საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის ხალხს სიკეთე უნდა უყვარდეს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 აპრილი
    • ღვთის ხალხს სიკეთე უნდა უყვარდეს

      «ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის [„სიკეთის“, აქ] სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე» (მიქა 6:8).

      1, 2. ა) რატომ არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვა თავისი ხალხისგან სიკეთის გამოვლენას მოელის? ბ) სიკეთესთან დაკავშირებით, რომელ საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

      იეჰოვა სიკეთის ღმერთია (რომაელთა 2:4, სსგ; 11:22, სსგ). რამდენად მადლიერი უნდა ყოფილიყო ამისთვის ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა! ედემის ბაღში ისინი გარემოცული იყვნენ ღვთის ხილული ქმნილებებით, რაც იმაზე მოწმობდა, რომ ღმერთი სიკეთეს ავლენდა ამ ქმნილებებით ტკბობის უნარის მქონე ადამიანებისადმი. ღმერთს არ შეუწყვეტია სიკეთის გამოვლენა. ის დღესაც ყველას მიმართ — უმადური და ბოროტი ადამიანების მიმართაც კი — კეთილია.

      2 ადამიანები ღვთის ხატად ვართ შექმნილი; ამიტომაც მისი თვისებების არეკვლის უნარი გვაქვს (დაბადება 1:26). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა ჩვენგან სიკეთის გამოვლენას მოელის. როგორც მიქას 6:8-შია აღნიშნული, ღვთის ხალხს ‘წყალობა [„სიკეთე“, აქ] უნდა უყვარდეს’. მაგრამ რა არის სიკეთე? როგორ უკავშირდება ის ღვთისთვის მოსაწონ სხვა თვისებებს? თუ ყველა ადამიანს შეუძლია სიკეთის გამოვლენა, რატომღა არის ქვეყნიერება ასეთი ულმობელი და სასტიკი? რატომ უნდა ვცდილობდეთ ჩვენ, ქრისტიანები, სხვებთან ურთიერთობისას სიკეთის გამოვლენას?

      რა არის სიკეთე?

      3. როგორ განმარტავთ სიკეთეს?

      3 სიკეთე სხვების კეთილდღეობით გულწრფელ დაინტერესებაში გამოიხატება. სიკეთის გამოვლენა როგორც სარგებლობის მომტანი საქმით, ისე კეთილი სიტყვით არის შესაძლებელი. სიკეთეში კარგის კეთება იგულისხმება და არა — ცუდის. კეთილი ადამიანი მეგობრული, მოსიყვარულე, თანამგრძნობი და თავაზიანია. ურთიერთობაში ის სულგრძელი და ყურადღებიანია. პავლე მოციქულმა ქრისტიანებს მოუწოდა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლასელთა 3:12, აქ). როგორც ვხედავთ, სიკეთე თითოეული ქრისტიანის სიმბოლური სამოსლის შემადგენელი ნაწილია.

      4. როგორ ავლენს იეჰოვა კაცობრიობისადმი სიკეთის გამოვლენაში ინიციატივას?

      4 იეჰოვა ღმერთი ინიციატივას ავლენს სიკეთის გამოვლენაში. როგორც პავლე მოციქულმა აღნიშნა, „ცხადი გახდა ჩვენი მხსნელის, ღვთის, სიკეთე და კაცთმოყვარეობა“, როცა მან „გვიხსნა . . . სიცოცხლის მომცემი განბანითა და წმინდა სულის მიერ განახლებით“ (ტიტე 3:4, 5, აქ). ღმერთი იესოს სისხლში ‘ბანს’ — ასუფთავებს ცხებულ ქრისტიანებს, ანუ მათ საკეთილდღეოდ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის ფასს იყენებს. ამასთან, სულიწმიდის მეშვეობით ანახლებს ცხებულებს და, როგორც ღვთის სულიწმიდით შობილ ძეებს, „ახალ ქმნილებად“ აქცევს (2 კორინთელთა 5:17, აქ). ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ღვთის სიკეთე და სიყვარული ვრცელდება „უამრავ ხალხზეც“, რომლებმაც „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:9, 14; 1 იოანე 2:1, 2).

      5. რატომ უნდა გამოავლინონ სიკეთე იმ ადამიანებმა, რომელთაც ღვთის სული ხელმძღვანელობს?

      5 ისიც აღსანიშნავია, რომ სიკეთე ღვთის სულიწმიდის, ანუ მოქმედი ძალის, ნაყოფის შემადგენელი ნაწილია. პავლე მოციქულმა თქვა: „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება. არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ“ (გალატელთა 5:22, 23, აქ). მაშ, განა არ უნდა გამოავლინოს სიკეთე იმ ხალხმა, რომელსაც ღვთის სული ხელმძღვანელობს?

      ჭეშმარიტი სიკეთე სისუსტე როდია

      6. როდის არის სიკეთე სისუსტე და რატომ?

      6 ზოგი სიკეთეს სისუსტედ მიიჩნევს. მათი აზრით, ადამიანი მკაცრი და ზოგჯერ უხეშიც უნდა იყოს, რათა სხვებმა მისი ხასიათის სიმტკიცე დაინახონ. სინამდვილეში კი დიდი ძალაა საჭირო იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სიკეთე გამოავლინო და უადგილო სიკეთის გამოვლენას მოერიდო. რადგანაც სიკეთე ღვთის სულის ნაყოფის ნაწილია, შეუძლებელია ის სისუსტის მაჩვენებელი თვისება იყოს, რომელიც თვალს ხუჭავს არასწორ მოქმედებაზე. მეორე მხრივ, უადგილოდ გამოვლენილი სიკეთე სისუსტეა და ის არასწორი მოქმედების ხელშემწყობი ხდება.

      7. ა) როგორ გამოავლინა ელიმ სისუსტე? ბ) რატომ უნდა მოერიდონ უხუცესები უადგილო სიკეთის გამოვლენას?

      7 განვიხილოთ ისრაელის მღვდელმთავრის, ელის (ყელი) მაგალითი. ელიმ სისუსტე გამოავლინა და სათანადოდ არ შეაგონა თავისი ვაჟები, ხოფნი და ფინხასი, რომლებიც მღვდელმსახურებას ასრულებდნენ კარავში. ისინი არ კმაყოფილდებოდნენ იმით, რაც რჯულის მიხედვით ეკუთვნოდათ შესაწირავებიდან და ხალხისგან მოითხოვდნენ, უმი ხორცი მიეცათ მანამდე, სანამ სამსხვერპლოზე ქონს დაწვავდნენ. აგრეთვე მათ უზნეო ურთიერთობა ჰქონდათ კარვის კართან მომსახურე ქალებთან. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ვაჟებისთვის მსახურების უფლება ჩამოერთმია, ელი მხოლოდ მსუბუქად საყვედურობდა მათ (1 მეფეთა 2:12—29). გასაკვირი არ არის, რომ „უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში“ (1 მეფეთა 3:1, სსგ). ქრისტიანი უხუცესები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა უადგილო სიკეთე არ გამოავლინონ იმ შემცოდველების მიმართ, რომლებმაც შეიძლება სულიერი საფრთხე შეუქმნან კრებას. ჭეშმარიტი სიკეთე იმას არ ნიშნავს, რომ თვალი დახუჭო ისეთ სიტყვებსა და მოქმედებებზე, რომლებიც ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება.

      8. როგორ ავლენდა იესო ჭეშმარიტ სიკეთეს?

      8 იესო ქრისტეს, რომელიც საუკეთესო მაგალითს გვაძლევს, შეცდომა არასდროს დაუშვია და არასდროს გამოუვლენია უადგილო სიკეთე. ის ჭეშმარიტი სიკეთის განსახიერება იყო. მაგალითად, მას ‘ებრალებოდა ხალხი, რადგან ისინი უმწყემსო ცხვარივით დაუძლურებულები და დაფანტულები იყვნენ’. გულწრფელ ადამიანებს უადვილდებოდათ იესოსთან ურთიერთობა და მასთან პატარა ბავშვებიც კი მიჰყავდათ. დაფიქრდით, როგორი სიკეთე და თანაგრძნობა გამოავლინა იესომ, როცა ‘ხელები მოხვია ბავშვებს და აკურთხა ისინი’! (მათე 9:36; მარკოზი 10:13—16). იესო კეთილი იყო, მაგრამ მტკიცედ იცავდა იმას, რაც ღვთის თვალში სწორი იყო. მას არასდროს შეუწყნარებია ბოროტება. მას ღვთისგან ძალა ჰქონდა მიცემული ცრუ რელიგიური წინამძღოლების სამხილებლად. როგორც მათეს 23:13—26-შია აღნიშნული, მან რამდენჯერმე უთხრა მათ: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო“.

      სიკეთე და ღვთისთვის მოსაწონი სხვა თვისებები

      9. როგორ უკავშირდება სიკეთე სულგრძელობასა და სიკარგეს?

      9 სიკეთე დაკავშირებულია სხვა თვისებებთან, რომლებსაც ღვთის სული წარმოშობს. ბიბლიაში ის „სულგრძელობასა“ და „სიკარგეს“ შორის არის მოხსენიებული. მართლაც, ადამიანის სიკეთეზე მისი სულგრძელობაც მეტყველებს. ასეთი ადამიანი იმ პიროვნების მიმართაც კი მომთმენია, რომელიც კეთილი არ არის. სიკეთეს სიკარგესთანაც აქვს საერთო, რადგანაც ეს თვისება სხვებისთვის სასარგებლო ქმედებებში გამოიხატება. ზოგჯერ ბიბლიაში გამოყენებულ ბერძნულ სიტყვა „სიკეთეს“ „სიკარგედაც“ თარგმნიან. პირველი ქრისტიანების მიერ ამ თვისების გამოვლენით იმდენად გაოგნებულები იყვნენ წარმართები, რომ, ტერტულიანეს თანახმად, მათ „სიკეთის ხალხს“ უწოდებდნენ.

      10. რა კავშირია სიკეთესა და სიყვარულს შორის?

      10 კავშირი სიკეთესა და სიყვარულს შორისაც არსებობს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ასეთი სიყვარულის შესახებ თქვა პავლემ, რომ „სულგრძელია და კეთილი“ (1 კორინთელთა 13:4, აქ). სიკეთესა და სიყვარულს შორის კავშირი კარგად ჩანს ბიბლიურ სიტყვაში, რომელიც „სიყვარულით ნაკარნახევ სიკეთედ“ ითარგმნება. ეს არის სიკეთე, რომელიც ურყევი სიყვარულიდან გამომდინარეობს. ებრაულ სიტყვაში, რომელიც „სიყვარულით ნაკარნახევ სიკეთედ“ არის ნათარგმნი, ნაზ გრძნობაზე მეტი იგულისხმება. ეს არის სიკეთე, რომელიც სიყვარულით ვლინდება ვინმეს ან რამის მიმართ მანამ, სანამ მასთან დაკავშირებული მიზანი არ იქნება მიღწეული. სიყვარულით ნაკარნახევ სიკეთეს იეჰოვა სხვადასხვაგვარად ავლენს. მაგალითად, მისი ეს თვისება კარგად ჩანს, როცა ის ვინმეს სახსნელად და დასაცავად მოქმედებს (ფსალმუნები 6:5; 39:12; 142:12).

      11. რაში გვარწმუნებს სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთე, რომელსაც ღმერთი ავლენს?

      11 სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთე, რომელსაც იეჰოვა ავლენს, ადამიანებს მისკენ იზიდავს (იერემია 31:3). როცა ღვთის ერთგულ მსახურებს ხსნა და დახმარება სჭირდებათ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ღმერთი სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთის გამოვლენით მართლაც რომ ურყევ სიყვარულს გამოავლენს. ის მათ არ უმტყუნებს. ამიტომაც მათ შეუძლიათ, ფსალმუნმომღერალივით რწმენით ილოცონ: „მე შენი წყალობის [სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთის] იმედი მაქვს, შენი ხელით იხარებს ჩემი გული“ (ფსალმუნები 12:6). როგორც ვხედავთ, ღმერთი ურყევ სიყვარულს ავლენს, რაც ღვთის მსახურებს მასზე სრულად მინდობის საფუძველს აძლევს. მათ აქვთ გულდაჯერებისთვის საფუძველი, რადგან ბიბლია ამბობს, რომ „არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს, და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს“ (ფსალმუნები 93:14).

      რატომ არის ქვეყნიერება ასეთი ულმობელი?

      12. როდის და როგორ ჩაეყარა საფუძველი დესპოტურ მმართველობას?

      12 ამ კითხვის პასუხი დაკავშირებულია იმასთან, რაც ედემის ბაღში მოხდა. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში სულიერმა ქმნილებამ, რომელიც ეგოისტურმა მიზნებმა შეიპყრო და გაამაყდა, მოისურვა, მსოფლიო მმართველი გამხდარიყო. ამისთვის მან სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელების შედეგადაც მართლაც გახდა „ამ წუთისოფლის მთავარი“, დესპოტური მმართველი (იოანე 12:31). მას შემდეგ ის ცნობილია, როგორც სატანა ეშმაკი, ღვთისა და ადამიანების მთავარი მოწინააღმდეგე (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). მან განიზრახა, დაემყარებინა მმართველობა, რომელიც იეჰოვას მიერ სიკეთით განხორციელებულ მმართველობას გაუწევდა მეტოქეობას და მისი ეს განზრახვა ევას შექმნიდან მცირე ხნის შემდეგ გამოვლინდა. ამგვარად, ცუდ მმართველობას საფუძველი ჩაეყარა, როდესაც ადამმა ღვთის მმართველობისგან დამოუკიდებლობის გზა აირჩია და მისი სიკეთე სრულიად უგულებელყო (დაბადება 3:1—6). ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილად დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ, ადამი და ევა ეშმაკის ეგოიზმისა და სიამაყის გავლენის ქვეშ მოექცნენ და მისი ქვეშევრდომები გახდნენ.

      13—15. ა) რა მოჰყვა იეჰოვას სამართლიანი მმართველობის უარყოფას? ბ) რატომ არის ქვეყნიერება ასეთი სასტიკი?

      13 ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვა ამას. ადამი და ევა განდევნილ იქნენ დედამიწის იმ ნაწილიდან, სადაც სამოთხე იყო გაშენებული. სასარგებლო მცენარეებითა და ხეხილით სავსე ედემის ბაღის ნაცვლად, მათ მის მიღმა მძიმე პირობებში მოუწევდათ ცხოვრება. ღმერთმა ადამს უთხრა: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გითხარი, რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე. და ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ“. მიწის დაწყევლა იმას ნიშნავდა, რომ მისი დამუშავება ძალიან გაძნელდებოდა. მიწის დაწყევლის შედეგად ეკლისა და ძეძვის აღმოცენებით ადამის შთამომავლებს მძიმე მდგომარეობა შეექმნათ. მაგალითად, ნოეს მამამ, ლამექმა, მოიხსენია ‘მძიმე ჯაფა მიწაზე, რომელიც დაწყევლა უფალმა’ (დაბადება 3:17—19; 5:29).

      14 ადამმა და ევამ სიმშვიდეც მწუხარებაზე გაცვალეს. ღმერთმა ევას უთხრა: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე“. მოგვიანებით ადამისა და ევას პირველმა ვაჟმა ულმობლობა გამოავლინა — მან საკუთარი ძმა, აბელი, სიცოცხლეს გამოასალმა (დაბადება 3:16; 4:8).

      15 „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“, — თქვა პავლე მოციქულმა (1 იოანე 5:19, აქ). ქვეყნიერება თავისი ბოროტი მმართველისთვის დამახასიათებელ თვისებებს — მათ შორის ეგოიზმსა და სიამაყეს — ავლენს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის სისასტიკითა და ულმობლობით არის სავსე. მაგრამ ყოველთვის არ იქნება ასე. იეჰოვა იზრუნებს იმაზე, რომ სისასტიკისა და ულმობლობის ნაცვლად დედამიწაზე სიკეთე და თანაგრძნობა იყოს გაბატონებული, როცა ადამიანები მისი სამეფოს ქვეშევრდომობით იცხოვრებენ.

      ღვთის სამეფოს ქვეშევრდომთა შორის სიკეთე იქნება გაბატონებული

      16. რატომ გამოირჩევა სიკეთით მმართველობა, რომელსაც ღმერთი იესოს მეშვეობით ახორციელებს და რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ეს ჩვენ?

      16 იეჰოვა და მის მიერ გამეფებული იესო ქრისტე მოითხოვენ, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები სიკეთით გამოირჩეოდნენ (მიქა 6:8). იესო ქრისტემ დაგვანახვა, რომ მმართველობა, რომელსაც მას მამა მიანდობდა, სიკეთით იქნებოდა გამორჩეული (ებრაელთა 1:3). ეს კარგად გამოჩნდა იესოს სიტყვებში, როცა მან ამხილა ცრუ რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც ხალხს მძიმე ტვირთს ჰკიდებდნენ. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30). დღევანდელ ქვეყნიერებაში მმართველები — როგორც რელიგიური წინამძღოლები, ისე სხვები — ხალხს ძალ-ღონეს აცლიან და ამძიმებენ აურაცხელი წესების შემოღებითა და ვალდებულებების დაკისრებით, რომელთა შესრულებისთვის მადლობლებიც არ რჩებიან. იესო კი მხოლოდ იმას ითხოვს და მოელის თავისი მიმდევრებისგან, რაც მათივე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება და რისი შესრულების ძალაც შესწევთ. მისი უღელი მართლაც რომ საამური და მსუბუქია! განა ეს არ აღგვძრავს, მივბაძოთ მას სიკეთის გამოვლენაში? (იოანე 13:15).

      17, 18. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სიკეთეს გამოავლენენ ქრისტეს მომავალი თანამეფეები და მისი მიწიერი წარმომადგენლები?

      17 იესოს მიერ თავისი მოციქულებისთვის ნათქვამი გასაოცარი სიტყვებიდან კარგად ჩანს, რამდენად განსხვავდება ღვთის სამეფოს მმართველობა ადამიანთა მმართველობისგან. ბიბლიაში მოთხრობილია: «იყო დავა მათ [მოწაფეებს] შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად. მან კი უთხრა: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს — მსახურივით. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური“» (ლუკა 22:24—27).

      18 ქვეყნიური მმართველები თავის განდიდებას ცდილობენ ხალხზე ‘ბატონობითა’ და საპატიო წოდებების მოპოვებით, თითქოს ეს წოდებები მათ საკუთარ ქვეშევრდომებზე რაღაცით უმჯობესს ხდიდეს. იესოს სიტყვების თანახმად კი ადამიანისთვის ჭეშმარიტი სიდიადე მხოლოდ სხვებისთვის მსახურების გულწრფელ სურვილსა და მცდელობას მოაქვს. ყველა, ვინც მომავალში იმეფებს ქრისტესთან ერთად ზეცაში თუ ამჟამად მსახურობს მის წარმომადგენლად დედამიწაზე, უნდა შეეცადოს, რომ მიბაძოს მას თავმდაბლობისა და სიკეთის გამოვლენაში.

      19, 20. ა) როგორ გვიჩვენა იესომ, თუ რამდენად კეთილია იეჰოვა? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიკეთის გამოვლენაში?

      19 განვიხილოთ იესოს მიერ სიყვარულით მოცემული სხვა რჩევაც. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად კეთილი ღმერთია იეჰოვა, როდესაც თქვა: „თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ თქვენთვის, რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ხომ ასე აკეთებენ. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღა მადლია? ვინაიდან ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: იქნებით უზენაესის ძენი, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:32—36).

      20 ღმერთი უანგაროდ ავლენს სიკეთეს. სანაცვლოდ ის არც არაფერს ითხოვს და არც არაფერს მოელის. იეჰოვა სიკეთეს ავლენს და „მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:43—45; საქმეები 14:16, 17). ჩვენც ზეციერ მამას ვბაძავთ და არა მარტო თავს ვიკავებთ უმადურთათვის ცუდის გაკეთებისგან, არამედ კარგს ვუკეთებთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ჩვენდამი მტრულად არიან განწყობილნი. სიკეთის გამოვლენით იეჰოვასა და იესო ქრისტეს ვაჩვენებთ, რომ სურვილი გვაქვს ვიცხოვროთ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით, როცა მხოლოდ სიკეთე და ღვთისთვის მოსაწონი სხვა თვისებები იქნება გაბატონებული ადამიანთა ურთიერთობებში.

      რატომ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე?

      21, 22. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე?

      21 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიკეთის გამოვლენა. სიკეთის კეთება იმაზე მოწმობს, რომ ჩვენში სულიწმიდა მოქმედებს. გარდა ამისა, ჭეშმარიტი სიკეთის გამოვლენით იეჰოვასა და იესოს ქრისტეს ვბაძავთ. აგრეთვე სიკეთის კეთება აუცილებელი მოთხოვნაა ღვთის სამეფოს მომავალ ქვეშევრდომთათვის. ამიტომაც უნდა გვიყვარდეს სიკეთე და უნდა ვისწავლოთ მისი გამოვლენა.

      22 როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

  • გამოავლინეთ სიკეთე მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 აპრილი
    • გამოავლინეთ სიკეთე მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში

      «ადამიანის სწრაფვა [„სასურველი თვისება ადამიანში“, აქ] მისი სიკეთეა» (იგავები 19:22).

      1. რატომ შეიძლება იყოს ძნელი სიკეთის გამოვლენა?

      კეთილ ადამიანად თვლით თავს? თუ ასეა, მაშინ დღევანდელ ქვეყნიერებაში ცხოვრება თქვენთვის ადვილი არ იქნება. სიკეთე ბიბლიაში „სულის ნაყოფად“ არის მოხსენიებული, მაგრამ რატომ არის სიკეთის გამოვლენა ასე რთული ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებშიც? (გალატელთა 5:22). როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ამ კითხვაზე გარკვეულწილად მოციქულ იოანეს სიტყვებიც გვცემს პასუხს — მთელი ქვეყნიერება ბოროტი სულიერი ქმნილების, სატანა ეშმაკის, ძალაუფლებაშია (1 იოანე 5:19). იესო ქრისტემ სატანას „წუთისოფლის მთავარი“ უწოდა (იოანე 14:30). ამგვარად, ეს ქვეყნიერება ბაძავს თავის მეამბოხე მმართველს, რომლისთვისაც ურჩობა და ბოროტებაა დამახასიათებელი (ეფესელთა 2:2).

      2. რამ შეიძლება მოახდინოს ჩვენზე გავლენა სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით?

      2 ცხოვრება არ არის ადვილი, როცა ადამიანები ცუდად გვექცევიან. ცუდად შესაძლოა მოგვეპყრონ უარყოფითად განწყობილი მეზობლები, სრულიად უცნობები, აგრეთვე მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი, რომლებმაც შეიძლება ზოგჯერ დაუფიქრებლად გვაწყენინონ. ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ერთმანეთს უხეშად ეპყრობიან, უყვირიან და ლანძღავენ, ხშირად გულგატეხილობას იწვევს. მათმა საქციელმა შესაძლოა ჩვენც უარყოფითად განგვაწყოს და აღგვძრას, რომ ვინც ცუდად მოგვეპყრობა, იმ ადამიანს ჩვენც ცუდად მოვეპყროთ. ასეთმა განწყობამ საბოლოოდ შესაძლოა სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც კი შეგვიქმნას (რომაელთა 12:17).

      3. რა სერიოზულ პრობლემებს ხვდებიან ადამიანები, რომელთა გამოც შესაძლოა სიკეთის კეთების სურვილი დაკარგონ?

      3 შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამოც გაგვიჭირდეს სიკეთის გამოვლენა. მაგალითად, კაცობრიობა შიშით ცხოვრობს — ყოველთვის არსებობს ტერორისტული აქტების მოხდენის საფრთხე და იმის საშიშროება, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ბიოლოგიურ ან ატომურ იარაღს გამოიყენებს. გარდა ამისა, მილიონობით ადამიანს სიღატაკეში უწევს ცხოვრება — არა აქვთ საკმარისი საზრდო, ნორმალური სახლი, ტანსაცმელი და ხელი არ მიუწვდებათ მკურნალობაზე. სიკეთის კეთება არც ისეთი ადვილი ხდება, როცა მდგომარეობა სრულიად უიმედო ჩანს (ეკლესიასტე 7:7).

      4. რა მცდარ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით?

      4 ადამიანმა შეიძლება ადვილად დაასკვნას, რომ სიკეთის გამოვლენა სულაც არ არის საჭირო და ეს თვისება სისუსტის ნიშნადაც კი მიიჩნიოს. მას შეიძლება ისეთი გრძნობა დაეუფლოს, რომ მის სიკეთეს ბოროტად იყენებენ; განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასე, თუ მას სხვები უხეშად ეპყრობიან (ფსალმუნები 72:2—9). მაგრამ ბიბლია გვეუბნება: „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1, სსგ). სიმშვიდე და სიკეთე სულიწმიდის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია. ეს თვისებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მათ გამოვლენას კარგი შედეგები მოჰყვება დაძაბული მდგომარეობისას.

      5. სადა და როდის უნდა გამოვავლინოთ სიკეთე?

      5 ღვთის სულიწმიდის ნაყოფის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის. ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისი შემადგენელი ერთ-ერთი თვისების — სიკეთის გამოვლენა. შესაძლებელია ამ მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში სიკეთის გამოვლენა? და თუ შესაძლებელია, სად და როდის შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ სატანის ზეგავლენას ჩვენში სიკეთის ჩახშობის ნებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით? განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა ოჯახში, სამსახურში, სკოლაში, სამეზობლოში, მსახურებაში და თანამორწმუნეთა შორის.

      სიკეთე ოჯახის წევრებს შორის

      6. რატომ არის სიკეთე ამდენად მნიშვნელოვანი ოჯახში და როგორ შეიძლება მისი გამოვლენა?

      6 იეჰოვასგან კურთხევისა და ხელმძღვანელობის მისაღებად საჭიროა სულის ნაყოფის სრულად განვითარება (ეფესელთა 4:32). ახლა ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისათვის ერთმანეთისადმი სიკეთის გამოვლენა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ქმარმა და ცოლმა სიკეთე და მზრუნველობა უნდა გამოავლინონ, როგორც ერთმანეთისადმი, ისე შვილებისადმი (ეფესელთა 5:28—33; 6:1, 2). ასეთი სიკეთე უნდა ჩანდეს ოჯახის წევრებს შორის საუბრებში, მშობლებისადმი შვილების მიერ პატივისცემის გამოვლენასა და შვილებისადმი მშობლების სწორად მოპყრობაში. კარგი იქნება, შეეცადოთ ერთმანეთის შექებას, ხოლო ბრალდებასა და კრიტიკას მოერიდოთ.

      7, 8. ა) რას უნდა მოვერიდოთ, თუ გვსურს ჭეშმარიტი სიკეთე გამოვავლინოთ ოჯახის წევრების მიმართ? ბ) როგორ უწყობს ხელს კარგი ურთიერთობა ოჯახური კვანძების განმტკიცებას? გ) როგორ შეგიძლიათ საკუთარ ოჯახში სიკეთის გამოვლენა?

      7 საკუთარი ოჯახის წევრებისადმი სიკეთის გამოვლენაში ისიც იგულისხმება, რომ მივდიოთ პავლე მოციქულის რჩევას: „განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა“. ქრისტიანული ოჯახების წევრები ყოველთვის პატივისცემით უნდა ელაპარაკონ ერთმანეთს. რატომ? იმიტომ, რომ კარგი ურთიერთობა ძლიერი და ჯანსაღი ოჯახების არსებობის საწინდარია. უთანხმოებისას მდგომარეობის შესამსუბუქებლად პრობლემის გადაჭრას შეეცადეთ და არა იმას, რომ კამათში გაიმარჯვოთ. ბედნიერი ოჯახის წევრები გულწრფელად ცდილობენ ერთმანეთისადმი სიკეთისა და ყურადღების გამოვლენას (კოლასელთა 3:8, 12—14).

      8 სიკეთე დადებითი თვისებაა და სხვებისთვის კარგის კეთებისკენ აღგვძრავს. ამიტომაც ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ, ყურადღებით მოვეპყროთ და დავეხმაროთ ოჯახის წევრებს. როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი მცდელობაა საჭირო სიკეთის გამოსავლენად, რაც დადებითად აირეკლება მთელ ოჯახზე. შედეგად, ასეთი ოჯახი არა მხოლოდ კურთხევას მიიღებს ღვთისგან, არამედ კრების წევრებსა და სხვებს შორის განადიდებს სიკეთის ღმერთს, იეჰოვას (1 პეტრე 2:12).

      სიკეთე სამსახურში

      9, 10. აღწერეთ, რა ხასიათის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას სამსახურში და ახსენით, როგორ შეიძლება სიკეთის გამოვლენით მათი მოგვარება.

      9 ქრისტიანისთვის ზოგჯერ შეიძლება არც ისე ადვილი იყოს ყოველდღიურ სამუშაო გარემოში თანამშრომელთა მიმართ სიკეთის გამოვლენა. სამსახურში გამეფებული მეტოქეობის სულით შესაძლოა ვინმე უფროსის თვალში თანამშრომლის რეპუტაციის შელახვას შეეცადოს და სიცრუით ან სხვადასხვა ხრიკებით სამსახურის დაკარგვის საშიშროება შეუქმნას (ეკლესიასტე 4:4). ადვილი არაა ასეთ დროს სიკეთის გამოვლენა. მაგრამ იეჰოვას მსახურმა არასდროს უნდა დაივიწყოს, რომ არ შეცდება, თუ სიკეთეს გამოავლენს და შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადოს, მოიპოვოს უარყოფითად განწყობილნი. ამაში შესაძლოა მზრუნველობის გამოვლენა იყოს დამხმარე. შეგიძლიათ თანამშრომლის მიმართ მზრუნველობა გამოავლინოთ, როცა ის ან მისი ოჯახის წევრი ავადმყოფობს. შესაძლოა ადამიანზე დადებითი გავლენა მისდამი ელემენტარული ინტერესის გამოვლენამაც კი მოახდინოს. დიახ, ქრისტიანი უნდა ეცადოს, ხელი შეუწყოს თანხმობასა და მშვიდობას, რამდენადაც მისი მხრივ შესაძლებელია. მზრუნველობით ნათქვამ კეთილ სიტყვას ზოგჯერ დადებითი ნაყოფი გამოაქვს.

      10 სხვა შემთხვევებში, შესაძლოა სამსახურში უფროსი შეეცადოს, თანამშრომლებს თავს მოახვიოს საკუთარი აზრები და ყველა აიძულოს ამა თუ იმ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაში ან არაბიბლიურ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. თუ ქრისტიანს სინდისი ნებას არ რთავს მონაწილეობაზე, შესაძლოა ამან უთანხმოება გამოიწვიოს. ასეთ დროს გონივრული არ იქნება იმის დეტალურად ახსნა, თუ რამდენად არასწორი იქნებოდა მისი სურვილის შესრულება. ადამიანი, რომელიც ქრისტიანულ შეხედულებებს არ იზიარებს, ალბათ, მართებულად მიიჩნევს იმას, რაც კეთდება (1 პეტრე 2:21—23). შეგიძლიათ ტაქტიანად ახსნათ, პირადად რატომ არ მიიღებთ მონაწილეობას. სარკაზმზე სარკაზმითვე ნუ უპასუხებთ. ქრისტიანისთვის კარგი იქნება შემდეგი რჩევის გათვალისწინება: „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:18).

      სიკეთე სკოლაში

      11. რა პრობლემებს ხვდებიან სკოლაში ბავშვები სხვა მოსწავლეების მიმართ სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით?

      11 ბავშვებს შეიძლება ნამდვილად გაუჭირდეთ სკოლაში მოსწავლეებისადმი სიკეთის გამოვლენა. მოსწავლეები ხშირად თანაკლასელთა მხრიდან აღიარების მოპოვებას ცდილობენ. ზოგი ბიჭი აგრესიულად იქცევა და აბუჩად იგდებს ბავშვებს იმ მიზნით, რომ სხვებს თავი მოაწონოს (მათე 20:25). ზოგი მოსწავლე კი ცდილობს ნიჭით, სპორტული მონაცემებით თუ სხვა უნარით გამოიჩინოს თავი. პირადი ღირსებების წარმოჩენის მიზნით ისინი ხშირად უსამართლოდ ექცევიან თანაკლასელებს თუ სხვა მოსწავლეებს და ჰგონიათ, რომ ასეთი მოქმედებით სხვებზე უპირატესობას მოიპოვებენ. ქრისტიანი ახალგაზრდები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ მიბაძონ ასეთ მოსწავლეებს (მათე 20:26, 27). პავლე მოციქულმა თქვა, რომ „სიყვარული სულგრძელია და კეთილი“ და „სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს“. ამიტომაც ქრისტიანმა არ უნდა მიჰბაძოს ცუდ მაგალითს და სკოლაში მოსწავლეებთან ურთიერთობისას ბიბლიურ შეგონებას უნდა მისდიოს (1 კორინთელთა 13:4, აქ).

      12. ა) რატომ შეიძლება გაუჭირდეთ ბავშვებს მასწავლებლების მიმართ სიკეთის გამოვლენა? ბ) ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის ბავშვებმა, როცა მათზე თანატოლების ზეწოლა ძალიან დიდია?

      12 ბავშვებმა მასწავლებლების მიმართაც უნდა გამოავლინონ სიკეთე. ბევრ მოსწავლეს უყვარს მასწავლებლების გაღიზიანება. ისინი ფიქრობენ, რომ გონებამახვილები ჩანან, როცა სასკოლო წესებს არღვევენ და, ამგვარად, მასწავლებლებისადმი უპატივცემლობას ავლენენ. ასეთმა მოსწავლეებმა შეიძლება თანატოლები დააშინონ და აიყოლიონ. როცა ქრისტიანი ახალგაზრდა უარს ამბობს მათსავით მოქცევაზე, მას შეიძლება დასცინონ ან შეურაცხყოფა მიაყენონ. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ასეთი მოპყრობის გამო შეიძლება ქრისტიანს გაუჭირდეს სხვების მიმართ სიკეთის გამოვლენა. მაგრამ გახსოვდეთ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იეჰოვას ერთგული მსახურები ვიყოთ. დარწმუნებულები იყავით, რომ ღმერთი თავისი სულით დაგეხმარებათ ცხოვრების ასეთ მძიმე მომენტებში (ფსალმუნები 36:28).

      სიკეთის გამოვლენა მეზობლების მიმართ

      13—15. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი მეზობლების მიმართ სიკეთის გამოვლენაში და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ხელისშემშლელ ფაქტორებს?

      13 სადაც უნდა ცხოვრობდეთ — საკუთარ სახლში, ბინაში თუ სადმე სხვაგან — შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოავლინოთ მეზობლებისადმი სიკეთე და მზრუნველობა. სიკეთის გამოვლენა არც მეზობლების მიმართ არის ყოველთვის ადვილი.

      14 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეზობლები უარყოფითად არიან განწყობილნი თქვენ მიმართ თქვენი რასის, ეროვნების ან რელიგიის გამო? რა უნდა ქნათ, თუ ზოგჯერ უხეშად გექცევიან ან სრულიად უგულებელგყოფენ? კარგი იქნება, როგორც იეჰოვას მსახურმა, მათდამი შეძლებისდაგვარად სიკეთე გამოავლინოთ. ასეთ შემთხვევაში გამორჩეული იქნებით სიკეთის კეთებით, სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებთ და ნამდვილად განადიდებთ იეჰოვას, რომელიც სიკეთის განსახიერებაა. შესაძლოა, ადრე თუ გვიან მეზობელზე დადებითად იმოქმედოს თქვენმა სიკეთემ და მან თქვენდამი დამოკიდებულება შეიცვალოს. შეიძლება ის იეჰოვას თაყვანისმცემელიც კი გახდეს (1 პეტრე 2:12).

      15 როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა? უპირველესად, საკუთარ ოჯახში სამაგალითო ქცევით და ერთმანეთის მიმართ სულის ნაყოფის გამოვლენით. შესაძლოა, ეს მეზობლებმა შენიშნონ. დროდადრო, ალბათ, მეზობლისთვის სიკეთის გაკეთების საშუალებაც მოგეცემათ. გახსოვდეთ, რომ სიკეთე სხვების კეთილდღეობით გულწრფელ დაინტერესებაში გამოიხატება (1 პეტრე 3:8—12).

      სიკეთე მსახურებაში

      16, 17. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი მსახურებაში სიკეთის გამოვლენა? ბ) როგორ შეგვიძლია სამქადაგებლო მსახურების ამა თუ იმ სფეროში სიკეთის გამოვლენა?

      16 სიკეთე უნდა გამოვავლინოთ ქრისტიანულ მსახურებაშიც, როცა ვცდილობთ, ხალხს სახლებში, სამსახურებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ველაპარაკოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით იეჰოვას — ღმერთს, რომელიც ყოველთვის კეთილია (გამოსვლა 34:6, აქ).

      17 როგორ უნდა გამოვავლინოთ მსახურებაში სიკეთე? მაგალითად, ქუჩაში ქადაგებისას სიკეთის გამოვლენა სათქმელის მოკლედ ჩამოყალიბებით და ტაქტიანობით შეგვიძლია. ტროტუარზე ხშირად საკმაოდ ბევრი ხალხი დადის, ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ ხელი არავის შეუშალოთ. აგრეთვე, როცა ბაზრებსა და მაღაზიებში ქადაგებთ, გამოავლინეთ სიკეთე და დიდხანს ნუ გაჩერდებით ერთ ადამიანთან; გახსოვდეთ, რომ გამყიდველები მომხმარებლებს უნდა მოემსახურონ.

      18. რა როლს ასრულებს გამჭრიახობა მსახურებისას სიკეთის გამოვლენაში?

      18 კარდაკარ მსახურებისას გამჭრიახობა გამოავლინეთ. დიდხანს არ ისაუბროთ კართან, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ცუდი ამინდია. შეგიძლიათ შენიშნოთ, როდის იღლება მობინადრე თქვენი მოსმენით ან ღიზიანდება კიდეც იმის გამო, რომ დიდხანს გაჩერდით? იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, შეიძლება იეჰოვას მოწმეები მობინადრეებს საკმაოდ ხშირად აკითხავენ. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებულად გმართებთ ყოველთვის ტაქტიანობის და თავაზიანობის და, ამგვარად, სიკეთის გამოვლენა (იგავები 17:14). ეცადეთ, გაუგოთ მობინადრეს, თუ რატომ არ შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში თქვენი მოსმენა. გახსოვდეთ, რომ თქვენს შემდეგ, ალბათ, რომელიმე ძმას ან დას მოუწევს ამ ადამიანის მონახულება. თუ მობინადრე უხეშად გპასუხობთ, განსაკუთრებულად შეეცადეთ სიკეთის გამოვლენას. ხმას არ აუწიოთ და მკაცრი გამომეტყველება არ მიიღოთ. მშვიდად ილაპარაკეთ. ქრისტიანმა, რომელიც სიკეთეს ავლენს, მობინადრე კამათში არ უნდა გამოიწვიოს (მათე 10:11—14). იმავე ადამიანმა შეიძლება მოგვიანებით გამოთქვას სასიხარულო ცნობის მოსმენის სურვილი.

      სიკეთე კრების შეხვედრებზე

      19, 20. რატომ არის საჭირო სიკეთე კრებაში და როგორ შეგვიძლია მისი გამოვლენა?

      19 არანაკლებ მნიშვნელოვანია სიკეთის გამოვლენა თანამორწმუნეების მიმართ (ებრაელთა 13:1). ჩვენ მსოფლიო საძმოს წევრები ვართ. ამიტომაც ერთმანეთის მიმართ სიკეთის გამოვლენა გვმართებს.

      20 ერთ სამეფო დარბაზში თუ რამდენიმე კრება ატარებს შეხვედრებს, საჭიროა სხვადასხვა კრების წევრებმა ერთმანეთის მიმართ სიკეთე და პატივისცემა გამოავლინონ. მეტოქეობა ხელს არ უწყობს თანამშრომლობას, როცა შეხვედრების ჩატარების განრიგია დასადგენი ან დასუფთავების თუ დარბაზის შეკეთების საკითხებია მოსაგვარებელი. სიკეთე გამოავლინეთ და ანგარიში გაუწიეთ ერთმანეთს, თუმცა შესაძლოა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები გქონდეთ. ასე თუ მოიქცევით, სიკეთე გაიმარჯვებს და იეჰოვა ნამდვილად გაკურთხებთ სხვების კეთილდღეობით დაინტერესებისთვის.

      განაგრძეთ სიკეთის გამოვლენა

      21, 22. რისი გაკეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი კოლასელთა 3:12-ის თანახმად?

      21 სიკეთე ბევრის მომცველი თვისებაა და ის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ამიტომაც ის ჩვენი ქრისტიანული პიროვნების განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ. სიკეთის გამოვლენა ჩვევადაც კი უნდა გავიხადოთ.

      22 დაე თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურად გამოვავლინოთ სიკეთე და ყველა პირადად შევეცადოთ, მივყვეთ პავლე მოციქულის რჩევას: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები“ (კოლასელთა 3:12, აქ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება