-
„კეთილგანწყობილების ჟამი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
„კეთილგანწყობილების ჟამი“
1, 2. ა) რა კურთხევა მიიღო ესაიამ? ბ) ვის ეხება ესაიას წინასწარმეტყველების 49-ე თავის პირველ ნაწილში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები?
ღმერთი ყველა ერთგულ ადამიანს იწონებს და მფარველობს. თუმცა ის განურჩევლად არ ავლენს თავის კეთილგანწყობილებას. ვისაც ამ შეუდარებელი კურთხევის მიღება სურს, გარკვეულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს. ესაია სწორედ ასეთი ადამიანი იყო. იეჰოვა კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ და ხალხისთვის თავისი ნების საუწყებლადაც გამოიყენა. ამის მაგალითს ესაიას 49-ე თავის პირველ ნახევარში ვკითხულობთ.
2 ეს წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სიტყვები აბრაამის თესლს ეხება. წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას თესლში აბრაამის შთამომავლობა — ისრაელი ერი იგულისხმება. მაგრამ ნათელია, რომ უმეტეს ნაწილში აბრაამის დიდი ხნის ნანატრ თესლზე — აღთქმულ მესიაზეა საუბარი. ეს ღვთივსულიერი სიტყვები მესიის სულიერ ძმებსაც ეხებათ, რომლებიც აბრაამის სულიერი თესლისა და „ღვთის ისრაელის“ ნაწილი ხდებიან (გალატელთა 3:7, 16, 29; 6:16). ძირითადად კი ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილით იეჰოვასა და მის საყვარელ ძეს — იესო ქრისტეს — შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობაა აღწერილი (ესაია 49:26).
იეჰოვას მიერ დადგენილი და დაცული
3, 4. ა) ვინ არის მესიის მხარდამჭერი? ბ) ვის მიმართავს მესია?
3 ღმერთი კეთილგანწყობილია მესიის მიმართ ანუ იწონებს მას. მესია დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად იეჰოვასგან იღებს ძალაუფლებას. ამიტომაც მომავალი მესია მართებულად ამბობს: „მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი“ (ესაია 49:1).
4 აქ მესია „შორეულ“ ხალხებს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ მესია იუდაელი ხალხისთვის არის აღთქმული, მისი მსახურებით ყველა ერი იკურთხება (მათე 25:31—33). მიუხედავად იმისა, რომ არ არიან იეჰოვასთან კავშირით შეკრული, „ზღვისპირელებმა“ და სხვა „ხალხებმა“ ყურად უნდა იღონ ისრაელის მესიის სიტყვები, რადგან ის მთელი კაცობრიობის სახსნელად არის გამოგზავნილი.
5. როგორ ეწოდა სახელი მესიას ადამიანად დაბადებამდე?
5 წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ იეჰოვა ადამიანად დაბადებამდე უწოდებს სახელს მესიას (მათე 1:21; ლუკა 1:31). იესოს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ეწოდა „საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა“ და „მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:5). ემანუელიც, ალბათ, ესაიას ძის სახელიც, მესიის წინასწარმეტყველური სახელი აღმოჩნდება (ესაია 7:14; მათე 1:21—23). თვით სახელი იესოც კი, რომლითაც მესია გახდება ცნობილი, მის დაბადებამდეა ნაწინასწარმეტყველები (ლუკა 1:30, 31). ეს სახელი იმ ებრაული სიტყვიდან არის ნაწარმოები, რომელიც ნიშნავს „იეჰოვა ხსნაა“. ცხადია, იესოს თავად არ დაუდგენია თავი ქრისტედ.
6. რა გაგებით აქვს მესიას ბაგე გალესილი მახვილივით და როგორ არის ის დაცული, ანუ შენახული?
6 მესიის წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სიტყვები შემდეგნაირად გრძელდება: „გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა“ (ესაია 49:2). ახ. წ. 29 წელს, როდესაც იეჰოვას მესიისთვის დედამიწაზე მსახურების დაწყების დრო დგება, იესოს სიტყვები და მოქმედებები გალესილი და მახვილი იარაღივით აღწევს თავისი მსმენელის გულებში (ლუკა 4:31, 32). მისი სიტყვები და მოქმედებები იეჰოვას უდიდესი მტრის, სატანისა, და მისი მიმდევრების რისხვას იწვევს. სატანა იესოს დაბადებიდანვე ცდილობს მის მოკვლას, მაგრამ იესო იეჰოვას კაპარჭში შენახული ისარივით არის დაცულიa. მას შეუძლია თავისი მამის მფარველობის სრული იმედი ჰქონდეს (ფსალმუნი 90:1; ლუკა 1:35). დანიშნულ დროს იესო სიცოცხლეს სწირავს კაცობრიობისთვის. მაგრამ მოვა დრო, როდესაც ის იქნება უჩვეულოდ აღჭურვილი ზეციერი მეომარი, რომლის პირიდანაც ორლესული მახვილი გამოვა. ამ შემთხვევაში გალესილი მახვილით წარმოდგენილია იესოს ძალაუფლება, რომ სასჯელი გამოუტანოს იეჰოვას მტრებს და განაჩენი აღასრულოს მათზე (გამოცხადება 1:16).
ღვთის მსახური ფუჭად არ შრომობს
7. ვისზე სრულდება ესაიას 49:3-ის სიტყვები და რატომ არის ეს ასე?
7 ახლა იეჰოვა ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებს წარმოთქვამს: «ჩემი მორჩილი [„მსახური“, აქ] ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას» (ესაია 49:3). იეჰოვა ისრაელ ერს თავის მსახურს უწოდებს (ესაია 41:8, აქ). მაგრამ ღვთის მთავარი მსახური იესო ქრისტეა (საქმეები 3:13). ღვთის ქმნილებებს შორის იესოზე უკეთ ვერავინ წარმოაჩენს იეჰოვას „დიდებას“. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებით იეჰოვა, პირდაპირი მნიშვნელობით, ისრაელს მიმართავს, ფაქტობრივად, ისინი იესოზე სრულდება (იოანე 14:9; კოლასელთა 1:15).
8. როგორ ეპყრობა მესიას თავისი ხალხი, მაგრამ ვისგან მოელის ის წარმატების შეფასებას?
8 იესო ხომ დამცირებული და უარყოფილია თავისი ხალხის უმეტესობის მიერ? დიახ. ძირითადად, ისრაელი ერი არ აღიარებს იესოს ღვთის მიერ ცხებულ მსახურად (იოანე 1:11). ყოველივე, რასაც იესო დედამიწაზე აკეთებს, მის თანამედროვეებს შეიძლება უმნიშვნელოდაც კი მიაჩნიათ. მისი მსახურების, ამ ერთი შეხედვით, წარუმატებლობას ეხება მესიის შემდეგი სიტყვები: „ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა“ (ესაია 49:4ა). ეს სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ მესია გულგატეხილია. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ის შემდეგ: „ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან — ჩემი საზღაური!“ (ესაია 49:4ბ). მესიის წარმატება ადამიანმა კი არა, ღმერთმა უნდა შეაფასოს.
9, 10. ა) რა დავალება აქვს მიცემული მესიას იეჰოვასგან და რა შედეგებს აღწევს? ბ) როგორ მხნევდებიან დღევანდელი ქრისტიანები მესიის მაგალითით?
9 იესო, უმთავრესად, ღვთის მოწონებით ანუ კეთილგანწყობილებით არის დაინტერესებული. წინასწარმეტყველებაში მესია ამბობს: «ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად [„მსახურად“, აქ], რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი» (ესაია 49:5). მესია მოდის, რათა ისრაელის ძეთა გულები თავიანთი ზეციერი მამისკენ მიაქციოს. უმრავლესობა უარს ამბობს ამაზე; ზოგი კი ეხმაურება მას. მაგრამ აღსანიშნავია, რომ იეჰოვა უფასებს მესიას შრომას. მისი წარმატება ადამიანთა თვალსაზრისით კი რა, იეჰოვას ნორმებით არის შეფასებული.
10 დღეს შეიძლება იესოს მიმდევრებმა დროდადრო იფიქრონ, რომ ფუჭად შრომობენ. ზოგან მათი მსახურების შედეგები უმნიშვნელო ჩანს შესრულებულ სამუშაოსა და ძალისხმევასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ისინი გულს არ იტეხენ და მხნევდებიან იესოს მაგალითით. მათი განმამტკიცებელი პავლე მოციქულის სიტყვებიცაა: „ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე“ (1 კორინთელთა 15:58).
„ხალხების სინათლე“
11, 12. რა გაგებით არის მესია „ხალხების ნათელი“?
11 ესაიას წინასწარმეტყველებაში იეჰოვა ამხნევებს მესიას და ახსენებს, რომ ღვთის მსახურად ყოფნა „ცოტა არ არის, აქ“. იესო „იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად“ მსახურობს. გარდა ამისა, იეჰოვა ეუბნება მას: „ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს“ (ესაია 49:6). როგორ ჰფენს იესო შუქს ხალხს „ქვეყნის კიდემდე“, როდესაც დედამიწაზე მისი მსახურება მხოლოდ ისრაელით არის შემოფარგლული?
12 ბიბლიური ისტორია ცხადყოფს, რომ ღვთისგან ბოძებული „ხალხების ნათელი“ დედამიწიდან იესოს წასვლით არ ჩამქრალა. იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ მისიონერებმა, პავლემ და ბარნაბამ, ესაიას 49:6-ში მოცემული წინასწარმეტყველება იესოს მოწაფეებთან, მის სულიერ ძმებთან, დაკავშირებით გამოიყენეს: „ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე’“ (საქმეები 13:47). ხსნის შესახებ კეთილი ცნობა პავლეს სიკვდილამდე მხოლოდ იუდეველებს კი არ ჰქონდათ მოსმენილი, არამედ „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:6, 23). დღეს ქრისტეს ცხებული ძმების დარჩენილი ნაწილი განაგრძობს ამ საქმეს. „უამრავი ხალხის“ მხარდაჭერით, რომელიც მილიონებს შეადგენს, ისინი „ხალხების სინათლედ“ მსახურობენ მსოფლიოს 230-ზე მეტ ქვეყანაში (გამოცხადება 7:9).
13, 14. ა) რა წინააღმდეგობებს შეხვდნენ მესია და მისი მიმდევრები სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით? ბ) როგორ შეცვალა იეჰოვამ მდგომარეობა?
13 იეჰოვა ძალმოსილს ხდის თავის მსახურ მესიას, მესიის ცხებულ ძმებსა და უამრავ ხალხს, რომელიც მათთან ერთად განაგრძობს კეთილი ცნობის ქადაგებას. იესოს მსგავსად, ხალხის მხრიდან ზიზღი და წინააღმდეგობა მისი მოწაფეებისთვისაც არ არის უცხო (იოანე 15:20). მაგრამ თავის დროზე იეჰოვა ყოველთვის ცვლის მდგომარეობას, რათა დაიცვას და დააჯილდოოს თავისი ერთგული მსახურები. მესიის შესახებ, რომელიც «დაბეჩავებული [„მოძულებული“, აქ]» და „ხალხებისგან შეზიზღებულია“, იეჰოვა პირობას იძლევა: „მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია“ (ესაია 49:7).
14 მოგვიანებით მოციქულმა პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა მდგომარეობის ამ ნაწინასწარმეტყველები ცვლილების შესახებ. მან აღწერა იესო, როგორც წამების ძელზე დამცირებული, ხოლო შემდეგ ღვთის მიერ განდიდებული. იეჰოვამ თავისი მსახური „აღამაღლა“ და „მისცა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა“ (ფილიპელთა 2:8—11). ქრისტეს ერთგული მიმდევრებიც გაფრთხილებული არიან, რომ დევნილნი უნდა იყვნენ, მაგრამ, მესიის მსგავსად, მათდამიც კეთილგანწყობილი იქნება იეჰოვა (მათე 5:10—12; 24:9—13; მარკოზი 10:29, 30).
„სასურველი დრო“
15. რა განსაკუთრებული „ჟამია“ მოხსენიებული ესაიას წინასწარმეტყველებაში და რა იგულისხმება ამაში?
15 ესაიას წინასწარმეტყველება უმნიშვნელოვანესი სიტყვებით გრძელდება. იეჰოვა ეუბნება მესიას: «მოწყალების [„კეთილგანწყობილების“, აქ] ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის» (ესაია 49:8ა). მსგავსი წინასწარმეტყველება ჩაწერილია ფსალმუნის 68:14—19-ში. ფსალმუნმომღერალი „კეთილგანწყობილების ჟამს“ „სასურველ დროდ“ იხსენიებს. ამ გამოთქმებში იგულისხმება, რომ იეჰოვას კეთილგანწყობილება და მფარველობა განსაკუთრებულად ვლინდება, მხოლოდ განსაზღვრულ დროსა და პერიოდში.
16. როდის დაუდგა იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამი ძველ ისრაელს?
16 როდის იყო ეს კეთილგანწყობილების ჟამი? პირველი შესრულებისას ეს სიტყვები განახლების შესახებ წინასწარმეტყველების ნაწილი იყო და სამშობლოში იუდაელ ტყვეთა დაბრუნების შესახებ იუწყებოდა. ისრაელ ერს კეთილგანწყობილების ჟამი მაშინ დაუდგა, როდესაც ხალხს ‘ქვეყნის აღდგენისა’ და ‘უკაცრიელ სამკვიდროთა დანაწილების’ შესაძლებლობა მიეცა (ესაია 49:8ბ). ისინი აღარ იყვნენ ბაბილონში „გამომწყვდეულნი“. სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე იეჰოვა ზრუნავდა მათზე, რომ არ ‘მოშიებოდათ’, არ ‘მოსწყურებოდათ’ და ‘ვერაფერი დაეკლო მათთვის ხვატსა და მზის არმურს’. გაფანტული ისრაელები „შორიდან... ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან“ სამშობლოში დაბრუნდნენ (ესაია 49:9—12). ეს წინასწარმეტყველება დიდებულად შესრულდა, მაგრამ ბიბლიიდან ჩანს, რომ ის განმეორებითაც სრულდება.
17, 18. რა კეთილგანწყობილების ჟამი დაადგინა იეჰოვამ პირველ საუკუნეში?
17 იესოს დაბადებისას ანგელოზებმა ხალხს მშვიდობა და ადამიანთა მიმართ ღვთის კეთილგანწყობილება აუწყეს (ლუკა 2:13, 14, აქ). ღვთის კეთილგანწყობილება მთელ კაცობრიობას კი არ ექნებოდა, არამედ მხოლოდ მათ, ვინც რწმენას გამოავლენდა იესოს მიმართ. მოგვიანებით, იესომ საჯაროდ წაიკითხა ესაიას 61:1, 2-ში მოცემული წინასწარმეტყველება და თქვა, რომ თავად იყო „შეწყალების წლის“ მაუწყებელი (ლუკა 4:17—21). მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ „ხორცში ყოფნის დღეებში“ ქრისტეს განსაკუთრებულად მფარველობდა იეჰოვა (ებრაელთა 5:7—9). აქედან გამომდინარე, კეთილგანწყობილების ჟამი ღვთის მიერ იესოს მოწონებასაც ეხება იმ დროს, როდესაც ის დედამიწაზე იმყოფებოდა.
18 აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ სრულდება. კეთილგანწყობილების ჟამის შესახებ ესაიას სიტყვების ციტირების შემდეგ პავლემ თქვა: „აი, ახლაა სასურველი დრო, აი, ახლაა გადარჩენის დღე“ (2 კორინთელთა 6:2, აფ). პავლემ ეს სიტყვები იესოს სიკვდილიდან 22 წლის შემდეგ დაწერა. როგორც ჩანს, ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრების დაარსების შემდეგ იეჰოვამ საშუალება მისცა ქრისტეს ცხებულ მიმდევრებს, რომ მათზეც გავრცელებულიყო თავისი კეთილგანწყობილების წელი.
19. როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამიდან სარგებლობის მიღება?
19 რა შეიძლება ითქვას იესოს დღევანდელი მიმდევრების შესახებ, რომლებიც არ არიან ღვთის ზეციერი სამეფოს მემკვიდრეებად ცხებულნი? მოუტანს სარგებლობას სასურველი დრო მიწიერი იმედის მქონეთ? დიახ. ბიბლიის წიგნ „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ დღეს არის იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამი იმ უამრავი ხალხის მიმართ, რომელიც ‘დიდი გასაჭირიდან გამოვა’ დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად (გამოცხადება 7:13—17). აქედან გამომდინარე, ყველა ქრისტიანს შეუძლია სარგებლობის მიღება ამ პერიოდიდან, რომლის განმავლობაშიც იეჰოვა თავის კეთილგანწყობილებას სთავაზობს არასრულყოფილ ადამიანებს.
20. რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომ ფუჭად არ მიიღონ ღვთის მადლი?
20 მოციქულმა პავლემ გააფრთხილა ქრისტიანები, ვიდრე მათ იეჰოვას სასურველი დროის შესახებ აუწყებდა. მან შეაგონა ისინი, რომ ‘ფუჭად არ მიეღოთ ღვთის მადლი’ (2 კორინთელთა 6:1). ამის შესაბამისად, ქრისტიანები ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, რათა ასიამოვნონ იეჰოვას და შეასრულონ მისი ნება (ეფესელთა 5:15, 16). მათთვის ყურადსაღებია პავლე მოციქულის შეგონება: «თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით» (ებრაელთა 3:12, 13).
21. რა სასიხარულო სიტყვებია მოცემული ესაიას 49-ე თავის პირველი ნაწილის დასასრულს?
21 იეჰოვასა და მესიის წინასწარმეტყველური ფრაზების შემდეგ ესაია სასიხარულო სიტყვებს წარმოთქვამს: „გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი“ (ესაია 49:13). რა მშვენიერი და მანუგეშებელი სიტყვებია ძველი ისრაელისთვის, იეჰოვას დიდებული მსახურისთვის — იესოსთვის — იეჰოვას ცხებული მსახურებისთვის და აგრეთვე „სხვა ცხვრებისთვის“, რომლებიც დღეს მათ მხარდამხარ მსახურობენ! (იოანე 10:16).
-
-
„კეთილგანწყობილების ჟამი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
[სურათი 139 გვერდზე]
მესია „წამახული ისარივით“ არის იეჰოვას კაპარჭში.
-