-
გწყურია თუ არა, იხილო სამართლიანი ქვეყნიერება?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ნოემბერი
-
-
გწყურია თუ არა, იხილო სამართლიანი ქვეყნიერება?
ხის გემი, რომელსაც სამი ანძა და ორი გემბანი აქვს, ახლანდელი კეიპ-კოდის (მასაჩუსეტსი, აშშ) სანაპიროს უახლოვდება. გემის ეკიპაჟი და 101 მგზავრი 66 დღის განმავლობაში ზღვაში ყოფნისგან ქანცგაწყვეტილია. რელიგიური დევნისა და ეკონომიკური სირთულეებისგან თავშესაფრის ძიებაში მათ ატლანტის ოკეანის გავლით მძიმე გზა გამოიარეს.
გემ „მეიფლაუერზე“ მყოფმა მგზავრებმა ხმელეთი 1620 წლის 11 ნოემბერს იხილეს და ახალი ცხოვრების დაწყების იმედით თვალები გაუბრწყინდათ. უკეთესი ქვეყნიერებისთვის საფუძვლის ჩაყრის სურვილით ამოძრავებულმა გემზე მყოფ მამაკაცთა უმეტესობამ „მეიფლაუერის ხელშეკრულება“ დადო. ისინი შეთანხმდნენ, რომ კოლონიის „საერთო კეთილდღეობისთვის სამართლიანი და მიუკერძოებელი კანონები“ დაედგინათ. გახდა თუ არა მათი ოცნება რეალობა, დაეარსებინათ ისეთი სამართლიანი ქვეყნიერება, სადაც ყველა ზნეობრივად სუფთა და პატიოსანი იქნებოდა?
მიუხედავად იმისა, რომ გემზე დადებული „მეიფლაუერის ხელშეკრულება“ ამერიკის მმართველობის სისტემის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ითვლება, უსამართლობა ამ ქვეყანაშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, განვიხილოთ ერთი მამაკაცის შემთხვევა, რომელსაც პოლიციელმა ტყვია დაახალა მაშინ, როცა ის მაღაზიის გაძარცვისა და მეპატრონის მოკვლის შემდეგ გაქცევას აპირებდა. ამ მამაკაცმა პოლიციასა და ქალაქ ნიუ-იორკზე საჩივარი შეიტანა, სადაც მან საქმე მოიგო და მილიონობით დოლარი გადაუხადეს.
განვიხილოთ სხვა შემთხვევა. როცა პასადინას (კალიფორნია) იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სამართალწარმოებაში გამოცდას აბარებდნენ, ერთ-ერთ სტუდენტს აპოპლექსიური დამბლა დაემართა და კოლაფსში ჩავარდა. მასთან ახლოს მდგომმა ორმა სტუდენტმა მაშინვე, სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა. ამასობაში 40 წუთი გავიდა. მაგრამ, როცა მათ დამატებითი 40 წუთი მოითხოვეს დაკარგული დროის ასანაზღაურებლად, გამომცდელისგან უარი მიიღეს.
კიდევ ერთი შემთხვევა კრიმინალური მოქმედებისთვის დასჯის შესახებ. ეკონომიკური ანალიტიკოსი ედ რუბენშტაინი აღნიშნავს: „ბოროტმოქმედებათა უმეტესობას არასოდეს მოჰყოლია დაპატიმრება. მრავალ დაპატიმრებულს კი არ ასამართლებენ. მრავალს კი თავდებით ათავისუფლებენ. მოსალოდნელი სასჯელი, დამნაშავის აზრით, სავარაუდოა და არა გარდაუვალი“. რუბენშტაინი იყენებს გაქურდვის მიზნით სახლის გატეხვის მონაცემებს და ასკვნის, რომ პოტენციური ქურდი „98 პროცენტზე მეტ შემთხვევაში პატიმრობას გადაურჩება“. დასჯის მცირე საშიშროება უფრო მეტ დამნაშავეობასა და ბოროტმოქმედთა მსხვერპლის რაოდენობის ზრდას იწვევს (ეკლესიასტე 8:11).
მრავალ ქვეყანაში მდიდრები, რომლებიც საზოგადოების უმცირესობას შეადგენენ, კიდევ უფრო მდიდრდებიან, მაშინ როცა ღარიბთა მასები ეკონომიკურ უსამართლობას აწყდებიან. ასეთი უსამართლობის მიზეზია ის, რომ კანის ფერის, ეთნიკური წარმოშობის, ენის, სქესის ან რელიგიის გამო ადამიანებს თითქმის არ შეუძლიათ მდგომარეობის გაუმჯობესება ან თავის შენახვაც კი. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ (The New York Times) თანახმად, მაგალითად, „სამხრეთ აზიის იმ ნაწილში, სადაც ინდუსები ჭარბობენ, მილიარდიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი, რომელთა უმეტესობა ინდოეთსა და ნეპალში ცხოვრობს, ხელშეუხებელთა კასტის წევრებად იბადება და კვდება“. ამის შედეგი კი ის არის, რომ მილიონები სიღარიბის, შიმშილისა და დაავადებების შედეგად იღუპებიან. აკვნიდან მოყოლებული უსამართლობა სამარემდე თან სდევს მათ ცხოვრებას.
რა შეიძლება ითქვას, ერთი შეხედვით, იმ უსამართლობაზე, რომელიც ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება? გიფიქრია ბავშვების ისეთი თანდაყოლილი დეფექტებით დაბადების შესახებ, როგორიცაა: სიბრმავე, გონებრივი ჩამორჩენილობა ან დეფორმაციები? განა უსამართლობის გრძნობა არ დაეუფლება ქალს, რომელმაც ხეიბარი ან მკვდარი ბავშვი შობა, ხოლო მასთან მყოფი ქალები კი ჯანსაღ ბავშვებს იხუტებენ გულში?
სამწუხაროდ, უსამართლობა ყვავის, ხოლო მისი შედეგია უსაზღვრო ტანჯვა და მშვიდობის, სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობის დაკარგვა. ნანახი და განცდილი უსამართლობით აღშფოთებული მრავალი ადამიანი ძალადობის გზას ადგება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანთა ტანჯვას. ომების უმეტესობა განზრახ ჩადენილმა უსამართლობამ წარმოშვა.
რატომ ვერ აარსებენ ადამიანები სამართლიან ქვეყნიერებას? არის თუ არა სამართლიანი ქვეყნიერება მხოლოდ ოცნება?
-
-
სამართლიანი ქვეყნიერება მხოლოდ ოცნება არ არის!საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ნოემბერი
-
-
რატომ განიცადა ადამიანმა კრახი?
სამართლიანი ქვეყნიერების დაარსებაში კრახის ძირითადი მიზეზი არის ჩვენი პირველი მშობლებისგან, ადამისა და ევასგან, მემკვიდრეობით მიღებული ნაკლი. ბიბლია განმარტავს: „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). ნაკლი არის ცოდვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამი და ევა უნაკლოდ იყვნენ შექმნილი, ისინი ღვთის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ამგვარად ცოდვილები გახდნენ (დაბადება 2:16, 17; 3:1–6). ამის გამო თავიანთ შვილებს მემკვიდრეობად ცოდვა, ცუდი მიდრეკილებები გადასცეს.
განა ცოდვისკენ მიდრეკილების შედეგი არ არის პიროვნებისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა სიხარბე და წინასწარაკვიატებულობა? განა წუთისოფელში არსებულ უსამართლობას არ ზრდის ეს თვისებები? სიხარბე წარმოადგენს გარემოს დაბინძურებისა და ეკონომიკური ჩაგვრის მიზეზს. წინასწარაკვიატებულობის საფუძველზე ხდება ეთნიკური ბრძოლები და რასობრივი დისკრიმინაცია. ასეთი თვისებები ძარცვის, თაღლითობისა და სხვებისთვის ზიანის მომტანი მოქმედებისკენ აღმძვრელიცაა.
ჩვენი ცოდვილი მიდრეკილებების გამო ხშირად საუკეთესო აღძვრებით გამოწვეული სამართლიანობისა და სიკეთის გამოვლენის მცდელობებიც კი კრახით მთავრდება. მოციქული პავლე აღიარებდა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“. შემდეგ ის განაგრძობს ამ შინაგანი ბრძოლის აღწერას: „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:19–23). შესაძლოა, ჩვენშიც ხდება მსგავსი შინაგანი ბრძოლა. ამიტომაც ყვავის ასე უსამართლობა.
წუთისოფლის უსამართლობას ადამიანთა მმართველობის ფორმაც უწყობს ხელს. ყველა ქვეყანაში არსებობს როგორც კანონები, ისე კანონმდებლები. რასაკვირველია, ყველგანაა მოსამართლეები და სასამართლოები. რა თქმა უნდა, ზოგი პრინციპული პიროვნება ცდილობს, დაიცვას ადამიანთა უფლებები და მიჰყვეს პრინციპს, რომ კანონი ყველასთვის ერთია. მიუხედავად ამისა, მათი მცდელობების უმეტესობა მარცხით მთავრდება. რატომ? მათი წარუმატებლობის მიზეზი, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული, შეიძლება მოკლედ გადმოიცეს იერემიას 10:23-ში მოცემული სიტყვებით: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ღვთისგან ჩამოცილებულ ადამიანს, უბრალოდ, არ შეუძლია დააარსოს მართალი, სამართლიანი ქვეყნიერება (იგავნი 14:12; ეკლესიასტე 8:9).
სამართლიანი ქვეყნიერების დაარსებაში კაცობრიობისთვის დიდ ხელის შემშლელს სატანა ეშმაკი წარმოადგენს. ბიბლია ნათლად აცხადებს, რომ ამბოხებული ანგელოზი სატანა პირველი „კაცისმკვლელი“ და „ცრუა“, რომ «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს» (იოანე 8:44; 1 იოანე 5:19). მოციქული პავლე მას ‘ამ წუთისოფლის ღმერთს’ უწოდებს (2 კორინთელთა 4:3, 4). სატანას სძულს სამართლიანობა და ყოველ ღონეს ხმარობს ბოროტების გასაღვივებლად. სანამ ის მართავს წუთისოფელს, ყოველგვარი უსამართლობა და მისი სამწუხარო შედეგები იმეფებს კაცობრიობაზე.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ უსამართლობა ყოველთვის იქნება ადამიანთა საზოგადოებაში? არის თუ არა სამართლიანი ქვეყნიერება აუხდენელი ოცნება?
-