საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის თალმუდი?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
    • რა არის თალმუდი?

      „თალმუდი ლიტერატურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია“ (The Universal Jewish Encyclopedia). „[თალმუდი არის] კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალური მონაპოვარი, ღრმა შინაარსის მქონე, მრავლისმეტყველი, რთული დოკუმენტი, რომელიც 1 500-წელზე მეტია, რაც გამოჩენილ ადამიანთა აზროვნებას ატყვევებს“ (იაკობ ნოისნერი, იუდეველი სწავლული და მწერალი). „თალმუდი [იუდაიზმის] დედაბოძია, რომელსაც იუდეველთა მთელი სულიერ და ინტელექტუალურ შეხედულებათა სისტემა ემყარება“ (ადნ შტეინზალცი, თალმუდოლოგი და რაბინი).

      თალმუდს საუკუნეების განმავლობაში ნამდვილად დიდი გავლენა ჰქონდა იუდეველებზე. მაგრამ ზემოთ მოხსენიებული ქება-დიდების საპირისპიროდ, თალმუდს სახელი გაუტყდა და „ბუნდოვნებისა და უწესრიგობის ზღვა“ ეწოდა. ის, როგორც ეშმაკის მკრეხელური მოქმედების შედეგი, დაგმეს. პაპის ბრძანებით მან რამდენჯერმე გაიარა ცენზურა, გაუკეთეს რეკვიზირება და მისი საკმაოდ დიდი რაოდენობა ევროპაში მოედნებზე საჯაროდ დაწვეს.

      კონკრეტულად რა ნაშრომია ეს, რომელმაც ასე დიდი პოლემიკა გამოიწვია? რით დაიჭირა თალმუდმა იუდეველთა დამწერლობაში ასე უნიკალური ადგილი? რატომ დაიწერა ის? როგორ მოიპოვა მან იუდაიზმზე ასეთი გავლენა? აქვს მას რაიმე მნიშვნელობა არაიუდეველი ხალხისთვის?

      ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის ტაძრის დანგრევიდან 150 წლის განმავლობაში რაბინების აკადემიების ბრძენები იუდეველთა ტრადიციების შენარჩუნების მიზნით მთელ ისრაელში დაჟინებით ეძებდნენ ახალ საფუძველს. დებატების შემდეგ მათ თავიანთი ზეპირი რჯულის სხვადასხვა ტრადიცია გააერთიანეს. ამ საფუძველზე მათ ააგეს ახალი ამკრძალავი და ნებადამრთველი წესები, რაც იუდაიზმში შეიტანეს და რაც ტაძრის გარეშე ყოველდღიურად ღვთისმოსაობით ცხოვრებისთვის სახელმძღვანელო მითითებებს შეიცავდა. ეს ახალი სულიერი კარკასი ზოგადი მონახაზის სახით გადმოიცა მიშნაში, რომელიც ახ. წ. მესამე საუკუნის დასაწყისში დაასრულა იეუდა ანასიმa.

      მიშნა ბიბლიისგან განცალკევებით იდგა და სულაც არ იყო მასზე დაფუძნებული. მისი გადმოცემის მეთოდი და თვით ებრაულის სტილიც კი განსაკუთრებული იყო და მკვეთრად განსხვავდებოდა ბიბლიის ტექსტისგან. რაბინების მიერ მიშნაში მოცემული გადაწყვეტილებები მართავდა იუდეველთა ყოველდღიურ ცხოვრებას ყველგან. იაკობ ნოისნერი აღნიშნავს: „მიშნა ისრაელებისთვის სამართლებრივი კოდექსი იყო. . . ის თავის კანონებზე დათანხმებასა და მათ დაცვას მოითხოვდა“.

      მაგრამ რა, თუ ვინმე ეჭვქვეშ დააყენებდა ბრძენთა მიერ მიშნაში მოყვანილი ციტატების საღვთო წერილის ციტატებთან თანასწორობას? რაბინებს უნდა ეჩვენებინათ, რომ თანაიმების (ზეპირი მოძღვრების მასწავლებლები) სწავლებები, რომლებიც მიშნაში იყო გადმოცემული, სრულყოფილად შეესაბამებოდა ებრაულ წერილებს. საჭირო იყო დამატებითი კომენტარები. თანაიმები საჭიროდ მიიჩნევდნენ, განემარტათ და სიტყვები ჩაემატებინათ მიშნაში და დაემტკიცებინათ, რომ ის სინაის მთაზე მოსესთვის მიცემული რჯულიდან გამომდინარეობდა. რაბინები იძულებული იყვნენ, დაემტკიცებინათ, რომ ზეპირი და დაწერილი რჯული ერთსა და იმავე აზრს გადმოსცემდა და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებოდა. ნაცვლად იმისა, რომ ბოლო სიტყვა ეთქვა იუდაიზმში, მიშნა რელიგიური მსჯელობებისა და დებატების წარმოშობის კიდევ ერთი საფუძველი გახდა.

      თალმუდის წარმოშობა

      რაბინები, რომლებმაც ხელი მოჰკიდეს ამ ახალ საძნელო საქმეს, ცნობილი იყვნენ როგორც „ამორაიმები“, მიშნის „განმმარტებლები“, ანუ „ამხსნელები“. თითოეული აკადემია ერთი რომელიმე ცნობილი რაბინის ირგვლივ იყრიდა თავს. მსჯელობის მიზნით სწავლულთა და მოწაფეთა პატარა წრეები მთელი წლის განმავლობაში იკრიბებოდნენ. მაგრამ უმნიშნვნელოვანესი შეხვედრები ხდებოდა წელიწადში ორჯერ, ადარისა და ელულის თვეში, როდესაც ხალხი მინდვრის სამუშაოებისგან თავისუფალი იყო და ასობით და ათასობითაც კი შეეძლოთ დასწრებოდნენ.

      ადნ შტეინზალცი განმარტავს: „აკადემიის თავმჯდომარე თავის სკამზე ან საგანგებო ხალიჩაზე იჯდა. მის წინ, წინა რიგებში, სხდებოდნენ გავლენიანი სწავლულები და მათ შორის თავმჯდომარის თანამშრომლები და სანიმუშო მოწაფეები, მათ უკან კი — დანარჩენი სწავლულები. . . ისინი [მნიშვნელოვნების შესაბამისად] ზუსტად იერარქიული საფეხურების მიხედვით ისხდნენ“. აქ წარმოთქვამდნენ მიშნის გარკვეულ ნაწილს. შემდეგ მას ადარებდნენ თანაიმის მიერ შეგროვილ იმ პარალელურ ან დამატებით მასალას, რომელიც მიშნაში არ შედიოდა. იწყებოდა გარჩევა. ისმებოდა კითხვები და ირჩეოდა შეუსაბამობები იმ მიზნით, რომ შენარჩუნებულიყო სწავლებების შინაგანი ერთიანობა. ებრაული წერილებიდან ეძებდნენ რაბინების სწავლებების დამადასტურებელ მუხლებს.

      მიუხედავად იმისა, რომ ეს მსჯელობები გულმოდგინედ იყო აგებული, ისინი დაძაბულად და ზოგჯერ მძაფრადაც კი მიმდინარეობდა. თალმუდში ციტირებული ერთი ბრძენი ლაპარაკობდა ‘ცეცხლის ნაპერწკლებზე’, რომლებსაც დებატის დროს რაბინის ბაგეებიდან გამოსული სიტყვები ყრიდა (ჰულინი 137ბ, ბაბილონის თალმუდი). აი, რას ყვება შტეინზალცი ამ კრებების შესახებ: „აკადემიის თავმჯდომარე ან ბრძენი, რომელიც კითხულობს ამ ლექციას, იძლეოდა პრობლემების საკუთარ ინტერპრეტაციას. ხშირად აუდიტორიაში მყოფი სწავლულები მას სხვა წყაროებზე, კანონის განმმარტებლების მიერ ნათქვამზე ან თავიანთ ლოგიკურ დასკვნებზე, დაფუძნებულ შეკითხვებს აყრიდნენ. ზოგჯერ დებატები ძალიან მოკლე იყო და დასმულ კითხვაზე ნათელი, დამაჯერებელი პასუხით ამოიწურებოდა. სხვა შემთხვევებში ზოგი სწავლული იძლეოდა ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, რასაც ხანგრძლივი დებატები მოჰყვებოდა“. ყველა მსმენელს შეეძლო დებატებში მონაწილეობის მიღება. საკითხი, რომელსაც ნათელი ეფინებოდა შეხვედრაზე, გადაეცემოდა სხვა აკადემიებს, რათა სხვა სწავლულებსაც განეხილათ ის.

      მაგრამ ეს შეხვედრები კანონთმცოდნეების მხოლოდ დაუსრულებელი დებატები არ ყოფილა. იუდეველთა რელიგიურ კანონებსა და წესებთან დაკავშირებულ საკითხებს „ალახა“ ეწოდებოდა. ამ სახელის ფუძე მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „წასვლა“ და მიუთითებს „სიცოცხლის გზაზე, რომელიც პიროვნებამ უნდა განვლოს“. ყველა დანარჩენ საკითხს — რაბინებისა და ბიბლიური პერსონაჟების შესახებ ისტორიას, ბრძნულ გამონათქვამებს, რწმენისა და ფილოსოფიის შესახებ წარმოდგენას — „აგადა“ ეწოდება, რომლის ფუძე არის ებრაული სიტყვა „თქმა“. „ალახასა“ და „აგადას“ რაბინების დებატების დროს ერთმანეთში ურევდნენ.

      თალმუდის შესახებ თავის წიგნში მორის ადლერი აღნიშნავს: „ბრძენი მოძღვარი ყველანაირად ცდილობდა, რომ დიდხანს არ გაგრძელებულიყო კანონებზე კამათი, შეცვლიდა თემას და საუბარს უფრო სასარგებლო მიმართულებით წარმართავდა. . . ამგვარად, ჩვენ ვხედავთ ლეგენდებსა და ისტორიას, იმდროინდელი მეცნიერებისა და ფოლკლორის, ბიბლიის განმარტებებისა და ბიოგრაფიების, ქადაგებისა და თეოლოგიის ერთურთთან ისე შერწყმას, რომ აკადემიის გზებში ჩაუხედავ პიროვნებას შეიძლება ყოველივე ეს საოცრად არეულ-დარეულ მონაცემებად მოეჩვენოს“ (The World of the Talmud). იმ აკადემიების სწავლულებისთვის ყველა ასეთ არევ-დარევას თავისი დანიშნულება ჰქონდა და საკამათო საკითხთან იყო დაკავშირებული. „ალახა“ და „აგადა“ იმ ახალი შენობის შემადგენელი ნაწილები იყო, რომელსაც რაბინული აკადემიები აგებდნენ.

      ორი თალმუდის შექმნა

      საბოლოოდ, მთავარმა რაბინულმა ცენტრმა პალესტინიდან ტიბერიაში გადაინაცვლა. სხვა მნიშვნელოვანი აკადემიები მდებარეობდა ციფორში, კესარიასა და ლიდაში. მაგრამ ეკონომიკის დანგრევამ, მუდმივმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და, ბოლოს, განდგომილი ქრისტიანების მხრიდან ზეგავლენამა და დევნამ იმიგრაცია გამოიწვია აღმოსავლეთში იუდეველთა მოსახლეობის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრში — ბაბილონში.

      საუკუნეების განმავლობაში დადიოდნენ მოწაფეები ბაბილონიდან პალესტინაში, რათა იქაური აკადემიების დიდ რაბინებთან ესწავლათ. ერთ-ერთი ასეთი მოწაფე იყო აბა ბენ იბო, რომელსაც აბა არიხასაც (ანუ აბა აწოწილს) ეძახდნენ, მაგრამ მოგვიანებით მას მხოლოდ რაბად იცნობდნენ. ანასისთან განსწავლის შემდეგ იეჰუდა დაახლოებით ახ. წ. 219 წელს ბაბილონში დაბრუნდა, რაც ბაბილონში მცხოვრები იუდეველების სულიერობაში გარდამტეხი პერიოდი იყო. რაბმა სურაში დააფუძნა აკადემია, სადაც იუდეველები მრავლად იყვნენ, მაგრამ სწავლულები ცოტა ჰყავდათ. მისმა სახელმა ამ აკადემიაში 1 200 მუდმივი მოსწავლე მიიზიდა, ხოლო იუდეველთა კალენდრით ადარისა და ელულის თვეებში დამსწრეთა რიცხვი ათასობით იზრდებოდა. რაბის თანამედროვემ, გამოჩენილმა შმუელმა, მე არ დეყაში დააფუძნა აკადემია. სხვა მნიშვნელოვანი აკადემიები დაარსდა პუმბედიტსა და მეჰოზაში.

      ახლა საჭირო აღარ იყო პალესტინაში წასვლა, რადგან მსურველს შეეძლო ბაბილონის დიდ სწავლულებთან ესწავლა. მიშნას დამოუკიდებელ ტექსტად გამოცემამ, ბაბილონის აკადემიების სრულ დამოუკიდებლობას გაუხსნა გზა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის პალესტინასა და ბაბილონში სწავლების განსხვავებული სტილი და მეთოდები იყო, მასწავლებლების ხშირმა ურთიერთობამ და გაცვლა-გამოცვლამ აკადემიებს შორის ერთიანობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

      ახ. წ. მეოთხე საუკუნის მიწურულსა და მეხუთე საუკუნის დასაწყისში პალესტინაში მყოფ იუდეველთა მდგომარეობა მეტად მძიმე გახდა. დაახლოებით ახ. წ. 425 წლისთვის განდგომილმა ქრისტიანულმა სამყარომ, რომელიც უფრო და უფრო გავლენიანი ხდებოდა, დაიწყო ინტენსიური შეზღუდვები და დევნა, რაც სინედრიონისა და ნასის (პატრიარქობის) გაუქმების საკითხში საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა. ამიტომ პალესტინელმა ამორაიმებმა გადაწყვიტეს, ერთ გამართულ ნაშრომად გაეერთიანებინათ აკადემიებში გამართული დებატების შედეგები, რაც მათ გადარჩენას მოემსახურებოდა. ეს ნაშრომი, რომელიც ნაჩქარევად დაასრულეს ახ. წ. მეოთხე საუკუნის მიწურულს, ცნობილი გახდა როგორც პალესტინური თალმუდიb.

      იმ დროს, როდესაც პალესტინაში აკადემიები იხურებოდა, ბაბილონელმა ამორაიმებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს. აბაიემ და რაბამ დებატები რთული და მოსწრებული არგუმენტაციის დონემდე აიყვანეს, რაც მოგვიანებით თალმუდური ანალიზის მოდელი გახდა. შემდეგ აშიმ, სურას აკადემიის წინამძღოლმა (ახ. წ. 371—427წწ.), დაიწყო ამ დებატების შეკრება და გამოცემა. შტეინზალცის ნათქვამის თანახმად, მან ეს გააკეთა დიდი „სიფრთხილით, რადგან შიშობდა, რომ ამ ვრცელ, დაულაგებელ ზეპირ მასალას გაქრობის საშიშროება ემუქრებოდა“.

      ამ უზარმაზარ მასალას ერთი კაცი ან ერთი თაობაც კი ვერ გადმოსცემდა თანმიმდევრულად. ბაბილონში ამორაიმების პერიოდი ახ. წ. მეხუთე საუკუნეში დასრულდა, მაგრამ ბაბილონური თალმუდის საბოლოო რედაქტირება ახ. წ. მეექვსე საუკუნემდე გაგრძელდა და ამას აკეთებდა ჯგუფი, რომელსაც საბორიმები ეწოდებოდა. სიტყვა „საბორიმი“ არამეულ ენაზე ნიშნავს „პიროვნებას, ვინც მსჯელობს“, ანუ „პიროვნებას, რომელიც აზრს გამოთქვამს“. ამ ბოლო გამომცემლებმა თავი მოუყარეს ათასობით დაუმთავრებელ აზრსა და რაბინების საუკუნოვან დებატებს; ბაბილონის თალმუდს მისცეს ისეთი სტილი და სტრუქტურა, რომ ის გამოირჩეოდა იუდეველთა ადრინდელი ნებისმიერი ნაშრომიდან.

      რა დანიშნულება შეასრულა თალმუდმა?

      თალმუდის შემქმნელი რაბინები ამტკიცებდნენ, რომ მიშნა და ებრაული წერილები ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობდა. რისთვის სჭირდებოდათ მათ ამის დამტკიცება? იაკობ ნოისნერი აღნიშნავს: „თითქოს ეს ითქვა მიშნას რეპუტაციის დასაცავად. მაგრამ ამის ძირითადი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, იყო ის, რომ თვითონ ამ ბრძენებს მოეპოვებინათ ავტორიტეტი“. ამ ავტორიტეტის განსამტკიცებლად მიშნის ნებისმიერ პწკარს, ზოგჯერ ნებისმიერ სიტყვასაც კი, იკვლევდნენ, განიხილავდნენ, განმარტავდნენ ან გარკვეული სახით აყალიბებდნენ. ნოისნერი აღნიშნავს, რომ ამგვარად რაბინებმა „მიშნას მიმართულება შეუცვალეს“. მიუხედავად იმისა, რომ მიშნა დასრულებული ნაშრომი იყო, მოხდა მისი დაყოფა, რის დროსაც ის განახლებულ იქნა, ხელახლა იქნა ჩამოყალიბებული.

      ეს ახალი ნაშრომი — თალმუდი — რაბინების მიზნებს ემსახურებოდა. მათ შექმნეს ანალიზების წესები, რის შედეგადაც თალმუდი ხალხს რაბინებისმაგვარად აზროვნებას ასწავლიდა. რაბინებს სწამდათ, რომ მათი სწავლებისა და ანალიზის მეთოდი ღვთის აზროვნებას ირეკლავდა. თალმუდის სწავლება გახდა მიზანი, თაყვანისცემის ფორმა — ეს იყო გონების თითქოსდა ღვთის მსგავსად გამოყენება. მომავალი თაობები თალმუდს მსგავსადვე უყურებდნენ. შედეგი? ისტორიკოსი სესილ როთი წერს: «თალმუდმა. . . განსაკუთრებული კვალი დატოვა [იუდეველებზე]; მან და ამ ხალხის ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ერთიანობის სულის განსაკუთრებულმა ძალამ ისინი სხვებისგან გამოყო. მისმა ლოგიკამ ალესა ამ ხალხის მახვილგონიერება და მიანიჭა. . . გამჭრიახობა. . . თალმუდმა შუა საუკუნეების დევნილ იუდეველებს მისცა სხვა სამყარო, სადაც თავშესაფრის პოვნა შეეძლოთ. . . მან მათ მისცა „სამშობლო“, რომლის თან ტარებაც ყოველთვის შეეძლოთ, მაშინ როცა საკუთარ სამშობლო დაკარგული ჰქონდათ».

      სხვა ხალხებისთვის რაბინების აზროვნების გადაცემაში, თალმუდს ნამდვილად დიდი ძალა ჰქონდა. მაგრამ საკითხავი ყველასთვის, როგორც იუდეველებისთვის, ისე არაიუდეველებისთვის, აი, რა არის — ნამდვილად ირეკლავს თალმუდი ღვთის აზროვნებას? (1 კორინთელთა 2:11–16).

  • რა არის თალმუდი?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
    • ორი თალმუდი — რა განსხვავებაა მათ შორის?

      ებრაული სიტყვა „თალმუდი“ „სწავლას“ ან „მოძღვრებას“ ნიშნავს. პალესტინელი და ბაბილონელი ამორაიმები სწავლობდნენ, ანუ აანალიზებდნენ, მიშნას. ორივე თალმუდი (პალესტინური და ბაბილონის) ემსახურება ამ მიზანს, მაგრამ რა განსხვავებაა მათ შორის? იაკობ ნოისნერი წერს: „პირველი თალმუდი აანალიზებს მტკიცებებს, მეორე — იკვლევს წინაპირობებს; პირველი მთლიანად შემოიფარგლება გარკვეული საკითხის შესწავლით, მეორე საკმაოდ სცილდება ამ ფარგლებს“.

      უფრო ვრცელი და სრული ბაბილონის თალმუდი არა მარტო შედარებით დიდტანიანი წიგნია, არამედ უფრო ღრმაცაა და უფროა გამსჭვალული აზროვნებისა და ანალიზის მეთოდებით. როდესაც მოიხსენიებენ სიტყვა „თალმუდს“, ჩვეულებრივ, ბაბილონის თალმუდს გულისხმობენ. საუკუნეების განმავლობაში უმეტესწილად ამ თალმუდს სწავლობდნენ და უკეთებდნენ კომენტარებს. ნოისნერის აზრით, პალესტინური თალმუდი „მცოდნეების მიერ შესრულებული ნაშრომია“, ხოლო ბაბილონისა — „გენიოსების“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება