-
„სირიის უდაბნოს შავგვრემანი დედოფალი“საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 იანვარი
-
-
იმპერატორი ‘აღაგზნებს თავის გულს’ ზენობიას წინააღმდეგ
ახ. წ. 270 წელს რომის იმპერატორი ავრელიანე გახდა. მისმა ლეგიონებმა მოიგერიეს და გამოწვრთნეს ჩრდილოეთის ბარბაროსები. ახ. წ. 271 წელს ავრელიანემ, რომელიც დანიელის წინასწარმეტყველებაში ‘ჩრდილოეთის მეფედაა’ წარმოდგენილი, ‘აღაგზნო თავისი ძალა და გული სამხრეთის მეფის წინააღმდეგ’, რომელსაც ზენობია წარმოადგენდა (დანიელი 11:25ა). ავრელიანემ თავისი ჯარის ნაწილი პირდაპირ ეგვიპტეში გაგზავნა, თვითონ კი ძირითადი სამხედრო ძალით მცირე აზიის გავლით აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი.
სამხრეთის მეფე — სამეფო, რომელსაც სათავეში ზენობია ედგა, — ‘დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვიდა საომრად’ ავრელიანეს წინააღმდეგ ორი გენერლის, ზაბდასა და ზაბაის, მეთაურობით (დანიელი 11:25ბ). მაგრამ ავრელიანემ დაიპყრო ეგვიპტე და შეუტია მცირე აზიასა და სირიას. ზენობია ჰომსთან დამარცხდა და უკან დაიხია პალმირასკენ.
როდესაც ავრელიანემ ალყა შემოარტყა ქალაქს, ზენობია, დახმარების მიღების იმედით, თავის ვაჟთან ერთად სპარსეთისკენ გაიქცა, მაგრამ რომაელებმა მდინარე ევფრატთან შეიპყრეს. ახ. წ. 272 წელს პალმირელები დანებდნენ. ავრელიანემ სულგრძელობა გამოავლინა მოსახლეობისადმი, შეაგროვა დიდძალი ნაძარცვი, მათ შორის მზის ტაძრის კერპი, და რომში დაბრუნდა. მან დაინდო ზენობია და ახ. წ. 274 წელს რომში თავისი ტრიუმფალური პროცესიის ყველაზე მიმზიდველი სანახაობა გახადა. მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ზენობია რომაელი მანდილოსანი იყო.
უდაბნოს ნანგრევებად ქცეული ქალაქი
ავრელიანეს მიერ პალმირას აღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ პალმირელებმა იქ დატოვებული რომაელთა ჯარი ამოხოცეს. როდესაც ამ ამბავმა ავრელიანეს ყურამდე მიაღწია, თავის თანმხლებ მეომრებს უბრძანა, უკან დაბრუნებულიყვნენ; მათ საშინლად იძიეს შური პალმირას მოსახლეობაზე. ვინც ამ ულმობელ ხოცვას გადაურჩა მონად იქნა წაყვანილი. ეს ამაყი ქალაქი დაარბიეს და ნანგრევებად აქციეს, ისე რომ, მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. ასე დაუბრუნდა ეს მოფუსფუსე დედაქალაქი თავის ყოფილ მდგომარეობას, გახდა ისევ „თადმორი უდაბნოში“.
როდესაც ზენობია წინ აღუდგა რომს, მან და იმპერატორმა ავრელიანემ, მათდაუნებურად, ‘სამხრეთის მეფისა’ და ‘ჩრდილოეთის მეფის’ როლში გამოვიდნენ, რითაც იეჰოვას წინასწარმეტყველის მიერ დაახლოებით 800 წლის წინ დაწვრილებით ჩაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილი შეასრულეს (დანიელი, თავი 11). თავისი საოცარი პიროვნულობით ზენობიამ ბევრი მოხიბლა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი, როგორც პოლიტიკური ძალის, როლი, რომლის შესახებაც დანიელის წინასწარმეტყველებაშია საუბარი. მან დაახლოებით ხუთი წელი იმეფა. პალმირა, მისი სამეფოს დედაქალაქი, დღეს ჩვეულებრივი სოფელია. ძლიერმა რომის იმპერიამაც კი დიდი ხანია არსებობა შეწყვიტა და ადგილი დაუთმო თანამედროვე სამეფოებს. რა მოელით მათ? მათაც უეჭველად ის ელით, რაც ბიბლიურ წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი (დანიელი 2:44).
-
-
„სირიის უდაბნოს შავგვრემანი დედოფალი“საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 იანვარი
-
-
ზენობიას მემკვიდრეობა
მას შემდეგ, რაც პალმირას დედოფალი ზენობია დაამარცხა და რომში დაბრუნდა, იმპერატორმა ავრელიანემ მზის ტაძარი ააგო. მასში მოათავსა ზენობიას ქალაქიდან წამოღებული მზის ღმერთის ქანდაკება. შემდგომი მოვლენების შესახებ ერთ ჟურნალში ნათქვამია: „ავრელიანეს საქმეებიდან ყველაზე დიდხანს ზამთრის ბუნიაობისას, 25 დეკემბერს, მზის ჩასვლის დღესასწაულის აღნიშვნა შემორჩა, რომელიც ახ. წ. 274 წელს დაადგინა. როდესაც რომის იმპერია გაქრისტიანდა, ქრისტეს დაბადების დღე ამ თარიღს დაამთხვიეს, რათა ახალი რელიგია უფრო მიმზიდველი გაეხადათ ძველი დღესასწაულების აღნიშვნის მოყვარულთათვის. საინტერესოა, რომ [ხალხი] შობის დღესასწაულის დამკვიდრებას. . . საბოლოო ჯამში, დედოფალ ზენობიას დამსახურებად თვლის“ (History Today).
-