-
იერუსალიმი — ‘დიდი მეფის ქალაქი’საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ოქტომბერი
-
-
იერუსალიმი — ‘დიდი მეფის ქალაქი’
„არ დაიფიცოთ. . . იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი“ (მათე 5:34, 35).
1, 2. რამ შეიძლება ჩააგდოს ზოგი საგონებელში იერუსალიმთან დაკავშირებით?
იერუსალიმი — ეს სახელი სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებში ძლიერ გრძნობებს აღძრავს. ფაქტობრივად, ეს ძველი ქალაქი ყოველი ჩვენგანის ყურადღებას იპყრობს, რადგან ახალ ამბებში ის ხშირად მოიხსენიება. მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალი ცნობა ცხადყოფს, რომ იერუსალიმში ყოველთვის მშვიდობა არ სუფევს.
2 ამან ბიბლიის ზოგი მკითხველი შეიძლება საგონებელში ჩააგდოს. წარსულში იერუსალიმს შემოკლებული სახელი, სალიმი ერქვა, რაც ‘მშვიდობას’ ნიშნავს (დაბადება 14:18; ფსალმუნი 75:3; ებრაელთა 7:1, 2). ამიტომ, შეიძლება გაინტერესებდეთ: „რატომ არ არის მშვიდობა ამ სახელის მატარებელ ქალაქში უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე?“
3. სად შეგვიძლია იერუსალიმის შესახებ საიმედო ინფორმაციის პოვნა?
3 ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საჭიროა, გადავინაცვლოთ შორს, მის წარსულში და გავეცნოთ ძველ იერუსალიმს. მაგრამ ზოგი შეიძლება ფიქრობდეს: „სად გვაქვს დრო ისტორიის სასწავლად“. მაგრამ იერუსალიმის ისტორიის ზუსტი ცოდნა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ამის მიზეზს ბიბლია შემდეგი სიტყვებით გვიხსნის: „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). იერუსალიმის შესახებ ბიბლიური ცნობა გვანუგეშებს და იმედს ჩაგვისახავს, რომ მშვიდობა იქნება არა მარტო იმ ქალაქში, არამედ მთელ დედამიწაზე.
„საუფლო ტახტის“ ადგილი
4, 5. როგორ შეუწყო ხელი დავითმა იმ ფაქტს, რომ იერუსალიმს ძირითადი როლი შეესრულებინა ღვთის განზრახვაში?
4 ძვ. წ. XI საუკუნეში იერუსალიმი მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც მშვიდად და უსაფრთხოდ მცხოვრები ერის დედაქალაქი. იეჰოვა ღმერთმა იმ ძველი ერის, ისრაელის, მეფედ ახალგაზრდა დავითი სცხო. იერუსალიმში მმართველად დაჯდომით დავითმა და მისმა სამეფო შთამომავლობამ ‘უფლის სამეფოს ტახტი’ ანუ ‘საუფლო ტახტი’ დაიკავა (პირველი ნეშტთა 28:5; 29:23).
5 ღვთისმოშიშმა დავითმა — იუდას ტომელმა ებრაელმა — იერუსალიმი კერპთაყვანისმცემელი იებუსეველებისგან გაათავისუფლა. იმ დროს ქალაქში მხოლოდ მთას ეწოდებოდა სიონი, მაგრამ ამ მთის სახელი მოგვიანებით თვით იერუსალიმის სინონიმი გახდა. გარკვეული დროის შემდეგ დავითმა ღვთის მოწმობის კიდობანი ისრაელებს იერუსალიმში ჩაატანინა და კარავში დაასვენა. წლების წინ ამ წმინდა კიდობნის თავზე ღრუბლიდან ელაპარაკა ღმერთი წინასწარმეტყველ მოსეს (გამოსვლა 25:1, 21, 22; ლევიანნი 16:2; პირველი ნეშტთა 15:1–3). კიდობანი ღვთის თანდასწრებას ასიმბოლოებდა, რადგან სინამდვილეში იეჰოვა იყო ისრაელის მეფე. ამიტომ თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვა ღმერთი იყო იერუსალიმის მმართველი.
6. რა აღთქმა დადო იეჰოვამ დავითსა და იერუსალიმთან დაკავშირებით?
6 იეჰოვამ დავითს აღუთქვა, რომ მისი სამეფო ხაზის მმართველობა, რომელიც სიონით ანუ იერუსალიმით იყო წარმოდგენილი, არასოდეს დასრულდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დავითის შთამომავალი, ღვთის ცხებული, — მესია ანუ ქრისტეa, — დაიმკვიდრებდა მარადიული მმართველობის უფლებას (ფსალმუნი 131:11–14; ლუკა 1:31–33). ბიბლია იმასაც გვიმხელს, რომ ‘საუფლო ტახტის’ მარადიული მემკვიდრე მხოლოდ იერუსალიმზე კი არ იმმართველებდა, არამედ ყველა ერზე (ფსალმუნი 2:6–8; დანიელი 7:13, 14).
7. როგორ წაწია წინ დავითმა წმინდა თაყვანისმცემლობა?
7 ცხებული მეფე დავითის ჩამოგდების მცდელობები კრახით დასრულდა. მტრულად განწყობილი ერები ძლეულ იქნენ და, ღვთის ნებით, აღთქმული ქვეყნის საზღვრები ძალიან გაფართოვდა. დავითმა თავისი მდგომარეობა წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად გამოიყენა. მისი მრავალი ფსალმუნი ხოტბას ასხამს იეჰოვას, როგორც სიონის ნამდვილ მეფეს (მეორე მეფეთა 8:1–15; ფსალმუნი 9:2, 12; 23:1, 3, 7–10; 64:2, 3; 67:2, 25, 30; 109:1, 2; 121:1–4).
8, 9. როგორ გაფართოვდა იერუსალიმში წმინდა თაყვანისმცემლობა მეფე სოლომონის მმართველობის დროს?
8 დავითის ძის, სოლომონის, მეფობის დროს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა უფრო გაფართოვდა. სოლომონმა იერუსალიმის ჩრდილოეთ საზღვარი განავრცო და მასში მორიას მთაც შევიდა (დღევანდელი კუბათ ალ-ზახრის ტერიტორია). მას წილად ხვდა პატივი, რომ ამ ამაღლებულ ადგილზე იეჰოვას განსადიდებლად დიდებული ტაძარი აეშენებინა. აღთქმის კიდობანი ტაძრის წმიდათა წმიდაში მოათავსეს (მესამე მეფეთა 6:1–38).
9 სანამ ისრაელები მთელი გულით უჭერდნენ მხარს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას, რომლის ცენტრიც იერუსალიმი იყო, მათ ქვეყანაში მშვიდობა სუფევდა. ამ მდგომარეობას შესანიშნავად აღწერს საღვთო წერილი: „ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი. . . ზავი ჰქონდა [სოლომონს] ყველა ქვეყნებთან ირგვლივ. უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას“ (მესამე მეფეთა 4:20, 24, 25).
10, 11. როგორ ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები ბიბლიურ ცნობას სოლომონის მეფობის დროს იერუსალიმის მდგომარეობის შესახებ?
10 არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ცნობა, რომ სოლომონის დროს მისი სამეფო ყვაოდა. თავის წიგნში პროფესორი იოჰანან აჰარონი აღნიშნავს: „სიმდიდრემ, რომელიც მეფის კარზე ყოველი მხრიდან მოედინებოდა და ვაჭრობის აყვავებამ. . . ქვეყნის ეკონომიკის ყოველმხრივი სწრაფი და მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოახდინა. . . ცვლილებები ეკონომიკის დარგში. . . შეინიშნება არა მარტო ფუფუნების საგნებში, არამედ განსაკუთრებით კერამიკულ ნაკეთობებში. . . მეთუნეობა და თიხის გამოწვის ხარისხი საოცრად გაუმჯობესდა“ (The Archaeology of the Land of Israel).
11 მსგავსი აზრი გამოთქვა ჯერი მ. ლენდიმ: „სოლომონის მეფობისას ისრაელებმა სამი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიურად უფრო მეტად წაიწიეს წინ, ვიდრე წინა ორასი წლის განმავლობაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოვაჩინეთ სოლომონის დროინდელი საოცარი კონსტრუქციის მქონე ნაგებობების, მასიურ კედლებიანი დიდი ქალაქების ნაშთები, სოკოებივით მომრავლებული უბნები კარგად ნაგები მდიდართა საცხოვრებელი სახლებით, თიხის ნაკეთობები, რომლებიც მეთუნეობის ტექნიკისა და წარმოების პროცესების მკვეთრ გაუმჯობესებაზე მიუთითებს. აღმოჩენილია ისეთი ნივთებიც, რომლებიც ამ ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებით იყო დამზადებული, რაც საერთაშორისო ვაჭრობის აყვავების მაჩვენებელია“ (The House of David).
მშვიდობიდან აოხრებამდე
12, 13. როგორ დაიკარგა წმინდა თაყვანისმცემლობა იერუსალიმში?
12 ისრაელები ხშირად ლოცულობდნენ იერუსალიმისთვის, ქალაქისთვის, სადაც იეჰოვას საწმიდარი იმყოფებოდა. დავითი წერდა: „ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისთვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი. იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში. ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!“ (ფსალმუნი 121:6–8). მიუხედავად იმისა, რომ ამ მშვიდობიან ქალაქში სოლომონმა ააგო დიდებული ტაძარი, ბოლოს მან მრავალი წარმართი ცოლი მოიყვანა. როცა ხანში შევიდა, ცოლებმა შეაცდინეს და იმდროინდელი ცრუ ღმერთებისადმი თაყვანისცემა დააწყებინეს. ამ განდგომილებამ მთელ ერზე გამხრწნელი გავლენა იქონია და ქალაქსა და მის მკვიდრთ ნამდვილი მშვიდობა დააკარგვინა (მესამე მეფეთა 11:1–8; 14:21–24).
13 სოლომონის ძეს, რობოამს, მეფობის დასაწყისში ათი შტო აუჯანყდა და ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო ჩამოყალიბდა. ვინაიდან ეს სამეფო კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა, ღმერთმა დაუშვა, რომ ის ასურელებს დაეპყროთ (მესამე მეფეთა 12:16–30). იუდას ორტომიანი სამხრეთის სამეფოსთვის იერუსალიმი კვლავ ცენტრი იყო. მაგრამ, დროთა განმავლობაში მათაც გადაუხვიეს წმინდა თაყვანისმცემლობიდან. ამიტომაც ღმერთმა დაუშვა, რომ ძვ. წ. 607 წელს ეს ურჩი ქალაქი ბაბილონელებს გაენადგურებინათ. 70 წელი იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში იტანჯებოდნენ. შემდეგ, ღვთის გულმოწყალების წყალობით, მათ იერუსალიმში დაბრუნებისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის ნება დაერთოთ (მეორე ნეშტთა 36:15–21).
14, 15. როგორ აღდგა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იერუსალიმი, მაგრამ რა ცვლილება მოხდა?
14 აოხრებიდან 70 წლის შემდეგ დანგრეული შენობები ეკალბარდებით იქნებოდა დაფარული. ერთ დროს კარიბჭეებითა და კოშკებით გამაგრებული იერუსალიმის კედელი დანგრეული იყო. მიუხედავად ამისა, იუდეველები გამბედაობას იჩენდნენ. მათ ძველი ტაძრის ადგილზე სამსხვერპლო ააშენეს და იეჰოვას ყოველდღიურად სწირავდნენ მსხვერპლს.
15 ეს იყო აღთქმულის დასაწყისი, მაგრამ აღდგენილი იერუსალიმი აღარასოდეს იქნებოდა იმ სამეფოს დედაქალაქი, სადაც მეფე დავითის შთამომავლები ისხდებოდნენ ტახტზე. ნაცვლად ამისა, იუდეველებს ბაბილონის დამპყრობლების მიერ დანიშნული მმართველი უნდა ჰყოლოდათ და ხარკი უნდა ეხადათ თავიანთი სპარსი ბატონებისთვის (ნეემია 9:34–37). მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმი „გათელილი“ იყო, ის მაინც ერთადერთი ქალაქი იყო მთელ დედამიწაზე, რომელიც ღმერთს განსაკუთრებით მოსწონდა (ლუკა 21:24). როგორც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი, ის აგრეთვე გამოხატავდა ღვთის უფლებას, მეფე დავითის შთამომავლის მეშვეობით დედამიწაზე თავისი უზენაესობა გამოევლინა.
ცრუ რელიგიის მიმდევარ მეზობელთა წინააღმდეგობა
16. რატომ შეწყვიტეს ბაბილონიდან დაბრუნებულმა იუდეველებმა იერუსალიმის აღდგენა?
16 მალე იუდეველები ტყვეობიდან დაბრუნდნენ და იერუსალიმში ახალი ტაძრის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. მაგრამ მეზობლად მცხოვრებმა ცრუ რელიგიის მიმდევრებმა ცილისმწამებლური წერილი გაუგზავნეს სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს, რომ იუდეველები შეთქმულებას აწყობდნენ. შედეგად, არტაქსერქსემ შეაჩერა იერუსალიმის მშენებლობა. იმ დროს რომ გეცხოვრათ, ალბათ, თქვენც დაგაინტერესებდათ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. იუდეველებმა შეწყვიტეს ტაძრის მშენებლობა და პირადი ქონების დაგროვებას მიჰყვეს ხელი (პირველი ეზრა 4:11–24; ანგია 1:2–6).
17, 18. როგორ აღადგინა იეჰოვამ იერუსალიმი?
17 მათი დაბრუნებიდან დაახლოებით 17 წლის შემდეგ ღმერთმა ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველები გამოიყენა თავისი ხალხის აზროვნების გამოსასწორებლად. იუდეველებმა მოინანიეს და ტაძრის აღდგენას შეუდგნენ. ამ დროისთვის სპარსეთში დარიოსი მეფობდა. მან განაახლა კიროსის ბრძანება იერუსალიმის ტაძრის აღდგენის შესახებ. დარიოსმა იუდეველების მეზობლები წერილით გააფრთხილა, ‘დახსნოდნენ იერუსალიმს’ და განკარგულება გასცა, სამეფო ხაზინიდან მატერიალური მხარდაჭერა აღმოეჩინათ იუდეველთათვის, რათა მშენებლობის დასრულება შესძლებოდათ (პირველი ეზრა 6:1–13).
18 იუდეველებმა ტაძრის აშენება დაბრუნებიდან 22 წელში დაასრულეს. ნათელია, ეს შემთხვევა დიდი სიხარულით უნდა აღნიშნულიყო. მაგრამ იერუსალიმისა და მისი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. „ნეემია ოლქის მთავრის და ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დროს“ ქალაქს სათანადო ყურადღება მიექცა (ნეემია 12:26, 27). როგორც ჩანს, ძვ. წ. V საუკუნეში იერუსალიმი მთლიანად აღადგინეს და ის ძველი მსოფლიოს უმნიშნელოვანეს ქალაქად იქცა.
მესიის გამოჩენა
19. როგორ აღიარებდა მესია იერუსალიმის განსაკუთრებულ მდგომარეობას?
19 ახლა კი გადავინაცვლოთ რამდენიმე საუკუნით წინ, იმ დროში, როდესაც საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა მოხდა — დაიბადა იესო ქრისტე. იეჰოვა ღმერთის ანგელოზმა ქალწულ მარიამს, იესოს დედას, უთხრა: „მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. . . და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:32, 33). წლების შემდეგ იესომ საყოველთაოდ ცნობილი მთაზე ქადაგება წარმოთქვა. მან ხალხი გაამხნევა და მრავალ საკითხთან დაკავშირებით რჩევები მისცა. მაგალითად, ის მსმენელებს მოუწოდებდა, შეესრულებინათ ღვთისთვის მიცემული აღთქმები და სერიოზულად მოჰკიდებოდნენ ფიცის დადებას. იესომ თქვა: „გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’ მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი; არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი“ (მათე 5:33–35). აღსანიშნავია, რომ იესო აღიარებდა იერუსალიმის იმ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში ეჭირა. დიახ, ის იყო „დიდი მეფის“, იეჰოვა ღმერთის ‘ქალაქი’.
20, 21. რა სამწუხარო ცვლილება მოხდა მრავალი იერუსალიმელის აზროვნებაში?
20 დედამიწაზე სიცოცხლის დასრულების პერიოდისთვის იესომ იერუსალიმის მკვიდრთ საკუთარი თავი ცხებულ მეფედ წარუდგინა. ამ აღმაფრთოვანებელ მოვლენას მრავალი სიხარულის შეძახილებით გამოეხმაურა: „კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი! კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო!“ (მარკოზი 11:1–10; იოანე 12:12–15).
21 მაგრამ ამ მოვლენების შემდეგ ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ იგივე ხალხი იერუსალიმის რელიგიური წინამძღოლების წაქეზებით იესოს წინააღმდეგ გამოვიდა. იესომ გააფრთხილა ისინი, რომ იერუსალიმი და მთელი ერი დაკარგავდა ღვთის წინაშე პრივილეგიურ მდგომარეობას (მათე 21:23, 33–45; 22:1–7). მაგალითად, იესომ განაცხადა: „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38). ახ. წ. 33 წელს პასექის დროს მოწინააღმდეგეებმა იესო იერუსალიმის კედლებს გარეთ უსამართლოდ სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ იეჰოვამ აღადგინა თავისი ცხებული ძე და, როგორც უკვდავი სულიერი არსება, ზეციერ სიონში განადიდა. ამ ღონისძიებიდან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სარგებლობა მიიღოს (საქმეები 2:32–36).
22. რა მნიშვნელობით იწერებოდა მრავალი რამ იერუსალიმის შესახებ იესოს სიკვდილის შემდეგ?
22 მას შემდეგ სიონის ანუ იერუსალიმის შესახებ ისეთი წინასწარმეტყველებების უმეტესობის გაგება გახდა შესაძლებელი, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული, მაგალითად ზეციერი ღონისძიებების ან იესოს ცხებული მიმდევრების შესახებ (ფსალმუნი 2:6–8; 109:1–4; ესაია 2:2–4; 65:17, 18; ზაქარია 12:3; 14:12, 16, 17). იესოს სიკვდილის შემდეგ ‘იერუსალიმზე’ ანუ ‘სიონზე’ მრავალი რამ გადატანითი მნიშვნელობით იწერებოდა და პირდაპირი გაგებით ქალაქს ან რომელიმე ადგილს არ ეხებოდა (გალატელთა 4:26; ებრაელთა 12:22; 1 პეტრე 2:6; გამოცხადება 3:12; 14:1; 21:2, 10). როგორც იესო ქრისტესა და დანიელის წინასწარმეტყველებებში იყო ნათქვამი, ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ის უკვე აღარ იყო ‘დიდი მეფის ქალაქი’ (დანიელი 9:26; ლუკა 19:41–44). არც ბიბლიაშია ჩაწერილი და არც იესოს უწინასწარმეტყველებია, რომ მიწიერი იერუსალიმი მოგვიანებით აღიდგენდა ღვთის წინაშე იმ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას, რომლითაც ერთ დროს სარგებლობდა (გალატელთა 4:25; ებრაელთა 13:14).
მარადიული მშვიდობის წინასახე
23. რატომ უნდა გვაინტერესებდეს დღესაც იერუსალიმი?
23 მიწიერი იერუსალიმის ადრინდელი ისტორიის მიმოხილვისას შეუძლებელია უარყო, რომ ქალაქი მეფე სოლომონის მშვიდობიანი მმართველობის დროს თავის სახელს — „ორმაგი მშვიდობის სამკვიდრო [ანუ საფუძველი]“ — ამართლებდა. მაგრამ ის მხოლოდ წინასახე იყო იმ მომავალი მშვიდობისა და კეთილდღეობისა, რომლითაც მალე დატკბებიან ღვთის მოყვარულები, რომლებიც სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იცხოვრებენ.
24. რა შეგვიძლია ვისწავლოთ სოლომონის მეფობის დროს არსებული მდგომარეობიდან?
24 სამოცდამეთერთმეტე ფსალმუნი სოლომონის მეფობის დროს არსებულ მდგომარეობას ირეკლავს. მაგრამ ეს შესანიშნავი სიმღერა იმ კურთხევების წინასწარმეტყველური აღწერაა, რომლებსაც მესიის, იესო ქრისტეს, ზეციერი მმართველობა მოუტანს კაცობრიობას. ქრისტეს შესახებ ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. . . იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში. იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე“ (ფსალმუნი 71:7, 8, 12–14, 16).
25. რატომ უნდა გვქონდეს იერუსალიმის შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილი?
25 რა მანუგეშებელი და იმედის მომცემი სიტყვებია ეს ღვთის მოყვარულთათვის, რომლებიც იერუსალიმსა თუ დედამიწის სხვა ნებისმიერ კუთხეში ცხოვრობენ! თქვენც შეგიძლიათ მათ შორის იყოთ, რომლებიც ღვთის მესიანური სამეფოს ქვეშევრდომობით მთელ დედამიწაზე გამეფებული მშვიდობით დატკბებიან. იერუსალიმის წარსულის შესახებ ცოდნა დაგვეხმარება, გავიგოთ ღვთის განზრახვა კაცობრიობის მიმართ. მომდევნო სტატიებში ყურადღება გამახვილდება მოვლენებზე, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან იუდეველთა გათავისუფლებიდან მეშვიდე და მერვე ათწლეულებში მოხდა. ეს ანუგეშებს ყველას, ვისაც სწყურია იეჰოვა ღმერთისადმი, დიდი მეფისადმი, მისაღები სახით თაყვანისცემა.
-
-
იერუსალიმი — დგას ის ‘თქვენი მხიარულების სათავეში’?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ოქტომბერი
-
-
იერუსალიმი — დგას ის ‘თქვენი მხიარულების სათავეში’?
„მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას. . . თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში“ (ფსალმუნი 136:6).
1. რა თვალსაზრისი ჰქონდა გადასახლებაში მყოფ მრავალ იუდეველს ღვთის რჩეულ ქალაქზე?
დაახლოებით შვიდი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 537 წელს იუდეველი ტყვეების პირველი ჯგუფი იერუსალიმში დაბრუნდა. ღვთის ტაძარი აღდგა, მაგრამ ქალაქი ჯერ კიდევ გაპარტახებულია. ამ პერიოდში გადასახლებაში ახალი თაობა წამოიზარდა. ეჭვგარეშეა, მრავალი მათგანი იზიარებდა ფსალმუნმომღერლის გრძნობას: „თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა“ (ფსალმუნი 136:5). ზოგს არა მარტო ახსოვდა იერუსალიმი, არამედ მოქმედებითაც ამტკიცებდა, რომ ის ‘თავისი მხიარულების სათავეში’ ედგა (ფსალმუნი 136:6).
2. ვინ იყო ეზრა და როგორ იქნა ის კურთხეული?
2 მაგალითად, განვიხილოთ მღვდელ, ეზრას შემთხვევა. სამშობლოში დაბრუნებამდეც კი ის გულმოდგინედ იღწვოდა იერუსალიმში წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად (პირველი ეზრა 7:6, 10). ამისათვის ეზრა უხვად იქნა კურთხეული. იეჰოვა ღმერთმა სპარსეთის მეფეს გული აღუძრა, ეზრასთვის მიეცა უფლება, ეხელმძღვანელა გადასახლებაში მყოფი იუდეველების მეორე ჯგუფისთვის და იერუსალიმში დაებრუნებინა. გარდა ამისა, მეფემ მათ დიდძალი ოქრო-ვერცხლი მისცა ‘უფლის სახლის შესამკობად’ (პირველი ეზრა 7:21–27).
3. როგორ დაამტკიცა ნეემიამ, რომ მისი მთავარი საზრუნავი იერუსალიმი იყო?
3 დაახლოებით 12 წლის შემდეგ, კიდევ ერთმა იუდეველმა, ნეემიამ, მიიღო გადამწყვეტი ზომები. ის სპარსეთის სატახტო ქალაქ შუშანში მსახურობდა. ნეემიას საპატიო მდგომარეობა ეჭირა მეფის კარზე — მეფის არტაქსერქსეს (ართახშასთას) მწდედ მსახურობდა, მაგრამ ეს არ იყო ნეემიას ‘მხიარულების სათავე’. ნაცვლად ამისა, მას სწყუროდა, წასულიყო და იერუსალიმი აღედგინა. ნეემია თვეების განმავლობაში ლოცულობდა ამაზე და შეისმინა იეჰოვამ მისი ლოცვა. როდესაც სპარსეთის მეფემ გაიგო ნეემიას საზრუნავი, მისცა წერილები, რომლებიც იერუსალიმის აღდგენის უფლებას აძლევდა და თან ჯარი გააყოლა (ნეემია 1:1—2:9).
4. როგორ გამოვავლენთ, რომ იეჰოვასადმი თაყვანისცემა გვანიჭებს ყველაზე დიდ სიხარულს?
4 ეჭვგარეშეა, ეზრამ, ნეემიამ და მათმა თანამშრომელმა მრავალმა იუდეველმა დაამტკიცეს, რომ მათთვის იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა დანარჩენი, რომ ის იდგა ‘მათი მხიარულების სათავეში’ ანუ ყველაფერზე მეტად ახარებდათ. რამხელა ძალას მატებენ ასეთი ადამიანები დღეს ყველას, ვისაც იეჰოვასადმი, მისი თაყვანისმცემლობისა და მისი სულის ხელმძღვანელობით არსებული ორგანიზაციის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აქვს! თქვენზეც შეიძლება ამის თქმა? ღვთისმოსაწონი საქმეების შესრულებით ავლენთ თუ არა, რომ თქვენში სიხარულის მთავარ მიზეზს წარმოადგენს იეჰოვასადმი მსახურება მისადმი მიძღვნილ ხალხთან ერთად? (2 პეტრე 3:11). ამისთვის, კიდევ უფრო მეტი ძალებით რომ აღვივსოთ, განვიხილოთ ის შესანიშნავი შედეგები, რომლებიც ეზრას იერუსალიმში გამგზავრებას მოჰყვა.
კურთხევები და პასუხისმგებლობები
5. რა უხვი კურთხევებით დაჯილდოვდნენ იუდას მცხოვრებლები ეზრას დღეებში?
5 გადასახლებიდან ეზრასთან ერთად დაახლოებით 6 000 კაცი დაბრუნდა იეჰოვას ტაძრისთვის შეწირული ოქრო-ვერცხლით. შეწირულობის ფასი დღევანდელი კურსით დაახლოებით 35 მილიონი ამერიკულ დოლარს აღწევს. ეს ოქრო-ვერცხლი დაახლოებით შვიდჯერ აღემატებოდა წინა ჯგუფის შეწირულობას. რამდენად მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ იეჰოვასი იერუსალიმისა და იუდას მცხოვრებლები, რომ ამდენი კაცი შეემატათ და ასეთი მატერიალური დახმარება მიიღეს! მაგრამ ღვთის უხვ კურთხევებს დიდი პასუხისმგებლობაც მოსდევს (ლუკა 12:48).
6. რა აღმოაჩინა ეზრამ თავის ქვეყანაში და როგორ იმოქმედა ამან მასზე?
6 ეზრამ მალევე შეამჩნია, რომ მრავალ იუდეველს, ზოგი მღვდლისა და უხუცესის ჩათვლით, ღვთის რჯული დარღვეული ჰქონდა, ვინაიდან წარმართ ქალებზე იყვნენ დაქორწინებული (მეორე რჯული 7:3, 4). მას ნამდვილად ჰქონდა იმის მიზეზი, რომ ღვთის რჯულის კავშირის ასეთნაირად დარღვევის გამო დამწუხრებულიყო. „ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი. . . და დამწუხრებული ვიჯექი“ (პირველი ეზრა 9:3). შემდეგ შეწუხებული ისრაელების თანდასწრებით ეზრამ მთელი გულით ილოცა იეჰოვას წინაშე. ეზრამ გაიხსენა ისრაელების წარსული დაუმორჩილებლობის შემთხვევები და ღვთის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა ამ ქვეყანაში მცხოვრებ წარმართებზე დაქორწინების შემთხვევაში. ბოლოს კი მან თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! შენ სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ვართ ნატამალი დღესდღეობით. აჰა, შენს წინაშე ვართ ჩვენი ცოდვებითურთ და არ ძალგვიძს შენს წინაშე დგომა ამის გამო“ (პირველი ეზრა 9:14, 15).
7. ა) რა შესანიშნავი მაგალითი დატოვა ეზრამ შემცოდველებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით? ბ) რა რეაქცია ჰქონდათ დამნაშავეებს?
7 ეზრა პირველ პირში ამბობს: „ვართ“. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულო იყო, მან საკუთარი თავიც დამნაშავეთა შორის მოიხსენია. ეზრას ღრმა მწუხარებამ და თავმდაბლურმა ლოცვამ შეძრა ხალხის გული და მონანიებისკენ აღძრა. მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც მათთვის არც ისე ადვილი იყო — ყველას, ვინც კი ღვთის რჯულს იყო გადასული, უნდა გაეშვა უცხოელი ცოლები თავიანთ შვილებთან ერთად. ეზრამ მოიწონა ეს საქმე და დამნაშავეებს მისი შესრულებისკენ მოუწოდა. სპარსეთის მეფის მიერ მისთვის მინიჭებული უფლების თანახმად, მას შეეძლო დაესაჯა კანონის დამრღვევები ან იუდეიდან და იერუსალიმიდან განედევნა ისინი (პირველი ეზრა 7:12, 26). მაგრამ, როგორც ჩანს, მას არ დასჭირდა ასეთი ზომების მიღება. „მთელმა კრებულმა“ თქვა: „ასე იქნება, შენი ნათქვამისამებრ მოვიქცევით“. უფრო მეტიც, მათ აღიარეს: „ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში“ (პირველი ეზრა 10:11–13). ეზრას მეათე თავში მოჰყავს იმ 111 კაცის სახელი, რომლებიც მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოიქცნენ და გაუშვეს უცხოელი ცოლები და მათი შვილები.
8. რატომ ემსახურებოდა მთელი კაცობრიობის ინტერესებს უცხოელი ცოლების გაშვება?
8 ეს მოქმედება არა მარტო ისრაელების, არამედ მთელი კაცობრიობის ინტერესებს ემსახურებოდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერი რომ არ ეღონათ, ისრაელები შეერეოდნენ ირგვლივ მყოფ ხალხებს. ამით კი წაიბილწებოდა იმ აღთქმული თესლის შთამომავლობითი ხაზი, რომელშიც მთელი კაცობრიობა უნდა კურთხეულიყო (დაბადება 3:15; 22:18). ეს გააძნელებდა აღთქმული თესლის ამოცნობას, რომელიც იუდას შტოდან, მეფე დავითის შთამომავლობაში უნდა მოსულიყო. დაახლოებით 12 წლის შემდეგ ამ მნიშვნელოვან საკითხზე კვლავ გამახვილდა ყურადღება, როდესაც „გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხო გვარ-ტომს“ (ნეემია 9:1, 2; 10:29, 30).
9. რა რჩევას აძლევს ბიბლია ქრისტიანებს, რომლებსაც ურწმუნო მეუღლეები ჰყავთ?
9 რის სწავლა შეუძლიათ აქედან იეჰოვას დღევანდელ მსახურებს? დღეს ქრისტიანები არ ექვემდებარებიან რჯულის კავშირს (2 კორინთელთა 3:14). ნაცვლად ამისა, ისინი ემორჩილებიან „ქრისტეს რჯულს“ (გალატელთა 6:2). ამგვარად, ქრისტიანი, რომელსაც ურწმუნო მეუღლე ჰყავს, პავლეს რჩევის თანახმად უნდა მოიქცეს: „თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს“ (1 კორინთელთა 7:12). გარდა ამისა, ურწმუნოზე დაქორწინებული ქრისტიანი, ბიბლიის თანახმად, ვალდებულია, იზრუნოს იმაზე, რომ მათი ქორწინება წარმატებული იყოს (1 პეტრე 3:1, 2). ამ შესანიშნავი რჩევის შესრულებას ხშირად კურთხევები მოჰყოლია და ურწმუნო მეუღლის დამოკიდებულება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ შეცვლილა. ზოგი ერთგული, მონათლული ქრისტიანიც კი გამხდარა (1 კორინთელთა 7:16).
10. რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს იმ 111 ისრაელი მამაკაცისგან, რომლებმაც გაუშვეს თავიანთი უცხოელი ცოლები?
10 იმ ისრაელების შემთხვევა, რომლებმაც უცხოელი ცოლები გაუშვეს, შესანიშნავ გაკვეთილს წარმოადგენს დაუქორწინებელი ქრისტიანებისთვის. მათ არ უნდა ეძებონ ცხოვრების თანამგზავრი ურწმუნოებს შორის. ეს შეიძლება ძნელი და მტკივნეულიც კი იყოს, მაგრამ საუკეთესო საშუალება იქნება ღვთისგან მარადიული კურთხევის მისაღებად. ქრისტიანებს ეძლევათ მითითება: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორინთელთა 6:14). ნებისმიერი ქრისტიანი, ვისაც ოჯახის შექმნა სურს, მხოლოდ ჭეშმარიტ თანამორწმუნეზე უნდა დაქორწინდეს (1 კორინთელთა 7:39).
11. როგორ შეიძლება, ისრაელი მამაკაცების მსგავსად, გამოვიცადოთ, თუ რა არის ჩვენი მხიარულების მიზეზი?
11 ქრისტიანებმა სხვა მრავალ საკითხშიც შეიტანეს ცვლილებები, როდესაც მიხვდნენ, რომ არაბიბლიური მითითებების თანახმად მოქმედებდნენ (გალატელთა 6:1). ამ ჟურნალში პერიოდულად საუბარია არაბიბლიურ საქციელზე, რომელმაც შეიძლება ღვთის ორგანიზაციას ჩამოგვაშოროს. მაგალითად, 1973 წელს იეჰოვას ხალხისთვის აშკარა გახდა, რომ ნარკოტიკებისა და თამბაქოს გამოყენება სერიოზული ცოდვა იყო. ღვთისმოსაწონი ცხოვრებისთვის საჭიროა, „განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან“ (2 კორინთელთა 7:1). მრავალმა შეისმინა ეს ბიბლიური რჩევა; ისინი მზად იყვნენ, გაეძლოთ ნარკოტიკების ერთბაშად მიტოვების შედეგად გამოწვეული სიძნელეებისთვის, რომ ღვთის სუფთა ხალხის ნაწილად დარჩენილიყვნენ. ღვთის ხალხს მიეცა ბიბლიური მითითებები სექსუალურ საკითხებსა და ჩაცმასთან, გარეგნობასთან, სამუშაოს, გართობისა და მუსიკის არჩევასთან დაკავშირებითაც. რა ბიბლიურ პრინციპზეც უნდა გაგვიმახვილონ ყურადღება, იმ 111 ისრაელი მამაკაცის მსგავსად, მოდით მზად ვიყოთ ‘შესაცვლელად’ (2 კორინთელთა 13:11, აქ). ეს ცხადყოფს, რომ იეჰოვასადმი თაყვანისცემა და მის წმინდა ხალხთან ურთიერთობა ჩვენი „მხიარულების სათავეში“ დგას.
12. რა მოხდა ძვ. წ. 455 წელს?
12 უცხოელი ცოლების გაშვების შესახებ თხრობის შემდეგ ბიბლიაში ნათქვამი არ არის, თუ რა ხდებოდა იერუსალიმში მომდევნო 12 წლის განმავლობაში. ეჭვგარეშეა, ამდენი განქორწინების გამო ისრაელის მეზობელი ერების მტრული განწყობილება უფრო გაიზრდებოდა. ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმში ნეემია ჩავიდა მხედრების თანხლებით. ის იუდას განმგებლად დაინიშნა და თან ჩაიტანა სპარსეთის მეფის წერილები, რომლებიც ქალაქის აღდგენის უფლებას აძლევდა (ნეემია 2:9, 10; 5:14).
შურიანი მეზობლების წინააღმდეგობა
13. რა პოზიცია გამოავლინეს იუდეველების მეზობლებმა, რომლებიც ცრუ რელიგიას მისდევდნენ და რა რეაქცია ჰქონდა ნეემიას?
13 ცრუ რელიგიის მიმდევარი მეზობლები წინ აღუდგნენ ნეემიას ჩასვლის მიზნის განხორციელებას. მათი წინამძღოლები მუქარის კილოთი ეკითხებოდნენ: „მეფის წინააღმდეგ აღდგომა ხომ არ გინდათ?“ ნეემიას პასუხში აშკარად ჩანდა იეჰოვასადმი რწმენა: „ცათა ღმერთმა მოგვიმართა ხელი და ჩვენც, მისი მორჩილნი, ავდგებით და ავაშენებთ, თქვენ კი იერუსალიმში არა გაქვთ-მეთქი არც წილი, არც უფლება და არც სახსენებელი“ (ნეემია 2:19, 20). როდესაც კედლების აღდგენას შეუდგნენ, ეს მტრები ისრაელებს დასცინოდნენ: „ამას რას აკეთებენ ეს ბეჩავი იუდაელები? . . ნუთუ ქვები გაცოცხლდებიან გადაბუგული ფერფლის გროვებიდან? . . მელა რომ მიადგეს, ისიც კი გაარღვევს მათ ქვის კედელს“. ამ სიტყვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ნეემია ლოცულობდა: „ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე“ (ნეემია 3:34–36). ნეემია ყოველთვის იეჰოვასადმი ნდობის შესანიშნავ მაგალითს იძლეოდა! (ნეემია 6:14; 13:14).
14, 15. ა) როგორ გაუმკლავდა ნეემია მტრების მუქარას? ბ) როგორ განაგრძობენ სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად იეჰოვას მოწმეები სულიერ მშენებლობას?
14 დღესაც ქადაგების მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად იეჰოვას მოწმეები ღმერთზე არიან მინდობილები. მოწინააღმდეგეები დასცინიან მოწმეებს და ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ მათ საქმიანობას. ზოგჯერ სამეფოს ცნობით დაინტერესებულები ვერ უძლებენ დაცინვას და გავლენის ქვეშ ექცევიან. თუ დაცინვით მიზანს ვერ აღწევენ, მოწინააღმდეგეები ბრაზდებიან და იმუქრებიან, რომ ძალას გამოიყენებენ. ყოველივე ეს განიცადეს იერუსალიმის კედლის მშენებლებმა. მაგრამ ნეემია ვერ დააშინეს. ნაცვლად ამისა, მან მშენებლები შეაიარაღა, რათა მტრისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ და მათი რწმენის განსამტკიცებლად უთხრა: „ნუ გეშინიათ მათი! გახსოვდეთ დიდი და საშინელი უფალი, იბრძოლეთ თქვენი ძმების, ქალ-ვაჟების, ცოლებისა და სახლების გულისათვის“ (ნეემია 4:7, 8).
15 როგორც ნეემიას დღეებში, დღესაც იეჰოვას მოწმეები სათანადოდ არიან აღჭურვილი, რომ სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძონ სულიერი მშენებლობა. „ერთგული და გონიერი მონა“ რწმენის განმამტკიცებელ სულიერ საზრდოს აწვდის ღვთის ხალხს, რაც მათ საშუალებას აძლევს, აკრძალვის დროსაც კი ნაყოფიერები იყვნენ (მათე 24:45). შედეგად, იეჰოვა განაგრძობს თავისი ხალხის კურთხევას და მთელი დედამიწის ზურგზე მათი რიცხვი იზრდება (ესაია 60:22).
შინა პრობლემები
16. რა პრობლემამ მოახდინა ზეგავლენა იერუსალიმის კედლის მშენებლებზე?
16 რაც უფრო წინ მიიწევდა იერუსალიმის კედლის აღდგენა და რაც უფრო მაღლდებოდა ის, საქმე მით უფრო რთულდებოდა. მაშინ თავი იჩინა პრობლემამ, რომელმაც მებრძოლ მშენებლებზე მოახდინა ზეგავლენა. საკვების უკმარისობის გამო ზოგ იუდეველს გაუჭირდა ოჯახის გამოკვება და სპარსეთის მთავრობისთვის გადასახადების გადახდა. მდიდარმა იუდეველებმა ასესხეს მათ საკვები და ფული. ღარიბ ისრაელებს უნდა დაეგირავებინათ თავიანთი მიწის ნაკვეთები და შვილები, რაც გამსესხებელს იმის გარანტიას აძლევდა, რომ ფულს უკან სარგებლით მიიღებდა, ეს კი ღვთის რჯულის საპირისპირო იყო (გამოსვლა 22:25; ლევიანნი 25:35–37; ნეემია 3:38; 4:4; 5:1–5). მევალეები ღარიბებს აშინებდნენ, რომ წაართმევდნენ დაგირავებულ მიწის ნაკვეთებს და აიძულებდნენ, შვილები მონებად გაეყიდათ. ასეთმა გულქვაობამ, გამორჩენის ძიებამ, ნეემიას რისხვა გამოიწვია. მან სასწრაფო ზომები მიიღო, რათა იეჰოვას კვლავაც ეკურთხებინა იერუსალიმის კედლების აღდგენის საქმიანობა.
17. რა გააკეთა ნეემიამ, რათა იეჰოვას კვლავაც ეკურთხებინა მშენებლობა და რა შედეგი მოჰყვა ამას?
17 მოწვეულ იქნა „დიდი კრებული“ და ნეემიამ მდიდარ ისრაელებს თვალნათლივ აჩვენა, რომ ღმერთს არ მოსწონდა მათი საქმეები. შემდეგ მიმართა დამნაშავეებს, რომელთა შორის მღვდლებიც იყვნენ, რომ დაებრუნებინათ მთელი ფული, რაც ვახშად აიღეს, და მიწის ნაკვეთები, რომლებიც არაკანონიერად წაართვეს თანამოძმეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ვახშის გადახდა. დამნაშავეები დადებითად გამოეხმაურნენ, რის გამოც ქებას იმსახურებდნენ; მათ თქვეს: „დავუბრუნებთ, და აღარ მოვთხოვთ. ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ“. ეს არ ყოფილა ცარიელი სიტყვები, ვინაიდან ბიბლია გვამცნობს, რომ „ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა“. და მთელმა კრებულმა განადიდა იეჰოვა (ნეემია 5:7–13).
18. რით არიან იეჰოვას მოწმეები ცნობილი?
18 რა შეიძლება ითქვას დღევანდელი მდგომარეობის შესახებ? იეჰოვას მოწმეები არავის უწევენ ექსპლუატაციას. ისინი ცნობილი არიან თანამორწმუნეებისა და სხვა გაჭირვებულთა მიმართ ხელგაშლილობის გამოვლენით. ამას, ისევე როგორც ნეემიას დღეებში, მრავალი მადლიერების გამომხატველი სიტყვები მოჰყოლია, რაც იეჰოვა ღმერთს განადიდებს. მაგრამ, ამავე დროს, „ერთგული და გონიერი მონა“ საჭიროდ მიიჩნევს ბიბლიური რჩევის მიცემას ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით და გვაფრთხილებს, რომ არავის გავუწიოთ ექსპლუატაცია. ზოგ ქვეყანაში მიღებულია უზომოდ დიდი ურვადის მოთხოვნა, მაგრამ ბიბლია პირდაპირ გვაფრთხილებს, რომ ხარბები და მტაცებლები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ (1 კორინთელთა 6:9, 10). მრავალი ქრისტიანის მხრიდან ასეთი რჩევისადმი კარგი გამოხმაურება გვახსენებს იმ იუდეველებს, რომლებმაც დაინახეს რომ ღარიბი ძმების ექსპლუატაცია ცოდვა იყო.
იერუსალიმის კედლის აღდგენა დასრულდა
19, 20. ა) როგორ იმოქმედა იერუსალიმის კედლის აღდგენის დასრულებამ რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე? ბ) რა გამარჯვებას მიაღწიეს იეჰოვას მოწმეებმა მრავალ ქვეყანაში?
19 ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, იერუსალიმის კედლის აღდგენა 52 დღეში დასრულდა. როგორ იმოქმედა ამან მოწინააღმდეგეებზე? ნეემიამ თქვა: „როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს გარშემო მცხოვრებმა ხალხებმა დაინახეს, დიდად დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული“ (ნეემია 6:16).
20 დღეს ღვთის მტრები სხვადასხვა ადგილებზე სხვადასხვა საშუალებებით განაგრძობენ მორწმუნეთა საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მაგრამ მილიონებმა დაინახეს, რომ ამაოდ ცდილობენ იეჰოვას მოწმეებისთვის ხელის შეშლას. მაგალითად, დავფიქრდეთ წარსულ მოვლენებზე, როდესაც ნაცისტურ გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში ცდილობდნენ, შეეჩერებინათ აღმოეფხვრათ სამქადაგებლო საქმიანობა. ეს მცდელობები ამაო იყო და დღეს მრავალმა იცის, რომ ‘ღმერთის მიერაა ჩვენი საქმე გაკეთებული’. რამხელა ჯილდო იყო ეს ძველი დროის ერთგული ადამიანებისთვის, რომლებმაც ასეთ ქვეყნებში იეჰოვასადმი თაყვანისცემა ‘თავიანთი სიხარულის სათავეში’ დააყენეს!
21. რა მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
21 მომდევნო სტატიაში განვიხილავთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა იერუსალიმის კედლის აღდგენის საზეიმოდ აღნიშვნას. აგრეთვე განვიხილავთ, თუ როგორ ახლოვდება მთელი კაცობრიობისთვის სარგებლობის მომტანი ბევრად უფრო დიდი ქალაქის აღდგენის დასრულება.
-
-
იერუსალიმი — ამართლებს თავის სახელსსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ოქტომბერი
-
-
იერუსალიმი — ამართლებს თავის სახელს
„იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ“ (ესაია 65:18).
1. რა გრძნობები აკავშირებდა ეზრას ღვთის რჩეულ ქალაქთან?
როგორც ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარს, იუდეველ მღვდელ ეზრას, ყოველთვის გონებაში უტრიალებდა, რომ იერუსალიმი ერთ დროს იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის ქალაქი იყო (მეორე რჯული 12:5; პირველი ეზრა 7:27). ღვთის ქალაქისადმი მისი სიყვარული ჩანს ბიბლიის წიგნებში — „პირველი ნეშტთა“, „მეორე ნეშტთა“ და „პირველი ეზრა“ — რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა. მთელ ბიბლიაში სახელი იერუსალიმი 800-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული, ხოლო აქედან დაახლოებით მეოთხედი ამ ისტორიულ ცნობებშია მოცემული.
2. როგორ ჩაწერა ეზრამ რამდენიმე ადგილას იერუსალიმის სახელი და რა მნიშვნელობა აქვს ამას?
2 ბიბლიაში „იერუსალიმი“ ებრაული ენისთვის დამახასიათებელი ისეთი ფორმით გვხვდება, რომელსაც ორობითი რიცხვი ეწოდება. ორობითი რიცხვი უმეტესწილად გამოიყენება წყვილ რამესთან, მაგალითად თვალებთან, ყურებთან, ხელებსა და ფეხებთან დაკავშირებით. ამ ორობითი რიცხვის იერუსალიმთან დაკავშირებით გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს როგორც მშვიდობის წინასწარმეტყველება, რომელიც ღვთის ხალხს ორგვარი გაგებით ექნებოდა — სულიერი და ფიზიკური. ბიბლიაში ნაჩვენები არ არის, ბოლომდე ესმოდა თუ არა ეს ეზრას. თუმცა, როგორც მღვდელი, ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ იუდეველებს ღვთის მშვიდობით ტკბობაში დახმარებოდა. ის ნამდვილად ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ იერუსალიმს გაემართლებინა თავისი სახელის მნიშვნელობა — „ორმაგი მშვიდობის სამკვიდრო [ანუ საფუძველი]“ (პირველი ეზრა 7:6).
3. ეზრას რამდენი წლის საქმიანობაა ჩვენთვის უცნობი და როგორ ჩნდება შემდეგ ის ბიბლიაში?
3 ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, თუ სად იყო ეზრა იერუსალიმში ჩასვლიდან 12 წლის განმავლობაში, სანამ ნეემია ჩავიდოდა ქალაქში. იმ პერიოდის განმავლობაში ერის სულიერად სუსტი მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს ეზრა იერუსალიმში არ ყოფილა. მაგრამ როგორც კი ქალაქის კედლის აშენება დასრულდა, ვხედავთ, რომ ეზრა კვლავ ერთგულ მღვდლად მსახურობს იერუსალიმში.
თავმოყრის შესანიშნავი დღე
4. რით იყო მნიშვნელოვანი ისრაელების მეშვიდე თვის პირველი დღე?
4 იერუსალიმის კედლების აღდგენა დასრულდა თიშრის თვეში, ისრაელების რელიგიური კალენდრით მეშვიდე თვეში, როდესაც მნიშვნელოვან დღესასწაულს ზეიმობდნენ ხოლმე. თიშრის პირველ დღეს იყო ახალმთვარობის განსაკუთრებული დღესასწაული, რომელსაც ბუკისცემის დღესასწაული ეწოდებოდა. იმ დღეს მსხვერპლის შეწირვის დროს მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ (რიცხვნი 10:10; 29:1). ეს დღე ისრაელებს 10 თიშრს გამოსყიდვის დღის ყოველწლიური დღესასწაულისა და იმავე თვის 15-დან 21-მდე რიცხვებში კრეფის სასიხარულო დღესასწაულის აღსანიშნავად ამზადებდა.
5. ა) როგორ გამოიყენეს საუკეთესოდ ‘მეშვიდე თვის პირველი დღე’ ეზრამ და ნეემიამ? ბ) რატომ ტიროდნენ ისრაელები?
5 „მეშვიდე თვის პირველ დღეს“ „მთელი ერი“ შეიკრიბა და, როგორც ჩანს, ამისკენ მათ ნეემიამ და ეზრამ მოუწოდეს. თავი მოიყარეს კაცებმა, ქალებმა და ‘ყველამ, ვისაც გაგების უნარი შესწევდა’. ამგვარად, ბავშვებიც ესწრებოდნენ და ყურადღებით უსმენდნენ ეზრას, რომელიც დგებოდა კვარცხლბეკზე და „განთიადიდან შუადღემდე“ რჯულს კითხულობდა (ნეემია 8:1–4). პერიოდული შესვენებების დროს ლევიანები ხალხს ეხმარებოდნენ წაკითხულის გაგებაში. ისრაელები ატირდნენ, რადგან მიხვდნენ, თუ რა შორს იყვნენ თვითონაც და თავიანთი წინაპრებიც ღვთის რჯულის მორჩილებისგან (ნეემია 8:5–9).
6, 7. რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს იქიდან, თუ როგორ დააწყნარა ნეემიამ მოტირალნი?
6 მაგრამ ეს არ იყო მწუხარებისგან ტირილის დრო. ეს იყო დღესასწაული, რადგან ხალხმა ეს-ეს იყო დაამთავრა იერუსალიმის კედლის აღდგენა. ამიტომ ნეემია დაეხმარა მათ, სწორი თვალსაზრისი ჰქონოდათ: „წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება“. მორჩილად „წავიდა მთელი ხალხი საჭმელად, სასმელად, წილობების დასაგზავნად და დიდი სიხარულის საყოფად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომელნიც მათ ამცნეს“ (ნეემია 8:10–12).
7 დღეს ღვთის ხალხს ბევრი რამის სწავლა შეუძლია ამ შემთხვევიდან. კრების შეხვედრებისა და კონგრესების პროგრამის მონაწილეებს უნდა ახსოვდეთ ზემოთ მოყვანილი მაგალითი. გამოსასწორებელი რჩევების მიცემასთან ერთად, რაც ზოგჯერ აუცილებელია, ასეთ შეხვედრებზე ხაზი ესმება სარგებლობას და კურთხევებს, რომლებიც ღვთის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებას მოაქვს. ღვთის ხალხისთვის საჭიროა შესრულებული შესანიშნავი სამუშაოს გამო შექება და განსაცდელების ასატანად გამხნევება. ისინი ღვთის სიტყვიდან მომდინარე აღმშენებლური დარიგებების მიღების გამო სიხარულით უნდა ბრუნდებოდნენ ასეთი შეკრებებიდან (ებრაელთა 10:24, 25).
კიდევ ერთი სასიხარულო თავმოყრა
8, 9. რა განსაკუთრებული თავყრილობა შედგა მეშვიდე თვის მეორე დღეს და რა მოუტანა ამან ღვთის ხალხს?
8 იმ განსაკუთრებული თვის მეორე დღეს „მთელი ერის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს“ (ნეემია 8:13). ეზრას შესანიშნავად შეეძლო ამ შეხვედრის ჩატარება, რადგან „გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში“ (პირველი ეზრა 7:10). ეჭვგარეშეა, ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მხარეებს, რომლებშიც ღვთის ხალხს უფრო მეტად უნდა დაეცვა რჯულის კავშირი. იმ დროს პირველი, რაზეც უნდა ეზრუნათ, მოახლოებული კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად სათანადო მომზადება იყო.
9 ეს ერთკვირიანი დღესასწაული სათანადოდ ჩატარდა — დროებით ყველა ხის ტოტებისა და ფოთლებისგან გაკეთებულ კარვებში ცხოვრობდა. ხალხმა ეს კარვები თავ-თავის ბანზე, ეზოში, ტაძრის ეზოებსა და იერუსალიმის მოედნებზე გააკეთა (ნეემია 8:15, 16). ეს მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ხალხის შესაკრებად და მათთვის ღვთის რჯულის წასაკითხად! (შეადარეთ მეორე რჯული 31:10–13). დღესასწაულის ყოველ დღეს, „პირველიდან უკანასკნელ დღემდე“, ასე ხდებოდა, რასაც ღვთის ხალხისთვის „ძალზე დიდი სიხარული“ მოჰქონდა (ნეემია 8:17, 18).
არ უნდა მივატოვოთ ღვთის სახლი
10. რატომ დაინიშნა განსაკუთრებული თავყრილობა მეშვიდე თვის 24-ე დღეს?
10 სერიოზული ნაკლის გამოსასწორებლად ღვთის ხალხი სათანადო დროსა და ადგილს არჩევს. როგორც ჩანს, ეზრასა და ნეემიას ესმოდათ, რომ სწორედ ახლა იყო ამის დრო და 24 თიშრს მარხვა დანიშნეს. ღვთის რჯული ღვთის რჯული ხელმეორედ წაიკითხეს და ხალხმა ცოდვები აღიარა. შემდეგ ლევიანებმა გაიხსენეს ღვთის გულმოწყალე დამოკიდებულება თავისი თავნება ხალხისადმი, ხატოვანი სიტყვებით ხოტბა შეასხეს იეჰოვას და „მტკიცე აღთქმა“ დადეს, რომელზეც მათმა მთავრებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა დასვეს ბეჭედი (ნეემია 9:1–38).
11. რა „მტკიცე აღთქმა“ დადეს იუდეველებმა?
11 ხალხმა ფიცი დადო, რომ შეასრულებდა დაწერილ ‘მტკიცე აღთქმას’ და ‘ღვთის რჯულს დაიცავდა’. მათ თანხმობა განაცხადეს, რომ არ დაქორწინდებოდნენ ‘უცხო ქვეყნის ხალხებზე’ (ნეემია 10:28–30). გარდა ამისა, იუდეველები მზად იყვნენ, დაეცვათ შაბათი, ყოველწლიურად გაეღოთ ფულადი შესაწირავი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად, მიეტანათ შეშა სამსხვერპლოზე, მსხვერპლად მიეყვანათ პირველმოგებული თავიანთი ფარებიდან და ჯოგებიდან და ტაძრის ოთახებში მიეტანათ მიწის პირველნაყოფები. აშკარაა, რომ ისინი გადაწყვეტილებით იყვნენ აღსავსე, ‘არ მიეტოვებინათ თავიანთი ღმერთის სახლი’! (ნეემია 10:32–39).
12. რას ნიშნავს ღვთის სახლში სიარულის გაგრძელება დღეს?
12 დღეს იეჰოვას ხალხი ფრთხილად უნდა იყოს და არ მიატოვოს იეჰოვა ღმერთის დიდი სულიერი ტაძრის ეზოებში წმინდა ‘მსახურება’ (გამოცხადება 7:15). ამაში შედის რეგულარულად მთელი გულით ლოცვა იეჰოვას თაყვანისმცემლობის წინ წაწევისთვის. ასეთ ლოცვებთან თანხმობაში ცხოვრებისთვის საჭიროა ქრისტიანული შეხვედრებისთვის მომზადება და მათში მონაწილეობის მიღება, კეთილი ცნობის ქადაგება და დახმარების აღმოჩენის მიზნით დაინტერესებულებთან განმეორებით მისვლა, ხოლო თუ შესაძლებელია, მათთან ბიბლიის შესწავლის დაწყება. მრავალი, ვისაც არ სურს ღვთის სახლის უგულებელყოფა, სამქადაგებლო საქმიანობისთვის და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ადგილის მოსავლელად მატერიალურ შესაწირავს იღებს. ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ შეხვედრებისთვის ძალზე საჭირო შენობების აგებას; აგრეთვე უნდა ვიზრუნოთ ამ შენობების სუფთად და აკურატულად შენარჩუნებაზე. ღვთის სულიერი სახლისადმი სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა თანამორწმუნეთა შორის მშვიდობის შენარჩუნებაზე ზრუნვა და გაჭირვებულებისთვის სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოჩენა (მათე 24:14; 28:19, 20; ებრაელთა 13:15, 16).
საზეიმო კურთხევა
13. რა საჭიროებდა დიდ ყურადღებას იერუსალიმის კედლის კურთხევამდე და რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა მრავალმა ისრაელმა?
13 ნეემიას დღეებში ‘მტკიცე აღთქმაზე’ ბეჭდის დასმამ ძველ დროში ღვთის ხალხი იერუსალიმის კედლის კურთხევის დღისთვის მოამზადა. მაგრამ დიდ ყურადღებას საჭიროებდა კიდევ ერთი რამ. იერუსალიმში, რომელსაც ირგვლივ დიდი, 12-კარიბჭიანი, კედელი ჰქონდა გარს შემოვლებული, საჭირო იყო ხალხის დასახლება. თუმცა ისრაელების გარკვეული რაოდენობა ცხოვრობდა იქ, „ქალაქი ფართო და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში“ (ნეემია 7:4). ამ პრობლემის გადასაჭრელად „ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში — წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად“. ამ ღონისძიებისადმი გამოხმაურების გამო „ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნება-სურვილით დასახლდა იერუსალიმში“ (ნეემია 11:1, 2). რა შესანიშნავი მაგალითია ეს დღევანდელი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის, რომლებსაც თავიანთი მდგომარეობა ნებას რთავს, რომ გადავიდნენ იქ, სადაც უფრო მეტად არის საჭირო მოწიფული ქრისტიანის დახმარება!
14. რა მოხდა იერუსალიმის კედლის კურთხევის დღეს?
14 მალე დაიწყო იერუსალიმის კედლის კურთხევის დიდი დღისთვის მზადება. იერუსალიმის ახლომახლო, იუდეის ქალაქებში მოძებნეს მუსიკოსები და მომღერლები. ჩამოყალიბდა სამადლობლების შემსრულებელი ორი დიდი გუნდი, რომლებსაც თან ახლდა ხალხის ჯგუფი (ნეემია 12:27–31, 36, 38). გუნდებმა და მათმა თანმხლებმა ხალხმა შემოვლა ტაძრიდან ყველაზე მოშორებული კედლიდან, შესაძლებელია, „ველის კარიბჭიდან“, დაიწყეს და ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაემართნენ ღვთის სახლისკენ, სადაც ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. „დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა“ (ნეემია 12:43).
15. რატომ არ იყო ხანგრძლივი იერუსალიმის კედლის მიძღვნით გამოწვეული სიხარული?
15 ბიბლიაში მოცემული არ არის ამ სასიხარულო დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი. მაგრამ, ეჭვგარეშეა, ის იყო იერუსალიმის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შესაძლებელია, ყველაზე მნიშვნელოვანი, მომენტიც კი. რა თქმა უნდა, ქალაქში ჯერ კიდევ მრავალი შენობის აგება იყო საჭირო. დროთა განმავლობაში იერუსალიმის მკვიდრნი სულიერად მოსუსტდნენ. მაგალითად, ნეემიამ ქალაქში მეორედ ჩასვლისას ნახა, რომ ღვთის სახლი კვლავ უპატრონოდ იყო მიტოვებული და ისრაელებს კვლავ მოეყვანათ უცხოელი ცოლები (ნეემია 13:6–11, 15, 23). ასეთივე ცუდი მდგომარეობის შესახებ მოწმობს წინასწარმეტყველ მალაქიას სიტყვებიც (მალაქია 1:6–8; 2:11; 3:8). ასე რომ, იერუსალიმის კედლის მიძღვნით გამოწვეული სიხარული ხანგრძლივი არ ყოფილა.
-