ღირსეულთა ძებნა კენიაში
კენია საუცხოოდ ლამაზი ქვეყანაა. დაბურული ტყეები, ფართოდ გადაშლილი ტრამალები, ძალიან ცხელი უდაბნოები და თოვლით დაფარული მთები ამ მომხიბლავი ქვეყნის მშვენებაა. კენია მილიონზე მეტი გნუს და გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი მარტორქის სამშობლოა. აქ შეგიძლიათ შენიშნოთ მდელოებზე მიმოფანტული ჟირაფების დიდი ჯოგებიც.
ეს ქვეყანა მდიდარია ცის ფრინველებით — ცაში მოლივლივე ძლიერი არწივებით დაწყებული ნაირნაირი მოჭიკჭიკე ჩიტებით დამთავრებული, რომლებიც მხიარული მელოდიებით ატკბობენ გარემოს. ვინ ვერ შეამჩნევდა სპილოებსა და ლომებს? თავისი სანახაობებითა და ხმებით კენია დაუვიწყარია.
თუმცა არის სხვა ხმებიც, რომლებიც ამ მშვენიერი ქვეყნის მთელ სივრცეში ისმის. ეს ის ათასობით ხმაა, რომელიც იმედის შესახებ ცნობას ავრცელებს (ესაია 52:7). ეს ხმა სწვდება 40-ზე მეტ თემსა და ამდენივე ენაზე მოლაპარაკე ხალხს. ამ გაგებით კენია სულიერადაც საუცხოოდ ლამაზი ქვეყანაა.
კენიის მკვიდრთა უმეტესობა მორწმუნეა და მზად არის, სულიერ საკითხებზე სასაუბროდ. მიუხედავად ამისა, კენიაში ხალხთან დაკავშირება ძნელი აღმოჩნდა, რადგან, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, იქაც ბევრი რამ იცვლება.
რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ ბევრს შეაცვლევინა ცხოვრების წესი. ქალები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ოჯახური საქმეებით იყვნენ დაკავებული, ახლა მუშაობენ ოფისებში ან გზების გასწვრივ ყიდიან ხილს, ბოსტნეულს, თევზსა და დაწნულ კალათებს. მამაკაცები დიდ დროს უთმობენ სამუშაოს; ცდილობენ, ოჯახში რამე შეიტანონ. პატარა ბავშვებიც კი მოხალული მიწის თხილითა და მოხარშული კვერცხებით სავსე პარკებს თავიანთი პაწაწინა მხრებით დაატარებენ; დადიან ქუჩებში და ყიდიან თავიანთ საქონელს. ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ძალიან ცოტა ხალხია სახლში. ასეთმა ვითარებამ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მქადაგებელთათვის აუცილებელი გახადა, მსახურებაში გარკვეული ცვლილებები მოეხდინათ.
იეჰოვას მოწმეთა კრებებს ურჩიეს, მეტი ყურადღება დაუთმონ ქუჩაში მომუშავე ადამიანებს, ასევე თავიანთ მეგობრებს, ნათესავებს, საქმიან ხალხსა და თანამშრომლებს. ძმები ამ რჩევას გამოეხმაურნენ იმით, რომ სადაც კი ხვდებიან, ყველგან ესაუბრებიან ადამიანებს (მათე 10:11). მოსდევს ამ ძალისხმევას შედეგი? დიახ! განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
ნათესავები — ჩვენი უახლოესი ადამიანები
კენიის დედაქალაქ ნაირობში დაახლოებით სამი მილიონი მცხოვრებია. ქალაქის აღმოსავლეთში ცხოვრობდა გადამდგარი ოფიცერი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე არ მოსწონდა იეჰოვას მოწმეები. თუმცა კი, მისდა სამწუხაროდ, მისი ვაჟი იეჰოვას მოწმე იყო. ერთხელ, თებერვალში გადამდგარი ოფიცერი 160 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ნაკურუში (რიფტ-ველის ოლქი) მცხოვრებ შვილს ესტუმრა. იქ ყოფნისას ვაჟმა მამას საჩუქრად წიგნი — „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ მისცაa.
სახლში დაბრუნებულმა ყოფილმა ოფიცერმა წიგნი თავის ცოლს მისცა. მან დაიწყო კითხვა, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ის იეჰოვას მოწმეების მიერ იყო გამოქვეყნებული. ბიბლიური ჭეშმარიტება ნელ-ნელა სწვდებოდა მის გულს. წაკითხული ინფორმაცია მეუღლეს გაუზიარა. მანაც ცნობისმოყვარეობით დაიწყო ამ წიგნის კითხვა. როდესაც მათ გაიგეს, ვინ იყო ამ წიგნის გამომცემელი, დაასკვნეს რომ ადრე იეჰოვას მოწმეებზე არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული. ისინი დაუკავშირდნენ ადგილობრივ მოწმეებს და ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. წიგნის წაკითხვის შემდეგ მიხვდნენ, რომ არაქრისტიანულია თამბაქოს გამოყენებაც და გაყიდვაც (მათე 22:39; 2 კორინთელთა 7:1). მათ უყოყმანოდ გაანადგურეს სიგარეტები, რაც თავიანთ მაღაზიაში ჰქონდათ. რამდენიმე თვის შემდეგ მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ და მალე, საოლქო კონგრესზე მოინათლნენ კიდეც.
ნაგავში განძის პოვნა
დიდი რაიონების ზოგიერთ ნაწილში უწესრიგოდ არის გაშენებული სოფლები, რომლებიც ასი ათასობით ადამიანის თავშესაფარია. აქ ნახავთ ჩამწკრივებულ სახლებს, რომლებიც აშენებულია ტალახით, ხით, ლითონის ნაგლეჯებით ან დაღარული თუნუქის ფურცლებით. რადგან სამუშაო ცოტაა სამრეწველო დაწესებულებებსა და ფაბრიკა-ქარხნებში, მოსახლეობა თვითონ ცდილობს რაიმეს გაკეთებას. „ჯუა კალე“ (სუაჰილურად „მცხუნვარე მზის“) მუშები მზის გულზე მუშაობენ, მანქანის ძველი საბურავებისგან ამზადებენ სანდლებს ან კონსერვის გადაყრილი ქილებისგან აკეთებენ ნავთის ლამპებს. სხვები ნაგვის გროვებსა და სანაგვე ყუთებში იქექებიან და ეძებენ ქაღალდებს, კონსერვის ქილებსა და ბოთლებს, რომ მათგან რამე დაამზადონ.
შეიძლება ნაგავში განძის პოვნა? დიახ! ერთი ძმა იხსენებს: «ერთმა ძლიერმა, უხეში გამომეტყველების უსუფთაო მამაკაცმა, რომელსაც გადაყრილი გაზეთებითა და ჟურნალებით სავსე ცელოფნის დიდი ტომარა მიჰქონდა, ჩვენს საკონგრესო დარბაზთან გაიარა. მას შემდეგ, რაც გამეცნო, რომ უილიამი ერქვა, მკითხა: «„საგუშაგო კოშკის“ ახალი ნომრები გაქვთ?» ძალიან შემეშინდა, რადგან არ ვიცოდი, რა ჰქონდა განზრახული. როდესაც ჟურნალის ხუთი ეგზემპლარი ვაჩვენე, მან ყველა სათითაოდ გადაათვალიერა და თქვა: „ხუთივეს ავიღებ“. მოულოდნელობისგან გაოცებული ჩემს ოთახში შევედი და გამოვიტანე წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“b. ვაჩვენე სამოთხის სურათი და ავუხსენი, რომ ჩვენ უფასოდ ვასწავლით ბიბლიას. შემდეგ კი შევთავაზე: „ვილიამ, ხვალ ხომ არ მოხვიდოდი შესწავლის დასაწყებად?“. ის ასეც მოიქცა!
«ერთ კვირადღეს ის პირველად მოვიდა კრებაზე! იმ დღეს საჯარო მოხსენებას მე ვკითხულობდი. როდესაც ვილიამი შემოვიდა, თვალი გადაავლო დარბაზს, შემომხედა სცენაზე მდგომს და დარბაზიდან გავარდა. მოგვიანებით ვკითხე, თუ რატომ მოიქცა ასე. მან დარცხვენით მიპასუხა: „ხალხი ძალიან სუფთა იყო და თავი უხერხულად ვიგრძენი“.
ვილიამმა სულიერ წარმატებებს მიაღწია და ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მისი ცხოვრება შეცვალა. დაიბანა, შეიჭრა თმა, ჩაიცვა სუფთა ტანსაცმელი და მალე რეგულარულადაც დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. როდესაც გამოიცა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, მისი შესწავლა დავიწყეთ. ამასობაში თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მას უკვე ორი დავალება ჰქონდა. მალე მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. მე დიდი აღფრთოვანებით მივიღე ვილიამი, როგორც ჩემი სულიერი ძმა, როდესაც სპეციალურ კონგრესზე მოინათლა».
სად ნახა პირველად ვილიამმა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“? „რამდენიმე ნომერი ნაგავში გადაყრილ ქაღალდებში ვიპოვე“. დიახ, მან უჩვეულო სახით იპოვა განძი!
დამოწმება სამსახურში
ყოველთვის მზად ვართ, რომ ყოველი შესაძლებლობისას არაფორმალურად დავამოწმოთ ჩვენს სამსახურებში? ნაირობის კრებიდან უხუცეს ძმას, ჯეიმზს, სწორედ ასე გააცნეს ბიბლიური ჭეშმარიტება. თავის მხრივ, ისიც დახელოვნდა ქადაგების ასეთი მეთოდის გამოყენებაში, რათა ადამიანებისთვის ჭეშმარიტება გაეცნო. მაგალითად, ერთხელ ჯეიმზმა ნახა, რომ ერთ თანამშრომელს ოფისში სამკერდე ნიშანი ეკეთა, რომელზეც ეწერა: „იესო გვიხსნის“. მახარებელ ფილიპეს მსგავსად, ჯეიმზი თანამშრომელს შეეკითხა: „თუ გესმის, ამ სიტყვების მნიშვნელობა?“ (საქმეები 8:30). ამ კითხვას სასიამოვნო საუბარი მოჰყვა. მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და, მოგვიანებით, მოინათლა. მიაღწია ჯეიმზმა სხვებთანაც იგივე წარმატებას? მოდი თვითონ მას მოვუსმინოთ:
„მე და ტომი ერთ კომპანიაში ვმუშაობდით და სამსახურის ავტობუსით ხშირად ერთად ვმგზავრობდით ხოლმე. ერთ დილას, ისე მოხდა, რომ ერთად დავსხედით. მე ჩვენს ერთ-ერთ წიგნს ვკითხულობდი, რომელიც ისე მეჭირა, რომ მას შეეხედა. როგორც ვიმედოვნებდი, წიგნმა მისი ყურადღება მიიპყრო და მეც სიამოვნებით ვათხოვე. მასზე წაკითხულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დამთანხმდა ბიბლიის შესწავლაზე. ახლა ის და მის ცოლი იეჰოვას მონათლული მსახურები არიან“.
ჯეიმზი განაგრძობს: „ხშირად ჩვენს კომპანიაში სადილის დროს, შესვენებაზე, ძალიან საინტერესო საუბრები იმართება ხოლმე. ერთხელ ეფრემსა და უოლტერს შევხვდი. ორივემ იცოდა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. ეფრემს აინტერესებდა იმის გაგება, თუ რატომ იყო ასეთი დიდი შეუწყნარებლობა იეჰოვას მოწმეების მიმართ. უოლტერს კი სურდა გაეგო, თუ რა განსხვავებაა მოწმეებსა და სხვა რელიგიებს შორის. ორივე დააკმაყოფილა საღვთო წერილზე დაფუძნებულმა ჩემმა პასუხებმა და ბიბლიის შესწავლაზეც დამთანხმდნენ. ეფრემმა სწრაფად წაიწია წინ. გარკვეული დროის შემდეგ მან და მისმა ცოლმა თავი იეჰოვას მიუძღვნეს. ახლა ის უხუცესია; მისი მეუღლე კი პიონერად მსახურობს. უოლტერმა სერიოზული წინააღმდგობის გამო შესწავლას თავი დაანება, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, კვლავ განაახლა. ახლა ისიც ხარობს, რომ უხუცესად მსახურების უპირატესობა აქვს“. იმის წყალობით, რომ ჯეიმზმა ხელიდან არ გაუშვა სამსახურში არაფორმალური დამოწმების შესაძლებლობა, 11 კაცი ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდა.
ყველაზე საოცარი შედეგი
ვიქტორიას ტბის სანაპიროზე მდებარე ერთ პატარა სოფელში მეგობრები და ნათესავები შეიკრიბნენ დაკრძალვის ცერემონიაზე. ჭირისუფლებს შორის იყო ერთი ხანდაზმული მოწმე. ის მივიდა ერთ მასწავლებელთან, დოლისთან, და აუხსნა, თუ რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები და გააცნო იეჰოვას განზრახვა იმის შესახებ, რომ სიკვდილი აღარ იქნებოდა. ამ ძმამ შენიშნა დადებითი გამოხმაურება და დაარწმუნა ის: „როდესაც შენს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდები, ერთ-ერთი მისიონერი მოვა შენთან სახლში და ბიბლიას შეგასწავლის“.
დოლის მშობლიური ქალაქი სიდიდით მესამეა კენიაში. იმ დროისთვის იქ მხოლოდ ოთხი მისიონერი მსახურობდა. ამ ხანდაზმულ ძმას, ფაქტობრივად, არც ერთი მისიონერისთვის არ შეუტყობინებია, რომ დოლისთან მისულიყვნენ. ის, უბრალოდ, დარწმუნებული იყო, რომ ეს ასე მოხდებოდა. ასეც მოხდა! მალე ერთი მისიონერი და შეხვდა დოლის და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დოლი და მისი ორი ვაჟი ახლა მონათლულები არიან, უმცროსი გოგონა თეოკრატიული სამსახურის სკოლაშია ჩაწერილი; დოლი სიხარულით დაესწრო პიონერული მსახურების სკოლას.
ზრდისთვის ზრუნვა
განსაკუთრებით არაფორმალური დამოწმებით კენიაში ათასობით ადამიანს მიეცა კეთილი ცნობის მოსმენის საშუალება. დღეისათვის 145 000-ზე მეტი მაუწყებელია დაკავებული ამ ძალზე მნიშვნელოვანი საქმიანობით. გასულ წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს კი 441 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მთელ კენიაში კრებაზე დამსწრეთა რიცხვი ხშირად ორჯერ აღემატება სამეფოს მაუწყებელთა რიცხვს. ეს კი უფრო მეტი სამეფო დარბაზის აშენების აუცილებლობას ქმნის.
სამეფო დარბაზები შენდება როგორც მთავარ ქალაქებში, ისე პერიფერიებში. ერთ-ერთი მათგანი ნაირობიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 320 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სამბურუშია. 1934 წელს ქალაქს სახელად „მარალალი“ დაარქვეს, რაც სამბურო ენაზე „მბზინავს“ ნიშნავს, რადგან დაღარული თუნუქით გადახურული სახურავი მზეზე ბზინავდა. სამოცდაორი წლის შემდეგ სხვა სამეფო დარბაზი აშენდა აქ. ისიც „კაშკაშებს“ და „ბრწყინავს“, რადგან ჭეშმარიტი თაყვანისცემის ადგილია.
თხუთმეტმა მაუწყებელმა დიდი ძალ-ღონე მოახმარა კენიის ამ პერიფერიულ ქალაქში პირველი სამეფო დარბაზის აშენებას. არასაკმარისი სახსრების გამო მათი იმედები ადგილობრივ მასალაზე იყო დამყარებული. კედლები წითელი მიწით ააშენეს, რომელსაც წყალში ასველებდნენ და მჭიდროდ ტკეპნიდნენ ძელებს შორის. კედლები გაასწორეს და საქონლის ნაკელისა და ნაცრის ნარევით გალესეს, რაც დიდ დროს ითხოვდა და წლების მანძილზე გრძელდებოდა.
საშენი მასალისთვის ძმებმს ხეების მოჭრის ნება დართეს. მაგრამ უახლოესი ტყე 10 კილომეტრით იყო დაშორებული მათგან. ძმები და დები ტყეში ფეხით მიდიოდნენ, ჭრიდნენ ხეებს, სხიპავდნენ და მშენებლობის ადგილზე მოჰქონდათ. ერთხელ, როდესაც ტყიდან ბრუნდებოდნენ, პოლიციელმა გააჩერა ისინი და განუცხადა, რომ მათი ნებართვა ძალადაკარგული იყო. მან სპეციალურ პიონერს უთხრა, რომ ხეების მოჭრისთვის დაპატიმრებული იყო. ერთმა დამ, რომელიც კარგად იცნობდა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ამ პოლიციელს, ხმამაღლა თქვა: „თუ ჩვენს ძმას დააპატიმრებ, ყველა ჩვენგანის დაპატიმრებაც მოგიწევს, რადგან ხეები ყველამ მოვჭერით!“. მაშინ პილიციელმა ყველანი გაუშვა.
ტყეში გარეული ცხოველები ბინადრობდნენ და იქ სიარული საშიში იყო. ერთ დღეს ერთმა დამ ხე მოჭრა. ხის მიწაზე დანარცხებისას დამ დაინახა, რომ რაღაც ცხოველი გადახტა და გაიქცა. რადგან რაღაც მუქ ფერს მოჰკრა თვალი, გაიფიქრა, რომ ანტილოპა იყო, მაგრამ მოგვიანებით ნაფეხურების ნახვის შემდეგ მიხვდა, რომ ეს ლომი ყოფილა! მიუხედავად ასეთი საფრთხისა, ძმებმა დაასრულეს სამეფო დარბაზის მშენებლობა, რომელიც დგას, როგორც იეჰოვას განსადიდებელი „მოკაშკაშე“ ადგილია.
1963 წლის 1 თებერვალი კენიის თეოკრატიულ ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე იყო. ამ დღეს პირველი ფილიალი გაიხსნა — მხოლოდ ერთი, 7,4 კვადრატული მეტრის, ოთახი. 1997 წლის 25 ოქტომბერს კენიის თეოკრატიულ ისტორიაში სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ეს იყო ახალი ბეთელის მიძღვნა, რომლის ტერიტორიაც 7,800 კვადრატულ მეტრს მოიცავს! დასრულებული პროექტი სამწლიანი მძიმე შრომის დიდებული შედეგი იყო. 25-მა სხვადასხვა ეროვნების მოხალისემ ტალახითა და სარეველებით სავსე 3,2 ჰექტარი მინდორი ახალი ფილიალისთვის, სადაც ბეთელის ოჯახის 80 წევრი მსახურობს, მშვენიერ პარკად გადააქცია.
ყველა მიზეზი გვაქვს იმისა, რომ გავიხაროთ იმით, რაც იეჰოვამ თავისი ხალხისთვის გააკეთა. მადლობა მას, რომ აღძრა თავისი მსახურები, გაეფართოებინათ მსახურება და უფრო მეტი მონდომებით ეძებნათ ღირსეულები კენიაში, რაც მას სულიერად საუცხოოდ ლამაზ ქვეყნად აქცევს.
[სქოლიოები]
a გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
b გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.