-
გქონდეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდასაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 სექტემბერი
-
-
გქონდეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა
„მოგცეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომ. 15:5).
1. რატომ უნდა ვცდილობდეთ, ქრისტეს მსგავსად ვიაზროვნოთ?
იესო ქრისტემ თქვა: „მოდით ჩემთან . . . ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათ. 11:28, 29). ამ გულითად სიტყვებში კარგად ჩანს იესოს აზროვნება. ვერავინ იქნება მასზე უკეთესი მისაბაძი მაგალითი. მართალია, ღვთის ძე იყო და დიდი ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ ის თანაუგრძნობდა და სათუთად ექცეოდა ყველას, განსაკუთრებით კი გაჭირვებულებს.
2. იესოს რა თვისებებს განვიხილავთ?
2 ამ და მომდევნო ორ სტატიაში განვიხილავთ, როგორ განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ისეთივე აზროვნება, როგორიც იესოს ჰქონდა, და რაში უნდა ჩანდეს, რომ „ქრისტეს გონება გვაქვს“ (1 კორ. 2:16). ეს სტატიები, ძირითადად, იესოს ხუთ თვისებას განიხილავს: თავმდაბლობის გამომხატველ რბილ ხასიათს, სიკეთეს, ღვთის მორჩილებას, გაბედულებასა და ურყევ სიყვარულს.
რას ვსწავლობთ ქრისტეს რბილი ხასიათიდან?
3. ა) მოიყვანეთ ერთ-ერთი მაგალითი, რითაც იესომ თავმდაბლობა ასწავლა მოწაფეებს? ბ) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მოწაფეების სისუსტეების მიმართ?
3 იესო, ღვთის სრულყოფილი ძე, ღვთის დავალების შესასრულებლად თავისი ნებით განკაცდა და არასრულყოფილი, ცოდვილი ადამიანების გვერდით ცხოვრობდა, რომელთაგანაც ზოგმა სასიკვდილოდაც კი გაიმეტა. მაგრამ იესოს არც სიხარული დაუკარგავს და არც მოთმინების უნარი (1 პეტ. 2:21—23). მის მაგალითზე დაკვირვება გვეხმარება მივბაძოთ მას, როცა სხვების არასრულყოფილებისა და შეცდომების გამო ვწუხვართ (ებრ. 12:2). იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ მასთან ერთად ეტარებინათ უღელი და ესწავლათ მისგან (მათ. 11:29). რა უნდა ესწავლათ? იესო რბილად ექცეოდა მოწაფეებს და მათი შეცდომების მიუხედავად, მოთმინებით ეპყრობოდა. სიკვდილის წინა ღამეს იესომ მათ ფეხები დაბანა, რითაც თავმდაბლობის დაუვიწყარი მაგალითი მისცა (წაიკითხეთ იოანეს 13:14—17 ). მოგვიანებით, როცა პეტრემ, იაკობმა და იოანემ ვერ იფხიზლეს, იესომ თანაუგრძნო მათ. მან ჰკითხა: „სიმონ, გძინავს? . . . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ. სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მარ. 14:32—38).
4, 5. რაში გვეხმარება იესოს მაგალითი?
4 როგორ ვრეაგირებთ, როცა თანამორწმუნე მეტოქეობის სულს ავლენს, ადვილად ნაწყენდება ან ძნელად იღებს უხუცესებისა და „ერთგული და გონიერი მონის“ რჩევებს? (მათ. 24:45—47). სატანის ქვეყნიერების ყაიდაზე მცხოვრები ადამიანებისგან, შესაძლოა, ბევრი რამ არ გაგვიკვირდეს, მაგრამ, როცა საქმე ჩვენს ძმებს ეხება, შეიძლება გაგვიჭირდეს პატიება. თუ სხვების შეცდომები ადვილად გვაღიზიანებს, დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია უკეთ მივბაძოთ ქრისტეს აზროვნებას. გახსოვდეთ, რომ იესო მაშინაც კი არ განაწყენებულა მოწაფეებზე, როცა მათ სულიერი სისუსტე გამოავლინეს.
5 განვიხილოთ მოციქულ პეტრეს შემთხვევა. როცა იესომ უთხრა მას, რომ ნავიდან გადმოსულიყო და მისკენ წყალდაწყალ წასულიყო, პეტრემაც გაიარა, მაგრამ ქარიშხლის შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო. განრისხდა იესო და უსაყვედურა, ახია შენზე, ახლა მაინც ისწავლიო ჭკუას? რა თქმა უნდა არა. «იესომ მაშინვე ხელი გაუწოდა, დაიჭირა და უთხრა: „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“» (მათ. 14:28—31). თუ იმ თანამორწმუნესთან მოგვიწევს ურთიერთობა, რომელიც რწმენის ნაკლებობას ავლენს, ჩვენც შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ხელი გავუწოდოთ და რწმენის გაძლიერებაში დავეხმაროთ. როგორც დავინახეთ, იესო რბილად მოექცა პეტრეს, ჰოდა, ჩვენც ვსწავლობთ მისგან.
6. რაც შეეხება პირველობას, რა ასწავლა იესომ მოციქულებს?
6 პეტრე და სხვა მოციქულები ხშირად კამათობდნენ იმაზე, ვინ იყო მათ შორის უდიდესი. იაკობსა და იოანეს უნდოდათ, რომ ღვთის სამეფოში ერთი იესოს მარჯვნივ მჯდარიყო, მეორე კი — მარცხნივ. ეს რომ პეტრემ და სხვა მოციქულებმა გაიგეს, აღშფოთდნენ. იესოს ესმოდა, რომ ამგვარი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, მათ იმ საზოგადოებამ ჩამოუყალიბა, რომელშიც აღიზარდნენ. მან მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს, და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“. შემდეგ თავისი თავი მოუყვანა მაგალითად: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:20—28).
7. როგორ შეუძლია თითოეულს საკუთარი წვლილის შეტანა კრების ერთობაში?
7 იესოს თავმდაბლობაზე ფიქრი დაგვეხმარება თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას ისე მოვიქცეთ, „როგორც უმცირესი“ (ლუკ. 9:46—48). ეს განამტკიცებს ჩვენს ერთობას. იეჰოვას, დიდი ოჯახის მამას, უნდა, რომ მისმა შვილებმა ერთად იცხოვრონ ერთობაში ტკბილად (ფსალმ. 133:1). იესომ ჭეშმარიტი ქრისტიანების ერთობა შეავედრა მამას: „მე მათთან ერთობაში ვარ, შენ კი — ჩემთან, რათა სრულყოფილებას მიაღწიონ ერთობაში და ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ შენ გამომგზავნე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე“ (იოან. 17:23). ასე რომ, ჩვენი ერთობა ხალხს გაუადვილებს იმაში დარწმუნებას, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ. მაგრამ ერთობისთვის საჭიროა, სხვების არასრულყოფილების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. იესო მიმტევებელი იყო და მოწაფეებსაც ასწავლიდა, მიმტევებლები ყოფილიყვნენ, რათა ღმერთს ეპატიებინა მათთვის (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15 ).
8. რას ვსწავლობთ გამოცდილი ღვთის მსახურებისგან?
8 ბევრს ვსწავლობთ, როცა ვბაძავთ მათ რწმენას, ვინც, თავის მხრივ, წლების მანძილზე ქრისტეს ჰბაძავს. უმეტეს შემთხვევაში, იესოს მსგავსად, ისინიც გაგებით ეკიდებიან სხვების არასრულყოფილებას. ისინი დარწმუნდნენ, რომ ქრისტიანული თანაგრძნობის გამოვლენა „უძლურთა სისუსტეების“ ტარებასაც გააადვილებს და კრების ერთობასაც განამტკიცებს. გარდა ამისა, ასეთი თანაგრძნობა კრების ყველა წევრს აღძრავს, ქრისტეს მსგავსი აზროვნება ჰქონდეს. ამ ერთგულ და-ძმებს იგივე სურთ თანამორწმუნეებისთვის, რაც მოციქულ პავლეს სურდა რომაელ ქრისტიანთათვის: „დაე, ღმერთმა, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს, მოგცეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა, რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა“ (რომ. 15:1, 5, 6). ჩვენი ერთსულოვანი თაყვანისცემა მართლაც განადიდებს იეჰოვას.
9. რატომ გვჭირდება წმინდა სულის დახმარება იესოს მისაბაძად?
9 იესომ „გულით თავმდაბლობა“ დაუკავშირა რბილ ხასიათს, რაც ღვთის წმინდა სულის ნაყოფია. იესოს სათანადოდ რომ მივბაძოთ, საჭიროა როგორც მისი მაგალითის შესწავლა, ისე იეჰოვას წმინდა სულის დახმარება. უნდა ვთხოვოთ ღმერთს წმინდა სული და ვეცადოთ, გამოვავლინოთ მისი ნაყოფი: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23). თუ იესოს მსგავსად თავმდაბლები ვიქნებით და რბილ ხასიათს გამოვავლენთ, ვასიამოვნებთ ჩვენს ზეციერ მამა იეჰოვას.
იესო კეთილი იყო
10. როგორ ავლენდა იესო სიკეთეს?
10 სიკეთეც წმინდა სულის ნაყოფია. იესო ყოველთვის კეთილად ეპყრობოდა სხვებს. ის „თბილად შეხვდა“ ყველას, ვინც სუფთა გულით მივიდა მასთან (წაიკითხეთ ლუკას 9:11 ). რას გვასწავლის იესოს მიერ გამოვლენილი სიკეთე? კეთილი ადამიანი თავაზიანი, რბილი, თანამგრძნობი და დიდსულოვანია. იესო სწორედ ასეთი იყო. მას გული ეწვოდა ხალხის გამო, „რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:35, 36).
11, 12. ა) როგორ გამოავლინა საქმით იესომ თანაგრძნობა? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რას სწავლობთ ამ მაგალითიდან?
11 იესოს ებრალებოდა ხალხი, თანაუგრძნობდა მათ და ამას საქმით აჩვენებდა. მაგალითად, ერთი ქალი მთელი 12 წლის განმავლობაში სისხლდენით იტანჯებოდა. მან იცოდა, რომ მოსეს კანონის თანახმად თაყვანისცემისთვის თვითონაც უწმინდური იყო და ისინიც, ვინც მას შეეხებოდნენ (ლევ. 15:25—27). იესოს კეთილ ადამიანად იცნობდნენ, ამიტომ ქალი დარწმუნებული იყო, რომ იესოს არა მხოლოდ შეეძლო მისი განკურნება, არამედ დიდი სიხარულითაც გააკეთებდა ამას. ქალი ამბობდა, ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო. მან გამბედაობა მოიკრიბა, შეეხო იესოს ტანსაცმელს და მაშინვე იგრძნო, რომ განიკურნა.
12 იესო მიხვდა, რომ ვიღაც შეეხო, და თვალებით ძებნა დაუწყო მას. როგორც ჩანს, ქალს შეეშინდა, რომ იესოს კანონის დარღვევისთვის არ ესაყვედურა, ამიტომ აკანკალებული ფეხებში ჩაუვარდა და ყველაფერს მოუყვა. უსაყვედურა იესომ ამ საწყალ, დატანჯულ ადამიანს? არავითარ შემთხვევაში! პირიქით, დაამშვიდა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით“ (მარ. 5:25—34). რა მალამოსავით დაედებოდა განკურნებულის გულს ეს კეთილი სიტყვები!
13. ა) როგორ განსხვავდებოდა იესოს დამოკიდებულება ფარისევლების დამოკიდებულებისგან? ბ) როგორ ეპყრობოდა იესო ბავშვებს?
13 გულქვა ფარისევლებისგან განსხვავებით ქრისტეს ბოროტად არასდროს გამოუყენებია ძალაუფლება და ხალხი არ დაუმძიმებია (მათ. 23:4). პირიქით, ის სიყვარულითა და მოთმინებით ასწავლიდა ხალხს იეჰოვას ნორმებს. ის თავისი მიმდევრების კარგი მეგობარი იყო, გულკეთილი და მოსიყვარულე (იგავ. 17:17; იოან. 15:11—15). ბავშვებიც თავისუფლად გრძნობდნენ თავს იესოსთან და იესოსაც სიამოვნებდა მათთან ყოფნა. ის არასდროს ყოფილა იმდენად დაკავებული, რომ ბავშვებისთვის დრო ვერ გამოენახა. ერთხელ მოწაფეები, რომლებსაც რელიგიური წინამძღოლებივით საკუთარ თავზე ჯერ კიდევ დიდი წარმოდგენა ჰქონდათ, არ ანებებდნენ ხალხს იესოსთან პატარა ბავშვების მიყვანას. იესომ გაკიცხა მოწაფეები: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო“. მერე კი ბავშვები მაგალითად მოიყვანა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“ (მარ. 10:13—15).
14. როგორ მოქმედებს ბავშვებზე გულწრფელი ინტერესი?
14 წარმოიდგინეთ, წლების შემდეგ რას იგრძნობდნენ უკვე ზრდასრული კაცები და ქალები, როცა გაიხსენებდნენ, როგორ ეხვეოდა და ლოცავდა მათ იესო ქრისტე (მარ. 10:16). ის ბავშვები, ვის მიმართაც დღეს უხუცესები და სხვა მაუწყებლები გულწრფელ ინტერესს ავლენენ, მომავალში დიდი სითბოთი გაიხსენებენ მათ. და რაც მთავარია, ბავშვები, რომლებსაც კრების მზრუნველობა არ აკლიათ, პატარაობიდანვე ხედავენ, რომ იეჰოვა წმინდა სულს არ აკლებს თავის ხალხს.
იყავით კეთილი სიკეთის მოძულე ქვეყნიერებაში
15. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ხალხს არ სურს სიკეთის კეთება?
15 დღეს ბევრს არ სცალია სიკეთის კეთებისთვის. ამის გამო სკოლაში, სამსახურში, მგზავრობისას თუ ქადაგებისას იეჰოვას ხალხს ყოველდღიურად უწევს ქვეყნიერების სულთან გამკლავება. ამან შეიძლება გული დაგვწყვიტოს, მაგრამ არ უნდა გავიკვირვოთ. ღვთის შთაგონებით პავლემ ჭეშმარიტი ქრისტიანები გააფრთხილა, რომ ამ მძიმე „ბოლო დღეებში“ ვერსად გაექცეოდნენ „საკუთარი თავის მოყვარულებსა“ და „თბილ გრძნობებს მოკლებულებს“ (2 ტიმ. 3:1—3).
16. როგორ გამოვავლინოთ კრებაში ქრისტესგან ნასწავლი სიკეთე?
16 სიკეთის მოძულე ქვეყნიერებისგან განსხვავებით ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაში ჯანსაღი გარემოა. თუ იესოს მივბაძავთ, ამ გარემოს სიჯანსაღეში ჩვენც შევიტანთ წვლილს. მაგალითად, შეგვიძლია მხარში ამოვუდგეთ იმ მრავალ და-ძმას, რომლებიც ჯანმრთელობას უჩივიან ან სხვა სირთულეებს ხვდებიან. „ბოლო დღეებში“, შესაძლოა, პრობლემები სულ უფრო და უფრო მატულობდეს, მაგრამ მათში ახალი არაფერია. პირველი საუკუნის ქრისტიანებიც მსგავს სირთულეებს ხვდებოდნენ. როგორც ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ისე ჩვენც გვმართებს თანაქრისტიანების დახმარება. მაგალითად, პავლემ ქრისტიანებს ურჩია: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თეს. 5:14). ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმით ვაჩვენოთ ქრისტესგან ნასწავლი სიკეთე.
17, 18. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს სიკეთის გამოვლენაში?
17 ქრისტიანები ვალდებული ვართ თბილად მივიღოთ ჩვენი ძმები, იესოსავით მოვეპყროთ მათ, გულწრფელად ვიზრუნოთ მათზეც, ვისაც დიდი ხანია ვიცნობთ, და მათზეც, ვისაც ადრე არც კი შევხვედრივართ (3 იოან. 5—8). იესოს მსგავსად ჩვენც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, თანავუგრძნოთ სხვებს და გავამხნეოთ (ეს. 32:2; მათ. 11:28—30).
18 თითოეულს სიკეთის კეთება იმითაც შეგვიძლია, რომ სხვების კეთილდღეობით დავინტერესდეთ. ჩვენ თვითონ ვეძებოთ სიკეთის კეთების სხვადასხვა შესაძლებლობა. ნუ დავიზარებთ! პავლე მოგვიწოდებს: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10). ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს მსგავსად სხვებს თბილად და კეთილად მოვეპყროთ და ვისწავლოთ „უთვალთმაქცო სიყვარული“ (2 კორ. 6:6). პავლემ ქრისტიანული სიყვარული ასე აღწერა: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს“ (1 კორ. 13:4). ნაცვლად იმისა, რომ და-ძმებზე დავიბოღმოთ, ყურად ვიღოთ მოწოდება: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:32).
19. რა კურთხევები მოჰყვება ქრისტეს მსგავსად სიკეთის კეთებას?
19 თუ ვცდილობთ, მივბაძოთ ქრისტეს და მისნაირად ყოველთვის კეთილად მოვეპყროთ სხვებს, ღმერთი კურთხევას არ დაგვაკლებს. იეჰოვას სულს შეუძლია შეუფერხებლად იმოქმედოს კრების თითოეულ წევრზე და დაეხმაროს სულის შესანიშნავი ნაყოფის გამოვლენაში. თუ იესოს მაგალითს მივყვებით და სხვებსაც დავეხმარებით ამაში, ასეთი გაერთიანებული თაყვანისცემით თავად ღმერთს გავახარებთ. ასე რომ, ყოველთვის შევეცადოთ ისევე რბილად და კეთილად მოვექცეთ სხვებს, როგორც იესო.
-
-
ქრისტესავით მორჩილი და გაბედული იყავითსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 სექტემბერი
-
-
ქრისტესავით მორჩილი და გაბედული იყავით
„გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოან. 16:33).
1. როგორ ემორჩილებოდა იესო ღმერთს?
იესო ქრისტე ყოველთვის ასრულებდა ღვთის ნებას. მას აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ზეციერ მამას არ დამორჩილებოდა (იოან. 4:34; ებრ. 7:26). მაგრამ დედამიწაზე ცხოვრებისას მას ბევრი ისეთი რამ შეემთხვა, რის გამოც მორჩილება ადვილი არ უნდა ყოფილიყო. მსახურების დაწყებიდან მოყოლებული იესოს მტრები, მათ შორის სატანაც, გადარწმუნებით, დაძალებითა და მოტყუებით ცდილობდნენ, მისთვის უარი ეთქმევინებინათ ღვთის ერთგულებაზე (მათ. 4:1—11; ლუკ. 20:20—25). მათ იესოს ძლიერი ემოციური, ფიზიკური და სულიერი ტკივილი მიაყენეს. ბოლოს ის წამების ბოძზე გააკრეს და მოკლეს (მათ. 26:37, 38; ლუკ. 22:44; იოან. 19:1, 17, 18). მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, იესო „მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:8 ).
2, 3. რას გვასწავლის ის ფაქტი, რომ იესო ტანჯვის მიუხედავად ღვთის მორჩილი იყო?
2 ადამიანად ყოფნამ იესოს სხვაგვარი მორჩილება ასწავლა (ებრ. 5:8). შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ იესომ უკვე ყველაფერი იცოდა იეჰოვას მსახურებაზე. მას ხომ მრავალი საუკუნის მანძილზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და შემოქმედებისას „როგორც ოსტატი“ იყო მის გვერდით (იგავ. 8:30). მაგრამ იესოს უმწიკვლობა საბოლოოდ მაშინ გამოჩნდა, როცა განკაცებული ტანჯვის მიუხედავად, ერთგული დარჩა. ამის წყალობით იესო, ღვთის ძე, სულიერად კიდევ უფრო გაიზარდა. რას ვსწავლობთ მისგან?
3 სრულყოფილების მიუხედავად, იესო მხოლოდ საკუთარი ძალით არ ცდილობდა მორჩილებას. ის ღმერთს სთხოვდა დახმარებას, რომ მორჩილი ყოფილიყო (წაიკითხეთ ებრაელების 5:7 ). ჩვენც გვმართებს თავმდაბლობა და დახმარებისთვის გამუდმებით ლოცვა, რათა მორჩილები ვიყოთ. ამიტომაც ურჩია მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს: „ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა . . . [რომელმაც] თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (ფილ. 2:5—8). იესოს ცხოვრებამ დაამტკიცა, რომ მორჩილება ბოროტებით გაჟღენთილ გარემოშიც შესაძლებელია. ცხადია, იესო სრულყოფილი იყო, მაგრამ რის თქმა შეიძლება ჩვენზე, არასრულყოფილ ადამიანებზე?
მორჩილება არასრულყოფილების მიუხედავად
4. რა იგულისხმება ნების თავისუფლებაში?
4 ღმერთმა ადამსა და ევას განსჯის უნარი და ნების თავისუფლება უბოძა. მათ შთამომავლებსაც გვაქვს ნების თავისუფლება. ამაში ის იგულისხმება, რომ შეგვიძლია ან სიკეთის კეთება ავირჩიოთ ან ბოროტების. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა მოგვცა თავისუფალი არჩევანი — ან დავემორჩილოთ ღმერთს ან არა. მაგრამ ასეთი თავისუფლება ანგარიშვალდებულებს გვხდის. სინამდვილეში, ჩვენს არჩევანზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ჩვენი გადაწყვეტილებები სხვებზეც ახდენს გავლენას.
5. რასთან გვიწევს ბრძოლა და როგორ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში?
5 მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო გვიჭირს მორჩილება. ყოველთვის ადვილი არ არის, დავემორჩილოთ ღვთის კანონებს. პავლესაც უჭირდა მორჩილება: „ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“ (რომ. 7:23). ცხადია, მორჩილება უფრო ადვილია მაშინ, როცა არც მსხვერპლის გაღება გვიწევს, არც ტკივილის ატანა და არც განსაკუთრებული ძალისხმევის ფასადაც გვიჯდება. მაგრამ როგორ ვიმოქმედებთ მაშინ, როცა ღვთის მორჩილების სურვილს „ხორცის სურვილი [და] თვალთა სურვილი“ უპირისპირდება? ეს ხორციელი სურვილები ჩვენი არასრულყოფილებისა და „ქვეყნიერების სულის“ შედეგია და დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე (1 იოან. 2:16; 1 კორ. 2:12). წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ ასეთ სურვილებს, მანამ უნდა მოვამზადოთ გული, სანამ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ან ცდუნების წინაშე დავდგებით, და გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, ნებისმიერ ფასად დავემორჩილოთ იეჰოვას (ფსალმ. 78:8). ბიბლიაში ჩაწერილია ბევრი ისეთი ადამიანის მაგალითი, რომლებმაც სწორედ იმიტომ უერთგულეს ღმერთს, რომ გული ჰქონდათ მომზადებული (ეზრ. 7:10; დან. 1:8).
6, 7. ახსენით, როგორ შეიძლება დაგვეხმაროს პირადი შესწავლა გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.
6 ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების საგულდაგულო შესწავლა გულის მომზადების ერთ-ერთი საშუალებაა. წარმოიდგინეთ, რომ პირადი შესწავლა გაქვთ. ლოცვაში იეჰოვას სთხოვეთ, დაგეხმაროთ გაითვალისწინოთ მისი სიტყვიდან ნასწავლი. მეორე საღამოს გეგმავთ ყველას ნაქები ფილმის ყურებას, თუმცა იცით, რომ მასში შიგადაშიგ უზნეო და ძალადობის ამსახველი სცენებია.
7 თქვენ ფიქრობთ ეფესოელების 5:3-ში ჩაწერილ პავლეს რჩევაზე: „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეეფერებათ“. გახსენდებათ ფილიპელების 4:8-ში მოცემული პავლეს რჩევაც (წაიკითხეთ). ამ ღვთივშთაგონებულ რჩევებზე ფიქრისას, გებადებათ კითხვა: თუ განზრახ ვკვებავ გულსა და გონებას ასეთი ტელეგადაცემებით, მივყვები იესოს მაგალითს, რომელიც ყველაფერში ემორჩილებოდა ღმერთს? როგორ მოიქცეოდით? მაინც უყურებდით იმ ფილმს?
8. რატომ არ უნდა გავაუფასუროთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები?
8 შეცდომა იქნება, თუ იეჰოვას ნორმებს გავაუფასურებთ, ნაკლებად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ მათ დაცვას და ვიფიქრებთ, რომ ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს ცუდი საზოგადოება და მათ შორის ისეთი გართობა, რომელშიც უზნეობის ან ძალადობის ელემენტებია. ნაცვლად ამისა, უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი შვილები სატანის სულის გამრყვნელი გავლენისგან. კომპიუტერის მომხმარებლები ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი კომპიუტერები დაიცვან სხვადასხვა ვირუსისგან, რომლებსაც ინფორმაციის განადგურება, ფუნქციების დარღვევა და „დაინფიცირებული“ კომპიუტერით სხვა კომპიუტერების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. განა ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, უფრო მეტი გულმოდგინებით დავიცვათ თავი სატანის ხრიკებისგან?! (ეფეს. 6:11)
9. რატომ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, ყოველთვის დავემორჩილოთ იეჰოვას?
9 თითქმის ყოველდღე გვიწევს სხვადასხვა სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება, დავემორჩილოთ ან არ დავემორჩილოთ იეჰოვას. გადასარჩენად აუცილებელია ღვთის მორჩილება და მისი სამართლიანი პრინციპების დაცვა. თუ ქრისტეს ვბაძავთ მორჩილებაში და მზად ვართ, სიკვდილამდე მორჩილი ვიყოთ, ვაჩვენებთ, რომ ცოცხალი რწმენა გვაქვს. იეჰოვა ერთგულებისთვის გვაკურთხებს. იესო დაგვპირდა: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათ. 24:13). ამისათვის კი საჭიროა იესოსავით გაბედულები ვიყოთ (ფსალმ. 31:24).
იესო გაბედულების საუკეთესო მაგალითი იყო
10. რამ შეიძლება მოახდინოს ჩვენზე გავლენა და რა უნდა გავაკეთოთ?
10 ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ აზროვნებასა და საქციელს ვერსად გავექცევით, ამიტომ გამბედაობაა საჭირო, რომ ქვეყნიერების ყაიდაზე არ გადავიდეთ. ქრისტიანებიც განიცდიან ზეწოლას ზნეობრივი ფასეულობების დაცემის, საზოგადოებრივი თვალსაზრისის, ეკონომიკური მდგომარეობისა და გავრცელებული რელიგიური შეხედულებების გამო, რის შედეგადაც ქრისტიანი შეიძლება იეჰოვას სამართლიან გზას ჩამოსცილდეს. ბევრს ოჯახის წევრები ეწინააღმდეგებიან. ზოგი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც არასდროს, ისე ისწავლება ევოლუციის თეორია, ათეიზმი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ასეთ გარემოში გულხელდაკრეფილი არ უნდა ვისხდეთ. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ ზეწოლას და თავი დავიცვათ. იესოს მაგალითი გვასწავლის, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
11. როგორ შეგვმატებს გაბედულებას იესოს მაგალითზე ფიქრი?
11 იესომ მოწაფეებს უთხრა: „ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოან. 16:33). ის არასდროს ნებდებოდა ქვეყნიერებას და არ აძლევდა მას იმის საშუალებას, რომ შეეწყვეტინებინა ქადაგება ან გაეუფასურებინა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა და ღვთისმოსაწონი ქცევისთვის დადგენილი ნორმები. ჩვენც იესოს მსგავსად უნდა მოვიქცეთ. იესომ ლოცვაში თავის მოწაფეებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:16). ქრისტეს მაგალითის შესწავლა და მის გაბედულებაზე ფიქრი გამბედაობას შეგვმატებს, რომ არასდროს გავხდეთ ამ ქვეყნიერების ნაწილი.
როგორ ვსწავლობთ იესოსგან გაბედულებას?
12—14. რაში გამოჩნდა იესოს გაბედულება?
12 იესო მთელი თავისი მსახურების განმავლობაში არაჩვეულებრივად გაბედული იყო. ღვთის ძის უფლებამოსილებით ის უშიშრად შევიდა „ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები“ (მათ. 21:12). სიკვდილის წინა ღამეს, როცა ჯარისკაცები მის დასაპატიმრებლად მივიდნენ, იესომ გაბედულად დაიცვა თავისი მოწაფეები: „თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით“ (იოან. 18:8). ცოტა ხნის შემდეგ მან პეტრეს უთხრა, მახვილი ჩაეგო ქარქაშში, რამაც აჩვენა, რომ მას „ხორციელი იარაღის“ იმედი კი არა, იეჰოვას იმედი ჰქონდა (იოან. 18:11).
13 იესომ გაბედულად ამხილა იმდროინდელი ულმობელი ცრუმასწავლებლები და მათი სწავლებები: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! უკეტავთ ზეციერ სამეფოს ადამიანებს . . . დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება . . . სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ, შიგნით კი ნაძარცვითა და ზედმეტობით არის სავსე“ (მათ. 23:13, 23, 25). იესოს მოწაფეებსაც ასეთივე გაბედულება სჭირდებოდათ, რადგან ცრუ რელიგიური წინამძღოლები დევნიდნენ მათ და ზოგ მათგანს კლავდნენ კიდეც (მათ. 23:34; 24:9).
14 იესო დემონებსაც კი არ შეუშინდა. ერთხელ მას დემონით შეპყრობილი კაცი შეხვდა, რომელსაც იმდენი ძალა ჰქონდა, რომ ჯაჭვებითაც კი ვერავინ აკავებდა. იესომ გაბედულად განდევნა დემონები, რომლებიც ამ კაცს თავიანთ ჭკუაზე ატარებდნენ (მარ. 5:1—13). მართალია, დღეს ღმერთი ქრისტიანებს სასწაულების მოხდენის ძალას არ აძლევს, მაგრამ ქადაგებისას და მოწაფეების მომზადებისას ჩვენც ვიბრძვით სატანის წინააღმდეგ, რომელმაც „ურწმუნოებს . . . დაუბრმავა გონება“ (2 კორ. 4:4). იესოს მსგავსად, არც ჩვენ გვაქვს „ხორციელი იარაღის“ იმედი, „რადგან მას [ჩვენს საომარ იარაღს] ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა [ანუ ძვალსა და რბილში გამჯდარ ცრუ რელიგიურ შეხედულებათა] დასამხობად“ (2 კორ. 10:4). სულიერი იარაღის გამოსაყენებლად ბევრს ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან.
15. რა იყო ქრისტეს გაბედულების წყარო?
15 იესოს გაბედულების წყარო რწმენა იყო და არა სითამამე. ჩვენს შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს (მარ. 4:40). როგორ შევიძინოთ ნამდვილი რწმენა? ამას ისევ და ისევ იესოსგან ვსწავლობთ. მან ზედმიწევნით იცოდა წმინდა წერილები და ბოლომდე იყო დარწმუნებული მის სიმართლეში. სულიერ ბრძოლაში იესო პირდაპირი გაგებით მახვილს არ იყენებდა, მას სულის მახვილი, ღვთის სიტყვა, ჰქონდა მომარჯვებული. იესოს სწავლების საფუძველი წმინდა წერილები იყო, ამიტომ ხშირად მოჰყავდა ციტატები წერილებიდან. ლაპარაკს ასე იწყებდა, დაწერილიაო, და ამ დროს ღვთის სიტყვაში ჩაწერილს გულისხმობდა.a
16. როგორ აღვაშენოთ რწმენა?
16 ისეთი რწმენის აღსაშენებლად, რომელიც ქრისტეს მოწაფეებისთვის აუცდენელ სირთულეებს გადაგვატანინებს, ყოველდღიურად უნდა ვკითხულობდეთ და ვსწავლობდეთ ბიბლიას, ვესწრებოდეთ ქრისტიანულ შეხვედრებს და, ამგვარად, გონებაში ვიბეჭდავდეთ ჭეშმარიტებას — რწმენის საფუძველს (რომ. 10:17). დრო უნდა დავუთმოთ ნასწავლზე ფიქრს, რათა ნასწავლმა სწორად განაწყოს ჩვენი გული. სწორედ მაშინ ვიქნებით გაბედულნი, თუ ცოცხალი რწმენა გვექნება (იაკ. 2:17). ლოცვაში ღმერთს წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რადგან რწმენა სულის ნაყოფია (გალ. 5:22).
17, 18. როგორ გამოავლინა ერთმა ახალგაზრდა დამ სკოლაში გაბედულება?
17 ახალგაზრდა დამ, კიტიმ საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ მატებს გაბედულებას ცოცხალი რწმენა. პატარაობიდან იცოდა, რომ სკოლაში სასიხარულო ცნობის ქადაგების არ უნდა შერცხვენოდა, და გულწრფელად უნდოდა თანაკლასელებისთვის ექადაგა (რომ. 1:16). ყოველ წელს იღებდა გადაწყვეტილებას, სხვებისთვის სასიხარულო ცნობა გაეზიარებინა, მაგრამ გაუბედაობის გამო თავს იკავებდა. მაღალ კლასებში სწავლა სხვა სკოლაში განაგრძო და გადაწყვიტა, მეტად აღარ გაეშვა ხელიდან დამოწმების შანსი. კიტიმ იეჰოვას სთხოვა, ქრისტესავით გაბედული ყოფილიყო, გამჭრიახობა მიეცა და დამოწმებისთვის შესაფერისი სიტუაცია შეექმნა.
18 პირველ დღეს მოსწავლეებს სთხოვეს, რომ თავი წარედგინათ. ზოგმა თქვა, რომელი რელიგიის მიმდევარი იყო, მაგრამ ისიც თქვა, რომ თავგამოდებული მორწმუნე არ ყოფილა. კიტიმ იგრძნო, რომ ეს შესაძლებლობა მის ლოცვაზე გაცემული პასუხი იყო. მისი ჯერი რომ დადგა, მან მტკიცედ თქვა: „მე იეჰოვას მოწმე ვარ და ვცდილობ, ისე ვცე ღმერთს თაყვანი და ისე ვიცხოვრო, როგორც ბიბლიაში წერია“. რამდენიმე კლასელს სახე შეეჭმუხნა, მაგრამ დანარჩენებმა ყურადღებით მოუსმინეს და მოგვიანებით შეკითხვებიც კი დაუსვეს. როგორც მასწავლებელმა თქვა, კიტი საუკეთესო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა დაეცვა კაცს თავისი შეხედულებები. კიტი მადლიერი იყო, რომ შეძლო, იესოსთვის მიებაძა და გაბედულად მოქცეულიყო.
გამოავლინეთ ისეთივე რწმენა და გაბედულება, როგორიც იესოს ჰქონდა
19. ა) რას ნიშნავს ცოცხალი რწმენა? ბ) რით გავუხარებთ იეჰოვას გულს?
19 მოციქულებსაც ესმოდათ, რომ გაბედულებისთვის რწმენა იყო საჭირო. მათ იესოს სთხოვეს: „რწმენა განგვიმტკიცე“ (წაიკითხეთ ლუკას 17:5, 6 ). ცოცხალი რწმენა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ის, რომ ღვთის არსებობის გვწამდეს. მასში იგულისხმება იეჰოვას ნდობა და მასთან ახლო ურთიერთობის განმტკიცება, რომელიც ბავშვისა და კეთილი, მოსიყვარულე მამის ურთიერთობას ჰგავს. ღვთისგან შთაგონებით სოლომონმა დაწერა: „შვილო, თუ გული დაგიბრძენდა, ჩემი გულიც გაიხარებს. ჩემი თირკმელები გამხიარულდება, როცა შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებს“ (იგავ. 23:15, 16). თუ სამართლიან პრინციპებს გაბედულად დავიცავთ, იეჰოვას გავუხარებთ გულს, ამის ცოდნა კი უფრო მეტ გაბედულებას შეგვძენს. ამგვარად, ყოველთვის მივბაძოთ იესოს მაგალითს და გაბედულად დავიცვათ სამართლიანი პრინციპები!
[სქოლიო]
a მაგალითისთვის იხილეთ მათეს 4:4, 7, 10; 11:10; 21:13; 26:31; მარკოზის 9:13; 14:27; ლუკას 24:46; იოანეს 6:45; 8:17.
-
-
ქრისტეს სიყვარული აღგვძრავს, გვიყვარდეს სხვებისაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 სექტემბერი
-
-
ქრისტეს სიყვარული აღგვძრავს, გვიყვარდეს სხვები
„რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოან. 13:1).
1, 2. ა) რატომ იყო იესოს სიყვარული განსაკუთრებული? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
იესო სიყვარულის სრულყოფილი მაგალითი იყო. ყველაფერი მის სიყვარულზე მეტყველებდა — მისი ქცევა, ლაპარაკი და სწავლება, სიცოცხლის მსხვერპლად გაღება. დედამიწაზე ცხოვრების ბოლომდე იესო ყველას მიმართ ავლენდა სიყვარულს, განსაკუთრებით კი თავისი მოწაფეების მიმართ.
2 იესოს აღმატებული მაგალითის მიბაძვა რომ შევძლოთ, ბევრი რამ მოგვეთხოვება. მისი სიყვარული აღგვძრავს, ისევე გვიყვარდეს ჩვენი სულიერი და-ძმებიც და სხვებიც, როგორც იესოს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მიჰბაძონ უხუცესებმა იესოს თუნდაც მძიმე ცოდვის ჩამდენთა მიმართ სიყვარულის გამოვლენაში. აგრეთვე განვიხილავთ, როგორ აღძრავს იესოს სიყვარული ქრისტიანებს, დაეხმარონ გაჭირვებულებს, სტიქიური უბედურებით დაზარალებულებსა და ავადმყოფობებს.
3. სერიოზული შეცდომის მიუხედავად, როგორ მოექცა იესო პეტრეს?
3 იესოს სიკვდილის წინა ღამეს თავად იესოს არჩეულმა მოციქულმა პეტრემ სამჯერ უარყო ის (მარ. 14:66—72). მაგრამ, როცა პეტრემ, იესოს წინასწარმეტყველებისამებრ, მოინანია, იესომ აპატია და სერიოზული პასუხისმგებლობებიც კი მიანდო (ლუკ. 22:32; საქ. 2:14; 8:14—17; 10:44, 45). რას გვასწავლის იესოს დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც სერიოზულ შეცდომებს უშვებს?
ისეთივე დამოკიდებულება გქონდეთ შემცოდველების მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა
4. განსაკუთრებით როდის უნდა გამოვლინდეს ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?
4 ქრისტეს მსგავსად აზროვნება შეიძლება განსაკუთრებით მაშინ გაგვიჭირდეს, როცა ოჯახის ან კრების წევრი სჩადის სერიოზულ ცოდვას. სამწუხაროა, რომ სატანის ქვეყნიერების აღსასრულის ბოლო წუთებში ქვეყნიერების სული უფრო და უფრო აკნინებს ზნეობრივ ფასეულობებს. ზნეობის მიმართ ქვეყნიერების არასწორმა ან გულგრილმა დამოკიდებულებამ შეიძლება ადვილად იმოქმედოს ახალგაზრდა თუ უფროსი ასაკის ქრისტიანზე და ვიწრო გზით სიარულის სურვილი დაუკარგოს. პირველ საუკუნეში აუცილებელი გახდა ზოგის შეგონება და ქრისტიანული კრებიდან ზოგის გარიცხვაც კი. დღესაც ასე ხდება (1 კორ. 5:11—13; 1 ტიმ. 5:20). თუ ამ დროს უხუცესები ისეთივე სიყვარულს ავლენენ, როგორსაც ქრისტე ავლენდა, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს შემცოდველზე.
5. როგორ უნდა მიჰბაძონ უხუცესებმა ქრისტეს, როცა კრების წევრი სცოდავს?
5 უხუცესები იესოსავით ყოველთვის იეჰოვას სამართლიანი ნორმებით უნდა ხელმძღვანელობდნენ. ამგვარად ისინი მიჰბაძავენ იეჰოვას რბილი ხასიათის, სიკეთისა და სიყვარულის გამოვლენაში. როცა ქრისტიანი ჩადენილ დანაშაულს გულწრფელად ინანიებს, „გულმოდრეკილი და სულგამწარებულია“, შეიძლება უხუცესებს არ გაუჭირდეთ რბილად მიდგომა და მისი გამოსწორება (ფსალმ. 34:18; გალ. 6:1). მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ მაშინ, თუ შემცოდველი უტიფრად იქცევა და სინდისი არ ქენჯნის ან, თუ ქენჯნის, უმნიშვნელოდ?
6. რას უნდა მოერიდონ უხუცესები შემცოდველთან ლაპარაკისას და რატომ?
6 თუ შემცოდველი ბიბლიურ რჩევას არ იღებს და ცდილობს, დანაშაული სხვებს გადააბრალოს, ამან შეიძლება უხუცესები და კრების სხვა წევრები განარისხოს. მისი საქციელის არასასურველი შედეგების ცოდნის გამო უხუცესებსა თუ კრების სხვა წევრებს შეიძლება ცდუნება გაუჩნდეთ, რომ შემცოდველის საქციელისა და დამოკიდებულების მიმართ თავიანთი გრძნობა და დამოკიდებულება გამოხატონ. მაგრამ რისხვას კარგი არაფერი მოაქვს და ის არც „ქრისტეს გონებას“ შეეფერება (1 კორ. 2:16; წაიკითხეთ იაკობის 1:19, 20 ). იესო ზოგს პირდაპირ ამხელდა, მაგრამ მის სიტყვებში არასდროს იგრძნობოდა სიძულვილი და შეურაცხყოფა (1 პეტ. 2:23). პირიქით, ის ყოველთვის უტოვებდა შემცოდველს მოსანანიებლად იეჰოვასთან დასაბრუნებელ გზას. სინამდვილეში, იესოს დედამიწაზე მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ცოდვილთა ხსნა იყო (1 ტიმ. 1:15).
7, 8. რით უნდა ხელმძღვანელობდნენ უხუცესები სამართლებრივი საკითხების განხილვისას?
7 რა გავლენა უნდა იქონიოს იესოს მაგალითმა ჩვენს დამოკიდებულებაზე მათ მიმართ, ვინც კრებაში დასჯას იმსახურებს? გახსოვდეთ, რომ ბიბლიის საფუძველზე კრებაში სამართლებრივი ზომების მიღება იცავს ღვთის ფარას, და ამ ზომების მიღებამ შეიძლება შემცოდველი მონანიებისკენ აღძრას (2 კორ. 2:6—8). სამწუხაროა, რომ ზოგი არ ინანიებს და კრებიდან ირიცხება, მაგრამ გვახარებს ის, რომ ბევრი მათგანი უბრუნდება იეჰოვას და მის კრებას. როცა უხუცესებს ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, გარიცხულს გაუადვილდება მონანიება და კრებაში დაბრუნება. შესაძლოა, მათ არ ახსოვდეთ ყველა ის რჩევა, რაც უხუცესებმა ბიბლიიდან მისცეს, მაგრამ მათ არასდროს ავიწყდებათ, რომ უხუცესები გაუფრთხილდნენ მათ ღირსებას და სიყვარულით მოექცნენ.
8 ამიტომ უხუცესებმა რთულ მდგომარეობაშიც კი უნდა გამოავლინონ „სულის ნაყოფი“, განსაკუთრებით კი ისეთივე სიყვარული, როგორსაც ქრისტე ავლენდა (გალ. 5:22, 23). ნაჩქარევად არასდროს უნდა გარიცხონ შემცოდველი კრებიდან. უხუცესებმა უნდა დაანახვონ, რომ სურთ, დაეხმარონ მას. ასე რომ, როცა შემცოდველი მოინანიებს, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება ის, ალბათ, მადლიერი იქნება იეჰოვასი და იმ „ძღვნის ადამიანთა სახით“, რომელმაც გაუადვილა კრებაში დაბრუნება (ეფეს. 4:8, 11, 12).
ბოლო დღეებში ისეთივე სიყვარული გამოავლინეთ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა
9. როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული თავისი მოწაფეების მიმართ? მოიყვანეთ მაგალითი.
9 ლუკა თავის სახარებაში მოიხსენიებს იესოს სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს. იესომ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა რომის ჯარი ალყას შემოარტყამდა გასანადგურებლად განწირულ იერუსალიმს და იქიდან ვერავინ გაიქცეოდა. ამიტომ, სიყვარულით გააფრთხილა მოწაფეები: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება“. რის გაკეთება მართებდათ? იესომ მათ წინასწარ ნათელი და კონკრეტული მითითებები მისცა: „მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ მასში, რადგან ეს ის დროა, როცა უნდა აღსრულდეს სამართალი, რათა ყველაფერი, რაც დაწერილია, შესრულდეს“ (ლუკ. 21:20—22). ახ. წ. 66 წელს რომის ჯარი დაბანაკდა იერუსალიმის გარშემო და, ვინც მორჩილი იყო, იესოს მითითებისამებრ მოიქცა.
10, 11. როგორ გვეხმარება ადრინდელი ქრისტიანების იერუსალიმიდან გაქცევის შემთხვევა „დიდი გასაჭირისთვის“ მზადებაში?
10 იერუსალიმიდან გაქცევის დროს ქრისტიანებს უნდა გამოევლინათ ერთმანეთის მიმართ ისეთივე სიყვარული, როგორსაც ქრისტე ავლენდა მათ მიმართ. ყველაფერი, რაც ჰქონდათ, ერთმანეთისთვის უნდა გაენაწილებინათ. მაგრამ ამ ძველი ქალაქის განადგურების შემდეგ იესოს წინასწარმეტყველება უფრო დიდი მასშტაბით შესრულდებოდა. იესომ იწინასწარმეტყველა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათ. 24:17, 18, 21). „დიდი გასაჭირის“ დროს და მის დაწყებამდე ჩვენც, ალბათ, სხვადასხვა სირთულესა და გაჭირვებასთან გამკლავება მოგვიწევს. მაგრამ ამ გასაჭირს ისეთივე აზროვნება გადაგვატანინებს, როგორიც ქრისტეს ჰქონდა.
11 იმ დროს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, მივბაძოთ იესოს მაგალითს და უანგარო სიყვარული გამოვავლინოთ. პავლე გვირჩევს: „თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად, რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე . . . დაე, ღმერთმა, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს, მოგცეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომ. 15:2, 3, 5).
12. ახლა როგორი სიყვარულის განვითარებაა საჭირო და რატომ?
12 პეტრემ, რომლის მიმართაც იესომ სიყვარული გამოავლინა, მოუწოდა ქრისტიანებს, „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა“ განევითარებინათ და „ჭეშმარიტებისადმი მორჩილები“ ყოფილიყვნენ. როგორც პეტრემ თქვა, მთელი გულით უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი (1 პეტ. 1:22). დღეს როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, განვივითაროთ ისეთივე თვისებები, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. უკვე იგრძნობა ძლიერი ზეწოლა ღვთის ხალხზე. ქრისტიანს არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყნიერების არც ერთი წამყვანი სტრუქტურის იმედი, რასაც, მაგალითად, დღევანდელი ფინანსური სისტემის არასტაბილურობა ცხადყოფს (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15—17 ). რაც უფრო ახლოვდება ქვეყნიერების აღსასრული, მით უფრო ახლოს უნდა ვიყოთ იეჰოვასა და თანამორწმუნეებთან, და მეგობრები კრებაში უნდა შევიძინოთ. პავლე გვირჩევს: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10). პეტრემ ეს აზრი უფრო განავრცო: „რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტ. 4:8).
13—15. როგორ გამოავლინეს ძმებმა სტიქიური უბედურების შემდეგ ისეთივე სიყვარული, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?
13 მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები იმით არიან ცნობილი, რომ ისეთივე სიყვარულს ავლენენ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. განვიხილოთ იმ მოწმეთა მაგალითი, რომლებმაც დახმარებისთვის მზადყოფნა გამოავლინეს მას შემდეგ, რაც 2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილს არაერთმა ქარიშხალმა გადაუარა და დიდ ტერიტორიაზე თითქმის ყველაფერი მიწასთან გაასწორა. იესოს მაგალითით აღძრულმა 20 000-ზე მეტმა მოხალისემ, სტიქიით დაზარალებულ ძმებს რომ დახმარებოდნენ, კეთილმოწყობილი სახლი და კარგი სამსახური დატოვა.
14 ერთგან 10-მეტრიანი ტალღა სანაპიროს გასცდა და 80 კილომეტრზე გადაიარა. როცა წყლის დონემ დაიკლო, აღმოაჩინეს, რომ სადაც ტალღამ გადაიარა, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობების მესამედი განადგურებული იყო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მოწმეებმა, რომელთაგან ზოგი ხელოსანი იყო, ჩამოიტანეს სამშენებლო იარაღები და მასალები, და მზად იყვნენ ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად. ორმა ქვრივმა ღვიძლმა დამ თავიანთი ნივთები პატარა სატვირთო მანქანაში ჩაალაგა და და-ძმების დასახმარებლად 3 000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა. უმცროსი და დღესაც იქ არის, ადგილობრივი დახმარების კომიტეტს ეხმარება და პიონერადაც მსახურობს.
15 იმ ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეებისა თუ სხვების 5 600-ზე მეტი სახლიდან ზოგი ხელახლა აშენდა და ზოგიც შეკეთდა. რა გრძნობა დაეუფლათ ადგილობრივ მოწმეებს, როცა უდიდესი სიყვარული იგრძნეს? ერთი და, რომლის სახლიც მიწასთან გასწორდა, საცხოვრებლად მანქანაზე მისაბმელ პატარა ვაგონში გადავიდა, სადაც ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა და საჭმელსაც ვერაფერზე ამზადებდა. ძმებმა მას უბრალო, მაგრამ კომფორტული სახლი აუშენეს. ის და თავისი ახალი და კოხტა სახლის ეზოში იდგა და თვალცრემლიანი უხდიდა მადლობას იეჰოვასა და ძმებს დახმარებისთვის. ბევრ შემთხვევაში იძულებით გადაადგილებული მოწმეები დროებით საცხოვრებლებში დაახლოებით ერთი წლის მანძილზე დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ძმებს უკვე ახალი სახლები აშენებული ჰქონდათ, და ეს იმიტომ, რომ ახლადაშენებულ სახლებში დასახმარებლად ჩამოსულ და-ძმებს ეცხოვრათ! მათ მართლაც არაჩვეულებრივად გამოავლინეს ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა!
ისეთივე დამოკიდებულება გქონდეთ ავადმყოფების მიმართ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა
16, 17. როგორ შეგვიძლია გვქონდეს ისეთივე დამოკიდებულება ავადმყოფების მიმართ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?
16 მართალია, ბევრი ჩვენგანი არასდროს ყოფილა სტიქიური უბედურების მსხვერპლი, მაგრამ ავადმყოფობასთან ჭიდილი თითქმის ყველას გვიწევს, პირადად ჩვენ თუ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამ დროს ბევრის სწავლა შეგვიძლია ავადმყოფების მიმართ იესოს დამოკიდებულებიდან. სიყვარულით აღძრულს გული ეწვოდა მათ გამო. როცა ხალხმა სნეულები მიუყვანა იესოს, მან „ყველა ავადმყოფი განკურნა“ (მათ. 8:16; 14:14).
17 მართალია, დღეს ქრისტიანებს იესოს მსგავსად განკურნების ძალა არა აქვთ, მაგრამ ავადმყოფების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც მას ჰქონდა. მაგალითად, უხუცესები აჩვენებენ, რომ ქრისტეს აზროვნება აქვთ, როცა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ავადმყოფებს კრების მზრუნველობა არ მოაკლდეთ. ამგვარად ისინი ითვალისწინებენ მათეს 25:39, 40-ში ჩაწერილს (წაიკითხე).a
18. როგორ გამოავლინა გულწრფელი სიყვარული ორმა დამ და რა იყო ამ სიყვარულის ნაყოფი?
18 რა თქმა უნდა, სხვებისთვის სიკეთის გასაკეთებლად აუცილებელი არ არის, უხუცესი იყო. მაგალითად, 44 წლის კიბოთი დაავადებულ შარლენს უთხრეს, რომ ათი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ორმა სულიერმა დამ შარონმა და ნიკოლეტემ დაინახეს დახმარების საჭიროება და იგრძნეს, რომ შარლენის მზრუნველი ქმრისთვისაც კი არ იქნებოდა ადვილი ავადმყოფი მეუღლის მოვლა, ამიტომ გადაწყვიტეს, შარლენის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში გვერდიდან არ მოსცილებოდნენ მათ. თითებზე ჩამოსათვლელი დღეები ექვს კვირას გაგრძელდა, მაგრამ არც ერთსა და არც მეორეს მარტო არ დაუტოვებია ისინი, რითაც თავიანთი სიყვარული გამოხატეს. შარონი ამბობს: „ძალიან რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ ვიღაც სასიკვდილოდ არის განწირული. მაგრამ, როცა ფაქტის წინაშე დავდექით, იეჰოვამ მოგვცა ძალა; ამ დროს ჩვენ უფრო დავუახლოვდით როგორც იეჰოვას, ისე ერთმანეთს“. შარლენის ქმარი აღნიშნავს: „არასდროს დამავიწყდება ამ ორი ერთგული დის სიკეთე და დახმარება. მათმა სუფთა გულმა და დადებითმა განწყობამ აატანინა ჩემს საყვარელ შარლენს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ტანჯვა და მეც შემიმსუბუქა ფიზიკური და ემოციური ტვირთი, რაც ჰაერივით მჭირდებოდა. მე ყოველთვის ვიქნები მათი მადლიერი. მათმა თავგანწირვამ იეჰოვას მიმართ რწმენა განმიმტკიცა და საძმოს სიყვარული გამიძლიერა“.
19, 20. ა) ქრისტეს რომელი ხუთი თვისება განვიხილეთ? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი?
19 ამ სამ სტატიაში განვიხილეთ იესოს ხუთი თვისება და ის, თუ როგორ მივბაძოთ მას აზროვნებასა და საქციელში. მოდი, ჩვენც ვიყოთ იესოსავით „რბილი და გულით თავმდაბალი“ (მათ. 11:29). კეთილად მოვექცეთ სხვებს მაშინაც კი, როცა მათი არასრულყოფილება და სისუსტეები თვალში გვხვდება. ვიყოთ გაბედული განსაცდელის დროსაც კი და დავემორჩილოთ იეჰოვას ყველა მოთხოვნას.
20 დაბოლოს, ისეთივე სიყვარული გამოვავლინოთ ჩვენი ძმების მიმართ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, რომელსაც „ბოლომდე უყვარდა“ თავისი მოწაფეები. ამ სიყვარულით მიხვდება ხალხი, რომ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ვართ (იოან. 13:1, 34, 35). „ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ“! (ებრ. 13:1). თავი არ დაზოგოთ! თქვენი სიცოცხლე იეჰოვას განდიდებასა და სხვების დახმარებას მიუძღვენით! იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს თქვენს გულწრფელ ძალისხმევას.
[სქოლიო]
a იხილეთ 1987 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 15—21 (რუს.).
-