საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას სამსჯავროს დღე ახლოს არის!
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 თებერვალი
    • იეჰოვას სამსჯავროს დღე ახლოს არის!

      „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე“ (სოფონია 1:14).

      1. რა გაფრთხილება მოგვცა ღმერთმა სოფონიას პირით?

      იეჰოვა მალე დაიწყებს მოქმედებას ბოროტთა წინააღმდეგ. ისმინეთ! ყური დაუგდეთ გაფრთხილებას: „ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს. . . მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან“ (სოფონია 1:3). ეს სიტყვები უზენაესმა უფალმა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, სოფონიას, პირით წარმოთქვა, რომელიც, როგორც ჩანს, ერთგული მეფის, ეზეკიას, შვილთაშვილი იყო. კარგი მეფის, იოშიას, დროს წარმოთქმული ეს განაცხადი ცუდის მომასწავებელი იყო იუდას ქვეყანაში მცხოვრებ ბოროტთათვის.

      2. რატომ ვერ იქნა არიდებული იოშიას მოქმედებით იეჰოვას სამსჯავროს დღე?

      2 სოფონიას მიერ წარმოთქმულმა წინასწარმეტყველებამ ახალგაზრდა მეფე იოშიას უკეთესად დაანახვა ბინძური თაყვანისმცემლობისგან იუდას განწმენდის აუცილებლობა. მაგრამ იოშიას მიერ ქვეყნის განწმენდამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა ყველა ბოროტება, ანუ ვერ გამოისყიდა თავისი პაპის, მეფე მენაშეს, ცოდვები, რომელმაც ‘იერუსალიმი უბრალოდ დაღვრილი სისხლით აავსო’ (მეოთხე მეფეთა 24:3, 4; მეორე ნეშტთა 34:3). ასე რომ, იეჰოვას სამსჯავროს დღე აუცილებლად უნდა დამდგარიყო.

      3. საიდან შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ „უფლის [იეჰოვას] რისხვის დღეს“ გადარჩენა შესაძლებელია?

      3 მაგრამ იმ შიშის მომგვრელ დღეს ყველა არ დაიღუპებოდა. ამიტომ ღვთის წინასწარმეტყველი ხალხს მოუწოდებდა: „ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:2, 3). გონებაში გვქონდეს იეჰოვას სამსჯავროს დღეს გადარჩენის იმედი და მოდი განვიხილოთ სოფონიას წიგნი. ძვ. წ. 648 წლამდე დაწერილი ეს ბიბლიური წიგნი ღვთის „წინასწარმეტყველური სიტყვის“ ნაწილს წარმოადგენს — წინასწარმეტყველური სიტყვისა, რომელსაც ყველა დიდი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ (2 პეტრე 1:19).

      იეჰოვას ხელი მოღერებულია

      4, 5. როგორ შესრულდა ბოროტ იუდაელებზე სოფონიას 1:1—3?

      4 სოფონიასადმი მიმართული „უფლის სიტყვა“ ზემოთ მოხსენიებული გაფრთხილებით იწყება. ღმერთი აცხადებს: „ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, ამბობს უფალი. ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი“ (სოფონია 1:1—3).

      5 დიახ, იეჰოვა იუდას ქვეყნიდან დიდი ბოროტების აღმოფხვრას აპირებდა. ვის გამოიყენებდა ღმერთი ‘მიწის პირიდან ყველაფრის ასახვეტად’? რადგან სოფონია, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველებდა მეფე იოშიას მმართველობის ადრეულ პერიოდში, რომელიც ძვ. წ. 659 წელს დაიწყო, ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელთა მიერ იუდასა და მისი დედაქალაქის, იერუსალიმის, გაპარტახებაზე მიუთითებდა. იმ დროს ‘აიხვეტნენ’ ბოროტები იუდადან.

      6—8. რა იყო ნაწინასწარმეტყველები სოფონიას 1:4—6-ში და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება ძველ იუდაში?

      6 ცრუთაყვანისმცემელთა წინააღმდეგ ღვთის მოქმედებათა წინასწარმეტყველებისას სოფონიას 1:4—6 ამბობს: „ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს; მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ; მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ“.

      7 იეჰოვას ხელი მოღერებული იყო იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთა წინააღმდეგ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მოესპო ქანაანელთა ნაყოფიერების ღმერთის, ბაალის, თაყვანისმცემლები. ბაალად მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ადგილობრივ ღმერთს, რადგან მათი თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ ამ ღმერთებს თითოეულ გარკვეულ ადგილზე შეეძლოთ გავლენის მოხდენა. მაგალითად, იყო ბაალი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ მოაბელები და მიდიანელები ფეღორის მთაზე (რიცხვნი 25:1, 3, 6). მთელ იუდაში იეჰოვა მოჰკვეთდა ბაალის ქურუმებსა და ორგულ ლევიან მღვდლებს, რომლებიც მათთან ურთიერთობით ღვთის კანონს არღვევენ (გამოსვლა 20:2, 3).

      8 ღმერთი აგრეთვე მოსპობდა ‘მათ, ვინც თაყვანს სცემდა ციურ ვარსკვლავებს’, რომლებშიც, როგორც ჩანს, ასტროლოგები და მზის თაყვანისმცემლები იგულისხმებოდნენ (მეოთხე მეფეთა 23:11; იერემია 19:13; 32:29). ღვთის რისხვა უნდა დასტყდომოდა მათაც, ვინც ჭეშმარიტ რელიგიაში ცრუ რელიგიის შერევას ცდილობდა იმით, რომ ‘ეფიცებოდა იეჰოვას და ამას მალქამის სახელით აკეთებდა’ (აქ). მალქამს, როგორც ჩანს, სხვა სახელიც, მოლოქიც, ერქვა. მოლოქი ამორეველთა მთავარი ღმერთი იყო. მისადმი თაყვანისცემაში ბავშვების შეწირვაც შედიოდა (მესამე მეფეთა 11:5; იერემია 32:35).

      ქრისტიანული სამყაროს აღსასრული ძალიან ახლოსაა!

      9. ა) რაშია დამნაშავე ქრისტიანული სამყარო? ბ) ორგულ იუდაელთაგან განსხვავებით, რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?

      9 ყოველივე ამან შეიძლება მოგვაგონოს ქრისტიანული სამყარო, რომელიც ცრუ თაყვანისმცემლობასა და ასტროლოგიაშია ჩაფლული! სამღვდელოების მხარდაჭერით მიმდინარე ომების სამსხვერპლოზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლის შეწირვა, მართლაც რომ, სიბილწეა! მოდი არასოდეს დავემსგავსოთ ორგულ იუდაელებს, რომლებიც ‘განუდგნენ იეჰოვას’, გულგრილი გახდნენ და აღარც ღმერთს ეძებდნენ და აღარც მის ხელმძღვანელობას. ნაცვლად ამისა, მოდი ღვთისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ.

      10. როგორ ახსნიდით სოფონიას 1:7-ის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას?

      10 წინასწარმეტყველის შემდეგი სიტყვები ეხება როგორც იუდაში მცხოვრებ შემცოდველებს, ისე დღევანდელ ბოროტ ადამიანებს. სოფონიას 1:7-ში ნათქვამია: „იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები“. ეს „სტუმრები“, როგორც ჩანს, იუდას მტრები ქალდეველები იყვნენ. „მსხვერპლი“ თვითონ იუდაა, თავის დედაქალაქთან ერთად. სოფონიამ ამგვარად გამოაცხადა ღვთის განზრახვა იერუსალმის განადგურების შესახებ; ეს წინასწარმეტყველება ქრისტიანული სამყაროს განადგურებაზეც მიუთითებდა. ფაქტობრივად, ღვთის სამსჯავროს დღე ისე ახლოს არის, რომ მთელი მსოფლიო უნდა ‘დადუმდეს უზენაესი უფლის, იეჰოვას, წინაშე’ და მოუსმინოს, რას ამბობს ღმერთი იესოს ცხებული მიმდევრების, „მცირე სამწყსოს“ წევრებისა და, მათი თანამსახური, „სხვა ცხვრების“ პირით (ლუკა 12:32; იოანე 10:16). განადგურება ელის ყველას, ვინც არ მოისმენს და ამგვარად ღვთის სამეფოს მმართველობის წინააღმდეგ გამოვა (ფსალმუნი 2:1, 2).

      მალე მოთქმის დღე დადგება!

      11. რას გვეუბნება სოფონიას 1:8—11?

      11 იეჰოვას დღესთან დაკავშირებით სოფონიას 1:8—11 დასძენს: „დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს; მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს. გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან. ივალალეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი“.

      12. როგორ ატარებს ზოგი ‘უცხო სამოსელს’?

      12 მეფე იოშიას იოახაზი შეცვლიდა, იოახაზს — იეჰოიაკიმი, იეჰოიაკიმს — იეჰოიაქინი. შემდეგ ამას ციდკიას მმართველობა მოჰყვებოდა, რომლის დროსაც იერუსალიმი განადგურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უბედურება ელოდათ, ზოგი, როგორც ჩანს, ‘უცხო სამოსლით შემოსვით’ მეზობელი ერების კეთილგანწყობილების მოპოვებას ცდილობდა. მსგავსად ამისა, დღესაც მრავალი ადაიმანი სხვადასხვაგვარად ცხადყოფს, რომ იეჰოვას ორგანიზაციის ნაწილი არ არის. როგორც სატანის ორგანიზაციის აშკარა წევრები, ისინი განადგურდებიან.

      13. სოფონიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა მოხდებოდა იერუსალიმზე ბაბილონელების თავდასხმისას?

      13 ‘ის დღე’, როცა იუდამ პასუხი უნდა აგოს, არის იეჰოვას დღე, როდესაც იეჰოვა დასჯის თავის მტრებს, ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დაამტკიცებს თავის უზენაესობას. იერუსალიმზე ბაბილონელთა თავდასხმისას თევზთა კარიბჭიდან გოდების ხმა გაისმებოდა. ალბათ, ამ ადგილს ასე იმიტომ ეწოდებოდა, რომ მის მახლობლად თევზით ვაჭრობდნენ (ნეემია 13:16). ბაბილონელთა ურდოები „საპირისპირო მხრიდან“ შემოვიდოდნენ, ხოლო ‘მთაგორებიდან შემოსული უბედურების ამბავი’ შეიძლება ქალდეველთა მოახლოების ხმაზე მიმანიშნებელი ყოფილიყო. იქ ‘ივალალებდნენ’ ხეობის, შესაძლებელია, მთავარი ველის მკვიდრნი. რატომ ივალალებდნენ ისინი? იმიტომ რომ იქ შეწყდებოდა ვაჭრობა და, მათ შორის, ‘ვერცხლისმტვირთველთა’ საქმიანობაც.

      14. რამდენად გულმოდგინედ შეამოწმებს იეჰოვა მათ, ვინც მის თაყვანისმცემლად აცხადებს თავს?

      14 რამდენად გულდასმით შეამოწმებს იეჰოვა მათ, ვინც მის თაყვანისმცემლად აცხადებს თავს? წინასწარმეტყველება განაგრძობს: «მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ [„ღვინის კასრში თხლესავით დალექილთ“, აქ], გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო. განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები; ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვენახებს და მათ ღვინოს ვერ დალევენ» (სოფონია 1:12, 13).

      15. ა) რა მოუვიდოდათ იერუსალიმელ განდგომილ მღვდლებს? ბ) რა მოუვათ ცრუ რელიგიის დღევანდელ მიმდევრებს?

      15 იერუსალიმის განდგომილი მღვდლები იეჰოვას თაყვანისმცემლობაში წარმართულ წეს-ჩვეულებებს ურევდნენ. თუმცა თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, იეჰოვა აბრდღვიალებული ლამპრებით იპოვიდა მათ; ლამპრებით, რომელთა სინათლეც იმ სულიერ წყვდიადში შეაღწევდა, სადაც მათ თავშესაფარი ჰპოვეს. ვერავინ გაექცეოდა ღვთის მსჯავრსა და მის აღსრულებას. ის თვითკმაყოფილი განდგომილები ღვინის კასრში დალექილ თხლეს ჰგავდნენ. მათ არ სურდათ, რომ ვინმეს შეეწუხებინა ღვთის მოახლოებული სამსჯავროს შესახებ ცნობით, მაგრამ ისინი ღვთის მსჯავრს ვერ გაექცეოდნენ. იმ დღეს ვერ გადაურჩებიან დღევანდელი ცრუ რელიგიის მიმდევრებიც; მათ შორის იქნებიან ქრისტიანული სამყაროს წევრები და იეჰოვას თაყვანისმცემლობიდან განდგომილები. ისინი გულში ამბობენ: „არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდს“, რითაც უარყოფენ, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ. მაგრამ როგორ ცდებიან ის ადამიანები! (2 ტიმოთე 3:1—5; 2 პეტრე 3:3, 4, 10).

      16. რა მოხდებოდა, როდესაც იუდაზე ღვთის მსჯავრი შესრულდებოდა, და როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ ჩვენზე?

      16 განდგომილმა იუდაელებმა გაფრთხილება მიიღეს, რომ ბაბილონელები დაიტაცებდნენ მათ სიმდიდრეს, გააპარტახებდნენ მათ სახლებს და მათი ვენახის ნაყოფს წაიღებდნენ. იუდაზე ღვთის მსჯავრის შესრულებისას მატერიალური ნივთები ფასს დაჰკარგავდა. იგივე მოხდება, როდესაც იეჰოვას სამსჯავროს დღე თავს დაატყდება დღევანდელ სისტემას. ამიტომ, მოდი სულიერი თვალსაზრისი გვქონდეს და იეჰოვასთვის მსახურების პირველ ადგილზე დაყენებით ‘ცაში დავიუნჯოთ’! (მათე 6:19—21, 33).

      „ახლოს არის უფლის [იეჰოვას] დიდი დღე“

      17. სოფონიას 1:14—16-ის თანახმად, რამდენად ახლოს არის იეჰოვას სამსჯავროს დღე?

      17 რამდენად ახლოს არის იეჰოვას სამსჯავროს დიდი დღე? სოფონიას 1:14—16 თანახმად, ღმერთი გვარწმუნებს: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ მაგარი ვაჟკაციც. რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ“.

      18. რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვას სამსჯავროს დღე ჯერ კიდევ შორსაა?

      18 იუდას ცოდვილი მღვდლები, მთავრები და ხალხი გაფრთხილებულ იქნა, რომ ‘ახლოს იყო უფლის დიდი დღე’. იუდასთვის ‘იეჰოვას დღე ძალიან მალე’ მოვიდოდა. მსგავსად ამისა, ჩვენს დროშიც დაე არავინ იფიქროს, რომ იეჰოვას მსჯავრის აღსრულება ბოროტებზე შორეულ მომავალში მოხდება! პირიქით, როგორც მაშინ იმოქმედა ღმერთმა სწრაფად იუდას წინააღმდეგ, ისე მისი სამსჯავროს დღეც ‘ძალიან მალე მოვა’ (გამოცხადება 16:14, 16). რა მწარე დრო იქნება ეს ყველასთვის, ვინც მოწმეების პირით იეჰოვას გაფრთხილება უგულებელყო და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას არ შეუერთდა!

      19, 20. ა) რა თავისებურებებით გამოირჩეოდა იეჰოვას რისხვა, რომელიც იუდასა და იერუსალიმს დაატყდა თავს? ბ) რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ღმერთი გარკვეული კატეგორიის ადამიანებს გაანადგურებს?

      19 იუდასა და იერუსალიმზე იეჰოვას რისხვის დატეხვის დღე „ჭირისა და სიმწრის დღე“ იყო. ბაბილონელმა დამპყრობლებმა იუდას მკვიდრთ მრავალი ტანჯვა მიაყენეს, რაშიც სიკვდილისა და განადგურების პირისპირ დგომით გამოწვეული სულის გამწარებაც შედიოდა. ის „ნგრევისა და მოოხრების დღე“ ბნელი, ჯანღიანი და ბურუსიანი, შესაძლებელია, არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ პირდაპირი გაგებითაც იყო, რადგან ყველგან კვამლი და სისხლის გუბეები იქნებოდა. ეს იყო „ბუკისა და ყიჟინის [ანუ საგანგაშო სიგნალის] დღე“, მაგრამ გაფრთხილებებმა ამაოდ ჩაიარა.

      20 იერუსალიმის გუშაგნი უილაჯონი აღმოჩნდნენ, რადგან ბაბილონელებმა კედლის სანგრევი საბრძოლო იარაღით გადააყირავეს „მაღალი კოშკები“. ჩვენს დღეებში წუთისოფლის სიმაგრეები ასევე უსარგებლო იქნება იეჰოვას ზეციურ არსენალში შემავალი იარაღის წინააღმდეგ, რომელსაც ღმერთი გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მოსასპობად გამოიყენებს. თქვენ თუ გაქვთ გადარჩენის იმედი? მტკიცედ დაიჭირეთ თუ არა იეჰოვას მხარე — იმ ღვთის მხარე, რომელიც ‘იცავს ყველა თავის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს’? (ფსალმუნი 144:20).

      21, 22. როგორ შესრულდება სოფონიას 1:17, 18 ჩვენს დღეებში?

      21 სამსჯავროს რა საშინელი დღეა ნაწინასწარმეტყველები სოფონიას 1:17, 18-ში! იეჰოვა ღმერთი ამბობს: „ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით — მათი ხორცი. ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს“.

      22 როგორც სოფონიას დღეებში მოიქცა, ისე მოიქცევა მალე იეჰოვა და შეაჭირვებს „ქვეყნის ყველა მკვიდრს“ — მათ, ვინც დღეს ყურს არიდებს მის გაფრთხილებას. რადგან ღვთის წინაშე სცოდავენ, ისინი უმწეო ბრმებივით ივლიან და ვერ იპოვიან ხსნის გზას. იეჰოვას სამსჯავროს დღეს მათი სისხლი, როგორც უფასური რამ, „მტვერივით გაიფანტება“. მათი აღსასრული მართლაც სამარცხვინო იქნება, რადგან ღმერთი ამ ბოროტ ადამიანთა სხეულებს და მათ შიგნეულობას „ნეხვივით“ გაფანტავს დედამიწაზე.

      23. თუმცა ბოროტმოქმედნი ვერ გადაურჩებიან „უფლის [იეჰოვას] რისხვის დღეს“, რა იმედია მოცემული სოფონიას წინასწარმეტყველებაში?

      23 ვერავინ იხსნის მათ, ვინც იეჰოვას და მის ხალხს ებრძვის. ოქრო-ვერცხლმა ვერ დაიხსნა იუდაში მცხოვრები ცოდვილნი და ასევე ვერავითარი სიმდიდრე და ქრთამი ვერ დაიფარავს და ვერ გადაარჩენს „უფლის რისხვის დღეს“ ქრისტიანულ სამყაროსა და ბოროტი სისტემის დანარჩენ ნაწილს. გადამწყვეტ დღეს, როდესაც ბოროტთა საშინელი განადგურება მოხდება, ‘მთელი ქვეყანა’ ანუ დედამიწა შთაინთქმება ღვთის მოშურნეობის ცეცხლით. ჩვენ გვწამს ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა და ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ‘უკანასკნელი ჟამის’ მიწურულს ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). იეჰოვას სამსჯავროს დღე ახლოს არის და ღმერთი მალე შურს იძიებს თავის მტრებზე. მაგრამ სოფონიას წინასწარმეტყველებაში არის ხსნის იმედიც. მაშ, რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ იეჰოვას რისხვის დღეს დავიმალოთ?

  • ეძიეთ იეჰოვა მისი რისხვის დღის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 თებერვალი
    • ეძიეთ იეჰოვა მისი რისხვის დღის დადგომამდე

      «ეძიეთ უფალი [„იეჰოვა“, აქ]. . . ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს» (სოფონია 2:3).

      1. როგორი სულიერი მდგომარეობა იყო იუდაში, როდესაც სოფონიამ წინასწარმეტყველობა დაიწყო?

      წინასწარმეტყველად მსახურებისას სოფონიამ იუდას ისტორიის კრიტიკულ პერიოდში დაიწყო. ერის სულიერი მდგომარეობა ძალიან დაცემული იყო. იეჰოვაზე მინდობის ნაცვლად, ხალხი ხელმძღვანელობისთვის წარმართ მღვდლებსა და ასტროლოგებს მიმართავდა. ბაალის თაყვანისმცემლობა, თავისი ნაყოფიერების რიტუალებით, ყვაოდა. საერო ხელმძღვანელები — მთავრები, თავადები და მსაჯულები — ჩაგრავდნენ მათ, ვისი დაცვაც მართებდათ (სოფონია 1:9; 3:3). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ გადაწყვიტა იუდასა და იერუსალიმის წინააღმდეგ ‘ხელისმოღერება’ და მისი განადგურება! (სოფონია 1:4).

      2. იმედის რა ნაპერწკალი კრთოდა ღვთის იუდაელ ერთგულ მსახურთათვის?

      2 მაგრამ ამ საშინელი ვითარების მიუხედავად, იმედის ნაპერწკალი ჯერ კიდევ კრთოდა. მეფედ იჯდა იოშია, ამონის ძე. თუმცა ჯერ ბავშვი იყო, მას გულწრფელად უყვარდა იეჰოვა. თუ ეს ახალი მეფე იუდაში წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდა, როგორ გაუხარებდა ეს გულს იმ უმცირესობას, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს! და ვინ იცის, შეიძლება სხვებსაც მიებაძათ მათი ერთგულების მაგალითისთვის. ამას კი იეჰოვას რისხვის დღეს მათი გადარჩენა შეეძლო.

      მოთხოვნები გადარჩენის მსურველთათვის

      3, 4. რა სამი მოთხოვნა უნდა შეასრულოს ადამიანმა, რათა „უფლის [იეჰოვას] რისხვის დღეს“ გადარჩეს?

      3 შეიძლებოდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ნამდვილად გადარჩენილიყო იეჰოვას რისხვის დღეს? დიახ, იმ შემთხვევაში, თუ შეასრულებდნენ სოფონიას 2:2, 3-ში მოცემულ სამ პირობას. აღნიშნული მუხლების წაკითხვისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ მოთხოვნებს. სოფონია წერდა: „ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“.

      4 გადასარჩენად საჭირო იყო, ადამიანს 1) ეძია იეჰოვა, 2) ეძია სიმართლე და 3) ეძია თვინიერება. ეს მოთხოვნები ჩვენთვისაც დიდად საყურადღებოა დღეს. რატომ? იმიტომ რომ, როგორც იუდასა და იერუსალიმს დაუდგათ ანგარიშსწორების დღე ძვ. წ. VII საუკუნეში, ისევე იქნება მხილებული ქრისტიანული სამყაროს ერები — ფაქტობრივად ყველა ბოროტი — იეჰოვა ღმერთის მიერ მომავალ „დიდ გასაჭირში (მათე 24:21). ნებისმიერმა, ვისაც სურს, გადაურჩეს იმ დღეს, ახლავე უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები. როგორ? სანამ დროა, უნდა ეძიოს იეჰოვა, ეძიოს სიმართლე და ეძიოს თვინიერება!

      5. რა შედის დღეს ‘იეჰოვას ძიებაში’?

      5 თქვენ შეიძლება თქვათ: მე თავი მივუძღვენი ღმერთს, ვარ მონათლული მსახური, იეჰოვას მოწმე. ნუთუ ამით უკვე შესრულებული არა მაქვს ეს მოთხოვნები? სინამდვილეში, იეჰოვასადმი მიძღვნაზე მეტია საჭირო. ისრაელიც მიძღვნილი ერი იყო, მაგრამ სოფონიას დღეებში იუდას მკვიდრნი არ ცხოვრობდნენ თავიანთი მიძღვნის თანახმად. ამის გამო ეს ერი საბოლოოდ უარყოფილ იქნა. დღეს ‘იეჰოვას ძიება’ ნიშნავს მასთან და მის მიწიერ ორგანიზაციასთან თბილი, პირადი ურთიერთობის განვითარებასა და შენარჩუნებას. ეს ნიშნავს სხვადასხვა საკითხზე მისი თვალსაზრისის გაგებასა და მისი გრძნობების გათვალისწინებას. იეჰოვას ვეძებთ მაშინ, როცა გულდასმით ვსწავლობთ მის სიტყვას, ვფიქრობთ ნასწავლზე და ცხოვრებაში ვიყენებთ მას. როდესაც იეჰოვას ხელმძღვანელობას მხურვალე ლოცვების აღვლენითა და მისი სულიწმიდისადმი მორჩილებით ვეძებთ, იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა ძლიერდება და გული აღგვძრავს, ვემსახუროთ მას ‘მთელი ჩვენი გულით, სულით და შეძლებით’ (მეორე რჯული 6:5; გალატელთა 5:22—25; ფილიპელთა 4:6, 7; გამოცხადება 4:11).

      6. როგორ ‘ვეძებთ სიმართლეს’ და რატომ არის ეს შესაძლებელი დღევანდელ წუთისოფელშიც კი?

      6 სოფონიას 2:3-ში მოხსენიებული მეორე მოთხოვნა არის ‘სიმართლის ძიება’. მრავალმა ჩვენგანმა დიდი ცვლილებები შეიტანა საკუთარ ცხოვრებაში, რათა მოსანათლავად ყოფილიყო მზად, მაგრამ ჩვენ კვლავაც უნდა განვაგრძოთ იეჰოვას სამართლიანი ზნეობრივი ნორმების მთელი ცხოვრების განმავლობაში დაცვა. ზოგმა, ვინც ამ მხრივ კარგად დაიწყო სვლა, დაუშვა, რომ წუთისოფლისგან შებღალულიყო. მართალია, ყოველთვის ადვილი არ არის სიმართლის ძიება, რადგან ჩვენ გარშემო მყოფ ხალხს სრულიად ნორმალურ რამედ მიაჩნია სქესობრივი უზნეობა, სიცრუე და სხვა ცოდვების ჩადენა. მაგრამ იეჰოვასთვის სიამოვნების მინიჭების ძლიერი სურვილი დასძლევს წუთისოფლის კეთილგანწყობილების მოპოვების მცდელობის ნებისმიერ მიდრეკილებას. ჩვენ არ უნდა ვეცადოთ წუთისოფელში გათქვეფას. გახსოვდეთ, იუდას სამეფომ იეჰოვას კეთილგანწყობილება იმიტომ დაკარგა, რომ თავის წარმართ მეზობლებს ჰბაძავდა. ნაცვლად იმისა, რომ წუთისოფლის კვალს მივყვეთ, მოდი ‘მივბაძოთ ღმერთს’, განუწყვეტლივ ვავითაროთ ჩვენში „ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით“ (ეფესელთა 4:24; 5:1).

      7. როგორ ‘ვეძებთ თვინიერებას’?

      7 სოფონიას 2:3-ში მოხსენიებული მესამე მოთხოვნის თანახმად, თუ იეჰოვას რისხვის დღეს დამალვა გვსურს, უნდა ‘ვეძიოთ თვინიერება’. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით მამაკაცებს, ქალებსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც თვინიერების ნასახიც არ შერჩენიათ. მშვიდი ხასიათი ნაკლად მიაჩნიათ. მორჩილებას სერიოზულ სისუსტედ თვლიან. ისინი მომთხოვნი, ეგოისტნი და ჯიუტნი არიან; ფიქრობენ, რომ მათი პირადი „უფლებები“ და არჩევანი ნებისმიერ ფასად უნდა დაკმაყოფილდეს. რა სამწუხარო იქნებოდა, თუ ზოგი ამგვარი შეხედულება ჩვენც გადმოგვედებოდა! ახლა ‘თვინიერების ძიების’ დროა. როგორ? ღვთისადმი მორჩილების გამოვლენით, მისი ხელმძღვანელობისადმი თავმდაბლად დაქვემდებარებითა და მისი ნების შესრულებით.

      რატომ „ვინძლო დაიმალოთ“?

      8. რა არის ნაჩვენები სოფონიას 2:3-ში სიტყვით „ვინძლო“?

      8 ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობს სოფონიას 2:3: „ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“. რატომ გამოიყენა სოფონიამ სიტყვა „ვინძლო“, როცა დედამიწის თვინიერთ მიმართავდა? ამ თვინიერმა ადამიანებმა დადებითი ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყვნენ თავდაჯერებულები. მათი ერთგულება ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე, სიკვდილამდე, დამტკიცებული. შესაძლებელი იყო, რომ ზოგიერთი მათგანი ცოდვაში გახვეულიყო. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც. იესომ თქვა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). დიახ, იეჰოვას რისხვის დღეს გადარჩენა განუწყვეტლივ სიმართლის ქმნაზეა დამოკიდებული. მტკიცედ გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ასე მოქცევა?

      9. რა მართებული ნაბიჯები გადადგა ახალგაზრდა მეფე იოშიამ?

      9 როგორც ჩანს, სოფონიას სიტყვებმა მეფე იოშია აღძრა, ‘ეძია იეჰოვა’. საღვთო წერილი ამბობს: „თავისი მეფობის მერვე წელს, [იოშია] ჯერ კიდევ ყმაწვილი [16 წლის] იყო, როცა დაუწყო ძიება დავითის, მამამისის ღმერთს“ (მეორე ნეშტთა 34:3). იოშია ‘სიმართლესაც ეძიებდა’, რადგან „მეთორმეტე წელს [როდესაც ის დაახლოებით 20 წლის იყო]. . . შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას გორაკებისაგან, აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისგან. მის წინაშე დაანგრიეს ბაალის სამსხვერპლოები“ (მეორე ნეშტთა 34:3, 4). იოშია ‘თვინიერებასაც ეძიებდა’; კერპთაყვანისმცემლობისა და სხვა ცრუ რელიგიური წეს-ჩვეულებებისგან ქვეყნის განწმენდით ის თავმდაბლად მოქმედებდა, რათა იეჰოვასთვის ესიამოვნებინა. წარმოიდგინეთ, როგორ ხარობდნენ სხვა თვინიერი ადამიანები ამ მოვლენებით!

      10. რა მოხდა იუდაში ძვ. წ. 607 წელს და ვინ გადარჩა?

      10 იოშიას მმართველობის დროს მრავალი ებრაელი მობრუნდა იეჰოვასკენ, მაგრამ მეფის სიკვდილის შემდეგ უმრავლესობა დაუბრუნდა ძველ გზას — განაგრძო იმის კეთება, რაც ღვთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. როგორც იეჰოვამ ბრძანა, ძვ. წ. 607 წელს, ბაბილონელებმა გათელეს იუდა და დაანგრიეს მისი დედაქალაქი, იერუსალიმი. მაგრამ ყველა არ განადგურებულა. წინასწარმეტყველი იერემია, ეთიოპელი ყებედ-მელექი, იონადაბის სახლეული, აგრეთვე ღვთისადმი ერთგული სხვა ადამიანები გადარჩნენ „იეჰოვას რისხვის დღეს“ (იერემია 35:18, 19; 39:11, 12, 15—18).

      ღვთის მტრებო — გაითვალისწინეთ!

      11. რატომ არის დღეს ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება ძნელი, მაგრამ რა უნდა გაითვალისწინონ იეჰოვას ხალხის მტრებმა?

      11 იეჰოვას რისხვის დღის მოლოდინში, რომელიც ამ ბოროტ სისტემას დაატყდება თავს, ‘სხვადასხვა განსაცდელში ვცვივდებით’ (იაკობი 1:2). მრავალ ქვეყანაში, სადაც აცხადებენ, რომ აფასებენ თაყვანისმცემლობის თავისუფლებას, სამღვდელოება გავლენას ახდენს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რათა უკიდურესად შეავიწროოს ღვთის ხალხი. უპატიოსნო ადამიანები ცილს სწამებენ იეჰოვას მსახურებს და „საშიშ სექტას“ უწოდებენ. ღმერთმა იცის მათი მოქმედების შესახებ და ისინი დაუსჯელნი არ დარჩებიან. ღვთის ამ მტრებისთვის კარგი იქნება, გაითვალისწინონ ის, რაც ძველ დროში ღვთის ხალხის ზოგ მტერს, მაგალითად, ფილისტიმელებს, დაემართა. წინასწარმეტყველება ამბობს: „მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი“. ფილისტიმელთა ქალაქები ღაზა, აშკელონი, აშდოდი და ყეკრონი უნდა გაპარტახებულიყო (სოფონია 2:4—7).

      12. რა მოუვიდათ ფილისტიმს, მოაბსა და ყამონს?

      12 წინასწარმეტყველება განაგრძობს: „მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან“ (სოფონია 2:8). მართალია, ეგვიპტე და ეთიოპია ბაბილონელ დმპყრობთა ხელით დაისაჯა, მაგრამ რა განაჩენი გამოუტანა იეჰოვამ მოაბსა და ყამონელებს — აბრაამის ძმისშვილისგან, ლოტისგან, წარმოშობილ ერებს? იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას“. მათი წინაპარი დედებისგან — ლოტის ორი ქალიშვილისგან — განსხვავებით, რომლებიც გადაურჩნენ სოდომისა და გომორას განადგურებას, მოაბი და ყამონი ვერ გაექცეოდნენ ღვთის სამსჯავროს (სოფონია 2:9—12; დაბადება 19:16, 23—26, 36—38). სად არიან დღეს ფილისტიმელები და მათი ქალაქები? რა შეიძლება ითქვას ერთ დროს ამაყ მოაბსა და ყამონზე? რომც ეძებოთ კიდეც, ვერ იპოვით მათ.

      13. რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ნინევეში?

      13 სოფონიას დღეებში აშურის იმპერიამ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მეფის სასახლის იმ ერთ-ერთი ნაწილის აღწერისას, რომელიც აღმოჩენილი იყო აშურის დედაქალაქ ნინევეში, არქეოლოგმა ოსტინ ლეიარდმა დაწერა: „ოთხკუთხედებად დაყოფილი ჭერი ყვავილებითა თუ ცხოველების ფიგურებით იყო მოხატული. ზოგი სპილოს ძვლით იყო მოპირკეთებული, ყოველი ნაწილი ნატიფი კიდეებითა და ორნამენტებით ბოლოვდებოდა. ოთახების კოჭები და კედლები მოოქრული ან, შეიძლება, მოვარაყებული იყო ოქრო-ვერცხლით; იშვიათი ხეები, რომელთაგანაც გამოირჩეოდა კედარი, ხის ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენებოდა“. მაგრამ, როგორც სოფონიამ იწინასწარმეტყველა, აშური უნდა განადგურებულიყო და მისი დედაქალაქი ‘ნინევე უნდა გატიალებულიყო’ (სოფონია 2:13).

      14. როგორ შესრულდა სოფონიას წინასწარმეტყველება ნინევეზე?

      14 სოფონიას წინასწარმეტყველებიდან სულ რაღაც 15 წლის შემდეგ, ძლევამოსილი ნინევე განადგურდა და მისი სამეფო სასახლე ლოდების გროვებად იქცა. დიახ, ამაყი ქალაქი გაცამტვერდა. ის, თუ რამდენად განადგურდა ეს ქალაქი კარგად არის აღწერილი სიტყვებით: „ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე, მათი ხმა გაისმება სარკმელებში. ყორანი დაიხივლებს ზღურბლზე“ (სოფონია 2:14, 15). ნინევეს ზვიადად წამომართული შენობები მხოლოდ ვარხვებისა და ზღარბების საცხოვრებელ ადგილად გამოდგებოდა. ქალაქის ქუჩებში აღარ გაისმებოდა ბაზრის ხმაური, მეომრების შეძახილები და მღვდლების გალობა. ერთ დროს მოფუსფუსე ქუჩები დაცარიელდებოდა და ფანჯრებში შემზარავი ხმებიღა გაისმებოდა, ეს შეიძლება ფრინველის ნაღვლიანი გალობა ან ქარის ღმუილი ყოფილიყო. მსგავსი აღსასრული ელის ღვთის ყველა მტერს!

      15. რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც ფილისტიმს, მოაბს, ყამონსა და აშურს დაემართა?

      15 რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც ფილისტიმს, მოაბს, ყამონსა და აშურს დაემართა? აი რის, — ჩვენ, იეჰოვას მსახურებს, არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი მტრების. ღმერთი ხედავს, რას აკეთებენ თავისი ხალხის მოწინააღმდეგეები. იეჰოვამ წარსულში იმოქმედა თავისი მტრების წინააღმდეგ და დღესაც მისი მსჯავრი დაატყდება მთელ დედამიწას. მაგრამ გადარჩენილებიც იქნებიან; გადარჩება ‘უამრავი ხალხი ყოველი ერიდან’ (გამოცხადება 7:9). თქვენც შეგიძლიათ იყოთ მათ შორის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაგრძობთ იეჰოვას, სიმართლისა და თვინიერების ძიებას.

      ვაი უტიფარ ცოდვილებს!

      16. რას ამბობს სოფონიას წინასწარმეტყველება იუდას თავადთა და რელიგიურ წინამძღოლთა შესახებ და რატომ არის მართებული ამ სიტყვების გამოყენება ქრისტიანული სამყაროს მიმართ?

      16 სოფონიას წინასწარმეტყველება კვლავ იუდასა და იერუსალიმზე ამახვილებს ყურადღებას. სოფონიას 3:1, 2-ში ნათქვამია: „ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება“. რა სამწუხაროა, რომ მათ უგულებელყვეს იეჰოვას გაფრთხილებები და მის ძალისხმევას — გამოესწორებინა თავისი ხალხი — არ გამოეხმაურნენ! მართლაც სამწუხარო იყო თავადთა, დიდგვაროვანთა და მსაჯულთა უმოწყალოდ მოქმედება. სოფონიამ საქვეყნოდ განსაჯა უსირცხვილო რელიგიური წინამძღოლები: „ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ“ (სოფონია 3:3, 4). რა კარგად აღწერს ეს სიტყვები ქრისტიანული სამყაროს წინასწარმეტყველთა და მღვდელთა დღევანდელ მდგომარეობას! ისინი ძალიან თავხედურად მოიქცნენ და ბიბლიის თავიანთი თარგმანებიდან ღვთის სახელი ამოიღეს, თან სიცრუეს ასწავლიან იმ პიროვნების შესახებ, ვისზეც ამბობენ, თაყვანს ვცემთო.

      17. მიუხედავად იმისა, გვისმენენ თუ არა, რატომ უნდა განვაგრძოთ კეთილი ცნობის ქადაგება?

      17 იეჰოვამ სერიოზულად გააფრთხილა ძველ დროში მცხოვრები თავისი ხალხი და უთხრა, თუ რის გაკეთებას აპირებდა. მან თავისი მსახურნი, წინასწარმეტყველები — სოფონია, იერემია და სხვები — მიუგზავნა, რათა ხალხი მოსანანიებლად აღეძრათ. დიახ, „უფალი [იეჰოვა], არ სჩადის სიმრუდეს. დილ-დილობით გააცხადებს თავის სამართალს და არ ბრკოლდება“. რა გამოხმაურება მოჰყვა ამას? „მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვილი“ (სოფონია 3:5). მსგავსი გაფრთხილება დღესაც გაისმის. თუ თქვენ კეთილი ცნობის მაუწყებლები ხართ, მაშინ თქვენც მონაწილეობთ გაფრთხილების ამ საქმეში. დაუცხრომლად განაგრძეთ სასიხარულო ცნობის ქადაგება! მნიშვნელობა არა აქვს, გისმენენ ადამიანები თუ არა. თუ საქმეს ერთგულად ასრულებთ, ღვთის თვალში თქვენი მსახურება წარმატებულად ითვლება და ნუ შეგრცხვებათ ღვთის საქმის ენთუზიაზმით კეთების.

      18. როგორ შესრულდება სოფონიას 3:6?

      18 იეჰოვას მსჯავრის განხორციელება მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს განადგურებით არ შემოიფარგლება. იეჰოვა განსჯის დედამიწის ყველა ერს: „გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები“ (სოფონია 3:6). ეს სიტყვები იმდენად სარწმუნოა, რომ იეჰოვა მომავალ განადგურებაზე ისე ლაპარაკობს, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე. რა დაემართა მოაბის, ყამონისა და ფილისტიმის ქალაქებს? რა დაემართა აშურის დედაქალაქ ნინევეს? მათი მოსპობა დღეს გამაფრთხილებელი მაგალითია ყველა ერისთვის. ღმერთი ის პიროვნება არ არის, ვისაც შეიძლება დასცინო.

      ეძიეთ იეჰოვა

      19. რა დამაფიქრებელი კითხვები უნდა დაუსვას თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს?

      19 სოფონიას დღეებში ღვთის რისხვა დაატყდა იმ ბოროტ ადამიანებს, რომლებიც „ბეჯითად რყვნიდნენ თავიანთ ზნეს“ (სოფონია 3:7). იგივე მოხდება ჩვენს დღეებშიც. ხედავთ თუ არა იმის დამამტკიცებელ ფაქტებს, რომ იეჰოვას რისხვის დღე ახლოსაა? განაგრძობთ თუ არა ბიბლიის რეგულარულად, ყოველდღიურად კითხვით ‘იეჰოვას ძიებას’? ‘ეძებთ სიმართლეს’ ღვთის ნორმების შესაბამისად ზნეობრივად წმინდა ცხოვრებით? და ‘ეძებთ’ თუ არა ‘თვინიერებას’ იმით, რომ მოკრძალებას ავლენთ და მორჩილად ეხმაურებით ღმერთსა და მის მიერ ადამიანთა გადასარჩენად გაწეულ ღონისძიებებს?

      20. რომელი კითხვები განიხილება სოფონიას წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებული სტატიების ამ სერიის ბოლო სტატიაში?

      20 თუ ერთგულად განვაგრძობთ იეჰოვას, სიმართლისა და თვინიერების ძიებას, შეგვიძლია იეჰოვასგან მრავალ კურთხევას მოველოდეთ ახლაც, დიახ, ამ ‘უკანასკნელ დღეებშიც’ კი, როდესაც ჩვენი რწმენა იცდება (2 ტიმოთე 3:1—5; იგავნი 10:22). მაგრამ შეიძლება დაგვებადოს კითხვა: ჩვენ, როგორც იეჰოვას თანამედროვე მსახურები, როგორ ვართ კურთხეული დღეს და რა მომავალ კურთხევებს ჰპირდება სოფონიას წინასწარმეტყველება მათ, ვინც გადარჩება იეჰოვას რისხვის დღეს, რომელიც ძალიან სწრაფად გვიახლოვდება?

  • აღდგენილი ხალხი განადიდებს იეჰოვას მთელ დედამიწაზე
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 თებერვალი
    • აღდგენილი ხალხი განადიდებს იეჰოვას მთელ დედამიწაზე

      «გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს [„მივცემ სუფთა ენას“, აქ], რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი» (სოფონია 3:9).

      1. რატომ შესრულდა განადგურების შესახებ სიტყვები იუდასა და სხვა ერებზე?

      ეს რა მკაცრი სამსჯავრო ცნობების წარმოთქმა შთააგონა იეჰოვამ სოფონიას! განადგურების შესახებ ეს სიტყვები იუდასა და მის დედაქალაქ იერუსალიმზე შესრულდა, რადგან მისი წინამძღოლები და, მთლიანობაში, ხალხი არ ასრულებდნენ იეჰოვას ნებას. იეჰოვას რისხვას მეზობელი ერებიც — ფილისტიმელები, მოაბელები და ყამონელები — იგემებდნენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი საუკუნეების განმავლობაში სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ ღვთის ხალხს. ზუსტად ამავე მიზეზით მსოფლიო მპყრობელი აშურიც უნდა განადგურებულიყო ისე, რომ ვერასოდეს აღდგენილიყო.

      2. როგორც ჩანს, ვის მიმართ იყო ნათქვამი სოფონიას 3:8-ში ჩაწერილი სიტყვები?

      2 მაგრამ იმ დროს იუდაში ზოგიერთი სწორად იყო განწყობილი. ისინი ელოდებოდნენ დროს, როცა ღვთის განაჩენი აღსრულდებოდა ბოროტებზე და, როგორც ჩანს, მათ მიმართ იყო ნათქვამი: „მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა“ (სოფონია 3:8).

      ‘სუფთა ენა’ — ვისთვის?

      3. რომელი დამაიმედებელი ცნობის წარმოსათქმელად იქნა შთაგონებული სოფონია?

      3 დიახ, სოფონიამ ხალხს განადგურების შესახებ იეჰოვას ცნობები ამცნო. მაგრამ ის დამაიმედებელი შესანიშნავი ცნობის ჩასაწერადაც იყო შთაგონებული. ეს იმედი ძალიან მანუგეშებელი იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იეჰოვას ერთგულებად რჩებოდნენ. როგორც სოფონიას 3:9-ში წერია, იეჰოვა ღმერთმა განაცხადა: „მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ“.

      4, 5. ა) რა მოუვიდოდათ უსამართლო ადამიანებს? ბ) ვის უნდა მიეღო სარგებლობა აქედან და რატომ?

      4 მაგრამ იქნებოდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ მიეცემოდათ ეს სუფთა ბაგეები ანუ ენა. წინასწარმეტყველებაში მათ შესახებ ნათქვამია: «მოვარიდებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს [„ქედმაღლურად მოზეიმეებს“, აქ]» (სოფონია 3:11). ასე რომ, ქედმაღალი ადამიანები, რომლებსაც ღვთის კანონები სძულდათ და უსამართლოდ იქცეოდნენ, უნდა განადგურებულიყვნენ. ვის მოუტანდა ეს სარგებლობას? სოფონიას 3:12, 13-ში იეჰოვა ამბობს: „დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს. აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი“.

      5 დიახ, ერთგულებს, ძველი ისრაელის დარჩენილ ნაწილს, უნდა მიეღო სარგებლობა. რატომ? იმიტომ რომ ისინი შემდეგი სიტყვების შესაბამისად მოქმედებდნენ: „ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3).

      6. რა მოხდა სოფონიას წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას?

      6 აი რა მოხდა სოფონიას წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას. იეჰოვამ დასაჯა ურწმუნო იუდა და დაუშვა, რომ ძვ. წ. 607 წელს მსოფლიო მპყრობელს, ბაბილონს, ხელთ ეგდო და ტყვედ წაესხა იუდას მკვიდრნი. ზოგიერთებმა, მათ შორის იერემიამ, თავი დააღწიეს ტყვეობას. სხვებმა კი ერთგულად განაგრძეს იეჰოვასთვის მსახურება ტყვეობაში. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი მიდიელებმა და სპარსელებმა დაამხეს მეფე კიროსის მეთაურობით. ორი წლის შემდეგ კიროსმა გამოსცა ბრძანება, რომელიც იუდაელთა დარჩენილ ნაწილს სამშობლოში დაბრუნების ნებას რთავდა. დროთა განმავლობაში იერუსალიმის ტაძარი განაახლეს და იეჰოვამ სამღვდელოება აღადგინა, რათა მათ ხალხისთვის რჯული ესწავლებინათ (მალაქია 2:7). ასე რომ, იეჰოვა დარჩენილი ნაწილის კეთილდღეობას უწყობდა ხელს მანამ, სანამ ისინი ერთგულებას ინარჩუნებდნენ.

      7, 8. ვის ეხებოდა სოფონიას 3:14—17-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები და რატომ პასუხობთ ასე?

      7 სოფონია წინასწარმეტყველებდა მათ შესახებ, რომლებიც ამ აღდგენაში მიიღებდნენ მონაწილეობას: „გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ. იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღება მკლავი! უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გისხნის; სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო“ (სოფონია 3:14—17).

      8 აქ საუბარია დარჩენილ ნაწილზე, რომელიც ბაბილონში მყოფი ტყვე იუდაელებისგან შეიკრიბა და მამა-პაპის მიწა-წყალს დაუბრუნდა. სოფონიას 3:18—20 ნათელს ჰფენს ამას: „შევკრებ დღესასწაულს მოწყვეტილთ, შენგან რომ გავიდნენ; სირცხვილი აწევთ ტვირთად. აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს; ვიხსნი კოჭლს, გაფანტულს თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში. იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე მოგიყრით თავს, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი“.

      9. როგორ შეიქმნა სახელი იეჰოვამ, როდესაც იუდას სასარგებლოდ იმოქმედა?

      9 წარმოიდგინეთ, როგორი გაკვირვებული და თავზარდაცემული იქნებოდნენ გარშემო მყოფი ერები, რომლებიც ღვთის ხალხს მტრობდნენ! იუდას მკვიდრნი ტყვეებად წაასხა ძლევამოსილმა ბაბილონმა და, ერთი შეხედვით, მათი დაბრუნების იმედიც აღარ არსებობდა. მათი ქვეყანა კი გატიალებული იყო. მაგრამ იეჰოვას ძალით ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ 70 წლის შემდეგ, მაშინ როცა მტრულად განწყობილი სახელმწიფოები მალე უნდა განადგურებულიყვნენ. რა დიდებული სახელი შეიქმნა იეჰოვამ თავისთვის იმით, რომ დააბრუნა ერთგული დარჩენილი ნაწილი! ღმერთმა თავის ხალხს ‘სახელი და დიდება მოუხვეჭა დედამიწის ყველა ხალხში’. როგორი დიდება მოუტანა ამ აღდგენამ იეჰოვას და მათ, ვინც მის სახელს ატარებდა!

      იეჰოვას თაყვანისმცემლობის განდიდება

      10, 11. როდის უნდა შესრულებულიყო დიდი მასშტაბით აღდგენის შესახებ სოფონიას წინასწარმეტყველება და საიდან ვიცით ეს?

      10 სხვა აღდგენა მოხდა ახ. წ. პირველ საუკუნეში, როცა იესომ ისრაელის დარჩენილი ნაწილი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის შეკრიბა. ეს მომავლის პირველსახე იყო, რადგან ამ აღდგენას დიდი შესრულება მომავალში ექნებოდა. მიქას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები“ (მიქა 4:1).

      11 როდის უნდა მომხდარიყო ეს? როგორც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი — „უკანასკნელ დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1). ეს უნდა მომხდარიყო თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრულამდე, მაშინ როცა ერები ჯერ ისევ ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლები იქნებოდნენ. მიქას 4:5-ში ნათქვამია: „ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის“. რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე? ამ კითხვაზე პასუხს მიქას წინასწარმეტყველება იძლევა: „ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“.

      12. როგორ აღზევდა ამ უკანასკნელ დღეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

      12 მაშასადამე, ამ ბოლო დღეებში ‘მთების თავში დამყარდა უფლის სახლის მთა’. იეჰოვას აღზევებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგა და ყველა სხვა რელიგიაზე მტკიცედ დაფუძნდა. როგორც მიქამ იწინასწარმეტყველა, „მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები“ და ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები, ‘უკუნითი უკუნისამდე ივლიან თავიანთი ღმერთის, იეჰოვას სახელით’.

      13, 14. როდიდან დაუდგა მსოფლიოს „უკანასკნელი დღეები“ და რა მოხდა მას შემდეგ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში?

      13 ეს მოვლენები, რომლებითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება, გვიჩვენებს, რომ წუთისოფლისთვის 1914 წლიდან დაიწყო უკანასკნელი დღეები (მარკოზი 13:4—10). ისტორია ცხადყოფს, რომ იმ დროს იეჰოვამ დაიწყო ზეციური იმედის მქონე ერთგული ცხებულების დარჩენილი ნაწილის შეკრება. ამას მოჰყვა იმ „უამრავი ხალხის“ შეგროვება „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, რომლებსაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (გამოცხადება 7:9).

      14 პირველი მსოფლიო ომიდან დღემდე იეჰოვასადმი თაყვანისცემამ იმ ადამიანების მიერ, ვინც მის სახელს ატარებს, ღვთის ხელმძღვანელობით დიდებულად წაიწია წინ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იეჰოვას თაყვანისმცემელთა რაოდენობამ რამდენიმე ათასიდან თითქმის ექვს მილიონს მიაღწია 235 ქვეყნის 91 000 კრებაში. ღვთის საჯაროდ განდიდებას სამეფოს ეს მაუწყებლები ყოველწლიურად ერთ მილიარდზე მეტ საათს უძღვნიან. ნათელია, რომ იეჰოვას მოწმეები ასრულებენ იესოს წინასწარმეტყველურ სიტყვებს: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).

      15. როგორ სრულდება დღეს სოფონიას 2:3?

      15 სოფონიას 3:17 აღნიშნავს: «უფალი [„იეჰოვა“, აქ], შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის». სულიერი კეთილდღეობა, რომლითაც იეჰოვას მსახურები ტკბებიან ამ უკანასკნელ დღეებში, იმის უშუალო შედეგია, რომ იეჰოვა ‘მათ წიაღშია’, ის ჰყავთ თავიანთ ყოვლისშემძლე ღმერთად. ეს ასე იყო, როცა ძვ. წ. 537 წელს ძველი იუდა აღდგენილ იქნა, და ეს ასეა დღესაც. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, ჩვენს დროში, დიდი მასშტაბით, როგორ სრულდება სოფონიას 2:3: «ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო [„ყველა თვინიერო“, აქ]». ძვ. წ. 537 წელს ‘ყველაში’ შედიოდა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულ იუდაელთა დარჩენილი ნაწილი. დღეს ეს წარმოადგენს ყველა თვინიერს დედამიწის ყველა ერიდან, მათ, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან სამეფოს შესახებ მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს და რომლებიც ‘იეჰოვას სახლის მთისკენ’ მიემართებიან.

      ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აყვავება

      16. როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს მტრებს, როდესაც ხედავენ იეჰოვას მსახურთა წარმატებებს?

      16 ძვ. წ. 537 წლის შემდეგ გარშემო მყოფი მრავალი ერი გაკვირვებული იყო იმის გამო, რომ ღვთის მსახურები დაუბრუნდნენ სამშობლოსა და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მაგრამ ეს აღდგენა შედარებით მცირე მასშტაბით მოხდა. შეგიძლიათ თუ არა იმის წარმოდგენა, თუ რას ამბობს დღეს ზოგიერთი, თვით ღვთის ხალხის მტრები, როდესაც იეჰოვას მსახურთა ამჟამინდელ საკვირველ ზრდას, კეთილდღეობასა და წინსვლას ხედავს? უეჭველია, ამ მტრებიდან ზოგი იმავეს განიცდის, რასაც ფარისევლები განიცდიდნენ, როცა ხედავდნენ, რომ ხალხი იესოს გარშემო იყრიდა თავს. ისინი სასოწარკვეთით ამბობდნენ: „მთელი წუთისოფელი მას მიჰყვება“ (იოანე 12:19).

      17. რა თქვა ერთმა მწერალმა იეჰოვას მოწმეებზე და რამდენად გაიზარდა მათი რიცხვი?

      17 წიგნში, სათაურით „მათაც სწამთ“, პროფესორმა ჩარლზ ბრადენმა აღნიშნა: ‘იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი ქადაგებით მთელი დედამიწა შემოიარეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ გამოუვლენია იეჰოვას მოწმეებზე უფრო მეტი გულმოდგინება და დაჟინებულობა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელების მცდელობაში. ეს მოძრაობა, როგორც ჩანს, უფრო და უფრო გაძლიერდება’. რა მართალი იყო ეს ადამიანი! 50 წლის წინათ, როდესაც მან ეს სიტყვები დაწერა, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 300 000 მოწმე ქადაგებდა. რას იტყოდა ის ჩვენი დღევანდელი მოღვაწეობის მასშტაბებზე, როცა მქადაგებელთა რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა და დაახლოებით ექვს მილიონს მიაღწია?

      18. რა არის სუფთა ენა და ვის აძლევს ღმერთი მას?

      18 თავისი წინასწარმეტყველის პირით ღმერთმა აღგვითქვა: „გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ“ (სოფონია 3:9). ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვას მოწმეები იეჰოვას სახელს უხმობენ და გაერთიანებულად, სიყვარულის უწყვეტი კვანძებით დაკავშირებულები, დიახ, „ერთსულოვნად“, ანუ „მხარდამხარ“ (აქ) ემსახურებიან მას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც იეჰოვამ მისცა სუფთა ენა. ამ სუფთა ენაში შედის ღვთისა და მის განზრახვებთან დაკავშირებული ჭეშმარიტების სწორი გაგება, რასაც მხოლოდ იეჰოვა იძლევა თავისი სულიწმიდის მეშვეობით (1 კორინთელთა 2:10). ვის აძლევს ის თავის სულიწმიდას? მხოლოდ ‘თავის მორჩილთ’ (საქმეები 5:32). მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არიან მზად, ყველაფერში დაემორჩილონ ღმერთს, როგორც თავიანთ მმართველს. აი ამიტომაც იღებენ ისინი ღვთის სულიწმიდას და სუფთა ენაზე ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ ჭეშმარიტებას იეჰოვასა და მისი სასწაულებრივი განზრახვების შესახებ. ისინი ამ სუფთა ენას, მთელი დედამიწის ზურგზე უზარმაზარი და მზარდი მასშტაბით, იეჰოვას განსადიდებლად იყენებენ.

      19. რას ნიშნავს სუფთა ენაზე ლაპარაკი?

      19 სუფთა ენაზე ლაპარაკი არა მხოლოდ ჭეშმარიტების რწმენას და სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ ჩვენი საქციელი ღვთის კანონებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს. ცხებული ქრისტიანები მოწინავეები არიან იეჰოვას ძიებასა და სუფთა ენაზე ლაპარაკში. დაფიქრდით, რა იქნა მიღწეული! თუმცა ცხებულთა რაოდენობა შემცირდა და 8 700-ზე ნაკლები გახდა, დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი ჰბაძავს მათ რწმენას იეჰოვას ძიებასა და სუფთა ენით ლაპარაკში. იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამომვლენი, ყველა ერიდან შეკრებილი ეს უამრავი ხალხი, რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება, ღვთის სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში წმინდა მსახურებას ეწევიან; ისინი გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“, რომელიც მალე უსამართლო წუთისოფელს დაატყდება თავს (გამოცხადება 7:9, 14, 15).

      20. რა ელით ერთგულ ცხებულებს და უამრავ ხალხს?

      20 უამრავი ხალხი დამკვიდრდება ღვთის ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13). იესო ქრისტე და ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილი 144 000 ცხებული მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ და დედამიწის ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევლენ (რომაელთა 8:16, 17; გამოცხადება 7:4; 20:6). დიდ გასაჭირს გადარჩენილები დედამიწის სამოთხედ გადაქცევას დაიწყებენ და ღვთის მიერ ბოძებული სუფთა ენით ლაპარაკს განაგრძობენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ეხება სიტყვები: „შენი ვაჟები [და, რა თქმა უნდა, ქალიშვილებიც], ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა. სიმართლით განმტკიცდები“ (ესაია 54:13, 14).

      კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი საგანმანათლებლო მოღვაწეობა

      21, 22. ა) საქმეების 24:15-ის თანახმად ვის დასჭირდება სუფთა ენის შესწავლა? ბ) სამეფოს ხელმძღვანელობით რა უმაგალითო საგანმანათლებლო საქმიანობა წარიმართება დედამიწაზე?

      21 ახალ ქვეყნიერებაში იქნება მრავალი ისეთი ადამიანი, რომლებსაც სუფთა ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ამ ადამიანებთან დაკავშირებით საქმეების 24:15 ამბობს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“. წარსულში მილიარდობით ადამიანი ისე მოკვდა, რომ იეჰოვას შესახებ ზუსტი შემეცნება არ მიუღია. ღმერთი გარკვეული თანმიმდევრობით აღადგენს ამ ადამიანებს. მათ კი ყველას დასჭირდება სუფთა ენის სწავლა.

      22 რა შესანიშნავი უპირატესობა იქნება ამ უდიდეს საგანმანათლებლო საქმეში მონაწილეობის მიღება! ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი საგანმანათლებლო საქმე, რომელიც მთლიანად სამეფო ძალაუფლების მქონე ქრისტე იესოს კეთილმოსურნე მმართველობის დროს შესრულდება. შედეგად, კაცობრიობა საბოლოოდ იხილავს ესაიას 11:9-ის შესრულებას, რომელშიც ნათქვამია: „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“.

      23. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, იეჰოვას ხალხს, დიდი პატივი გვხვდა წილად?

      23 რა დიდი პატივი გვხვდა წილად ამ უკანასკნელ დღეებში! — ვემზადებით იმ საოცარი მომავლისთვის, როდესაც დედამიწა იეჰოვას შესახებ ცოდნით მართლაც აივსება! და რა უდიდესი პატივია ის, რომ ღვთის ხალხს შორის ვართ და ჩვენზე სრულდება სოფონიას 3:20-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება! ამ სიტყვებით იეჰოვა გვარწმუნებს: „მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება