-
სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
თავი 13
სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ
1, 2. ა) რა ხერხს მიმართეს რელიგიურმა წინამძღოლებმა სამქადაგებლო საქმიანობის შესაჩერებლად და როგორ მოიქცნენ მოციქულები? ბ) რატომ ქადაგებდნენ მოციქულები აკრძალვის მიუხედავად?
დგას ახ. წ. 33 წელი. სულ რამდენიმე კვირაა, რაც იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა. სატანას კარგი დრო დაუდგა მოქმედებისთვის. მისი მიზანია, მოძლიერებამდე გაანადგუროს კრება. ის დროს არ კარგავს და ისე წარმართავს მოვლენებს, რომ რელიგიური წინამძღოლები სამეფოს შესახებ ქადაგებას კრძალავენ. მიუხედავად ამისა, მოციქულები გაბედულად აგრძელებენ ქადაგებას, რის შედეგადაც უამრავი კაცი და ქალი ხდება „უფლის მორწმუნე“ (საქ. 4:18, 33; 5:14).
მოციქულებს „უხაროდათ, რომ [იესოს] სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“
2 განრისხებული მოწინააღმდეგეები ამჯერად ახალ მეთოდს მიმართავენ და ყველა მოციქულს საპატიმროში ყრიან. მაგრამ იმ ღამით იეჰოვას ანგელოზი საპყრობილის კარებს აღებს და დღის დადგომამდე მოციქულები უკვე ქადაგებენ. შემდეგ მათ კვლავ აპატიმრებენ და მიჰყავთ მმართველებთან, რომლებიც მოციქულებს ადანაშაულებენ, რომ აკრძალვის მიუხედავად ქადაგებას არ წყვეტენ. მოციქულები უშიშრად პასუხობენ: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“. ამის მოსმენაზე მმართველები გულზე სკდებიან და მოციქულების დახოცვას ლამობენ. მაგრამ სწორედ ამ კრიტიკულ დროს პატივდებული კანონის მასწავლებელი გამალიელი მმართველებს აფრთხილებს: „დაფიქრდით . . . ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ“. საოცარია, მაგრამ მმართველები ითვალისწინებენ მის რჩევას და მოციქულებს უშვებენ. როგორ იქცევიან ეს ერთგული მამაკაცები? ისინი უშიშრად და დაუღალავად ასწავლიან და აუწყებენ „სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქ. 5:17—21, 27—42; იგავ. 21:1, 30).
3, 4. ა) რომელ გამონაცად მეთოდს იყენებს სატანა ღვთის ხალხის წინააღმდეგ? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო ორ თავში?
3 ახ. წ. 33 წელს გამართული ეს სასამართლო მოსმენა იყო ოფიციალური პირების მხრიდან ქრისტიანული კრების შევიწროების პირველი შემთხვევა, თუმცა არა უკანასკნელი (საქ. 4:5—8; 16:20; 17:6, 7). ჩვენს დროში სატანა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრების მეშვეობით კვლავ უბიძგებს მთავრობის წარმომადგენლებს, აკრძალონ სამქადაგებლო საქმიანობა. მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ ღვთის ხალხს. მაგალითად, აბრალებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ამბოხებისკენ წაქეზებას და კომერციულ საქმიანობას. ჩვენი ძმები ხელსაყრელ დროს მიმართავდნენ სასამართლოებს ცრუ ბრალდებების გასაბათილებლად. რით მთავრდებოდა ეს სასამართლოები? თქვენ როგორ გეხებათ ათეულობით წლის წინ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები? განვიხილოთ რამდენიმე სასამართლო საქმე და ვნახოთ, როგორ მოემსახურა ისინი „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებას“ (ფილ. 1:7).
4 ამ თავში ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ როგორ ვიცავდით წარსულში ქადაგების უფლებას. მომდევნო ორ თავში განვიხილავთ ზოგიერთ იურიდიულ საქმეს, რომლებსაც იმიტომ მოვკიდეთ ხელი, რომ შეგვძლებოდა, არ ვყოფილიყავით ქვეყნიერების ნაწილი და სამეფოს ნორმების თანახმად გვეცხოვრა.
წესრიგის დამრღვევები თუ ღვთის სამეფოს ერთგული მხარდამჭერები?
5. რატომ აპატიმრებდნენ სამეფოს მქადაგებლებს 1930-იანი წლების მიწურულს და რის გაკეთებას გეგმავდნენ ხელმძღვანელი ძმები?
5 ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი ქალაქი თუ შტატი 1930-იანი წლების მიწურულს აიძულებდა იეჰოვას მოწმეებს, სამქადაგებლო საქმიანობისთვის ნებართვა ან ლიცენზია აეღოთ. მაგრამ ძმები უარს ამბობდნენ ასეთი ლიცენზიების აღებაზე, რადგან ნებისმიერი ლიცენზია გაუქმებას ექვემდებარება. ძმებს მიაჩნდათ, რომ არც ერთ მთავრობას არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა იესოს მიერ ქრისტიანებისთვის მიცემული დავალება, სამეფოს შესახებ ქადაგება (მარ. 13:10). შედეგად, ასობით სამეფოს მქადაგებელი დააპატიმრეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ძმები სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავდნენ. მათი მიზანი იყო, დაემტკიცებინათ, რომ სახელმწიფო უკანონოდ ზღუდავდა მოწმეთა რელიგიურ თავისუფლებას. 1938 წელს მომხდარი შემთხვევის გამო აღიძრა ისტორიული მნიშვნელობის მქონე სასამართლო საქმე. რა მოხდა მაშინ?
6, 7. რა შეემთხვა კანტუელების ოჯახს?
6 სამშაბათ დილას, 1938 წლის 26 აპრილს, 60 წლის ნიუტონ კანტუელი, მისი ცოლი ესთერი და მათი ვაჟები — ჰენრი, რასელი და ჯესი (ხუთივე სპეციალურ პიონერად მსახურობდა), საქადაგებლად გაემგზავრნენ ქალაქ ნიუ-ჰეივენში (კონექტიკუტი). ისინი მზად იყვნენ იმისთვის, რომ იქ ერთ დღეზე მეტხანს დარჩენილიყვნენ. მანამდე ისინი რამდენჯერმე დააპატიმრეს, ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა ამჯერადაც დაეპატიმრებინათ. თუმცა ამის გამო კანტუელების ოჯახს სამეფოს შესახებ ქადაგების სურვილი არ განელებია. ნიუ-ჰეივენში ისინი ორი ავტომობილით ჩავიდნენ. ნიუტონი ბიბლიური ლიტერატურითა და პატეფონებით დატვირთულ ოჯახის ავტომობილს მართავდა, 22 წლის ჰენრი კი — რუპორებიან ავტომობილს. როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საათში პოლიციამ ისინი გააჩერა.
7 თავიდან 18 წლის რასელი დააპატიმრეს, შემდეგ — ნიუტონი და ესთერი. 16 წლის ჯესი შორიდან უყურებდა, როგორ მიჰყავდა პოლიციას მისი მშობლები და ძმა. ჰენრი ქალაქის სხვა ნაწილში ქადაგებდა, ამიტომ ჯესი მარტო დარჩა. მიუხედავად ამისა, მან გააგრძელა პატეფონით ქადაგება. ორმა კათოლიკე მამაკაცმა ჯესის უფლება მისცა, ძმა რუტერფორდის ლექცია „მტრები“ მოესმენინებინა მათთვის. მაგრამ ლექციამ ისე განარისხა ისინი, რომ ჯესიზე დასარტყმელად გაიწიეს. ჯესიმ მშვიდად დატოვა იქაურობა. ცოტა ხანში ის პოლიციელმა გააჩერა და დააკავა. პოლიციამ, და კანტუელის გარდა, ყველას წაუყენა ბრალი, თუმცა ძმა კანტუელი და მისი ვაჟები იმავე დღეს თავდებით გაათავისუფლეს.
8. რატომ ცნო სასამართლომ ჯესი კანტუელი სხვისი სიმშვიდის დამრღვევად?
8 რამდენიმე თვის შემდეგ, 1938 წლის სექტემბერში, კანტუელების ოჯახი ნიუ-ჰეივენის საქალაქო სასამართლოს წინაშე წარდგა. ნიუტონი, რასელი და ჯესი შესაწირავების ულიცენზიოდ შეგროვებაში ცნეს დამნაშავედ. მიუხედავად იმისა, რომ მათ კონექტიკუტის უზენაეს სასამართლოს მიმართეს, ჯესი სხვისი სიმშვიდის დარღვევაშიც დაადანაშაულეს. ორი კათოლიკე მამაკაცი, რომლებმაც ლექცია მოისმინეს, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ლექცია მათთვის და მათი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ძმებმა გადაწყვიტეს, ეს განაჩენი ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაესაჩივრებინათ.
9, 10. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ კანტუელების ოჯახის საქმეზე? ბ) როგორ მოქმედებს ეს გადაწყვეტილება დღეს?
9 პირველი მოსმენა 1940 წლის 29 მარტს შედგა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჩარლზ ჰიუზმა და სასამართლოს კიდევ რვა მოსამართლემ მოუსმინეს იეჰოვას მოწმეების ადვოკატის, ძმა ჰეიდენ კოვინგტონის არგუმენტებს.a როცა კონექტიკუტის შტატის ბრალმდებელი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ იეჰოვას მოწმეები წესრიგის დამრღვევები იყვნენ, ერთ-ერთმა მოსამართლემ ჰკითხა: „მართალია, რომ იესო ქრისტეს ნაქადაგები ცნობაც არაპოპულარული იყო მის დღეებში?“. შტატის ბრალმდებელმა უპასუხა: „დიახ, და თუ სწორად მახსოვს, ბიბლიაში ისიც წერია, რა დაემართა იესოს ამ ცნობის გაცხადებისთვის“. ამ სიტყვებით მან ფაქტობრივად ყველაფერი თქვა. თავისდა უნებურად, იეჰოვას მოწმეები მან იესოს შეადარა, სახელმწიფო კი — იესოს ბრალმდებლებს. 1940 წლის 20 მაისს სასამართლომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ.
ჰეიდენ კოვინგტონი (წინ, შუაში), გლენ ჰაუ (მარცხნივ) და სხვები პროცესის მოგების შემდეგ სასამართლოს შენობიდან გამოდიან
10 რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სასამართლო გადაწყვეტილებას? ამ გადაწყვეტილებით რელიგიის თავისუფალი აღმსარებლობა კიდევ უფრო დაცული გახდა და დადგინდა, რომ არც ფედერალურ, არც შტატისა და არც ადგილობრივ მთავრობას არა აქვს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერი უფლება. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ ჯესის საქციელი „საფრთხეს არ უქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს“. ამგვარად, სასამართლო გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ იეჰოვას მოწმეები არ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება იყო ღვთის მსახურებისთვის. ეს გადაწყვეტილება დღემდე მოქმედია. ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც ადვოკატია, ამბობს: „ჩვენ დღეს აღარ გვეშინია, რომ უსამართლოდ შეგვიზღუდავენ რელიგიის თავისუფლად აღმსარებლობის უფლებას და თავისუფლად ვქადაგებთ იმედის მომცემ ცნობას ყველგან“.
მეამბოხეები თუ სიმართლის გამცხადებლები?
„ღვთის, ქრისტესა და თავისუფლების მიმართ კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“
11. რა კამპანია გამართეს კანადელმა ძმებმა და რატომ?
11 კანადაში 1940-იან წლებში იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ. ამიტომ 1946 წელს ძმებმა 16-დღიანი კამპანია გამართეს და გაავრცელეს ტრაქტატი „ღვთის, ქრისტესა და თავისუფლების მიმართ კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“, რათა საჯარო გაეხადათ თაყვანისცემის თავისუფლების მიმართ ხელისუფლების უპატივცემულო დამოკიდებულება. ამ ოთხგვერდიან ტრაქტატში სააშკარაოზე იყო გამოტანილი კვებეკის პროვინციაში მცხოვრები ძმების წინააღმდეგ სამღვდელოების წაქეზებით მოწყობილი არეულობები, პოლიციელთა სიმხეცე და ბრბოს ძალადობა. ტრაქტატში ეწერა: „გრძელდება იეჰოვას მოწმეების უკანონო დაპატიმრება. . . . დიდ მონრეალში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დაახლოებით 800 საჩივარია შეტანილი“.
12. ა) რა რეაქცია ჰქონდათ მოწინააღმდეგეებს ტრაქტატის კამპანიაზე? ბ) რაში დაადანაშაულეს ძმები? (იხ. აგრეთვე სქოლიო)
12 კვებეკის პრემიერ მინისტრი მორის დიუპლესი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის კარდინალ ვილნევის თანამზრახველი იყო, კამპანიის საპასუხოდ იეჰოვას მოწმეებს „შეუბრალებელი ომი“ გამოუცხადა. მცირე დროში საქმეების რაოდენობა გაორმაგდა და 800-დან 1 600-მდე გაიზარდა. ერთმა პიონერმა დამ თქვა: „პოლიციელებმა იმდენჯერ დაგვიჭირეს, რომ სათვალავი აგვერია“. მოწმეები, რომლებიც ტრაქტატის გავრცელებისთვის დაიჭირეს, ამბოხებისკენ წამქეზებელი მასალის გამოცემაში დაადანაშაულეს.b
13. ვის მოუწია პირველად ამბოხებისკენ წამქეზებლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგომა და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?
13 ძმა ემე ბუშესა და მის ქალიშვილებს, 18 წლის ჟიზელსა და 11 წლის ლიუსილს, 1947 წელს პირველებს მოუწიათ ამბოხებისკენ წამქეზებლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგომა. ისინი ქალაქ კვებეკის სამხრეთით თავიანთი ფერმის მახლობლად ავრცელებდნენ ტრაქტატს „კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი“, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ ისინი აყალ-მაყალის ამტეხები იყვნენ. ძმა ბუშე თავმდაბალი და რბილი ხასიათის კაცი იყო, რომელიც თავის მიწებს ამუშავებდა და შიგადაშიგ ცხენშებმული ურმით ქალაქში ჩადიოდა. მიუხედავად ამისა, მის ოჯახს ტრაქტატში აღწერილი შეურაცხყოფის ატანა მოუწია. მოსამართლემ, რომელიც ვერ იტანდა იეჰოვას მოწმეებს, უარი თქვა ბუშეს უდანაშაულობის დამამტკიცებელი ჩვენებების მოსმენაზე. მან მხარი დაუჭირა ბრალმდებელს იმაში, რომ ტრაქტატი მტრობას აღვივებდა, და ბუშეები დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებიდან ისე ჩანდა, თითქოს სიმართლის თქმა დანაშაული იყო! ემე და ჟიზელი ამბოხებისკენ წაქეზებაში დაადანაშაულეს და პატარა ლიუსილსაც ორი დღე საპატიმროში მოუწია ყოფნა. ძმებმა საჩივარი შეიტანეს ქვეყნის უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქმის მოსმენას დათანხმდა.
14. როგორ იქცეოდნენ კვებეკელი ძმები დევნის დროს?
14 ამასობაში კვებეკელი და-ძმები გაბედულად აგრძელებდნენ სამეფოს ცნობის გაცხადებას სასტიკი წინააღმდეგობისა და უმოწყალო თავდასხმების მიუხედავად. მათ ქადაგებას ხშირად შესანიშნავი შედეგები მოჰყვებოდა. 1946 წელს ჩატარებული კამპანიიდან ოთხი წლის შემდეგ კვებეკში მოწმეთა რიცხვი 300-დან 1000-მდე გაიზარდა.c
15, 16. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო კანადის უზენაესმა სასამართლომ ბუშეების საქმეზე? ბ) რა გავლენა იქონია ამ გამარჯვებამ იეჰოვას მოწმეებსა თუ სხვებზე?
15 კანადის უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლემ 1950 წლის ივნისში განიხილა ემე ბუშეს საქმე. ექვსი თვის შემდეგ, 1950 წლის 18 დეკემბერს, სასამართლომ ჩვენ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა, ძმა გლენ ჰაუმ აღნიშნა, მიზეზი ის იყო, რომ სასამართლო დაეთანხმა დაცვის არგუმენტს. დაცვის განცხადებით, „ამბოხება“ ძალადობისკენ ან მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ წაქეზებას მოიცავს, მაგრამ ტრაქტატი „არ შეიცავდა ასეთ მოწოდებებს და, შესაბამისად, წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლად გამოხატვის კანონიერ ფორმას“. ძმა ჰაუმ დასძინა: „საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ გაგვამარჯვებინა იეჰოვამ“.d
16 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ღვთის სამეფოს ბრწყინვალე გამარჯვება იყო! ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა კვებეკელი მოწმეების წინააღმდეგ აღძრული კიდევ 122 საქმე, რომლებიც ამბოხებისკენ წაქეზებას ეხებოდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილება იმასაც გულისხმობდა, რომ კანადისა და თანამეგობრობის ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ მთავრობის ქმედების მიმართ თავიანთი შეშფოთება გამოეხატათ. უფრო მეტიც, ამ გამარჯვებამ შეასუსტა იეჰოვას მოწმეების თავისუფლებების მიმართ კვებეკის ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი წინააღმდეგობა.e
ვაჭრები თუ ღვთის სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლები?
17. როგორ ცდილობს ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შეზღუდვას?
17 ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მსახურები დღესაც არ ვაჭრობენ ღვთის სიტყვით (წაიკითხეთ 2 კორინთელების 2:17). მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა კვლავ ცდილობს კომერციული საქმიანობის მარეგულირებელი კანონებით სამქადაგებლო საქმიანობის შეზღუდვას. განვიხილოთ ორი სასამართლო საქმე, რომელთა დროსაც უნდა დადგენილიყო, იეჰოვას მოწმეები ვაჭრები იყვნენ თუ რელიგიური მსახურები.
18, 19. როგორ ცდილობდა დანიის მთავრობა სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას?
18 დანიაში 1932 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც ბეჭდვითი გამოცემების ულიცენზიოდ გაყიდვა უკანონო იყო. თუმცა ჩვენმა ძმებმა უარი თქვეს ლიცენზიის აღებაზე. მეორე დღეს ხუთი მაუწყებელი ქადაგებდა დედაქალაქ კოპენჰაგენიდან დასავლეთით დაახლოებით 30 კმ-ში მდებარე ქალაქ როსკილეში. დღის ბოლოს ერთ-ერთი მაუწყებელი, აუგუსტ ლემანი, ჯგუფთან ერთად არ დაბრუნდა. ის საქონლის ულიცენზიოდ გაყიდვის ბრალდებით დააპატიმრეს.
19 აუგუსტ ლემანი 1932 წლის 19 დეკემბერს წარდგა სასამართლოს წინაშე. მან დაადასტურა, რომ ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა, თუმცა ვაჭრობის ბრალდება უარყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მისი პოზიცია და დაადგინა: „ბრალდებულს . . . საკუთარი თავის რჩენა არ უჭირს. ამ საქმიანობიდან მას არც არანაირი შემოსავალი ჰქონია და არც მისი მიღება ჰქონია მიზნად. პირიქით, ამ საქმიანობის გამო ის ფინანსურად დაზარალდა“. სასამართლომ მოწმეების მხარე დაიკავა და დაადგინა, რომ ლემანის საქმიანობას „პროფესიული საქმიანობის კვალიფიკაცია ვერ მიენიჭებოდა“. მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხის მტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება ჰქონდათ გადაწყვეტილი (ფსალმ. 94:20). პროკურორმა საქმე უზენაეს სასამართლომდე მიიყვანა. როგორ მოიქცნენ ძმები?
20. რა გადაწყვეტილება მიიღო დანიის უზენაესმა სასამართლომ და როგორ შეხვდნენ ამას ჩვენი და-ძმები?
20 უზენაეს სასამართლოში საქმის მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე დანიელი იეჰოვას მოწმეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაებნენ სამქადაგებლო საქმიანობაში. 1933 წლის 3 ოქტომბერს, სამშაბათს, უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება. სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აუგუსტ ლემანს კანონი არ დაურღვევია. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მოწმეებს თავისუფლად შეეძლოთ ქადაგების გაგრძელება. ამ იურიდიული გამარჯვებისთვის იეჰოვასადმი მადლიერების გამოსახატავად და-ძმებმა კიდევ უფრო გაააქტიურეს სამქადაგებლო საქმიანობა. ამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობა აღარ ერევა დანიელი ძმების საქმიანობაში და ისინი თავისუფლად ქადაგებენ.
გაბედული მოწმეები დანიაში, 1930-იანი წლები
21, 22. რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძმა მერდოკის საქმეზე?
21 შეერთებულ შტატებში 1940 წლის 25 თებერვალს, კვირას, პიტსბურგის მახლობლად ქალაქ ჯენეტში (პენსილვანია) ქადაგების დროს დააპატიმრეს პიონერი რობერტ მერდოკი და კიდევ შვიდი მოწმე, რადგან ლიტერატურის გასავრცელებლად ლიცენზია არ შეიძინეს. ძმებმა საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც მის განხილვას დათანხმდა.
22 მოწმეების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 1943 წლის 3 მაისს გამოაცხადა. სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია ლიცენზიის ყიდვის მოთხოვნა, რადგან ამით „ფედერალური კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობა ფასიანი“ ხდებოდა. სასამართლომ გააუქმა ქალაქის დადგენილება და ის „პრესისა და რელიგიის თავისუფლად გაცხადების შეზღუდვად“ მიიჩნია. მოსამართლე უილიამ დაგლასმა მოსამართლეთა უმრავლესობის შეხედულების გაცხადებისას აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა „ქადაგებაზე მეტს ნიშნავს. ამაში რელიგიური ლიტერატურის გავრცელებაზე მეტიც იგულისხმება. ის ორივეს მოიცავს“. მან დასძინა: „რელიგიური საქმიანობის ამ ფორმას ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია . . . როგორც ეკლესიებში თაყვანისცემასა და კათედრიდან ქადაგებას“.
23. რამდენად მნიშვნელოვანია 1943 წელს მოპოვებული იურიდიული გამარჯვებები?
23 უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ღვთის ხალხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება იყო. ამით დადასტურდა, რომ ჩვენ ქრისტიანი მსახურები ვართ და არა ვაჭრები. 1943 წლის ამ ღირშესანიშნავ დღეს იეჰოვას მოწმეებმა უზენაეს სასამართლოში 13 საქმიდან 12 მოიგეს, მათ შორის „მერდოკის“ საქმე. ამ სასამართლო გადაწყვეტილებებმა პრეცედენტი შეუქმნა ბოლო დროს გამართულ სასამართლო საქმეებს, რომელთა მეშვეობითაც მოწინააღმდეგეებმა კვლავაც ეჭვქვეშ დააყენეს ჩვენი უფლება — ვიქადაგოთ სამეფოს ცნობა საჯაროდ და კარდაკარ.
„ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“
24. როგორ ვიქცევით, როცა მთავრობები ქადაგებას გვიკრძალავენ?
24 ჩვენ, იეჰოვას მსახურები, დიდად ვაფასებთ მთავრობების მიერ მონიჭებულ კანონიერ უფლებას, თავისუფლად ვიქადაგოთ სამეფოს ცნობა. თუმცა, როცა სამქადაგებლო საქმიანობას კრძალავენ, ჩვენ უბრალოდ ვცვლით ქადაგების მეთოდებს და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. მოციქულების მსგავსად, ჩვენც „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქ. 5:29; მათ. 28:19, 20). ამასთან, აკრძალვების მოსახსნელად სასამართლოებს მივმართავთ. განვიხილოთ ორი მაგალითი.
25, 26. რა უძღოდა ნიკარაგუაში უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?
25 ნიკარაგუაში 1952 წლის 19 ნოემბერს მისიონერი დონოვან მენსტერმანი, რომელიც ფილიალის მსახურიც იყო, დედაქალაქ მანაგუაში საიმიგრაციო სამსახურში დაიბარეს. სამსახურის უფროსმა, არნოლდო გარსიამ უთხრა დონოვანს, რომ ნიკარაგუაში იეჰოვას მოწმეებს „ეკრძალებოდათ თავიანთი სწავლებების ქადაგება და რელიგიური საქმიანობა“. მისი სიტყვების თანახმად, მიზეზი ის იყო, რომ იეჰოვას მოწმეებს არ გააჩნდათ მთავრობის ნებართვა თავიანთი მსახურების შესასრულებლად და მათ კომუნისტობაში ადანაშაულებდნენ. ვინ იდგა ამ ბრალდებების მიღმა? კათოლიკე მღვდლები.
ნიკარაგუელი ძმები აკრძალვის დროს
26 ძმა მენსტერმანმა დაუყოვნებლივ მიმართა რელიგიის სამინისტროს და პრეზიდენტ ანასტასიო სომოსა გარსიას, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ ძმებმა თავიანთი მეთოდები შეცვალეს. მათ სამეფო დარბაზი დალუქეს, პატარ-პატარა ჯგუფებად დაიწყეს შეკრება და ქუჩაში ქადაგება შეწყვიტეს, თუმცა სამეფოს ცნობას მაინც ქადაგებდნენ. ამასთან, აკრძალვის გაუქმების მიზნით მათ პეტიციით მიმართეს ნიკარაგუის უზენაეს სასამართლოს. გაზეთები იუწყებოდა აკრძალვის შესახებ და ავრცელებდა პეტიციის შინაარსს. უზენაესმა სასამართლომ თანხმობა განაცხადა საქმის მოსმენაზე. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ? 1953 წლის 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა ერთსულოვანი გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვით ილახებოდა სიტყვის, სინდისისა და რწმენის გაცხადების კონსტიტუციური უფლება. აგრეთვე ბრძანა, რომ ნიკარაგუის მთავრობასა და იეჰოვას მოწმეებს შორის აღდგენილიყო პირვანდელი ურთიერთობა.
27. რატომ გააოგნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნიკარაგუის მოსახლეობა და რას ფიქრობდნენ ძმები ამ გამარჯვებაზე?
27 ნიკარაგუელები გააოგნა იმან, რომ უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების მხარე დაიკავა. მანამდე სამღვდელოების გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ სასამართლო ერიდებოდა მათთან კონფლიქტს. ხელისუფლების წარმომადგენლების ძალაუფლებაც იმდენად ძლიერი იყო, რომ სასამართლო თითქმის არასდროს ეწინააღმდეგებოდა მათ გადაწყვეტილებებს. ძმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი გამარჯვების მიზეზი ზეციერი მეფის მფარველობა და შეუჩერებელი ქადაგება იყო (საქ. 1:8).
28, 29. მოულოდნელად როგორ შეიცვალა ვითარება ზაირში 1980-იანი წლების შუა ხანებში?
28 ზაირში (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) 1980-იანი წლების შუა ხანებში დაახლოებით 35 000 იეჰოვას მოწმე იყო. სამეფოს მზარდი საქმიანობის მხარდასაჭერად იქ ახალი ფილიალის მშენებლობა დაიწყო. 1985 წლის დეკემბერში დედაქალაქ კინშასაში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა, რომელზე დასასწრებადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 32 000 დელეგატი ჩავიდა. მაგრამ ამის შემდეგ მდგომარეობა მალევე შეიცვალა. რა მოხდა?
29 ამ პერიოდში ზაირში მსახურობდა კვებეკელი მისიონერი მარსელ ფილტო, რომელიც დიუპლესის რეჟიმის დროს იდევნებოდა. ის იხსენებს: „1986 წლის 12 მარტს პასუხისმგებელმა ძმებმა მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მოწმეების ასოციაცია ზაირში უკანონო იყო“. აკრძალვის განკარგულებას ხელს აწერდა ქვეყნის პრეზიდენტი მობუტუ სესე სეკო.
30. რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა ფილიალის კომიტეტი და რა გადაწყვეტილება მიიღეს მათ?
30 მეორე დღეს ეროვნული რადიოს ეთერში გავრცელდა განცხადება: „[ზაირში] იეჰოვას მოწმეების სახელს ამიერიდან აღარავინ გაიგონებს“. ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვა დევნა. სამეფო დარბაზებს ანადგურებდნენ, ძმებს ძარცვავდნენ, აპატიმრებდნენ და სცემდნენ. ბავშვებსაც კი არ ინდობდნენ და ციხეში სვამდნენ. 1988 წლის 12 ოქტომბერს ხელისუფლებამ მიისაკუთრა ორგანიზაციის ქონება და სამოქალაქო თავდაცვის რაზმმა ფილიალის ტერიტორია დაიკავა. პასუხისმგებელმა ძმებმა პრეზიდენტ მობუტუს მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ამ დროს ფილიალის კომიტეტი სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე იდგა — მიემართათ უზენაესი სასამართლოსთვის თუ მოეცადათ. მისიონერი ტიმოთი ჰოუმზი, რომელიც იმ დროს ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად მსახურობდა, იხსენებს: „იეჰოვას სიბრძნესა და ხელმძღვანელობას ვთხოვდით“. ლოცვისა და მსჯელობის შემდეგ კომიტეტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჯერ არ იყო იურიდიული ზომების მიღების დრო. ნაცვლად ამისა, მათ მთელი ყურადღება საძმოზე ზრუნვასა და ქადაგების გაგრძელების შესაძლებლობების ძიებაზე გადაიტანეს.
„სასამართლო პროცესის დროს ვხედავდით, როგორ ცვლიდა იეჰოვა მდგომარეობას“
31, 32. რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ზაირის უზენაესმა სასამართლომ და როგორ იმოქმედა ამან ჩვენს ძმებზე?
31 გავიდა რამდენიმე წელი. მოწმეებზე ზეწოლა შესუსტდა და ქვეყანაში უფრო მეტად დაიწყეს ადამიანის უფლებების დაცვა. ფილიალის კომიტეტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დადგა დრო, ჩვენი საქმიანობის აკრძალვა ზაირის უზენაეს სასამართლოში გაესაჩივრებინათ. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლო დათანხმდა საქმის მოსმენას. 1993 წლის 8 იანვარს, პრეზიდენტის გამოცემული აკრძალვიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგ, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოწმეების წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედება და აკრძალვა მოხსნა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა ეს! მოსამართლეებმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმეს! ძმა ჰოუმზი ამბობს: „სასამართლო პროცესის დროს ვხედავდით, როგორ ცვლიდა იეჰოვა მდგომარეობას“ (დან. 2:21). ამ გამარჯვებამ ძმებს რწმენა განუმტკიცა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ზეციერი მეფე, იესო, ხელმძღვანელობდა თავის ხალხს, რათა სცოდნოდათ, როდის და როგორ ემოქმედათ.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოწმეები ხარობენ თაყვანისცემის თავისუფლებით
32 აკრძალვის მოხსნის შემდეგ ფილიალს მისიონერების ჩაყვანის, ახალი ფილიალის აშენებისა და ქვეყანაში ბიბლიური ლიტერატურის შეტანის უფლება მისცეს.f მთელ მსოფლიოში ღვთის მსახურები ხარობენ, როცა ხედავენ, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავისი ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე (ეს. 52:10).
„იეჰოვაა ჩემი შემწე“
33. რა ვისწავლეთ ამ რამდენიმე სასამართლო საქმის განხილვიდან?
33 ამ ზოგიერთი იურიდიული საქმის განხილვა ადასტურებს, რომ იესო ასრულებს თავის დანაპირებს: „მე დაგიდებთ ბაგეზე სიბრძნეს, რომელსაც თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც ვერ შეეწინააღმდეგებიან და ვერ შეედავებიან“ (წაიკითხეთ ლუკას 21:12—15). აშკარაა, რომ დროდადრო იეჰოვა თავისი ხალხის დასაცავად აღძრავდა თანამედროვე გამალიელებს ანუ გაბედულ მოსამართლეებსა და ადვოკატებს უბიძგებდა, სამართლის მხარე დაეკავებინათ. იეჰოვამ არაერთხელ დაუკარგა ძალა მოწინააღმდეგეების იარაღს (წაიკითხეთ ესაიას 54:17). ღვთის საქმეს წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს.
34. რატომ არის ჩვენი იურიდიული გამარჯვებები განსაკუთრებით აღსანიშნავი და რას ადასტურებს ისინი? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „სამეფოს შესახებ ქადაგების სასარგებლოდ მაღალი ინსტანციის სასამართლოებში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებები“)
34 რატომ არის ჩვენი იურიდიული გამარჯვებები განსაკუთრებით აღსანიშნავი? იეჰოვას მოწმეები არც გამოჩენილები ვართ და არც გავლენიანები. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებსა თუ პოლიტიკურ კამპანიებში და არც პოლიტიკოსების ლობირებას ვცდილობთ. უფრო მეტიც, ისინი, ვისაც მაღალი ინსტანციის სასამართლოების წინაშე მოუწია წარდგომა, ძირითადად, „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანები იყვნენ (საქ. 4:13). ასე რომ, ადამიანური თვალსაზრისით სასამართლოები მოტივირებულები არ უნდა იყვნენ, რომ ძლიერი და გავლენიანი რელიგიური თუ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღონ და ჩვენ დაგვიცვან. მიუხედავად ამისა, სასამართლოებს არაერთხელ მიუღიათ გადაწყვეტილებები ჩვენ სასარგებლოდ. ჩვენი იურიდიული გამარჯვებები ადასტურებს, რომ „ღვთის წინაშე [დავდივართ] ქრისტესთან ერთად“ (2 კორ. 2:17). მოციქული პავლეს მსგავსად ჩვენც ვაცხადებთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ებრ. 13:6).
a ეს საქმე, „კანტუელი კონექტიკუტის შტატის წინააღმდეგ“, პირველი იყო იმ 43 საქმეს შორის, რომლებიც ძმა ჰეიდენ კოვინგტონმა ძმების უფლებების დასაცავად აშშ-ის უზენაეს სასამართლოს წარუდგინა. ძმა კოვინგტონი 1978 წელს გარდაიცვალა. მისი ქვრივი დოროთი ერთგულად მსახურობდა სიცოცხლის ბოლომდე. 2015 წელს ის 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
b ბრალდება ეფუძნებოდა 1606 წელს მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ ადამიანის დამნაშავედ ცნობა, თუ მათი აზრით, მისი სიტყვები, თუნდაც სიმართლე, შუღლს აღვივებდა.
c კვებეკში 1950 წელს 164 სრული დროით მსახური იყო. მათ შორის იყო „გალაადის“ 63 კურსდამთავრებული, რომლებიც მოსალოდნელი წინააღმდეგობის მიუხედავად მზადყოფნით ჩავიდნენ იქ.
d ძმა გლენ ჰაუ იყო გაბედული და პროფესიონალი ადვოკატი, რომელიც 1943—2003 წლებში კანადასა თუ მის ფარგლებს გარეთ იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულ ასობით სასამართლო პროცესში მონაწილეობდა.
e ამ საქმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. სტატია „ბრძოლა თქვენი კი არ არის, არამედ ღვთის!“ 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 18—24.
f სამოქალაქო თავდაცვის რაზმმა საბოლოოდ დატოვა ფილიალის ტერიტორია, თუმცა ახალი ფილიალი სხვა ადგილას აშენდა.
-
-
მხოლოდ ღვთის ხელისუფლების ერთგულნიღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
თავი 14
მხოლოდ ღვთის ხელისუფლების ერთგულნი
1, 2. ა) რომელი პრინციპით ხელმძღვანელობენ დღემდე იესოს მიმდევრები? ბ) როგორ ცდილობდნენ მტრები ჩვენს დამარცხებას და რა იყო შედეგი?
იესომ იუდეველთა ყველაზე გავლენიანი საერო მოსამართლის, პილატეს წინაშე წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც მისი ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის დღემდე სახელმძღვანელო პრინციპად რჩება. მან თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოან. 18:36). პილატემ იესო სიკვდილით დასაჯა, თუმცა მტრების გამარჯვება ხანმოკლე იყო — ღმერთმა იესო მკვდრეთით აღადგინა. ძლევამოსილი რომის იმპერატორები ქრისტეს მიმდევრების განადგურებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. ქრისტიანები სამეფოს შესახებ ცნობას მთელ ძველ მსოფლიოში ქადაგებდნენ (კოლ. 1:23).
2 ათას ცხრაას თოთხმეტ წელს ღვთის სამეფოს დაარსების შემდეგ ზოგიერთი ძლევამოსილი სახელმწიფო ცდილობდა ღვთის ხალხის მოსპობას. თუმცა მიზანს ვერც ერთმა მიაღწია. მრავალი მთავრობა თუ პოლიტიკური ძალა გვაიძულებდა, კონფლიქტის დროს მათი მხარე დაგვეკავებინა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჩვენი ერთიანობის დარღვევა. დღეს სამეფოს ქვეშევრდომები თითქმის ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთიანი მსოფლიო საძმოს წევრები ვართ და საერთოდ არ ვერევით პოლიტიკაში. ჩვენი ერთიანობა იმის ნათელი მტკიცებაა, რომ ღვთის სამეფო მმართველობს და ჩვენი მეფე იესო ქრისტე კვლავ გვხელმძღვანელობს, გვწმენდს და გვიცავს. ვნახოთ ამის მაგალითები და რწმენის განმამტკიცებელი ზოგიერთი იურიდიული გამარჯვება, რომლებიც ქვეყნიერებისგან გამოყოფილებმა იესოს დახმარებით მოვიპოვეთ (იოან. 17:14).
წამოიჭრა მნიშვნელოვანი საკითხი
3, 4. ა) რა მოჰყვა სამეფოს დაბადებას? ბ) ყოველთვის ნათლად ესმოდა ღვთის ხალხს ნეიტრალიტეტის საკითხი? ახსენით.
3 სამეფოს დაბადებას ზეცაში ომი მოჰყვა, რის შედეგადაც სატანა გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე (წაიკითხეთ გამოცხადების 12:7—10, 12). ომი დედამიწაზეც გაჩაღდა, რამაც ღვთის ხალხის სიმტკიცე გამოსცადა. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, მიჰყოლოდნენ იესოს მაგალითს და არ ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი. მაგრამ თავიდან სრულად არ ესმოდათ, რას ნიშნავდა პოლიტიკურ საკითხებში სრული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.
4 მაგალითად, 1904 წელს გამოცემულ „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“a VI ტომში ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ ომში მონაწილეობისგან. თუმცა მასში აღნიშნული იყო, რომ გაწვევის შემთხვევაში ქრისტიანს უნდა მოეთხოვა რომელიმე არასამწყობრო სამსახურში გადაყვანა. თუ არ გადაიყვანდნენ და ბრძოლის ველზე გაუშვებდნენ, ყველაფერი უნდა ეღონა, რომ არავინ მოეკლა. იმ დროს არსებული მდგომარეობის შესახებ ბრიტანელი ძმა ჰერბერტ სენიორი, რომელიც 1905 წელს მოინათლა, იხსენებს: „ძმები გაურკვევლობაში იყვნენ, რადგან არ არსებობდა ნათელი მითითება, შეიძლებოდა თუ არა ჯარისკაცად მსახურება ისეთ სამხედრო ნაწილში, რომელიც საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდა“.
5. როგორ მოეფინა უფრო მეტად ნათელი ნეიტრალიტეტის საკითხს 1915 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“?
5 „საგუშაგო კოშკის“ 1915 წლის 1 სექტემბრის ნომერში მეტად მოეფინა ნათელი ამ საკითხს. „საღვთო წერილის გამოკვლევაში“ მოცემული რჩევების შესახებ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ხომ არ ნიშნავს ეს კომპრომისზე წასვლას?!“. როგორ უნდა მოქცეულიყო ქრისტიანი, თუ უნიფორმის ტარებისა და სამხედრო სამსახურისთვის უარის თქმის გამო დახვრეტით დაემუქრებოდნენ? ჟურნალში აღნიშნული იყო: „რა იქნებოდა უფრო ცუდი, მომკვდარიყავი იმის გამო, რომ მშვიდობის მთავრის ერთგული ხარ და მის მითითებას ზედმიწევნით იცავ, თუ იმის გამო, რომ მიწიერ მეფეებს ემსახურები და ერთი შეხედვით მხარს უჭერ მათ, მაგრამ ზეციერი მეფის სწავლებებს სულ მცირე გარეგნულად მაინც უარყოფ?! ამ ორიდან ჩვენ პირველს ვამჯობინებთ, ანუ ზეციერი მეფის ერთგულებისთვის სიკვდილს“. ასეთი არაორაზროვანი განაცხადის მიუხედავად, სტატია შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: „ჩვენ არავის ვაიძულებთ ასე მოქმედებას. ეს მხოლოდ რჩევაა“.
6. რა ისწავლეთ ჰერბერტ სენიორის მაგალითიდან?
6 ზოგ ძმას ეს საკითხი ნათლად ესმოდა და მათი პოზიციაც მტკიცე იყო. ზემოხსენებულმა ჰერბერტ სენიორმა აღნიშნა: „ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, გემიდან ტყვია-წამალს გადმოვტვირთავდი [არასამწყობრო სამსახურში ვიქნებოდი], თუ ამ ტყვია-წამალს იარაღის დასატენად გამოვიყენებდი“ (ლუკ. 16:10). სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ძმა სენიორი ციხეში ჩასვეს. ის და კიდევ ოთხი ძმა იმ 16-კაციან ჯგუფში იყვნენ, რომელშიც ყველამ სამხედრო სამსახურზე უარი თქვა (ზოგიერთი მათგანი სხვა რელიგიას მიეკუთვნებოდა). მათ სასჯელის გარკვეული ნაწილი ბრიტანეთში, რიჩმონდის ციხეში მოიხადეს, რის გამოც მოგვიანებით ეს ჯგუფი „16 რიჩმონდელის“ სახელით გახდა ცნობილი. ერთხელ რამდენიმე მათგანი, მათ შორის ჰერბერტი, მალულად გადაიყვანეს საფრანგეთში, ფრონტის წინა ხაზზე დააყენეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ისინი ჩაამწკრივეს ჯარისკაცების სპეციალური რაზმის წინ, რომელიც სიკვდილმისჯილებს ხვრეტდა, მაგრამ სასჯელის სისრულეში მოყვანამდე განაჩენი ათწლიანი პატიმრობით შეუცვალეს.
„ვისწავლე, რომ ღვთის ხალხი ომის საშიშროების წინაშეც კი ყველასთან მშვიდობიანი უნდა იყოს“ — საიმონ კრეიკერი (იხ. აბზაცი 7)
7. რა იყო ცხადი ღვთის ხალხისთვის, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო?
7 მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იეჰოვას ხალხს მთლიანობაში უფრო ნათლად ესმოდა, რას ნიშნავდა ნეიტრალიტეტის დაცვა და რა მოეთხოვებოდათ, რომ იესოს მაგალითს მიჰყოლოდნენ (მათ. 26:51—53; იოან. 17:14—16; 1 პეტ. 2:21). მაგალითად, 1939 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ შეიცავდა მნიშვნელოვან სტატიას სახელწოდებით „ნეიტრალიტეტი“. მასში ნათქვამი იყო: „ახლა იეჰოვასთან შეთანხმებით შეკრულმა ხალხმა უნდა დაიცვას წესი, რომელიც ომის დროს სრული ნეიტრალიტეტის დაცვას გულისხმობს“. საიმონ კრეიკერმა, რომელიც მოგვიანებით ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მთავარ სამმართველოში მსახურობდა, ამ სტატიასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ვისწავლე, რომ ღვთის ხალხი ომის საშიშროების წინაშეც კი ყველასთან მშვიდობიანი უნდა იყოს“. ამ დროულად მოწოდებულმა სულიერმა საზრდომ ღვთის ხალხი არნახული თავდასხმისთვის მოამზადა, რომელიც სამეფოსადმი მათ ერთგულებას გამოსცდიდა.
წინააღმდეგობის „მდინარე“ საფრთხეს უქმნის ღვთის ხალხს
8, 9. როგორ შესრულდა მოციქული იოანეს წინასწარმეტყველება?
8 მოციქულმა იოანემ იწინასწარმეტყველა, რომ 1914 წელს სამეფოს დაბადების შემდეგ დრაკონი, სატანა ეშმაკი, გადატანითი მნიშვნელობით პირიდან ამოანთხევდა მდინარეს ღვთის სამეფოს მხარდამჭერთა მოსასპობადb (წაიკითხეთ გამოცხადების 12:9, 15). როგორ შესრულდა იოანეს წინასწარმეტყველება? 1920-იანი წლებიდან წინააღმდეგობა გაძლიერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები მრავალი ძმა, მათ შორის ძმა კრეიკერი, ღვთის სამეფოს ერთგულებისთვის ციხეში ჩასვეს. ომის პერიოდში იეჰოვას მოწმეები იმ პატიმართა ორ მესამედზე მეტს შეადგენდნენ, რომლებიც რელიგიური შეხედულების გამო ომში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის შეერთებული შტატების ფედერალურ ციხეებში სასჯელს იხდიდნენ.
9 ეშმაკსა და მის დამქაშებს განზრახული ჰქონდათ ნებისმიერ ქვეყანაში სამეფოს ქვეშევრდომების ერთგულების შერყევა. ძმებს მოუწიათ აფრიკაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში სასამართლოებისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიების წინაშე წარდგომა. ისინი ერთგულად იცავდნენ ნეიტრალიტეტს, რის გამოც მათ აპატიმრებდნენ, სცემდნენ და ასახიჩრებდნენ. გერმანიაში ღვთის ხალხზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ, რადგან ისინი „ჰაილ ჰიტლერ!“-ის თქმასა და ომში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ. ნაცისტური რეჟიმის დროს დაახლოებით 6 000 მოწმე დააპატიმრეს. 1 600-ზე მეტი გერმანელი თუ სხვა ეროვნების იეჰოვას მოწმე მოწინააღმდეგეების ხელით დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ეშმაკმა ვერ შეძლო ღვთის ხალხის განადგურება (მარ. 8:34, 35).
„მიწა“ შთანთქავს „მდინარეს“
10. რას წარმოადგენს „მიწა“ და როგორ მოქმედებდა ის ღვთის ხალხის სასარგებლოდ?
10 იოანე მოციქულის წინასწარმეტყველებიდან ჩანდა, რომ „მიწა“, ანუ ქვეყნიერების შედარებით საღად მოაზროვნე ნაწილი, შთანთქავდა დევნის „მდინარეს“, რითაც ღვთის ხალხის მდგომარეობას შეამსუბუქებდა. როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათეულობით წლის მანძილზე „მიწა“ ხშირად ერეოდა მესიანური სამეფოს ერთგულ მხარდამჭერთა სასარგებლოდ (წაიკითხეთ გამოცხადების 12:16). მაგალითად, არაერთმა გავლენიანმა სასამართლომ დაიცვა იეჰოვას მოწმეების უფლება, უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურსა და ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობაზე. განვიხილოთ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომლებიც იეჰოვას ხალხმა ღვთის დახმარებით მოიპოვა (ფსალმ. 68:20).
11, 12. რა პრობლემა შეექმნათ ანტონ სიკურელასა და იაკოვოს თლიმენოსს და როგორ გადაწყდა ის?
11 შეერთებული შტატები. ანტონი სიკურელა იეჰოვას მოწმეების ოჯახში გაიზარდა. ის 15 წლისა იყო, როცა მოინათლა. 21 წლის ასაკში გამწვევმა კომისიამ მას რელიგიური მსახურის სტატუსი მიანიჭა. ორი წლის შემდეგ, 1950 წელს, მან მოისურვა ხელახალი რეგისტრაცია სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელი პირის სტატუსით. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით მისი თხოვნის დაკმაყოფილებას არაფერი უშლიდა ხელს, იუსტიციის სამინისტრომ ხელახალ რეგისტრაციაზე ანტონს უარი უთხრა. არაერთი სასამართლო პროცესის შემდეგ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა ძმა სიკურელას საქმე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და განაჩენი მის სასარგებლოდ გამოიტანა. ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო პრეცედენტის შექმნას, რომლის საფუძველზეც განიხილებოდა აშშ-ის სხვა მოქალაქეების საქმეები, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე.
12 საბერძნეთში 1983 წელს იაკოვოს თლიმენოსი უნიფორმის ტარებაზე უარის თქმის გამო დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს და პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ მან განცხადება შეიტანა ბუღალტრის ლიცენზიის ასაღებად, მაგრამ ნასამართლობის გამო უარი მიიღო. იაკოვოსმა სასამართლოს მიმართა. საბერძნეთში ყველა ინსტანციაში წაგების შემდეგ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. 2000 წელს სასამართლოს 17-წევრიანმა დიდმა პალატამ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრეცედენტი შექმნა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საბერძნეთში 3 500-ზე მეტ ძმას ნეიტრალიტეტის გამო ნასამართლობა კრიმინალურ წარსულად ეთვლებოდა. ამ სასიკეთო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც ნასამართლობის მოხსნას ითვალისწინებდა. აგრეთვე რამდენიმე წლით ადრე მიღებული კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ მოგვიანებით, საბერძნეთის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის დროს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
„სასამართლო დარბაზში შესვლამდე მხურვალედ ვლოცულობდი და ვიგრძენი, რომ იეჰოვამ სიმშვიდე მომცა“ — ივაილო სტეფანოვი (იხ. აბზაცი 13)
13, 14. რას ვსწავლობთ ივაილო სტეფანოვისა და ვაჰან ბაიათიანის მაგალითებიდან?
13 ბულგარეთი. 1994 წელს 19 წლის ივაილო სტეფანოვი ჯარში გაიწვიეს. მან უარი თქვა სამხედრო და არასამწყობრო სამსახურზე, რის გამოც 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ძმა სტეფანოვმა განაჩენი გაასაჩივრა, რადგან სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება ჰქონდა. საბოლოოდ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდა. 2001 წელს საქმის მოსმენამდე საკითხი მორიგების გზით გადაწყდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ ძმა სტეფანოვის გარდა შეიწყალა ყველა მოქალაქე, რომელიც თანახმა იყო ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურზე.c
14 სომხეთი. ვაჰან ბაიათიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2001 წელს გაიწვიეს.d მიუხედავად იმისა, რომ მან რელიგიური შეხედულების გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, საქმე ქვეყნის ყველა სასამართლო ინსტანციაში წააგო. 2002 წლის სექტემბერში დაიწყო ვაჰანის 30-თვიანი სასჯელის აღსრულება, თუმცა ათთვე-ნახევრის შემდეგ ის ციხიდან გაათავისუფლეს. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელიც მისი საქმის განხილვას დათანხმდა. 2009 წლის 27 ოქტომბერს სასამართლომ ძმა ბაიათიანის წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი. სასამართლო გადაწყვეტილება ერთი შეხედვით უდიდესი დარტყმა იყო იმ სომეხი ძმებისთვის, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე. თუმცა მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეს გადახედა და 2011 წლის 7 ივლისს ვაჰან ბაიათიანის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიჩნია, რომ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება იძლეოდა რელიგიური შეხედულებების საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების გარდა იცავს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ასობით მილიონი მოქალაქის უფლებებს.e
სომხეთში ძმები ციხიდან გაათავისუფლეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩვენ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ
ეროვნული ცერემონიალები
15. რატომ ამბობს უარს იეჰოვას ხალხი ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობაზე?
15 იეჰოვას მსახურები მესიანური სამეფოს ერთგულებას არა მხოლოდ სამხედრო სამსახურზე უარის თქმით ამტკიცებენ, არამედ იმითაც, რომ თავს იკავებენ ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობისგან. მსოფლიო ნაციონალისტურმა ციებ-ცხელებამ განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მოიცვა. ბევრ ქვეყანაში მოქალაქეები ვალდებულნი იყვნენ, სამშობლოს ერთგულების ნიშნად ფიცი დაედოთ, ეროვნული ჰიმნი ემღერათ და დროშისთვის სალამი მიეცათ. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულ ერთგულებას მხოლოდ იეჰოვასადმი ვავლენთ (გამ. 20:4, 5). ჩვენი პოზიციის გამო ძლიერი დევნის ატანა მოგვიწია. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ არაერთხელ გამოიყენა „მიწა“ დევნის ტალღის შესაჩერებლად. განვიხილოთ რამდენიმე ღირსშესანიშნავი იურიდიული გამარჯვება, რომლებიც იეჰოვამ ქრისტეს მეშვეობით მოგვაპოვებინა (ფსალმ. 3:8).
16, 17. რა პრობლემა შეექმნათ ლილიან და უილიამ გობაიტასებს და რა ისწავლეთ მათი შემთხვევიდან?
16 შეერთებული შტატები. 1940 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ რვა ერთის წინააღმდეგ მიიღო იეჰოვას მოწმეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება საქმეზე „მინერსვილის განათლების საბჭო გობიტისის წინააღმდეგ“. 12 წლის ლილიან გობაიტასმაf და მისმა 10 წლის ძმამ უილიამმა იეჰოვასადმი ერთგულების გამო უარი თქვეს დროშისთვის სალმის მიცემასა და ფიცის დადებაზე. ისინი სკოლიდან გარიცხეს. საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც დაადგინა, რომ სკოლის ქმედება კონსტიტუციას არ სცდებოდა და ეროვნული ერთიანობის ინტერესებს ითვალისწინებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოწმეების ფართომასშტაბიანი დევნა გამოიწვია. მოწმეთა ბავშვებს სკოლიდან რიცხავდნენ, სრულწლოვნებს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და ბევრს ბრბო სასტიკად უსწორდებოდა. როგორც ერთ წიგნში ეწერა, „1941—1943 წლებში იეჰოვას მოწმეების დევნა მე-20 საუკუნის ამერიკაში რელიგიური შეუწყნარებლობის ყველაზე მასშტაბური გამოვლინება იყო“ (The Lustre of Our Country).
17 ღვთის ხალხის მტრების გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1943 წელს უზენაესმა სასამართლომ განიხილა „გობიტისის“ საქმის მსგავსი საქმე, კერძოდ, „დასავლეთ ვირჯინიის განათლების საბჭო ბარნეტის წინააღმდეგ“. ამჯერად უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. აშშ-ის ისტორიაში უზენაესმა სასამართლომ პირველად შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება ასეთ მცირე დროში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების დევნამ საგრძნობლად იკლო. ამასობაში, შეერთებული შტატების ყველა მოქალაქის უფლებები უფრო მტკიცდებოდა.
18, 19. რა დაეხმარა პაბლო ბაროსს სიმტკიცის შენარჩუნებაში და როგორ შეუძლიათ იეჰოვას მსახურებს, მიჰბაძონ მის მაგალითს?
18 არგენტინა. 8 წლის პაბლო და 7 წლის უგო ბაროსები 1976 წელს სკოლიდან გარიცხეს, რადგან დროშის აღმართვის ცერემონიალში არ მიიღეს მონაწილეობა. ერთხელ სკოლის დირექტორმა პაბლოს ხელი ჰკრა და თავში ჩაარტყა. მან ორივე ბავშვი გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ერთი საათით დატოვა სკოლაში და პატრიოტულ ცერემონიალებში მონაწილეობის მიღებას აიძულებდა. პაბლო იხსენებს: „იეჰოვას დახმარების გარეშე ზეწოლას ვერ გავუძლებდი და ერთგულებას ვერ შევინარჩუნებდი“.
19 საქმე სასამართლომდე მივიდა, რომელმაც სკოლიდან პაბლოსა და უგოს გარიცხვის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მაგრამ მათი საქმე არგენტინის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა. 1979 წელს სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა: „ზემოთ მოხსენიებული სასჯელი [გარიცხვა] ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ სწავლის უფლებასა (მე-14 მუხლი) და სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს მოქალაქეები დაწყებითი განათლებით (მე-5 მუხლი)“. ეს გამარჯვება იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 1 000 ბავშვს შეეხო — ზოგიერთის გარიცხვის საქმე შეჩერდა, სხვები კი პაბლოსა და უგოს მსგავსად საჯარო სკოლებში აღადგინეს.
ბევრი ახალგაზრდა მოწმე ერთგული რჩება განსაცდელების დროს
20, 21. როგორ განგიმტკიცათ რწმენა როელ და ემილი ემბრალინაგების შემთხვევამ?
20 ფილიპინები. 1990 წელს 9 წლის როელ ემბრალინაგი და მისი 10 წლის და ემილი იეჰოვას მოწმეთა სხვა 66-მდე ბავშვთან ერთად სკოლიდან გარიცხეს, რადგან უარი თქვეს დროშისთვის სალმის მიცემაზე. როელისა და ემილის მამა, ლეონარდო, ცდილობდა სკოლის დირექციასთან მორიგებას, მაგრამ უშედეგოდ. სიტუაცია გამწვავდა, ამიტომ ლეონარდომ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მას ფული არ ჰქონდა, რომ ადვოკატი დაექირავებინა. ის და მისი ოჯახი მხურვალედ სთხოვდნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას. ამ ხნის მანძილზე ბავშვები გესლიანი დაცინვის მსხვერპლნი იყვნენ. ლეონარდო ფიქრობდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა, რადგან იურიდიული განათლება არ ჰქონდა.
21 თუმცა მდგომარეობა შეიცვალა და სასამართლოზე ოჯახს იცავდა ადვოკატი ფელინო განალი, რომელიც ადრე ქვეყნის ერთ-ერთ პრესტიჟულ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. იმ დროისთვის ძმა განალი უკვე იეჰოვას მოწმე იყო და მიტოვებული ჰქონდა თავისი სამსახური. უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ და გააუქმა სკოლიდან გარიცხვის განკარგულება. ღვთის ხალხის ერთგულების შერყევის მცდელობა კიდევ ერთხელ დასრულდა მარცხით.
ნეიტრალიტეტი ხელს უწყობს ერთიანობას
22, 23. ა) რატომ მოვიპოვეთ ამდენი მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება? ბ) რას ადასტურებს მშვიდობიანი მსოფლიო საძმოს არსებობა?
22 რატომ მოიპოვა იეჰოვას ხალხმა ამდენი მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება? მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გავლენა არა გვაქვს, არაერთ ქვეყანასა და სასამართლოში მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა დაგვიცვეს მოწინააღმდეგეთა ინტენსიური შემოტევებისგან, რამაც ხელი შეუწყო კონსტიტუციური კანონის პრეცედენტების შექმნას. უეჭველია, ეს გამარჯვებები ქრისტეს მხარდაჭერით მოვიპოვეთ (წაიკითხეთ გამოცხადების 6:2). რატომ ვებმებით ასეთ იურიდიულ ბრძოლებში? ჩვენი მიზანი საკანონმდებლო რეფორმების გატარება კი არ არის, არამედ ის, რომ კვლავაც შეუფერხებლად ვემსახუროთ ჩვენს მეფეს, იესო ქრისტეს (საქ. 4:29).
23 მაშინ როცა, მსოფლიოს ყოფს პოლიტიკური ქიშპობა და ღრმად ფესვგადგმული სიძულვილი, ჩვენი მეფე იესო ქრისტე მთელ მსოფლიოში აკურთხებს თავისი მიმდევრების მცდელობას, შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი. სატანამ ვერ შეძლო ჩვენი დაყოფა და დამარცხება. ღვთის სამეფომ შეკრიბა მილიონობით ადამიანი, რომლებიც „აღარ ისწავლიან ომს“. ჩვენი მშვიდობიანი მსოფლიო საძმოს არსებობა სასწაულია და აშკარად ადასტურებს, რომ ღვთის სამეფო მმართველობს! (ეს. 2:4).
a ამ ტომს აგრეთვე ეწოდებოდა „ახალი ქმნილება“. მოგვიანებით „ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟს“ „საღვთო წერილის გამოკვლევა“ ეწოდა.
b ამ წინასწარმეტყველების გარჩევა იხ. წიგნში „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, თავი 27, გვ. 184—186.
c მორიგების თანახმად, ბულგარეთის მთავრობას სამოქალაქო ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური უნდა შეეთავაზებინა ყველასთვის, ვინც უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე.
d სრული ინფორმაციისთვის იხ. „ევროპული სასამართლო მხარს უჭერს ადამიანის უფლებას, მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე“, 2012 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“.
e 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე სომხეთის მთავრობამ 450-ზე მეტი ახალგაზრდა მოწმე დააპატიმრა. დაპატიმრებულ მოწმეთაგან ბოლოები ციხიდან 2013 წლის ნოემბერში გათავისუფლდნენ.
f სასამართლოს ჩანაწერებში გვარი შეცდომით ეწერა.
-
-
ბრძოლა თაყვანისცემის თავისუფლებისთვისღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
თავი 15
ბრძოლა თაყვანისცემის თავისუფლებისთვის
1, 2. ა) რა ადასტურებს, რომ ღვთის სამეფოს მოქალაქე ხართ? ბ) რატომ უწევთ ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებს რელიგიური თავისუფლებისთვის ბრძოლა?
ხართ ღვთის სამეფოს მოქალაქე? თუ იეჰოვას მოწმე ხართ, მაშასადამე, ღვთის სამეფოს მოქალაქე ხართ. რა ადასტურებს თქვენს მოქალაქეობას — პასპორტი თუ სხვა ოფიციალური საბუთი? ამას იეჰოვა ღმერთისადმი თქვენი თაყვანისმცემლობა ადასტურებს. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მრწამსზე მეტი იგულისხმება. ამაში შედის თქვენი საქციელი, ანუ ღვთის სამეფოს კანონების მორჩილება. თაყვანისმცემლობა ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის შვილების აღზრდასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
2 მაგრამ ქვეყნიერება, რომელშიც ვცხოვრობთ, ხშირად პატივს არ სცემს ჩვენთვის უძვირფასეს მოქალაქეობასა თუ ამ მოქალაქეობის მოთხოვნებს. ზოგიერთი მთავრობა ცდილობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შეზღუდვასა და მოსპობასაც კი. ზოგჯერ ქრისტეს ქვეშევრდომებს მესიანური სამეფოს კანონების დასაცავად ბრძოლა უწევთ. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ბიბლიურ დროშიც იეჰოვას ხალხი ხშირად იბრძოდა იეჰოვასადმი თაყვანისცემის თავისუფლებისთვის.
3. რისთვის იბრძოდა ღვთის ხალხი დედოფალი ესთერის დროს?
3 მაგალითად, დედოფალი ესთერის დროს ღვთის ხალხს არსებობისთვის ბრძოლა მოუწია. მიზეზი ის იყო, რომ სპარსეთის ბოროტმა სახელმწიფო მოხელემ ჰამანმა მეფე ახაშვეროშს მთელ სამეფოში ებრაელების დახოცვა ურჩია, რადგან „მათი კანონები ყველა სხვა ხალხის კანონებისგან“ განსხვავდებოდა (ესთ. 3:8, 9, 13). მაგრამ იეჰოვამ არ მიატოვა თავისი მსახურები და აკურთხა ესთერისა და მორდოქაის ძალისხმევა, რომლებმაც სპარსეთის მეფეს ღვთის ხალხის დაცვა სთხოვეს (ესთ. 9:20—22).
4. რას განვიხილავთ ამ თავში?
4 რის თქმა შეიძლება ჩვენს დროზე? როგორც წინა თავიდან დავინახეთ, ზოგჯერ ხელისუფლებები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოდიან. ამ თავში განვიხილავთ ჩვენი თაყვანისმცემლობის შესაზღუდავად მთავრობების მიერ გამოყენებულ რამდენიმე ხერხს და შევეხებით ჩვენი უფლებებიდან ზოგიერთს: 1) ვიარსებოთ როგორც ორგანიზაციამ და ჩვენ მიერ არჩეული სახით ვცეთ ღმერთს თაყვანი; 2) ავირჩიოთ ბიბლიური პრინციპების შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და 3) როგორც მშობლებმა, შვილები იეჰოვას ნორმების თანახმად აღვზარდოთ. ამ საკითხების განხილვისას დავინახავთ, როგორ ცდილობენ მესიანური სამეფოს ერთგული მოქალაქეები თავიანთი ძვირფასი მოქალაქეობის დაცვას და როგორ აკურთხებს ღმერთი მათ მცდელობას.
ბრძოლა კანონით აღიარებისა და ძირითადი თავისუფლებებისთვის
5. რას აადვილებს კანონით აღიარება?
5 გვჭირდება იეჰოვას თაყვანსაცემად მთავრობებისგან კანონით აღიარება? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ კანონით აღიარება გვიადვილებს თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ საქმიანობას, მაგალითად, სამეფო და საკონგრესო დარბაზებში თავისუფლად შეკრებას, ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვასა და იმპორტს და მოყვასთან სასიხარულო ცნობის შეუფერხებლად და ღიად ქადაგებას. მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები კანონიერად არიან რეგისტრირებული და თაყვანისცემის იმავე თავისუფლებით სარგებლობენ, რომლითაც კანონით აღიარებული სხვა რელიგიური მიმდინარეობების წევრები. მაგრამ, რა ხდება, როცა მთავრობა უარს ამბობს ჩვენი ორგანიზაციის კანონით აღიარებაზე ან ცდილობს ჩვენი ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვას?
6. რა სირთულეები შეხვდათ 1940-იანი წლების დასაწყისში იეჰოვას მოწმეებს ავსტრალიაში?
6 ავსტრალია. 1940-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორმა მიიჩნია, რომ ჩვენი სწავლებები უარყოფითად მოქმედებდა ომის მხარდამჭერ საქმიანობაზე. ამიტომ ჩვენი საქმიანობა აიკრძალა. მოწმეები ვეღარ იკრიბებოდნენ და ვეღარ ქადაგებდნენ თავისუფლად, ბეთელი დაიხურა და სამეფო დარბაზები სხვის საკუთრებაში გადავიდა. ბიბლიური ლიტერატურის ქონაც კი იკრძალებოდა. რამდენიმეწლიანი იატაკქვეშა საქმიანობის შემდეგ, ავსტრალიელი მოწმეების მდგომარეობა შემსუბუქდა. 1943 წლის 14 ივნისს ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ აკრძალვა გააუქმა.
7, 8. აღწერეთ, როგორ იბრძოდნენ წლების მანძილზე რუსი ძმები თაყვანისცემის თავისუფლებისთვის.
7 რუსეთი. კომუნისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ათეულობით წლის მანძილზე აკრძალული იყო და რეგისტრაციაში მხოლოდ 1991 წელს გატარდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში 1992 წელს კანონით აღიარება მოვიპოვეთ. თუმცა მალევე ჩვენმა რიცხობრივად სწრაფმა ზრდამ ზოგიერთი მოწინააღმდეგე შეაშფოთა, რომლებიც ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები იყვნენ. 1995—1998 წლებში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად მათ 5 საჩივარი შეიტანეს. ხუთივე შემთხვევაში პროკურატურამ ვერ იპოვა კანონდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებები. 1998 წელს მოწინააღმდეგეებმა ახლა უკვე სამოქალაქო საჩივარი შეიტანეს სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საქმე მოწმეების სასარგებლოდ წარიმართა, მოწინააღმდეგეებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება და 2001 წლის მაისში სასამართლომ გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოიტანა. იმავე წლის ოქტომბერში დაიწყო საქმის ხელახლა განხილვა, რის შედეგადაც 2004 წელს სასამართლომ მოახდინა მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის ლიკვიდაცია და მისი საქმიანობა აკრძალა.
8 ამ გადაწყვეტილებას და-ძმების დევნა მოჰყვა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:12). მოწმეებს ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ართმევდნენ რელიგიურ ლიტერატურას, ზღუდავდნენ თაყვანისცემისთვის შენობების დაქირავებასა და აშენებას. წარმოიდგინეთ, რას განიცდიდნენ ჩვენი და-ძმები ამ დროს! 2001 წელს მოწმეებმა საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2004 წელს კი სასამართლოს ამ საქმის გარშემო დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. 2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. მისთვის ნათელი იყო, რომ რუსეთში ამ აკრძალვის უკან რელიგიური შეუწყნარებლობა იდგა. სასამართლომ დაადგინა, რომ ქვემდგომი სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ძალაში დასატოვებლად არავითარი საფუძველი არ არსებობდა, რადგან არ მოიპოვებოდა იეჰოვას მოწმეების მხრიდან კანონის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებები. მას მიაჩნდა, რომ აკრძალვის მიზანი იეჰოვას მოწმეებისთვის კანონიერი უფლებების ჩამორთმევა იყო. სასამართლო გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ მოწმეებს რელიგიის თავისუფლების უფლება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ და სხვა გამარჯვებებმა რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს მხნეობა შემატა.
ტიტოს მანუსაკისი (იხ. აბზაცი 9)
9—11. როგორ იბრძოდა იეჰოვას ხალხი საბერძნეთში ერთად შეკრების თავისუფლებისთვის და რა იყო ამ ბრძოლის შედეგი?
9 საბერძნეთი. 1983 წელს კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ირაკლიონში ტიტოს მანუსაკისმა იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფის შესაკრებად ოთახი დაიქირავა (ებრ. 10:24, 25). მაგრამ მალე მართლმადიდებელმა მღვდელმა პოლიციაში იჩივლა, რომ იეჰოვას მოწმეები ნაქირავებ ოთახში თაყვანისმცემლობისთვის იკრიბებოდნენ. მისი საჩივრის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მოწმეთა შეხედულებები მართლმადიდებელი ეკლესიის მრწამსისგან განსხვავდებოდა. პროკურატურამ ტიტოს მანუსაკისისა და კიდევ სამი ადგილობრივი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ისინი დააჯარიმეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ღვთის სამეფოს ამ ერთგულმა მოქალაქეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება თაყვანისცემის თავისუფლების ხელყოფად მიიჩნიეს, საქმე ქვეყნის ყველა სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრეს და ბოლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
10 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1996 წელს წმინდა თაყვანისმცემლობის მოწინააღმდეგეთათვის სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ «იეჰოვას მოწმეები საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად „ცნობილ რელიგიას“ მიეკუთვნებიან» და ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებმა „მოსარჩელეების რელიგიურ თავისუფლებაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა“. მან აგრეთვე დაადგინა, რომ საბერძნეთის ხელისუფლების საქმე არ იყო „რელიგიური შეხედულებებისა და მათი გამოხატვის საშუალებების ლეგიტიმურობის განსაზღვრა“. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოტანილი ყველა განაჩენი გაუქმდა და დამტკიცდა მათი თაყვანისცემის თავისუფლება.
11 დასრულდა ამ გამარჯვებით საბერძნეთში იეჰოვას მოწმეების იურიდიული ბრძოლა? სამწუხაროდ, არა. 2012 წელს კასანდრიაში მსგავსი საქმე თითქმის 12-წლიანი ბრძოლის შემდეგ გადაწყდა. ამ შემთხვევაში წინააღმდეგობის მოთავე მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო. საბერძნეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ანუ სახელმწიფო საბჭომ საქმე ღვთის ხალხის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საბერძნეთის კონსტიტუციით გარანტირებულ რელიგიის თავისუფლების უფლებას და გააბათილა არაერთხელ გამეორებული განაცხადი, თითქოს იეჰოვას მოწმეები არ წარმოადგენენ ცნობილ რელიგიას. სასამართლომ დაადგინა: „იეჰოვას მოწმეთა მოძღვრებები გასაიდუმლოებული არ არის, შესაბამისად, ისინი ცნობილ რელიგიას წარმოადგენენ“. კასანდრიის კრების წევრებს უხარიათ, რომ ახლა შეუძლიათ საკუთარ სამეფო დარბაზში შეიკრიბონ თაყვანისმცემლობისთვის.
12, 13. როგორ ცდილობდნენ საფრანგეთში მოწინააღმდეგეები დადგენილებით სირთულეების შექმნას და რა იყო შედეგი?
12 საფრანგეთში ღვთის ხალხის ზოგი მოწინააღმდეგე სირთულეებს ქმნიდა დადგენილებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 94:20). მაგალითად, 1990-იანი წლების შუა ხანებში საგადასახადო სამსახურმა საფრანგეთში იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთი იურიდიული პირის (Association Les Témoins de Jéhovah) ფინანსების შემოწმება დაიწყო. ბიუჯეტის მინისტრმა აუდიტის ნამდვილი მიზეზი დაასახელა: „აუდიტს შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი ლიკვიდაცია ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა . . . რაც სავარაუდოდ გაართულებს ასოციაციის ფუნქციონირებას ან აიძულებს მას, ჩვენს ტერიტორიაზე თავისი საქმიანობა შეაჩეროს“. მიუხედავად იმისა, რომ შემოწმებას არავითარი დარღვევა არ გამოუვლენია, საგადასახადო სამსახურმა იეჰოვას მოწმეების ასოციაციას წარმოუდგენლად დიდი გადასახადი დააკისრა. მათი განზრახვის წარმატებით შესრულების შემთხვევაში ძმები იძულებულები გახდებოდნენ, უზარმაზარი თანხის გადასახდელად დაეხურათ ფილიალი და შენობები გაეყიდათ. ამ დიდი დარტყმის მიუხედავად, ღვთის ხალხი არ დანებდა. უსამართლობის გასაპროტესტებლად მოწმეებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და საბოლოოდ, 2005 წელს, საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.
13 განაჩენი გამოტანილ იქნა 2011 წლის 30 ივნისს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რელიგიის თავისუფლების უფლებიდან გამომდინარე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სახელმწიფოს არ უნდა მიეცეს რელიგიური შეხედულებებისა და მათი გამოხატვის საშუალებების ლეგიტიმურობის შეფასების უფლება. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა: „გადასახადმა . . . ასოციაციას არსებობისთვის აუცილებელი რესურსები წაართვა და შედეგად თავისი მიმდევრებისთვის თავისუფლად თაყვანისცემის უზრუნველყოფის საშუალება არ მისცა“. სასამართლომ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. იეჰოვას ხალხი ხარობს, რადგან საფრანგეთის მთავრობამ სარგებლით დააბრუნა ასოციაციისთვის დაკისრებული გადასახადი და სასამართლოს დადგენილების შესაბამისად ფილიალის საკუთრებაზე დადებული ყადაღა მოხსნა.
გამუდმებით ილოცეთ იმ და-ძმებისთვის, რომლებიც დღეს უსამართლობის მსხვერპლი ხდებიან
14. როგორ შეგიძლიათ თაყვანისცემის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღება?
14 ძველ დროში მცხოვრები ესთერისა და მორდოქაის მსგავსად, დღეს იეჰოვას ხალხი იბრძვის, რომ თავისუფლად და იეჰოვას მოთხოვნების შესაბამისად სცეს მას თაყვანი (ესთ. 4:13—16). ამ ბრძოლაში თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა! გამუდმებით ილოცეთ იმ და-ძმებისთვის, რომლებიც დღეს უსამართლობის მსხვერპლი ხდებიან. ლოცვებს დიდი ძალა აქვს და შეუძლია შეამსუბუქოს დევნილი და განსაცდელში მყოფი და-ძმების მდგომარეობა (წაიკითხეთ იაკობის 5:16). ისმენს იეჰოვა ასეთ ლოცვებს? სასამართლო გამარჯვებები მოწმობს, რომ ნამდვილად ისმენს! (ებრ. 13:18, 19).
ჩვენი შეხედულებების შესაბამისი მკურნალობის არჩევის თავისუფლება
15. რა უნდა გაითვალისწინოს ღვთის ხალხმა სისხლთან დაკავშირებით?
15 როგორც მე-11 თავში აღვნიშნეთ, ღვთის სამეფოს მოქალაქეებს აქვთ ნათელი ბიბლიური მითითება, მოერიდონ სისხლის არასწორად გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ჩვეულებრივი რამ არის (დაბ. 9:5, 6; ლევ. 17:11; წაიკითხეთ საქმეების 15:28, 29). ჩვენ უარს ვამბობთ სისხლის გადასხმაზე, მაგრამ ღვთის კანონების ფარგლებში საუკეთესო სამედიცინო მკურნალობა გვსურს ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ბევრ ქვეყანაში სასამართლოებმა აღიარეს სინდისისა და რელიგიური შეხედულებების საფუძველზე მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის არჩევის ან მასზე უარის თქმის უფლება. თუმცა ზოგ ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით ღვთის ხალხს ძლიერი წინააღმდეგობები შეხვდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
16, 17. რა თავზარდამცემ ფაქტს ჰქონდა ადგილი იაპონელი დის მკურნალობის დროს და როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვებს?
16 იაპონია. 63 წლის დიასახლისს, მისაე ტაკედას, სერიოზული ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. როგორც ღვთის სამეფოს ერთგულმა მოქალაქემ, მან ნათლად აუხსნა ექიმს, რომ უსისხლო მკურნალობა სურდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ თავზარდამცემი ამბავი შეიტყო. თურმე ოპერაციის დროს მას სისხლი გადაუსხეს. ის თავს მოტყუებულად და ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევდა, ამიტომ 1993 წლის ივნისში მან ექიმებისა და საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამ მოკრძალებულმა და რბილად მოსაუბრე ქალბატონმა ურყევი რწმენა გამოავლინა. სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, ის ერთ საათზე მეტხანს იდგა სასამართლოში მოწმის ტრიბუნაზე და სავსე დარბაზის წინაშე გაბედულად იძლეოდა ჩვენებას. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ის უკანასკნელად წარდგა სასამართლოს წინაშე. მისი რწმენა და გაბედულება აღფრთოვანებას იწვევს. და ტაკედამ თქვა, რომ გამუდმებით სთხოვდა იეჰოვას ამ ბრძოლაში დახმარებას. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ლოცვები უპასუხოდ არ დარჩებოდა. შეისმინა იეჰოვამ მისი ლოცვები?
17 და ტაკედას სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ იაპონიის უზენაესმა სასამართლომ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მიიჩნია, რომ მისი კონკრეტული სურვილის წინააღმდეგ წასვლა და სისხლის გადასხმა არასწორი იყო. 2000 წლის 29 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ ასეთ შემთხვევაში „გადაწყვეტილების მიღების უფლება . . . პირად უფლებად უნდა იქნას მიჩნეული“. ბიბლიით განსწავლული სინდისის შესაბამისი მკურნალობის არჩევის თავისუფლებისთვის მისაე ტაკედას შეუპოვარი ბრძოლის შედეგად იაპონელ მოწმეებს სისხლის გადასხმის საშიშროების გარეშე შეუძლიათ იმკურნალონ.
პაბლო ალბარასინი (იხ. აბზაცები 18—20)
18—20. ა) როგორ დაამტკიცა არგენტინაში სააპელაციო სასამართლომ, რომ ადამიანს უფლება აქვს, სამედიცინო განკარგულების მეშვეობით უარი თქვას სისხლის გადასხმაზე? ბ) როგორ შეგვიძლია დავემორჩილოთ ქრისტეს ხელმძღვანელობას სისხლთან დაკავშირებულ საკითხებში?
18 არგენტინა. როგორ უნდა მოემზადონ სამეფოს მოქალაქეები იმ შემთხვევებისთვის, როცა უგრძნობ მდგომარეობაში არიან და საჭიროა სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება? სასურველია, თან ვიქონიოთ იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციას დააფიქსირებს. სწორედ ასე მოიქცა პაბლო ალბარასინი. 2012 წლის მაისში ის შეესწრო შეიარაღებულ დაყაჩაღებას და რამდენიმე ადგილას დაიჭრა. პაბლო უგრძნობ მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, რის გამოც ვერ შეძლო სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული პოზიციის ახსნა. თუმცა თან ჰქონდა სამედიცინო განკარგულება, რომელიც ოთხ წელზე მეტი ხნით ადრე სათანადოდ ჰქონდა შევსებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ზოგი ექიმის აზრით, მის გადასარჩენად სისხლის გადასხმა იყო აუცილებელი, სამედიცინო პერსონალი მზად იყო, პატივი ეცა მისი სურვილისთვის. მაგრამ პაბლოს მამამ, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, სასამართლოსგან მიიღო განკარგულება, რომელიც შვილის სურვილის წინააღმდეგ წასვლის უფლებას იძლეოდა.
19 პაბლოს მეუღლის ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაასაჩივრა. რამდენიმე საათში სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ სამედიცინო განკარგულებით გამოხატული პაციენტის სურვილი უნდა დაკმაყოფილებულიყო. პაბლოს მამამ ეს გადაწყვეტილება არგენტინის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ვერ ნახა „ეჭვის მიზეზი, რომ [პაბლოს მიერ სისხლის გადასხმაზე სამედიცინო განკარგულებით გამოხატული უარი] გაუთვითცნობიერებელი და ძალდატანებითი იყო“. სასამართლომ დაადგინა: „ყველა ქმედუნარიან სრულწლოვან ადამიანს შეუძლია წინასწარ გასცეს განკარგულებები [თავის] ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და დათანხმდეს ან უარი თქვას ამა თუ იმ მკურნალობაზე . . . მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ეს განკარგულებები“.
შევსებული გაქვს შენი სამედიცინო განკარგულება?
20 ამ შემთხვევის შემდეგ ძმა ალბარასინი სრულად გამოჯანმრთელდა. ის და მისი მეუღლე ბედნიერები არიან, რომ შევსებული ჰქონდათ სამედიცინო განკარგულება. ამ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით მან მორჩილება გამოავლინა ღვთის სამეფოს მეფის, ქრისტეს მმართველობის მიმართ. უკვე მიიღეთ ზომები თქვენ და თქვენმა ოჯახმა მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
ეიპრილ კადორე (იხ. აბზაცები 21—24)
21—24. ა) რა უძღოდა წინ კანადის უზენაესი სასამართლოს მიერ მოზარდებთან და სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას? ბ) როგორ შეიძლება გაამხნეოს ამ შემთხვევამ იეჰოვას ახალგაზრდა მსახურები?
21 კანადა. სასამართლოები, ძირითადად, აღიარებენ მშობლების უფლებას, განსაზღვრონ, თუ რომელია მათი შვილებისთვის საუკეთესო მკურნალობა. იყო შემთხვევები, როცა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს ქმედუნარიანი მოზარდის შეხედულებებისთვის პატივი უნდა ეცათ. სწორედ ეს მოხდა ეიპრილ კადორეს შემთხვევაში. ეიპრილი 14 წლისა იყო, როცა საავადმყოფოში ძლიერი ფარული სისხლდენით მიიყვანეს. რამდენიმე თვით ადრე მან შეავსო სამედიცინო განკარგულება, რომელშიც ეწერა, რომ გადაუდებელ სიტუაციაშიც კი მისთვის სისხლი არ უნდა გადაესხათ. მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა, ეიპრილის ნათლად გამოხატული სურვილის წინააღმდეგ წასულიყო და სასამართლოსგან სისხლის გადასასხმელად განკარგულება მიიღო. ეიპრილს სამი ერთეული ერითროციტების მასა ძალით გადაუსხეს. მოგვიანებით ეიპრილმა ექიმების ქმედება გაუპატიურებას შეადარა.
22 სამართლის აღსადგენად ეიპრილმა და მისმა მშობლებმა სასამართლოებს მიმართეს. ორი წლის შემდეგ მისი საქმე კანადის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ ეიპრილმა საქმე ფორმალურად წააგო, სასამართლომ ის ხარჯებისგან გაათავისუფლა და გადაწყვეტილება გამოიტანა მისი და სხვა ქმედუნარიანი მოზარდების სასარგებლოდ, რომელთაც საკუთარ მკურნალობასთან დაკავშირებით სურთ გადაწყვეტილებების მიღება. სასამართლომ დაადგინა: „რაც შეეხება სამედიცინო მკურნალობას, 16 წლამდე მოზარდებს უნდა მიეცეთ უფლება, დაამტკიცონ, რომ კონკრეტულ სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით მათი შეხედულებები საკმარისად ცხადყოფს მათ დამოუკიდებელ აზროვნებასა და მოწიფულობას“.
23 ეს საქმე მნიშვნელოვანია, რადგან უზენაესმა სასამართლომ ქმედუნარიანი მოზარდების კონსტიტუციური უფლებები განიხილა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კანადაში სასამართლოებს შეეძლოთ 16 წლამდე ასაკის მოზარდისთვის მკურნალობის განკარგულების გაცემა, თუ ამას მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩათვლიდა. მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოებს აღარ გააჩნიათ ასეთი განკარგულების გაცემის უფლება 16 წლამდე მოზარდის ნებართვის გარეშე, თუ მისთვის ჯერ არ მიუციათ იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს.
„დიდ სიხარულს მანიჭებს იმის ცოდნა, რომ პატარა წვლილი შევიტანე ღვთის სახელის განდიდებასა და იმის დამტკიცებაში, რომ სატანა მატყუარაა“
24 ღირდა სამწლიანი ბრძოლა ძალისხმევად? ეიპრილის აზრით, ნამდვილად ღირდა. ახლა ის კარგად გრძნობს თავს და პიონერად მსახურობს. ეიპრილი ამბობს: „დიდ სიხარულს მანიჭებს იმის ცოდნა, რომ პატარა წვლილი შევიტანე ღვთის სახელის განდიდებასა და იმის დამტკიცებაში, რომ სატანა მატყუარაა“. მისი შემთხვევიდან ჩანს, რომ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ მტკიცე პოზიციის დაკავება და იმის დამტკიცება, რომ ღვთის სამეფოს ნამდვილი მოქალაქეები არიან (მათ. 21:16).
იეჰოვას ნორმების თანახმად შვილების აღზრდის უფლება
25, 26. ზოგჯერ რა პრობლემა იჩენს თავს განქორწინების შემდეგ?
25 იეჰოვამ მშობლებს მიანდო პასუხისმგებლობა, რომ შვილები მისი ნორმების თანახმად აღზარდონ (კან. 6:6—8; ეფეს. 6:4). ამ პასუხისმგებლობის შესრულება ადვილი არ არის, მაგრამ განქორწინების შემთხვევაში ის შეიძლება გაცილებით რთული იყოს. შესაძლოა, მშობლებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ შვილების აღზრდაზე. მაგალითად, იეჰოვას მოწმე მშობელს ძალიან სურს, შვილი ქრისტიანული ნორმების თანახმად აღზარდოს, რასაც მეორე მშობელი შეიძლება არ ეთანხმებოდეს, რადგან მის მრწამსს არ იზიარებს. რა თქმა უნდა, იეჰოვას მოწმე მშობელი პატივისცემით უნდა მოეკიდოს იმ ფაქტს, რომ განქორწინების დროს ცოლ-ქმარს შორის გაწყვეტილი კავშირის მიუხედავად მშობელსა და შვილს შორის კავშირი უცვლელი რჩება.
26 მშობელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, შეიძლება სასამართლოს მიმართოს შვილზე ან შვილებზე მეურვეობის ასაღებად, რათა თავად იყოს პასუხისმგებელი მათ რელიგიურ აღზრდაზე. ზოგის აზრით, იეჰოვას მოწმედ აღზრდა ბავშვისთვის საზიანოა. შეიძლება ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი ბავშვი მოკლებული იქნება დაბადების დღეებისა და სხვა დღესასწაულების აღნიშვნას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ სისხლის გადასხმის გარეშე დარჩება. საბედნიეროდ, სასამართლოების უმეტესობა წინა პლანზე ბავშვის ინტერესებს აყენებს და არა იმას, რამდენად საზიანოდ მიაჩნიათ მშობლის რელიგია. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი.
27, 28. როგორი იყო ოჰაიოს უზენაესი სასამართლოს პასუხი ბრალდებაზე, რომ იეჰოვას მოწმედ აღზრდა საზიანო იყო ბავშვისთვის?
27 შეერთებული შტატები. 1992 წელს ოჰაიოს შტატის უზენაესმა სასამართლომ განიხილა მამაკაცის საქმე, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო და აცხადებდა, რომ იეჰოვას მოწმედ აღზრდა საზიანო იქნებოდა მისი მცირეწლოვანი ვაჟისთვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მამის მოთხოვნა და ბავშვის მეურვედ ის დანიშნა. დედას, ჯენიფერ პატერს, შვილის მონახულების უფლება ჰქონდა, მაგრამ ეკრძალებოდა „იეჰოვას მოწმეთა შეხედულებების რაიმე ფორმით სწავლება ან გაცნობა“. ეს გადაწყვეტილება ძალიან ზოგადი იყო, რადგან შეიძლებოდა ისეც გაგებულიყო, რომ და პატერს თავის შვილთან, ბობისთან, ბიბლიაზე ან ბიბლიის ზნეობრივ ნორმებზე საუბარიც კი ეკრძალებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და პატერის განცდები? თუმცა ჯენიფერი განადგურებული იყო, მან მოთმინება და იეჰოვაზე მინდობა ისწავლა. ის ამბობს: „იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“. ჯენიფერის ადვოკატმა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის დახმარებით მისი საქმე ოჰაიოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
28 სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „მშობლების ძირითადი უფლებაა, ასწავლონ შვილებს, რაც მათთვის ზნეობრივი და რელიგიური ფასეულობების ჩანერგვასაც გულისხმობს“. სასამართლოს განცხადებით, თუ არ დამტკიცდებოდა, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ფასეულობები ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზიანს აყენებდა, სასამართლოს უფლება არ ექნებოდა, რელიგიის საფუძველზე შეეზღუდა მეურვეობის უფლება. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეხედულებები უარყოფით გავლენას ახდენდა ბავშვის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ბევრმა სასამართლომ ქრისტიანი მშობლების სასარგებლოდ გადაჭრა ბავშვზე მეურვეობის საკითხი
29—31. რატომ დაკარგა დანიელმა დამ შვილზე მეურვეობის უფლება და რა გადაწყვეტილება მიიღო დანიის უზენაესმა სასამართლომ?
29 დანია. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა ანიტა ჰანსენი, რომლის ყოფილმა ქმარმაც სასამართლოს მიმართა მათი შვიდი წლის გოგონაზე, ამანდაზე მეურვეობის მისაღებად. თუმცა 2000 წელს საოლქო სასამართლომ და ჰანსენს მიანიჭა მეურვეობის უფლება, ამანდას მამამ გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მეურვეობის უფლება მამას გადასცა. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან მშობლებს რელიგიური შეხედულებების გამო ურთიერთსაპირისპირო წარმოდგენა ჰქონდათ ცხოვრებაზე, მამა უკეთ შეძლებდა შედეგად წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას. გადაწყვეტილებიდან ისე ჩანდა, რომ მეურვეობის დაკარგვის ძირითადი მიზეზი და ჰანსენის რელიგია იყო!
30 ამ მძიმე განსაცდელის დროს და ჰანსენი ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არ იცოდა, რაზე ელოცა. ის იხსენებს: „ძალიან მანუგეშებდა რომაელების 8:26-ე და 27-ე მუხლებში ჩაწერილი აზრები. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ იეჰოვას ესმოდა, რისი თქმა მინდოდა. მას თვალი ეჭირა ჩემზე და ყოველთვის ჩემთან იყო“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8; ესაიას 41:10).
31 და ჰანსენმა საქმე დანიის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: „მეურვეობის საკითხი გადაწყდება იმის გათვალისწინებით, თუ რა იქნება ბავშვისთვის საუკეთესო“. სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ მეურვეობის საკითხი გადაწყდებოდა იმის საფუძველზე, თუ როგორ აგვარებდა თითოეული მშობელი საწინააღმდეგო აზრებით გამოწვეულ პრობლემებს და არა იეჰოვას მოწმეების „სწავლებებისა და შეხედულებების“ საფუძველზე. და ჰანსენის სასიხარულოდ, სასამართლომ აღიარა, რომ ის შეძლებდა ბავშვზე სათანადოდ ზრუნვას და მას ამანდაზე მეურვეობის უფლება დაუბრუნა.
32. როგორ დაიცვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე მშობლები დისკრიმინაციისგან?
32 ევროპის სხვა ქვეყნები. ზოგ შემთხვევაში ბავშვზე მეურვეობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციებიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდა. ორ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცნო, რომ ქვემდგომი ეროვნული სასამართლოები მხოლოდ რელიგიური შეხედულებების საფუძველზე სხვადასხვანაირად მოეპყრნენ მოწმე და არამოწმე მშობლებს. სასამართლომ ასეთ მოპყრობას დისკრიმინაცია უწოდა და დაადგინა, რომ „მხოლოდ განსხვავებული რელიგიური შეხედულებების საფუძველზე ადამიანთა დაყოფა მიუღებელია“. ერთმა დამ, რომლის საქმეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მის სასარგებლოდ გადაწყდა, თქვა: „ძალიან მტკენდა გულს, რომ შვილებისთვის ზიანის მიყენებაში მადანაშაულებდნენ, მაშინ როცა მათთვის საუკეთესო მსურდა — მინდოდა ისინი ქრისტიანებად აღმეზარდა“.
33. როგორ შეუძლიათ იეჰოვას მოწმე მშობლებს ფილიპელების 4:5-ში ჩაწერილი პრინციპის გათვალისწინება?
33 იეჰოვას მოწმე მშობლები კეთილგონიერებას ავლენენ, როცა მათ შვილების გულებში ბიბლიური ნორმების ჩანერგვის უფლებას ედავებიან (წაიკითხეთ ფილიპელების 4:5). მათ ესმით, რომ, როგორც თავად აქვთ უფლება, შვილები ღვთის გზებით აღზარდონ, ისე მეორე მშობელსაც სურვილის შემთხვევაში აქვს უფლება, შვილების აღზრდაში თავისი წვლილი შეიტანოს. რამდენად სერიოზულად ეკიდებიან იეჰოვას მოწმეები შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას?
34. რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს ნეემიას დროს მცხოვრები იუდეველების მაგალითიდან?
34 ამას ცხადყოფს ნეემიას დროს მომხდარი შემთხვევა. იუდეველები მძიმედ შრომობდნენ, რომ იერუსალიმის გალავანი შეეკეთებინათ და აღედგინათ. მათ კარგად ესმოდათ, რომ ეს დაიცავდა მათ და მათ ოჯახებს გარშემო მცხოვრები მტრულად განწყობილი ერებისგან. ამიტომ ნეემია მათ მოუწოდებდა: „იბრძოლეთ თქვენი ძმებისთვის, თქვენი ვაჟებისა და თქვენი ასულებისთვის, თქვენი ცოლებისა და თქვენი სახლებისთვის!“ (ნეემ. 4:14). მათი ბრძოლა ღირდა ძალისხმევად. დღესაც იეჰოვას მოწმე მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ თავიანთი შვილები ჭეშმარიტებით აღზარდონ. მათ იციან, რომ სკოლასა თუ სამეზობლოში მათი შვილებისთვის მუდმივად არაჯანსაღი გარემოა. მასმედიის მეშვეობით ისინი სახლშიც შეიძლება მოექცნენ ცუდ გავლენაში. მშობლებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ძალისხმევად ღირს თქვენი ვაჟებისა და ასულებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ბრძოლა, სადაც ისინი სულიერად გაიზრდებიან და გაძლიერდებიან.
დარწმუნებული იყავით, იეჰოვა მხარს დაუჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას
35, 36. რა დადებითი შედეგები მოჰყვა ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას და რა გაქვთ გადაწყვეტილი?
35 იეჰოვამ მართლაც აკურთხა ძალისხმევა, რომ მის ორგანიზაციას თავისუფლად თაყვანისცემის უფლება მოეპოვებინა. ასეთი იურიდიული ბრძოლების დროს ღვთის ხალხმა კარგად დაუმოწმა მოსამართლეებსა თუ ფართო საზოგადოებას (რომ. 1:8). ამ გამარჯვებების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ მათ განამტკიცეს იმ ადამიანთა მოქალაქეობრივი უფლებები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან. თუმცა, როგორც ღვთის ხალხი, ჩვენ არ ვახდენთ სოციალურ რეფორმებს და არც საკუთარი თავის გამართლებისთვის ვიბრძვით. იეჰოვას მოწმეები სასამართლოებში იმიტომ იცავენ თავიანთ უფლებებს, რომ განამტკიცონ წმინდა თაყვანისმცემლობა და ხელი შეუწყონ მის წინსვლას (წაიკითხეთ ფილიპელების 1:7).
36 არასდროს ჩავთვალოთ უმნიშვნელოდ რწმენის ის მაგალითები, რომლებიც იეჰოვას თაყვანისცემის თავისუფლებისთვის მებრძოლმა და-ძმებმა დაგვიტოვეს! ჩვენც შევინარჩუნოთ ერთგულება და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა მხარს უჭერს ჩვენს საქმიანობას და კვლავაც გვაძლიერებს მისი ნების შესასრულებლად! (ეს. 54:17).
-