საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო ერთ ბიჭუნას დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • სულგამწარებული მამა ემუდარება იესოს, განკურნოს დემონით შეპყრობილი მისი ვაჟი

      თავი 61

      იესო ერთ ბიჭუნას დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს

      მათე 17:14—20; მარკოზი 9:14—29; ლუკა 9:37—43

      • დემონის ტყვეობისგან ადამიანის გასათავისუფლებლად მოციქულებს რწმენა სჭირდებათ

      მთიდან ჩამოსული იესო, პეტრე, იაკობი და იოანე ერთად შეკრებილ უამრავ ხალხს ხედავენ. აშკარაა, რომ რაღაც ხდება. მოწაფეებს თავს მწიგნობრები ახვევიან და ეკამათებიან. იესოს დანახვაზე ხალხი გაკვირვებას ვერ მალავს; ისინი მის შესაგებებლად გარბიან. „რაზე ეკამათებით?“ — ეკითხება იესო (მარკოზი 9:16).

      ხალხიდან ერთი კაცი იესოს წინაშე მუხლებზე ეცემა და ეუბნება: „მოძღვარო, ჩემი ბიჭი მოგიყვანე, სიმუნჯის სული ჰყავს. სადაც კი შეიპყრობს, მაშინვე მიწაზე ანარცხებს, დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და ძალა ეცლება. შენს მოწაფეებს ვუთხარი, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შეძლეს“ (მარკოზი 9:17, 18).

      როგორც ჩანს, მწიგნობრები მოწაფეებს მკაცრად განსჯიან და დასცინიან, რადგან ვერ შეძლეს ბიჭის განკურნება. ამიტომ იესო თავდაპირველად სულგამწარებული მამისკენ კი არა, ხალხისკენ ტრიალდება და ამბობს: „ოჰ, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ, როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ?“. ეჭვგარეშეა, რომ ამ სიტყვებით იესო მწიგნობრებს მიმართავს, რომლებიც მის არყოფნაში შეურაცხყოფდნენ მოწაფეებს. შემდეგ მოიხედავს და გულდათუთქულ მამას ეუბნება: „მომიყვანეთ“ (მათე 17:17).

      როცა ბიჭი მასთან მიჰყავთ, დემონი, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს, ძირს აგდებს; ბიჭს საშინელი კრუნჩხვები ეწყება და პირიდან დუჟი გადმოსდის. იესო მამას ეკითხება: „რამდენი ხანია, რაც ასე ემართება?“. იგი პასუხობს: „ბავშვობიდან . . . ხან ცეცხლში აგდებს, ხან — წყალში, რომ მოკლას“. შემდეგ კი სთხოვს: „თუ რამის გაკეთება შეგიძლია, შეგვიბრალე და დაგვეხმარე“ (მარკოზი 9:21, 22).

      ამ კაცს უკვე იმედი აქვს გადაწურული, რადგან იესოს მოწაფეებმაც კი ვერ შეძლეს მისი შვილის დახმარება. იესო სასოწარკვეთილ მამას ისეთ რამეს ეუბნება, რაც, უდავოდ, ანუგეშებს მას: „რა თქვი, თუ შეგიძლიაო?! ვისაც სწამს, მისთვის ყველაფერი შესაძლებელია“. ბავშვის მამა მაშინვე იძახის: „მწამს! ოღონდ დამეხმარე იმაში, რაშიც რწმენა მაკლია!“ (მარკოზი 9:23, 24).

      იესო დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს ბიჭუნას

      იესო ხედავს, რომ მისკენ აუარება ხალხი მორბის; ამ დროს ყველას თვალწინ იესო შერისხავს დემონს: „სიმუნჯის და სიყრუის სულო, გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან და აღარასოდეს შეხვიდე!“. ამაზე დემონით შეპყრობილი ბიჭი ყვირის, შემდეგ კრუნჩხვებში ვარდება, ბოლოს კი მკვდარს ემსგავსება. ამის დანახვაზე ბევრი ამბობს, მოკვდაო (მარკოზი 9:25, 26). მაგრამ ჰკიდებს თუ არა იესო ბიჭს ხელს, ის დგება და „მაშინვე იკურნება“ (მათე 17:18). რა თქმა უნდა, ხალხი განცვიფრებულია ნანახით.

      ცოტა ხნის წინ, როცა იესომ მოწაფეები საქადაგებლად გაგზავნა, მათ შეეძლოთ დემონების განდევნა. ამიტომ, სახლში მისვლის შემდეგ, სხვებისგან განცალკევებით, ისინი იესოს ეკითხებიან: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“. იესო პასუხობს: „ესენი სხვანაირად ვერ გამოვლენ, თუ არა ლოცვით“ (მარკოზი 9:28, 29). ძლიერ ბოროტ სულებს, დემონებს, მოწაფეები მტკიცე რწმენისა და ლოცვის გარეშე ვერ განდევნიდნენ, რადგან მხოლოდ ღმერთს შეეძლო აღეჭურვა ისინი საჭირო ძალით.

      ბოლოს იესო ამბობს: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (მათე 17:20). რას არ შეაძლებინებს ძლიერი რწმენა კაცს!

      შეიძლება სირთულეები და სხვადასხვა წინააღმდეგობები, რომელსაც ქრისტიანული ცხოვრების გზაზე ვხვდებით და რომელთა გამოც უწინდელი შემართებით ვეღარ ვმსახურობთ, მთასავით გადაულახავი მოგვეჩვენოს. მაგრამ თუ ძლიერი რწმენა გვექნება, მთასავით დიდ დაბრკოლებებსაც გადავლახავთ!

  • იესო მოწაფეებს თავმდაბლობას ასწავლის
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მას შემდეგ, რაც ფილიპეს კესარეაში იესო სასწაულებრივად გარდაისახა და პატარა ბიჭუნა დემონის ტყვეობისგან გაათავისუფლა, გეზი კაპერნაუმისკენ აიღო. ამჯერად იესო მხოლოდ თავის მოწაფეებთან ერთად მიუყვება გზას. მას არ უნდა, რომ ხალხი გაჰყვეს (მარკოზი 9:30). თუ მარტო დარჩება მოწაფეებთან, კიდევ ერთხელ შეამზადებს თავისი სიკვდილისთვის და იმასაც ასწავლის, როგორ შეასრულონ მისი სიკვდილის შემდეგ მეტად მნიშვნელოვანი საქმე. იგი ეუბნება მათ: „კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში, მას მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“ (მათე 17:22, 23).

      წესით, ეს არ უნდა იყოს მათთვის სიახლე. იესომ ადრეც გაუმხილა მათ, რომ წამებით უნდა მოეკლათ, თუმცა მაშინ პეტრეს არ უნდოდა ამის დაჯერება (მათე 16:21, 22). ამასთან, იესოს სამმა მოციქულმა საკუთარი თვალით იხილა იესოს გარდასახვა და საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ საუბრობდა იგი თავის „წასვლაზე“ (ლუკა 9:31). ახლა კი, იესოს სიტყვების მოსმენაზე, მოწაფეები „ძალიან მწუხრდებიან“ მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ სწვდებიან მისი სიტყვების მნიშვნელობას (მათე 17:23). მაგრამ ისინი ვერ ბედავენ, მეტი რამ გამოჰკითხონ იესოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება