საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოციქულები დავობენ, ვინ არის მათ შორის უდიდესი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მოციქულები დავობენ, ვინ არის მათ შორის უდიდესი

      მათე 26:31—35; მარკოზი 14:27—31; ლუკა 22:24—38; იოანე 13:31—38

      • იესო მოციქულებს ურჩევს, დიდი წარმოდგენა არ ჰქონდეთ საკუთარ თავზე

      • იესო ეუბნება პეტრეს, რომ ის მას უარყოფს

      • იესოს მიმდევრების ამოსაცნობი ნიშანი სიყვარულია

      მოციქულებთან ერთად გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესომ მათ ფეხები დაჰბანა და ამით თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა. ეს მათ ნამდვილად ესაჭიროებოდათ, რადგან ამ მხრივ სისუსტე ჰქონდათ. მართალია, ისინი ღვთის ერთგულები იყვნენ, მაგრამ ჯერ კიდევ წუხდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის უდიდესი (მარკოზი 9:33, 34; 10:35—37). მოციქულების სისუსტემ ამ საღამოსაც იჩინა თავი.

      მოციქულებს შორის „გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკა 22:24). ალბათ, როგორ დამწუხრდებოდა იესო ამის დანახვაზე!

      ნაცვლად იმისა, რომ გაკიცხოს მოციქულები ასეთი აზროვნებისა და საქციელისთვის, მოთმინებით ეკიდება მათ და უხსნის: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ძალაუფლების მქონეებს კეთილისმყოფელებს უწოდებენ. თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ . . . ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის თუ ვინც ემსახურება?“. ამის შემდეგ იესო ახსენებს იმას, თუ რა მაგალითს აძლევდა მთელი იმ დროის მანძილზე, რაც მათთან იყო: „მე კი მომსახურე ვარ თქვენ შორის“ (ლუკა 22:25—27).

      და მაინც, არასრულყოფილების მიუხედავად, მათ იესოსთან ერთად არაერთ განსაცდელს გაუძლეს. ამიტომ იესო ეუბნება: „შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (ლუკა 22:29). ეს მამაკაცები იესოს ერთგული მიმდევრები არიან. იგი არწმუნებს, რომ იმ შეთანხმების წყალობით, რომელსაც მათთან დებს, ისინი ღვთის სამეფოში იქნებიან და მასთან ერთად იმეფებენ.

      მართალია, მოციქულებს მომავალში ამხელა ჯილდო ელით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ხორცში და არასრულყოფილების ტყვეობაში არიან. იესო ეუბნება: „აი, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ“. როგორც ვიცით, ხორბალი გაცხრილვის დროს იფანტება (ლუკა 22:31). ის აგრეთვე აფრთხილებს: «ამაღამ ყველანი დაბრკოლდებით და მიმატოვებთ, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს და გაიფანტება სამწყსოს ცხვარი“» (მათე 26:31; ზაქარია 13:7).

      პეტრე გადაჭრით ამბობს: „ყველა რომ დაბრკოლდეს და მიგატოვოს, მე არასოდეს დავბრკოლდები!“ (მათე 26:33). იესო ეუბნება, რომ ღამით, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, ის უარყოფს მას. თუმცა აქვე დასძენს: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები“ (ლუკა 22:32). პეტრე მაინც თავის აზრზე დგას: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“ (მათე 26:35). ამავეს ამბობს ყველა სხვა მოციქულიც.

      იესო ეუბნება მოციქულებს: „ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ; რაც იუდეველებს ვუთხარი — სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას — თქვენც იმავეს გეუბნებით“. შემდეგ ამატებს: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:33—35).

      როცა პეტრე იგებს, რომ იესო ცოტა ხანსღა იქნება მათთან, ეკითხება: „სად მიდიხარ, უფალო?“. იესო პასუხობს: „სადაც მე მივდივარ, იქ ახლა ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“. საგონებელში ჩავარდნილი პეტრე ამბობს: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? სულს გავწირავ შენთვის“ (იოანე 13:36, 37).

      შემდეგ იესო მოციქულებს ახსენებს იმ დროს, როცა გალილეაში საქადაგებლად გაგზავნა და უთხრა, რომ თან არც ქისა წაეღოთ და არც საგზლის აბგა (მათე 10:5, 9, 10). იგი ეკითხება: „გაკლდათ რამე?“. ისინი პასუხობენ: „არა!“. ახლა იესო მითითებას აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამის შემდეგ: «ვისაც ქისა აქვს, აბგაც აიღოს და ვისაც მახვილი არა აქვს, ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს. გეუბნებით: ჩემზე უნდა შესრულდეს, რაც დაწერილია, რომ „უკანონობის მოქმედად ჩაითვალა“. ვინაიდან, რაც მე მეხება, სრულდება» (ლუკა 22:35—37).

      იესოს მხედველობაში აქვს ის დრო, როცა ბოროტმოქმედთა ანუ უკანონობის მოქმედთა გვერდით ძელზე გააკრავენ. ამის მერე იესოს მიმდევრები სასტიკ წინააღმდეგობას და დევნას შეხვდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ მზად არიან ამისთვის და ამბობენ: „უფალო, აი, აქ ორი მახვილია“. იესო ეუბნება: „საკმარისია“ (ლუკა 22:38). იგი ამას იმიტომ ამბობს, რომ ცოტა ხანში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლოს მოწაფეებს.

  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

      იოანე 14:1—31

      • იესო მიდის, რომ მოწაფეებს ადგილი მოუმზადოს

      • ის თავის მიმდევრებს ჰპირდება, რომ დამხმარეს გაუგზავნის

      • „მამა ჩემზე დიდია“

      იესო თავის მოციქულებთან ერთად ჯერ კიდევ ზემოთა ოთახშია, სადაც გახსენების საღამო დააწესა. ახლა იგი მოუწოდებს მათ: „გული ნუ აგიფორიაქდებათ. ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“ (იოანე 13:36; 14:1).

      იესო თავის ერთგულ მოციქულებს არწმუნებს, რომ მისი წასვლის გამო ნამდვილად არა აქვთ აფორიაქების მიზეზი: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია . . . თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“. მოციქულები ვერ ხვდებიან, რომ ის ზეცაში წასვლაზე საუბრობს. თომა ეუბნება: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორ გვეცოდინება?!“ (იოანე 14:2—5).

      იესო პასუხობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. მისი ზეციერი მამის სახლში მხოლოდ ის დაიმკვიდრებს ადგილს, ვინც აღიარებს მას, ეთანხმება მის სწავლებებს და ჰბაძავს. იესო დასძენს: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).

      ფილიპე, რომელიც ყურადღებით უსმენს იესოს, ამბობს: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“. როგორც ჩანს, ფილიპეს სურს, რომ ღმერთი მასაც გამოეცხადოს, როგორც ეს მოსეს, ელიასა და ესაიას შემთხვევაში მოხდა. მაგრამ სინამდვილეში მოციქულები ხილვაზე გაცილებით მეტს ხედავენ. იესო ხაზს უსვამს ამას შემდეგი სიტყვებით: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“. იესო სრულყოფილად ჰბაძავს მამას; ამიტომ მოწაფეები, რომლებიც დღედაღამ იესოს გვერდით არიან და აკვირდებიან მას, შეიძლება ითქვას, რომ მის მამას ხედავენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამა იესოზე დიდია, რადგან ის თავად ამბობს: „რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ“ (იოანე 14:8—10). მოციქულები ხედავენ, რომ იესო მთელ დიდებას იეჰოვას მიაგებს.

      მათ საკუთარი თვალით იხილეს, რა გასაოცარ საქმეებს იქმოდა იესო და როგორ აცხადებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. ახლა იგი ამბობს: „ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს“ (იოანე 14:12). იესოს იმის თქმა არ სურს, რომ მოწაფეები მასზე დიდ სასწაულებს მოახდენენ. ამით იგი ხაზს უსვამს, რომ ისინი უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე, უფრო ფართო მასშტაბით იმსახურებენ და უფრო მეტ ადამიანს გააგებინებენ სასიხარულო ცნობას.

      მართალია, იესო ზეცაში წავა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწაფეები მიტოვებულები იქნებიან. იესო ჰპირდება მათ: „თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“. მეტიც, ის დასძენს: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს, ჭეშმარიტების სულს“ (იოანე 14:14, 16, 17). ის არწმუნებს, რომ სხვა დამხმარეს, წმინდა სულს მიიღებენ. ეს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოხდება.

      იესო ამბობს: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ“ (იოანე 14:19). იესო მათ მხოლოდ აღდგომის შემდეგ კი არ გამოეცხადება, არამედ დადგება დრო, როცა ზეცაში სულიერ ქმნილებებად აღადგენს.

      ახლა იესო მარტივ ჭეშმარიტებას აცხადებს: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავად გამოვეცხადები“. ამაზე მოციქული იუდა, რომელსაც თადეოზსაც ეძახიან, ეკითხება: „უფალო, რა მოხდა, რატომ აპირებ ჩვენ გამოგვეცხადო და არა ქვეყნიერებას?“. იესო პასუხობს: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას . . . ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვებს არ იცავს“ (იოანე 14:21—24). მისი მიმდევრებისგან განსხვავებით, ქვეყნიერება არ აღიარებს, რომ იესო არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

      როგორ შეძლებენ მოწაფეები იესოს წასვლის შემდეგ იმ ყველაფრის გახსენებას, რასაც იგი ასწავლიდა? იესო უხსნის: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“. მოციქულებმა უკვე დაინახეს, თუ რამხელა ძალა აქვს ღვთის წმინდა სულს, ამიტომ მათთვის იესოს სიტყვები ნამდვილად მანუგეშებელია. იესო დასძენს: „მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ . . . გული ნუ აგიფორიაქდებათ და ნურც შიშისგან შეგეკუმშებათ“ (იოანე 14:26, 27). მოწაფეებს ნამდვილად არა აქვთ აფორიაქების მიზეზი, რადგან იესოს მამა მათ ყოველმხრივ უხელმძღვანელებს და დაიცავს.

      ეს ძალიან მალე გახდება ცხადი. იესო ამბობს: „ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (იოანე 14:30). როგორც ვიცით, ეშმაკი იუდაში შევიდა და თავის გავლენაში მოაქცია. მაგრამ სატანა იესოს ვერასდროს აუმხედრებს ღმერთს, რადგან მას არანაირი სისუსტე არა აქვს, რითაც ეშმაკი ისარგებლებდა. ის ვერც იმას შეძლებს, რომ ღვთის ძე მარადიულად ამყოფოს სიკვდილის ტყვეობაში. იესო დარწმუნებით ამბობს: „რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ“. მას იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება, რომ მამა გაათავისუფლებს სიკვდილის მარწუხებისგან და მკვდრეთით აღადგენს (იოანე 14:31).

  • ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ესაუბრება თავის მოწაფეებს ზემოთა ოთახიდან გამოსვლის დროს

      თავი 120

      ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები

      იოანე 15:1—27

      • როგორ უნდა გამოიღონ ლერწებმა ნაყოფი?

      • როგორ არის შესაძლებელი იესოს სიყვარულში დარჩენა?

      იესოსა და მის მოციქულებს შორის გულწრფელი საუბარი შედგა; იგი ყველანაირად ცდილობდა, გაემხნევებინა ისინი. როგორც ჩანს, ახლა უკვე გვიანია. შუაღამე გადასულია.

      იესოს ასეთი მაგალითი მოჰყავს: „მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა“ (იოანე 15:1). ეს მაგალითი იმას მოგვაგონებს, რაც საუკუნეების წინ ისრაელი ერის შესახებ ითქვა, რომელსაც იეჰოვას ვაზი ეწოდა (იერემია 2:21; ოსია 10:1, 2). მაგრამ იეჰოვა მალე საბოლოოდ უარყოფს ამ ერს (მათე 23:37, 38). აქედან გამომდინარე, ფაქტია, იესო სხვა, ახალ აზრს ავითარებს. იგი იმაზე საუბრობს, რომ თავად არის ვაზი, რომელსაც მისი ზეციერი მამა ახ. წ. 29 წლიდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ, რაც წმინდა სულით სცხო, უვლის და ზრდის. თუმცა იესო იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეს ვაზი მხოლოდ მას არ ასიმბოლოებს:

      „ის [მამა] მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს . . . როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისე თქვენც, თუ ჩემთან ერთობაში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები“ (იოანე 15:2—5).

      იესო დაჰპირდა თავის ერთგულ მოწაფეებს, რომ წასვლის შემდეგ გამოუგზავნიდა დამხმარეს, წმინდა სულს. 51 დღის შემდეგ, როცა მოციქულებმა და სხვებმა წმინდა სული მიიღეს, ისინი, ასე ვთქვათ, ვაზის ლერწები გახდნენ. ყველა ეს „ლერწი“ იესოსთან უნდა დარჩეს ერთობაში. რა მიზანს მოემსახურება მათი ერთობა?

      იესო ხსნის: „ვინც ჩემთან რჩება ერთობაში და ვისთანაც მე ვრჩები ერთობაში, მას ბევრი ნაყოფი გამოაქვს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“. ეს „ლერწები“ ანუ იესოს ერთგული მიმდევრები ბევრ ნაყოფს გამოიღებენ — მის მსგავს თვისებებს გამოავლენენ, თავდაუზოგავად იქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ და რაც შეიძლება მეტს მოიმოწაფებენ. რა მოხდება, თუ რომელიმე მოწაფე არ დარჩება იესოსთან ერთობაში და არ გამოიღებს ნაყოფს? იესო ამბობს: „თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას . . . აგდებენ“. იესო შემდეგსაც აღნიშნავს: „თუ ჩემთან ერთობაში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც მოისურვებთ, და შეგისრულდებათ“ (იოანე 15:5—7).

      ახლა იესო კვლავ იმ საკითხს უბრუნდება, რაც უკვე ორჯერ მოიხსენია; იგი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მცნებების დაცვა (იოანე 14:15, 21). იესო ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ შეძლებენ მოწაფეები იმის დამტკიცებას, რომ ნამდვილად მისი სიტყვებისამებრ იქცევიან: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“. მაგრამ მათგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე მხოლოდ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის სიყვარული. იესო დასძენს: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:10—14).

      სულ რაღაც რამდენიმე საათში იესო თავის სიყვარულს დაუმტკიცებს ყველას, ვინც მის მიმართ რწმენას ავლენს, როცა საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს მათთვის. მისმა მაგალითმა მოწაფეები უნდა აღძრას, ასეთივე თავგანწირვის სულისკვეთება ჰქონდეთ და მასავით ძლიერ უყვარდეთ ერთმანეთი. როგორც ცოტა ხნის წინ იესომ აღნიშნა, სწორედ ასეთი სიყვარული იქნება მათი ამოსაცნობი ნიშანი: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35).

      მოციქულები კარგად უნდა დაუფიქრდნენ იესოს ნათქვამს — მან ხომ მათ თავისი მეგობრები უწოდა! იესო უხსნის, თუ რატომ თვლის მათ მეგობრებად: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“. მართლაც დიდი პატივია, იწოდებოდე იესოს ახლო მეგობრად და ყველაფერი იცოდე, რაც მას მამისგან მოუსმენია! თუმცა მოციქულებს არც ის უნდა გამორჩეთ მხედველობიდან, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ კვლავაც გამოიღებენ ნაყოფს. ამ შემთხვევაში, იესოს სიტყვების თანახმად, რასაც კი სთხოვენ მამას მისი სახელით, მიეცემათ (იოანე 15:15, 16).

      თუ მოწაფეებს, რომელთაც იესო ლერწებს ადარებს, ერთმანეთის სიყვარული ექნებათ, ეს ყველაფერს აატანინებთ, რაც წინ ელით. იესო აფრთხილებს მათ, რომ ქვეყნიერება შეიძულებთ, თუმცა მანუგეშებელ სიტყვებსაც არ იშურებს: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, . . ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:18, 19).

      იესო კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ მოიძულებს მათ ქვეყნიერება: „ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს“. იესო ამბობს, რომ მისი დიდებული საქმეები, ასე ვთქვათ, მსჯავრს სდებს მის მოძულეთ: „მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ, ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც“. იესოს მოწინააღმდეგეებს სძულთ იგი, რითაც დიდი ხნის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სრულდება (იოანე 15:21, 24, 25; ფსალმუნი 35:19; 69:4).

      შემდეგ იესო კვლავ აძლევს მათ დაპირებას, რომ გამოუგზავნის დამხმარეს, წმინდა სულს. ამ უძლიერეს ძალას ყველა მისი მიმდევარი მიიღებს, რაც დაეხმარებათ, გამოიღონ ნაყოფი ანუ დაამოწმონ (იოანე 15:27).

  • „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო მოსალოდნელი საშიშროების შესახებ აფრთხილებს მოწაფეებს და მათ გული მწუხარებით ევსებათ

      თავი 121

      „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“

      იოანე 16:1—33

      • მალე მოციქულები ვეღარ იხილავენ იესოს

      • მოციქულების მწუხარება სიხარულით შეიცვლება

      იესო თავის მოციქულებთან ერთად სადაცაა დატოვებს ზემოთა ოთახს, სადაც პასექი აღნიშნეს. მან მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მისცა მათ, ახლა კი ეუბნება: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ“. რატომ არის ეს გაფრთხილება მეტად დროული? ის ამბობს: „სინაგოგიდან მოგკვეთენ. მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (იოანე 16:1, 2).

      ამ სიტყვების მოსმენა, როგორც ჩანს, ანაღვლიანებს მოციქულებს. მართალია, იესომ უკვე უთხრა, რომ ქვეყნიერება შეიძულებდათ, მაგრამ აქამდე პირდაპირ არ უთქვამს, რომ მოწინააღმდეგეები მოკლავდნენ. რატომ დუმდა იესო ამ დრომდე? ის უხსნის: „თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი“ (იოანე 16:4). ახლა კი, სანამ დატოვებს, აფრთხილებს მათ. ეს შესაძლოა მოგვიანებით დაეხმაროთ, არ დაბრკოლდნენ.

      იესო განაგრძობს: „ახლა კი ჩემს გამომგზავნელთან მივდივარ, მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო“. ამ საღამოს მათ უკვე ჰკითხეს, სად აპირებდა წასვლას (იოანე 13:36; 14:5; 16:5). მაგრამ ახლა, როცა ისმენენ, რა განსაცდელები ელით წინ, გულს ნაღველი აწვებათ და აღარაფერს ეკითხებიან იესოს იმის თაობაზე, თუ როგორ განდიდდება მომავალში და რა მნიშვნელობა ექნება ამას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის. იგი შენიშნავს: „ეს რომ გითხარით, მწუხარებით აგევსოთ გულები“ (იოანე 16:6).

      შემდეგ იესო განუმარტავს: „თქვენი გულისთვის მივდივარ. მე რომ არ წავიდე, დამხმარე ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, გამოგიგზავნით მას“ (იოანე 16:7). იესოს მოწაფეები მხოლოდ მისი სიკვდილისა და ზეცაში წასვლის შემთხვევაში მიიღებენ წმინდა სულს, რომელსაც იგი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში გაუგზავნის დამხმარედ ღვთის მსახურებს.

      წმინდა სული „დამაჯერებელ მტკიცებას წარუდგენს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და სასამართლოს შესახებ“ (იოანე 16:8). დიახ, მალე გამოაშკარავდება, რომ ქვეყნიერებას არ სწამს ღვთის ძის; იესოს ზეცად ამაღლება მისი სიმართლის დამაჯერებელი მტკიცებულება იქნება; ეს აგრეთვე ფარდას ახდის იმას, თუ რატომ იმსახურებს სატანა, „ქვეყნიერების მმართველი“ მკაცრ სასჯელს (იოანე 16:11).

      „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, — განაგრძობს იესო. — მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“. მას შემდეგ, რაც იესო წმინდა სულს გადმოაფრქვევს მათზე, ეს სული წარუძღვება მათ „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ და ისინი შეძლებენ მის თანახმად ცხოვრებას (იოანე 16:12, 13).

      იესოს შემდეგი განაცხადი დაბნეულობაში აგდებს მოციქულებს: „ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ“. ისინი ერთმანეთს ეკითხებიან, რას გულისხმობს იესო. იგი ხვდება, რის კითხვა სურთ და უხსნის: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იტირებთ და მოთქმას დაიწყებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ მწუხარება სიხარულად გექცევათ“ (იოანე 16:16, 20). მომდევნო დღეს, ნაშუადღევს, როცა იესოს მოკლავენ, უფროსი მღვდლები და სხვები გაიხარებენ, მაგრამ მოწაფეები დამწუხრდებიან. თუმცა თავიანთი მოძღვრის აღდგომის შემდეგ მათ მწუხარებას სიხარული შეცვლის. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრდება; იესო ღვთის წმინდა სულს გადმოაფრქვევს მათზე, რაც არანაკლებ სასიხარულო იქნება.

      იესო მოციქულების მდგომარეობას მშობიარე ქალის მდგომარეობას ადარებს: „ქალი წუხს მშობიარობისას, რადგან მოსულია მისი საათი, მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს, სიხარული გასაჭირს ავიწყებს, რადგან ადამიანი გაჩნდა ქვეყნიერებაზე“. იგი ამხნევებს თავის მოციქულებს: „ახლა თქვენც წუხხართ, მაგრამ კვლავ გნახავთ და თქვენი გულები გაიხარებს და სიხარულს ვერავინ წაგართმევთ“ (იოანე 16:21, 22).

      ამ დრომდე იესოს მოციქულებს არასდროს უთხოვიათ ღვთისთვის რაიმე მისი ძის სახელით. ახლა კი ის ეუბნება მათ: „იმ დღეს ჩემი სახელით ითხოვთ“. რატომ უნდა მოიქცნენ ასე? არა იმიტომ, რომ მამა უხალისოდ ისმენს მათ თხოვნას. იესო უხსნის: „მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან გამოვედი“ (იოანე 16:26, 27).

      მოციქულების შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ იესოს ნათქვამმა ძალები შეჰმატათ: „ამიტომაც ვირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოხვედი“. მალე მათ საქმით მოუწევთ იმის დამტკიცება, ნამდვილად სჯერათ თუ არა ამის. იესო ეუბნება, რა ელოდებათ წინ: „მოდის საათი და მოვიდა კიდეც, როცა ყველა თქვენ-თქვენ სახლებში დაიფანტებით და მარტო დამტოვებთ“. თუმცა აქვე ამხნევებს კიდეც: „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:30—33). იესო ნამდვილად არ აპირებს მოციქულების მიტოვებას. მას ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ, მის მსგავსად, ისინიც სძლევენ ქვეყნიერებას — სატანისა და მისი ქვეყნიერების ყველა მცდელობის მიუხედავად, შეარყიონ მათი ერთგულება, ისინი მაინც უერთგულებენ ღმერთს და შეასრულებენ მის ნებას.

  • იესოს ლოცვა ზემოთა ოთახში
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ზეცისკენ აღაპყრობს თვალებს და ლოცულობს მოწაფეებთან ერთად

      თავი 122

      იესოს ლოცვა ზემოთა ოთახში

      იოანე 17:1—26

      • რა მოჰყვება შედეგად ღვთისა და მისი ძის გაცნობას?

      • იეჰოვას, იესოსა და მის მოწაფეებს შორის ერთობაა

      იესოს ძალიან უყვარს თავისი მოციქულები, ამიტომ ამზადებს მათ იმისთვის, რომ მალე უნდა წავიდეს. ახლა ის თვალებს აღაპყრობს და მამას მიმართავს ლოცვით: „განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ, რადგან ძალაუფლება მიეცი მას ყოველ ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, მარადიული სიცოცხლე მისცეს“ (იოანე 17:1, 2).

      რასაკვირველია, იესომ კარგად უწყის, რომ ყველაზე მთავარი ღვთის განდიდებაა. მაგრამ იგი მარადიული სიცოცხლის იმედზეც საუბრობს, რაც მეტად მანუგეშებელია ღვთისმოშიში ადამიანებისთვის. ვინაიდან იესოს „ყოველ ხორციელზე“ აქვს ძალაუფლება, მის მიერ გაღებული გამოსასყიდით მთელ კაცობრიობას შეუძლია ისარგებლოს. თუმცა ასეთ კურთხევას მხოლოდ ერთეულები მიიღებენ, რადგან თავისი გამოსასყიდის საფუძველზე იესო მხოლოდ მათ მოუტანს მარადიულ კურთხევებს, ვინც მისი შემდეგი სიტყვების თანახმად მოიქცევა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

      ადამიანმა კარგად უნდა გაიცნოს და შეიყვაროს იეჰოვა და იესო. მას მათი მსგავსი შეხედულება უნდა ჰქონდეს სხვადასხვა საკითხზე; აგრეთვე უნდა ცდილობდეს, სხვებთან ურთიერთობისას ისეთივე თვისებები გამოავლინოს, როგორსაც ისინი ავლენენ; უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მარადიული სიცოცხლის მიღება კი არა, ღვთის განდიდებაა.

      ახლა იესო კვლავ უბრუნდება ამ თემას: „მე განგადიდე დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე. ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:4, 5). დიახ, იესო სთხოვს მამას, რომ სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღადგინოს და დაუბრუნოს ზეციური დიდება.

      თუმცა იესოს არც ის ავიწყდება, თუ რა შედეგი გამოიღო დედამიწაზე მისმა მსახურებამ. იგი მამას ეუბნება: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ“ (იოანე 17:6). იესო მსახურების დროს უბრალოდ კი არ წარმოთქვამდა ღვთის სახელს, იეჰოვას, არამედ ეხმარებოდა მოციქულებს, დაენახათ ამ სახელის მნიშვნელობა ანუ ის, თუ როგორი თვისებები აქვს და როგორ ექცევა ადამიანებს ღმერთი, რომელიც ამ სახელს ატარებს.

      მოციქულებმა გაიცნეს იეჰოვა, გაიგეს, რა როლი აკისრია მის ძეს და შეიმეცნეს, რასაც იგი ასწავლიდა. შემდეგ იესო ისეთ რამეს ამბობს, რაც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს: „სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს ისინი და ჭეშმარიტად შეიცნეს, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ გამომგზავნე“ (იოანე 17:8).

      იესო განაგრძობს ლოცვას; ის მიჯნავს თავის მიმდევრებს ქვეყნიერებისგან: „ქვეყნიერებისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, ვინც შენ მომეცი, რადგან ისინი შენები არიან . . . წმინდა მამა, დაიცავი ისინი შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ . . . დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა დაღუპვის ძის გარდა“. „დაღუპვის ძეში“ იესო იუდა ისკარიოტელს გულისხმობს, რომელიც ახლა მის გასაცემადაა წასული (იოანე 17:9—12).

      იესო მამას შესთხოვს: „ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი . . . იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14—16). მართალია, მოციქულებს და მის სხვა მოწაფეებს ქვეყნიერებაში უწევთ ცხოვრება ანუ იმ ხალხის გარემოცვაში, რომლებსაც სატანა მართავს, მაგრამ ისინი არ უნდა აითქვიფონ ამ საზოგადოებაში და არანაირი საერთო არ უნდა ჰქონდეთ მათ ბოროტ საქმეებთან. როგორ შეძლებენ ამას?

      ისინი იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ სიწმინდეს, ანუ იმ შემთხვევაში იქნებიან გამოყოფილნი ღვთის მსახურებისთვის, თუ იმის თანახმად იცხოვრებენ, რაც ებრაულ წერილებშია ჩაწერილი და რაც თავად იესომ ასწავლათ. იესო სთხოვს მამას: „განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). გავა დრო და ზოგი მისი მოციქული ღვთივშთაგონებით თავად დაწერს წიგნებს, რომლებიც ჭეშმარიტების ნაწილი გახდება, ჭეშმარიტების, რომელიც ადამიანს განწმენდაში ეხმარება.

      მომავალში სხვებიც შეიცნობენ ჭეშმარიტებას, ამიტომ იესო მამას სთხოვს: „მხოლოდ ამათზე [იქ მყოფებზე] არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს“. რას სთხოვს იესო მამას მათ შესახებ: „რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან“ (იოანე 17:20, 21). იესო და მისი ზეციერი მამა პირდაპირი გაგებით ერთნი არ არიან. ისინი იმ გაგებით არიან ერთნი, რომ ყველაფერში ეთანხმებიან ერთმანეთს. იესო სთხოვს მამას, რომ მის მიმდევრებსაც მსგავსი ერთობა ჰქონდეთ.

      ცოტა ხნის წინ იესომ პეტრეს და სხვა მოციქულებს უთხრა, რომ ის მათთვის ადგილის მოსამზადებლად უნდა წასულიყო. ამ სიტყვებით იესო იმას გულისხმობდა, რომ ზეცაში მოუმზადებდა მათ ადგილს (იოანე 14:2, 3). ახლა იესო სწორედ ამ საკითხს უბრუნდება და მამას შესთხოვს: „მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ, ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული, რადგან ქვეყნიერების შექმნამდე შემიყვარე“ (იოანე 17:24). მისი ეს ბოლო სიტყვები იმას ადასტურებს, რომ დიდი ხნის წინათ, იმ დრომდე კარგა ხნით ადრე, სანამ ადამს და ევას შთამომავლობა ეყოლებოდათ, ღმერთს უყვარდა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც დედამიწაზე იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი.

      ლოცვის დასასრულ, იესო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მამის სახელზე და მის დამოკიდებულებაზე მოციქულებისა თუ მათ მიმართ, ვინც მომავალში გაიზიარებს ჭეშმარიტებას. ის ეუბნება მამას: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება