საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჯერ სინედრიონის, შემდეგ კი პილატეს წინაშე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ჯერ კიდევ უთენიაა, იუდეველები შებოჭილ იესოსთან ერთად პონტიუს პილატეს სასახლეს რომ უახლოვდებიან. მაგრამ მათ არ სურთ შიგნით შესვლა. ისინი ფიქრობენ, რომ უცხოტომელებთან ამგვარი ურთიერთობა გააუწმინდურებთ, რის გამოც ვერ შეძლებენ „პასექის ჭამას“ 15 ნისანს, უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს, რომელიც პასექის დღესასწაულის ნაწილად ითვლება.

      პილატე გარეთ გამოდის და ეკითხება მათ: „რაში სდებთ ბრალს ამ კაცს?“. ისინი პასუხობენ: „დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, არ გადმოგცემდით“. პილატე, როგორც ჩანს, ხვდება, რომ ისინი ცდილობენ, მასზე ზეწოლა მოახდინონ, ამიტომ ეუბნება: „წაიყვანეთ და თქვენი კანონის მიხედვით გაასამართლეთ“. იუდეველების პასუხიდან ჩანს, რომ მათ იესოს სისხლი სწყურიათ: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს“ (იოანე 18:29—31).

      მათ კარგად უწყიან, რომ თუ იესოს პასექის დღესასწაულის დროს მოკლავენ, ეს დიდ ხმაურს გამოიწვევს. ამიტომ სურთ, ისე მოაწყონ ყველაფერი, თითქოს იესომ რომის იმპერიის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული, რათა თავად რომაელებმა დასაჯონ იგი, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ამ უკანასკნელთ აქვთ ამის უფლება; ეს კი, თავის მხრივ, იუდეველთა წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მათ ხალხი მომხდარის გამო აღარ მოსთხოვს პასუხს.

      უფროსი მღვდლები და უხუცესები არ უმხელენ პილატეს, რომ იესოს ღვთის გმობაში დასდეს ბრალი და უკვე გამოუტანეს ამის გამო განაჩენი. ახლა ისინი სულ სხვა ბრალდებებს უყენებენ მას და სამ რამეში ადანაშაულებენ: „ეს კაცი ერს გვირყვნის, კეისრისთვის გადასახადის გადახდას კრძალავს და საკუთარ თავს ქრისტე მეფეს უწოდებს“ (ლუკა 23:2).

      პილატე რომის წარმომადგენელია და ამიტომ ნამდვილად აქვს შეშფოთების მიზეზი, რადგან იესოს იმაში სდებენ ბრალს, რომ თავს მეფედ აცხადებს. ამიტომ იგი სასახლეში შედის, იესოს უხმობს და ეკითხება: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პილატეს აინტერესებს, ხომ არ არღვევს იესო რომის იმპერიის კანონს — თავს მეფედ ხომ არ აცხადებს და ამგვარად კეისრის წინააღმდეგ ხომ არ გამოდის. იესოს, როგორც ჩანს, იმის გაგება სურს, რამდენად ბევრი აქვს პილატეს გაგებული მასზე, და ეკითხება: „ამას შენით ამბობ თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“ (იოანე 18:33, 34).

      პილატეს პასუხიდან ჩანს, რომ ბევრი არაფერი იცის მასზე, თუმცა მეტის გაგება სურს: „განა მე იუდეველი ვარ?“. შემდეგ დასძენს: „შენმა ერმა და უფროსმა მღვდლებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?“ (იოანე 18:35).

      იესო არ გაურბის თავის მეფობაზე, ამ უმთავრეს საკითხზე საუბარს. მისი პასუხი, უეჭველად, განაცვიფრებს ამ რომაელ მმართველს.

  • პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს

      მათე 27:12—14, 18, 19; მარკოზი 15:2—5; ლუკა 23:4—16; იოანე 18:36—38

      • პილატე და ჰეროდე იესოს დაკითხვას უწყობენ

      იესო არ უმალავს პილატეს, რომ მეფეა. თუმცა მისი სამეფო რომის იმპერიას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ის ამბობს: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). დიახ, იესოს აქვს სამეფო, მაგრამ ეს არ არის ქვეყნიური სამეფო.

      პილატეს უფრო მეტის გაგება უნდა და ამიტომ კვლავ ეკითხება: „ესე იგი, მეფე ხარ?“. თავისი პასუხით იესო მიანიშნებს მას, რომ სწორ დასკვნამდე მივიდა: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“ (იოანე 18:37).

      იესომ ერთხელ თომას უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ახლა კი პილატეც იგებს იმის შესახებ, თუ რა მიზნით იყო იესო დედამიწაზე გამოგზავნილი — მას უნდა დაემოწმებინა „ჭეშმარიტების შესახებ“, უმთავრესად კი სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება უნდა ემცნო ხალხისთვის. იესოს გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე იდგეს ჭეშმარიტების მხარეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდება. პილატე ეკითხება: „რა არის ჭეშმარიტება?“. მაგრამ აღარ ელოდება პასუხს, რადგან ფიქრობს, რომ უკვე საკმარისი მოისმინა საიმისოდ, რომ იესოს განაჩენი გამოუტანოს (იოანე 14:6; 18:38).

      პილატე ისევ გადის სასახლესთან შეკრებილ ხალხთან. როგორც ჩანს, ამ დროს იესოც მის გვერდითაა. ის უფროს მღვდლებს და მათთან მყოფ ხალხს ეუბნება: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“. ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებული ხალხი კვლავ თავისას იჟინებს: „ხალხს აშფოთებს, ასწავლის მთელ იუდეაში და გალილეიდან მოყოლებული აქამდე“ (ლუკა 23:4, 5).

      პილატეს, უეჭველად, აოგნებს იუდეველთა ფანატიზმი, რომელიც ყველანაირ საღ აზრსაა მოკლებული. უფროსი მღვდლები და უხუცესები ხმამაღლა გაჰყვირიან, პილატე კი იესოს ეკითხება: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ (მათე 27:13). იესო პასუხად არაფერს ამბობს. პილატე გაკვირვებულია, რა მშვიდადაა ეს კაცი ამდენი უსაფუძვლო ბრალდების მიუხედავად.

      პილატეს მხედველობიდან არ რჩება ის, რაც იუდეველებმა თქვეს, რომ იესო ხალხში შფოთს იწვევდა „გალილეიდან მოყოლებული“, და ხვდება, რომ იგი გალილეელია. ეს მას შესაძლებლობას აძლევს, თავი აარიდოს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არ გაასამართლოს იესო. ახლა იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად გალილეის მმართველი ჰეროდე ანტიპაა (ჰეროდე დიდი ძე) ჩასული. ასე რომ, პილატე იესოს ჰეროდესთან გზავნის.

  • პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • როცა იესო პილატესთან მიჰყავთ, ეს უკანასკნელი უფროს მღვდლებს, იუდეველთა მმართველებს და ხალხს უხმობს და ამბობს: „თქვენ წინაშე დავკითხე იგი და ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველი. ვერც ჰეროდემ დაინახა, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავათავისუფლებ“ (ლუკა 23:14—16).

      პილატეს ძალიან უნდა, გაათავისუფლოს იესო, რადგან ხვდება, რომ მღვდლებს შური ამოძრავებთ და ამიტომ გადასცეს იგი მას. ამ დროს პილატე ისეთ რამეს იგებს, რაც კიდევ უფრო უძლიერებს იესოს გათავისუფლების სურვილს. ის სასამართლო ტახტზე ზის, როცა თავისი ცოლის სიტყვებს გადასცემენ: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო კაცს, რადგან დღეს სიზმარში [როგორც ჩანს, ეს სიზმარი ღვთისგან იყო] ბევრი ვიტანჯე მის გამო“ (მათე 27:19).

      პილატეს ესმის, რომ უნდა გაათავისუფლოს ეს უდანაშაულო კაცი, მაგრამ შეძლებს კი ამას?!

  • „აი კაცი!“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • პილატეს ბრძანებით იესო ხალხის წინაშე გამოჰყავთ; მას ძოწისფერი მოსასხამი აცვია და ეკლის გვირგვინი ადგას თავზე

      თავი 129

      „აი კაცი!“

      მათე 27:15—17, 20—30; მარკოზი 15:6—19; ლუკა 23:18—25; იოანე 18:39—19:5

      • პილატე იესოს გათავისუფლებას ცდილობს

      • იუდეველები ბარაბას გათავისუფლებას ითხოვენ

      • იესოს მასხრად იგდებენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

      იესოს მოკვლის სურვილით შეპყრობილ ბრბოს პილატემ ასეთი სიტყვებით მიმართა: „ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველი. ვერც ჰეროდემ დაინახა“ (ლუკა 23:14, 15). ახლა პილატე სხვა გზებს ეძებს იესოს გასათავისუფლებლად და ხალხს ეუბნება: „ჩვეულება გაქვთ, რომ პასექზე ერთი კაცი გაგითავისუფლოთ. გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“ (იოანე 18:39).

      პილატემ იცის, რომ ახლა პატიმრობაში ერთი ყაჩაღი, მეამბოხე და მკვლელი იმყოფება, რომელსაც ბარაბა ჰქვია, ამიტომ ეკითხება ხალხს: „ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ეგრეთ წოდებული ქრისტე?“. უფროსი მღვდლებისგან წაქეზებული ხალხი ბარაბას გათავისუფლებას ითხოვს. პილატე კვლავ ეკითხება: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“. ხალხი გაჰყვირის: „ბარაბა“ (მათე 27:17, 21).

      საგონებელში ჩავარდნილი პილატე ეკითხება მათ: „იესოს რაღა ვუყო, ეგრეთ წოდებულ ქრისტეს?“. ყველა ერთხმად გაიძახის: „ბოძზე გააკარი!“ (მათე 27:22). რა სამარცხვინოა, რომ მათ უდანაშაულო კაცის სისხლი სწყურიათ! პილატე დაჟინებით ითხოვს ხალხისგან: „რატომ, ცუდი რა ჩაიდინა? მე ვერაფერი ვუპოვე ისეთი, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავუშვებ“ (ლუკა 23:22).

      პილატეს არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაშმაგებული ბრბო მაინც თავისას გაიძახის: „ბოძზე გააკარი!“ (მათე 27:23). ამ ხალხს სისხლი სწყურია და ეს იმიტომ, რომ უფროსმა მღვდლებმა გაახელეს. ისინი ვინმე ბოროტმოქმედის და მკვლელის კი არა, უდანაშაულო კაცის სიკვდილს ითხოვენ, რომელსაც, სულ რაღაც, ხუთი დღის წინ იერუსალიმში როგორც მეფეს, ისე შეეგებნენ. ამ გახელებულ ხალხს შორის შესაძლოა იესოს მოწაფეებიც იმყოფებიან, მაგრამ ფაქტია, ისინი ხმას არ იღებენ და ისე იქცევიან, რომ შეუმჩნევლები დარჩნენ.

      პილატე ხედავს, რომ მისი თხოვნა არ ჭრის. მღელვარება უფრო მატულობს, ამიტომ იგი იღებს წყალს, ხალხის თვალწინ ხელებს იბანს და ამბობს: „მე უდანაშაულო ვარ ამ კაცის სისხლში. რაც გინდათ, ის გიქნიათ“. მაგრამ ხალხზე არც ეს მოქმედებს და ისევ თავის აზრზე რჩებიან. მეტიც, ისინი ამბობენ: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“ (მათე 27:24, 25).

      ამ რომაელ მმართველს ურჩევნია, ხალხის ნებას დაჰყვეს, ვიდრე ის გააკეთოს, რაც იცის, რომ სწორია. ამიტომ უსრულებს მათ თხოვნას და ბარაბას ათავისუფლებს, იესოს კი გასაშოლტად გადასცემს, რის შემდეგაც მას ტანსაცმელს ხდიან და ამათრახებენ.

      უმოწყალოდ გაშოლტვის შემდეგ ჯარისკაცებს იესო გამგებლის სასახლეში მიჰყავთ, სადაც მთელი რაზმი იკრიბება. ისინი ეკლებისგან გვირგვინს წნავენ და იესოს თავზე ადგამენ, მარჯვენა ხელში კი ლერწამს აჭერინებენ და ძოწისფერ მოსასხამს აცმევენ, ისეთს, როგორსაც მეფეები ატარებენ. ისინი დაცინვით ეუბნებიან: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“ (მათე 27:28, 29). მაგრამ მხოლოდ ამას არ სჯერდებიან — აფურთხებენ და სახეში არაერთხელ აწნავენ სილას. შემდეგ ლერწამს ართმევენ და თავში ურტყამენ, რის გამოც მას ეკლიანი გვირგვინი კიდევ უფრო ღრმად ესობა თავში.

      პილატეზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ იესო ასე წარბშეუხრელად იტანს ყველაფერს. ამიტომ ამბობს: „აჰა, გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“. საინტერესოა, ხომ არ ფიქრობს პილატე, რომ ნაცემ-ნაგვემი და დასისხლიანებული იესოს დანახვა ხალხს გულს მოულბობს და მათში თანაგრძნობას გამოიწვევს?! როცა მას ამ უსულგულო ხალხის წინაშე აყენებს, პილატე ხმამაღლა ამბობს: „აი კაცი!“ (იოანე 19:4, 5).

      ძალაგამოცლილ და არაადამიანურად ნაწამებ იესოს ღირსეულად უჭირავს თავი და საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს. ეს იმდენად შესამჩნევია, რომ პილატეც კი აღიარებს ამას — მის სიტყვებში ხომ ერთდროულად იესოსადმი პატივისცემა და სიბრალული გამოსჭვივის.

  • სასიკვდილოდ გადაცემული
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • პარასკევი დილაა, 14 ნისანი. პილატე ყველანაირად ცდილობს იესოს გათავისუფლებას. იმ იმედით, რომ უფროს მღვდლებსა და მის თანამოაზრეებს იესოს გათავისუფლებაზე დაითანხმებდა, მან ისიც კი დაუშვა, რომ ეს კაცი საშინლად ეწამებინათ და მასხრად აეგდოთ. მაგრამ იესოს მოკვლის სურვილით შეპყრობილი მღვდლები და ხალხი არაფერზე იხევენ უკან, ოღონდ კი განახორციელონ თავიანთი ბოროტი ჩანაფიქრი. ისინი კვლავ გაჰყვირიან: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“. პილატე ეუბნება მათ: „წაიყვანეთ და თქვენ თვითონ გააკარით, რადგან მე ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“ (იოანე 19:6).

      იუდეველები ვერ არწმუნებენ პილატეს იმაში, რომ იესოს რომის იმპერიის წინააღმდეგ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. ამიტომ, როცა პოლიტიკური სარჩულით ვერ ახერხებენ საბრალდებო დასკვნის მიღებას, კვლავ რელიგიურ სარჩულს უდებენ ამ საქმეს. ისინი იესოს კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ იმაში, რაშიც სინედრიონის წინაშე დაადანაშაულეს და აცხადებენ, რომ იგი ღვთის მგმობელია: „ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც ის სიკვდილს იმსახურებს, რადგან ღვთის ძედ გამოიყვანა თავი“ (იოანე 19:7). ამ ბრალდების შესახებ პილატეს პირველად ესმის.

      იგი ისევ სასახლეში შედის და ცდილობს, სხვა გზა იპოვოს იმ კაცის გასათავისუფლებლად, რომელმაც ასე ღირსეულად აიტანა ამდენი რამ და რომლის შესახებაც თავად მისმა ცოლმა იხილა სიზმარი (მათე 27:19). პილატეს, უეჭველად, საგონებელში აგდებს ის, რომ ახალი ბრალდების თანახმად, იესოს „ღვთის ძედ“ მოაქვს თავი. მან იცის, რომ იესო გალილეიდანაა (ლუკა 23:5—7). ამის მიუხედავად, ეკითხება: „საიდანა ხარ?“ (იოანე 19:9). საინტერესოა, იმის გაგება ხომ არ სურს პილატეს, უცხოვრია თუ არა იესოს უწინ და მართლა ზეციდან ხომ არ არის.

      პილატემ ცოტა ხნის წინ უშუალოდ იესოსგან მოისმინა, რომ ის მეფეა, რომელმაც იქვე ისიც აღნიშნა, რომ მისი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. იესო არ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ პილატეს უფრო დაწვრილებით განუმარტოს ერთხელ ნათქვამი, ამიტომ დუმილს არჩევს, რაც ამ რომაელ მმართველს ღირსების გრძნობას ულახავს. იგი განაწყენებული ეუბნება იესოს: „მე არ მცემ ხმას? განა არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ბოძზე გაკვრაც ჩემი უფლებამოსილებაა?“ (იოანე 19:10).

      ამაზე იესო არაორაზროვნად პასუხობს: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზემოდან რომ არ გქონდეს ნება მოცემული. ამიტომაც მას, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს“ (იოანე 19:11). როგორც ჩანს, იესო კონკრეტულ ადამიანს არ გულისხმობს. სინამდვილეში მას მხედველობაში ჰყავს კაიაფა, მისი თანამზრახველები და იუდა ისკარიოტელი, რომელთაც ბევრად უფრო დიდი ბრალი მიუძღვით, ვიდრე პილატეს.

      ამ რომაელ მმართველზე იესოს სიტყვები და საქციელი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ამასთან, იმის გააზრება, რომ ეს კაცი შეიძლება მართლა ღვთისგან იყოს, საკმაოდ აშინებს; ამიტომ კვლავ ცდილობს, რამენაირად გაათავისუფლოს იგი. მაგრამ იუდეველები ახლა პილატეს ისეთ რამეს ეუბნებიან, რაც მას, უეჭველად, სულ სხვა რამის შიშს უნერგავს: „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ. ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის წინააღმდეგ გამოდის“ (იოანე 19:12).

      პილატეს კვლავ გამოჰყავს იესო ხალხის წინაშე, ის სასამართლო ტახტზე ჯდება და ამბობს: „აი თქვენი მეფე!“. მაგრამ იუდეველებზე არც ეს ჭრის. ისინი გაჰყვირიან: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ბოძზე გააკარი!“. პილატე ეკითხება: „თქვენი მეფე გავაკრა ბოძზე?“. იუდეველები უკვე დიდი ხანია რომაელთა უღელქვეშ იტანჯებიან, მაგრამ უფროსი მღვდლები მაინც უტიფრად ამბობენ: „ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“ (იოანე 19:14, 15).

      ამის შემდეგ იუდეველების მუქარით დაშინებული პილატე იესოს მოსაკლავად გადასცემს. ჯარისკაცები მას ძოწისფერ მოსასხამს ხდიან და კვლავ თავის ტანსაცმელს აცმევენ. სასიკვდილოდ განწირულმა იესომ თავად უნდა ატაროს თავისი წამების ბოძი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება