მოწმეები ხელისუფლების წარმომადგენლების შექებას იმსახურებენ
ესპანეთის საპორტო ქალაქ კადისში, რომელიც მადრიდიდან სამხრეთ-დასავლეთით 500 კილომეტრითაა დაშორებული, ქალაქის მერმა, ქალბატონმა თეოფილა მარტინესმა, იეჰოვას მოწმეებს გადასცა დაფა, რომელზეც ეწერა: „კადისის საქალაქო საბჭო მოსახლეობის სახელით მადლობას უხდის იეჰოვას მოწმეებს თანამშრომლობისა და ქალაქის სასარგებლოდ გაწეული მუშაობისთვის“. როგორ გაითქვეს სახელი იეჰოვას მოწმეებმა?
მოწმეები მას შემდეგ გახდნენ ცნობილი, რაც გაარემონტეს ქალაქის სტადიონის გარკვეული ნაწილი. რამდენიმე შაბათ-კვირის განმავლობაში ასობით მოხალისე მოწმე მონაწილეობდა კარანსას სახელობის ფეხბურთის სტადიონის პირველ სართულზე განლაგებული გასახდელების გარემონტებაში. ახლა კი ყველას შეუძლია ისარგებლოს რადიატორებით, წყალგაყვანილობითა და ახალდაგებული იატაკით.
უკვე გარკვეული პერიოდია, რაც იეჰოვას მოწმეებს კარგი ურთიერთობა აქვთ კადისის გამგებლობასთან. ყოველ წელს საქალაქო საბჭოს ნებართვით იეჰოვას მოწმეები კონგრესების ჩასატარებლად სარგებლობენ კარანსას სახელობის სტადიონით. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სტადიონი კარგ მდგომარეობაში იყოს.
გარდა იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები დროდადრო ფიზიკურად ეხმარებიან ადამიანებს, ისინი რეგულარულად ინახულებენ მათ სხვაგვარი დახმარების აღმოსაჩენად. მოწმეები საჯაროდ ქადაგებენ „კეთილ ცნობას“ სამეფოს შესახებ, რასაც იმ მიზნით კი არ აკეთებენ, რომ ადამიანების ქება დაიმსახურონ, არამედ შეასრულონ იესოს მოთხოვნა, რომელიც მოუწოდებდა მათ, ექადაგათ ‘სახარება სასუფევლის შესახებ’ და ‘მოემოწაფებინათ ყველა ხალხი’ (მათე 24:14; 28:19). ამგვარად, იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ ამ საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად დაეხმარებიან ადამიანებს, დაადგნენ „სიმართლის გზას“ (იგავნი 12:28).