იეჰოვას მიენდე, რომ გაგაძლიეროს
1 მრავალი მიზეზი გვაქვს, მივენდოთ იეჰოვას. „მთელ მსოფლიოში“ სასიხარულო ცნობის ქადაგება რთული დავალებაა (მათ. 24:14). გამუდმებით გვიწევს საკუთარ არასრულყოფილებასთან ბრძოლა (რომ. 7:21—23). გარდა ამისა, „ვიბრძვით წუთისოფლის სიბნელის [ზეადამიანურ] მპყრობელთა წინააღმდეგ“ (ეფეს. 6:11, 12). ნათელია, რომ დახმარებას ვსაჭიროებთ. რა უნდა ვაკეთოთ, რომ იეჰოვამ გაგვაძლიეროს?
2 უნდა ვილოცოთ. იეჰოვა უხვად აძლევს თავის მძლავრ სულიწმიდას თავის მსახურებს, რომლებიც ითხოვენ მას (ლუკ. 11:13). ეჭვი ხომ არ გეპარება კარდაკარ, ქუჩაში ან ტელეფონით ქადაგების საკუთარ შესაძლებლობაში? ხომ არ უშინდები არაფორმალურად ქადაგებას? ხომ არ გაგინელა ენთუზიაზმი შენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის გულგრილობამ? რა უნდა იღონო, თუ ხედავ, რომ იცდები და ამიტომ შენს რწმენასა და უმწიკვლობას საფრთხე ემუქრება? მიენდე იეჰოვას და სთხოვე ლოცვაში, ძალა მოგცეს (ფილ. 4:13, აფ).
3 პირადი შესწავლა. როგორც ფიზიკური საკვების მიღება გვმატებს ძალას, ისე ღვთის სიტყვიდან და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციებიდან სულიერი საზრდოს რეგულარული მიღება გვაძლიერებს (მათ. 4:4; 24:45). სტენლი ჯოუნზმა კითხვას, თუ რა ჰმატებდა ძალას, რომ ჩინეთში უბიბლიოდ წლების მანძილზე ცალკე საკანში ტუსაღობისთვის გაეძლო, ასე უპასუხა: „მტკიცედ უნდა ვიდგეთ რწმენაში. რა თქმა უნდა, უპირველესი მიზანია პირადი შესწავლა. თუ ასე არ ვაკეთებთ, სულიერად ძლიერი ვერ ვიქნებით“.
4 კრების შეხვედრები არ უნდა გავაცდინოთ. პირველ საუკუნეში, ქრისტიანულ კრებაზე, იუდამ და სილამ „მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს“ (საქ. 15:32). მსგავსად ამისა, დღესდღეობით ის, რასაც შეხვედრებზე ვისმენთ, გვიღრმავებს იეჰოვასადმი მადლიერებას, რწმენას გვიმტკიცებს და სტიმულს გვაძლევს მსახურებისთვის. შეხვედრების საშუალებით რეგულარულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც, როგორც ჩვენი „თანამშრომლები ღვთის სამეფოსთვის“, ისე ჩვენი „მშველელნი და გამაძლიერებელნი“ არიან (კოლ. 4:11, აქ).
5 ამ „საზარელ ჟამს“ რომ გავუძლოთ, დახმარება გვესაჭიროება (2 ტიმ. 3:1). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი, რომელნიც ძალ-ღონეს იეჰოვას სთხოვენ, „არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან“ (ეს. 40:31).