-
რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?გამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
-
-
რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?
იეჰოვას მოწმეების მრწამსი გასაიდუმლოებული არ არის, რადგან მათი ლიტერატურა ასობით ენაზეა ხელმისაწვდომი. ქვემოთ მოცემულია, ძირითადად, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს.
1. ბიბლია. იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). რელიგიის მეცნიერებათა პროფესორის თანაშემწემ, ჯეისონ ბედიუნმა აღნიშნა: „[იეჰოვას მოწმეები] თავიანთ მრწამსს ბიბლიაზე აფუძნებენ და თაყვანისმცემლობის დროს ზედმიწევნით მიჰყვებიან ღვთის სიტყვას“. მათ რწმენა ბიბლიის საფუძველზე უყალიბდებათ. ისინი თავისებურად არ ხსნიან ბიბლიას და არ ცდილობენ, მოირგონ ბიბლიური სწავლებები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოწმეები ბიბლიიდან ყველაფერს სიტყვასიტყვით არ იგებენ. მაგალითად, შემოქმედების შვიდ დღეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და გაცილებით დიდ პერიოდს მოიცავს (დაბადება 1:31; 2:4).
2. შემოქმედი. ჭეშმარიტმა ღმერთმა დაირქვა სახელი იეჰოვაa (ანუ იაჰვე, როგორც რომის კათოლიკურ ეკლესიის მიერ გამოცემულ „იერუსალიმის ბიბლიაში“ წერია, და სახელის ამ ფორმას ზოგი მეცნიერი უპირატესად მიიჩნევს), რომ ცრუ ღმერთებისგან განგვესხვავებინა (ფსალმუნი 83:18). ბიბლიის ორიგინალში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. იესომ ლოცვის ნიმუშში ყურადღება გაამახვილა ღვთის სახელზე. მან თქვა: „განიწმინდოს შენი სახელი“. ღმერთი სამართლიანად ითხოვს განსაკუთრებულ ერთგულებას. ამიტომ, იეჰოვას მოწმეები არ იყენებენ ხატებსა და გამოსახულებებს თაყვანისცემის დროს (1 იოანე 5:21).
3. იესო ქრისტე. იესო არის მხსნელი „ღვთის ძე“ და „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (იოანე 1:34; კოლოსელები 1:15; საქმეები 5:31). რამდენადაც იესო ღმერთმა შექმნა, შეუძლებელია ის სამების ნაწილი იყოს. „მამა ჩემზე დიდია“, — თქვა იესომ (იოანე 14:28). დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა. სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ იგი კვლავ ზეცაში დაბრუნდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მამასთან [მის] გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).
4. ღვთის სამეფო. ეს არის ზეციერი მთავრობა, რომელსაც სათავეში უდგას მეფე იესო ქრისტე და 144 000 თანამმართველი, რომლებიც არიან „დედამიწიდან ნაყიდი“ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3, 4; დანიელი 2:44; 7:13, 14). ისინი იმმართველებენ დედამიწაზე, სადაც ბოროტება აღარ იარსებებს. იქ მილიონობით ღვთისმოშიში ადამიანი დასახლდება (იგავები 2:21, 22).
5. დედამიწა. ეკლესიასტეს 1:4-ში ნათქვამია: „დედამიწა . . . მარადიულად რჩება“. როცა ბოროტები განადგურდებიან, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. სამოთხეში სიმართლის მოყვარული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ (ფსალმუნი 37:10, 11, 29). მაშინ შესრულდება იესოს სიტყვები: ‘იყოს ნება შენი დედამიწაზე’ (მათე 6:10).
6. ბიბლიური წინასწარმეტყველება. ‘შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს’ (ტიტე 1:2). ღვთის წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება, მათ შორის ბოლო დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები (ესაია 55:11; მათე 24:3—14). ვინ გადარჩება უფლის რისხვის დღეს? 1 იოანეს 2:17-ში ნათქვამია „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“.
7. ქვეყნიური მმართველები. იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან თავიანთი ქვეყნის კანონებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს (საქმეები 5:29; რომაელები 13:1—3).
8. ქადაგება. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ აღსასრულის მოსვლამდე (მათე 24:14). იეჰოვას მოწმეებისთვის დიდი პატივია ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობა. თითოეული პირადად წყვეტს, მოისმენს თუ არა ამ ცნობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:17).
9. ნათლობა. იეჰოვას მოწმეები მხოლოდ მათ ნათლავენ, ვისაც ბიბლიის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ სურვილი უჩნდება, იეჰოვას მოწმე გახდეს და ღმერთს ემსახუროს (ებრაელები 12:1). ისინი თავს უძღვნიან ღმერთს და მიძღვნის ნიშნად ინათლებიან (მათე 3:13, 16; 28:19).
10. სასულიერო და საერო პირებად დაყოფა. „თქვენ ყველანი ძმები ხართ“, — უთხრა იესომ თავის მიმდევრებს (მათე 23:8). პირველი ქრისტიანები, მათ შორის ბიბლიის დამწერები, არ მიეკუთვნებოდნენ სამღვდელოებას. იეჰოვას მოწმეებიც ბიბლიაში ჩაწერილის თანახმად იქცევიან, ამიტომ ისინი არ არიან კლასებად დაყოფილი.
[სქოლიო]
a იეჰოვას მოწმეებს თავად არ მოუგონიათ სახელი „იეჰოვა“. საუკუნეების წინათ ღვთის სახელი არაბიბლიურ წყაროებშიც მოიხსენიებოდა, მაგალითად, გერმანულ და ინგლისურ წყაროებში. სამწუხაროდ, ბიბლიის ზოგმა თანამედროვე მთარგმნელმა ღვთის სახელი ტიტულებით „ღმერთით“ და „უფლით“ შეცვალა, რითაც ბიბლიის ავტორის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინეს.
[ჩანართი 8 გვერდზე]
„მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28).
[ჩანართი 9 გვერდზე]
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
-
-
იურისტი იკვლევს იეჰოვას მოწმეების რელიგიასგამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
-
-
იურისტი იკვლევს იეჰოვას მოწმეების რელიგიას
„ძალიან ცოტა რამ ვიცოდი იეჰოვას მოწმეების შესახებ“, — ამბობს იურისტი ლეს სივენი, რომელიც ერთ-ერთი იურიდიული ფირმის დირექტორია სამხრეთ აფრიკაში. რატომ გადაწყვიტა მან იეჰოვას მოწმეების რელიგიის უკეთ გაცნობა? რა დასკვნა გააკეთა ლეს სივენმა მოწმეების მრწამსზე დაკვირვებით? აი, როგორ უპასუხა მან „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვებს.
რომელი რელიგიის მიმდევარი იყავით?
წარმოშობით ებრაელი ვარ. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დავქორწინდი ქეროლზე, რომელიც ანგლიკანი იყო. მას არ აინტერესებდა რელიგია. იმ დროს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით რელიგიას. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენი ვაჟი, ენდრიუ რვა წლის გახდა, ქეროლს სურვილი გაუჩნდა, რომ ბავშვი მორწმუნე გამხდარიყო. ერთმა რაბინმა გვითხრა, რომ თუ ქეროლი იუდაიზმზე მოექცეოდა, ენდრიუ ავტომატურად გახდებოდა იუდაიზმის მიმდევარი და 13 წლის ასაკში, სპეციალური მსახურების „ბარ-მიცვას“ აღნიშვნის შემდეგ, სრულწლოვნად აღიარებდნენ. ამიტომ, ჩვენ ახალმოქცეულებმა ყოველკვირა დავიწყეთ სინაგოგის სკოლაში სიარული.
როგორ გაიცანით იეჰოვას მოწმეები?
როდესაც მოწმეები ჩვენს კარზე აკაკუნებდნენ, ყოველთვის ვაწყვეტინებდი საუბარს და ვეუბნებოდი: „მე ებრაელი ვარ და ახალი აღთქმის არ მწამს“. მოგვიანებით ქეროლმა მითხრა, რომ მისი ერთი მეგობარი იეჰოვას მოწმე იყო და ძალიან კარგად იცოდა ბიბლია. ქეროლმა მთხოვა, ცოტათი მაინც გავრკვეულიყავით ბიბლიაში. დიდად არ მინდოდა, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე.
როგორ იმოქმედა თქვენზე ბიბლიის შესწავლამ?
მოწმეების მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. სწორედ მაშინ ამომიტივტივდა გონებაში, რომ რჩეული ერის შვილი ვიყავი და სიამაყით გავიხსენე ჩემი წინაპრების რელიგია. ჩემთვის გავიფიქრე: „რა უნდა მასწავლოს ამ ხალხმა?“. მოწმეს, რომელიც პირველად მოვიდა ჩვენს სახლში, ვუთხარი: „მე დავიბადე ებრაელად და მოკვდები ებრაელად. რა უნდა მითხრათ ისეთი, რომ აზრი შევიცვალო!“ ის პატივისცემით მოეკიდა ჩემს თვალსაზრისს. პარასკევ და ორშაბათ საღამოს ჩვენ დავდიოდით სინაგოგის სკოლაში, ხოლო კვირა დილით (თუ თავს ვერ დავიძვრენდი) მოწმეებთან ვსწავლობდით ბიბლიას. სინაგოგის სკოლისგან განსხვავებით, მოწმეები უფასოდ გვიტარებდნენ შესწავლას.
მოწმეებთან შესწავლის დროს ჩემს ებრაულ ბიბლიას ვიყენებდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი ისეთი თარგმანით სარგებლობდნენ, რომლებიც მათ სწავლებებს ერგებოდა. გავოცდი, როცა დავინახე, რომ ჩემი და მათი ბიბლია ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. ამის შემდეგ უფრო მეტად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მოწმეებისთვის დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე.
სინაგოგის სკოლაში რამდენჯერმე მისვლის შემდეგ ქეროლმა მითხრა, რომ რაბინებმა ბიბლია კარგად არ იცოდნენ. მან გადაწყვიტა, აღარ ევლო სინაგოგის სკოლაში, რადგან არ ეთანხმებოდა მათ იმაში, რომ იესო არ იყო ქრისტე ანუ ცხებული. იმდენად გამიტყდა გული, რომ ვიფიქრე, წერტილი დამესვა ჩვენი ქორწინებისთვის. როცა დავმშვიდდი, სხვა გამოსავალი ვიპოვე — გადავწყვიტე, კანონის ძალით დამემტკიცებინა ჩემი მეუღლისთვის, რომ იეჰოვას მოწმეები „ფანატიკოსების სექტას“ წარმოადგენდნენ და სიცრუეს ქადაგებდნენ.
რას მიაღწიეთ?
ერთმა რაბინმა მომცა წიგნი, რომლის თანახმადაც მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები იესოზე არ შესრულებულა. 18 თვე მე და ქეროლი ამ წიგნს ერთად ვსწავლობდით და ყოველკვირა იეჰოვას მოწმეებთანაც ვაგრძელებდით შესწავლას. რაბინების წიგნიდან თითოეული წინასწარმეტყველების განხილვის შემდეგ ნელ-ნელა ძირი ეთხრებოდა ჩემს რწმენას. რაბინების წიგნში მოყვანილი არგუმენტების საპირისპიროდ, მესიის შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები მხოლოდ ერთ ადამიანს — იესო ქრისტეს — ეხება. საბოლოოდ მაშინ გამინათდა გონება, როცა დანიელის 9:24—27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გავარჩიეთ. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ახ. წ.a 29 წელს უნდა გამოჩენილიყო. ერთმა მოწმემ მოგვცა „ებრაული წერილების სტრიქონობრივი თარგმანი“, რომელსაც იქვე დართული ჰქონდა სიტყვასიტყვითი თარგმანი ინგლისურ ენაზე. ყველა სიტყვა შევამოწმე და პირადად გამოვთვალე ქრონოლოგიური თანმიმდევრობის სიზუსტე. ამის შემდეგ ვკითხე მოწმეს: „ამ წინასწარმეტყველების გამოკვლევას ახ. წ. 29 წლამდე მივყავართ. რა კავშირი აქვს ამას იესოსთან?“
„ამ წელს მოინათლა იესო“, — მიპასუხა მოწმემ.
ენა ჩამივარდა! გაოცება ვერ დავმალე იმის გამო, თუ როგორი ზუსტი და ურთიერთშეთანხმებულია ბიბლიური წინასწარმეტყველებები.
რა რეაქცია ჰქონდათ მეგობრებს თქვენს ახალშეძენილ რწმენაზე?
ზოგი სერიოზულად შეშფოთდა. ისინი დაგვპირდნენ, რომ გაგვაცნობდნენ ისეთ ხალხს, რომლებიც დაგვარწმუნებდნენ, რომ მოწმეებმა თავიანთ რელიგიაში ჩაგვითრიეს. მაგრამ ჩვენთვის საკუთარი აზრი თავზე არავის მოუხვევია. ჩვენ ბრმად კი არ მიგვიღია რწმენა, არამედ ღრმა კვლევისა და ლოგიკური მსჯელობის შედეგად თავად მივედით სწორ დასკვნამდე.
რატომ გახდით იეჰოვას მოწმე?
თავდაპირველად სამეფო დარბაზში რამდენიმე შეხვედრას ვესწრებოდი ცოლთან ერთად, რომელიც უკვე იყო იეჰოვას მოწმე.b გულგრილი არ დამტოვა მოწმეებს შორის მეგობრულმა და თბილმა დამოკიდებულებამ; სხვადასხვა ეროვნების მიუხედავად, მათ უყვართ ერთმანეთი. ჩემი რელიგიის წევრებს შორის ასეთი რამ არ მინახავს. მოწმეებთან სამი წელი ვსწავლობდი ბიბლიას, რის შემდეგაც მოვინათლე.
ხომ არ ნანობთ, რომ იეჰოვას მოწმე გახდით?
ჩემთვის დიდი პატივია, ვიწოდებოდე იეჰოვას მოწმედ! როცა ვიხსენებ, რა სკეპტიკურად ვუყურებდი ჭეშმარიტებას, ვფიქრობ, რომ იეჰოვასგან დაუმსახურებლად მივიღე ამხელა სულიერი სიმდიდრე. არასდროს ვინანებ იმას, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთე!
რა კურთხევები მიიღეთ?
რომელი ერთი ჩამოვთვალო! განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთს — დღეს უხუცესად, სულიერ მწყემსად, ვმსახურობ კრებაში. აგრეთვე მაქვს პატივი, დავეხმარო იეჰოვას მოწმეების სამხრეთ აფრიკის ფილიალის იურიდიულ განყოფილებას. მაგრამ ყველაზე დიდი კურთხევა ის არის, რომ ვიცნობ იეჰოვასა და მის ძეს. დღეს კარგად მაქვს გააზრებული, რომ ამ ბოლო დღეებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები მალე კულმინაციას მიაღწევს მთელ მსოფლიოში.
[სქოლიოები]
a ახ. წ. ნიშნავს „ახალ წელთაღრიცხვას“. მესიის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველება განიხილება წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდი 197.
b ქეროლი დაიღუპა 1994 წელს. ლეს სივენი ხელმეორედ დაქორწინდა.
[ჩანართი 11 გვერდზე]
გაოცება ვერ დავმალე იმის გამო, თუ როგორი ზუსტი და ურთიერთშეთანხმებულია ბიბლიური წინასწარმეტყველებები
-
-
ხშირად დასმული კითხვებიგამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
-
-
ხშირად დასმული კითხვები
რატომ გამოდის ზოგი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ?
ბევრმა არ იცის, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს, სხვებს კი, როგორც ჩანს, არ მოსწონთ მათი სამქადაგებლო საქმიანობა. მოწმეები ამ საქმეს იმიტომ აკეთებენ, რომ უყვართ მოყვასი; მათ იციან, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13).
არიან იეჰოვას მოწმეები პროტესტანტები, ფუნდამენტალისტები ან რომელიმე სექტის წარმომადგენლები?
იეჰოვას მოწმეები არიან ქრისტიანები. ისინი არ არიან პროტესტანტები და კათოლიკეები, რადგან ამ რელიგიების სწავლებები არაბიბლიურია. მაგალითად, ბიბლია არ ასწავლის, რომ ღმერთი — სიყვარულის განსახიერება — მარადიულად აწამებს ხალხს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში; ის არც იმას ასწავლის, რომ სული უკვდავია და ქრისტიანები უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში (ეზეკიელი 18:4; იოანე 15:19; 17:14; რომაელები 6:23).a
„ფუნდამენტალიზმი პროტესტანტული მიმდინარეობაა, რომელიც ფართოდ გავრცელდა შეერთებულ შტატებში“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. ზოგი ფუნდამენტალისტური ორგანიზაციის წევრი „ბიბლიურ ტექსტებს სიტყვასიტყვით ხსნის და ამის საფუძველზე იკავებს სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობას“. ამას ვერ ვიტყვით იეჰოვას მოწმეებზე. როგორც მოვიხსენიეთ, ისინი არ მონაწილეობენ პოლიტიკაში და არც ხალხის მისაზიდად იყენებენ პოლიტიკურ თუ სხვა სისტემებს. ნაცვლად ამისა, ისინი ჰბაძავენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და პირადად ესაუბრებიან ადამიანებს; მათი ქადაგება გასაგები და დამაჯერებელია (საქმეები 19:8).
სექტა არის ჯგუფი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების ან იმის გამო გამოეყო რელიგიას, რომ ახალ რელიგიად ჩამოყალიბებულიყო. იეჰოვას მოწმეები არც ერთ ეკლესიას არ არიან გამოყოფილნი და, შესაბამისად, არც სექტას წარმოადგენენ.
როგორ ტარდება მოწმეების შეხვედრები?
იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე, რომელზე დასწრებაც ყველას შეუძლია, უმთავრესად ბიბლიას სწავლობენ. ისინი ხშირად დამსწრეებსაც აძლევენ აზრის გამოთქმის საშუალებას. მათი ერთ-ერთი ყოველკვირეული შეხვედრა, თეოკრატიული მსახურების სკოლა, ეხმარება კრების წევრებს, დახვეწონ სწავლებისა და კითხვის უნარი და ისწავლონ საკითხების ღრმად კვლევა. კიდევ ერთი 30-წუთიანი შეხვედრა, საჯარო მოხსენება, განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. ამ შეხვედრას, ჩვეულებრივ, „საგუშაგო კოშკის“ განხილვა მოჰყვება. შეხვედრები იწყება და მთავრდება სიმღერითა და ლოცვით. იქ არ ხდება თანხის აკრეფა და შესაწირავის თეფშის ჩამოტარება (2 კორინთელები 8:12).
როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა?
მოწმეების საქმიანობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით. ისინი ფულს არ იღებენ ნათლობის, ქორწილის, დაკრძალვისა თუ სხვა ცერემონიალის დროს. მოწმეებისთვის არანაირი გადასახადი არ არის დაწესებული. ნებისმიერს, ვისაც სურს შესაწირავის გაღება, შეუძლია თანხა ჩააგდოს სპეციალურ ყუთებში, რომლებიც სამეფო დარბაზში არ დგას თვალში საცემ ადგილას. იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ ბიბლიურ ლიტერატურას და აშენებენ მოკრძალებულ სამეფო დარბაზებსა თუ ფილიალის შენობებს, რაც მოხალისეთა შრომის წყალობით არც ისე ძვირი ჯდება.
იღებენ იეჰოვას მოწმეები სამედიცინო დახმარებას?
რასაკვირველია. მათ საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ თავიანთთვის და თავიანთი ახლობლებისთვის. ბევრი მოწმე თავად არის ექიმი, ექთანი ან ქირურგი; ბევრი სასწრაფო დახმარების სამსახურშიც მუშაობს. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. ბიბლიაში ნათქვამია: ‘მოერიდეთ სისხლს’ (საქმეები 15:28, 29). აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ექიმების რიცხვი, რომლებიც უსისხლო ქირურგიას მკურნალობის „ოქროს სტანდარტს“ უწოდებენ; ისინი უარს ამბობენ სისხლის შემცველი პრეპარატების გამოყენებაზე და ამგვარად თავს იზღვევენ სისხლის გადასხმით გამოწვეული არაერთი გართულებისგან.
[სქოლიო]
a ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ბიბლიურ თვალსაზრისს შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
რელიგიური შემწყნარებლობა
სამხრეთ მექსიკის ქალაქი ბეხუკალ-დე-ოკამპო სხვა ქალაქებისგან იმით გამოირჩევა, რომ „მოსახლეობის უმეტესობა იეჰოვას მოწმეები არიან. ქალაქში რელიგიური და პოლიტიკური შემწყნარებლობაა . . . იქ არც უზომოდ სვამენ და არც სიგარეტს ეწევიან. ხალხი ბიბლიას კითხულობს და საგალობლებს მღერის. ისინი აგრეთვე პატივს სცემენ მთავრობის წარმომადგენლებს“, — ნათქვამია ერთ გაზეთში (Excélsior).
რელიგიური სხვადასხვაობის მიუხედავად, ქალაქში „რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები და შეხლა-შემოხლა არ ხდება. ხალხი ერთმანეთის მიმართ არ არის მტრულად განწყობილი და ერთმანეთს გულთბილად ესალმებიან . . . ყველას შეუძლია თავისუფლად შეასრულოს თავისი რელიგიური მსახურება და ამის გამო საზოგადოებისგან არ იყოს გარიყული. ბეხუკალ-დე-ოკამპოში არავის უკვირს, რომ იქ ბევრი მოწმეა“, — ნათქვამია ზემოხსენებულ გაზეთში. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეების შვილები „მოკრძალებულად იცვამენ, კარგად სწავლობენ და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან სკოლაში“, — თქვა სკოლის მასწავლებელმა, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე.
-