ღვთის სახელი, რომელიც ისრაელში წარმოითქვა
საუკუნეების განმავლობაში ტრადიციული იუდაიზმი თავის მიმდევრებს სასტიკად უკრძალავდა ღვთის სახელის, იეჰოვას, წარმოთქმას. მიშნას თანახმად, ნებისმიერს, ვინც ღვთის სახელს წარმოთქვამდა ‘წილი არ ექნებოდა მომავალ ქვეყნიერებაში’ (სინედრიონი 10:1)a.
1995 წლის 30 იანვარს სეფარდების წარმომადგენელმა, ისრაელთა ყოფილმა მთავარმა რაბინმა, შეგნებულად წარმოთქვა ღვთის სახელი. მან ეს კაბალისტების გამოსწორების შესახებ ლოცვის, ტიკონის, წარმოთქმის დროს გააკეთა. ეს ლოცვა აღევლინება იმ მიზნით, რომ ღმერთმა სამყაროში აღადგინოს ჰარმონია, რომელიც, თაყვანისმცემელთა აზრით, ბოროტმა ძალებმა შეარყიეს. ერთ-ერთი გაზეთის 1995 წლის 6 თებერვლის ნომერში აღნიშნული იყო: „ეს იმდენად ძლიერი რიტუალია, რომ ამ ლოცვის სიტყვები მხოლოდ განსაკუთრებულ ბუკლეტშია ჩაწერილი, რომელიც საჯაროდ არ იყიდება“ (Yedioth Aharonoth). ამ ლოცვაში ღვთის სახელის მოხსენიება, როგორც ფიქრობენ, სათხოვარს განსაკუთრებულ ძალას მატებს.
აღსანიშნავია, რომ ბიბლია ღვთის მსახურებისგან მისი სახელის, იეჰოვას, გამოყენებას მოითხოვს (გამოსვლა 3:15; იგავნი 18:10; ესაია 12:4; სოფონია 3:9). ბიბლიის ებრაული ტექსტის დედანში ეს სახელი თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება, მაგრამ, ამასთანავე, ბიბლია ღვთის სახელის არასწორად გამოყენების შესახებაც გვაფრთხილებს. ათი მცნებიდან მესამეში ნათქვამია: «არ დაიფიცო [„არ წარმოთქვა“, აქ] ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი» (გამოსვლა 20:7). როგორ შეიძლება ღვთის სახელის ფუჭად წარმოთქმა? იუდეველთა გამომცემლობითი საზოგადოების კომენტარში აღნიშნული იყო, რომ ებრაული სიტყვა, რომელიც სიტყვა „ფუჭად“ ითარგმნა, შეიძლება ღვთის სახელის არა მარტო „ტყუილუბრალოდ“ გამოყენებას ნიშნავდეს, არამედ „ლოცვაში უაზრო სიტყვების გამეორებასაც“.
მაშ, რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს კაბალისტების გამოსწორების შესახებ ლოცვაზე, ტიკონზე? საიდან იღებს ის სათავეს? ახ. წ. XII—XIII საუკუნეებში იუდაიზმის მისტიკურმა ფორმამ, კაბალისტიკამ, პოპულარობის მოხვეჭა იწყო. XVI საუკუნეში იცხაკ ლურიამ, რაბინმა, კაბალისტურ რიტუალში „ტიკონიმი“ შემოიღო. ღვთის სახელს მისტიკური ძალის მქონე განსაკუთრებულ ავგაროზად იყენებდნენ და, ამგვარად, ის კაბალისტური რიტუალის ნაწილი გახდა. როგორ ფიქრობთ, არის ეს ღვთის სახელის სათანადოდ გამოყენება? (მეორე რჯული 18:10–12).
როგორიც უნდა იყოს თქვენი პასუხი, დაგვეთანხმებით, რომ თანამედროვე ებრაელის მიერ ღვთის სახელის ასე საჯაროდ წარმოთქმა ძალზე უჩვეულო მოვლენა იყო, მაგრამ თვითონ ღმერთმა იწინასწარმეტყველა: „იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი“ (ესაია 12:4, 5).
საბედნიეროდ, ისრაელში, ისევე როგორც მსოფლიოს 230-ზე მეტ ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა მოყვასს იეჰოვას შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებაში დაეხმარონ. ისინი იმედოვნებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოეხმაურება მადლიერებით ფსალმუნის 90:14-ში ჩაწერილ სიტყვებს: „რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი“.
[სქოლიო]
a მიშნა არის ბიბლიური რჯულის დამატებითი კომენტარების კოლექცია, რომელიც თანაიმებად (მოძღვრები) წოდებული რაბინების განმარტებებზეა დაფუძნებული. წერილობითი ნაშრომის სახით ის ახ. წ. II საუკუნის მიწურულსა და III საუკუნის დამდეგს შეიქმნა.
[სურათი 28 გვერდზე]
აქ, ნეგებში, იეჰოვას ხალხი მის სახელსა და სიტყვას ამცნობს ადამიანებს.
[სურათი 29 გვერდზე]
აქ აღბეჭდილია იეჰოვას სახელი.