-
დავაფასოთ ის, ვინც მოსეზე დიდიასაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
მოსე — იესოს წინამორბედი
6. როგორ დაანახვა პეტრემ იუდეველებს, რომ იესოსთვის უნდა მოესმინათ?
6 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ცოტა ხნის შემდეგ მოციქულმა პეტრემ მოიყვანა მოსეს წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებიც იესო ქრისტეზე შესრულდა. ამ დროს პეტრე ტაძარში იდგა იუდეველების წინაშე. როცა პეტრემ და იოანემ დაბადებიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი განკურნეს, „განცვიფრებული ხალხი“ მათკენ გაიქცა. პეტრემ მათ აუხსნა, რომ ეს სასწაული მოახდინეს იეჰოვას წმინდა სულით, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით მიიღეს. შემდეგ ებრაული წერილებიდან ციტატა მოიყვანა: «მოსემ თქვა: „იეჰოვა ღმერთი თქვენი ძმებიდან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს. გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით“» (საქ. 3:11, 22, 23; წაიკითხეთ მეორე კანონის 18:15, 18, 19).
7. რატომ იყო პეტრეს მსმენელისთვის გასაგები ის, რაც მან მოსეზე დიდ წინასწარმეტყველზე თქვა?
7 მოსეს ეს სიტყვები, როგორც ჩანს, უცხო არ ყოფილა პეტრეს მსმენელებისთვის. იუდეველები დიდ პატივს სცემდნენ მოსეს (კან. 34:10). ისინი მოსეზე დიდი წინასწარმეტყველის გამოჩენასაც ელოდნენ. ეს წინასწარმეტყველი მოსესავით მხსნელი იქნებოდა და ამავე დროს მესია, „ღვთის ქრისტე, რჩეული“ (ლუკ. 23:35).
მოსესა და იესოს შორის მსგავსება
8. რა მსგავსებაა მოსესა და იესოს ცხოვრებას შორის?
8 მოსესა და იესოს ცხოვრება რაღაცით ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად, ჩვილობაში მოსეც და იესოც გადაურჩნენ დესპოტ მმართველებს (გამ. 1:22—2:10; მათ. 2:7—14). გარდა ამისა, ორივეს ‘მოუხმეს ეგვიპტიდან’. წინასწარმეტყველმა ოსიამ თქვა: „როცა ისრაელი ყმაწვილი იყო, მაშინ მიყვარდა ის; ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“ (ოს. 11:1). აქ ოსია გულისხმობდა ისრაელ ერს, რომელიც ღვთისგან დანიშნულმა წინამძღოლმა, მოსემ, ეგვიპტიდან გამოიყვანა (გამ. 4:22, 23; 12:29—37). მაგრამ ოსიას სიტყვები მხოლოდ წარსულ მოვლენებს არ ეხებოდა. ეს წინასწარმეტყველება მაშინაც შესრულდა, როცა მეფე ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსები და მარიამი იესოსთან ერთად ეგვიპტიდან სამშობლოში დაბრუნდნენ (მათ. 2:15, 19—23).
9. ა) რა სასწაულები მოახდინეს მოსემ და იესომ? ბ) ისაუბრეთ სხვა მსგავსებებზეც (იხილეთ ჩარჩო „კიდევ რით ჰგავდა იესო მოსეს“, 26-ე გვერდზე).
9 მოსეცა და იესოც სასწაულებს ახდენდნენ, რაც იეჰოვას მხარდაჭერის მაჩვენებელი იყო. ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულებიდან პირველი სწორედ მოსემ მოახდინა (გამ. 4:1—9). მისი რამდენიმე სასწაული წყალს უკავშირდება. მაგალითად, მან ნილოსის წყალი სისხლად აქცია, წითელი ზღვა შუაზე გაყო და უდაბნოში კლდიდან წყალი გადმოაჩქეფა (გამ. 7:19—21; 14:21; 17:5—7). იესოს სასწაულებიც უკავშირდება წყალს. პირველი სასწაული მან ქორწილში მოახდინა, როცა წყალი ღვინოდ გადააქცია (იოან. 2:1—11). მოგვიანებით გალილეის აღელვებული ზღვა დააცხრო. ერთხელ წყალზეც კი გაიარა (მათ. 8:23—27; 14:23—25). მოსესა და იესოს შორის სხვა მსგავსებები შეგიძლიათ იხილოთ 26-ე გვერდზე მოცემულ ჩარჩოში.
ქრისტე — წინასწარმეტყველი
10. ვის შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და რატომ არის მოსე ასეთი წინასწარმეტყველი?
10 ბევრის აზრით, წინასწარმეტყველია ის, ვინც მომავალს წინასწარმეტყველებს. მაგრამ წინასწარმეტყველის მოვალეობაში მხოლოდ ეს არ შედის. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ის არის, ვინც იეჰოვას შთაგონებით ლაპარაკობს და „ღვთის დიდებულ საქმეებს“ აცხადებს (საქ. 2:11, 16, 17). წინასწარმეტყველი აცხადებს მომავალს, იეჰოვას განზრახვასთან დაკავშირებულ დეტალებს და ღვთის განაჩენს. ზუსტად ამას აკეთებდა მოსე. ის წინასწარ აცხადებდა თითოეულ სასჯელს, რომელიც ეგვიპტეს უნდა დასტყდომოდა თავს. სინას მთასთან მოსემ ხალხს გადასცა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება. მან ისრაელ ერს ღვთის ნებაც გააცნო. მიუხედავად ამისა, მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი მომავალში უნდა გამოჩენილიყო.
11. რა მხრივ იყო იესო მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი?
11 ძვ. წ. პირველ საუკუნეში ზაქარიამ წინასწარმეტყველის როლი შეასრულა, როცა იწინასწარმეტყველა, თუ ღვთის განზრახვით რას გააკეთებდა მისი ვაჟი, იოანე (ლუკ. 1:76). მისმა ვაჟმა, იოანე ნათლისმცემელმა იწინასწარმეტყველა მოსეზე დიდი წინასწარმეტყველის — იესო ქრისტეს მოსვლა, რომელსაც ხალხი დიდი ხანი ელოდა (იოან. 1:23—36). იესომაც ბევრი რამ იწინასწარმეტყველა, მაგალითად, თავის სიკვდილთან დაკავშირებული დეტალები — როგორ მოკვდებოდა, სად მოკვდებოდა და ვისი ხელით (მათ. 20:17—19). მსმენელთა გასაკვირად მან იერუსალიმის განადგურება და ტაძრის დანგრევაც იწინასწარმეტყველა (მარ. 13:1, 2). იესომ ისიც კი თქვა, თუ რა მოხდებოდა ჩვენს დღეებში (მათ. 24:3—41).
12. ა) როგორ ჩაუყარა იესომ საფუძველი გლობალურ სამქადაგებლო საქმიანობას? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს?
12 იესო მქადაგებელი და მასწავლებელიც იყო. ის ქადაგებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ; მასავით გაბედულად არავის ულაპარაკია (ლუკ. 4:16—21, 43). როგორც მასწავლებელს, მას ბადალი არ ჰყოლია. „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“, — ამბობდნენ მისი მსმენელები (იოან. 7:46). იესო გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას და თავის მიმდევრებსაც იგივე სული გადასდო. ამგვარად, მან საფუძველი ჩაუყარა გლობალურ სამქადაგებლო საქმიანობას, რაც დღემდე გრძელდება (მათ. 28:18—20; საქ. 5:42). გასულ წელს შვიდ მილიონამდე იესოს მიმდევარმა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებას 1 500 000 000 საათი დაუთმო. თქვენც მაქსიმალურად მონაწილეობთ ამ საქმეში?
13. რა დაგვეხმარება, რომ „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“?
13 უდავოა, რომ იეჰოვამ შეასრულა თავისი სიტყვა და მოავლინა მოსესნაირი წინასწარმეტყველი. როგორ მოქმედებს ამის ცოდნა თქვენზე? გიმტკიცებთ იმის რწმენას, რომ ახლო მომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებიც შესრულდება? დიდ მოსეზე ფიქრი გვეხმარება, რომ „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თეს. 5:2, 6).
ქრისტე — შუამავალი
14. რა გაგებით იყო მოსე შუამავალი ღმერთსა და ისრაელ ერს შორის?
14 მოსეს მსგავსად, იესოც შუამავალი იყო. მოსე შუამავლის როლს ასრულებდა იეჰოვასა და ისრაელ ერს შორის, როცა კანონის საფუძველზე დაიდო შეთანხმება. თუ იაკობის ვაჟები დაიცავდნენ ამ შეთანხმებას, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება იქნებოდნენ (გამ. 19:3—8). ეს შეთანხმება ძალაში იყო ძვ. წ. 1513 წლიდან ახ. წ. პირველ საუკუნემდე.
15. რა მხრივ არის იესო უფრო აღმატებული შუამავალი?
15 ახ. წ. 33 წელს იეჰოვამ უკეთესი შეთანხმება დაუდო ახალ ისრაელს ანუ „ღვთის ისრაელს“. ღვთის ისრაელი, რომელშიც ცხებული ქრისტიანები შედიან, მსოფლიო მასშტაბის კრებად იქცა (გალ. 6:16). მოსეს შუამავლობით დადებული შეთანხმება მოიცავდა ღვთის მიერ ქვის ფილებზე დაწერილ კანონებს. მაგრამ იესოს შუამავლობით დადებული შეთანხმების შემთხვევაში კანონები ადამიანთა გულებზე დაიწერა და ამიტომ ეს შეთანხმება წინა შეთანხმებაზე უპირატესობს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:5; ებრაელების 8:10). ამგვარად „ღვთის ისრაელი“ არის ღვთის გამორჩეული საკუთრება და ‘ერი, რომელიც სამეფოს ნაყოფს გამოიღებს’ (მათ. 21:43). ამ სულიერი ერის წარმომადგენლები ახალი შეთანხმების ერთ მხარეს წარმოადგენენ. მაგრამ ეს შეთანხმება მხოლოდ მათ კურთხევას არ ემსახურება. უამრავი ადამიანი, მათ შორის სიკვდილის ძილით მიძინებულები, ამ აღმატებული შეთანხმების წყალობით მარადიულ კურთხევებს მიიღებენ.
ქრისტე — მხსნელი
16. ა) როგორ დაიხსნა იეჰოვამ მოსეს ხელით ისრაელი? ბ) გამოსვლის 14:13-ის თანახმად, ვინ არის სინამდვილეში მხსნელი?
16 ეგვიპტიდან გამოსვლის წინა ღამეს ისრაელთა პირმშოები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ღვთის ანგელოზს უნდა შემოევლო ეგვიპტის მიწა და მოეკლა ყველა პირმშო. იეჰოვამ გააფრთხილა მოსე, რომ ისრაელები იმ შემთხვევაში გადარჩებოდნენ, თუ საპასექო კრავის სისხლს თავიანთი კარის წირთხლებსა და კარისთავებს მიასხურებდნენ (გამ. 12:1—13, 21—23). ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იეჰოვამ თქვა. მოგვიანებით მთელი ერი დადგა საფრთხის წინაშე. ისინი წითელ ზღვასა და ეგვიპტელთა ლაშქარს შორის აღმოჩნდნენ. იეჰოვამ ამჯერადაც იხსნა ისინი მოსეს მეშვეობით, რომელმაც სასწაულებრივად გაყო ზღვის წყალი შუაზე (გამ. 14:13, 21).
17, 18. რა გაგებით არის იესო მოსეზე დიდი მხსნელი?
17 მართალია მოსეს მეშვეობით იეჰოვამ რამდენჯერმე სასწაულებრივად იხსნა თავისი ერი, მაგრამ ეს ვერ შეედრება იმას, რაც მან იესოს მეშვეობით გააკეთა. იესომ ცოდვის მონობისგან დაიხსნა ხალხი (რომ. 5:12, 18). ეს არის „მარადიული ხსნა“ (ებრ. 9:11, 12). თავად იესოს სახელიც ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. ჩვენი მხსნელი იესო არა მარტო ძველი ცოდვებისგან გვათავისუფლებს, არამედ გზას გვიხსნის ბედნიერი მომავლისკენ. იესო თავის მიმდევრებს ღვთის რისხვისგანაც იხსნის და იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში ეხმარება (მათ. 1:21).
18 ამ ხსნის შედეგად დროთა განმავლობაში ადამიანები გათავისუფლდებიან ავადმყოფობისა და სიკვდილისგან. ამის უკეთესად წარმოსადგენად გავიხსენოთ ერთი შემთხვევა: იესო მივიდა ერთი კაცის, იაიროსის სახლში, რომელსაც 12 წლის ქალიშვილი მოუკვდა. იესომ ასე ანუგეშა იაიროსი: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება“ (ლუკ. 8:41, 42, 49, 50). იესოს სიტყვებისამებრ, გოგონა გაცოცხლდა. შეგიძლია წარმოიდგინო მშობლების სიხარული? თუ ასეა, მაშინ არც იმის წარმოდგენა გაგიჭირდება, რა გრძნობა დაგვეუფლება, როცა „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და [ცოცხლები] გამოვლენ“ (იოან. 5:28, 29). იესო ნამდვილად მხსნელია (წაიკითხეთ საქმეების 5:31; ტიტ. 1:4; გამოცხ. 7:10).
19, 20. ა) რისკენ აღგვძრავს იმაზე ფიქრი, რომ იესო მოსეზე დიდია? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ, რომ იესო მათი მხსნელიც გახდეს. ამის ცოდნა ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების ძალას გვაძლევს (ეს. 61:1—3). როცა ვფიქრობთ იესოზე, უფრო დიდ მოსეზე, უფრო მეტად ვრწმუნდებით იმაში, რომ ის იხსნის თავის მიმდევრებს ბოროტებზე ღვთის განაჩენის აღსრულებისას (მათ. 25:31—34, 41, 46; გამოცხ. 7:9, 14).
20 იესო ნამდვილად მოსეზე დიდია. რაც მან გააკეთა, მოსეს არასდროს გაუკეთებია. მის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები და მისი, როგორც შუამავლის, გაკეთებული საქმეები ადამიანთა მთელი მოდგმის კეთილდღეობას მოემსახურება. იესო დროებით კი არა, მარადიულად იხსნის კაცობრიობას. მაგრამ მისი როლი მხოლოდ ამით არ ამოიწურება.
-
-
დავაფასოთ ის, ვინც მოსეზე დიდიასაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]
კიდევ რით ჰგავდა იესო მოსეს
◻ იეჰოვასა და მისი ხალხის მსახურებისთვის ორივემ მაღალი მდგომარეობა დათმო (2 კორ. 8:9; ფილ. 2:5—8; ებრ. 11:24—26).
◻ ორივენი ცხებულები ანუ „ქრისტეები“ იყვნენ (მარ. 14:61, 62; იოან. 4:25, 26; ებრ. 11:26).
◻ ორივენი იეჰოვას სახელით მოღვაწეობდნენ (გამ. 3:13—16; იოან. 5:43; 17:4, 6, 26).
◻ ორივენი თვინიერები იყვნენ (რიცხ. 12:3; მათ. 11:28—30).
◻ ორივემ დააპურა მრავალი ადამიანი (გამ. 16:12; იოან. 6:48—51).
◻ ორივენი ასრულებდნენ მოსამართლისა და კანონმდებლის მოვალეობას (გამ. 18:13; მალ. 4:4; იოან. 5:22, 23; 15:10).
◻ ორივენი ღვთის სახლზე იყვნენ დაყენებული (რიცხ. 12:7; ებრ. 3:2—6).
◻ ორივენი იეჰოვას ერთგული მოწმეები იყვნენ (ებრ. 11:24—29; 12:1; გამოცხ. 1:5).
◻ სიკვდილის შემდეგ მოსესა და იესოს სხეულები ღმერთმა გააქრო (კან. 34:5, 6; ლუკ. 24:1—3; საქ. 2:31; 1 კორ. 15:50; იუდ. 9).
-