როცა იეჰოვას მოწმეები გაკითხავენ
რას უნდა აკეთებდნენ კათოლიკეები, როცა მათ იეჰოვას მოწმე აკითხავს სახლში? იტალიური საეპისკოპო კონფერენციის ეროვნული საკატეხიზისო ბიუროს მიერ მომზადებულ ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში ნათქვამია: „ამ შემთხვევაში საუბარზე ალერსიანი, მაგრამ მაინც მტკიცე უარი წყალობის ნაკლებობას არ წარმოადგენს“.
ამას ყველა კათოლიკე არ ეთანხმება, როგორც ეს ჩანს ფოჯაში (იტალია) მცხოვრები მამაკაცის მიერ ერთ-ერთი ყოველდღიური გაზეთის (Gazzetta del Mezzogiorno) რედაქციისთვის მიწერილი წერილიდან:
„მე არ ვარ იეჰოვას მოწმე. კათოლიკე ვარ. მაგრამ მე მაოცებს ეკლესიის მიერ მორწმუნეებისთვის დადგენილი გარკვეული წესები — კარზე მიაკრან გაფრთხილება, რომ არ ღებულობენ იეჰოვას მოწმეებს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხალხი, უბრალოდ, ღვთის სიტყვას ქადაგებს და სხვებს ბიბლიის ღრმა შემეცნების მიღებაში ეხმარება. მახსენდება ის დრო, როცა იტალიას ქოლერამ შემოუტია და მოგვეცა რჩევა, თუ როგორ დაგვეცვა თავი ინფექციისგან.
ჩემი აზრით, ეს აჩვენებს, რომ ეკლესია მბრძანებლურად ადგენს საკუთარ წესებს და არ ითვალისწინებს იმას, რაც მორწმუნეებს სურთ. მაგრამ ახლა რამდენიმე წელიწადია, ვხედავ, რომ კათოლიკეებიც დადიან კარდაკარ და იეჰოვას მოწმეთა სახლებსაც აკითხავენ; და ისინი სახლში უშვებენ მათ, ესაუბრებიან და არავის აგდებენ“.
იეჰოვას მოწმეები არ აძალებენ ხალხს, მიიღონ მათი ცნობა. პირიქით, ისინი ცდილობენ, გაუზიარონ სხვებს ღვთის სიტყვაში მოცემული იმედი, რომელშიც თვითონ ჰპოვეს ნუგეში ამ მშფოთვარე დროს. კარდაკარ სიარულით, აგრეთვე ქუჩაში შემხვედრ ადამიანებთან საუბრით იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ კეთილ ცნობას უზიარებენ მათ, ვინც მზად არიან მოსასმენად (მათე 24:14; საქმეები 5:42; 17:17).