-
აი მსახური, რომელიც იეჰოვამ მოიწონა!საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 იანვარი
-
-
აი მსახური, რომელიც იეჰოვამ მოიწონა!
„აი ჩემი მსახური, . . . რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა!“ (ეს. 42:1).
1. რის გაკეთება მართებს იეჰოვას ხალხს გახსენების საღამოს მოახლოებისას და რატომ?
იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო კარს არის მომდგარი, ამიტომ დროულია პავლეს რჩევა: „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს, იესოს . . . რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ სულის სიმხნევე, დაფიქრდით მასზე, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოითმინა ცოდვილთაგან, რომლებიც ამით თავიანთივე თავს აყენებდნენ ზიანს“ (ებრ. 12:2, 3). იესოს ერთგულებაზე დაფიქრება, რომელიც მისი მსხვერპლშეწირვით დაგვირგვინდა, დაეხმარება ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურ სხვა ცხვრებს, ერთგულად ემსახურონ იეჰოვას და ‘არ დაკარგონ სულის სიმხნევე’ (შეადარეთ გალატელების 6:9).
2. რას ვიგებთ ესაიას წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც ღვთის ძეს ეხება?
2 ესაიას მეშვეობით იეჰოვამ მრავალი წინასწარმეტყველება წარმოთქვა თავის ძეზე. ზუსტად ეს წინასწარმეტყველებები გვეხმარება, რომ „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს“, იესო ქრისტესa. მათი მეშვეობით უკეთ ვიგებთ, როგორი თვისებები აქვს მას, როგორ დაიტანჯა და როგორ განდიდდა როგორც მეფე და მხსნელი. ესაიას წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები გვეხმარება, მეტად დავაფასოთ გახსენების საღამო, რომელიც ამა წლის 9 აპრილს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ ჩატარდება.
ვინ არის მსახური?
3, 4. ა) რა იგულისხმება ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ სიტყვა „მსახურში“? ბ) როგორც ბიბლიიდან ჩანს, ვინ არის ესაიას 42-ე, 49-ე, 50-ე, 52-ე და 53-ე თავებში მოხსენიებული მსახური?
3 ესაიას წიგნში არაერთხელ გვხვდება სიტყვა „მსახური“. ზოგჯერ ის თავად ესაიას ეხება (ეს. 20:3; 44:26). ზოგჯერ მასში მთელი ისრაელი ერი ანუ იაკობი იგულისხმება (ეს. 41:8, 9; 44:1, 2, 21). მაგრამ ვინ არის მსახური, რომელზეც ესაიას 42-ე, 49-ე, 50-ე, 52-ე და 53-ე თავებშია ნაწინასწარმეტყველები? ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ნათელს ჰფენს იეჰოვას ამ მსახურის ვინაობას. საინტერესოა, რომ წიგნ „საქმეებში“ მოხსენიებული ეთიოპი საჭურისი ზუსტად ამ წინასწარმეტყველებებს კითხულობდა, როცა წმინდა სულმა აღძრა ფილიპე მახარობელი, მასთან მისულიყო. ეთიოპი საჭურისი ბიბლიის იმ მონაკვეთს კითხულობდა, რომელიც ახლა ესაიას 53:7, 8-ში წერია. მან ჰკითხა ფილიპეს: „გთხოვ, მითხარი, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას? საკუთარ თავზე თუ სხვა ვინმეზე?“ ფილიპემ აუხსნა, რომ ესაია აქ მესიაზე, იესოზე ლაპარაკობდა (საქ. 8:26—35).
4 იესო ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა წმინდა სულით აღძრულმა ღვთისმოსავმა სიმონმა განაცხადა, რომ „პატარა იესო“ გახდებოდა „სინათლე უცხოტომელთათვის რიდის ასახდელად“, როგორც ეს ესაიას 42:6-ე და 49:6-ში იყო ნაწინასწარმეტყველები (ლუკ. 2:25—32). ის დამცირება, რომელიც იესომ თავისი წამების ბოლო ღამეს გადაიტანა, ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 50:6—9-ში (მათ. 26:67; ლუკ. 22:63). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ პეტრე მოციქულმა ახსნა, რომ იესო იყო იეჰოვას „მსახური“ (ეს. 52:13; 53:11; წაიკითხეთ საქმეების 3:13, 26 ). რის სწავლა შეგვიძლია მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებიდან?
იეჰოვა ასწავლის თავის მსახურს
5. როგორ განისწავლა მსახური?
5 ღვთის მსახურთან დაკავშირებული ესაიას ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ნათელს ჰფენს იმ ახლო ურთიერთობას, რომელიც იეჰოვას თავის პირმშოსთან ჰქონდა, ვიდრე ის დედამიწაზე ჩამოვიდოდა (წაიკითხეთ ესაიას 50:4—9). თავად მსახურის სიტყვებიდან ჩანს, რომ იეჰოვა განუწყვეტლივ ასწავლიდა მას: „ყოველ დილით მაღვიძებს, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ სწავლულებივით მოვისმინო“ (ეს. 50:4). ზეცაში ცხოვრებისას იეჰოვას მსახური უსმენდა მამას და სწავლობდა მისგან. ის მორჩილი მოწაფე იყო. მსახურს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, თავად სამყაროს შემოქმედისგან ესწავლა.
6. საიდან ჩანს, რომ მსახური ბოლომდე ემორჩილებოდა მამას?
6 ზემოხსენებულ წინასწარმეტყველებაში მსახური თავის მამას „უზენაეს უფალ იეჰოვას“ უწოდებს. აქედან ჩანს, რომ მან კარგად იცის ძირითადი ჭეშმარიტება — იეჰოვა სამყაროს უზენაესი ხელისუფალია. მამას რომ ბოლომდე ემორჩილებოდა, კარგად ჩანს მისივე სიტყვებიდან: „უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამიხსნა ყური და მეც არ ვეურჩე; სხვა მხარეს არ შევბრუნებულვარ“ (ეს. 50:5). ის, „როგორც ოსტატი“, იეჰოვას გვერდით იყო, როცა ღმერთი სამყაროსა და ადამიანს ქმნიდა. „ოსტატი“ ‘ყოველდღე ხარობდა მის [იეჰოვას] წინაშე. დედამიწის ნაყოფიერება ახარებდა და უყვარდა ადამიანის მოდგმა’ (იგავ. 8:22—31).
7. რა ცხადყოფს, რომ მსახურს განსაცდელების დროს ეჭვი არ შეჰპარვია მამის მხარდაჭერაში?
7 მსახურს მამისგან ნასწავლი და ადამიანების სიყვარული ძალიან გამოადგა, როცა დედამიწაზე ჩამოვიდა და ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდა. წინააღმდეგობის მიუხედავად, მამის ნების შესრულება მას ყოველთვის სიხარულს ანიჭებდა (ფსალმ. 40:8; მათ. 26:42; იოან. 6:38). განსაცდელების დროს მას ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მამა იწონებდა და მხარს უჭერდა. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, იესოს შეეძლო ეთქვა: „ახლოსაა ის, ვინც მართლად მაღიარებს. ვინ შემედავება?! . . . აი, უზენაესი უფალი იეჰოვა დამეხმარება“ (ეს. 50:8, 9). როგორც ესაიას სხვა წინასწარმეტყველებიდან ჩანს, იეჰოვა ნამდვილად დაეხმარა ერთგულ ძეს დედამიწაზე მსახურებისას.
მსახური დედამიწაზე
8. რა ადასტურებს, რომ იესო იყო იეჰოვას „რჩეული“, რომელზეც ესაია წინასწარმეტყველებდა?
8 ბიბლია მოგვითხრობს, რა მოხდა ახ. წ. 29 წელს, როცა იესო მოინათლა: «წმინდა სული . . . გადმოვიდა მასზე და ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“» (ლუკ. 3:21, 22). ამგვარად, იეჰოვამ ცხადყო, თუ ვინ იყო ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „რჩეული“ (წაიკითხეთ ესაიას 42:1—7). დედამიწაზე მსახურების დროს იესომ შესანიშნავად შეასრულა ეს წინასწარმეტყველება. თავის სახარებაში მათემ იესოს დაუკავშირა ესაიას 42:1—4-დან ციტირებული სიტყვები (მათ. 12:15—21).
9, 10. ა) როგორ შეასრულა იესომ თავისი მსახურების დროს ესაიას 42:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? ბ) როგორ „აღასრულა სამართალი“ ქრისტემ დედამიწაზე ყოფნის დროს და კიდევ როდის გააკეთებს ამას?
9 რელიგიური წინამძღოლები ზემოდან დაჰყურებდნენ უბრალო ხალხს (იოან. 7:47—49). ასეთი მოპყრობის გამო ხალხი „გადატეხილ ლერწამს“ და „მბჟუტავ პატრუქს“ ჰგავდა. იესოს კი ებრალებოდა ღარიბი და გაჭირვებული ხალხი (მათ. 9:35, 36). მან თბილი სიტყვებით მიმართა მათ: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათ. 11:28). იესომ „სამართალიც აღასრულა“, როცა სწორისა და არასწორის შესახებ იეჰოვას ნორმები ასწავლა მათ (ეს. 42:3). მან ცხადყო, რომ ღვთის კანონის დაცვისას გონიერება და გულმოწყალება უნდა გამოევლინათ (მათ. 23:23). იესო მაშინაც სამართლიანად მოიქცა, როცა მდიდრებსაც უქადაგა და ღარიბებსაც (მათ. 11:5; ლუკ. 18:18—23).
10 ესაიას წინასწარმეტყველებიდან ისიც ჩანს, რომ იეჰოვას „რჩეული“ „სამართალს აღასრულებს დედამიწაზე“ (ეს. 42:4). ის მაშინ გააკეთებს ამას, როცა, როგორც ზეციერი სამეფოს მეფე, დაამხობს ყველა პოლიტიკურ წყობას და თავისი სამართლიანი მმართველობით შეცვლის მათ. ის დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13; დან. 2:44).
„სინათლე“ და „შეთანხმება“
11. რა გაგებით იყო და არის იესო „ერების სინათლე“?
11 იესომ დაამტკიცა, რომ ‘სინათლე იყო ერებისთვის’, როგორც ეს ესაიას 42:6-ში იყო ნაწინასწარმეტყველები. დედამიწაზე მსახურების დროს ის, ძირითადად, ებრაელების სულიერი განმანათლებელი იყო (მათ. 15:24; საქ. 3:26). მაგრამ მან ისიც თქვა: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ“ (იოან. 8:12). ის სინათლე გახდა ებრაელებისა და სხვა ერებისთვის არა მხოლოდ იმით, რომ სულიერად გაანათლა ისინი, არამედ იმითაც, რომ თავისი სიცოცხლე გაიღო კაცობრიობის გამოსასყიდად (მათ. 20:28). აღდგომის შემდეგ მან მოწაფეებს დაავალა, რომ მისი მოწმეები ყოფილიყვნენ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ქადაგების დროს პავლემ და ბარნაბამ ფრაზა „ერების სინათლე“ არაიუდეველთა შორის თავიანთ სამქადაგებლო საქმიანობას დაუკავშირეს (საქ. 13:46—48; შეადარეთ ესაიას 49:6). ამ საქმეს დღესაც აგრძელებენ დედამიწაზე იესოს ცხებული ძმები და მათი თანამსახურები. ისინი სულიერ სინათლეს ავრცელებენ და ხალხს ეხმარებიან, იწამონ იესო — „ერების სინათლე“.
12. როგორ აქცია იეჰოვამ თავისი მსახური „შეთანხმებად ხალხებისთვის“?
12 იმავე წინასწარმეტყველებაში იეჰოვამ უთხრა თავის რჩეულ მსახურს: „დაგიცავ და შეთანხმებად გაქცევ ხალხებისთვის“ (ეს. 42:6). სატანა მთელი ძალით ცდილობდა იესოს განადგურებას და მსახურებაში მისთვის ხელის შეშლას, მაგრამ იეჰოვა მანამდე იცავდა მას, ვიდრე მისი სიკვდილის დრო არ დადგა (მათ. 2:13; იოან. 7:30). იეჰოვამ აღადგინა იესო და „შეთანხმებად“ აქცია ხალხებისთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ ღვთის ერთგული მსახური კვლავაც დარჩებოდა „სინათლედ ერებისთვის“ და სულიერი სიბნელიდან იხსნიდა მათ (წაიკითხეთ ესაიას 49:8, 9)b.
13. რა გაგებით იყო და არის იესო „სიბნელეში მსხდომთა“ მხსნელი?
13 ამ შეთანხმების თანახმად, იეჰოვას რჩეული მსახური ‘თვალებს აუხელს ბრმებს’, ‘დილეგიდან გამოუშვებს პატიმრებს’ და ‘სატუსაღოდან იხსნის სიბნელეში მსხდომთ’ (ეს. 42:7). იესო ასე იქცეოდა დედამიწაზე მსახურების დროს — ის გმობდა ცრურელიგიურ ტრადიციებს და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებდა (მათ. 15:3; ლუკ. 8:1). ამგვარად, მან სულიერი ტყვეობიდან დაიხსნა ის ებრაელები, რომლებიც მისი მოწაფეები გახდნენ (იოან. 8:31, 32). იესომ სულიერ სინათლეში მილიონობით არაიუდეველიც გაიყვანა. მან დაავალა თავის მიმდევრებს, რომ ‘წასულიყვნენ და მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან’, და დაჰპირდა, რომ ‘მათთან იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულამდე’ (მათ. 28:19, 20). მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას იესო ზეციდან ხელმძღვანელობს.
„მსახურის“ ამაღლება
14, 15. რატომ და როგორ აამაღლა იეჰოვამ თავისი მსახური?
14 მესიასთან დაკავშირებულ სხვა წინასწარმეტყველებაში იეჰოვამ თქვა: „აი, ჩემი მსახური წვდომის უნარით იმოქმედებს. აღზევდება, დიდად ამაღლდება და განდიდდება“ (ეს. 52:13). ძე ბოლომდე ემორჩილებოდა მის უზენაესობას და ერთგულებას ინარჩუნებდა განსაცდელების დროს, ამიტომ იეჰოვამ აამაღლა ის.
15 მოციქული პეტრე იესოზე წერდა: „ის ზეცაში ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები, ძალაუფლებები და ძალები“ (1 პეტ. 3:22). პავლე მოციქულიც წერდა: „[მან] თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე. ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფილ. 2:8—11).
16. როგორ განდიდდა იესო 1914 წელს და რას აკეთებს მას შემდეგ?
16 იეჰოვამ უფრო მეტად აამაღლა იესო 1914 წელს. მან განადიდა იესო, როცა თავისი სამეფოს მეფედ დანიშნა (ფსალმ. 2:6; დან. 7:13, 14). მას შემდეგ იესო ‘თავის მტრებს შორის ბატონობს’ (ფსალმ. 110:2). თავდაპირველად, მან დაამარცხა სატანა და მისი დემონები და ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხ. 12:7—12). შემდეგ, როგორც დიდმა კიროსმა, დედამიწაზე დარჩენილი თავისი ცხებული ძმები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან გაათავისუფლა (გამოცხ. 18:2; ეს. 44:28). ის ხელმძღვანელობს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, რის შედეგადაც ხდება მისი სულიერი ძმებისა და იმ მილიონობით „სხვა ცხვრის“ შეკრება, რომლებიც „მცირე სამწყსოს“ ერთგული თანამსახურები არიან (გამოცხ. 12:17; იოან. 10:16; ლუკ. 12:32).
17. რა გავიგეთ ესაიას წინასწარმეტყველებებიდან მსახურის შესახებ?
17 ესაიას ამ შესანიშნავი წინასწარმეტყველებების განხილვა მადლიერებას გვიღრმავებს ჩვენი მეფისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს მიმართ. დედამიწაზე გამოვლენილი მისი მორჩილება იმის შედეგი იყო, რაც მან ზეცაში ისწავლა მამისგან. თავისი მსახურებითა და სამქადაგებლო საქმიანობით, რომელსაც დღემდე უწევს ხელმძღვანელობას, მან დაამტკიცა, რომ „სინათლეა ერებისთვის“. როგორც შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, მსახურთან დაკავშირებული სხვა წინასწარმეტყველებებიდან გამოჩნდა, რომ ის დაიტანჯებოდა და ჩვენთვის გასწირავდა სიცოცხლეს. ნამდვილად ღირს ამ წინასწარმეტყველებებზე დაფიქრება, რადგან იესოს სიკვდილის გახსენების საღამო კარს არის მომდგარი (ებრ. 12:2, 3).
[სქოლიოები]
a ეს წინასწარმეტყველებები ჩაწერილია ესაიას 42:1—7-ში; 49:1—12-ში; 50:4—9-სა და 52:13—53:12-ში.
b ესაიას 49:1—12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება განხილულია წიგნში „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“, გვ. 136—145.
-
-
იეჰოვას მსახური, რომელიც „ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა“საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 იანვარი
-
-
იეჰოვას მსახური, რომელიც „ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა“
„ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა, ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა . . . მისმა ჭრილობებმა განგვკურნა“ (ეს. 53:5).
1. რას შეგვახსენებს გახსენების საღამო და რომელი წინასწარმეტყველება გვეხმარება ქრისტეს მსხვერპლსა და მის შედეგებზე დაფიქრებაში?
გახსენების საღამოს აღნიშვნით ჩვენ ვიხსენებთ იესოს სიკვდილს და იმას, რასაც მისი სიკვდილი და აღდგომა მოემსახურა. ამ დროს ვფიქრობთ იეჰოვას უზენაესობის დამტკიცებაზე, მისი სახელის განწმენდასა და მისი განზრახვის შესრულებაზე, მათ შორის კაცობრიობის ხსნაზე. ალბათ, არც ერთი წინასწარმეტყველება ისე კარგად არ აღწერს ქრისტეს მსხვერპლს და მის შედეგებს, როგორც ესაიას 53:3—12. ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მსახური დაიტანჯებოდა, და მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა ქრისტეს სიკვდილისა და იმ კურთხევების შესახებ, რომელთაც მისი სიკვდილი მოუტანდა მის ცხებულ ძმებსა და „სხვა ცხვარს“ (იოან. 10:16).
2. რაზე მეტყველებს ესაიას წინასწარმეტყველება და როგორ უნდა იმოქმედოს ამ წინასწარმეტყველებამ ჩვენზე?
2 იესოს დაბადებამდე შვიდი საუკუნით ადრე იეჰოვას შთაგონებით ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვას რჩეული მსახური ბოლომდე გამოიცდებოდა და ერთგული დარჩებოდა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა სრულად იყო დარწმუნებული თავისი ძის ერთგულებაში. ამ წინასწარმეტყველების განხილვა მადლიერებას გაგვიღრმავებს და რწმენას განგვიმტკიცებს.
ის, ვინც მოიძულეს და არაფრად ჩააგდეს
3. რატომ უნდა შეგებებოდნენ ებრაელები იესოს, მაგრამ როგორ მოიქცნენ ისინი?
3 წაიკითხეთ ესაიას 53:3. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა მხოლოდშობილი ძისთვის, უარი ეთქვა მამის გვერდით მსახურებაზე, რათა დედამიწაზე ჩამოსულიყო და სიცოცხლე გაეღო ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის სახსნელად (ფილ. 2:5—8). მოსეს კანონით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავისგან განსხვავებით მისი მსხვერპლით შესაძლებელი გახდებოდა ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ პატიება (ებრ. 10:1—4). მას სიხარულით უნდა შეგებებოდა ხალხი, განსაკუთრებით იუდეველები, რომლებიც აღთქმულ მესიას ელოდებოდნენ (იოან. 6:14). ნაცვლად ამისა, ის ‘მოიძულეს და არაფრად ჩააგდეს’, როგორც ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. იოანე მოციქულმა დაწერა: „თავისიანებთან მოვიდა, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს იგი“ (იოან. 1:11). პეტრემ ებრაელებს უთხრა: „ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ პილატეს გადაეცით და მის წინაშე უარყავით, როცა მან მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. თქვენ უარყავით წმინდა და მართალი“ (საქ. 3:13, 14).
4. რა გაგებით იყო იესოსთვის ნაცნობი ავადმყოფობა?
4 ესაიამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იესოსთვის ‘ნაცნობი იქნებოდა ავადმყოფობა’. მსახურების დროს იესო იღლებოდა, მაგრამ არსად წერია, რომ ავად ხდებოდა (იოან. 4:6). მისთვის ავადმყოფობა იმ გაგებით არ იყო უცხო, რომ ქადაგების დროს მრავალ ავადმყოფს ხვდებოდა. მას ებრალებოდა ისინი და კურნავდა მათ (მარ. 1:32—34). ამგვარად, იესომ შეასრულა ესაიას წინასწარმეტყველება: „თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები, იტვირთა ჩვენი ტკივილები“ (ეს. 53:4ა; მათ. 8:16, 17).
„ღვთისგან ჭრილობამიყენებული“
5. იუდეველების აზრით, რა იყო იესოს სიკვდილის მიზეზი და რატომ ამძიმებდა ეს მის ტანჯვას?
5 წაიკითხეთ ესაიას 53:4ბ. იესოს თანამედროვეთაგან უმეტესობას არ ესმოდა, რატომ უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო ის. მათი აზრით, ღმერთი სჯიდა მას (მათ. 27:38—44). იუდეველებმა იესო ღვთის გმობაში დაადანაშაულეს (მარ. 14:61—64; იოან. 10:33). თუმცა იესო არც ცოდვილი იყო და არც ღვთისმგმობელი. მას ძალიან უყვარდა მამა, ამიტომ იმაზე ფიქრი, რომ ღვთისმგმობელივით უნდა მომკვდარიყო, უფრო სტანჯავდა იეჰოვას მსახურს. მიუხედავად ამისა, იესო მზად იყო, შეესრულებინა იეჰოვას ნება (მათ. 26:39).
6, 7. რა გაგებით შემუსრა იეჰოვამ თავისი ერთგული მსახური და რატომ მიანიჭა ამან ღმერთს სიხარული?
6 გასაგებია, რატომ თქვა ესაიამ, რომ ქრისტე ღვთისგან იყო ჭრილობამიყენებული, მაგრამ გვაკვირვებს მისი სიტყვები: „იეჰოვამ მოიწონა მისი შემუსვრა“ (ეს. 53:10). იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა მასზე: „აი ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა!“ მაშ, რატომღა თქვა ღმერთმა, რომ „მოიწონა მისი შემუსვრა“? (ეს. 42:1). რა გაგებით მიანიჭა ამან იეჰოვას სიხარული?
7 წინასწარმეტყველების ეს ნაწილი რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, როგორ დააყენა სატანამ ეჭვქვეშ იეჰოვას უზენაესობა და ზეცაში თუ დედამიწაზე მცხოვრები ღვთის მსახურების ერთგულება (იობ. 1:9—11; 2:3—5). იესომ სიკვდილამდე შეინარჩუნა ერთგულება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ გააბათილა სატანის ბრალდება. იეჰოვამ იესოს მტრებს მისი მოკვლის უფლება მისცა, მაგრამ მას უდიდეს ტკივილს მიაყენებდა თავისი რჩეული მსახურის სიკვდილი. ამავე დროს, დიდ სიხარულს მიანიჭებდა იმის დანახვა, რომ მისმა ძემ ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება (იგავ. 27:11). იეჰოვას დიდ სიხარულს ანიჭებდა ისიც, რომ მისი ძის სიკვდილი მომნანიე ადამიანებს კურთხევებს მოუტანდა (ლუკ. 15:7).
„ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა“
8, 9. ა) როგორ განიგმირა იესო ჩვენი ცოდვებისთვის? ბ) როგორ დაადასტურა ეს პეტრემ?
8 წაიკითხეთ ესაიას 53:6. ცოდვილი ადამიანები დაკარგული ცხვრებივით დაეხეტებოდნენ და ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ავადმყოფობისა და სიკვდილისგან ხსნას ლამობდნენ (1 პეტ. 2:25). არასრულყოფილების გამო ადამის არც ერთ შთამომავალს არ შეეძლო იმის დაბრუნება, რაც ადამმა დაკარგა (ფსალმ. 49:7). მაგრამ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, იეჰოვამ თავის ძვირფას ძესა და რჩეულ მსახურს „ყველა ჩვენგანის დანაშაული ატარებინა“. ქრისტე მზად იყო, რომ „ჩვენი ცოდვებისთვის განგმირულიყო“ და „ჩვენი დანაშაულისთვის შემუსვრილიყო“. ამიტომ ჩვენი ცოდვები ძელზე აზიდა და ჩვენთვის გასწირა სიცოცხლე.
9 მოციქული პეტრე წერდა: „ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს. მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის“. შემდეგ კი ესაიას სიტყვებით დასძინა: „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“ (1 პეტ. 2:21, 24; ეს. 53:5). ამის წყალობით ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან შერიგების საშუალება მიეცათ, რასაც პეტრეს სიტყვებიც ადასტურებს: „ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მიეყვანეთ“ (1 პეტ. 3:18).
„ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად“
10. ა) რა უწოდა იოანე ნათლისმცემელმა იესოს? ბ) რატომ იყო იოანეს სიტყვები მართებული?
10 წაიკითხეთ ესაიას 53:7, 8. იოანე ნათლისმცემელმა მისკენ მიმავალი იესოს დანახვაზე წამოიძახა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოან. 1:29). როცა იესოს კრავი უწოდა, შესაძლოა მას ესაიას სიტყვები ჰქონდა მხედველობაში: „ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად“ (ეს. 53:7). ესაია წინასწარმეტყველებდა: „სიკვდილს გადასცა თავისი სული“ (ეს. 53:12). იმ საღამოს, როცა იესომ თავისი სიკვდილის გახსენება დააწესა, მან ღვინით სავსე სასმისი გადასცა თავის 11 ერთგულ მოციქულს და უთხრა: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად» (მათ. 26:28).
11, 12. ა) რით ჰგავს იესოს შემთხვევა ისაკის შემთხვევას? ბ) რა უნდა გვახსოვდეს გახსენების საღამოს აღნიშვნისას?
11 ისაკის მსგავსად, იესო მზად იყო, თავი გაეწირა (დაბ. 22:1, 2, 9—13; ებრ. 10:5—10). მართალია, ისაკმა მზადყოფნა გამოავლინა, სინამდვილეში შემწირველი აბრაამი იყო (ებრ. 11:17). მსგავსად, იესოც მზადყოფნით დასთანხმდა, შეწირულიყო, მაგრამ გამოსასყიდის გაღებაზე იეჰოვამ იზრუნა. ძის შეწირვით ღმერთმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ადამიანების მიმართ.
12 იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). მოციქული პავლე წერდა: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8). თუმცა ჩვენ პატივს მივაგებთ ქრისტეს მისი სიკვდილის აღნიშვნით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოსასყიდისთვის მაინც დიდ აბრაამს, იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ. გახსენების საღამოს აღნიშვნა იეჰოვას განდიდებას ემსახურება.
მსახური „გაამართლებს მრავალ ადამიანს“
13, 14. როგორ გაამართლა იეჰოვას მსახურმა მრავალი ადამიანი?
13 წაიკითხეთ ესაიას 53:11, 12. თავის რჩეულ მსახურზე იეჰოვამ თქვა: „მართალი, ჩემი მსახური . . . გაამართლებს მრავალ ადამიანს“. როგორ? პასუხს მე-12 მუხლი გვცემს: „[მსახურმა] შემცოდველებს უშუამდგომლა“. ადამის ყველა შთამომავალი ცოდვილია, „ცოდვის საზღაური [კი] სიკვდილია“ (რომ. 5:12; 6:23). ცოდვილი ადამიანები იეჰოვასთან შერიგებას საჭიროებდნენ. ესაიას წინასწარმეტყველების 53-ე თავში ხატოვანი ენით არის აღწერილი, როგორ უშუამდგომლა იესომ ცოდვილ ადამიანებს: „დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა, და მისმა ჭრილობებმა განგვკურნა“ (ეს. 53:5).
14 იესომ თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და თავი გასწირა ჩვენთვის. ამგვარად, მან ‘გაამართლა მრავალი ადამიანი’. პავლე წერდა: „ღმერთმა მოისურვა, რომ მასში [ქრისტეში] დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე და მისი მეშვეობით შეერიგებინა თავისთან ყოველივე დედამიწაზე თუ ზეცაში იმით, რომ მშვიდობას დაამყარებდა მის მიერ წამების ბოძზე დაღვრილი სისხლით“ (კოლ. 1:19, 20).
15. ა) ვის ეხება პავლეს სიტყვები „ყოველივე ზეცაში?“ ბ) მხოლოდ ვინ იღებს სიმბოლოებს გახსენების საღამოზე და რატომ?
15 „ყოველივე ზეცაში“, ანუ ისინი, ვინც იეჰოვამ იესოს დაღვრილი სისხლით შემოირიგა, არიან ცხებული ქრისტიანები, ქრისტეს თანამეფეები ზეცაში. „ზეციური მოწოდების მოზიარენი“ ‘მართლებად არიან აღიარებულნი სასიცოცხლოდ’ (ებრ. 3:1; რომ. 5:1, 18). იეჰოვა მათ სულიერ ძეებად აცხადებს. წმინდა სული ემოწმება მათ, რომ „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ არიან, რათა მეფეები და მღვდლები იყვნენ მის ზეციერ სამეფოში (რომ. 8:15—17; გამოცხ. 5:9, 10). ისინი შეადგენენ სულიერ ისრაელს, „ღვთის ისრაელს“ და იეჰოვა მათთან დებს ახალ შეთანხმებას (იერ. 31:31—34; გალ. 6:16). ახალი შეთანხმების საფუძველზე ისინი გახსენების საღამოზე იღებენ სიმბოლოებს, მათ შორის ღვინოს, რომელზეც იესომ თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკ. 22:20).
16. ვის ეხება სიტყვები „ყოველივე დედამიწაზე“ და რა გაგებით ითვლებიან ისინი მართლებად იეჰოვას თვალში?
16 „ყოველივეს დედამიწაზე“ შეადგენს ქრისტეს „სხვა ცხვარი“, რომელთაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. იეჰოვას რჩეული მსახურის წყალობით, ღვთის თვალში ისინიც მართლებად ითვლებიან. მათ სწამთ, რომ ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს. მათ „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“, ამიტომ იეჰოვა მათ მართლებად აღიარებს არა როგორც სულიერ ძეებს, არამედ როგორც მეგობრებს და „დიდი გასაჭირის“ გადატანის შესაძლებლობას აძლევს (გამოცხ. 7:9, 10, 14; იაკ. 2:23). სხვა ცხვართან არ არის დადებული ახალი შეთანხმება და მათ არც ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ. ამიტომ ისინი მხოლოდ ესწრებიან გახსენების საღამოს და არ იღებენ სიმბოლოებს.
ვმადლობდეთ იეჰოვას და მის მსახურს, რომელიც მან მოიწონა!
17. როგორ გვეხმარება მსახურის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველებების განხილვა, განვეწყოთ გახსენების საღამოსთვის?
17 მსახურთან დაკავშირებული ესაიას წინასწარმეტყველებების განხილვა კარგი საშუალებაა, რომ განვეწყოთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოსთვის. ეს აგრეთვე დაგვეხმარება, „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს“ (ებრ. 12:2). სატანისგან განსხვავებით, ღვთის ძე ურჩი არ ყოფილა. მას სიხარულს ანიჭებდა იეჰოვასგან სწავლა, რომელსაც უზენაეს უფლად აღიარებდა. დედამიწაზე მსახურების დროს მას ებრალებოდა ის ადამიანები, რომლებსაც უქადაგებდა. მრავალ მათგანს ის როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად კურნავდა. ამგვარად, მან ცხადყო, რას გააკეთებს, როგორც მეფე, ახალ ქვეყნიერებაში, სანამ „სამართალს არ აღასრულებს დედამიწაზე“ (ეს. 42:4). ის „ერების სინათლე“ იყო და გულმოდგინედ ქადაგებდა სამეფოს შესახებ. ეს კარგი შეხსენებაა მისი მიმდევრებისთვის, რომ მათაც გულმოდგინედ იქადაგონ სასიხარულო ცნობა (ეს. 42:6).
18. რატომ გვივსებს იეჰოვასა და მისი ერთგული მსახურისადმი მადლიერებით გულს ესაიას წინასწარმეტყველება?
18 ესაიას წინასწარმეტყველებების განხილვით უკეთ ვიგებთ, რამხელა მსხვერპლი გაიღო იეჰოვამ თავისი საყვარელი ძის დედამიწაზე გამოგზავნით, რომელიც უნდა დატანჯულიყო და ჩვენთვის მომკვდარიყო. იეჰოვამ იესოს ტანჯვა კი არ მოიწონა, არამედ — სიკვდილამდე მისი ერთგულება. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც გვახარებს იმის ცოდნა, რომ იესომ გამოააშკარავა სატანის სიცრუე, განწმინდა იეჰოვას სახელი და დაამტკიცა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების სამართლიანობა. მან თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და სიცოცხლე გასწირა ჩვენთვის. ასე გაამართლა მან იეჰოვას წინაშე თავისი ცხებული ძმებისგან შემდგარი მცირე სამწყსო და სხვა ცხვრები. როცა გახსენების საღამოს აღსანიშნავად შევიკრიბებით, დაე გულები სავსე გვქონდეს იეჰოვასა და მისი ერთგული მსახურისადმი მადლიერებით!
-