საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იესო ნავეს ძე“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 დეკემბერი
    • იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

      მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იესო ნავეს ძე“

      ძვ. წ. 1473 წელს მოაბის ველებზე დაბანაკებული ისრაელები, ალბათ, გულის ფანცქალით ისმენენ შემდეგ სიტყვებს: „გაიარეთ შუა ბანაკში და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ–თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გადალახოთ იორდანე, რათა მიხვიდეთ იმ ქვეყნის მისაღებად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ თქვენ დასამკვიდრებლად“ (იესო ნავეს ძე 1:11). უდაბნოში 40–წლიანი ხეტიალი დასასრულს უახლოვდება.

      გავიდა ორ ათეულ წელზე ოდნავ მეტი. ისრაელების წინამძღოლი, იესო ნავეს ძე, ქანაანის შუაგულში დგას და უხუცესებს ეუბნება: „შეხედეთ, წილისყრით გარგუნეთ თქვენ ეს დარჩენილი ხალხი თქვენი ტომების სამკვიდრებლად იორდანედან მოყოლებული და ყველა ხალხი, რომელიც მოვსპე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე. და უფალი, თქვენი ღმერთი, თავად აყრის მათ თქვენი პირისაგან და მოსპობს მათ თქვენს წინაშე, და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:4, 5).

      ძვ. წ. 1450 წელს იესოს მიერ დაწერილი წიგნი „იესო ნავეს ძე“ ამაღელვებელი ისტორიული ცნობაა. ის 22 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. დღეს ჩვენ აღთქმული ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე ვდგავართ და იმ ისრაელთა მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომლებსაც ძალიან მალე აღთქმული მიწა უნდა დაემკვიდრებინათ. ამიტომ, მოდი დიდი ყურადღება მივაქციოთ წიგნს „იესო ნავეს ძე“ (ებრაელები 4:12).

      ‘იერიხოს ველებისკენ’

      (იესო ნავეს ძე 1:1—5:15)

      იესო ნავეს ძე მნიშვნელოვან დავალებას იღებს. იეჰოვა მას ეუბნება: „მოსე, ჩემი მსახური, მოკვდა. ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ“ (იესო ნავეს ძე 1:2). იესო ნავეს ძემ რამდენიმე მილიონისგან შემდგარი ხალხის ჯგუფი აღთქმულ ქვეყანაში უნდა შეიყვანოს. ის წინასწარ გზავნის ორ მზვერავს იერიხონში — ქალაქში, რომელიც პირველი უნდა აიღონ. იმ ქალაქში ცხოვრობს მეძავი რახაბი, რომელსაც გაგებული აქვს იეჰოვას მიერ თავისი ხალხის სასარგებლოდ გაკეთებული დიდი საქმეების შესახებ. ის იფარავს და ეხმარება მზვერავებს, ეს უკანასკნელნი კი სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებიან.

      მზვერავების დაბრუნების შემდეგ, იესო ნავეს ძე და ხალხი მზად არიან, გზას გაუდგნენ და იორდანე გადალახონ. მდინარე ნაპირებიდან გადმოდის, მაგრამ ეს ისრაელებს დაბრკოლებას ვერ უქმნის, რადგან მდინარის აყოლებით იეჰოვა წყლის დინებას აჩერებს, ხოლო ქვემოთ მყოფ წყალს საშუალებას აძლევს, მკვდარ ზღვაში ჩაიწრიტოს. იორდანეზე გადასვლის შემდეგ ისრაელები იერიხონის მახლობლად, გილგალში, ბანაკდებიან. ოთხი დღის შემდეგ, აბიბის მე–14 დღეს, საღამოს, ისინი იერიხოს ველებზე პასექს აღნიშნავენ (იესო ნავეს ძე 5:10). მომდევნო დღეს ჭამენ იმ ქვეყნის ზოგიერთ ნაყოფს და მანანით უზრუნველყოფა წყდება. ამ დროისთვის, იესო ნავეს ძეს წინადაცვეთილი ჰყავს ყველა ის მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომლებიც უდაბნოში დაიბადნენ.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იესო ნავეს ძე“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 დეკემბერი
    • ისრაელები ისევ და ისევ იმარჯვებენ

      (იესო ნავეს ძე 6:1—12:24)

      ქალაქი იერიხონი ‘ჩაკეტილია და არავინ არის არც გამომსვლელი და არც შემსვლელი’ (იესო ნავეს ძე 6:1). როგორ შეიძლება მისი აღება? იეჰოვა ეუბნება იესო ნავეს ძეს, თუ რა გააკეთოს. მალე კედლები ინგრევა და ქალაქი ნადგურდება. მხოლოდ რახაბი და მისი ოჯახი რჩება უვნებელი.

      შემდეგი გამარჯვება ისრაელებს სატახტო ქალაქ აიში ელით. იქიდან დაბრუნებული მზვერავები ამბობენ, რომ ქალაქში არც ისე ბევრი მოსახლეა და ამიტომ მის ასაღებად ბევრი მებრძოლი არ არის საჭირო. მაგრამ ქალაქის ასაღებად გაგზავნილი დაახლოებით 3 000 მებრძოლი იძულებულია აიდან უკან გამოიქცეს. რატომ? იეჰოვა არ არის ისრაელებთან. იერიხონის დაპყრობისას ცოდვას ჩადის ყაქანი, მამაკაცი იუდას ტომიდან. საქმის მოგვარების შემდეგ იესო ნავეს ძე კვლავ ილაშქრებს აის წინააღმდეგ. აის მეფეს, რომელმაც ერთხელ უკვე სძლია ისრაელებს, დიდი სურვილი აქვს, კვლავ შეებრძოლოს მათ. მაგრამ იესო ნავეს ძე სარგებლობს აის მოსახლეობის მეტისმეტი გულდაჯერებულობით და ქალაქს იპყრობს.

      გაბაონი ‘დიდი ქალაქია, აღემატება აის და ყველა იქაური კაცი მამაცი მებრძოლია’ (იესო ნავეს ძე 10:2). მაგრამ ისრაელების მიერ იერიხონისა და აის აღების შესახებ ამბის გაგების შემდეგ, გაბაონელებს შეცდომაში შეჰყავთ იესო ნავეს ძე და მოტყუებით მშვიდობის შესახებ შეთანხმებას აღწევენ. მეზობელი ერები ამას საშიშროების შემქმნელ ქმედებად მიიჩნევენ. სხვა ხუთი სამეფოს მეფეები ერთიანდებიან და გაბაონის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ისრაელი იხსნის გაბაონელებს და ბოლომდე ანადგურებს მათ მოწინააღმდეგეებს. იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით ისრაელები შემდეგ სამხრეთით და დასავლეთით მდებარე ქალაქებს იპყრობენ; აგრეთვე ამარცხებენ ჩრდილოეთის მეფეებს. იორდანეს დასავლეთით დამარცხებულ მეფეთა სრული რიცხვი 31–ია.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იესო ნავეს ძე“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 დეკემბერი
    • იესო ნავეს ძე ბოლო მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას იწყებს

      (იესო ნავეს ძე 13:1—24:33)

      ხანდაზმული, 90 წელს მიღწეული იესო ნავეს ძე მიწის დანაწილებას იწყებს. ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი დავალებაა! რეუბენისა და გადის ტომებს, ასევე მენაშეს ნახევარ ტომს უკვე მიღებული აქვთ მიწა იორდანეს აღმოსავლეთ ნაწილში. დანარჩენ ტომებს დასავლეთ ნაწილში ახლა უნაწილდებათ მიწები.

      კარავს დგამენ ეფრემის ტერიტორიაზე — შილოში. ქალებ იეფუნეს ძე სამკვიდროდ ღებულობს ხებრონს, ხოლო იესო ნავეს ძე — თიმნათ–სერახს. ლევიანებს ეძლევათ 48 ქალაქი, მათ შორის 6 თავშესაფარი ქალაქია. რეუბენის, გადისა და მენაშეს ნახევარი ტომის წარმომადგენლები იორდანეს აღმოსავლეთით, თავიანთ სამკვიდროში დაბრუნების შემდეგ ‘შესახედად დიდ სამსხვერპლოს’ აგებენ (იესო ნავეს ძე 22:10). იორდანეს დასავლეთით დასახლებული სხვა ტომები ამას განდგომილებად მიიჩნევენ და ლამის ტომებს შორის ომი იწყება; მაგრამ ამბის გარკვევის შედეგად სისხლისღვრას თავიდან ირიდებენ.

      თიმნათ–სერახში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ იესო ნავეს ძე კრებს უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ისრაელის ზემდგომებს და მათ მოუწოდებს, განმტკიცდნენ და იეჰოვასადმი ერთგულება შეინარჩუნონ. მოგვიანებით იესო ნავეს ძე შექემში უყრის თავს ისრაელის ყველა ტომს. აქ ის მოკლედ მოიხსენიებს, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვა აბრაამიდან მოყოლებული და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ‘ეშინოდეთ უფლისა და ემსახურებოდნენ მას წრფელად’. ხალხი აღძრულია, უპასუხოს: „უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას“ (იესო ნავეს ძე 24:14, 15, 24). ამის შემდეგ იესო ნავეს ძე 110 წლის ასაკში კვდება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება