-
„სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
-
-
მაგრამ ეს ხელგაშლილი იუდეველები მოგვიანებით გაღარიბდნენ. ბიბლია ზუსტად არ ამბობს, თუ რით იყო ეს გამოწვეული. ზოგი სწავლულის აზრით, ამის მიზეზი შიმშილობა იყო, რომელზედაც საქმეების 11:28, 29-შია ლაპარაკი. ნებისმიერ შემთხვევაში, იუდეველი ქრისტიანები საშინელ გასაჭირში აღმოჩნდნენ და პავლეს სურდა, დახმარებოდა მათ. როგორ მოიქცა პავლე?
შეგროვება გაჭირვებულთათვის
პავლემ მაკედონიაში არსებული კრებები შეიპირა, რომ დაეხმარებოდნენ და ორგანიზება გაუწია იუდეაში მცხოვრები გაჭირვებული ქრისტიანებისთვის შესაწირავების შეგროვებას. პავლემ კორინთელებს მისწერა: „როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, წარმატებისამებრ“a (1 კორინთელთა 16:1, 2).
პავლეს განზრახული ჰქონდა, რომ ეს ფულადი სახსრები სწრაფად გაეგზავნათ ძმებისთვის იერუსალიმში, მაგრამ კორინთელები არ ცდილობდნენ პავლეს მითითებების სწრაფად შესრულებას. რატომ? გულგრილები ხომ არ იყვნენ გასაჭირში მყოფი იუდეველი ძმების მიმართ? არა, რადგან პავლემ იცოდა, რომ კორინთელებს ‘სიუხვე ჰქონდათ ყველაფერში: რწმენაში, სიტყვაში, შემეცნებასა და სიბეჯითეში’ (2 კორინთელთა 8:7). შესაძლებელია, ისინი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდნენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა შესახებაც პავლემ მათ თავის პირველ წერილში მისწერა. მაგრამ ახლა საჭირო იყო, იერუსალიმელი ძმებისთვის სწრაფად აღმოეჩინათ დახმარება. ასე რომ, პავლემ ამ საკითხთან დაკავშირებით კორინთელებს მეორე წერილი გაუგზავნა.
მოწოდება ხელგაშლილობისკენ
თავდაპირველად პავლემ კორინთელებს უთხრა, რომ მაკედონელები სამაგალითოდ გამოეხმაურნენ დახმარების გაწევის ღონისძიებას. „მიუხედავად დიდი შევიწროებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში“, — წერდა პავლე. მაკედონელებს არ სჭირდებოდათ დაძალება. პირიქით, პავლემ თქვა, რომ ‘დიდი დაჟინებით სთხოვეს მონაწილეობის მიღება’. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მაკედონელები თავად იმყოფებოდნენ „სიღატაკის სიღრმეში“, მეტად ღირსშესანიშნავია მათ მიერ სიხარულით გამოვლენილი ხელგაშლილობა (2 კორინთელთა 8:2–4).
ხომ არ ცდილობდა პავლე მაკედონელთა შექებით, კორინთელებს შორის მეტოქეობის სულის აღძვრას? სულაც არა, რადგან მან იცოდა, რომ წახალისებისთვის ეს არ იყო სათანადო მეთოდი (გალატელთა 6:4). გარდა ამისა, მან იცოდა, რომ კორინთელებს არ სჭირდებოდათ შერცხვენა, რომ კეთილი საქმე გაეკეთებინათ. პირიქით, ის დარწმუნებული იყო, რომ კორინთელებს ნამდვილად უყვარდათ თავიანთი იუდეველი ძმები და სურდათ დახმარებოდნენ მათ. პავლემ უთხრა კორინთელებს: „შარშან წამოიწყეთ და ხალისითაც“ (2 კორინთელთა 8:10). მართლაც, დახმარების გაწევის ზოგიერთ საკითხში კორინთელები სამაგალითოები იყვნენ. „ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი თქვენით მაკედონელთა წინაშე, — უთხრა პავლემ მათ და დაამატა, — მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ“ (2 კორინთელთა 9:2). კორინთელებს ახლაც უნდა ემოქმედათ თავიანთი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით.
აქედან გამომდინარე, პავლემ უთხრა მათ: „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7). მაშ, პავლეს მიზანი არ ყოფილა, ზეგავლენა მოეხდინა კორინთელებზე, რადგან შეუძლებელია ადამიანი სიხარულით გამცემი იყოს, როდესაც ძალდატანებით აკეთებინებენ ამას. ცხადია, პავლე ფიქრობდა, რომ მათ უკვე ჰქონდათ სწორი აღძვრა, რადგან თითოეულს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გაცემა. პავლემ მათ ისიც უთხრა, რომ „როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელთა 8:12). დიახ, როდესაც გულმოდგინებითა და სიყვარულით ვწირავთ, რამდენად მცირეც უნდა იყოს შესაწირავი, მისაღები იქნება ღვთისთვის (შეადარეთ ლუკა 21:1–4).
-
-
„სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
-
-
a მიუხედავად იმისა, რომ პავლემ ‘დაუწესა’, ეს არ ნიშნავდა დიქტატორულ, იძულებით მოთხოვნას. ნაცვლად ამისა, პავლე უბრალოდ მეთვალყურეობდა რამდენიმე კრების მიერ შესაწირავების შეგროვებას. ამასთან, პავლემ თქვა, რომ თითოეულს ‘თავის მხრივ’ უნდა გაეღო, ‘წარმატებისამებრ’. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაწირავი ნებაყოფლობით უნდა ყოფილიყო გაღებული. ძალა არავისთვის დაუტანებიათ.
-