რის საფუძველზე უნდა ვენდოთ ბიბლიას
3. სრული ჰარმონია
წარმოიდგინეთ, რომ სხვადასხვა წარმომავლობის, აღზრდისა და განათლების მქონე 40 მამაკაცს ერთი და იმავე წიგნის სხვადასხვა მონაკვეთის დაწერას ავალებენ. ეს მამაკაცები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და მათგან უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობს. ზოგმა არც კი იცის, დანარჩენები რას წერენ. იქნება წიგნის მონაკვეთები ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული?
სწორედ ასეთი წიგნია ბიბლიაa. ის გაცილებით უჩვეულო ვითარებაში დაიწერა, მაგრამ სრული ჰარმონიით გამოირჩევა.
უჩვეულო ისტორია. ბიბლია დაახლოებით 1 600 წლის განმავლობაში იწერებოდა, ძვ. წ. 1513 წლიდან დაახლოებით ახ. წ. 98 წლამდე. ბიბლიის 40 დამწერიდან უმეტესობა სხვადასხვა საუკუნეში ცხოვრობდა. მათგან ზოგი მეთევზე იყო, ზოგი — მწყემსი, ზოგი — მეფე, ერთი მათგანი კი — ექიმი.
ერთი თემა. ბიბლიას გასდევს ერთი მთავარი თემა: ღმერთს აქვს ადამიანებზე მმართველობის უფლება და ის შეასრულებს თავის განზრახვას ზეციერი სამეფოს მეშვეობით, რომელიც მთელ მსოფლიოში იმმართველებს. ეს თემა „დაბადებიდან“ იწყება, მომდევნო წიგნებში ვითარდება და კულმინაციას „გამოცხადებაში“ აღწევს (იხილეთ „რა არის ბიბლიის მთავარი თემა?“, გვერდი 19).
წვრილმანებშიც კი ურთიერთშეთანხმებულობა. ბიბლიის წიგნები უმნიშვნელო საკითხებშიც კი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ბიბლიის დამწერები ერთმანეთთან არ შეთანხმებულან. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი იოანე ჰყვება, რომ როდესაც უამრავი ხალხი იესოსთან მივიდა, იესომ ფილიპეს ჰკითხა, თუ სად შეიძლებოდა ხალხისთვის პურის ყიდვა (იოანე 6:1—5). როგორც ლუკა ამბობს, ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ბეთსაიდის მახლობლად. მანამდე იოანემ სახარებაში მოიხსენია, რომ ფილიპე ბეთსაიდიდან იყო (ლუკა 9:10; იოანე 1:44). ამიტომ დაუსვა იესომ კითხვა ფილიპეს. როგორც ვხედავთ, ბიბლიაში წვრილმანებშიც კი შეიმჩნევა ურთიერთშეთანხმებულობა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს წინასწარ შეთანხმების შედეგი არ არისb.
სხვაობები ბუნებრივია. ბიბლიის მონაკვეთებს შორის უმნიშვნელო ცვლილებები შეიმჩნევა, რაც ბუნებრივია. დავუშვათ, რამდენიმე ადამიანი დანაშაულის თვითმხილველი გახდა. თუ თითოეული მათგანი ერთი და იმავე სიტყვებით აღწერს ნანახს, ნუთუ ეჭვი არ გაგიჩნდებათ, რომ ისინი წინასწარ შეთანხმდნენ? ბუნებრივია, თუ თითოეულის ჩვენება ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავდება, რადგან ყველას თავისებური ხედვა აქვს. იგივე შეიძლება ითქვას ბიბლიის დამწერებზეც.
გავიხსენოთ ერთი მაგალითი. როგორც მარკოზმა და იოანემ აღნიშნეს, სიკვდილის დღეს იესოს ძოწისფერი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული (მარკოზი 15:17; იოანე 19:2). მათემ კი დაწერა, რომ ეს მოსასხამი ალისფერი იყო (მათე 27:28). სინამდვილეში, მოსასხამი შეიძლება ძოწისფერიც ყოფილიყო და ალისფერიც, რადგან ძოწისფერს წითელი ფერი დაჰკრავს. სინათლის ანარეკლისა და ფონის შედეგად კი მოსასხამის ფერი შეიძლება სხვადასხვაგვარად აღქმულიყოc.
ის ფაქტი, რომ ბიბლიის წიგნებს შორის სრული ჰარმონიაა, ბიბლიას კიდევ უფრო სანდოს ხდის.
[სქოლიოები]
a ბიბლია 66 წიგნისგან შედგება, იწყება „დაბადებით“ და მთავრდება „გამოცხადებით“.
b ამასთან დაკავშირებით სხვა მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ბროშურაში „წიგნი ყველასთვის“, გვერდები 16, 17. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
c მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.), მე-7 თავი სათაურით „ეწინააღმდეგება ბიბლია თავის თავს?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 7 გვერდზე]
იესოს მოსასხამი ძოწისფერი იყო თუ ალისფერი?