მკითხველთა შეკითხვები
იცის თუ არა ამჟამად იესომ, თუ როდის მოხდება არმაგედონი?
სავსებით გონივრულია გვჯეროდეს, რომ მან იცის.
ზოგს, შესაძლოა, აინტერესებს, თუ რატომ წამოიჭრა ეს შეკითხვა. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მათეს 24:36-ში ჩაწერილი სიტყვებით იესო ამბობს: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“. ყურადღება გაამახვილე სიტყვებზე, „არც ძემ“.
ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები არის იმ კითხვაზე პასუხის ფრაგმენტი, რომელზეც იესომ უპასუხა მოციქულთა შეკითხვას: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). ამჟამად საკმაოდ გახმაურებულ წინასწარმეტყველებაში, რომელიც სხვადასხვა მოვლენებს შეეხება და რომლებიც ‘ნიშანს’ შეადგენენ, მან იწინასწარმეტყველა ომები, შიმშილობა, მიწისძვრები, ჭეშმარიტი ქრისტიანების დევნა და სხვა მრავალი მოვლენა დედამიწაზე, რაც ნათელს გახდიდა, რომ მისი თანდასწრება დაიწყო. ამ ნიშნებით მის მიმდევრებს შეეძლოთ გამოეცნოთ, რომ აღსასრული იყო ახლოს. იმ დღის მოახლოებასთან დაკავშირებით, მან ლეღვის ხის მაგალითი მოიყვანა საილუსტრაციოდ, როდესაც ლეღვის ხე გაიფოთლება, ეს მოასწავებს, რომ ზაფხული ახლოსაა. შემდეგ მან დაუმატა: „ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი“ (მათე 24:33).
მაგრამ იესოს არ უთქვამს, თუ ზუსტად როდის მოვიდოდა წუთისოფლის აღსასრული. პირიქით, მან თქვა ის, რაც მათეს 24:36-შია ჩაწერილი. სწორედ ის, რასაც ამჟამად ვკითხულობთ გამოცემაში „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ (კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი) და ბიბლიის სხვა თანამედროვე თარგმანებში. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ბიბლიის ძველ თარგმანებში არაა მოხსენიებული სიტყვები, „არც ძემ“.
მაგალითად, „გელათის ოთხთავში“ ვკითხულობთ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“. იმავეს ვკითხულობთ „ახალ აღთქმაში“ (1818 წლის გამოცემა). რატომ არის ამოგდებული ამ თარგმანებში სიტყვები „არც ძემ“, რასაც იმავე რედაქციებში მარკოზის 13:32-ში ვნახულობთ? წარსულში, მე-12 საუკუნეში, როდესაც გადაითარგმნა „გელათის ოთხთავი“, ხოლო მე-19 საუკუნეში „ახალი აღთქმა“ (1818 წლის გამოცემა), იმ ხელნაწერებში, რომლებსაც მთარგმნელები იყენებდნენ, არ იყო ეს სიტყვები. ამასობაში აღმოაჩინეს უფრო ძველი ბერძნული ხელნაწერები. ბერძნული ხელნაწერები, რომლებიც მათეს დაწერილი ტექსტის დროსთან შედარებით ახლოსაა, მათეს 24:36 შეიცავს სიტყვებს: „არც ძემ“.
საინტერესოა, რომ კათოლიკურ „იერუსალიმის ბიბლიაში“ მოხსენიებულია ფრაზა, რომელსაც მითითებული აქვს სქოლიო, ხოლო სქოლიოში ნათქვამია, რომ სიტყვები „არც ძემ“ ლათინურმა „ვულგატმა“ (Vulgate) „შესაძლოა თეოლოგიური მიზეზების გამო“ ამოაგდო. რასაკვირველია, ეს მოსალოდნელიც იყო! მთარგმნელები და გადამწერები, რომლებსაც სწამდათ სამების მოძღვრება, შესაძლოა ცდუნდნენ და ამოაგდეს ეს სიტყვები, რომ იესოს არ ჰქონდა იმდენი ცოდნა, რამდენიც მის ზეციერ მამას. მაგრამ, როგორ შეიძლებოდა იესოს არ სცოდნოდა რამე საკითხი, თუ როგორც იესო, ასევე მისი მამა სამერთიანი ღვთის ნაწილს შეადგენდნენ?
მსგავსად ბ. მ. მეცგარის „ბერძნული ახალი აღთქმის ტექსტუალურ კომენტარში“ (A Textual Commentary on the Greek New Testament) ნათქვამია: «სიტყვები „არც ძემ“ გამოტოვებულია მათეს [ხელნაწერების] მოწმობების უმრავლესობაში, მათ შორის ბოლო ბიზანტიურ ტექსტშიც. მეორე მხრივ, ალექსანდრიელის, უესტერნისა და კესარიელის ტექსტების საუკეთესო ნიმუშებში მოცემულია ეს სიტყვები. სიტყვების ამოგდება იმ დოგმატური სიძნელეების გამო, რომელსაც ეს სიტყვები იწვევდა, რეალობასთან უფრო ახლოა, ვიდრე იმის დაშვება, რომ მოხდა მათი ჩამატება» მარკოზის 13:32-ში (კურსივი ჩვენია).
ძველი ხელნაწერი ‘ტექსტების საუკეთესო ნიმუშები’ აღგვძრავს კითხვისკენ, რაც გვაძლევს აღსასრულთან დაკავშირებით კეთილგონივრულ, პროგრესულ ცოდნას. ანგელოზებმა არ იცოდნენ აღსასრულის დრო; არც ძემ იცოდა; არამედ მხოლოდ მამამ. ეს ეთანხმება იესოს სიტყვებს, რომლებიც ჩაწერილია მათეს 20:23-ში, სადაც ამბობს, რომ არა აქვს ძალაუფლება, გამოჩენილი ადგილები სამეფოში უბოძოს ვინმეს, ამის უფლება აქვს მხოლოდ მამას.
თავად იესოს სიტყვები ცხადყოფს, რომ დედამიწაზე ყოფნისას მან არ იცოდა ‘წუთისოფლის აღსასრულის ჟამი’. გაიგო თუ არა შემდეგ?
გამოცხადების 6:2-ში იესო აღწერილია, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებული, რომელიც ‘გამოდის გამარჯვებული, რათა გაიმარჯვოს’. შემდეგ გამოჩნდნენ სხვა მხედრები, რომლებიც წარმოადგენდნენ ომებს, შიმშილსა და ეპიდემიებს, რაც კაცობრიობამ 1914 წლიდან, პირველი მსოფლიო ომის დროიდან, განიცადა. იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ 1914 წელს გამეფდა იესო ღვთის ზეციერ სამეფოში და სწორედ იესოა ის პიროვნება, რომელიც გაუძღვება მიწიერი ბოროტების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლას (გამოცხადება 6:3–8; 19:11–16). რადგანაც იესო ახლა აღჭურვილია ძალაუფლებით, რომ ღვთის სახელით გაიმარჯვოს, ლოგიკურია დავუშვათ, ზეციერი მამა ეტყოდა მას, თუ როდის დადგება აღსასრული — ის დრო, როდესაც ის ‘გაიმარჯვებს’.
ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებლებმა, არ ვიცით, თუ როდის დადგება ის დღე, ასე რომ, ჯერ კიდევ გვეხება იესოს სიტყვები „გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. . . რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:33–37).