საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გონიერი გაბაონელები
    ბიბლიური მოთხრობები
    • გაბაონელები ისრაელის ბანაკში დახეული სამოსლით და ძველი პურით

      მოთხრობა 48

      გონიერი გაბაონელები

      ქანაანის მრავალი ქალაქის მოსახლეობა ისრაელთან შესაბრძოლებლად ემზადებოდა. მათ ეგონათ, რომ გაიმარჯვებდნენ. მაგრამ ახლომდებარე ქალაქ გაბაონის მოსახლეობა ასე არ ფიქრობდა. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთი ეხმარებოდა ისრაელებს, ამიტომ არ სურდათ, ღმერთს შებრძოლებოდნენ. იცი, რა გააკეთეს მათ?

      მათ გადაწყვიტეს, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ძალიან შორს ცხოვრობდნენ. ზოგმა მათგანმა ჩაიცვა დახეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თავიანთ ვირებს გაცვეთილი ხურჯინები გადაჰკიდეს და საგზლად გამხმარი პური წაიღეს. ისინი მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უთხრეს: ‘შორი ქვეყნიდან ჩამოვედით, რადგან გავიგეთ თქვენი დიდებული ღმერთის, იეჰოვას შესახებ; ყველაფერი გავიგეთ, რაც თქვენთვის მოიმოქმედა ეგვიპტეში. ჩვენმა თავკაცებმა გვითხრეს, წამოგვეღო საგზალი, წამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ თქვენი მსახურები ვართ. დაგვპირდით, რომ არ შეგვებრძოლებით. ნახეთ, ამ შორეული მგზავრობის დროს ტანსაცმელი შემოგვაცვდა, პური კი დაგვიძველდა და გახმა’.

      იესო ნავეს ძემ და ხალხის სხვა თავკაცებმა დაუჯერეს გაბაონელებს. ისინი დაჰპირდნენ, რომ არ შეებრძოლებოდნენ. მაგრამ სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ გაბაონელები თურმე იქვე ცხოვრობდნენ.

      ‘რატომ მოგვატყუეთ, რომ შორი ქვეყნიდან მოხვედით?’ — ჰკითხა მათ იესო ნავეს ძემ.

      გაბაონელებმა მიუგეს: ‘ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გავიგეთ, თქვენმა ღმერთმა იეჰოვამ მთელი ქანაანის მიწა თქვენ მოგცათ. შეგვეშინდა, რომ ჩვენც დაგვხოცავდით’. ისრაელებმა შეასრულეს დაპირება და არ დაუხოცავთ გაბაონელები. ისინი ისრაელების მსახურები გახდნენ.

      იერუსალიმის მეფე ძალიან განრისხდა, როცა გაიგო, რომ გაბაონელებმა შეთანხმება დადეს ისრაელებთან. მან უთხრა სხვა ოთხ მეფეს: ‘დამეხმარეთ გაბაონელებთან ბრძოლაში’. ისინი ასეც მოიქცნენ. გონივრული იყო, რომ გაბაონელებმა შეთანხმება დადეს ისრაელთან და განარისხეს ეს მეფეები? მოდი გავიგოთ.

      იესო ნავეს ძე 9:1—27; 10:1—5.

  • მზე გაჩერდა
    ბიბლიური მოთხრობები
    • იესო მზეს ეუბნება, რომ გაჩერდეს

      მოთხრობა 49

      მზე გაჩერდა

      შეხედე იესო ნავეს ძეს. მან უბრძანა მზეს, გაჩერებულიყო და ისიც მთელი დღე ზენიტში იყო. ეს სასწაული იეჰოვამ მოახდინა. მოდი გავიგოთ, რატომ არ უნდოდა იესო ნავეს ძეს, რომ მზე ჩასულიყო.

      როცა ხუთმა ბოროტმა მეფემ გაილაშქრა გაბაონელების წინააღმდეგ, გაბაონელებმა დახმარების სათხოვნელად კაცი გაუგზავნეს იესო ნავეს ძეს. ‘სასწრაფოდ წამოდი ჩვენთან და გვიხსენი! — სთხოვა მან. — მთაში მცხოვრები ყველა მეფე შენი მსახურების წინააღმდეგ გამოვიდა’.

      იესო ნავეს ძე და მისი მეომრები მაშინვე გაემართნენ მათ დასახმარებლად. ისინი მთელი ღამე მიდიოდნენ. როცა ისინი გაბაონში მივიდნენ, იმ მეფეების მეომრებს შეეშინდათ და გაიქცნენ. იეჰოვამ მათ ქვის სეტყვა დაუშინა. სეტყვამ იმაზე მეტი მეომარი მოკლა, ვიდრე იესო ნავეს ძის მეომრებმა.

      იესო ნავეს ძემ დაინახა, რომ მზე მალე ჩავიდოდა, დაბნელდებოდა და იმ ხუთი ბოროტი მეფის მეომრები გაქცევით უშველიდნენ თავს. ამიტომ იეჰოვას ლოცვით მიმართა და თქვა: ‘მზეო, გაჩერდი!’ მზე არ ჩასულა, რამაც ისრაელებს ბრძოლაში გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.

      მაგრამ ქანაანის მიწაზე ბევრი ბოროტი მეფე იყო, რომლებსაც ღვთის ხალხი ეჯავრებოდათ. იესო ნავეს ძესა და მის მეომრებს თითქმის ექვსი წელი დასჭირდათ 31 ქანაანელი მეფის დასამარცხებლად. შემდეგ იესო ნავეს ძემ ქანაანის მიწა იმ ტომებს დაუნაწილა, რომელთაც ჯერ არ ჰქონდათ მიწები.

      გავიდა წლები. იესო ნავეს ძე 110 წლის ასაკში მოკვდა. სანამ ის და მისი მეგობრები ცოცხლები იყვნენ, ხალხი იეჰოვას მორჩილი იყო. მაგრამ მათი სიკვდილის შემდეგ, ხალხმა ბოროტების ჩადენა დაიწყო და გასაჭირში ჩაცვივდნენ. მათ ძალიან სჭირდებოდათ ღვთის დახმარება.

      იესო ნავეს ძე 10:6—15; 12:7—24; 14:1—5; მსაჯულები 2:8—13.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება