საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გავრცელებული შეხედულება იეჰოვას მოწმეებზე
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 სექტემბერი
    • ქალმა თვალი მოჰკრა იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სტენდებით ქადაგებენ და მათზე დაიწყო ფიქრი

      მთავარი თემა

      გავრცელებული შეხედულება იეჰოვას მოწმეებზე

      „მაიკს წლებია ვიცნობ. ის იეჰოვას მოწმეა. ყოველთვის მიკვირდა, რა უნდოდა ამ რელიგიაში. არ ვიცოდი, ვინ იყო იეჰოვა, არც ის ვიცოდი, რატომ არ ზეიმობდნენ მოწმეები დღესასწაულებს. ვფიქრობდი: ნეტა სექტაში ხომ არ არის-თქო მაიკი ჩათრეული?“ (ბეკი, კალიფორნია, აშშ).

      «როდესაც ჩემმა მეზობლებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, ჩემთვის ვფიქრობდი: „ნეტა რატომ ჰქვიათ იეჰოვას მოწმეები? რა უცნაურად ჟღერს ეს სახელი რელიგიისთვის“» (ზენონი, ონტარიო, კანადა).

      „მე და ჩემი ცოლი ეკლესიაში აღარ დავდიოდით, რის გამოც თავს ცოტა არ იყოს დამნაშავედ ვგრძნობდით. როცა იეჰოვას მოწმეებმა მოგვაკითხეს, ვიფიქრეთ, რომ მათ ამით ისარგებლეს. გვეგონა, რომ თუ ძირითად რელიგიებში ვერ ვიპოვეთ ის, რასაც ვეძებდით, ვერც იეჰოვას მოწმეების საეჭვო სექტაში ვიპოვიდით“ (კენტი, ვაშინგტონი, აშშ).

      „გულწრფელად რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყვნენ იეჰოვას მოწმეები და რა სწამდათ მათ“ (სესილი, ესბიერგი, დანია).

      ალბათ გინახავთ, როგორ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები კარდაკარ თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და როგორ სთავაზობენ ადამიანებს ბიბლიურ ლიტერატურას თუ ბიბლიის უფასო შესწავლას. შესაძლოა ეს ჟურნალიც იეჰოვას მოწმეებმა მოგცეს. მაგრამ მაინც არ იცით, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები. შეიძლება თქვენც იზიარებთ რომელიმე ზემოხსენებული ადამიანის აზრს.

      თუ თავში მსგავსი კითხვები ან ფიქრები გიტრიალებთ, ვის უნდა მიმართოთ სწორი პასუხების მისაღებად? როგორ შეიძლება იმის გაგება, თუ რა სწამთ სინამდვილეში იეჰოვას მოწმეებს? როგორ ფინანსდება მათი საქმიანობა და თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ადგილები? რატომ მოდიან ისინი თქვენს კართან ან რატომ გესაუბრებიან ქუჩაში?

      „იეჰოვას მოწმეების შესახებ ინტერნეტში ბევრი რამ წამიკითხავს. მათზე ბევრი ჭორი და წინასწარშექმნილი არასწორი აზრი მსმენია. ამიტომ იეჰოვას მოწმეების მიმართ უარყოფითად ვიყავი განწყობილი“, — ამბობს ზემოთ ხსენებული სესილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სესილი იეჰოვას მოწმეებს პირადად გაესაუბრა, თავის კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო.

      თქვენც ხომ არ ისურვებდით სიმართლე გაგეგოთ იეჰოვას მოწმეების შესახებ? საამისოდ, მიმართეთ ყველაზე სანდო და ზუსტი ინფორმაციის წყაროს — თავად იეჰოვას მოწმეებს (იგავები 14:15). ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი სტატიების მეშვეობით გაიგებთ, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები, რა სწამთ მათ და რა საქმიანობას ეწევიან.

  • ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 სექტემბერი
    • სამეფო დარბაზში განსხვავებული ეროვნების იეჰოვას მოწმეები ერთმანეთს ესალმებიან

      მთავარი თემა | ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

      ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

      ჩვენ ვართ სხვა რელიგიებისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენი მთავარი სამმართველო შეერთებულ შტატებში მდებარეობს, თუმცა იეჰოვას მოწმეების დიდი უმეტესობა სხვა ქვეყნებში ცხოვრობს. დაახლოებით რვა მილიონი იეჰოვას მოწმე ბიბლიას ვასწავლით 230-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, რითაც ვასრულებთ იესოს სიტყვებს: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14).

      იეჰოვას მოწმეები ყველგან, სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, თუმცა პოლიტიკურად ნეიტრალურები ვრჩებით. და ეს იმიტომ, რომ ვითვალისწინებთ ქრისტიანებისთვის ნათქვამ იესოს სიტყვებს: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“. აქედან გამომდინარე, არანაირ მონაწილეობას არ ვღებულობთ პოლიტიკაში და საომარ მოქმედებებში (იოანე 15:19; 17:16). მეორე მსოფლიო ომის დროს იეჰოვას მოწმეებს აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ იმის გამო, რომ კომპრომისზე არ მიდიოდნენ. ერთმა ყოფილმა გერმანელმა ეპისკოპოსმა იეჰოვას მოწმეების შესახებ დაწერა: „მხოლოდ მათ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ისინი ერთადერთნი იყვნენ, რომლებიც რელიგიური მრწამსის გამო მხარს არ უჭერდნენ მესამე რაიხს“.

      „[იეჰოვას მოწმეები] მაღალი ზნეობით გამოირჩევიან. შეგვეძლო ამ უანგარო ხალხისთვის მაღალი პოლიტიკური თანამდებობები შეგვეთავაზებინა, მაგრამ ამაზე ისინი არასოდეს დათანხმდებიან ... ისინი აღიარებენ სახელმწიფოს ძალაუფლებას, მაგრამ სწამთ, რომ კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ღვთის სამეფოს ძალუძს“.

      მართალია, პოლიტიკაში არ ვერევით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებისგან იზოლირებულნი ვართ. იესომ ლოცვაში ღმერთს თავის მიმდევრებზე სთხოვა: „იმას არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი“ (იოანე 17:15). ამიტომ ჩვენი ნახვა ყველგან შეგიძლიათ, მაგალითად, ქუჩაში ან მაღაზიაში; ჩვენ შეიძლება თქვენი თანამშრომლებიც კი ვიყოთ ან ერთ სასწავლებელში ვსწავლობდეთ.

      ქვეყნები, სადაც ბევრი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს

      • შეერთებული შტატები 1 190 000

      • მექსიკა 800 000

      • ბრაზილია 770 000

      • ნიგერია 330 000

      • იტალია 250 000

      • იაპონია 220 000

      დღევანდელი ისრაელის ტერიტორია

      ვებ-გვერდზე www.pr2711.com უყურეთ ვიდეორგოლს „სპეციალური კონგრესი ისრაელში“ და ნახეთ, როგორ დასძლიეს ებრაელმა და პალესტინელმა მოწმეებმა ეროვნული და ეთნიკური სიძულვილი (იხილეთ ჩვენ შესახებ > კონგრესები).

  • რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 სექტემბერი
    • იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი შვილებს ბიბლიას ასწავლის

      მთავარი თემა | ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

      რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

      იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლია ჩვენთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც გვაცნობს შემოქმედს და გვასწავლის აზრიან ცხოვრებას.

      ბიბლიაში ვკითხულობთ: „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18). აქედან გამომდინარე, ჩვენ თაყვანს ვცემთ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს და როგორც მისი მოწმეები, ვცდილობთ, ღვთის საკუთარი სახელი ყველას ვაუწყოთ (ესაია 43:10—12).

      ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვწამს, რომ იესო ქრისტე, ღვთის ძე,a დედამიწაზე მოვლენილი მესია იყო (იოანე 1:34, 41; 4:25, 26). სიკვდილის შემდეგ იესო ზეცად ამაღლდა (1 კორინთელები 15:3, 4). მოგვიანებით ის ღვთის სამეფოს მეფე გახდა (გამოცხადება 11:15). ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა, რომელიც დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს (დანიელი 2:44). „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11, 29).

      „როცა ბიბლიას კითხულობენ, სჯერათ, რომ ამ წიგნის მეშვეობით მათ ღმერთი ელაპარაკება. როცა პრობლემების წინაშე დგებიან, ბიბლიას იღებენ და გამოსავალს იქ ეძებენ . . . მათთვის ღვთის სიტყვა დღემდე ცოცხალია“. (კათოლიკე მღვდელმსახურ ბენჯამინ ჩერაიატის ეს სიტყვები დაიბეჭდა გერმანიაში გამომავალ ერთ გაზეთში Münsterländische Volkszeitung)

      იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ბიბლიური პრინციპები დღესაც გამოსადეგი და აქტუალურია (ესაია 48:17, 18). ამიტომ ზედმიწევნით ვცდილობთ, დავიცვათ ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები. მაგალითად, რადგან ბიბლია გვაფრთხილებს, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ბილწავს გონებას და სხეულს, ჩვენ თავს ვიკავებთ თამბაქოს მოწევისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისგან (2 კორინთელები 7:1). გარდა ამისა, ვერიდებით იმას, რასაც ბიბლია მკაცრად განსჯის, მაგალითად, ლოთობას, სექსუალურ უზნეობასა და ქურდობას (1 კორინთელები 6:9—11).

      a ბიბლია იესოს „მხოლოდშობილ ძესაც“ უწოდებს, ვინაიდან ის იყო პირველი და ერთადერთი ქმნილება, რომელიც უშუალოდ იეჰოვამ შექმნა (იოანე 3:18; კოლოსელები 1:13—15).

      მშობლები სიხარულით შესცქერიან პატარა ბიჭუნას, რომელიც საჩუქარს ხსნის

      ჩვენი მრწამსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და იმის გასაგებად, თუ რატომ არ ვზეიმობთ დღესასწაულებს ან რატომ ვამბობთ უარს სისხლის გადასხმაზე, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.pr2711.com და იხილეთ განყოფილება ჩვენ შესახებ > ხშირად დასმული კითხვები.

  • როგორ ფინანსდება ჩვენი საქმიანობა?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 სექტემბერი
    • ადამიანი, რომელიც შესაწირავის ყუთში ფულს აგდებს

      მთავარი თემა | ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

      როგორ ფინანსდება ჩვენი საქმიანობა?

      ყოველ წელს ჩვენ ვბეჭდავთ და ვავრცელებთ ასობით მილიონ ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ ლიტერატურას. მთელ მსოფლიოში ვაშენებთ ფილიალებსა და სტამბებს. ათობით ათასი კრება იკრიბება თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ მოკრძალებულ, თუმცა ლამაზ შენობებში, რომლებსაც „სამეფო დარბაზებს“ ვუწოდებთ. საინტერესოა, ვინ აფინანსებს ამ ყოველივეს?

      ჩვენი საქმიანობა მთლიანად ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდება (2 კორინთელები 9:7). 1879 წელს ამ ჟურნალის მეორე ნომერში აღნიშნული იყო: «ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვა უჭერს მხარს „სიონის საგუშაგო კოშკის“ [ასე უწოდებდნენ მაშინ ამ ჟურნალს] გამოცემას. ამიტომ არასოდეს ვთხოვთ ადამიანებს ფინანსურ დახმარებას». ჩვენ დღემდე ამ კურსს მივყვებით.

      შესაწირავები ან უშუალოდ ფილიალებში იგზავნება, ან იყრება ადგილობრივ სამეფო დარბაზებში არსებულ შესაწირავების ყუთში. ჩვენთან არ ხდება საეკლესიო გადასახადის გადახდა და ფულის აგროვება; ჩვენ არც მსახურებაში ვიღებთ ფულს და არც პუბლიკაციებში. ჩვენ ფულს არ გვიხდიან ქადაგებაში, კრების შეხვედრებზე თემით გამოსვლისას და არც მაშინ, როცა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ შენობებს ვაშენებთ. იესომ თქვა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). ჩვენს ფილიალებში თუ მთავარ სამმართველოში მომსახურე ყველა მოხალისე, მათ შორის იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, რელიგიურ გაერთიანებას მიეკუთვნებიან, რომლებსაც ხელფასს არ უხდიან.

      „იეჰოვას მოწმეების ყველა საქმიანობა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, ხორციელდება ნებაყოფლობით. თითოეული მათგანი პირადად წყვეტს, რამდენად ხშირად და რა რაოდენობის თანხა გაიღოს შესაწირავის სახით“. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011)

      შემოწირული თანხა აგრეთვე ხმარდება სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულთა დახმარებას. პირველ საუკუნეში ქრისტიანები სიამოვნებით ეხმარებოდნენ გაჭირვებაში ჩაცვენილ და-ძმებს (რომაელები 15:26). მათ მსგავსად, ჩვენც ვამარაგებთ დაზარალებულებს საკვებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით. გარდა ამისა, თანაქრისტიანებს დანგრეული სახლებისა და თაყვანისმცემლობის ადგილების აღდგენაში ვეხმარებით.

      მომღიმარი პატარა ბიჭუნა

      ვებ-გვერდზე www.pr2711.com უყურეთ ვიდეორგოლს „ტაიფუნი ფილიპინებზე — სტიქიამ ვერ გატეხა იეჰოვას მოწმეები“. (იხილეთ ჩვენ შესახებ > საქმიანობა)

  • რატომ ვქადაგებთ?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 სექტემბერი
    • ორი იეჰოვას მოწმე ქადაგებს ახალგაზრდა ქალთან

      მთავარი თემა | ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

      რატომ ვქადაგებთ?

      იეჰოვას მოწმეები ყველაზე მეტად მასშტაბური სამქადაგებლო საქმიანობით გამოვირჩევით. ჩვენ ვქადაგებთ ყველგან, სადაც ხალხია — კარდაკარ თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რატომ ვაკეთებთ ამას?

      იეჰოვას მოწმეების ქადაგების მიზანი ღვთის განდიდება და მისი სახელის საჯაროდ გაცხადებაა (ებრაელები 13:15). ჩვენ აგრეთვე ვემორჩილებით იესო ქრისტეს მითითებას, რომელმაც თავის მიმდევრებს მოუწოდა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).

      გარდა ამისა, ჩვენ გვიყვარს მოყვასი (მათე 22:39). ვიცით, რომ უმრავლესობას საკუთარი რელიგია აქვს და ყველა არ დაინტერესდება ჩვენი ცნობით. თუმცა გვესმის, რომ ბიბლიური სწავლებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ მივყვებით პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს, რომლებიც „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:41, 42).

      სოციოლოგმა ანტონიო კოვა მადურომ დაწერა, „თუ რა ძალისხმევის, თავგანწირვისა და რისკის ფასად უჯდებათ იეჰოვას მოწმეებს, რომ ღვთის სიტყვამ დედამიწის უშორეს წერტილებამდე მიაღწიოს“. (ამონარიდი ვენესუელაში გამომავალი გაზეთიდან El Universal)

      ჩვენს ლიტერატურას უმეტესწილად ისინი კითხულობენ, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. მილიონობით ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ბიბლიას სწავლობენ, სხვა რელიგიას მიეკუთვნებიან. მიუხედავად ამისა, ისინი მადლიერნი არიან, რომ იეჰოვას მოწმეები აკითხავენ.

      შეიძლება, იეჰოვას მოწმეების შესახებ სხვა კითხვებიც გაგიჩნდეთ. პასუხების მისაღებად შეგიძლიათ . . .

      • მიმართოთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს.

      • ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.pr2711.com.

      • დაესწროთ ჩვენს შეხვედრებს, რომლებზე დასწრებაც ყველასთვის უფასოა.

      იესო ორ მოწაფეს საქადაგებლად გზავნის
      დათოვლილი მთები

      დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენს ვებ-გვერდზე www.pr2711.com უყურეთ სრულმეტრაჟიან ფილმს „იეჰოვას მოწმეები ორგანიზებულნი არიან სასიხარულო ცნობის საუწყებლად“. (იხილეთ პუბლიკაციები > ვიდეოჩანაწერები)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება