-
ღვთის ძე ქვეყნიერების სინათლეაიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
კარვობის დღესასწაულის ბოლო, მეშვიდე დღეს იესო ასწავლის ტაძრის იმ ნაწილში, რომელსაც „საგანძურს“ უწოდებენ (იოანე 8:20; ლუკა 21:1). როგორც ჩანს, ტაძრის ეს ნაწილი ქალთა ეზოში მდებარეობდა, სადაც ხალხი შესაწირავს იღებდა.
დღესასწაულის დროს, ღამით, ტაძარს განსაკუთრებული სახით ანათებდნენ. იქ ოთხი დიდი სალამპრე იდგა, თითოეულში ზეთით სავსე ოთხი დიდი ჯამი იყო. სალამპრე ისეთ სინათლეს გამოსცემდა, რომ გარშემო საკმაოდ დიდ ადგილს ანათებდა. ის, რასაც იესო ახლა ამბობს, ალბათ, სწორედ ამას ახსენებს მსმენელს: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას“ (იოანე 8:12).
ფარისევლები არ ეთანხმებიან იესოს და ამბობენ: „შენ საკუთარ თავზე მოწმობ. შენი დამოწმება არ არის ჭეშმარიტი“. იესო პასუხობს: „ჩემ თავზეც რომ ვმოწმობდე, ჩემი დამოწმება ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ“. შემდეგ დასძენს: «თქვენს კანონშიც წერია, რომ „ორი კაცის დამოწმება ჭეშმარიტია“. ჩემს თავზე ვმოწმობ მე და ჩემზე მოწმობს მამა, რომელმაც გამომგზავნა» (იოანე 8:13—18).
ფარისევლები ისევ ეწინააღმდეგებიან მას: „სად არის მამაშენი?“. იესო პირდაპირ ეუბნება: „თქვენ არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ“ (იოანე 8:19). ფარისევლებს კვლავ სურთ იესოს შეპყრობა, მაგრამ მას ამჯერადაც ვერავინ აკარებს ხელს.
იესო კიდევ ერთხელ იმეორებს თავის ნათქვამს: „მე მივდივარ. ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ“. იუდეველები არასწორად იგებენ მის სიტყვებს და გაკვირვებულები ამბობენ: „თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რომ ამბობს, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთო?“. ისინი ვერ სწვდებიან იესოს სიტყვების მნიშვნელობას, რადგან მათთვის უცნობია, სინამდვილეში ვინ არის იესო და საიდანაა. იგი უხსნის მათ: „თქვენ დაბლიდან ხართ, მე — მაღლიდან. თქვენ ამ ქვეყნიერებიდან ხართ, მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან“ (იოანე 8:21—23).
იესო მიანიშნებს, რომ დედამიწაზე ჩამოსვლამდე ზეცაში ცხოვრობდა და რომ აღთქმული მესია ანუ ქრისტეა, რომლის მოლოდინიც წესით უნდა ჰქონოდათ იუდეველებს. მაგრამ ეს უკანასკნელნი სიძულვილით ეკითხებიან: „ვინა ხარ შენ?“ (იოანე 8:25).
იესო, რომელიც ხედავს, რომ ასე აშკარად უარყოფენ, პასუხობს: „ნეტავ რატომ გელაპარაკებით?“. და მაინც, ყურადღება მას თავის ზეციერ მამაზე გადააქვს და ხაზგასმით ამბობს, რომ იუდეველები ვალდებულნი არიან, მოუსმინონ ღვთის ძეს: „ჩემი გამომგზავნელი ჭეშმარიტია და რაც მისგან მომისმენია, ქვეყნიერებაშიც იმას ვლაპარაკობ“ (იოანე 8:25, 26).
შემდეგ იესო ყველას წინაშე დაუფარავად ამბობს, რომ ბოლომდე ენდობა მამას, რითაც ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან იუდეველები: „როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ ის და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ. ჩემი გამომგზავნელი ჩემთან არის. მას მარტო არ დავუტოვებივარ, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოანე 8:28, 29).
მაგრამ იუდეველებს შორის ისეთებიც არიან, ვინც რწმენას ავლენს იესოს მიმართ, ამიტომ ის ეუბნება მათ: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).
ზოგს აკვირვებს, რატომ ამბობს იესო, რომ გათავისუფლება სჭირდებათ. ისინი უპირისპირდებიან მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ და არასოდეს ვყოფილვართ მონები. როგორღა ამბობ, გათავისუფლდებითო?“. მართალია, წარსულში უცხოტომელები ბატონობდნენ მათზე, მაგრამ ისინი არ თვლიან, რომ ოდესმე მონები იყვნენ. ამის მიუხედავად, იესო აღნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ მონობაში არიან: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველა, ვინც ცოდვას სჩადის, ცოდვის მონაა“ (იოანე 8:33, 34).
თუ იუდეველები უარყოფენ, რომ ცოდვის მონები არიან, მეტად სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იესო განმარტავს: „ოჯახში მონა სამუდამოდ არ რჩება; სამუდამოდ რჩება ძე“ (იოანე 8:35). მონას მემკვიდრეობის მიღების უფლება არა აქვს და ბატონს ნებისმიერ დროს შეუძლია გააგდოს ის. მხოლოდ ბატონის ძე, ღვიძლი შვილი იქნება ის თუ ნაშვილები, რჩება ოჯახში სამუდამოდ ანუ სიცოცხლის ბოლომდე.
აქედან გამომდინარე, სწორედ ძის შესახებ ჭეშმარიტება ათავისუფლებს ხალხს ცოდვის მონობისგან, ცოდვის, რომელსაც სიკვდილი მოაქვს. ბოლოს იესო ასეთ სიტყვებს ამბობს: „თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოანე 8:36).
-
-
სინამდვილეში ვინ არის იუდეველების მამაიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
იესო კვლავ კარვობის დღესასწაულზეა იერუსალიმში. ის კიდევ ბევრ მნიშვნელოვან რამეს ასწავლის ხალხს. დღესასწაულზე მყოფმა ზოგმა იუდეველმა ეს-ესაა უთხრა მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ და არასოდეს ვყოფილვართ მონები“. ამაზე იესო პასუხობს: „ვიცი, რომ აბრაამის შთამომავლები ხართ, მაგრამ მოკვლას მიპირებთ, რადგან ჩემი სიტყვა ფეხს ვერ იკიდებს თქვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან მინახავს, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენისგან მოგისმენიათ“ (იოანე 8:33, 37, 38).
რთული მისახვედრი არ არის, რის თქმა სურს იესოს — მას და იუდეველებს ერთი მამა არა ჰყავთ. მაგრამ იუდეველები ვერ ხვდებიან იესოს სიტყვების მნიშვნელობას და კვლავ აცხადებენ: „ჩვენი მამა აბრაამია“ (იოანე 8:39; ესაია 41:8). პირდაპირი გაგებით ისინი მართლა არიან აბრაამის შთამომავლები და ამიტომაც ფიქრობენ, რომ ისეთივე რწმენა აქვთ, როგორიც ღვთის მეგობარ აბრაამს ჰქონდა.
თუმცა ის, რასაც ახლა ამბობს იესო, უეჭველად გამოიწვევს იუდეველთა აღშფოთებას: „თუ აბრაამის შვილები ხართ, აბრაამის საქმეები აკეთეთ“. სინამდვილეში ის, ვინც ჭეშმარიტი ძეა, ჰბაძავს მამას. „მაგრამ ახლა მოკვლას მიპირებთ მე, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია“, — აღნიშნავს იესო. ამის შემდეგ კი ისეთ რამეს ამბობს, რაც უდავოდ საგონებელში ჩააგდებს მის მსმენელს: „თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ“ (იოანე 8:39—41).
იუდეველები ამჯერადაც ვერ ხვდებიან, ვის გულისხმობს იესო. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონიერი ძეები არიან: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს — ღმერთი“. ნამდვილად ღმერთია მათი მამა? იესო მათ გასაგონად ამბობს: „ღმერთი რომ მამათქვენი ყოფილიყო, გეყვარებოდით, რადგან მე ღვთისგან გამოვედი და ახლა აქა ვარ. არც ჩემით მოვსულვარ აქ, არამედ მან გამომგზავნა“. შემდეგ კი სვამს კითხვას და თავადვე სცემს პასუხს: „რატომ არ გესმით, რასაც ვლაპარაკობ? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა“ (იოანე 8:41—43).
იესო ეცადა, ეჩვენებინა მათთვის, რა მოჰყვებოდა იმას, თუ უარყოფდნენ მას. მაგრამ ახლა იგი პირდაპირ ეუბნება: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ“. ვის შეიძლება შევადაროთ მათი მამა? იესო ააშკარავებს მის ნამდვილ სახეს: „ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა“. იგი განაგრძობს: „ვინც ღვთისგან არის, ისმენს ღვთის სიტყვებს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“ (იოანე 8:44, 47).
იუდეველები რისხდებიან იესოზე, რომელიც ასე აშკარად განსჯის მათ: „განა მართალს არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და დემონი გყავს?“. ისინი იესოს სამარიელს უწოდებენ და ამგვარად აჩვენებენ, რომ სძულთ იგი. მაგრამ იესო ყურადღებას არ აქცევს მათ სიტყვებს და ეუბნება: „დემონი კი არა მყავს, მამაჩემს ვცემ პატივს, თქვენ კი შეურაცხმყოფთ“. ეს რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, იესოს შემდეგი დანაპირებიდანაც ჩანს: „ვინც ჩემს სიტყვას იცავს, სიკვდილს არასოდეს იხილავს“. მას იმის თქმა არ სურს, რომ მოციქულები და სხვა მისი მიმდევრები პირდაპირი გაგებით არ მოკვდებიან, არამედ იმის, რომ სამუდამოდ არ განადგურდებიან ანუ არ დაექვემდებარებიან „მეორე სიკვდილს“, რა შემთხვევაშიც ადამიანისთვის აღარ არსებობს აღდგომის იმედი (იოანე 8:48—51; გამოცხადება 21:8).
მაგრამ იუდეველები იესოს სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ და ამბობენ: „ახლა კი ვიცით, რომ დემონი გყავს. აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველებიც დაიხოცნენ, შენ კი ამბობ, ვინც ჩემს სიტყვას იცავს, სიკვდილს არასოდეს იგემებსო. განა შენ მამაჩვენ აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? . . ვინ გგონია შენი თავი?“ (იოანე 8:52, 53).
იესოს სიტყვები აშკარად იმაზე მოწმობს, რომ ის მესიაა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ უთხრას მათ ამის შესახებ, ასეთ სიტყვებს ეუბნება: „თუ მე ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთიაო და არც კი იცნობთ მას, მე კი ვიცნობ. რომ ვთქვა, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენისთანა მატყუარა უნდა ვიყო“ (იოანე 8:54, 55).
ახლა იესოს კვლავ მოჰყავს ამ ხალხის წინაპრის, ღვთის ერთგული მამაკაცის მაგალითი: „მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა. იხილა კიდეც და გაიხარა“. აბრაამს სწამდა ღვთის დანაპირების და ამიტომ სჯეროდა, რომ მესია აუცილებლად მოვიდოდა. იუდეველებს ეჭვი შეაქვთ იესოს ნათქვამში და ეკითხებიან: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“. ამაზე იესო პასუხობს: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“. იესოს მხედველობაში აქვს ის, რომ განკაცებამდე იგი ზეცაში არსებობდა როგორც ძლიერი სულიერი ქმნილება (იოანე 8:56—58).
იესოს ნათქვამი, რომ ის აბრაამამდე არსებობდა, იუდეველების განრისხებას იწვევს. ისინი მას ჩაქოლვას უპირებენ, მაგრამ იესო უვნებლად ტოვებს იქაურობას.
-