„ჩაეჭიდეთ იმას, რაც გაქვთ“
იეჰოვას მოწმეების ჯგუფი კიკლადების 30 კუნძულიდან (საბერძნეთი) ერთ-ერთზე ქადაგებდა. როდესაც ორი მათგანი ქუჩას დაუყვა, პოლიციელი შეხვდათ და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა. იქ მისვლისთანავე ტელეფონმა დარეკა. სოფლის მღვდელი რეკავდა. „გავიგე, რომ სოფელში იეჰოვას მოწმეები არიან“, — თქვა მან. „დიახ, აქ მყავს ორი მათგანი“, — უპასუხა პოლიციელმა. „ახლავე მოვალ“, — თქვა მღვდელმა. საუბრის ტონმა ძმები ცოტა შეაშინა.
მაგრამ მღვდელი ღიმილით შემოვიდა, ხელი ჩამოართვა მათ და პოლიციელის გვერდით ჩამოჯდა. საუბრისას პოლიციელმა კამათი დაიწყო, მღვდელი კი მშვიდი და თავაზიანი იყო. მან პოლიციელს უთხრა, მოწმეებისთვის ზერელედ არ შეეხედა, და დაამატა: „მათ ნებისმიერ კითხვაზე შეუძლიათ პასუხის გაცემა, იმიტომ რომ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში სწავლობენ. დედამიწის მორყევა უფრო ადვილია მისი საძირკვლებიდან, ვიდრე ის, რომ იეჰოვას მოწმეს რწმენა შეაცვლევინო“.
მეორე დილას, ქადაგებისას, ძმები კვლავ შეხვდნენ ამ მღვდელს და ჰკითხეს: „რატომ იყავით პოლიციის განყოფილებაში ჩვენთან საუბრისას ასე მეგობრულად განწყობილი?“ მღვდელმა უთხრა მათ, რომ იეჰოვას ბევრ მოწმეს იცნობდა საიროსში და რომ მრავალი წელი იყო, რაც ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ კითხულობდა. ის „საგუშაგო კოშკს“ ხშირად თავის საქაღალდეში მალავს და ეკლესიაში ქადაგებისას იყენებს. მან აღნიშნა: „მე ვფიქრობ, ჩემს სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა, თქვენი ლიტერატურა რომ არ მქონოდა. ის მაძლევს სიცოცხლის ძალას“.
მოგვიანებით მღვდელმა უთხრა მოწმეებს: „ერთი რამ უნდა გითხრათ. ჩაეჭიდეთ იმას, რაც გაქვთ. არ შეცდეთ და არ მიატოვოთ ის. რასაც ახლა გეუბნებით, ჩემი სუკეთესო ქადაგებაა; მე ამას ზერელედ კი არა, მთელი გულით გეუბნებით“.