საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რაშია ბედნიერების საიდუმლო
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო თვალსაზრისს უსწორებს ერთ ქალს, რომელიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედამისს, მარიამს

      თავი 75

      რაშია ბედნიერების საიდუმლო

      ლუკა 11:14—36

      • იესო „ღვთის ხელით“ დევნის დემონებს

      • რა არის ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო

      იესომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ აუხსნა თავის მიმდევრებს, როგორ უნდა ელოცათ, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მას ორჯერ მოუწია ერთსა და იმავე საკითხზე საუბარი. ამჯერად იესო იმეორებს მის მიერ ერთხელ უკვე მოყვანილ მაგალითს კაცზე, რომლისგანაც უწმინდური სული გამოდის. გალილეაში ყოფნის დროს, როდესაც იესომ სასწაულები მოახდინა, მას ცრუ ბრალდება წაუყენეს, თითქოს, ის დემონების მმართველის ძალით მოქმედებდა. ახლა, იუდეაშიც ასეთივე ბრალდებას უყენებენ.

      როცა იესო დემონის მიერ დამუნჯებულ კაცს მისი ტყვეობისგან ათავისუფლებს, ხალხი გაოცებას ვერ მალავს. თუმცა სრულიად საპირისპიროს გრძნობენ იესოს მოწინააღმდეგეები. ისინი იმაში ადანაშაულებენ მას, რაშიც ადრე სხვებმა დაადანაშაულეს: „ის დემონებს ბელზებელის, დემონების მმართველის მეშვეობით დევნის“ (ლუკა 11:15). სხვები, რომელთაც სურთ, მეტი გაიგონ იესოს ვინაობის შესახებ, სთხოვენ მას, ზეციდან ნიშანი უჩვენოს.

      იესო ხვდება, რომ მათ მისი გამოცდა სურთ და ამიტომ ისევე პასუხობს, როგორც გალილეაში ყოფნისას უპასუხა თავის მოწინააღმდეგეებს. ის ამბობს, რომ თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო დაემხობა და ასეთ მსჯელობას ავითარებს: „თუ სატანაც თავისივე წინააღმდეგ არის გაყოფილი, როგორღა გაძლებს მისი სამეფო?“. შემდეგ იესო პირდაპირ ეუბნება ხალხს: „თუ ღვთის ხელით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო“ (ლუკა 11:18—20).

      როცა იესომ „ღვთის ხელი“, სიტყვასიტყვით „ღვთის თითი“ ახსენა, წესით მის მსმენელებს, ისრაელის ისტორიაში მომხდარი ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა გახსენებოდათ. მაშინ ფარაონის სახლეულობას, რომელმაც მოსეს მიერ მოხდენილი სასწაული იხილეს, აღმოხდა: „ღვთის ხელია ეს!“. სწორედ ღვთის ხელით, მისი თითით დაიწერა ორ ქვის ფილაზე ათი მცნება (გამოსვლა 8:19; 31:18). მსგავსად, „ღვთის თითით“ ანუ მისი წმინდა სულით, იგივე მოქმედი ძალის მეშვეობით შეუძლია იესოს დემონების განდევნა და ავადმყოფების განკურნება. აქედან გამომდინარე, იესო სრულ სიმართლეს ამბობს, როცა თავის მოწინააღმდეგეებს ეუბნება, გვერდზე დაგრჩენიათო ღვთის სამეფო, რადგან ახლა მათ თვალწინ ასეთ დიდებულ საქმეებს სწორედ ღვთის მიერ თავისი სამეფოსთვის არჩეული მეფე, იესო იქმს.

      ის, რომ იესოს დემონების განდევნის ძალა აქვს, იმას ნათელყოფს, რომ მას სატანის დაჯაბნაც შეუძლია. ეს იმის მსგავსია, რომ კარგად შეიარაღებულ კაცს, რომელიც სასახლეს იცავს, მასზე ძლიერი ადამიანი დაესხას თავს და დაჯაბნოს. იესო აგრეთვე იმეორებს იმ მაგალითს, რომელიც უწმინდურ სულზე მოიყვანა. როგორც იესო ამბობს, ეს უწმინდური სული ტოვებს კაცს, მაგრამ თუ ეს კაცი სიცარიელეს კარგით არ შეივსებს, ეს სული კვლავ დაბრუნდება, ოღონდ ამჯერად სხვა შვიდ სულთან ერთად და საბოლოოდ, იმაზე საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე თავიდან იყო (მათე 12:22, 25—29, 43—45). სწორედ ეს დაემართა ისრაელ ერს.

      ერთი ქალი, რომელიც იესოს უსმენს, აღფრთოვანებას ვერ მალავს და ამბობს: „ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!“. ყველა იუდეველი ქალი ოცნებობდა, რომ წინასწარმეტყველის, მით უმეტეს მესიის დედა გამხდარიყო. შეიძლება სწორედ ამიტომ ფიქრობს ეს ქალი, რომ იესოს დედა, მარიამი განსაკუთრებულად ბედნიერია, რადგან მისი ვაჟი უბადლო მასწავლებელია. მაგრამ იესო უსწორებს ამ ქალს თვალსაზრისს და უხსნის, რა არის სინამდვილეში ბედნიერების საიდუმლო: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას“ (ლუკა 11:27, 28). იესოს არასდროს უთქვამს, რომ მარიამი განსაკუთრებული პატივის მიგების ღირსია. სინამდვილეში ბედნიერებისთვის მნიშვნელობა არა აქვს ნათესაურ კავშირსა თუ რაიმე მიღწევას. კაციც და ქალიც ბედნიერი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ერთგულად ემსახურება ღმერთს.

      როგორც გალილეაში ყოფნის დროს, ისე ახლაც იესო საყვედურობს იმ ხალხს, რომლებიც სთხოვენ, ზეციდან ნიშანი უჩვენოს. ის ამბობს, რომ „იონას ნიშნის გარდა“ სხვა ნიშანი არ მიეცემათ. იესო „იონას ნიშანში“ ორ რამეს გულისხმობს: ერთი ის, რომ იონამ თევზის მუცელში სამი დღე დაჰყო და მეორე ის, რომ გაბედულად ქადაგებდა, რისი წყალობითაც ნინეველები მონანიებისკენ აღიძრნენ. შემდეგ იესო დასძენს: „მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი“ (ლუკა 11:29—32). იესო სოლომონზე დიდიცაა, რომლის სიბრძნის მოსასმენადაც საბას დედოფალმა დიდი მანძილი გამოიარა.

      იესო ამბობს: „ლამპარს რომ ანთებენ, სარდაფში ან საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე“ (ლუკა 11:33). ის შესაძლოა გულისხმობს, რომ ამ ხალხისთვის ქადაგება და მათ წინაშე სასწაულების მოხდენა იმის მსგავსია, რომ ლამპარი საწყაოს ქვეშ დადგა. ვინაიდან მათი თვალი მნიშვნელოვანი რამისკენ არ არის მიპყრობილი, მხედველობიდან რჩებათ ის, თუ რა მიზნით აკეთებს იესო ასეთ საქმეებს.

      იესომ ეს-ესაა გაათავისუფლა კაცი დემონის ტყვეობისგან, რომელმაც მას მეტყველების უნარი წაართვა. ამას უნდა აღეძრა ხალხი, განედიდებინათ ღმერთი და სხვებისთვის იეჰოვას დიდებული საქმეების შესახებ ეუწყებინათ. ამიტომ იესო თავის ბრალმდებლებს აფრთხილებს: „ფხიზლად იყავი, შეიძლება შენში მყოფი სინათლე სიბნელე იყოს. თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არც ერთი ნაწილი არ არის ბნელი, იგი სინათლის მომცემი ლამპარივით ნათელი იქნება“ (ლუკა 11:35, 36).

  • იესო ერთ ფარისეველს სტუმრობს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო განსჯის ფარისევლებს მათი ტრადიციებისა და თვალთმაქცობისთვის

      თავი 76

      იესო ერთ ფარისეველს სტუმრობს

      ლუკა 11:37—54

      • იესო კიცხავს თვალთმაქც ფარისევლებს

      იუდეაში ყოფნის დროს იესოს ერთი ფარისეველი ეპატიჟება, რაზეც ის თანხმდება. როგორც ჩანს, იესო დღის საათებში სადილზეა მიწვეული და არა ვახშამზე (ლუკა 11:37, 38; შეადარეთ ლუკას 14:12). სადილის დაწყებამდე ფარისევლები, წესისამებრ, ხელებს იდაყვებამდე იბანენ. მაგრამ იესო ასე არ იქცევა (მათე 15:1, 2). ამ რიტუალით ღვთის კანონი არ ირღვევა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის, რასაც ღმერთი ითხოვს.

      ფარისევლებს აკვირვებთ, რატომ არ იცავს იესო ამ ტრადიციას, რაც მას შეუმჩნეველი არ რჩება. იესო ამბობს: „თქვენ, ფარისევლები, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსე ხართ ნაძარცვითა და ბოროტებით. უგუნურნო! განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?“ (ლუკა 11:39, 40).

      ამ სიტყვებით იესო ფარისეველთა თვალთმაქცობას ხდის ფარდას. მართალია, ფარისევლები და სხვები, წესისამებრ, ყოველთვის იბანენ ხელებს, მაგრამ გულებს არ ისუფთავებენ ბოროტებისგან. ამიტომ იესო ასეთ რჩევას აძლევს მათ: „გაეცით მოწყალებად შინაგანი და ყველაფერი სუფთა გექნებათ“ (ლუკა 11:41). ეს სრული ჭეშმარიტებაა! გაცემისკენ გულში მოჭარბებული სიყვარული უნდა გვიბიძგებდეს და არა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი, რომ თითქოსდა ძალიან მართლები ვართ.

      იესოს მსმენელები კი გასცემენ, მაგრამ ავიწყდებათ გაცილებით მნიშვნელოვანი, რაზეც იესო უმახვილებს ყურადღებას: „იხდით პიტნის, ტეგანისა და სხვა მწვანილეულის მეათედს, ღვთის სამართალსა და სიყვარულს კი გვერდს უვლით!“ (ლუკა 11:42). ღვთის კანონის თანახმად მეათედის შეწირვა მოითხოვებოდა (კანონი 14:22). ამაში შედიოდა პიტნა, ტეგანი და მწვანილეულობა, რომელთაც საჭმლის შესაკმაზად იყენებდნენ. ფარისევლები ზედმიწევნით ასრულებდნენ ამ მოთხოვნას, მაგრამ რა შეიძლება ითქვას გაცილებით მნიშვნელოვანზე, რისი დაცვაც ღვთის კანონით მოითხოვებოდა, კერძოდ სამართლიანობის გამოვლენასა და ღვთის წინაშე მოკრძალებით სიარულზე? (მიქა 6:8).

      იესო განაგრძობს: „ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან გიყვართ წინა ადგილები სინაგოგებში და მისალმება მოედნებზე! ვაი თქვენ, რადგან შეუმჩნეველ სამარხებს ჰგავხართ, რომლებზეც ადამიანები დააბიჯებენ და არც კი იციან!“ (ლუკა 11:43, 44). დიახ, თუ ადამიანი შემთხვევით დააბიჯებდა ფეხს შეუმჩნეველ სამარხს, რიტუალური თვალსაზრისით უწმინდური გახდებოდა. იესო ამ ფაქტს იმის საჩვენებლად უსვამს ხაზს, რომ ფარისევლების უწმინდურება დაფარულია (მათე 23:27).

      იესოს სიტყვებზე ერთი კანონის მცოდნე უკმაყოფილებას გამოთქვამს: „მოძღვარო, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას“. მაგრამ ასეთმა ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ისინი დახმარების ხელს არ უწვდიან ხალხს. იესო ამბობს: „ვაი თქვენც, კანონის მცოდნეებო, რადგან ძნელად სატარებელ ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ! ვაი თქვენ, რადგან სამარხებს უშენებთ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენმა მამა-პაპამ დახოცა!“ (ლუკა 11:45—47).

      იესო ტვირთში გულისხმობს ადამიანურ ტრადიციებსა და ფარისეველთა მიერ დამახინჯებულ კანონს. ისინი არ უმსუბუქებენ ხალხს ტვირთს, პირიქით უფრო უმძიმებენ და მის ტარებას აიძულებენ. აბელიდან მოყოლებული მათი წინაპრები ხოცავდნენ ღვთის წინასწარმეტყველებს. ახლა კი ისინი, ვინც ცდილობენ, თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს პატივს სცემენ წინასწარმეტყველებს და სამარხებს უშენებენ, სინამდვილეში თავიანთ მამა-პაპას ჰბაძავენ და მათ მსგავსად აზროვნებენ და იქცევიან. მათ ყველაზე დიდი წინასწარმეტყველის მოკვლაც კი აქვთ განზრახული. იესო ამბობს, რომ ღმერთი აუცილებლად აგებინებს პასუხს ამ თაობას და ეს ასეც მოხდა ამ მოვლენებიდან დაახლოებით 38 წელიწადში, ახ. წ. 70 წელს.

      იესო განაგრძობს: „ვაი თქვენ, კანონის მცოდნეებო, რადგან წაიღეთ ცოდნის გასაღები. არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებსაც ხელი შეუშალეთ!“ (ლუკა 11:52). ეს მამაკაცები, წესით, ხალხს ღვთის სიტყვას უნდა ასწავლიდნენ, მაგრამ ისინი ართმევენ მათ შესაძლებლობას, გაეცნონ ღვთის აზრებს და ჩასწვდნენ მისი სიტყვის სიღრმეებს.

      საინტერესოა, როგორ რეაგირებენ იესოს სიტყვებზე ფარისევლები და მწიგნობრები. ისინი აღშფოთებას ვერ მალავენ და სახლიდან გამოსულ იესოს კითხვას კითხვაზე უსვამენ. მათ მისგან რამის სწავლა კი არ სურთ, არამედ მახეს უგებენ, რომ ისეთი რამ ათქმევინონ, რაც მისი დაპატიმრების საბაბს მისცემთ.

  • მაგალითი მდიდარ კაცზე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • თვითკმაყოფილი მდიდარი დაგროვილ ქონებაზე ფიქრობს და ხარობს

      თავი 77

      მაგალითი მდიდარ კაცზე

      ლუკა 12:1—34

      • იესოს მაგალითი მოჰყავს მდიდარ კაცზე

      • იესოს ყორნების და შროშანების მაგალითი მოჰყავს

      • სამეფოს „მცირე სამწყსო“ დაიმკვიდრებს

      როცა იესო ერთი ფარისევლის სახლში სადილობს, გარეთ მის სანახავად მოსული ათასობით ადამიანი იყრის თავს. მსგავსი რამ გალილეაში მსახურების დროსაც ხდებოდა (მარკოზი 1:33; 2:2; 3:9). აქ, იუდეაში ბევრს სურს მისი ნახვა და მოსმენა. მათ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და არ ჰგვანან იმ ფარისევლებს, რომლებმაც იესოსთან ერთად ისადილეს.

      ფარისევლის სახლიდან გამოსვლის შემდეგ იესო ისეთ რამეს ამბობს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი მოწაფეებისთვის: „მოერიდეთ ფარისევლების საფუარს — თვალთმაქცობას“. იესომ ეს რჩევა მანამდეც მისცა მოწაფეებს, მაგრამ ახლა ფარისეველთან სტუმრობის დროს დარწმუნდა, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს მართლაც დროული რჩევაა (ლუკა 12:1; მარკოზი 8:15). ფარისევლები შეიძლება ცდილობენ, ღვთისმოსაობის საბურველში გახვიონ საკუთარი ბოროტება, მაგრამ მათ მანკიერებას აუცილებლად უნდა აეხადოს ფარდა, რადგან ხალხს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იესო უხსნის მსმენელს: „არაფერია საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება, და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება“ (ლუკა 12:2).

      როგორც ჩანს, იესოს გარშემო თავმოყრილი ხალხის უმეტესობა იუდეიდანაა, რომელთაც არ მოუსმენიათ გალილეაში მისი ქადაგებისთვის. ამიტომ ის იმეორებს იმ მნიშვნელოვან აზრებს, რომლებსაც ადრე უკვე გაუსვა ხაზი. იგი მოუწოდებს ყველა იქ მყოფს: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს და მეტი აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია“ (ლუკა 12:4). როგორც ადრე, ისე ახლაც იესო აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია, მის მიმდევრებს იოტისოდენა ეჭვიც კი არ შეეპაროთ იმაში, რომ ღმერთი იზრუნებს მათზე. აგრეთვე მათ უნდა მიიღონ „კაცის ძე“ და გააცნობიერონ, რომ ღმერთს მათთვის დახმარების აღმოჩენის ძალა შესწევს (მათე 10:19, 20, 26—33; 12:31, 32).

      ამის შემდეგ შეკრებილთა შორის ერთი კაცი თავის საწუხარს გამოთქვამს და იესოს სთხოვს: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“ (ლუკა 12:13). კანონის თანახმად, მემკვიდრეობის ორმაგ წილს პირმშო იღებდა; ამიტომ სადავო აქ არაფერია (კანონი 21:17). თუმცა, როგორც ჩანს, ამ კაცს იმაზე მეტის მიღება სურს, ვიდრე კანონით ეკუთვნის. იესო გონივრულად იქცევა და არც ერთის მხარეს არ იკავებს. ის ეკითხება კაცს: „ადამიანო, ვინ დამნიშნა თქვენს მოსამართლედ ანდა გამნაწილებლად?“ (ლუკა 12:14).

      იესო შემდეგ ასეთ გაფრთხილებას აძლევს მსმენელს: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). რამხელა ქონებასაც არ უნდა ფლობდეს კაცი, ერთ დღეს მაინც დაუდგება სიკვდილის დღე და ყველაფერი ოხრად დარჩება. შემდეგ იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ადამიანს ღვთის თვალში კარგი სახელი ჰქონდეს, იესოს ისეთი მაგალითი მოჰყავს, რაც ძნელად თუ დაავიწყდება ვინმეს:

      «ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. თავისთვის ფიქრობდა: „რა ვქნა, ადგილი არა მაქვს მოსავლის დასაბინავებლად?“ თქვა: „აი, რას ვიზამ, ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. შემდეგ ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“ ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი» (ლუკა 12:16—21).

      თავისუფლად შეიძლებოდა როგორც იესოს მოწაფეები, ისე სხვები სიმდიდრისა და ქონების დაგროვების მახეში გაბმულიყვნენ, ან ცხოვრებისეულ საზრუნავს ისე შთაენთქა, რომ ღვთის მსახურება უმნიშვნელო გამხდარიყო მათთვის. ამიტომ იესო უმეორებს იმ რჩევას, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა:

      „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ . . . დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ. თქვენ კი რამდენად უფრო ძვირფასები ხართ ფრინველებზე? . . დაუკვირდით, როგორ იზრდებიან შროშანები: არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით: დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი . . . ამიტომ ნუღარ დაუწყებთ ძებნას, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუღარ წუხხართ . . . თქვენმა მამამ კი იცის, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე . . . ეძებეთ მისი სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ“ (ლუკა 12:22—31; მათე 6:25—33).

      ვინ იქნება მათ შორის, ვინც, ასე ვთქვათ, ძებნას დაუწყებს ღვთის სამეფოს? იესოს სიტყვების თანახმად, მათი რიცხვი საკმაოდ მცირე იქნება, რადგან „მცირე სამწყსო“ ეწოდებათ. ესენი არიან ერთგული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი. მოგვიანებით მათი რიცხვიც გამოიკვეთა — 144 000. რა ელის მათ? იესო არწმუნებს: „თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დედამიწაზე დააგროვებენ ქონებას, რისი მოპარვაც ქურდებს შეუძლიათ. სინამდვილეში მათი გული იქ იქნება, სადაც „ულევ განძს“ დააგროვებენ ანუ ზეცაში, სადაც ქრისტესთან ერთად იმეფებენ (ლუკა 12:32—34).

  • მზად იყავი ერთგულო მმართველო!
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ორი კაცი ანთებული ლამპრით ხელში ბატონის დაბრუნებას ელის

      თავი 78

      მზად იყავი ერთგულო მმართველო!

      ლუკა 12:35—59

      • ერთგული მმართველი მზად უნდა იყოს

      • იესო დედამიწაზე „განხეთქილების მოსატანად“ მოვიდა

      როგორც იესომ აღნიშნა, მხოლოდ „მცირე სამწყსო“ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს (ლუკა 12:32). ამ საოცარ ძღვენს გულგრილად არ უნდა მოეკიდოს ამ სამწყსოს არც ერთი წევრი. იესო ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მას, ვინც სამეფო უნდა დაიმკვიდროს, სწორი განწყობა ჰქონდეს.

      აქედან გამომდინარე, იესო არიგებს თავის მოწაფეებს, რომ მზად იყვნენ მისი მოსვლისთვის. იგი ამბობს: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული. მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელის, რომ როგორც კი მოვა და დააკაკუნებს, მაშინვე გაუღონ. ბედნიერები არიან მონები, რომლებსაც ფხიზლებს ნახავს დაბრუნებული ბატონი!“ (ლუკა 12:35—37).

      მოწაფეებისთვის, წესით, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ამ მაგალითის თანახმად, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. იესო ამბობს, რომ მსახურები მზადყოფნით ელოდებიან ბატონის დაბრუნებას, შემდეგ კი ხსნის: „თუ [ბატონი] მეორე [დაახლოებით საღამოს ცხრა საათიდან შუაღამემდე] ან თუნდაც მესამე გუშაგობისას [შუაღამიდან დაახლოებით დილის სამ საათამდე] მივა და მათ ასე ნახავს, ბედნიერები არიან ისინი!“ (ლუკა 12:38).

      ამ მაგალითით იესოს უფრო მეტის თქმა სურს, ვიდრე მხოლოდ ის, რომ მსახური გულმოდგინე უნდა იყოს. ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ შემოჰყავს იესოს, კაცის ძეს, საკუთარი თავი ამ მაგალითში. იგი თავის მოწაფეებს ეუბნება: „თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკა 12:40). აქედან ჩანს, რომ იესო მომავალში, დროის რაღაც მონაკვეთში მოვა. მას უნდა, რომ მისი მიმდევრები, განსაკუთრებით კი „მცირე სამწყსო“, მზად დახვდნენ.

      პეტრეს სურს, უფრო ღრმად ჩასწვდეს იესოს სიტყვების მნიშვნელობას, ამიტომ ეკითხება: „უფალო, მარტო ჩვენთვის ამბობ ამ მაგალითს, თუ სხვებისთვისაც?“. პირდაპირი პასუხის გაცემის ნაცვლად, იესოს მაგალითი მოჰყავს: „ვინ არის ერთგული და გონიერი მმართველი, რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ თავიანთი ულუფა? ბედნიერია ის მონა, თუ ასე მოქმედს ნახავს დაბრუნებული ბატონი! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (ლუკა 12:41—44).

      წინა მაგალითიდან აშკარად გამოჩნდა, რომ „ბატონში“ იესო, „კაცის ძე“, იგულისხმება. აქედან გამომდინარე, „ერთგულ მმართველში“ ის მამაკაცები შედიან, რომლებიც „მცირე სამწყსოს“ ნაწილი არიან და რომელთაც ღმერთი სამეფოს მისცემს (ლუკა 12:32). ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ამ ჯგუფის ზოგი წევრი „თავის [იესოს] მსახურებს“ საზრდოთი მოამარაგებს, ანუ დროულად მისცემს მათ თავიანთ ულუფას. ამიტომ პეტრეს და სხვა მოწაფეებს, რომლებსაც იესო ასწავლის და სულიერად აპურებს, შეუძლიათ დაასკვნან, რომ დადგება დრო, როცა „კაცის ძე“ მოვა. იმ დროს ორგანიზება გაეწევა იმას, რომ იესოს მიმდევრები ანუ ბატონის მსახურები სულიერი საზრდოთი იყვნენ მომარაგებული.

      იესო ახლა სხვა კუთხით ცდილობს, აჩვენოს თავის მიმდევრებს, რატომ არის აუცილებელი, იფხიზლონ და დააკვირდნენ საკუთარ თავს, თუ როგორი განწყობა აქვთ. ამას იესო იმიტომ უსვამს ხაზს, რომ სავსებით შესაძლებელია, ზოგი მოდუნდეს და თავისი თანამორწმუნეების წინააღმდეგაც კი წავიდეს. იესო აღნიშნავს: „მაგრამ, თუ ეს მონა გულში იტყვის, აყოვნებს ჩემი ბატონიო და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და დათრობას, მოვა ამ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათზე, რომელიც არ იცის, უსასტიკესად დასჯის მას და ორგულებთან დაუდებს წილს“ (ლუკა 12:45, 46).

      იესო ამბობს, რომ „დედამიწაზე ცეცხლის გასაჩაღებლად“ მოვიდა. დიახ, მან ისეთი საკითხები წამოჭრა, რაც ხალხში დიდ დაპირისპირებას იწვევს და ამის შედეგად დანთებული ცეცხლი, ასე ვთქვათ, შთანთქავს ცრუ სწავლებებსა და ადამიანურ ტრადიციებს. ეს ისეთ ადამიანებს შორისაც კი იწვევს განხეთქილებას, რომლებიც წესით და რიგით ყველაზე ახლოს უნდა იყვნენ ერთმანეთთან. იესო აღნიშნავს: „განხეთქილება ჩამოვარდება და მამა ვაჟის წინააღმდეგ იქნება, ვაჟი — მამის წინააღმდეგ, დედა — ასულის წინააღმდეგ, ასული — დედის წინააღმდეგ, დედამთილი — რძლის წინააღმდეგ, რძალი — დედამთილის წინააღმდეგ“ (ლუკა 12:49, 53).

      იესოს ეს სიტყვები განსაკუთრებით მოწაფეებს ეხებოდა; ახლა კი ის უკვე ხალხს მიმართავს. ბევრი ჯიუტად უარყოფს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც აშკარად ადასტურებს, რომ იესო მესიაა, ამიტომ იგი ეუბნება მათ: „როდესაც დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე ამბობთ, ქარიშხალი იქნებაო, და ასეც ხდება; ხოლო როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ, დიდ სიცხეებს დაიჭერსო, და ასეც ხდება. თვალთმაქცნო, თუ ის იცით, როგორ დააკვირდეთ ცასა და დედამიწას, ამ დროზე დაკვირვება როგორ არ შეგიძლიათ?“ (ლუკა 12:54—56). აშკარაა, რომ ისინი მზად არ არიან!

  • რატომ დაატყდება ებრაელ ერს სასჯელი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო შაბათ დღეს კურნავს ქალს, რის გამოც სინაგოგის წინამძღვარი აღშფოთებას ვერ მალავს

      თავი 79

      რატომ დაატყდება ებრაელ ერს სასჯელი

      ლუკა 13:1—21

      • იესო ხალხის გასაფრთხილებლად ორ უბედურ შემთხვევას იყენებს

      • იესო შაბათს ერთ ქალს კურნავს

      იესო მრავალგზის ეცადა, თავისი მსმენელი დაეფიქრებინა იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ღმერთთან. მას შემდეგ, რაც ფარისევლის სახლთან შეკრებილ ხალხს ესაუბრა, იესოს კიდევ ერთხელ მიეცა ზემოხსენებულ თემაზე საუბრის შესაძლებლობა.

      ამჯერად მის გარშემო შეკრებილთაგან ზოგი იუდეველთა თავს დატრიალებულ ერთ უბედურ შემთხვევას იხსენებს. ისინი ჰყვებიან „გალილეელთა შესახებ, რომელთა სისხლიც [რომაელმა მმართველმა პონტიუს] პილატემ მათივე მსხვერპლის სისხლს შეურია“ (ლუკა 13:1). რა აქვთ მათ მხედველობაში?

      შესაძლოა ეს გალილეელები მაშინ დაიხოცნენ, როდესაც ათასობით იუდეველი პროტესტის ნიშნად პილატეს წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ეს უკანასკნელი ტაძრის საგანძურიდან აღებულ თანხებს იერუსალიმში წყლის შეყვანის მიზნით აკვედუკის ასაგებად იყენებდა. როგორც ჩანს, პილატეს ამ თანხებზე იმიტომ მიუწვდებოდა ხელი, რომ ტაძარში გავლენიან პირებთან ჰქონდა საქმე დაჭერილი. ეს ხალხი, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას იხსენებს, შესაძლოა ფიქრობს, რომ გალილეელებს უბედურება თავიანთი ბოროტი საქმეების გამო დაატყდათ თავს. მაგრამ იესო არ ეთანხმება მათ.

      იგი ეკითხება: „ხომ არ გგონიათ, ეს გალილეელები სხვა გალილეელებზე ცოდვილები იყვნენ, ეს რომ დაემართათ?“. იესოს პასუხიდან ჩანს, რომ ის ასე არ ფიქრობს, თუმცა ამ შემთხვევას იუდეველთა გასაფრთხილებლად იყენებს. ის ამბობს: „თუ არ მოინანიებთ, ყველა მათსავით დაიღუპებით“ (ლუკა 13:2, 3). შემდეგ იესო სხვა უბედურ შემთხვევას მოიხსენიებს, რომელიც, როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა და სწორედ ამ აკვედუკის მშენებლობას უკავშირდება. ის ეკითხება მათ:

      „ხომ არ გგონიათ, იმ თვრამეტ კაცს, რომლებსაც სილოამში კოშკი დაეცა და დაიხოცნენ, უფრო მეტი ვალი ჰქონდათ, ვიდრე იერუსალიმის ყველა მკვიდრს?“ (ლუკა 13:4). შესაძლოა ხალხი ფიქრობს, რომ ეს ადამიანები თავიანთი ბოროტების გამო დაიხოცნენ. იესო ამჯერადაც არ ეთანხმება მათ. მან იცის, რომ ზოგჯერ „დრო და შემთხვევა“ იწვევს ასეთ უბედურებებს და, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა (ეკლესიასტე 9:11). თუმცა ხალხმა ამ ორი შემთხვევიდან რაღაც უნდა ისწავლოს. იესო ეუბნება მათ: „თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“ (ლუკა 13:5). საინტერესოა, ახლა რატომ ამბობს იესო ამ სიტყვებს.

      ლეღვის ხის შეფოთლილი ტოტი, რომელსაც ნაყოფი არ ასხია

      ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ თავისი მსახურების რომელ პერიოდში წარმოთქვამს იესო ამ სიტყვებს. აზრის გამოსაკვეთად მას ასეთი მაგალითი მოჰყავს: «ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა მასზე ნაყოფის სანახავად, მაგრამ ვერ ნახა. მაშინ მევენახეს უთხრა: „სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვზე ნაყოფის სანახავად, მაგრამ ვერ ვპოულობ. მოჭერი. ტყუილად რატომ უნდა ეკავოს მიწა?“ მან მიუგო: „ბატონო, წელსაც დააცადე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი. თუ გამოიღებს ნაყოფს, ხომ კარგი, თუ არადა, მოჭერი“» (ლუკა 13:6—9).

      სამ წელიწადზე მეტია, იესო ცდილობს, დაეხმაროს იუდეველებს, განივითარონ ღვთისადმი რწმენა, მაგრამ მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი უერთდება მის მიმდევართა რიგებს, და ისინი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალონ მისი შრომის ნაყოფად. უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც იესო მსახურობს; ახლა იგი კიდევ უფრო მეტ ძალ-ღონეს ახმარს ქადაგებას. გადატანითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, იესო, ასე ვთქვათ, იუდეველთა ლეღვის ხის გარშემო ბარავს და სასუქს ყრის, რადგან ქადაგებს და ასწავლის იუდეასა და პერეაში. საინტერესოა, რა ნაყოფს იღებს თავისი შრომის სანაცვლოდ. მის ცნობას ძალიან ცოტა იუდეველი ეხმაურება. მთლიანობაში ერი უარს ამბობს მონანიებაზე, რის გამოც სასჯელს დაიტეხს.

      მალე, შაბათ დღეს, როცა იესო სინაგოგაში ასწავლის, კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ იუდეველთა უმრავლესობა არაფრად აგდებს მის სიტყვებს. იესო ხედავს ქალს, რომელიც უკვე 18 წელია დემონის ტყვეობაშია; ის წელშია მოხრილი და ვერ იმართება. თანაგრძნობით გამსჭვალული იესო ეუბნება მას: „გათავისუფლებული ხარ უძლურებისგან“ (ლუკა 13:12). ადებს თუ არა იესო ხელს, ქალი მაშინვე იმართება წელში და ღვთის განდიდებას იწყებს.

      ისრაელ კაცს თავისი ხარი გაჰყავს ბაგიდან

      ამის დანახვაზე სინაგოგის წინამძღვარი აღშფოთებას ვერ მალავს და ამბობს: „საქმის საკეთებლად ექვსი დღე არსებობს. იმ დღეებში მოდით და განიკურნეთ, მაგრამ არა შაბათს“ (ლუკა 13:14). სინაგოგის წინამძღვარი არ უარყოფს იმას, რომ იესოს განკურნების ძალა შესწევს, მაგრამ ის განსჯის იმ ხალხს, რომლებიც შაბათ დღეს მიდიან მასთან განსაკურნავად. იესო ლოგიკურ მსჯელობას ავითარებს და პასუხად ამბობს: „თვალთმაქცნო, განა შაბათს თითოეული თქვენგანი არ უშვებს თავის ხარს ან ვირს ბაგიდან და არ მიჰყავს წყლის დასალევად? მაშ, განა არ შეიძლებოდა შაბათს ამ ქალის, აბრაამის ასულის გათავისუფლება, რომელიც თვრამეტი წელი ჰყავდა სატანას შებორკილი?“ (ლუკა 13:15, 16).

      ამის მოსმენაზე იესოს მოწინააღმდეგეებს სირცხვილის გრძნობა ეუფლებათ, მაგრამ ხალხი ხარობს იმ დიდებული საქმეების გამო, რომელსაც იესო აკეთებს. შემდეგ იესო აქაც, იუდეაშიც იმეორებს სამეფოსთან დაკავშირებულ იმ ორ წინასწარმეტყველურ მაგალითს, რომლებიც ადრე გალილეაში ყოფნის დროს ნავიდან წარმოთქვა (მათე 13:31—33; ლუკა 13:18—21).

  • რომელი ორი ფარეხისკენ წაუძღვება იესო თავის ცხვარს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მწყემსი აღებს კარს და ცხვრის ფარა შეჰყავს ფარეხში

      თავი 80

      რომელი ორი ფარეხისკენ წაუძღვება იესო თავის ცხვარს

      იოანე 10:1—21

      • იესოს მაგალითი მოჰყავს კარგ მწყემსსა და ფარეხზე

      იესო კვლავ იუდეაშია და ხალხს ასწავლის. ახლა მას თავისი მსმენელებისთვის მაგალითი მოჰყავს მწყემსზე და ფარეხზე, რაც მათთვის კარგად ნაცნობი თემაა. ამ დროს იუდეველებს შესაძლოა ახსენდებათ დავითის სიტყვები: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება. აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს, წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის“ (ფსალმუნი 23:1, 2). სხვა ფსალმუნში კი დავითმა ისრაელს მოუწოდა: „მუხლი მოვიყაროთ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე! ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი საძოვრის ხალხი ვართ“ (ფსალმუნი 95:6, 7). დიახ, ისრაელ ერს, რომელთანაც კანონის შეთანხმება დაიდო, უკვე დიდი ხანია როგორც ცხვრის ფარას, ისე მოიხსენიებენ.

      ეს „ცხვარი“ ანუ ისრაელი იმ გაგებითაა „ფარეხში“, რომ დაბადებიდან თითოეული იმ ერის წარმომადგენელია, რომელთანაც კანონის შეთანხმება დაიდო. ეს კანონი დამცავი გალავანივით იცავდა ისრაელებს იმ ხალხების ზეგავლენისგან, რომლებიც არ ცხოვრობდნენ ღვთის კანონის თანახმად და გამხრწნელი წეს-ჩვეულებები ჰქონდათ. მაგრამ ზოგი ისრაელი ცუდად ეპყრობოდა ღვთის სამწყსოს. იესო აღნიშნავს: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც კარიდან არ შედის ფარეხში, არამედ სხვა ადგილიდან გადადის, ქურდი და მძარცველია, მაგრამ ვინც კარიდან შედის, მწყემსია“ (იოანე 10:1, 2).

      შესაძლოა ამ სიტყვებზე ხალხს ის კაცები ახსენდება, რომელთაც თავი მესიად ანუ ქრისტედ მოაქვთ. ისინი ქურდებს და მძარცველებს შეიძლება შევადაროთ. ხალხი არ უნდა გაჰყვეს ასეთ თვითმარქვიებს. ისინი იმ „მწყემსს“ უნდა გაჰყვნენ, რომელზეც იესო ამბობს:

      „კართან მდგომი გუშაგი მას კარს უღებს და ცხვარი უსმენს მის ხმას. ის სახელით უხმობს თავის ცხვარს და გარეთ გამოჰყავს. როცა თავისებს ყველას გამორეკავს, წინ მიუძღვის მათ. ცხვარიც მიჰყვება, რადგან ცნობს მის ხმას; უცხოს არასოდეს გაჰყვება, გაექცევა, რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“ (იოანე 10:3—5).

      რამდენიმე წლის წინ იოანე ნათლისმცემელმა, რომელმაც, ასე ვთქვათ, გუშაგის როლი შეასრულა, დაინახა, რომ იესო იყო ის, ვისაც ცხვარი ანუ კანონს დაქვემდებარებული ისრაელი ერი უნდა გაჰყოლოდა. ზოგმა მათგანმა როგორც გალილეაში, ისე აქაც, იუდეაში, იცნო იესოს ხმა. საინტერესოა, სად „გამოჰყავს“ იესოს ისინი და რას მოუტანს ხალხს, თუ გაჰყვებიან მას. ზოგი, ვინც იესოს ამ მაგალითს ისმენს, შეიძლება გაკვირვებულია, რადგან არ ესმის მისი მნიშვნელობა (იოანე 10:6).

      იესო უხსნის მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი ვარ ცხვრისთვის. ყველა, ვინც კი ჩემ ნაცვლად მოსულა, ქურდი და მძარცველია, მაგრამ ცხვარმა არ მოუსმინა მათ. მე კარი ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება; შევა, გამოვა და საძოვარს იპოვის“ (იოანე 10:7—9).

      აშკარაა, რომ იესო რაღაც ახალზე ესაუბრება მათ. მსმენელებმა კარგად უწყიან, რომ იესო არ არის „კარი“, რომელმაც კანონის შეთანხმებისკენ გაუხსნა მათ გზა, რადგან უკვე საუკუნეებია, რაც ეს შეთანხმება დაიდო. აქედან გამომდინარე, იესო იმას უნდა გულისხმობდეს, რომ ცხვარი, რომელიც მას „გამოჰყავს“, სხვა ფარეხში შევა. და რა მოჰყვება ამას?

      იესო განაგრძობს საუბარს და მსმენელს უხსნის, თუ რა როლს შეასრულებს: „მე იმისთვის მოვედი, რომ ცხვარს სიცოცხლე ჰქონოდა, თანაც უხვად. მე კარგი მწყემსი ვარ, კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის“ (იოანე 10:10, 11). რამდენიმე ხნის წინ იესომ თავისი მოწაფეები ასეთი სიტყვებით ანუგეშა: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32). აშკარაა, რომ სწორედ მათ, ვინც „მცირე სამწყსოს“ შეადგენს, წაუძღვება იესო ახალი ფარეხისკენ, რათა მის ცხვარს, როგორც თავად აღნიშნა, სიცოცხლე ჰქონდეს, თანაც უხვად. მართლაც დიდი პატივია, ამ სამწყსოს ცხვარი იყო!

      საგულისხმოა, რომ თავის სათქმელს იესო ამით არ ამთავრებს. ის შენიშნავს: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოანე 10:16). „სხვა ცხვარი“ არ არის „ამ ფარეხიდან“, ანუ გამოდის, რომ ფარეხი, რომელშიც იესო „სხვა ცხვარს“ შეიყვანს, განსხვავებული იქნება იმ ფარეხისგან, საითკენაც „მცირე სამწყსოს“ მიუძღვის, სამწყსოს, რომელიც სამეფოს დაიმკვიდრებს. ამ ორი ფარეხის ცხვრებს განსხვავებული მომავალი ელით. მაგრამ იესო, როგორც თავად აღნიშნა, ორივე ფარეხში შემავალი ცხვრისთვის იქნება „კარგი მწყემსი“. ის ამბობს: „მამას იმიტომ ვუყვარვარ, რომ ჩემს სულს ვწირავ“ (იოანე 10:17).

      ამ სიტყვების მოსმენაზე შეკრებილთაგან მრავალი ამბობს: „დემონი ჰყავს და შეშლილია“. სხვების სიტყვებიდან კი ჩანს, რომ ისინი ყურადღებით უსმენენ იესოს, კარგ მწყემსს და სურთ, მიჰყვნენ მას: „ეს დემონით შეპყრობილი კაცის სიტყვები არ არის. განა შეუძლია დემონს, ბრმებს თვალი აუხილოს?“ (იოანე 10:20, 21). აშკარაა, ისინი იმას გულისხმობენ, რაც რამდენიმე ხნის წინ მოხდა, როცა იესომ თვალი აუხილა დაბადებიდან ბრმა კაცს.

  • ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იუდეველები ქვებს იღებენ იესოს ჩასაქოლად და ცდილობენ მის შეპყრობას, მაგრამ იგი ხელიდან უსხლტება მათ

      თავი 81

      ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი

      იოანე 10:22—42

      • „მე და მამა ერთნი ვართ“

      • იესოს იმაში სდებენ ბრალს, რომ ღმერთად მოაქვს თავი, მაგრამ ის უარყოფს ამ ბრალდებას

      იესო იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაულზე (ხანუკა) ჩადის. ეს დღესასწაული იერუსალიმის ტაძრის ხელახლა მიძღვნის აღსანიშნავად იმართებოდა. როგორც ცნობილია, საუკუნეზე მეტი ხნით ადრე სირიის მეფე ანტიოქე IV ეპიფანემ იერუსალიმის ტაძარში დიდ სამსხვერპლოს ზემოდან სხვა სამსხვერპლო დააშენა. მოგვიანებით ერთი იუდეველი მღვდლის ვაჟებმა იერუსალიმი ისევ დაიბრუნეს და იეჰოვას ხელახლა მიუძღვნეს ტაძარი. მას შემდეგ ყოველწლიურად, 25 ქისლევს (ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი) აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.

      ახლა ზამთარი დგას; გარეთ საკმაოდ ცივა. იესო ტაძარში სოლომონის კოლონადაში დადის. იუდეველები გარს ეხვევიან და ეკითხებიან: „როდემდე უნდა გყავდეს გაურკვევლობაში ჩვენი სულები? თუ ქრისტე ხარ, პირდაპირ გვითხარი“ (იოანე 10:22—24). საინტერესოა, რას პასუხობს იესო: „გითხარით და არა გწამთ“. იესოს პირდაპირ არ უთქვამს მათთვის, რომ ქრისტეა, როგორც ეს ჭასთან, სამარიელ ქალთან საუბრის დროს აღნიშნა (იოანე 4:25, 26). თუმცა ვინ არის ის სინამდვილეში, კარგად გამოჩნდა ცოტა ხნის წინ ნათქვამი მისივე სიტყვებიდან: „სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“ (იოანე 8:58).

      იესოს სურს, ხალხი თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე — დაუფიქრდეს მის საქმეებს და შეადაროს იმ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ქრისტეზე წარმოითქვა. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა ზოგჯერ იესო თავის მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის მესია იყო. მაგრამ ახლა იესო მტრულად განწყობილ იუდეველებს პირდაპირ ეუბნება: „საქმეები, რომლებსაც მამაჩემის სახელით ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე, მაგრამ თქვენ არ გწამთ“ (იოანე 10:25, 26).

      რატომ არ სჯერათ მათ, რომ იესო ქრისტეა? ის ამბობს: „თქვენ არ გწამთ, რადგან ჩემი ცხვარი არა ხართ. ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვაძლევ და არასოდეს დაიღუპებიან; მათ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან. ის, რაც მამაჩემმა მომცა, ყველაფერზე მეტია“. შემდეგ იესო ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ ახლო ურთიერთობა აქვს თავის მამასთან: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოანე 10:26—30). ახლა იესო დედამიწაზეა, მისი მამა კი ზეცაში, ამიტომ შეუძლებელია იესო იმას გულისხმობდეს, რომ ის და მამა პირდაპირი გაგებით ერთნი არიან. სინამდვილეში იმას გულისხმობს, რომ ისინი ყოველმხრივ შეთანხმებულნი არიან და ერთი მიზნისთვის იღწვიან.

      იესოს სიტყვები იმდენად აღაშფოთებს იუდეველებს, რომ კვლავ ქვებს იღებენ მის ჩასაქოლად. მაგრამ ეს არ აშინებს მას. „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, — ეუბნება მათ. — რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“. ისინი პასუხობენ: „კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ მკრეხელობისთვის, იმისთვის, რომ . . . ღმერთად მოგაქვს თავი“ (იოანე 10:31—33). იესოს არასდროს უთქვამს, რომ ის ღმერთია. მაშ, რატომ სდებენ ამაში ბრალს?

      სინამდვილეში იესო ამბობს, რომ მას იმის გაკეთების ძალა შესწევს, რაც იუდეველთა აზრით, მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება. მაგალითად იესომ თქვა, რომ შეუძლია ცხვარს „მარადიული სიცოცხლე“ მისცეს, რაც არც ერთ ადამიანს არ ძალუძს (იოანე 10:28). იუდეველებს მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რაც იესომ დაუფარავად აღიარა — მას ძალაუფლება მამამ უბოძა.

      მათი ცრუ ბრალდება რომ გააბათილოს, იესო ასეთ კითხვას სვამს: «განა თქვენს კანონში [ფსალმუნის 82:6-ში] არ წერია: „მე ვთქვი: თქვენა ხართ ღმერთები“? თუ მან ღმერთები უწოდა მათ, ვის წინააღმდეგაც იყო ღვთის სიტყვა . . . ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?» (იოანე 10:34—36).

      დიახ, წმინდა წერილებში თვით უსამართლო მოსამართლეებსაც კი ეწოდებათ „ღმერთები“. მაშინ, როგორ შეუძლიათ იუდეველებმა იესოს იმის გამო დასდონ ბრალი, რომ საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს? იესო ახლა ისეთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც წესით უნდა დაარწმუნოს ისინი მის სიმართლეში: „თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით, მაგრამ თუ ვაკეთებ, მე თუ არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ერთობაშია ჩემთან, მე კი — მამასთან“ (იოანე 10:37, 38).

      იუდეველები კვლავ ცდილობენ მის შეპყრობას, მაგრამ ის ამჯერადაც ხელიდან უსხლტება მათ. იესო ტოვებს იერუსალიმს და მდინარე იორდანეს გაღმა, იმ ადგილას მიდის, სადაც თითქმის ოთხი წლის წინ იოანე ხალხს ნათლავდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება