვთის ორგანიზაციის წევრები, ვხარობთ, რომ ვართ „ღვთის სასიხარულო ცნობის წმინდა საქმეში ჩაბმული“ (რომ. 15:16). ამ „წმინდა საქმეში“ მონაწილეობით იეჰოვას, წმინდა ღვთის თანამშრომლები ვხდებით (1 კორ. 3:9; 1 პეტ. 1:15). სასიხარულო ცნობის ქადაგებით იეჰოვას წმინდა სახელის განწმენდაში შეგვაქვს წვლილი. მართლაც უდიდესი პატივია, რომ ჩვენ მონდობილი გვაქვს „ბედნიერი ღვთის დიდებული სასიხარულო ცნობა“ (1 ტიმ. 1:11).
13. რაზე არის დამოკიდებული ჩვენი სულიერი სიჯანსაღე და სიცოცხლე?
13 ღმერთს სურს, რომ სულიერი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად მას დავუახლოვდეთ და მხარი დავუჭიროთ მის ორგანიზაციას სხვადასხვა საქმეში. მოსემ ისრაელებს უთხრა: „ცასა და დედამიწას ვიმოწმებ დღეს შენ წინააღმდეგ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ, კურთხევა და წყევლა; აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც, თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას. შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა: აბრაამს, ისაკსა და იაკობს“ (კან. 30:19, 20). ჩვენი სიცოცხლეც დამოკიდებულია იეჰოვას ნების შესრულებაზე, მის სიყვარულზე, მორჩილებასა და მასთან დაახლოებაზე.
14. რა თქვა ძმა ჰიუზმა ღვთის ხილულ ორგანიზაციაზე?
14 ძმა პრაის ჰიუზმა, რომელიც 1914 წლამდე მოინათლა და იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის ერთგული იყო, დაწერა: „ბედნიერი ვარ, რომ იმ ადრეული წლებიდან მოყოლებული ვცხოვრობ ცოდნის თანახმად, რომელიც იეჰოვას განზრახვების შესახებ გვაქვს . . . ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასთან ახლოს ყოფნა. იმ წლებში მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ადამიანურ აზროვნებაზე დანდობა დიდი უგუნურებაა. რაც ამას მივხვდი, გადავწყვიტე, ყოველთვის ამ ერთგულ ორგანიზაციაში ვყოფილიყავი. სხვაგვარად როგორ უნდა მიმეღო იეჰოვას კეთილგანწყობილება და კურთხევა?!“.
განაგრძეთ წინსვლა ღვთის ორგანიზაციასთან ერთად
15. ბიბლიური მაგალითით ახსენით, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ღვთის სიტყვის გაგებასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ.
15 თავად რომ გამოვცადოთ იეჰოვას კეთილგანწყობილება და კურთხევა, მხარი უნდა დავუჭიროთ მის ორგანიზაციასა და იმ ცვლილებებს, რომლებიც წმინდა წერილების გაგებას ეხება. მაგალითად, იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ კანონის მოშურნე ათასობით იუდეველ ქრისტიანს გაუჭირდა მოსეს კანონზე უარის თქმა (საქ. 21:17—20). მაგრამ პავლეს მიერ ებრაელებისთვის მიწერილმა წერილმა მათ დაანახვა, რომ ისინი განწმინდა არა კანონით გათვალისწინებულმა შესაწირავებმა, არამედ „იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვამ“ (ებრ. 10:5—10). უეჭველია, ამ იუდეველ ქრისტიანთა უმეტესობამ შეიცვალა აზროვნება და წინ წაიწია სულიერად. როცა ცვლილებები ღვთის სიტყვის გაგებას ან სამქადაგებლო საქმიანობას ეხება, ჩვენც ბეჯითად უნდა შევისწავლოთ ღვთის სიტყვა და მზად უნდა ვიყოთ ამ ცვლილებების მისაღებად.
16. ა) რატომ იქნება კარგი ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება? ბ) პირადად თქვენ რა კურთხევებს ელით?
16 იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის ერთგულებს კურთხევები არასდროს მოაკლდებათ. ცხებულები, რომლებიც ბოლომდე შეინარჩუნებენ ერთგულებას, დიდებულ საქმეებს მოიმოქმედებენ როგორც ქრისტეს თანამემკვიდრეები (რომ. 8:16, 17). ისინი კი, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს, დატკბებიან სამოთხეში ცხოვრებით. როგორც იეჰოვას ორგანიზაციის წევრებს, დღეს დიდ სიხარულს გვანიჭებს სხვებთან ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაზე საუბარი (2 პეტ. 3:13). 37-ე ფსალმუნის მე-11 მუხლში ნათქვამია: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. ესაია კი წინასწარმეტყველებს: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში . . . სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს“ (ეს. 65:21, 22). აღარ იარსებებს ჩაგვრა, სიღარიბე და შიმშილი (ფსალმ. 72:13—16). დიდი ბაბილონიც განადგურდება და ვეღარავის შეიყვანს შეცდომაში (გამოცხ. 18:8, 21). მკვდრები აღდგებიან და მათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ექნებათ (ეს. 25:8; საქ. 24:15). მართლაც, რა ამაღელვებელი მომავალი ელის იეჰოვას მილიონობით მიძღვნილ მსახურს! მაგრამ ეს რომ თითოეულს რეალობად გვექცეს, სულიერად უნდა გავიზარდოთ, ღვთის ორგანიზაციასთან ერთად უნდა წავიწიოთ წინ და ყოველთვის ფეხდაფეხ მივყვეთ მას.
წარმოიდგენთ ხოლმე საკუთარ თავს სამოთხეში? (იხილეთ მე-16 აბზაცი)
17. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იეჰოვას თაყვანისცემისა და მისი ორგანიზაციის მიმართ?
17 ამ ქვეყნიერების აღსასრული ძალიან ახლოსაა, ამიტომ მტკიცენი დავრჩეთ რწმენაში და ღვთის ორგანიზაციის მადლიერნი ვიყოთ. სწორედ ასეთი განწყობა ჰქონდა ფსალმუნმომღერალ დავითს, რომელიც მღეროდა: „ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს“ (ფსალმ. 27:4). მოდი მივეკრათ ღმერთს, ფეხი ავუწყოთ მის ხალხს და იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად მუდამ წინ წავიწიოთ!
-