საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო დაბადებიდან უსინათლოს თვალისჩინს უბრუნებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო დაბადებიდან უსინათლოს თვალისჩინს უბრუნებს

      იოანე 9:1—18

      • იესო თვალისჩინს უბრუნებს კაცს, რომელიც დაბადებიდან ბრმაა

      შაბათი დღეა. იესო კვლავ იერუსალიმშია. ის და მისი მოწაფეები ქალაქში ერთ მათხოვარს ხვდებიან, რომელიც დაბადებიდან ბრმაა. მის დანახვაზე მოწაფეები ეკითხებიან იესოს: „რაბი, ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა, უსინათლო რატომ დაიბადა?“ (იოანე 9:2).

      მოწაფეებმა იციან, რომ ადამიანს არა აქვს არანაირი სული, რომელიც მის დაბადებამდე არსებობს, ამიტომ შესაძლოა აინტერესებთ, მუცლადყოფნის დროს ხომ არ შესცოდა ამ კაცმა. იესო პასუხობს: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო“ (იოანე 9:3). ასე რომ, არც ამ კაცს და არც მის მშობლებს ისეთი არაფერი ჩაუდენიათ ან შეუცოდავთ, რაც მის სიბრმავეს გამოიწვევდა. სინამდვილეში ადამის ცოდვის შედეგია, ყველა არასრულყოფილი რომ ვიბადებით და სხვადასხვა სნეულებით ვიტანჯებით, თუნდაც ისეთით, როგორიცაა სიბრმავე. მაგრამ ახლა იესოს შესაძლებლობა ეძლევა, თვალი აუხილოს ამ კაცს და ღვთის დიდებული საქმეები ყველასთვის აშკარა გახადოს, როგორც ეს სხვა ავადმყოფების განკურნების შემთხვევაში გააკეთა.

      იესო ხაზგასმით ამბობს, რომ ეს საქმეები გადაუდებელია: „სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. სანამ ქვეყნიერებაში ვარ, ქვეყნიერების სინათლე ვარ“ (იოანე 9:4, 5). მალე იესოს სიკვდილის წყვდიადი მოიცავს და, ასე ვთქვათ, ხელფეხშებორკილი იქნება. სანამ ეს დრო დადგება, სწორედ ის არის ქვეყნიერებაში სულიერი სინათლის წყარო.

      იესო უსინათლო მამაკაცს თიხას ადებს თვალებზე

      საინტერესოა, განკურნავს იესო ამ კაცს? იგი მიწაზე აფურთხებს, ნერწყვით თიხას ზელს, კაცს თვალებზე ადებს და ეუბნება: „წადი, მოიბანე სილოამის აუზში“ (იოანე 9:7). ის ასეც იქცევა, რის შემდეგაც თვალისჩინი უბრუნდება. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი წუთები დგება მის ცხოვრებაში! მან ხომ პირველად დაინახა?!

      მეზობლები და ის ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს კაცი ბრმაა, განცვიფრებულები არიან. ისინი კითხულობენ: „ეს ის კაცი არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“. ერთნი ამბობენ, „ის არისო“, მეორენი კი ვერ იჯერებენ და ამბობენ, „ის არ არის, მაგრამ ჰგავსო“, თვითონ კი ამბობს, „ისა ვარო“ (იოანე 9:8, 9).

      ამის მოსმენაზე ეკითხებიან: „როგორ აგეხილა თვალი?“. იგი პასუხობს: „კაცმა, რომელსაც იესო ჰქვია, თიხა მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი და სილოამში მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და თვალი ამეხილა“. შემდეგ ასეთ კითხვას უსვამენ: „სად არის ის კაცი?“. ის ეუბნება: „არ ვიცი“ (იოანე 9:10—12).

      ხალხს ეს კაცი ფარისევლებთან მიჰყავთ, რომელთაც სხვების მსგავსად აინტერესებთ, როგორ დაუბრუნდა მას მხედველობა. კაცი ეუბნება მათ: „თიხა დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ“. წესით ფარისევლებს უნდა გაუხარდეთ, რომ ეს უსინათლო კაცი განიკურნა. მაგრამ ნაცვლად ამისა, ზოგი მათგანი განსჯის იესოს. ისინი აცხადებენ: „ეგ კაცი ღვთისგან არ არის, შაბათს არ იცავს“. მაგრამ ზოგი ასეთ რამეს ამბობს: „განა ცოდვილი კაცი ასეთ ნიშნებს მოახდენს?“ (იოანე 9:15, 16). ასე რომ, მათი აზრი იყოფა.

      როცა ხედავენ, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი აქვთ, კვლავ ეკითხებიან უსინათლოს: „შენ რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა?“. მას ეჭვი არ ეპარება იესოში და ამიტომ პასუხად ეუბნება: „წინასწარმეტყველია“ (იოანე 9:17).

      იუდეველებს მაინც არ სჯერათ, რომ მას თვალი აეხილა. ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ იესომ და ამ კაცმა წინასწარ მოილაპარაკეს, ხალხი რომ გაებრიყვებინათ და შეცდომაში შეეყვანათ. ამიტომ გადაწყვეტენ, მათხოვრის მშობლებს ჰკითხონ, მართლა ბრმა იყო თუ არა მათი ვაჟი.

  • ფარისევლები უპირისპირდებიან უკვე თვალხილულ კაცს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ფარისევლები, რომლებსაც არ სურთ იმის აღიარება, რომ იესომ მხედველობა დაუბრუნა დაბადებიდან ბრმა კაცს, მის მშობლებს უხმობენ. ამ კაცის მშობლები შიშობენ, ვაითუ სინაგოგიდან მოკვეთონ (იოანე 9:22). ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა იუდეველებისგან გარიყულები იქნებიან და სიდუხჭირეში მოუწევთ ცხოვრება.

      ფარისევლები მათ ორ კითხვას უსვამენ: „ეს არის თქვენი ვაჟი, რომელზეც ამბობთ, უსინათლო დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“. ამაზე ისინი პასუხობენ: „ვიცით, რომ ეს ჩვენი ვაჟია და უსინათლო დაიბადა, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ახლა ხედავს, არ ვიცით. არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი“. შესაძლოა მათ შვილი მოუყვა მომხდარის შესახებ, მაგრამ ისინი სიფრთხილეს იჩენენ და ამბობენ: „მას ჰკითხეთ; პატარა აღარ არის, თავის თავზე თვითონ ილაპარაკოს“ (იოანე 9:19—21).

      ამის მოსმენაზე ფარისევლები ისევ იხმობენ ამ კაცს და დაშინების მიზნით ეუბნებიან, რომ იესოს წინააღმდეგ სამხილი აქვთ. „დიდება მიაგე ღმერთს, — მოითხოვენ ფარისევლები მისგან. — ჩვენ ვიცით, რომ ეგ კაცი ცოდვილია“. კაცი ცდილობს, სხვა მიმართულებით წაიყვანოს საუბარი და ეუბნება მათ: „ცოდვილია თუ არა, არ ვიცი“. მაგრამ აქვე დასძენს: „ერთი ის ვიცი, რომ უსინათლო ვიყავი და ახლა ვხედავ“ (იოანე 9:24, 25).

      ფარისევლები ამით არ კმაყოფილდებიან და ეკითხებიან: „რა გაგიკეთა? როგორ აგიხილა თვალი?“. კაცი გაბედულად პასუხობს: „უკვე გითხარით და არ მომისმინეთ. რად გინდათ, მეორედ მოისმინოთ? თქვენც მისი მოწაფეობა ხომ არ გსურთ?“. ამის გაგონებაზე ფარისევლები რისხდებიან და კაცს ბრალს სდებენ: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი, ეს კაცი კი არ ვიცით, საიდან არის“ (იოანე 9:26—29).

      ამაზე კაცი პასუხობს: „საკვირველიც ის არის, რომ არ იცით, საიდან არის, მე კი თვალი ამიხილა“. შემდეგ დამაჯერებელი საბუთი მოჰყავს იმის თაობაზე, თუ ვის უსმენს ღმერთი და ვის იწონებს: „ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს, მაგრამ ვისაც ღვთის შიში აქვს და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს. არავის გაუგონია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადდაბადებულისთვის“. ბოლოს ასეთ დასკვნას აკეთებს: „ის რომ ღვთისგან არ იყოს, ვერაფერს გააკეთებდა“ (იოანე 9:30—33).

      ფარისევლები, რომლებსაც არ ძალუძთ, საწინააღმდეგო აზრი გამოთქვან, კაცს შეურაცხყოფას აყენებენ: „შენ ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“. შემდეგ გარეთ აგდებენ მას (იოანე 9:34).

      როდესაც იესო მომხდარის შესახებ იგებს, პოულობს კაცს, რომელსაც თვალისჩინი დაუბრუნა და ეკითხება: „გწამს კაცის ძე?“. კაცი პასუხობს: „ვინ არის ის, ბატონო, რომ ვირწმუნო?“. იესო ისეთ რამეს ეუბნება, რომ მას ეჭვის არანაირი საფუძველი არ რჩება: „შენ გინახავს იგი. ვინც გელაპარაკება, ის არის“ (იოანე 9:35—37).

      პასუხად კაცი ეუბნება: „მწამს, უფალო“ და მდაბლად თაყვანს სცემს იესოს, რითაც აჩვენებს, რომ სწამს მისი და პატივისცემას ავლენს მის მიმართ. შემდეგ იესო მას ღრმა მნიშვნელობის სიტყვებს ეუბნება: „ქვეყნიერებაზე გასასამართლებლად მოვედი, რათა ვინც ვერ ხედავს, დაინახოს, ხოლო ვინც ხედავს, დაბრმავდეს“ (იოანე 9:38, 39).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება