საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ივლისი
    • იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებს

      «აღდექ [„დედაკაცო“, აქ], განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე» (ესაია 60:1).

      1, 2. ა) რა მდგომარეობაშია კაცობრიობა? ბ) ვინ დგას მსოფლიოში არსებული სიბნელის მიღმა?

      „ო,ნეტავ ცოცხალი იყოს ესაია ან წმიდა პავლე!“. ასეთი ნაღვლიანი სიტყვები აღმოხდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. რა იყო ამის მიზეზი? ის გრძნობდა, რომ მსოფლიოს მაღალზნეობრივი ნორმებით გამორჩეული ლიდერები ესაჭიროებოდა. კაცობრიობამ ის-ის იყო თავი დააღწია მეორე მსოფლიო ომს, მე-20 საუკუნის ყველაზე შავბნელ პერიოდს. ომის დასრულების მიუხედავად, მსოფლიოში მშვიდობა მაინც არ სუფევდა. სიბნელეც კვლავინდებურად რჩებოდა. სინამდვილეში, ომიდან 57 წლის გასვლის შემდეგაც კი, მსოფლიო კვლავაც ბნელით არის მოცული. პრეზიდენტი ტრუმენი დღესდღეობით ცოცხალი რომ ყოფილიყო, უეჭველია, ის კვლავაც დაინახავდა მაღალზნეობრივი ნორმებით გამორჩეული, ესაიასა და მოციქულ პავლეს მსგავსი, ლიდერების საჭიროებას.

      2 არ ვიცით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ტრუმენმა ამის შესახებ, მაგრამ პავლე ლაპარაკობდა და თავის წერილებში გაფრთხილებასაც იძლეოდა იმ სიბნელესთან დაკავშირებით, რომელიც კაცობრიობას ზიანს აყენებს. მაგალითად, პავლე თანამორწმუნეებს აფრთხილებდა: „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ (ეფესელთა 6:12). ამ სიტყვებით პავლემ ცხადყო, რომ მან იცოდა არა მარტო იმ სულიერი სიბნელის არსებობის შესახებ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, არამედ იმის შესახებაც, თუ ვინ იყო სინამდვილეში ამ სიბნელის სათავე — ძლიერი დემონური ძალები, რომელთაც ‘წუთისოფლის მპყრობელები’ ეწოდებათ. რადგან მსოფლიოში არსებული სიბნელის მიღმა ძლიერი დემონური ძალები დგანან, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამ სიბნელის გაფანტვა?

      3. მიუხედავად კაცობრიობაზე გამეფებული სიბნელისა, რა იწინასწარმეტყველა ესაიამ მართალ ადამიანებთან დაკავშირებით?

      3 ასევე ესაიაც ლაპარაკობდა იმ სიბნელეზე, რომელიც კაცობრიობას ზიანს აყენებს (ესაია 8:22; 59:9). მაგრამ ჩვენს დღეებთან დაკავშირებით მან ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ ამ ბნელით მოცულ დროსაც კი, იეჰოვა გზას გაუნათებდა სინათლის მოყვარულთ. მართალია, პავლე და ესაია დღეს ჩვენ გვერდით არ არიან, მაგრამ სახელმძღვანელოდ მათი ღვთივსულიერი წერილები გვაქვს. იმის გასაგებად, თუ რა კურთხევები მოელით იეჰოვას მოყვარულთ, განვიხილოთ ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც მისი წიგნის მე-60 თავში ვკითხულობთ.

      სიმბოლური დედაკაცი სინათლეს ასხივებს

      4, 5. ა) რის გაკეთებას უბრძანებს იეჰოვა დედაკაცს და რას ჰპირდება მას? ბ) რა ამაღელვებელ ინფორმაციას შეიცავს ესაიას მე-60 თავი?

      4 ესაიას მე-60 თავის შესავალი სიტყვები სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქალისადმია მიმართული. ის სიბნელეში მიწაზეა გართხმული. უეცრად სიბნელეში სინათლის ნაკადი იჭრება და იეჰოვა ხმამაღლა აცხადებს: «აღდექ [„დედაკაცო“, აქ], განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე» (ესაია 60:1). დროა, დედაკაცი წამოდგეს და ღვთის ნათელი, ანუ მისი დიდება, აირეკლოს. რატომ? პასუხს მომდევნო მუხლში ვპოულობთ: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება“ (ესაია 60:2). როდესაც დედაკაცი იეჰოვას ბრძანებას ემორჩილება, მას არწმუნებენ, რომ ამას შესანიშნავი შედეგი მოჰყვება. იეჰოვა აცხადებს: „ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე“ (ესაია 60:3).

      5 ამ სამ მუხლში მოცემული ამაღელვებელი სიტყვები არის ესაიას მე-60 თავის შესავალიც და რეზიუმეც. მასში ნაწინასწარმეტყველებია, რა გადახდება თავს სიმბოლურ ქალს და ახსნილია, თუ როგორ შეგვიძლია, კაცობრიობაზე გამეფებული სიბნელის მიუხედავად, იეჰოვას სინათლეში ვიცხოვროთ. მაგრამ, რას ნიშნავს ამ სამ მუხლში მოცემული წინასწარმეტყველური სიმბოლოები?

      6. რას ასახიერებს ესაიას მე-60 თავში მოხსენიებული დედაკაცი და ვისით არის დედამიწაზე წარმოდგენილი?

      6 ესაიას 60:1—3-ში აღწერილი დედაკაცი სიონს, ანუ სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას ასახიერებს. დღესდღეობით, სიონი დედამიწაზე წარმოდგენილია ‘ღვთის ისრაელის’ დარჩენილი ნაწილით, ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველობის იმედის მქონე სულით ცხებული ქრისტიანების საერთაშორისო შესაკრებლით (გალატელთა 6:16). ეს სულიერი ერი 144000 წევრისგან შედგება და დღესდღეობით ესაიას მე-60 თავი „უკანასკნელ დღეებში“ დედამიწაზე მცხოვრებ ამ ერის წარმომადგენლებზე სრულდება (2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 14:1, სსგ). წინასწარმეტყველებაში ბევრი რამ არის ნათქვამი ამ ცხებული ქრისტიანების თანამსახურებზეც — ‘სხვა ცხვრებისგან’ შემდგარ ‘უამრავ ხალხზეც’ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16).

      7. რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სიონი 1918 წელს და როგორ იყო ეს ნაწინასწარმეტყველები?

      7 იყო თუ არა ისეთი დრო, როცა, წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული დედაკაცის მსგავსად, ‘ღვთის ისრაელი’ სიბნელეში იმყოფებოდა? დიახ, ეს 80 წელზე მეტი ხნის წინ იყო ასე. პირველი მსოფლიო ომის დროს, სულით ცხებული ქრისტიანები მთელი ძალით ცდილობდნენ სამქადაგებლო საქმიანობის გაგრძელებას. მაგრამ 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, ორგანიზებული სამქადაგებლო საქმიანობა, ფაქტობრივად, შეწყდა. ჯოზეფ რუტერფორდს, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, და სხვა პასუხისმგებელ ძმებს ცრუ ბრალდებების საფუძველზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოცხადების წიგნი წინასწარმეტყველურად აღწერს იმ დროინდელ ცხებულ ქრისტიანებს, როგორც დაყრილ გვამებს „დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე“ (გამოცხადება 11:8). დიახ, როგორც დედამიწაზე დედაკაცის ცხებული შვილების მდგომარეობით იყო ნაჩვენები, ეს ნამდვილად ბნელი დრო იყო სიონისთვის!

      8. რა მკვეთრი ცვლილებები მოხდა 1919 წელს და რა იყო ამის შედეგი?

      8 შემდეგ კი, მკვეთრი ცვლილებები 1919 წელს მოხდა. იეჰოვამ ნათელი მოჰფინა სიონს! ღვთის ისრაელის გადარჩენილი წევრები წამოდგნენ, ღვთის სინათლე აირეკლეს და კიდევ ერთხელ გაბედულად წამოიწყეს სასიხარულო ცნობის გაცხადება (მათე 5:14—16). ამ ქრისტიანების გულმოდგინების წყალობით სხვებიც მიუახლოვდნენ იეჰოვას სინათლეს. თავდაპირველად ესენი ღვთის ისრაელის ახალი სულითცხებული წევრები იყვნენ. მათ ესაიას 60:3-ში (აქ) მეფეები ეწოდებათ, რადგან ისინი ღვთის ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეები უნდა იყვნენ (გამოცხადება 20:6). მოგვიანებით, იეჰოვას ნათელმა სხვა ცხვრებისგან შემდგარი უამრავი ხალხი მიიზიდა. ისინი არიან აღნიშნულ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „ხალხები“.

      დედაკაცის შვილები სახლში ბრუნდებიან!

      9, 10. ა) რა გულში ჩამწვდომი სანახაობა იშლება დედაკაცის წინაშე და რა არის ამით წინასწარ ნაჩვენები? ბ) სიხარულის რა მიზეზი ჰქონდა სიონს?

      9 ახლა იეჰოვა ესაიას 60:1—3-ში მოცემულ მონახაზს უფრო დაწვრილებით გადმოგვცემს. ის დედაკაცს სხვა მითითებასაც აძლევს. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა: „ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე“. დედაკაცი ემორჩილება ბრძანებას და რა გულში ჩამწვდომი სანახაობა იშლება მის თვალწინ! მისი შვილები სახლში ბრუნდებიან. წინასწარმეტყველებაში შემდგომ ნათქვამია: „ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ“ (ესაია 60:4). სამეფოს შესახებ 1919 წელს დაწყებულმა ქადაგების მსოფლიო საქმიანობამ იეჰოვას მსახურებისკენ ათასობით ადამიანი მიიზიდა. ისინიც სიონის „ვაჟები“ და „ასულები“, ანუ ღვთის ისრაელის სულით ცხებული წევრები გახდნენ. ამგვარად, 144000-ის ბოლო წევრების სინათლეში მოყვანით იეჰოვამ დაამშვენა სიონი.

      10 წარმოგიდგენიათ, რა სიხარულს განიცდის სიონი, შვილები რომ გვერდით ჰყავს? მაგრამ იეჰოვა სიონს სიხარულის სხვა მიზეზსაც აძლევს. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა“ (ესაია 60:5). ამ წინასწარმეტყველური სიტყვების შესაბამისად, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონე უამრავი ქრისტიანი გროვდება სიონთან. ისინი გამოვიდნენ ღმერთს ჩამოშორებული კაცობრიობის ‘ზღვიდან’ და ხალხთა დოვლათს წარმოადგენენ. ისინი არიან „ყოველი ერიდან სასურველნი“ (ანგია 2:7, აქ; ესაია 57:20). ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ეს „სასურველნი“ იეჰოვას მსახურებაში თითოეული საკუთარი გზით როდი მიდის. არა, ისინი სიონს იმით ამშვენებენ, რომ თაყვანისმცემლობისთვის თავიანთ სულითცხებულ ძმებთან ერთად მიდიან, რათა ‘ერთ ფარაში’ იყვნენ და „ერთი მწყემსი“ ჰყავდეთ (იოანე 10:16).

      ვაჭრები, მწყემსები და სავაჭრო გემები სიონისკენ მოემართებიან

      11, 12. აღწერეთ ხალხი, რომლებიც სიონისკენ მიემართებიან.

      11 ამ ნაწინასწარმეტყველები შეკრების შედეგი იეჰოვას განმადიდებელთა თვალსაჩინო რიცხობრივი ზრდაა, რაც წინასწარმეტყველებაში შემდგომ არის მოხსენიებული. წარმოიდგინეთ, რომ ესაიას წიგნში აღწერილ დედაკაცთან ერთად დგახართ სიონის მთაზე, იხედებით აღმოსავლეთისკენ და რას ხედავთ? „უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ“ (ესაია 60:6). ვაჭრები აქლემთა ქარავნებით იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგანან. ეს აქლემები წარღვნის წყლებივით ფარავენ მიწას! ვაჭრებს ძვირფასი ძღვენი, ‘ოქრო და გუნდრუკი’, მოაქვთ. ეს ვაჭრები ღვთის ნათლისკენ მოდიან, რათა სახალხოდ ‘გააცხადონ მისი სადიდებელი’.

      12 მგზავრთა შორის მხოლოდ ვაჭრები არ არიან. აქ არიან მწყემსებიც, რომლებიც სიონისკენ მოერეკებიან თავიანთ ფარებს. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან“ (ესაია 60:7ა). მეცხვარეთა ტომები წმინდა ქალაქში მოდიან, რათა თავიანთი ფარიდან საუკეთესო შესწირონ იეჰოვას. ისინი მზად არიან, თავადაც მოემსახურონ სიონს! როგორ იღებს იეჰოვა ამ უცხოელებს? აღნიშნულ კითხვაზე პასუხს თავად ღმერთი იძლევა: «ნებით [„კეთილგანწყობილებას გამოვავლენ მათ მიმართ და“, აქ] ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ» (ესაია 60:7ბ). იეჰოვა ამ უცხოელების შესაწირავსა და მსახურებას გულმოწყალებით იღებს. მათი იქ ყოფნა ამშვენებს მის ტაძარს.

      13, 14. რა მოდის დასავლეთის მხრიდან?

      13 ახლა კი მობრუნდით და დასავლეთ ჰორიზონტს გახედეთ. რას ხედავთ? შორს, რაღაც თეთრი ღრუბელივით მოსრიალებს ზღვაზე. იეჰოვა იმავე კითხვას სვამს, რაც ჩვენც დაგვებადა: „ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ?“ (ესაია 60:8). იეჰოვა კითხვაზე თავადვე პასუხობს: „მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ“ (ესაია 60:9).

      14 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს სურათი? ღრუბელი ახლოვდება და ახლა ის დასავლეთის მხრიდან მომავალ თეთრ წერტილებს მოგვაგონებს. ისინი ჩიტების გუნდს ჰგვანან. მაგრამ, როდესაც ახლოვდებიან, ხედავთ, რომ ეს იალქნებაშვებული ხომალდებია. იმდენად ბევრი გემი მოემართება იერუსალიმისკენ, რომ ისინი მტრედების გუნდს ჰგვანან. შორეული მხარეებიდან ამ გემებს მაქსიმალური სიჩქარით მოჰყავს მორწმუნენი, რომლებიც იეჰოვასადმი თაყვანსაცემად იერუსალიმისკენ ისწრაფიან.

      იეჰოვას ორგანიზაციის ზრდა

      15. ა) რომელი ზრდა არის ნაწინასწარმეტყველები ესაიას 60:4—9-ში? ბ) როგორ სულისკვეთებას ავლენენ ჭეშმარიტი ქრისტიანები?

      15 რა ნათელი წინასწარმეტყველური სურათია აღწერილი მე-4—9 მუხლებში იმ მსოფლიო ზრდისა, რომელიც 1919 წლიდან შეიმჩნევა! რატომ აკურთხა იეჰოვამ სიონი ასეთი ზრდით? იმიტომ რომ 1919 წლიდან ღვთის ისრაელი მორჩილად და განუწყვეტლივ ირეკლავს იეჰოვას ნათელს. ყურადღება მიაქციეთ თუ არა, რომ, მე-7 მუხლის თანახმად, ახალმოსულები ‘[ღვთის] სამსხვერპლოზე ადიან’? სამსხვერპლო მსხვერპლშესაწირი ადგილია და წინასწარმეტყველების ეს დეტალი შეგვახსენებს, რომ იეჰოვასადმი მსახურება მსხვერპლთან არის დაკავშირებული. მოციქული პავლე წერდა: „შეგაგონებთ... რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად — თქვენი სულიერი მსახურება“ (რომაელთა 12:1). პავლეს სიტყვების თანახმად, ჭეშმარიტ ქრისტიანებს კმაყოფილებას მხოლოდ კვირაში ერთხელ რელიგიურ მსახურებაზე დასწრება არ ანიჭებთ. ისინი თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლას ახმარენ. განა არ ამშვენებს იეჰოვას სახლს ამ ერთგული თაყვანისმცემლების იქ ყოფნა? როგორც ესაიას წინასწარმეტყველება გვამცნობს, დიახ. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ, თავის მხრივ, ეს გულმოდგინე თაყვანისმცემლებიც მშვენიერნი არიან იეჰოვას თვალში.

      16. ვინ უჭერდა მშენებლობას მხარს ძველ დროში და ვინ აკეთებს იმავეს დღეს?

      16 ახალმოსულებს მუშაობა სურთ. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს“ (ესაია 60:10). ამ წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას, ისრაელების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებისას, მეფეები და სხვა ერების წარმომადგენლები ნამდვილად ეხმარებოდნენ მათ ტაძრისა და იერუსალიმის აღდგენაში (პირველი ეზრა 3:7; ნეემია 3:26). ამ წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებისას კი უამრავი ხალხი მხარში ამოუდგა ცხებულთა დარჩენილ ნაწილს და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენაში ეხმარება. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ქრისტიანული კრების აღშენებაში და ამგვარად განამტკიცებენ იეჰოვას გალავანშემოვლებული, ქალაქისმაგვარი ორგანიზაციის „კედლებს“. ისინი პირდაპირი გაგებითაც მონაწილეობენ მშენებლობაში — აგებენ სამეფო და საკონგრესო დარბაზებსა თუ ბეთელის შენობებს. ამგვარად, ისინი ყოველმხრივ მხარში უდგანან ცხებულ ძმებს, რომლებიც იეჰოვას მზარდი ორგანიზაციის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ!

      17. როგორ ამშვენებს იეჰოვა თავის ხალხს?

      17 რაოდენ გამამხნევებელია ესაიას 60:10-ის ბოლო სიტყვები! იეჰოვა ამბობს: „თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ“. დიახ, 1918—1919 წლებში თავისი ხალხის გამოსასწორებლად იეჰოვამ გარკვეული ზომები მიიღო. მაგრამ ეს წარსულში მოხდა. ახლა კი ის დროა, როდესაც იეჰოვა ცხებული მსახურებისა და მათი თანამსახური სხვა ცხვრების მიმართ გულმოწყალებას ავლენს. ამას ის გასაოცარი ზრდაც ადასტურებს, რომლითაც იეჰოვამ თავისი ხალხი აკურთხა და ამგვარად, ასე ვთქვათ, ‘დაამშვენა ისინი’.

      18, 19. ა) რა დაპირებას იძლევა იეჰოვა მის ორგანიზაციაში მოსასვლელებთან დაკავშირებით? ბ) რაზეა საუბარი ესაიას მე-60 თავის დანარჩენ მუხლებში?

      18 ყოველწლიურად ასი ათასობით ახალი ‘უცხო’ უერთდება იეჰოვას ორგანიზაციას და მრავალთათვის გზა ჯერ კიდევ ხსნილია. იეჰოვა სიონს ეუბნება: „მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ“ (ესაია 60:11). ზოგი მოწინააღმდეგე ცდილობს ამ ‘კარიბჭეების’ ჩაკეტვას, მაგრამ ვიცით, რომ ვერაფერს გახდებიან. თავად იეჰოვამ თქვა, რომ კარიბჭენი ნებისმიერ შემთხვევაში ღია დარჩება. ზრდა კვლავაც გაგრძელდება.

      19 ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვამ კიდევ მრავალი სხვა საშუალებით აკურთხა და ამგვარად დაამშვენა თავისი ხალხი. ესაიას მე-60 თავის დანარჩენ მუხლებში წინასწარმეტყველურად არის ნაჩვენები, თუ რა საშუალებებია ეს.

  • იეჰოვას დიდება ანათებს მის ხალხს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ივლისი
    • იეჰოვას დიდება ანათებს მის ხალხს

      „უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად“ (ესაია 60:20).

      1. როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ერთგულ ხალხს?

      „ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით“ (ფსალმუნი 149:4). ასეთი სიტყვები წარმოთქვა ფსალმუნმომღერალმა ძველ დროში და ისტორიამაც დაადასტურა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. როდესაც იეჰოვას ხალხი მისი ერთგულია, ის მათზე ზრუნავს, ამრავლებს და იფარავს მათ. ძველ დროში იეჰოვა მტრებზე ამარჯვებინებდა თავის ხალხს. დღესდღეობით კი სულიერად ამაგრებს მათ და იესოს მსხვერპლის საფუძველზე გადარჩენის იმედს აძლევს (რომაელთა 5:9). ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ ისინი მშვენიერნი არიან მის თვალში.

      2. წინააღმდეგობის მიუხედავად, რაში არის დარწმუნებული ღვთის ხალხი?

      2 რა თქმა უნდა, ამ ბნელით მოცულ წუთისოფელში მათ, ‘ვისაც სურთ ღვთისმოსაობით იცხოვრონ’, წინააღმდეგობები ექნებათ (2 ტიმოთე 3:12). მაგრამ იეჰოვა ხედავს ამ მოწინააღმდეგეებს და აფრთხილებს მათ: „ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან“ (ესაია 60:12). დღესდღეობით ეს წინააღმდეგობა მრავალი სახით ვლინდება. ზოგიერთ ქვეყანაში მოწინააღმდეგეები ცდილობენ, შეზღუდონ ან აკრძალონ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა, რომელსაც გულწრფელი ქრისტიანები ეწევიან. ზოგან კი ფანატიკოსები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იეჰოვას თაყვანისმცემლებს და წვავენ მათ ქონებას. გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად უკვე გამოუტანა მსჯავრი ყველა მოწინააღმდეგეს. მოწინააღმდეგეები დამარცხდებიან. ვერც ერთი მებრძოლი, რომელიც სიონის წინააღმდეგ იბრძვის, სიონისა, რომელიც დედამიწაზე დედაკაცის შვილებით არის წარმოდგენილი, ვერ მიაღწევს წარმატებას. განა არ გვამხნევებს ის ფაქტი, რომ ამაში ჩვენი დიდებული ღმერთი, იეჰოვა, გვარწმუნებს?

      კურთხევები, რომლებიც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს

      3. როგორ არის აღწერილი იეჰოვას თაყვანისმცემელთა სილამაზე და კეთილდღეობა?

      3 სინამდვილეში, კურთხევებმა, რომლებიც ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში იეჰოვამ თავის ხალხზე გადმოაფრქვია, მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით მან თავისი თაყვანისმცემლობის ადგილი და მისი სახელით მოსიარულენი დაამშვენა. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვა სიონს ეუბნება: „ლიბანის დიდება შენთან მოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა — ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო“ (ესაია 60:13). საუცხოოა ხშირი ტყეებით დაფარული მთების ცქერა. ძვირფასი ხეები სათანადო სიმბოლოებია იეჰოვას თაყვანისმცემელთა სილამაზისა და კეთილდღეობის აღსაწერად (ესაია 41:19; 55:13).

      4. რა არის ‘საწმიდარი’ და „კვარცხლბეკი“ და როგორ გამშვენიერდნენ ისინი?

      4 რას წარმოადგენს ესაიას 60:13-ში მოხსენიებული ‘საწმიდარი’ და „კვარცხლბეკი“? ისინი იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის ეზოებზე მიუთითებს, რაც იეჰოვასთან იესო ქრისტეს მეშვეობით თაყვანისმცემლობისთვის მისაახლოებელი ღონისძიებაა (ებრაელთა 8:1—5; 9:2—10, 23). იეჰოვას განზრახული აქვს, განადიდოს ეს სულიერი ტაძარი და თაყვანისმცემლობისთვის შეკრიბოს იქ ხალხები ყველა ერიდან (ანგია 2:7). ცოტათი ადრე ესაიამ თავად იხილა ადამიანები ყველა ერიდან, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლობის მთისკენ მიემართებოდნენ (ესაია 2:1—4). ასეული წლების შემდეგ მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“. ისინი იდგნენ ‘ღვთის ტახტის წინ და ემსახურებოდნენ მას დღე და ღამე მის ტაძარში’ (გამოცხადება 7:9, 15). ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში შესრულდა და საკუთარი თვალით ვიხილეთ იეჰოვას ტაძრის გამშვენიერება.

      5. რა დიდი სასიკეთო ცვლილება განიცადეს სიონის შვილებმა?

      5 რამხელა სასიკეთო ცვლილებაა ყოველივე ეს სიონისთვის! იეჰოვა აცხადებს: «ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი [„საამაყოდ გაგხდი უკუნისამდე“, აქ], სიხარულად თაობიდან თაობაში» (ესაია 60:15). პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ‘ღვთის ისრაელი’, მართლაც რომ, გაპარტახებული იყო (გალატელთა 6:16). ის თავს ‘მიტოვებულად’ გრძნობდა, რადგან მის შვილებს დედამიწაზე ჯერ კიდევ ნათლად არ ესმოდათ, თუ რა ჰქონდა ღმერთს განზრახული მათთან დაკავშირებით. მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ თავისი ცხებული მსახურები გამოაცოცხლა და აქედან მოყოლებული გასაოცარი სულიერი კეთილდღეობით აკურთხებს. ნუთუ გამამხნევებელი არ არის ჩვენთვის ამ მუხლში მოცემული დაპირება? იეჰოვა სიონს ‘საამაყოდ გახდის’. დიახ, სიონის შვილები და თავად იეჰოვა იამაყებენ მისით. ის უსაზღვრო ‘სიხარულის’ მიზეზი გახდება და არა მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში. სიონს, რომელიც მისი მიწიერი შვილებით არის წარმოდგენილი, ეს უპირატესობა „თაობიდან თაობაში“, ანუ მარადიულად, ექნება.

      6. როგორ იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ერების რესურსებს?

      6 ახლა კი ყური დავუგდოთ კიდევ ერთ ღვთიურ დანაპირებს. სიონთან დაკავშირებით იეჰოვა აცხადებს: «ხალხთა ღალით გამოიკვებები [„ერების რძეს მოწოვ“, აქ] და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი» (ესაია 60:16). როგორ წოვს სიონი ‘ერების რძეს’ და იკვებება „მეფეთა დოვლათით“? ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“ ერების რესურსებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად იყენებენ (იოანე 10:16). ნებაყოფლობითი შესაწირავები ქადაგებისა და სწავლების დიდი, მსოფლიო მასშტაბით გატარების საშუალებას იძლევა. თანამედროვე ტექნოლოგიის გონივრულმა გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის ასობით ენაზე გამოცემა. ბიბლიური ჭეშმარიტება დღეს უფრო მეტი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე ისტორიის განმავლობაში. მრავალი ერის წარმომადგენელი სწავლობს, რომ იეჰოვა, რომელმაც სულიერი ტყვეობიდან გამოიხსნა თავისი ცხებული მსახურები, ნამდვილად მხსნელი ღმერთია.

      ორგანიზაციის წინსვლა

      7. რა ღირსშესანიშნავი წინსვლა განიცადეს სიონის შვილებმა?

      7 იეჰოვამ სხვა მხრივაც დაამშვენა თავისი ხალხი. მან ორგანიზაციულ საკითხებში წინსვლითაც აკურთხა ისინი. ესაიას 60:17-ში ვკითხულობთ: „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. შენს განმგებლად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“. სპილენძის ოქროთი შეცვლა გაუმჯობესებაზე მეტყველებს. იმავეს თქმა შეიძლება აქ მოხსენიებულ სხვა მასალებთან დაკავშირებითაც. დიახ, აღნიშნულ მუხლში მოხსენიებული სიტყვების შესაბამისად, ღვთის ისრაელი უკანასკნელი დღეების განმავლობაში განუწყვეტლივ განიცდიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს. განვიხილოთ ამის ზოგიერთი მაგალითი.

      8—10. აღწერეთ ის ზოგიერთი ორგანიზაციული ცვლილება, რომელიც 1919 წლიდან მოხდა.

      8 ღვთის ხალხის კრებებს 1919 წლამდე ხელმძღვანელობას უხუცესები და დიაკვნები უწევდნენ, რომელთაც კრების წევრები დემოკრატიული გზით ირჩევდნენ. აღნიშნული წლიდან მოყოლებული კი „ერთგული და გონიერი მონა“ თითოეულ კრებაში სამსახურებრივ ხელმძღვანელს ნიშნავდა, რომელსაც ზედამხედველობა უნდა გაეწია სამქადაგებლო მსახურებისთვის (მათე 24:45—47). თუმცა ზოგიერთ კრებაში ეს ცვლილება შედეგიანი არ აღმოჩნდა, რადგან ზოგიერთი არჩეული უხუცესი მთელი გულით არ უჭერდა მხარს სამქადაგებლო საქმიანობას. ამიტომ, 1932 წელს კრებებს მიეცათ მითითება, შეეწყვიტათ უხუცესებისა და დიაკვნების არჩევა. ნაცვლად ამისა, მათ უნდა აერჩიათ სამსახურებრივი კომიტეტის წევრები, რომლებიც სამსახურებრივ ხელმძღვანელთან ითანამშრომლებდნენ. ეს დიდი ცვლილება „ხეების“ სპილენძით შეცვლის მსგავსი იყო.

      9 მთელი მსოფლიოს კრებებმა 1938 წელს ახალი ცვლილება მიიღეს, რომელიც უფრო მეტად შეესაბამებოდა ბიბლიურ პრეცენდენტს. კრების ხელმძღვანელობა ჯგუფის მსახურსა და სხვა დამხმარე მსახურებს დაევალათ; ყოველი მათგანი ‘ერთგული და გონიერი’ მონის ზედამხედველობით ინიშნებოდა. არავითარი არჩევნები! ამგვარად, კრებაში დანიშნულებების განაწილება უკვე თეოკრატიული გზით ხდებოდა. ეს კი „ქვების“ რკინითა და „სპილენძის“ ოქროთი შეცვლის მსგავსი იყო.

      10 იმ დროიდან მოყოლებული, წინსვლა გრძელდება. მაგალითად, 1972 წელს ცხადი გახდა, რომ კრების ზედამხედველობა უხუცესთა საბჭოს მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო, სადაც ყველა თანაბარი უფლებებით ისარგებლებდა; ეს კი უფრო მეტად შეესაბამებოდა პირველ საუკუნეში კრებებისთვის გაწეული ზედამხედველობის მოდელს. გარდა ამისა, დაახლოებით ორი წლის წინ, კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა. ცვლილებები იქნა შეტანილი გარკვეული იურიდიული კორპორაციების ხელმძღვანელობის საკითხში, რამაც ხელმძღვანელ საბჭოს საშუალება მისცა, მეტი ყურადღება ღვთის ხალხის სულიერ ინტერესებზე გადაეტანა ნაცვლად იმისა, რომ იურიდიული საკითხებით ყოფილიყო დაკავებული.

      11. ვინ დგას იეჰოვას ხალხში მომხდარი ორგანიზაციული ცვლილებების მიღმა და რა იყო ამ ცვლილებების შედეგი?

      11 ვინ დგას ამ პროგრესული ცვლილებების მიღმა? რა თქმა უნდა, იეჰოვა ღმერთი. ის აცხადებს: „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან“. იეჰოვა დასძენს: „შენს განმგებლად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“. დიახ, იეჰოვა თავის თავზე იღებს თავისი ხალხის ხელმძღვანელობას. ნაწინასწარმეტყველები ორგანიზაციული ცვლილებები კიდევ ერთი საშუალებაა, რითაც იეჰოვა თავის ხალხს ამშვენებს. შედეგად, იეჰოვას მოწმეები მრავალმხრივ არიან კურთხეული. ესაიას 60:18-ში ვკითხულობთ: „აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა — შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებელს — შენს კარიბჭეებს“. რა შესანიშნავი სიტყვებია! როგორ სრულდება ისინი?

      12. რის წყალობით არის მშვიდობა გამეფებული ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის?

      12 ჭეშმარიტი ქრისტიანები ხელმძღვანელობას იეჰოვასგან მოელიან; შედეგი კი ისაა, რასაც ესაია წინასწარმეტყველებს: „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა“ (ესაია 54:13). გარდა ამისა, იეჰოვას სული მოქმედებს მის ხალხზე, ხოლო ამ სულის ერთ-ერთი ნაწილი მშვიდობაა (გალატელთა 5:22, 23). იეჰოვას ხალხის მშვიდობისმოყვარეობა გამომაცოცხლებელი ოაზისივითაა ძალადობით აღსავსე წუთისოფელში. ეს მშვიდობა, რომელსაც საფუძვლად ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებული სიყვარული უდევს, იმ მშვიდობის მაჩვენებელია, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში იქნება (იოანე 15:17; კოლასელთა 3:14). უეჭველია, ყოველ ჩვენგანს სურს, დატკბეს ამ მშვიდობით და ხელი შეუწყოს მის არსებობას, რასაც ქება და პატივი მოაქვს ჩვენი ღმერთისთვის. გარდა ამისა, მშვიდობას ხომ ჩვენს სულიერ სამოთხეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია! (ესაია 11:9).

      ღვთის სინათლე კვლავაც განაგრძობს ნათებას

      13. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვასგან მომდინარე სინათლე ყოველთვის გაუნათებს მის ხალხს?

      13 იბრწყინებს კვლავაც იეჰოვას სინათლე მის ხალხზე? დიახ! ესაიას 60:19, 20-ში ვკითხულობთ: „დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი — შენს დიდებად. აღარ ჩაესვენება შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი გლოვის დღეები დასრულდება“. მას შემდეგ, რაც 1919 წელს სულიერ ტყვეობაში მყოფთა „გლოვის დღეები“ დასრულდა, იეჰოვას სინათლე ანათებს მათზე. 80 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, ისინი კვლავაც იეჰოვას კეთილგანწყობილებით სარგებლობენ, რადგან მისი სინათლე კვლავაც ანათებს. ეს სინათლე არ შეწყდება. თავისი თაყვანისმცემლებისთვის ჩვენი ღმერთი მზესავით „არ ჩაესვენება“ და მთვარესავით არ „დაცხრება“. პირიქით, ის მარადიულად მოჰფენს მათ სინათლეს. რა დიდებული მტკიცებაა ეს ჩვენთვის — ამ ბნელით მოცული წუთისოფლის უკანასკნელ დღეებში მცხოვრებთათვის!

      14, 15. ა) რა მხრივ არის ღვთის ხალხის ნებისმიერი წარმომადგენელი მართალი? ბ) ესაიას 60:21-ში ჩაწერილი სიტყვების რა მნიშვნელოვან შესრულებას მოელიან სხვა ცხვრები?

      14 ახლა მოვუსმინოთ, კიდევ რა დაპირებას იძლევა იეჰოვა სიონის მიწიერ წარმომადგენელთან, ღვთის ისრაელთან, დაკავშირებით. ესაიას 60:21-ში ნათქვამია: «შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას [„ქვეყნის ქონებას დაეუფლება“, აქ] ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა იდიდოს». 1919 წელს, როდესაც ცხებულმა ქრისტიანებმა თავიანთი საქმიანობა განაახლეს, ისინი უჩვეულო ჯგუფს წარმოადგენდნენ. ამ აშკარად ცოდვილ წუთისოფელში ისინი ‘გამართლდნენ’ იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი გამოვლენილი ურყევი რწმენის საფუძველზე (რომაელთა 3:24; 5:1). შემდეგ კი, ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული ისრაელების მსგავსად, მათ დაიმკვიდრეს სულიერი ქვეყანა ანუ მოქმედების სფერო, სადაც სულიერი სამოთხის პირობებია გაბატონებული (ესაია 66:8). ამ ქვეყნის სამოთხისებური მშვენება არასდროს დაჭკნება, რადგან ძველი ისრაელისგან განსხვავებით, ღვთის ისრაელი, როგორც ერი, არასოდეს გახდება ორგული. ღვთის სახელის განსადიდებლად მათი რწმენა, მოთმინება და გულმოდგინება არასდროს დაილევა.

      15 ამ სულიერი ერის ყველა წარმომადგენელთან ახალი კავშირია დადებული. იეჰოვას რჯული თითოეულ მათგანს გულზე აქვს დაწერილი და იეჰოვაც, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, მიუტევებს მათ ცოდვებს (იერემია 31:30—33). ღმერთი მართლებად, ‘შვილებად’, აცხადებს მათ და ისე ეპყრობა, თითქოს სრულყოფილები იყვნენ (რომაელთა 8:15, 16, 29, 30). მათ თანამსახურ სხვა ცხვრებსაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მიეტევებათ ცოდვები და, აბრაამის მსგავსად, რწმენიდან გამომდინარე მართლებად და ღვთის მეგობრებად არიან გამოცხადებულნი. „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“. სხვა ცხვრები კიდევ ერთ დიდებულ კურთხევას მოელიან. მას შემდეგ, რაც თავს დააღწევენ ‘დიდ ჭირს’ ან მკვდრეთით აღდგებიან, ისინი ესაიას 60:21-ის პირდაპირი მნიშვნელობით შესრულებას, ანუ მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევას, იხილავენ (გამოცხადება 7:14; რომაელთა 4:1—3). მაშინ „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11, 29).

      ზრდა გრძელდება

      16. რა მნიშვნელოვანი პირობა დადო იეჰოვამ და როგორ ასრულებს მას?

      16 ესაიას მე-60 თავის ბოლო მუხლში იეჰოვას კიდევ ერთი დანაპირების შესახებ ვკითხულობთ. ის უცხადებს სიონს: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ესაია 60:22). ჩვენს დღეებშიც ასრულებს იეჰოვა ამ პირობას. 1919 წელს, როდესაც ცხებულმა ქრისტიანებმა თავიანთი საქმიანობა განაახლეს, რიცხობრივად მართლაც რომ ‘მცირენი’ იყვნენ. მაგრამ სულიერი ისრაელის სხვა წევრების შემოერთების შედეგად მათი რიცხვი გაიზარდა. შემდეგ კი მუდმივად მზარდი რაოდენობით სხვა ცხვრებმაც იწყეს მათკენ დენა. ღვთის ხალხს შორის არსებულმა მშვიდობამ, მათ ქვეყანაში არსებულმა სულიერმა სამოთხემ, იმდენი გულწრფელი ადამიანი მიიზიდა, რომ „მცირე“ მართლაც „ძლიერ ხალხად“ გადაიქცა. დღესდღეობით ეს ‘ხალხი’ — ღვთის ისრაელი და ექვს მილიონზე მეტი მიძღვნილი „უცხოთა ძენი“ — მსოფლიოს მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსახლეობას რიცხობრივად აჭარბებს (ესაია 60:10). ამ ხალხის თითოეული წარმომადგენელი იეჰოვას სინათლეს ირეკლავს, რაც მათ იეჰოვას თვალში ამშვენებს.

      17. როგორ იმოქმედა თქვენზე ესაიას მე-60 თავის განხილვამ?

      17 დიახ, ესაიას მე-60 თავის მნიშვნელოვანი პუნქტების განხილვა ნამდვილად რწმენის განმამტკიცებელია. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ დიდი ხნით ადრე იცოდა თავისი ხალხის სულიერ ტყვეობაში მოხვედრისა და შემდეგ იქიდან დახსნისა და აღდგენის შესახებ. გვაოცებს ის ფაქტი, რომ იეჰოვამ კარგა ხნით ადრე წინასწარ განჭვრიტა ჩვენს დღეებში ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა დიდი რიცხობრივი ზრდა. გარდა ამისა, რაოდენ მანუგეშებელია ჩვენთვის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს! რამდენად სასიხარულოა ის დანაპირები, რომ ქალაქის კარიბჭენი ყოველთვის ღია იქნება, რათა გულთბილად მიიღოს ისინი, ‘ვინც საუკუნო სიცოცხლისთვისაა განწესებული’! (საქმეები 13:48). იეჰოვა კვლავაც სინათლეს მოჰფენს თავის ხალხს. სიონი კვლავაც საამაყო იქნება, რადგან მისი შვილები უფრო და უფრო გაანათებენ (მათე 5:16). უდავოა, ახლა უფრო მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავრჩეთ ღვთის ისრაელთან და მთელი გულით დავაფასოთ იეჰოვას სინათლის არეკვლის უპირატესობა!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება