-
პუმა — ყველგანაა და, ამავე დროს, არსადგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
პუმა — ყველგანაა და, ამავე დროს, არსად
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ბრაზილიაში
სამხრეთ ამერიკის წვიმის ტყის თავზე ცა ენით აუწერელ ფერს ღებულობდა, როგორც საღამო ხანს ხდება ხოლმე, ვიდრე დღის სინათლეს ტროპიკული ღამის წყვდიადი შთანთქავს. უეცრად, სრულიად უხმაუროდ, პუმა გამოჩნდა! ფრთხილად შემოვიდა ტყის ველობში და გაჩერდა.
უზარმაზარი კატა ჯერ გაუნძრევლად იდგა, მხოლოდ კუდის ბოლოს ავტომანქანის მინასაწმენდივით აუჩქარებლად აქეთ-იქით ხრიდა. შემდეგ, როდესაც შენიშნა, რომ უთვალთვალებდნენ, ნახტომებით ველობი გადაკვეთა და ტყეში გაუჩინარდა. იმ საღამოს, რამდენიმე წლის წინ, მივხვდი, თუ რატომ ატარებს მის სახელს სპორტული ფეხსაცმელები, სწრაფმავალი ავტომობილები და რეაქტიული თვითმფრინავებიც კი. პუმა ანუ კუგუარი — ამერიკაში კატისებრთა ოჯახიდან სიდიდით მეორე ცხოველი — უდავოდ, სწრაფიაa.
დაკუნთული სხეული
მთელი სხეულის წითური შეფერილობით პუმა ძუ ლომს ჰგავს. თავის წინა ნაწილი ისეთივე კუთხოვანი არ აქვს, როგორც მის აფრიკელ მონათესავეს. პუმის თავი პატარა და მრგვალია, ყურებიც ასეთივე აქვს — პატარა და მომრგვალებული. გვერდიდან მისი თავი ტყვიის ფორმისაა — მოყვანილი და წაგრძელებული. თვალები მწვანე და დიდრონი აქვს. პირის გარშემო თეთრი ბალნის ლაქა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს რძე დაელიოს და მოსვრილი პირით დადიოდეს. მისი მოქნილი და მოყვანილი სხეულის სიგრძე მეტრ-ნახევარი ან უფრო მეტია, თუ არ ჩავთვლით მსხვილ და ბოლოში გამუქებულ კუდს.
გრძელი და ძლიერი უკანა ფეხების გამო გავა მხრებზე მაღლა აქვს. მისი 60-კილოგრამიანი დაკუნთული სხეული ღონიერი ფეხების საშუალებით მიწას რაკეტასავით სწყდება. პუმის ნახტომის სიმაღლე შეიძლება 5 მეტრიც იყოს. ეს ძლიერ ჰგავს ჭოკით ხტომას, მაგრამ ჭოკის გამოსაყენებლად ის არ ირჯება!
პუმა დახტომის დროსაც ასეთივე შთამბეჭდავია. ცნობილია, რომ პუმას შეუძლია 18 მეტრის სიმაღლიდანაც კი ჩამოხტეს. ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება წყალში სახტომი ოლიმპიური ტრამპლინების სიმაღლეს, მაგრამ პუმას დაბლა საცურაო აუზი არ ხვდება. და მაინც, მიწაზე დახტომისას მზად არის ისევ ახტეს, თითქოს ბატუტზე ეშვებოდეს.
„ის ძლიერი და შთამბეჭდავი ცხოველია, — ამბობს ველური ბუნების მკვლევარი, ბიოლოგი კენეტ ლოგანი. — როგორც კი გაიგებ, თუ კატისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი როგორ ირჩენს თავს, მის მიმართ დიდი პატივისცემით განეწყობი. საოცარია, რომ ის თითქოს ყველგანაა და, ამავე დროს, არსად“.
ყველგან შეუმჩნევლად
როდესაც დასავლეთ ნახევარსფეროში პირველი კოლონისტი დასახლდა, პუმა მთელ კონტინენტზე — ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე — იყო გავრცელებული. ის მთებში, ჭაობიან მიდამოებში, ტრამალებსა და აგრეთვე ჯუნგლებში ბინადრობდა. თუმცა მონადირეებმა და ფერმერებმა პუმა ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ნაწილში გაწყვიტეს, ის მაინც ამერიკის კატად რჩება და კანადიდან სამხრეთ ამერიკის ბოლომდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე კვლავაც დახეტიალობს. გეოგრაფიული გავრცელებისა და იმ ადგილების მრავალფეროვნების მიხედვით, სადაც ის ბინადრობს, ამერიკის ადგილობრივ ძუძუმწოვრებს შორის პუმა პირველ ადგილს იკავებს. რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო?
პუმა მაღალი სიცოცხლისუნარიანობის მქონე ცხოველია. მას ჯანმრთელი კუჭი აქვს და ნადირობისას მრავალ ხერხს იყენებს. ის თითქმის ყველანაირ საკვებს ეგუება. „მას შეუძლია მოკლას და გაათრიოს თავისზე ხუთჯერ დიდი ცხოველი, მაგრამ, თუ სხვა ვერაფერს შოულობს, კალიებსაც კი ჭამს, — ამბობს ვეტერინარი, რომელმაც ბრაზილიაში მოკლული რამდენიმე პუმის კუჭი გამოიკვლია. — კატისებრთა ოჯახიდან პუმა ყველაზე მრავალფეროვან საკვებს ღებულობს“.
სხვადასხვა საზრდოს მოპოვებას სხვადასხვა სანადირო ხერხი სჭირდება. მაგალითად, ჩიტი სხვაგვარად უნდა დაიჭიროს და ირემს სხვაგვარად უნდა დაესხას თავს. როგორ ახერხებს პუმა ამას? ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში პუმა ტინამუს მისატყუებლად ჩიტის ხმას ბაძავს. „იდეალური იმიტაციაა, — ამბობს ერთი დამკვირვებელი. — ტინამუ მხოლოდ რამდენჯერმე, პუმა კი 10-ჯერ ან 20-ჯერ სტვენს“. მიუხედავად ამისა, ეს ხერხი სჭრის. ტინამუს ჰგონია, რომ მის ტერიტორიაზე ხმაურიანი მამალი ჩიტი შეიჭრა და ამიტომაც მიფრინავს, რომ წინ დაუხვდეს მეტოქეს — ახლა კი ის სიკვდილს ვეღარ გადაურჩება.
სადაც არ უნდა ეძებდნენ პუმას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ თუ სამხრეთ ამერიკაში, ხშირ შემთხვევაში ის ახერხებს, ჰაერივით უხილავი დარჩეს, რომელიც ყველგან არის, მაგრამ არსად ჩანს. როგორც ხშირად პუმის მკვლევარები ამბობენ, ის „ჩუმი, შეუმჩნეველი და ფრთხილია“. ერთმა მონადირემ, რომელსაც დაახლოებით 70 პუმა ჰყავს მოკლული, აღიარა, რომ არასდროს დაუნახავს თავისი მსხვერპლი, ვიდრე ძაღლები ხეზე არ მოამწყვდევდნენ. არ არის გასაკვირი, რომ იმედგაცრუებული მკვლევარები მას „საოცრად შეუმჩნეველს“ უწოდებენ.
კატა, რომელსაც მრავალი სახელი აქვს
და მაინც, ამერიკის ამ კატის არა მხოლოდ შემჩნევაა ძნელი, არამედ მისი ზუსტი სახელით მოხსენიებაც კი სირთულეს წარმოადგენს. „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის“ თანახმად, პუმას „ძუძუმწოვართა შორის ყველაზე მეტი სახელი აქვს“. 40-ზე მეტი ინგლისური სახელის გარდა, „სამხრეთ ამერიკაში მას სულ ცოტა 18, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 25-ზე მეტი სახელი დაარქვეს“.
სახელი პუმა, რომელსაც ზოოლოგები ყველაზე მეტად იყენებენ, პერუში მცხოვრებმა კეჩუა ენაზე მოლაპარაკე ხალხმა დაარქვა. მთის ლომი, გარეული კატა, კუგუარი, წითელი ვეფხვი — ასევე მისი ზოგიერთი სახელია.
დ-რ ფაისალ სიმონმა, სან-პაულუს ზოოლოგიური პარკის დირექტორმა და პუმის მკვლევარმა, აღნიშნა: „პუმა, ქცევითა და ფიზიკური შესაძლებლობებით ძალიან განსხვავდება სხვა დიდი კატებისგან“. ეს ნამდვილად გამორჩეული სახეობაა და მრავალგვარია ზომითა და ფერით. მთელ ამერიკაში პუმის ოცდაათზე მეტი ჯიშია ცნობილი, აქედან ექვსი ბრაზილიაშია გავრცელებული.
ნამდვილად გასაწყვეტია?
ბრაზილიაში და სხვაგანაც მესაქონლეები პუმას დიდი ზარალის მომტან ცხოველად მიიჩნევენ, რომელიც დანახვისთანავე უნდა მოიკლას. მაგრამ ნამდვილად იმსახურებს ის საქონლის გამჩანაგებლის სახელს? „თუ შესაძლებელია, რომ გარეულ ცხოველებზე ინადიროს, პუმა იშვიათად კლავს პირუტყვს, — ამბობს დ-რი სიმონი. — ეს იშვიათი შემთხვევები კი, რასაკვირველია, არ ამართლებს ამ ცხოველის გამუდმებულ ხოცვას. ფაქტიურად, პუმის გაწყვეტით მესაქონლეები საკუთარ თავს ზიანს აყენებენ“. რა მხრივ?
მაგალითად, ბრაზილიის პანტანალში, დაჭაობებულ მხარეში, რომელიც სიდიდით სამხრეთ კორეას აღემატება და სადაც ურიცხვი პირუტყვი თავისუფლად დახეტიალებს, მესაქონლეები პუმას ხოცავენ. შედეგად, როგორც დ-რი სიმონი მოგვითხრობს, სწრაფად მრავლდება ჯავშნოსანი — პუმის იმ მხარეში გავრცელებული საყვარელი საჭმელი. ეს არის შეჯავშნული, ზომით ბოცვრისოდენა, სოროს მთხრელი ძუძუმწოვარი ცხოველი. მას შემდეგ, რაც პუმა გაწყდა, ამ ცხოველებმა პანტანალის საძოვრები სიკვდილის ველებად აქციეს. რატომ?
როდესაც საქონელი მათს სოროებში აბიჯებს, ფეხი სტყდება და კვდება. „ახლა მესაქონლეები უფრო მეტ პირუტყვს კარგავენ, რადგანაც პუმა გაწყვიტეს, — ამბობს დ-რი სიმუონი. — ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანი ბუნებრივ კანონზომიერებებს არღვევს“.
ამერიკის ორივე კონტინენტზე უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც პუმის დაცვა სურთ. ამგვარად, ჩრდილოეთის ზოგ ნაწილში უფლებამოსილმა პირებმა პუმის საკეთილდღეოდ გამოსცეს კანონი, რომელიც ნადირობას არეგულირებს და ცხოველის საცხოვრებელი გარემოს დაცვას უზრუნველყოფს.
შედეგად, შეერთებული შტატების დასავლეთით, მის ძველ სამკვიდრებელში, პუმა კვლავ გამოჩნდა. ფაქტია, რომ ყველასთვის სასიხარულო არ ყოფილა ეს, მაგრამ მრავალი კეთილგანწყობილებით შეხვდა ამ ამბავს. ერთ-ერთი ჟურნალი აღნიშნავს, რომ პუმამ „მცირე დროში ჩინებულად. . . გადაინაცვლა ზარალის მომტანი ცხოველის ადგილიდან და ძალზე მიმზიდველი ცხოველის ადგილი დაიკავა“ (Smithsonian).
პუმა იზიდავს, როგორც ბუნების მოყვარულებს, ისე მონადირეებს. პირველთათვის ის უდაბნოს დიდებული სიმბოლოა, უკანასკნელთათვის კი მხოლოდ ნადავლად რჩება. იბადება კითხვა, როდემდე იქნება პუმა ეს ორივე?
-
-
პუმა — ყველგანაა და, ამავე დროს, არსადგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
„არავის უშლის ცხოვრებას“?
პუმის ანუ კუგუარის დამცავი კანონების გამოცემას შეერთებული შტატების დასავლეთით მხოლოდ პუმის გამრავლება არ მოჰყოლია, არამედ შედეგად ისიც გამოიღო, რომ პუმისა და ადამიანების ინტერესები უფრო მეტად დაუპირისპირდა ერთმანეთს. მიზეზი ნათელია: უფრო და უფრო მეტი ადამიანი სახლდება უდაბურ ტერიტორიებზე — პუმის სამკვიდრებელში — ეს კი საყოველთაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. მაგრამ ასეთ ვითარებაშიც კი პუმის თავდასხმები იშვიათია.
მკვლევარებმა შეერთებულ შტატებსა და კანადაში 1890 წლიდან დღემდე ადამიანზე პუმის თავდასხმის 65 შემთხვევა აღრიცხეს, რომლის მიხედვითაც ყოველ ხუთ წელიწადზე 3 თავდასხმა მოდის. ამ 65 შემთხვევიდან დაახლოებით 10 აღმოჩნდა საბედისწერო. თუ შედარებას მოვახდენთ, ფუტკრის ნაკბენით მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 40 პიროვნება კვდება.
„მოცემული შემთხვევების გათვალისწინებით, — აღნიშნავს ბიოლოგი კევინ ჰანსენი, — ადამიანზე თავდასხმები, მართლაც, საოცრად იშვიათია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კუგუარი თავისთვის ცხოვრობს და არც არავის უშლის ცხოვრებას, ყოველ შემთხვევაში, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება“.
-