საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო ოთხ მოწაფეს უხმობს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს ზღვის ნაპირზე ელაპარაკება

      თავი 22

      იესო ოთხ მოწაფეს უხმობს

      მათე 4:13—22; მარკოზი 1:16—20; ლუკა 5:1—11

      • იესო თავის ოთხ მოწაფეს მოუწოდებს, თავი მიუძღვნან ღვთის საქმეს

      • უბრალო მებადურებს იესო „ადამიანთა მებადურებად აქცევს“

      მას შემდეგ, რაც ნაზარეთელებმა იესოს მოკვლა დააპირეს, მან დატოვა თავისი მშობლიური ქალაქი და გეზი კაპერნაუმისკენ აიღო. ეს ქალაქი, როგორც ვიცით, გალილეის ზღვის ახლოს მდებარეობდა, რომელსაც „გენესარეთის ტბასაც“ უწოდებდნენ (ლუკა 5:1). ამგვარად შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება, რომ გალილეაში, ზღვის პირას მცხოვრები ხალხი დიდ სინათლეს იხილავდა (ესაია 9:1, 2).

      სწორედ აქ, გალილეაში აგრძელებს იესო თავისი ცნობის გაცხადებას და ყველას ამცნობს, რომ „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათე 4:17). კაპერნაუმში ის თავის ოთხ მოწაფეს პოულობს, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მას დაჰყვებოდნენ, მაგრამ იუდეიდან გალილეაში დაბრუნების შემდეგ კვლავ ძველ საქმეს, თევზაობას მიჰყვეს ხელი (იოანე 1:35—42). თუმცა ახლა უკვე დადგა დრო, როცა მათ მთელი თავისი დრო იესოსთან ერთად უნდა გაატარონ; იესოს სურს, მუდამ გვერდით ჰყავდეს ისინი და ბევრი ასწავლოს, რათა უფრო დახელოვნებული მქადაგებლები გახდნენ და მას შემდეგაც განაგრძონ დავალებული საქმე, როცა იესო მათთან აღარ იქნება.

      როდესაც იესო გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვება, სიმონ-პეტრეს ხედავს, რომელიც თავის ძმასთან, ანდრიასთან და სხვა მებადურებთან ერთად ბადეებს რეცხავს. იესო უახლოვდება მათ, ადის პეტრეს ნავზე და სთხოვს, ნაპირს მოშორდეს. ცოტათი რომ შორდებიან ნაპირს, იესო ჯდება და ნაპირზე შეკრებილი ხალხის დამოძღვრას იწყებს; ის მათ ღვთის სამეფოზე ესაუბრება.

      მოგვიანებით იესო პეტრეს ეუბნება: „ღრმად შეცურდი და ბადეები ისროლეთ თევზის დასაჭერად“. ამაზე პეტრე ეუბნება: „მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ რახან შენ ამბობ, ვისვრი ბადეებს“ (ლუკა 5:4, 5).

      ანდრია, იაკობი და იოანე ნავში თევზით სავსე ბადეების ამოთრევას ცდილობენ; პეტრე იესოს წინაშე ემხობა

      პეტრე და მასთან მყოფნი ასეც იქცევიან და იმდენ თევზს იჭერენ, რომ ბადეები ეხევათ. ამ დროს მათ სხვა ნავში მყოფი მათი ამხანაგები ეშველებიან. ორივე ნავი თევზით ივსება და ჩაძირვას იწყებს. ამის დანახვაზე პეტრე ძირს ემხობა და იესოს ევედრება: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“. ამაზე იესო პასუხობს: „ნუ გეშინია, ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკა 5:8, 10).

      შემდეგ იესო პეტრესა და ანდრიას მიმართავს: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“ (მათე 4:19). მათ კიდევ ორი მებადური, ზებედეს ვაჟები, იაკობი და იოანე, უერთდება. ისინიც უყოყმანოდ მიჰყვებიან იესოს. ასე რომ, ეს ოთხი მამაკაცი მზად არის, დატოვოს თავისი საქმე და იესოს გაჰყვეს. ისინი პირველები გახდნენ იმ მოწაფეებს შორის, რომლებმაც მთელი თავის ცხოვრება ღვთის საქმეს მიუძღვნეს.

  • იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმში
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო კურნავს პეტრეს სახლთან მისულ დასნეულებულთ

      თავი 23

      იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმში

      მათე 8:14—17; მარკოზი 1:21—34; ლუკა 4:31—41

      • იესო ერთ კაცს დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს

      • იესო პეტრეს სიდედრს კურნავს

      იესო თავის ოთხ მოწაფეს — პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს დაჰპირდა, რომ „ადამიანთა მებადურებად“ აქცევდა. ახლა შაბათია, ამიტომ ისინი ერთად მიდიან კაპერნაუმის სინაგოგაში. იესო ბევრ რამეს უხსნის იქ შეკრებილთ; ხალხი აქაც გაოცებულია იმით, თუ „როგორ ასწავლის [იესო], რადგან ასწავლის როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობარი“.

      სინაგოგაში ერთი მამაკაცი შემოდის, რომელიც დემონითაა შეპყრობილი. ის ყვირილს იწყებს: „რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო? ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი ვინცა ხარ — ღვთის წმინდა“. იესო შერისხავს დემონს, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს ეს კაცი, და ეუბნება: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ (მარკოზი 1:24, 25).

      ამის მოსმენაზე ბოროტი სული კრუნჩხვებში აგდებს ამ კაცს, რომელიც ძირს ვარდება და მთელი ხმით ყვირის. თუმცა მისგან ისე გამოდის, რომ არანაირ „ზიანს არ აყენებს“ (ლუკა 4:35). სინაგოგაში მყოფი ხალხი გაოცებულია. ისინი კითხულობენ: „ეს რა არის? . . არაწმინდა სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე, და ისინიც ემორჩილებიან“ (მარკოზი 1:27). ეს ამბავი მალე მთელ გალილეაში ვრცელდება.

      სინაგოგიდან გამოსვლის შემდეგ იესო მოწაფეებთან ერთად სიმონის, იგივე პეტრეს სახლში მიდის. პეტრეს სიდედრს მაღალი სიცხე აქვს და ძალიან ცუდადაა. ოჯახის წევრები სთხოვენ იესოს, რამე იღონოს. იესო ქალთან მიდის, ხელს ჰკიდებს და ფეხზე აყენებს. გამოჯანმრთელებული ქალი მაშინვე იესოსა და მისი მოწაფეების მომსახურებას იწყებს და, როგორც ჩანს, მათთვის საჭმელსაც ამზადებს.

      შებინდებისას პეტრეს სახლს ბევრი ხალხი აწყდება; მათ ავადმყოფები მოჰყავთ. ცოტა ხანში თითქმის მთელი ქალაქი პეტრეს სახლის კართან იყრის თავს. რამ მოიყვანა ისინი აქ? მათ იესოსთან „სხვადასხვა სენით დაავადებულები მიჰყავთ . . . ის [კი] ხელების დადებით კურნავს მათ“ (ლუკა 4:40). იესოსთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს სხვადასხვა სენით დაავადებული ადამიანების განკურნება, როგორც იყო კიდეც ნაწინასწარმეტყველები (ესაია 53:4). ჩვენ დავინახეთ, რომ იესო დემონებით შეპყრობილებსაც ათავისუფლებს. ბოროტი სულები, რომლებსაც იესო ამ ხალხისგან დევნის, ყვირიან: „შენა ხარ ღვთის ძე“ (ლუკა 4:41). დემონებმა იციან, რომ იესო მართლაც ქრისტეა. მაგრამ იესო განსჯის მათ და უკრძალავს ლაპარაკს. მას არ სურს, რომ დემონებმა თავიანთი განაცხადით ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოს ისინი ჭეშმარიტი ღვთის მსახურები არიან.

      დემონით შეპყრობილი.

      ერთი ან ერთდროულად რამდენიმე დემონის ტყვეობაში მყოფი ადამიანი საშინელ ტანჯვას განიცდიდა, რადგან დემონები მის მდგომარეობას აუტანელს ხდიდნენ (მათე 17:14—18). მაგრამ დემონის ან დემონების ტყვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ადამიანს საღი გონება უბრუნდებოდა და დიდ შვებას გრძნობდა, რადგან აუტანელი ფიზიკური ტანჯვისგანაც თავისუფლდებოდა. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ იესო ღვთის ძალით, მისი წმინდა სულით, ადამიანებს დემონთა ტყვეობისგან ათავისუფლებდა (ლუკა 8:39; 11:20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება