საქმიანობა, რომელიც „შეუძლებელია პატივისცემას არ იმსახურებდეს“
მოციქული პეტრე არიგებდა თანაქრისტიანებს: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი“ (1 პეტრე 2:12). მრავალი წელია იტალიაში იეჰოვას მოწმეები ასე კარგად იქცევიან. იესოს მითითების თანახმად — ‘ექადაგათ ერდოებზე’ — ისინი მთელ თავის ქრისტიანულ საქმიანობას დაუფარავად, ყველას თვალწინ, ასრულებენ (მათე 10:27; იოანე 18:20). ამიტომ, როდესაც იტალიელმა იურისტმა და მღვდელმა ცილისმწამებლური სტატიები გამოაქვეყნეს, თითქოს იეჰოვას მოწმეები „ფსევდორელიგიურ სექტას წარმოადგენენ“, და ისინი იმ „საიდუმლო ორგანიზაციებს მიათვალეს, რომლებიც იტყუებენ ადამიანებს“, მოწმეებმა გადაწყვიტეს ამ ჩირქისმომცხები განცხადებების გამო სასამართლო სარჩელისთვის მიემართათ.
პირველი სასამართლო გარჩევისას სასამართლომ დაასკვნა, რომ იურისტსა და მღვდელს არ დაურღვევიათ კანონი. მიუხედავად ამისა, 1997 წლის 17 ივლისს ვენეციის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი და ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. სააპელაციო სასამართლომ განაცხადა: „აღნიშნული გამოქვეყნებული ორივე სტატია შეიცავს გამოთქმებს და ფრაზებს, რომლებსაც, უდავოდ, ზიანის მიყენება შეუძლია იეჰოვას მოწმეების რელიგიის მიმდევრების რეპუტაციისთვის. ცხადია, ამ სტატიების მიზანია, საზოგადოებას შეაძულოს მოწმეები“. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სტატიები „არ წარმოადგენდა პრესისა და კრიტიკის უფლების კანონიერ გამოყენებას“. მან დააჯარიმა ორი ცილისმწამებელი და აგრეთვე მოსთხოვა, დაეფარათ მთელი სასამართლო ხარჯები, მათ შორის მოწმეების მიერ ორივე შემთხვევისას გაღებული თანხები.
წერილობით გადაწყვეტილებაში ვენეციის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: „მხოლოდ [იტალიის] კონსტიტუციით გარანტირებული ყველა უფლების გაწონასწორებითა და დაცვით შეიძლება შეუწყნარებლობის და რელიგიური ფანატიზმის თავიდან არიდება“. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა არც საიდუმლოა და არც ფსევდორელიგიური. „იეჰოვას მოწმეების საიდუმლო ორგანიზაციებისთვის მიკუთვნება, — შენიშნა სასამართლომ, — ისტორიული სინამდვილის კრიტერიუმსაც კი არ შეესაბამება, რადგან ეს აღიარებული რელიგია მრავალ ქალაქში არსებობს და, რასაც უნდა ფიქრობდეს ვინმე მათ სწავლებაზე, ფართოდ გავრცელებული, რწმენაში მომქცევი საქმიანობა, რომელსაც ამ რელიგიის წევრები ეწევიან — განსაკუთრებით კვირაობით და სხვა დასვენების დღეებში — კარგადაა ცნობილი და შეუძლებელია პატივისცემას არ იმსახურებდეს მოხმარებული ძალისხმევისთვის“. ამგვარად, ენთუზიაზმით აღსავსე მქადაგებლებისა და სამაგალითო ქცევის მქონე ადამიანების რეპუტაცია დაეხმარა იეჰოვას მოწმეებს მათ წინააღმდეგ წინასწარ შექმნილი აზრის გაფანტვაში (მათე 5:14–16; 1 პეტრე 2:15).