-
ვაი ურჩ ხალხს!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
[სურათი 141 გვერდზე]
იეჰოვა პასუხს მოსთხოვს ხალხის მჩაგვრელებს.
-
-
ვაი ურჩ ხალხს!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
უსამართლო მსაჯულთა განსჯა
17, 18. როგორ ამახინჯებენ ღვთის რჯულს ისრაელის მსაჯულები და თავკაცები?
17 ახლა იეჰოვა ისრაელის უსამართლო მსაჯულებსა და თავკაცებს ასამართლებს. ისინი ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას და ძარცვავენ ღარიბ-ღატაკთ და ჩაგრულთ, რომლებიც მათგან სამართლის აღსრულებას მოელიან. ესაია ამბობს: «ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ [„წესების შემომღებთ, აქ] და უკანონო მსჯავრისმდებელთ, სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!» (ესაია 10:1, 2).
18 იეჰოვას რჯული ყოველგვარ უსამართლობას კრძალავს: «უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს [„დიდკაცს“, აქ]» (ლევიანნი 19:15). ამ რჯულის უგულებელმყოფელ დიდკაცებს თავიანთი „უსამართლო წესები“ შემოაქვთ, რათა კანონებით გაამართლონ აშკარა, უმოწყალო ძარცვა-გლეჯა, კერძოდ კი ქვრივ-ობოლთა მწირი ქონების მითვისება. ისრაელის ცრუ ღმერთები, რა თქმა უნდა, ვერ ხედავენ ასეთ უსამართლობას, მაგრამ მათგან განსხვავებით იეჰოვა ხედავს. ესაიას მეშვეობით იეჰოვა ახლა სწორედ უსამართლო მსაჯულებს აპყრობს ყურადღებას.
19, 20. როგორ შეიცვლება უსამართლო მსაჯულთა მდგომარეობა და რა დაემართება მათ „დიდებას“?
19 „რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ? ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის!“ (ესაია 10:3, 4ა). ქვრივ-ობლები ვერსად ნახულობენ პატიოსან მსაჯულს, დახმარებისთვის რომ მიმართონ. ამიტომაც მართებულად ეკითხება იეჰოვა უსამართლო მსაჯულებს, ვის მიმართავენ დახმარებისთვის, როდესაც პასუხს მოსთხოვს მათ. დიახ, უსამართლო მსაჯულებმა უნდა დაინახონ, რომ „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა!“ (ებრაელთა 10:31).
20 ამ ბოროტ მსაჯულთა „დიდება“, ანუ პრესტიჟი, პატივი და ძალაუფლება, რომელიც მათთვის სიმდიდრესა და საზოგადოებრივ მდგომარეობას მოაქვს, ხანმოკლე აღმოჩნდება. ზოგი ტყვედ ჩავარდება, ტყვეთა შორის „ჩაიჩოქებს“ ანუ დაეცემა და მათი გვამები დახოცილთა გვამებს შორის ეყრება. ბოროტ მსაჯულთა „დიდებაში“ უკანონო გზით შეძენილი ქონებაც იგულისხმება, რომელსაც საბოლოოდ მტერი უნდა დაეპატრონოს.
-