-
„მისი ჟამი არ იყო მოსული“საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 სექტემბერი
-
-
„მისი ჟამი არ იყო მოსული“
„ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ იყო მოსული“ (იოანე 7:30).
1. რომელი ორი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული იესოს მოქმედებები?
„კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“, — უთხრა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს (მათე 20:28). რომაელ მმართველ პონტოელ პილატეს მან უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). იესომ ზუსტად იცოდა, რატომ მოკვდებოდა და რა საქმეების გაკეთება უნდა მოესწრო სიკვდილამდე. მან ისიც იცოდა, თუ რამდენი ხანი ჰქონდა თავისი მისიის შესასრულებლად. დედამიწაზე მესიად მსახურება მხოლოდ სამ-ნახევარ წელიწადს გასტანდა. ეს პერიოდი დაიწყო მდინარე იორდანეში მისი მონათვლით (ახ. წ. 29 წელს), ნაწინასწარმეტყველები სიმბოლური 70-ე კვირის დასაწყისში, და დასრულდა იმავე კვირის შუა პერიოდში, წამების ძელზე მისი სიკვდილისას (ახ. წ. 33 წელს) (დანიელი 9:24—27; მათე 3:16, 17; 20:17—19). ამიტომ დედამიწაზე იესოს მოქმედება ძირითადად ორი ფაქტორით იყო განპირობებული: მისი მოსვლის მიზნითა და ზუსტად განსაზღვრულ დროს მოქმედების აუცილებლობის გრძნობით.
2. როგორ არის იესო ქრისტე სახარებებში აღწერილი და როგორ გამოავლინა მან, რომ იცოდა თავისი მისია?
2 სახარების ცნობები იესო ქრისტეს აღგვიწერს როგორც აქტიურ, ენერგიულ მამაკაცს, რომელიც მთელ პალესტინაში დადიოდა, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა და მრავალ დიდ საქმეს აკეთებდა. მისი აქტიური მსახურების ადრეული პერიოდის შესახებ საღვთო წერილი ამბობს: „მისი ჟამი არ იყო მოსული“. იესომ თავადაც განაცხადა: „ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა“. თავისი მსახურების აღსასრულს მან გამოიყენა გამოთქმა: „მოვიდა ჟამი“ (იოანე 7:8, 30; 12:23). იესომ იცოდა ჟამი, ანუ დრო, რომელიც თავისი დავალების შესასრულებლად იყო დადგენილი, დავალებისა, რომელშიც შედიოდა საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა; ეს კი მოქმედებდა მის სიტყვებსა თუ მოქმედებაზე. იმაში წვდომა კი, როგორ მოქმედებდა ეს მასზე, დაგვეხმარება გავიგოთ, როგორი პიროვნება იყო იესო და როგორ აზროვნებდა ის, რაც ‘მისი კვალის’ ფეხდაფეხ ‘მიყოლაში’ დაგვეხმარება (1 პეტრე 2:21).
ღვთის ნების შესასრულებლად გადაწყვეტილებით აღსავსე
3, 4. ა) რა ხდება კანაში ქორწილის დროს? ბ) რატომ უარყო ღვთის ძემ მარიამის რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ ღვინოს დანაკლისი შეევსო და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
3 დგას ახ. წ. 29 წელი. მხოლოდ რამდენიმე დღეა მას შემდეგ გასული, რაც იესომ პირადად აირჩია თავისი პირველი მოწაფეები. ახლა ისინი, ყველა, გალილეის ერთ სოფელში, კანაში, არიან ქორწილზე. იქვე არის იესოს დედაც, მარიამი. ღვინო უთავდებათ. დედა თავის ძეს ეუბნება: „ღვინო აღარა აქვთ“, რითაც ურჩევს, რომ რაღაც უნდა გააკეთოს. მაგრამ იესო პასუხობს: „რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა“ (იოანე 1:35—51; 2:1—4).
4 იესოს პასუხში „რა გინდა ჩემგან დედაკაცო?“ კითხვითი წინადადების ძველი ფორმა არის გამოყენებული, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ მიცემულ რჩევას ან შეთავაზებულ წინადადებას უარყოფენ. რატომ უარყოფს იესო მარიამის სიტყვებს? ის ახლა 30 წლისაა. რამდენიმე კვირის წინათ მოინათლა, სულით ცხებული გახდა, და იოანე ნათლისმცემელმა ყველას წინაშე წარადგინა, როგორც „ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“ (იოანე 1:29—34; ლუკა 3:21—23). ახლა მას მითითებებს მხოლოდ მისი გამომგზავნელი უზენაესი უფალი უნდა აძლევდეს (1 კორინთელთა 11:3). სხვას არავის, ოჯახის წევრებსაც კი, არა აქვთ იმის უფლება, ჩაერიონ იმ საქმეებში, რომელთა გასაკეთებლადაც იესო დედამიწაზე მოვიდა. რა ნათლად ჩანს იესოს პასუხში, რომ მამის ნების შესასრულებლად გადაწყვეტილებით არის აღსავსე! დაე მივბაძოთ მას და ღვთის წინაშე ჩვენი „მთელი მოვალეობის“ შესასრულებლად ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე (ეკლესიასტე 12:13, აქ).
5. რა სასწაულს ახდენს იესო კანაში და რა გავლენას ახდენს ეს სხვებზე?
5 მარიამი ჩასწვდა შვილის სიტყვებს, მაშინვე გვერდზე გადგა და იქ დამსწრეებს უთხრა: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“. იესო კი პრობლემას აგვარებს. ის განკარგულებას იძლევა, ჭურჭლები წყლით აავსონ, შემდეგ კი წყალს შესანიშნავ ღვინოდ აქცევს. ამ შემთხვევიდან იწყება იესოს მიერ სასწაულების მოხდენის უნარის გამოვლენა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მასზე ღვთის სულია. ამ სასწაულის ხილვა ახალი მოწაფეების რწმენას აძლიერებს (იოანე 2:5—11).
იეჰოვას სახლისთვის მოშურნეობა
6. რატომ აღაშფოთებს იესოს ის, რაც იერუსალიმის ტაძარში ხედავს და რას აკეთებს იგი?
6 მალე დგება ახ. წ. 30 წლის გაზაფხული და იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგებიან, რათა პასექის დღესასწაული აღნიშნონ. იქ მოწაფეები თავიანთი წინამძღოლის ისეთ მოქმედებას ხედავენ, როგორიც, შესაძლოა, მანამდე არასოდეს უნახავთ. ხარბი იუდეველი ვაჭრები მსხვერპლშესაწირ ცხოველებსა და ფრინველებს პირდაპირ ტაძრის შიგნით ყიდიან და ერთგული იუდეველი თაყვანისმცემლებისგან ძალიან მაღალი საფასურის გადახდას მოითხოვენ. აღშფოთებული იესო მოქმედებას იწყებს. საბლისგან შოლტს აკეთებს და გამყიდველებს იქიდან ყრის. ფულის გადამცვლელებს ფულს უბნევს და მაგიდებს უყირავებს. „გაიყვანეთ ესენი აქედან“, — უბრძანებს ის მტრედების გამყიდველებს. როდესაც იესოს მოწაფეები მის ასე ენერგიულ მოქმედებას ხედავენ, ახსენდებათ წინასწარმეტყველება ღვთის ძის შესახებ: «შენი სახლის შური [„შენს სახლზე მოშურნეობა“, აქ] შემჭამს მე» (იოანე 2:13—17; ფსალმუნი 68:10, [69:9 აქ]). ჩვენც მთელი ძალით უნდა აღვუდგეთ წინ წუთისოფელში არსებულ ტენდენციას, რომ შებღალოს ჩვენი თაყვანისმცემლობა.
7. ა) რამ აღძრა ნიკოდემოსი მესიასთან მისასვლელად? ბ) რას ვსწავლობთ იესოს მიერ სამარიელი ქალისთვის ქადაგების მაგალითიდან?
7 იერუსალიმში ყოფნისას იესომ მრავალი მნიშვნელოვანი ნიშანი აჩვენა ხალხს და ის ბევრმა ირწმუნა. ნიკოდემოსზეც კი, სინედრიონის ანუ იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს წევრზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მან, რამაც ეს მამაკაცი აღძრა, ღამით მისულიყო უფრო მეტი ცოდნის შესაძენად. იესო და მისი მოწაფეები „იუდას ქვეყანაში“ დაახლოებით რვა თვე რჩებიან, ქადაგებენ და მოწაფეებად ხდიან ხალხს. მაგრამ იოანე ნათლისმცემლის დაპატიმრების შემდეგ ისინი ტოვებენ იუდეას და გალილეაში მიდიან. სამარიაში გავლისას იესომ ხელიდან არ გაუშვა სამარიელ ქალთან საფუძვლიანად ქადაგების შესაძლებლობა. ამან კი მრავალ სამარიელს მორწმუნეობისკენ მიმავალი გზა გაუკვალა. დაე ჩვენც ვიფხიზლოთ და ხელიდან არ გავუშვათ სამეფოს შესახებ სხვებთან საუბრის შესაძლებლობები (იოანე 2:23; 3:1—22; 4:1—42; მარკოზი 1:14).
საფუძვლიანად სწავლება გალილეაში
8. რა საქმიანობა წამოიწყო იესომ გალილეაში?
8 იესოს სიკვდილის ‘ჟამამდე’ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი თავისი ზეციერი მამისათვის მსახურებაში. გალილეაში იესო იწყებს მსახურებაში უფრო მეტის კეთებასაც კი, ვიდრე იუდეასა და იერუსალიმში. „მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში“ (მათე 4:23). მისი მოწოდება — „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ — მთელ იმ მხარეში გაისმოდა (მათე 4:17). რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მასთან ამბის გასაგებად იოანე ნათლისმცემლის ორი მოწაფე მივიდა, იესომ მათ დააბარა: „წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში“ (ლუკა 7:22, 23).
9. რატომ იყრის ხალხი თავს იესო ქრისტესთან და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
9 „მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს“ და გალილეიდან, ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა მასთან თავი (ლუკა 4:14, 15; მათე 4:24, 25). ისინი მასთან არა მარტო იმის გამო მიდიან, რომ სასწაულებრივად განიკურნონ, არამედ — სასწაულებრივი სწავლების მოსასმენადაც. მისი ცნობა გულში ჩამწვდომი და გამამხნევებელია (მათე 5:1—7:27); სიტყვები — სასიამოვნო და მიმზიდველი (ლუკა 4:22). ხალხი ‘გაოცებულია მისი მოძღვრებით’, რადგან საღვთო წერილიდან ელაპარაკება მათ, როგორც უფლებამოსილი პირი (მათე 7:28, 29; ლუკა 4:32). ვის არ მიიზიდავს ასეთი ადამიანი? მოდი ჩვენც განვივითაროთ სწავლების ისეთი ხელოვნება, რათა გულწრფელი ადამიანები ჭეშმარიტებისკენ მივიზიდოთ.
10. რატომ ცდილობენ თანაქალაქელები იესოს მოკვლას და რატომ ვერ ახერხებენ ამას?
10 მაგრამ იესოს ყველა მსმენელი როდი იღებს მის სწავლებას. მსახურების დასაწყისშიც კი მშობლიური ქალაქის, ნაზარეთის, სინაგოგაში ქადაგებისას მის მოკვლას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ თანაქალაქელები გაოცებული არიან იესოს მიერ წარმოთქმული „მადლის სიტყვებით“, მათ სასწაულის ხილვა სურთ. იესოს კი მრავალი ძლევამოსილი საქმის გაკეთების ნაცვლად, სააშკარაოზე გამოაქვს მათი ეგოისტობა და ურწმუნოება. სინაგოგაში მყოფნი რისხვით ივსებიან, იესოს იპყრობენ, მთის თხემზე აჰყავთ და იქიდან გადაგდებას უპირებენ. მაგრამ იესო მათ კლანჭებიდან თავს აღწევს და უვნებლად შორდება იმ ადგილს. მისი სიკვდილის „ჟამი“ ჯერ არ დამდგარა (ლუკა 4:16—30).
11. ა) რატომ მიდის ზოგი იუდეველი წინამძღოლი იესოს მოსასმენად? ბ) რატომ ადანაშაულებენ იესოს შაბათის გატეხვაში?
11 რელიგიური წინამძღოლებიც — მწიგნობრები, ფარისევლები, სადუკეველები და სხვები — ხშირად არიან იქ, სადაც იესო ქადაგებს. მრავალი მათგანი იქ იმიტომ კი არ არის, რომ იესოს მოუსმინონ და ისწავლონ, არამედ იმიტომ, რომ რამე ნაკლი უპოვონ და რაღაცაში გამოიჭირონ (მათე 12:38; 16:1; ლუკა 5:17; 6:1, 2). მაგალითად, ახ. წ. 31 წელს პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში იესო კურნავს მამაკაცს, რომელიც 38 წელია, რაც ავად არის. იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იესოს შაბათის გატეხაში ადანაშაულებენ, ის კი პასუხობს: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“. ახლა იუდეველები მას ღვთის გმობაში სდებენ ბრალს იმის გამო, რომ ღვთისთვის მამის წოდებით საკუთარ თავს ღვთის ძედ აცხადებს. ისინი მის მოკვლას ცდილობენ, მაგრამ იესო და მისი მოწაფეები ტოვებენ იერუსალიმს და გალილეაში მიდიან. მსგავსად ამისა, გონივრულად ვიქცევით, თუ ვერიდებით მოწინააღმდეგეებთან უადგილო შეხლა-შემოხლას და ენერგიას სამეფოს შესახებ ქადაგებასა და ხალხის მოწაფეებად გახდომას ვახმართ (იოანე 5:1—18; 6:1).
12. რამდენად საფუძვლიანად ქადაგებს იესო გალილეაში?
12 დაახლოებით მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში იესო მსახურების უმეტეს ნაწილს გალილეაში ატარებს და იერუსალიმში მხოლოდ იუდეველთა სამი ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად ჩადის. მთლიანობაში საქადაგებლად ის გალილეაში სამჯერ ჩადის: პირველად ოთხ ახალ მოწაფესთან ერთად, მეორედ 12 მოციქულთან და კიდევ ერთხელ, უკვე დახელოვნებულ მოციქულებთან, რომლებსაც ფართო მასშტაბით საქადაგებლად გზავნის. რაოდენ საფუძვლიანად იქნა ნაქადაგები ჭეშმარიტება გალილეაში! (მათე 4:18—25; ლუკა 8:1—3; 9:1—6).
გაბედულად ქადაგება იუდეასა და პერეაში
13, 14. ა) რა შემთხვევის დროს ცდილობენ იუდეველები იესოს შეპყრობას? ბ) რატომ არ აპატიმრებენ ფარისეველთა მსახურნი იესოს?
13 ახ. წ. 32 წლის შემოდგომაზე იესოს „ჟამი“ ჯერ კიდევ არ არის დამდგარი. ახლოვდება კარვობის დღესასწაული. იესოს ნახევარძმები ეუბნებიან: „წადი აქედან და მიდი იუდეაში“. მათი სურვილია, იერუსალიმში დღესასწაულზე მისულ ხალხს მან თავისი სასწაულებრივი ძალა უჩვენოს, მაგრამ იესო საშიშროებას გრძნობს. ამიტომაც ძმებს ეუბნება: „მე კი ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა“ (იოანე 7:1—8).
14 გალილეაში მცირე ხნით დაყოვნების შემდეგ იესო იერუსალიმში მიდის „არა გაცხადებულად, არამედ ფარულად“. იუდეველები ეძებენ მას დღესასწაულზე და ამბობენ: „სად არისო?“. შუა დღესასწაულზე იესო ტაძარში მიდის და გაბედულად იწყებს იქ სწავლებას. ტაძარში კი მის შეპყრობას ცდილობენ, შესაძლოა იმისათვის, რომ ციხეში ჩასვან ან მოკლან. მაგრამ მათი მცდელობა მარცხით მთავრდება, რადგან ‘იესოს ჟამი ჯერ არ დამდგარა’. მრავალმა კი ირწმუნა იესო. ფარისეველთა მიერ მის დასაჭერად სასწრაფოდ გაგზავნილი მსახურნიც კი ხელცარიელნი ბრუნდებიან. ისინი ამბობენ: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“ (იოანე 7:9—14, 30—46).
15. რატომ იღებენ იუდეველები იესოს ჩასაქოლად ქვებს და რა სამქადაგებლო კამპანიას იწყებს ამის შემდეგ იესო?
15 იესოსა და მის იუდეველ მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკება მაშინაც გრძელდება, როდესაც ქრისტე ტაძარში დღესასწაულზე თავისი მამის შესახებ ასწავლის ხალხს. დღესასწაულის ბოლო დღეს თავისი განკაცებამდელი არსებობის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო იესოზე გაცოფებული იუდეველები მის ჩასაქოლად ქვებს ავლებენ ხელს. მაგრამ იესო უვნებლად უსხლტება მათ (იოანე 8:12—59). იერუსალიმის გარეთ ის იუდეაში ინტენსიურ ქადაგებას იწყებს. ირჩევს 70 მოწაფეს და დარიგების შემდეგ საქადაგებლად ორ-ორად აგზავნის. ისინი მიდიან ყველა იმ ადგილას, სადაც შემდეგ იესო და მისი მოციქულები აპირებენ მისვლას (ლუკა 10:1—24).
16. რომელ საშიშროებას აღწევს თავს იესო ტაძრის კურთხევის დღესასწაულის დროს და რა საქმიანობას იწყებს ისევ?
16 ახ. წ. 32 წლის ზამთარში იესოს „ჟამი“ უკვე ახლოვდება. ის იერუსალიმში ტაძრის კურთხევის დღესასწაულზე მიდის. იუდეველები კვლავაც მის მოკვლას ცდილობენ. სოლომონის სტოაში ისინი იესოს გარს ეხვევიან. კვლავ ღვთის გმობაში ადანაშაულებენ და მის მოსაკლავად ქვებს ავლებენ ხელს. მაგრამ ისევე როგორც წინა შემთხვევაში, იესო თავს გაქცევით შველის. მალე კვლავ გზას ადგას და იუდეიდან მიდის და მდინარე იორდანეს გაღმა პერეის ქალაქებსა თუ სოფლებში ასწავლის. იქ მრავალი ავლენს მისადმი რწმენას. მაგრამ საყვარელ მეგობართან, ლაზარესთან, დაკავშირებული ცნობის გამო კვლავ იუდეაში დაბრუნება უწევს (ლუკა 13:33; იოანე 10:20—42).
17. ა) რა სასწრაფო ცნობას იღებს იესო პერეაში ქადაგებისას? ბ) რა ცხადყოფს, რომ იესომ იცის, თუ რა მიზანს ემსახურება მისი მოქმედება და განვითარების რომელ ეტაპზეა მოვლენები?
17 სასწრაფო ცნობას ის იუდეის ბეთანიაში მცხოვრები მარიამისა და მართასგან, ლაზარეს დებისგან, იღებს. „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა“, — ეუბნება მას მაცნე. „ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, — პასუხობს იესო, — არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ღვთის ძე“. ამ მიზნის მისაღწევად იესო განზრახ ორი დღე აყოვნებს მისვლას. შემდეგ კი მოწაფეებს ეუბნება: „წავიდეთ კვლავ იუდეაში“. შეცბუნებული მოწაფეები ეკითხებიან: „რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“ მაგრამ იესომ იცის, რომ დარჩენილი ‘დღის საათები’, ანუ დრო, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე მსახურებისთვის გამოუყო, იწურება. მან ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს და რატომ (იოანე 11:1—10).
სასწაული, რომლის უგულებელყოფაც არავის შეეძლო
18. რა სიტუაციაა მაშინ, როდესაც იესო ბეთანიაში ჩადის და რა ხდება მისი ჩასვლის შემდეგ?
18 ბეთანიაში პირველად მართა ეგებება იესოს და ეუბნება: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. ცოტა ხანში მოდიან მარიამი და ყველა, ვინც მათთან სახლში იყო. ყველა ტირის. „სად დაასვენეთ იგი?“, — კითხულობს იესო. „უფალო, მოდი და ნახე“, — პასუხობენ მას. როდესაც მიდიან სამარხთან, ანუ გამოქვაბულთან, რომლის შესასვლელზეც ლოდია აფარებული, იესო ამბობს: „მოაშორეთ ლოდი“. მართას არ ესმის, თუ რის გაკეთებას აპირებს იესო და ეპასუხება: „უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ“. იესო კი ეკითხება: „განა არ გითხარი, რომ, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“ (იოანე 11:17—40).
19. რატომ ლოცულობს იესო ხმამაღლა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომამდე?
19 ლაზარეს სამარხზე მიფარებული ლოდის გადაგორების შემდეგ იესო ხმამაღლა ლოცულობს, რაც იქ შეკრებილთათვის ცხადყოფს, რომ ის, რის გაკეთებასაც აპირებს, ღვთის ძალის შეწევნით მოხდება. შემდეგ კი ხმამაღლა შესძახებს: „ლაზარე გამოდი!“ ლაზარე გამოდის; ხელ-ფეხი სახვევებით აქვს შეხვეული, სახე კი — სუდარით. „გახსენით, გაუშვით, იაროს“, — ამბობს იესო (იოანე 11:41—44).
20. როგორ რეაგირებენ იესოს მიერ ლაზარეს გაცოცხლების თვითმხილველნი?
20 მართასა და მარიამის სანუგეშებლად მოსული ამ სასწაულის მხილველი მრავალი იუდეველი იესოსადმი რწმენას ავლენს. სხვები ფარისევლებთან მიდიან ნანახის მოსაყოლად. როგორია მათი რეაქცია? ისინი და მღვდელმთავრები სასწრაფოდ სინედრიონის შეხვედრას აწყობენ და თავზარდაცემულები ჩივიან: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულებს ახდენს? თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“. მღვდელმთავარი კაიაფა მათ ეუბნება: „თქვენ არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“. ამიტომ იმ დღიდან გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ იგი (იოანე 11:45—53).
21. რის მომასწავებელია ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის სასწაული?
21 ამგვარად, ბეთანიაში ჩასვლის გადადებით იესოს ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს ისეთი სასწაული, რომლის უგულებელყოფაც არავის შეუძლია. ღვთის მიერ მიცემული ძალით იესო აცოცხლებს მამაკაცს, რომელიც ოთხი დღის მკვდარი იყო. საკმაოდ გავლენიანი სინედრიონიც კი იძულებულია, აღიაროს ეს და სიკვდილის განაჩენი გამოუტანოს ამ სასწაულის ჩამდენს! ეს სასწაული იესოს მსახურებაში გარდამტეხი მომენტის დადგომის მომასწავებელია — მომენტისა, რომელიც ცვლის ‘მის ჟამს, რომელიც არ იყო მოსული ჟამით, რომელიც მოვიდა’.
-
-
‘დადგა ჟამი’საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 სექტემბერი
-
-
‘დადგა ჟამი’
„დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი“ (იოანე 13:1).
1. რა მითქმა-მოთქმით ივსება იერუსალიმი ახ. წ. 33 წლის პასექის მოახლოებისას და რატომ?
ახ. წ. 29 წელს ნათლობით იესო დაადგა იმ გზას, რომელიც სიკვდილის, მკვდრეთით აღდგომისა და განდიდების ‘ჟამამდე’ მიიყვანდა. ახლა ახ. წ. 33 წლის გაზაფხულია. მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული მას შემდეგ, რაც იუდეველთა უმაღლესმა სასამართლომ, სინედრიონმა, იესოს მოკვლის გადაწყვეტილება მიიღო. იესო იგებს მათ გეგმას, რასაც შესაძლებელია მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ნიკოდემოსის, სინედრიონის წევრის, მეშვეობით ახერხებს; ტოვებს იერუსალიმს და მდინარე იორდანეს გაღმა მხარეში მიდის. პასექის დღესასწაულის მოახლოებისას იმ მხარიდან მრავალი მიდის იერუსალიმში და ქალაქი იესოს შესახებ მითქმა-მოთქმით ივსება. „როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?“, — ერთმანეთს ეკითხება ხალხი. მღელვარებას ისიც აძლიერებს, რომ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულებები გასცეს: თუ ვინმე იესოს ნახავდა, მაშინვე შეეტყობინებინათ მათთვის მისი ადგილსამყოფელი (იოანე 11:47—57).
2. მარიამის რა მოქმედება იწვევს კამათს და რას ცხადყოფს ‘თავისი ჟამის’ ცოდნაზე იესოს პასუხი, რომლითაც მარიამს იცავს?
2 პასექის დღესასწაულამდე ექვსი დღით ადრე, 8 ნისანს, იესო კვლავ იერუსალიმის შემოგარენშია. ის არის ბეთანიაში — თავისი საყვარელი მეგობრების, მართას, მარიამისა და ლაზარეს მშობლიურ ქალაქში — რომელიც იერუსალიმიდან დაახლოებით სამი კილომეტრით არის დაშორებული. პარასკევ საღამოსა და შაბათს იესო იქ ატარებს. მომდევნო საღამოს, როდესაც მარიამი ძვირფას ნელსაცხებელს სცხებს მას, მოწაფეები ქალის საქციელს არ იწონებენ. იესო კი პასუხობს: „დაანებე[თ] თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი. რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთანა გყავთ, მე კი არ გყავართ ყოველთვის“ (იოანე 12:1—8; მათე 26:6—13). იესომ იცის, რომ ‘დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან თავისი გადასვლის ჟამი’ (იოანე 13:1). კიდევ ხუთი დღე და ის ‘თავის სულს მრავალთა გამოსასყიდად მისცემს’ (მარკოზი 10:45). ამ დროიდან მოყოლებული, გადაუდებლობის გრძნობა მოქმედებს ყველაფერზე, რასაც იესო აკეთებს და ასწავლის. რა სასწაულებრივ მაგალითს გვაძლევს ის ჩვენ, დღეს მცხოვრებთ, რომლებიც მთელი გულით მოველით ამ სისტემის აღსასრულს! ახლა კი განვიხილოთ, რა გადახდება თავს იესოს მომდევნო დღეს.
იესოს ტრიუმფალური შესვლის დღე
3. ა) როგორ შედის იესო იერუსალიმში კვირას, 9 ნისანს, და როგორია ამაზე ხალხის უმეტესობის რეაქცია? ბ) რა პასუხს აძლევს იესო ფარისევლებს, რომლებიც იქ შეკრებილი ხალხის მოქმედებაზე ჩივიან?
3 კვირას, 9 ნისანს, იესო ტრიუმფალურად შედის იერუსალიმში. როგორც ზაქარიას 9:9-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, ის ჩოჩორზე ამხედრებული მიდის და, როდესაც ქალაქს უახლოვდება, ხალხის უმეტესობა თავის სამოსელს უფენს გზაზე, სხვები კი ხეების რტოებს აჭრიან და უფენენ. „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე!“ — ყვირიან ისინი. ამ ხალხში მყოფი ზოგი ფარისევლის სურვილია, იესო გაუწყრეს თავის მოწაფეებს. მაგრამ იესო პასუხობს: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“ (ლუკა 19:38—40; მათე 21:6—9).
4. რატომ არის იერუსალიმი შეძრული იესოს შესვლით?
4 მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული მას შემდეგ, რაც მრავალმა მათგანმა იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის სასწაული იხილა. ახლა ისინი ამ სასწაულის შესახებ სხვებს ელაპარაკებიან. ასე რომ, როდესაც იესო იერუსალიმში შედის, მთელი ქალაქი შეძრულია. „ეს ვინ არისო?“ — კითხულობენ ისინი. ხალხი ამბობს: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან“. როდესაც ხედავენ, თუ რა ხდება, ფარისევლები ჩივიან: „მთელი წუთისოფელი მას მიჰყვება“ (მათე 21:10, 11; იოანე 12:17—19).
5. რა ხდება, როდესაც იესო ტაძარში მიდის?
5 ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში მისვლისას იესო, დიდებული მასწავლებელი, ტაძარში მიდის, რათა ხალხს ასწავლოს. იქ მასთან მიდიან ბრმები და კოჭლები, ის კი კურნავს მათ. როდესაც მღვდელმთავრები და მწიგნობრები ამას ხედავენ და ესმით ტაძარში ბიჭების შეძახილი: „ოსანა დავითის ძესო!“, ბრაზდებიან. „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ — უკმაყოფილოდ ეუბნებიან ისინი. „ჰო!“ — პასუხობს იესო. „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება’“. სწავლების განმავლობაში იესო შესანიშნავად ხედავს, თუ რა ხდება ტაძარში (მათე 21:15, 16; მარკოზი 11:11).
6. რით განსხვავდება იესოს ახლანდელი მოქმედება ადრინდელი მოქმედებისგან და რატომ?
6 რამდენად განსხვავდება იესოს ახლანდელი მოქმედება ექვსი თვის წინანდელისგან! მაშინ იესო კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმში „არა გაცხადებულად, არამედ ფარულად“ მივიდა (იოანე 7:10). ის ყოველთვის იღებდა ზომებს, როდესაც თავის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ახლა კი აშკარად შედის ქალაქში, სადაც გაცემულია განკარგულება მისი დაპატიმრების შესახებ! იესოს არასოდეს ახასიათებდა ისიც, რომ მას, როგორც მესიას, წარმოეჩინა საკუთარი თავი (ესაია 42:2; მარკოზი 1:40—44). მას არ სურდა საკუთარი თავის წარმოჩენა ან მის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, რაც ამ ინფორმაციის სიტყვიერად ერთმანეთისთვის გადაცემას მოჰყვებოდა. ახლა კი ხალხი დაუფარავად აღიარებს მას მეფედ და მხსნელად — მესიად — იესო კი არად აგდებს რელიგიურ წინამძღოლთა მოთხოვნას, გააჩუმოს ხალხი! რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება? როგორც მომდევნო დღეს თავად იესო განმარტავს — იმან, რომ „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე“ (იოანე 12:23).
მამაცურად მოქმედება — შემდეგ კი სიცოცხლის გადამრჩენი სწავლებები
7, 8. როგორ ირეკლავს ახ. წ. 33 წლის 10 ნისანს იესოს მოქმედებები იმას, რაც ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულზე ტაძარში გააკეთა?
7 ორშაბათს, 10 ნისანს, ტაძარში შესვლისას იესო წინა დღის ნანახის შესაბამისად მოქმედებს. ის ‘ტაძარში გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვას იწყებს; მეკერმეთა მაგიდებსა და მტრედების გამყიდველთა სკამებს აყირავებს და არ ანებებს რაიმე საგნის გატან-გამოტანას ტაძარში’. იესო განსჯის ამ ბოროტმოქმედებს: „არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“ (მარკოზი 11:15—17).
8 იესოს მოქმედება ირეკლავს იმას, რაც სამი წლის წინათ, ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულზე ტაძარში მისვლისას გააკეთა. მაგრამ ამჯერად მისი განსჯა უფრო მკაცრია. ის ტაძარში გამყიდველებს ‘ავაზაკებად’ იხსენიებს (ლუკა 19:45, 46; იოანე 2:13—16). ისინი ასეთები კი იმიტომ არიან, რომ მათგან, ვისაც შესაწირავად ცხოველის ყიდვა სჭირდება, უზომოდ დიდი საფასურის გადახდას ითხოვენ. მღვდელმთავრები, მწიგნობრები და ერისმთავარნი იგებენ იესოს მოქმედების შესახებ და კვლავ მისი მოკვლის შესაძლებლობებს ეძებენ, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოიჭირეს იესო ცალკე, რადგან მისი სწავლებით გაოცებული მთელი ხალხი არ შორდება მას (მარკოზი 11:18; ლუკა 19:47, 48).
9. რას ასწავლის იესო და რისთვის იწვევს ტაძარში მყოფ თავის მსმენელებს?
9 იესო განაგრძობს ტაძარში სწავლებას და აცხადებს: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე“. დიახ, მან იცის, რომ ადამიანად ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე დღეღა დარჩენია. მას შემდეგ, რაც ხორბლის მარცვალზე ყვება, რომელიც ნაყოფის გამოსაღებად ჯერ უნდა მოკვდეს — რაც მის სიკვდილსა და სხვებისთვის მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობას შეესაბამება — იესო თავის მსმენელებსაც იწვევს: „ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა“ (იოანე 12:23—26).
10. რას გრძნობს იესო იმ ტანჯვით აღსავსე სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც მას ელოდება?
10 იესო ფიქრობს თავის სიკვდილზე, რომელიც ტანჯვით აღსავსე იქნება და რომლამდეც მხოლოდ ოთხი დღეღა არის დარჩენილი და განაგრძობს: „ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან!“ მიუხედავად ამისა, არაფრით არ შეიძლება იმის არიდება, რაც იესოს ელოდება. „მაგრამ, — ამბობს ის, — ამისთვის მოვედი ამ ჟამს“. მართლაც, იესო თანახმაა ღვთის ყველა ღონისძიებაზე. ის მზად არის, თავისი ნებისმიერი მოქმედება, საკუთარი თავის ზვარაკად მიტანის ჩათვლით, ღვთის ნების შესაბამისად წარიმართოს (იოანე 12:27). ღვთის ნების მორჩილად ბოლომდე შესრულების რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა მან ამით!
11. რას ასწავლის იესო ადამიანებს, რომლებმაც ზეციდან ხმა გაიგონეს?
11 იესოს ძალიან აწუხებს ის, თუ როგორ შეეხება თავისი სიკვდილი მამის რეპუტაციას და ლოცულობს: „მამაო, განადიდე სახელი შენი!“ ტაძარში შეკრებილი ხალხის გასაოცრად ზეციდან მოდის ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“. დიდებული მასწავლებელი შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და ხალხს ასწავლის, თუ რატომ ისმის ზეციდან ხმა, რა შედეგს გამოიღებს მისი სიკვდილი და რატომ არის რწმენის გამოვლენა საჭირო (იოანე 12:28—36). გასული ორი დღე იესოსთვის ნამდვილად გადატვირთული დღეები იყო, მაგრამ გადამწყვეტი დღე ჯერ კიდევ წინაა.
მხილების დღე
12. როგორ ცდილობენ რელიგიური წინამძღოლები სამშაბათს, 11 ნისანს, იესოს გამოჭერას, და რა შედეგით?
12 სამშაბათს, 11 ნისანს, იესო კიდევ ერთხელ შედის ტაძარში, რათა ხალხს ასწავლოს. მტრულად განწყობილი მსმენელებიც იქვე არიან. მღვდელმთავრები და უხუცესები იესოს წინა დღის მოქმედებაზე მიუთითებენ და ეკითხებიან: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ დახელოვნებული მასწავლებელი თავისი პასუხით ჩიხში აქცევს მათ, შემდეგ კი სამი თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავს. ორი მათგანი ვენახზეა, ხოლო ერთი — საქორწილო ნადიმზე. ეს იგავები ცხადყოფს, თუ რამდენად ბოროტები არიან მისი მოწინააღმდეგენი. ამის მოსმენით განრისხებულ რელიგიურ წინამძღოლებს იესოს ხელში ჩაგდების სურვილი იპყრობს. მაგრამ მათ იქ შეკრებილი ადამიანების ეშინიათ, რადგან ისინი იესოს წინასწარმეტყველად მიიჩნევენ. ამიტომ რელიგიური წინამძღოლები ეშმაკობას მიმართავენ და ცდილობენ, იესოს ისეთი რამ ათქმევინონ, რის საფუძველზეც მის დაპატიმრებას შეძლებენ. იესომ კი თავისი პასუხებით დაადუმა ისინი (მათე 21:23—22:46).
13. რა რჩევას აძლევს იესო თავის მსმენელებს მწიგნობრებთან და ფარისევლებთან დაკავშირებით?
13 რადგან მწიგნობრებსა და ფარისევლებს თავი ღვთის რჯულის მასწავლებლებად მოაქვთ, იესო თავის მსმენელებს მოუწოდებს: „ყველაფერი რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, არკი ასრულებენ“ (მათე 23:1—3). ყველას წინაშე რა პირდაპირი მხილებაა! მაგრამ იესო მხილებას ამით არ ასრულებს. ეს ტაძარში მისი ყოფნის უკანასკნელი დღეა და ერთიმეორეზე მიყოლებით გაბედულად განაგრძობს მხილებებს, რომელიც გრგვინვასავით გაისმის.
14, 15. რომელ მკაცრ მხილებებს წარმოთქვამს იესო მწიგნობართა და ფარისეველთა შესახებ?
14 „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო“, — ექვსჯერ იმეორებს იესო. ასეთები კი იმიტომ არიან, რომ, იესოს განმარტების თანახმად, ისინი ადამიანთა წინაშე ზეციერ სამეფოს კეტავენ და იქ შემავალთ არ უშვებენ. ეს თვალთმაქცები უვლიან ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციონ რჯულზე მხოლოდ იმისათვის, რომ ისიც სამუდამოდ განადგურდეს. მაშინ როდესაც უგულებელყოფენ იმას, „რაც უფრო მთავარია რჯულში — განკითხვას, წყალობასა და სარწმუნოებას“, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ მეათედის გადახდას. ფაქტობრივად, ‘გარედან ასუფთავებენ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან მტაცებლობითა და უსამართლობით’, რადგან მათი გარეგნული ღვთისმოსაობის ქვეშ შინაგანი გახრწნილება იმალება. გარდა ამისა, ისინი მზად არიან, სამარხები აუგონ წინასწარმეტყველებს და შეამკონ ეს სამარხები, რითაც საკუთარ ქველმოქმედებას აპყრობენ სხვების ყურადღებას, თუმცა სინამდვილეში „წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი“ არიან (მათე 23:13—15, 23—31).
15 იესო განსჯის მოწინააღმდეგეებს სულიერი ფასეულობების უქონლობისთვის და ამბობს: „ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო“. ისინი მორალის საკითხში ბრმები არიან, რადგან ტაძრის ოქროს მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე თაყვანისცემის ადგილის სულიერ ფასეულობას. იესო განაგრძობს და უმკაცრეს მხილებაზე გადადის. „იქედნეთა ნაშობო გველებო! — ამბობს ის, — როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ დიახ, იესო მათ ეუბნება, რომ ბოროტი გზებით სიარულისთვის, სამუდამოდ განადგურდებიან (მათე 23:16—22, 33). დაე ჩვენც გამოვავლინოთ გაბედულება სამეფოს ცნობის გაცხადებით მაშინაც კი, როდესაც ცრუ რელიგიის მხილებაა საჭირო.
16. რა მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებას ეუბნება იესო თავის მოწაფეებს ზეთისხილის მთაზე?
16 იესო მიდის ტაძრიდან. შუადღის პაპანაქების განელების შემდეგ ის და მისი მოციქულები ზეთისხილის მთაზე ადიან. იქ ჯდომისას იესო ტაძრის განადგურების, თავისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებს. ამ წინასწარმეტყველური სიტყვების მნიშვნელობა ჩვენს დღეებსაც ეხება. იმ საღამოს იესო მოწაფეებს შემდეგ რამესაც ეუბნება: „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად“ (მათე 24:1—14; 26:1, 2).
იესოს ‘ბოლომდე უყვარს თავისიანები’
17. ა) პასექის განმავლობაში, 14 ნისანს, რა გაკვეთილს უტარებს იესო თორმეტს? ბ) რა ღონისძიებას აფუძნებს იესო იუდა ისკარიოტელის წასვლის შემდეგ?
17 მომდევნო ორ დღეს —12 და 13 ნისანს — იესო ტაძარში აშკარად არ დადის. რელიგიური წინამძღოლები მის მოკვლას ცდილობენ, ხოლო იესოს სურვილია, არაფერმა შეუშალოს ხელი თავის მოციქულებთან ერთად პასექის დღესასწაულის აღნიშვნაში. ხუთშაბათს მზის ჩასვლის შემდეგ იწყება 14 ნისანი — დედამიწაზე იესოს ადამიანად ცხოვრების უკანასკნელი დღე. იმ საღამოს იესო და მისი მოციქულები იერუსალიმში ერთ სახლში იკრიბებიან, სადაც უკვე ყველაფერია გამზადებული პასექის აღსანიშნავად. ამ დღესასწაულის აღნიშვნისას იესო თორმეტს ფეხებს ბანს, რითაც მათ თავმდაბლობის შესანიშნავ გაკვეთილს უტარებს. იუდა ისკარიოტელის გასტუმრების შემდეგ, რომელიც 30 ვერცხლად თავისი ბატონის გაცემაზე დათანხმდა, — იმ თანხად, რომელიც მოსეს რჯულის თანახმად, მხოლოდ მონის საფასური იყო — იესო თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აფუძნებს (გამოსვლა 21:32; მათე 26:14, 15, 26—29; იოანე 13:2—30).
18. კიდევ რას ასწავლის იესო სიყვარულით 11 მოციქულს და როგორ ამზადებს ის მათ თავისი გარდაუვალი წასვლისთვის?
18 გახსენების საღამოს დაფუძნების შემდეგ მოციქულები ერთმანეთში ცხარე კამათს მართავენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მათ შორის უდიდესი. იესო მათ ამის გამო კი არ საყვედურობს, არამედ სხვებისთვის მომსახურების ფასს ასწავლის. ის ძალიან აფასებს იმ ფაქტს, რომ მოციქულებს განსაცდელისას არ მიუტოვებიათ იგი და მათთან სამეფო კავშირს დებს (ლუკა 22:24—30). იესო მათ იმასაც ეუბნება, რომ ისე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც თავად უყვარს ისინი (იოანე 13:34). ის არ ჩქარობს იმ ოთახიდან გასვლას, სადაც ერთად არიან შეკრებილი, და სიყვარულით ამზადებს მოციქულებს თავისი გარდაუვალი წასვლისთვის. მათ არწმუნებს თავის მეგობრობაში, მოუწოდებს, გამოავლინონ რწმენა და სულიწმიდის გამოგზავნით დახმარებას ჰპირდება (იოანე 14:1—17; 15:15). სახლიდან გასვლამდე იესო მამას ევედრება: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ“. მართლაც, იესომ მოამზადა მოციქულები თავისი წასვლისთვის და ნამდვილად „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1; 17:1).
19. რატომ იტანჯება იესო გეთსიმანიის ბაღში?
19 შუაღამე საკმაოდ გადასულია, როდესაც იესო და თავისი 11 ერთგული მოციქული გეთსიმანიის ბაღში მიდიან. ის ხშირად დადიოდა თავის მოციქულებთან ერთად იქ (იოანე 18:1, 2). რამდენიმე საათში იესო საშინელი ბოროტმოქმედივით უნდა მოკვდეს. მომავალი ტანჯვის განცდა და იმაზე ნერვიულობა, თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი მამის სახელზე, იმდენად დიდია, რომ ლოცვისას მისი ოფლი სისხლის წვეთებივით ხდება და მიწას ეპკურება (ლუკა 22:41—44). „მოვიდა ჟამი, — ეუბნება იესო მოციქულებს. — აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი“. ჯერ სიტყვა არა აქვს დასრულებული, რომ იუდა ისკარიოტელი უახლოვდება. იუდას თან მოჰყვება ჩირაღდნებმომარჯვებული და მახვილებით შეიარაღებული დიდი ბრბო. ისინი იესოს დასაპატიმრებლად არიან მისული. იესო არ ეწინააღმდეგება. „აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ — ამბობს ის (მარკოზი 14:41—43; მათე 26:48—54).
ღვთის ძის განდიდება!
20. ა) რა საშინელი მოპყრობის ობიექტი ხდება იესო დაპატიმრების შემდეგ? ბ) სიკვდილის წინა მომენტში რატომ ამბობს იესო: „აღსრულდა!“?
20 დაპატიმრების შემდეგ იესოს ცრუ მოწმეები ბრალს სდებენ, მიკერძოებული მსაჯულები მსჯავრს სდებენ, პონტოელ პილატეს განაჩენი გამოაქვს, მღვდელმთავრები და ბრბო დასცინიან, ხოლო ჯარისკაცები მასხრად იგდებენ და აწამებენ (მარკოზი 14:53—65; 15:1, 15; იოანე 19:1—3). პარასკევს, ნაშუადღევს იესოს წამების ძელზე აკრავენ. ის საშინელ ტკივილს განიცდის, რომელიც ხელ-ფეხზე ლურსმნით მიყენებულ ჭრილობაზე მთელი სხეულის სიმძიმის დაწოლით არის გამოწვეული (იოანე 19:17, 18). დაახლოებით დღის 3 საათზე იესო ამოთქვამს: „აღსრულდა!“. დიახ, მან შეასრულა ყველაფერი, რისთვისაც დედამიწაზე მოვიდა. იესო თავის სულს ღმერთს აბარებს, თავს ხრის და კვდება (იოანე 19:28, 30; მათე 27:45, 46; ლუკა 23:46). მესამე დღეს იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს თავის ძეს (მარკოზი 16:1—6). მისი მკვდრეთით აღდგენიდან 40 დღის შემდეგ იესო ზეცაში ადის და განდიდდება (იოანე 17:5; საქმეები 1:3, 9—12; ფილიპელთა 2:8—11).
-