საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას სახლის მოშურნე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მაგრამ იესო და მასთან მყოფნი, რომლებიც ღვთის ერთგული ებრაელი მამაკაცები არიან, მალე იერუსალიმში უნდა წავიდნენ, რადგან პასექის დღესასწაული ახლოვდება (ახ. წ. 30 წელი).

      სწორედ იქ, იერუსალიმის ტაძარში ხდება ისეთი რამ, რაც იესოს მოწაფეებზე წარუშლელ კვალს ტოვებს; ისინი იესოს პიროვნების კიდევ ერთ ძლიერ მხარეს ხედავენ.

      ღვთის კანონის თანახმად, ისრაელებს ტაძარში ცხოველური შესაწირავი უნდა მიეტანათ; მათ, ვინც იერუსალიმში სხვა ადგილებიდან ჩადიოდა, იქ ყოფნის პერიოდში საკვები სჭირდებოდათ. ამიტომ კანონი იერუსალიმში შორი მანძილიდან ჩასულებს ნებას რთავდა, ადგილზე ეყიდათ „ცხვარ-ძროხა, თხა, ღვინო“ და სხვა ყველაფერი, რაც იქ დასჭირდებოდათ (კანონი 14:24—26). ამის გამო ვაჭრებს შიგ ტაძრის დიდ ეზოში აქვთ გაჩაღებული ვაჭრობა. ისინი ცხოველებს და ფრინველებს ყიდიან; ბევრი მათგანი ტყუილსაც არ ერიდება და ძალიან დიდ ფასს ადებს საქონელს.

      ამ ამაზრზენი სურათის დანახვაზე იესო აღშფოთებას ვერ მალავს; განრისხებული ფულს უბნევს, მაგიდებს უყირავებს და ტაძრიდან ყრის ვაჭრებსა თუ ფულის გადამცვლელებს. იგი ეუბნება მათ: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:16).

      იქ მყოფ იესოს მოწაფეებს ახსენდებათ წმინდა წერილებში ღვთის ძის შესახებ ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“. მაგრამ ზოგ იუდეველს სულ სხვა ფიქრები უტრიალებს თავში. ისინი იესოს ეკითხებიან: „რა ნიშნით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამის გაკეთება?“. იესო პასუხობს: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ“ (იოანე 2:17—19; ფსალმუნი 69:9).

      ამ იუდეველებს ჰგონიათ, რომ იესო იერუსალიმის ტაძარს გულისხმობს, ამიტომ ეკითხებიან: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ (იოანე 2:20). სინამდვილეში კი იესო სულ სხვა რამეს გულისხმობს — ის ტაძარს საკუთარ სხეულს ადარებს. სამ წელიწადში, იესოს აღდგომის შემდეგ, მოწაფეებს სწორედ მისი ეს სიტყვები ახსენდებათ.

  • იესო ნიკოდემეს ჭეშმარიტებას უმხელს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ახ. წ. 30 წელია. იესო იერუსალიმში პასექის დღესასწაულის აღსანიშნავადაა ჩასული; ის იქ ბევრ სასწაულს ახდენს. ამის დანახვაზე ხალხს მის მიმართ რწმენა უჩნდება. ნანახი არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს ერთ ფარისეველზე, სახელად ნიკოდემეზე, რომელიც სინედრიონის, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს, წევრია; მას უფრო მეტის გაგება სურს და ამიტომ ღამით მიდის იესოსთან. ის, ალბათ, იმიტომ იქცევა ასე, რომ ეშინია, სახელი არ გაუტყდეს სხვა იუდეველი წინამძღოლების თვალში.

      „რაბი, — მიმართავს ნიკოდემე იესოს. — ვიცით, რომ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან ვერავინ მოახდენს იმ ნიშნებს, შენ რომ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“. პასუხად იესო ეუბნება: „თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“ (იოანე 3:2, 3).

      რა გაგებით შეიძლება ადამიანი ხელახლა დაიბადოს? ნიკოდემეს სწორედ ეს აინტერესებს. ამიტომ იესოს ეკითხება: „ხელმეორედ ხომ არ შევა დედამისის მუცელში და ისე ხომ არ დაიბადება?“ (იოანე 3:4).

      სინამდვილეში „ხელახლა დაბადებაში“ იესო სულ სხვა რამეს გულისხმობს. ის ნიკოდემეს განუმარტავს: „თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში“ (იოანე 3:5). როდესაც იესო მოინათლა და მასზე წმინდა სული გადმოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ იგი „წყლისა და სულისგან“ დაიბადა. ამ დროს ზეციდან გაისმა ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:16, 17). ამგვარად ღმერთმა ყველას ამცნო, რომ ამიერიდან ქვეყნიერებას იესო მოევლინა, როგორც მისი სულიერი ძე, რომელსაც გზა გაეხსნა ღვთის სამეფოსკენ. მოგვიანებით, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული სხვა მონათლულ ქრისტიანებზეც გადავიდა; ისინიც ხელახლა იშვნენ, როგორც ღვთის სულითცხებული ძეები (საქმეები 2:1—4).

      ნიკოდემეს უჭირს, ჩასწვდეს იესოს სიტყვებს სამეფოს შესახებ. ამიტომ იესო უფრო გასაგებად უხსნის, თუ რა განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს მან, როგორც ღვთის მიწიერმა ძემ: „როგორც მოსემ აამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძეც, რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:14, 15).

      გველებისგან დაკბენილი ისრაელები გადასარჩენად სპილენძის გველის გამოსახულებას უყურებენ

      იესოს დიდი ხნის წინ მომხდარი შემთხვევა მოჰყავს მაგალითად. იმ დროს შხამიანი გველებით დაკბენილ ისრაელებს სპილენძის გველის გამოსახულებისთვის რწმენით უნდა შეეხედათ, რომ გადარჩენილიყვნენ (რიცხვები 21:9). მსგავსადვე, ღმერთმა რომ ადამიანები სიკვდილის მონობისგან დაიხსნას და მარადიული სიცოცხლით დააჯილდოვოს, აუცილებელია, მათ რწმენა გამოავლინონ ღვთის ძის მიმართ. შემდეგ იესო ნიკოდემეს იმაზე უმახვილებს ყურადღებას, თუ რამხელა სიყვარული გამოავლინა იეჰოვამ ადამიანთა მიმართ, როცა ქვეყნიერების სახსნელად თავისი ძე გამოგზავნა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). აქ, იერუსალიმში, მსახურების დაწყებიდან ექვსი თვის თავზე, იესო ნათელს ჰფენს იმ ფაქტს, რომ იეჰოვა ღმერთი სწორედ მისი მეშვეობით დაიხსნის კაცობრიობას.

      იესო ეუბნება ნიკოდემეს: „ღმერთმა იმიტომ . . . არ გამოგზავნა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ მას ქვეყნიერება გაესამართლებინა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა იმ მიზნით კი არ გამოგზავნა თავისი ძე, რომ კაცობრიობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა, არამედ, როგორც თავად იესო ამბობს, იმიტომ, რომ „მისი მეშვეობით გადარჩენილიყო ქვეყნიერება“ (იოანე 3:17).

      როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიკოდემეს იმდენად ეშინოდა ხალხის, რომ იესოსთან ღამით მივიდა. ამიტომ იესო ასეთი საინტერესო სიტყვებით ასრულებს მასთან საუბარს: „გასამართლების საფუძველი ის არის, რომ ქვეყნიერებაზე სინათლე [იგულისხმება თავად იესო თავისი სწავლებებითა და საქმეებით] მოვიდა, მაგრამ ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა, რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. ბოროტების ჩამდენს სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იყოს თავის საქმეებში, მაგრამ ვინც იმას აკეთებს, რაც ჭეშმარიტია, სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რომლებიც ღვთის ნების შესაბამისად აქვს გაკეთებული“ (იოანე 3:19—21).

      ახლა თავად ამ ფარისეველზე, იუდეველთა წინამძღოლზე ნიკოდემეზეა, დამოკიდებული, გულთან ახლოს მიიტანს თუ არა იმას, რაც ღვთის განზრახვისა და მისი ძის, იესოს განსაკუთრებული როლის შესახებ გაიგო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება