საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • სოფლებში ქადაგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

      ქალაქ ბელიზსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში იეჰოვას მოწმეები რეგულარულად ქადაგებდნენ, რასაც ვერ ვიტყვით სოფლებსა და რაიონებზე. პირველი მისიონერები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში გემით ჩადიოდნენ. მოგვიანებით სტან-კრიკისა და ტოლედოს ოლქებამდე გზა გაიყვანეს. 1971 წლის დასაწყისში ფილიალმა ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ სამქადაგებლო მოგზაურობებს სოფლებში, რათა სამეფოს ცნობა ბელიზის შორეულ ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები მაიას ტომებისთვის — მოპანებისა და კექჩებისთვის ექადაგათ.

      და-ძმები დაქირავებული ავტომობილებით და ხის მორებისგან დამზადებული პატარა ნავებით ჩადიოდნენ სოფლებსა და ქალაქებში დანგრიგადან პუნტა-გორდამდე და სამხრეთით გვატემალის საზღვართან მდებარე ბარანკომდე. ზოგჯერ მქადაგებელთა ჯგუფი ფურგონით მგზავრობდა, რომელსაც ორი, სამი ან ოთხი მაუწყებელი მოტოციკლით მიჰყვებოდა. ღამეს ისინი სხვადასხვა სოფლებში ათევდნენ. დღის განმავლობაში მაშინ, როცა ძირითადი ჯგუფი სოფელში ქადაგებდა, ის მაუწყებლები, რომლებიც მოტოციკლით მგზავრობდნენ, ბილიკებით ორ-ორად მიდიოდნენ მოშორებით მდებარე ფერმებში და იქ ქადაგებდნენ.

      პუნტა-გორდას მხარეში ზურგჩანთამოკიდებული ძმები სოფელ-სოფელ ფეხით დადიოდნენ. ხშირად სოფლის მცხოვრებლებთან დალაპარაკებამდე, ჯერ „ალკალდს“ (სოფლის ბელადი) უნდა გასაუბრებოდნენ „კაბილდოში“, სოფლის უხუცესთა თავშეყრის ადგილზე.

      მისიონერი რეინერ ტომფსონი გვიყვება: «ერთხელ, როდესაც ძმები ერთ სოფელში ჩავიდნენ, სოფლის მამაკაცები „კაბილდოში“ შეკრებილიყვნენ და იმაზე მსჯელობდნენ, როგორ აეღოთ სიმინდის მოსავალი. შეხვედრის დამთავრების შემდეგ მათ სთხოვეს ძმებს სამეფოს სიმღერა ემღერათ. მიუხედავად იმისა, რომ ძმები დაღლილები და მშივრები იყვნენ და არც სიმღერების წიგნი ჰქონდათ, მათ ისე გულიანად იმღერეს, რომ ყველა აღფრთოვანებული დარჩა». დროთა განმავლობაში კრებები ჩამოყალიბდა სოფელ მანგო-კრიკსა და სან-ანტონიოში, მაიას ტომის ერთ-ერთ უდიდეს სოფელში.

      „გეგმას რომ არ ჩამოვრჩენილიყავით, ზოგჯერ სოფლიდან სოფელში ღამე გადავდიოდით, — იხსენებს სანტიაგო სოსა. — ჩამწკრივებულები შუა გზაზე დავდიოდით და ვფრთხილობდით, ნაპირზე არ გადავსულიყავით, რადგან ბუჩქები გველებით იყო სავსე. ისიც ვისწავლეთ, როგორ დაგველია წყალი ტროპიკული ვაზის ღეროდან, თუ წყალი გამოგველეოდა“.

      ზოგჯერ ჯგუფის წევრები ერთ ან ორ წყვილად იყოფოდნენ და სოფლის სხვადასხვა უბანში ქადაგებდნენ, დღის ბოლოს კი ისევ ერთად იკრიბებოდნენ. ორი კაცი მათ დაბრუნებამდე საჭმელს ამზადებდა. «ეს ზოგჯერ მართლა საშინელება იყო, — ღიმილით იხსენებს სანტიაგო, — რადგან ზოგმა არც კი იცოდა საჭმლის მომზადება. ერთხელ საჭმელს დავხედე და ვიკითხე: „ეს რა საჭმელია?“ მორიგემ მიპასუხა: „რა არის არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საჭმელია“. როცა მორიგემ არ იცოდა, რა საჭმელი ჰქონდა მომზადებული, მაშინ ჯერ რომელიმე გაძვალტყავებულ მაწანწალა ძაღლს ვასინჯებდით ხოლმე ამ საჭმელს. საქმე ის იყო, რომ ზოგჯერ ეს მშიერი ძაღლებიც კი არ აკარებდნენ პირს ასეთ საკვებს».

      კექჩები იღებენ ჭეშმარიტებას

      როდოლფო კოკომი თავის მეუღლესთან ოფელიასთან ერთად კოროსალიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კექჩების შორეულ სოფელში, კრიკე-სარკოში გადავიდა საცხოვრებლად. ოფელია სწორედ ამ სოფელში გაიზარდა. იქ იეჰოვას მოწმეები წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჩადიოდნენ ყოველწლიური სამქადაგებლო მოგზაურობის დროს. 14 წლის იყო ოფელია, როცა ფორთოხლის ხის ქვეშ იპოვა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და მისი კითხვა დაიწყო. მას ძალიან სურდა ღვთის შესახებ მეტის გაგება, მაგრამ ეს მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ არ გათხოვდა როდოლფოზე და კოროსალში არ გადავიდა საცხოვრებლად. იქ მათ სპეციალური პიონერები, მარსიალ და მანუელა კეიები ასწავლიდნენ ბიბლიას.

      1981 წელს კრიკე-სარკოში გადასვლის შემდეგ მათ სურდათ იეჰოვას მოწმეებს დაკავშირებოდნენ. ამიტომ როდოლფომ მათ მოსაძებნად პუნტა-გორდასკენ გასწია. იქ ჩასვლას მან ექვსი საათი მოანდომა — ჯერ ფეხით იარა, შემდეგ კი მდინარეზე და ზღვაზე ნავით იმგზავრა. პუნტა-გორდაში ის შეხვდა დონალდ ნიბრუჯის, პიონერ ძმას, რომელიც ამ წყვილს ბიბლიას წერილებით ასწავლიდა. თუმცა იყო ერთი პრობლემა, კრიკე-სარკოში ფოსტა არ არსებობდა.

      დონალდი იხსენებს: „პუნტა-გორდას ფოსტაში ვიკითხე, როგორ გამეგზავნა წერილი კრიკე-სარკოში. მითხრეს, რომ კვირაში ერთხელ იქ მღვდელი დადიოდა“. ასე რომ, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მღვდელს ისე დაჰქონდა ეს წერილები, რომ ვერც კი ხვდებოდა, იეჰოვას მოწმეთა კურიერი რომ იყო.

      „მღვდელმა გაიგო თუ არა, რა წერილები დაჰქონდა, გაბრაზდა და წერილების ტარებაზე უარი განაცხადა“, — ამბობს დონალდი.

      ამ თვეების განმავლობაში დონალდი არაერთხელ ჩავიდა კრიკე-სარკოში როდოლფოსა და ოფელიასთან ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად. მომდევნო წლის სამქადაგებლო მოგზაურობის დროს როდოლფო მაუწყებელი გახდა. „ჩვენ წავიყვანეთ როდოლფო ოთხი დღით, რომ სხვადასხვა სოფელში გვექადაგა. ძმებთან ურთიერთობა მას დაეხმარა, სულიერად გაზრდილიყო“, — ამბობს დონალდი.

      როდოლფო გვიყვება: „ჩვენს სოფელში მხოლოდ მე და ოფელია ვქადაგებდით და ხალხს იმას გადავცემდით, რაც ნასწავლი გვქონდა. ისინი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით, ჩვენთან შედარებით მეტ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. ზოგიერთ მათგანს არ აძლევდნენ სოფლის მოსახლეობისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას — მედიკამენტებს, საკვებსა და ტანსაცმელს. ჩემი სიდედრიც ძალიან გვეწინააღმდეგებოდა. მე და ოფელია მივხვდით, რომ კრიკე-სარკოში სულიერად ვერ გავიზრდებოდით, რადგან კრების შეხვედრებს ვერ ვესწრებოდით. ამიტომ გადავედით პუნტა-გორდაში და ბიბლიის შესწავლა განვაგრძეთ. იქ სულიერად წინ წავიწიეთ და 1985 წელს მოვინათლეთ“. დღეს როდოლფო და ოფელია ლეიდივილის კრების წევრები არიან და როდოლფო მომსახურედ მსახურობს.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ბევრი იღებს ჭეშმარიტებას

      ბელიზის სამხრეთით ტოლედოს ოლქი გაუვალი ტროპიკული ტყეებით დაფარული მთაგორიანი მხარეა. აქა-იქ მიმოფანტულია მოპანებისა და კექჩების სოფლები, სადაც ჩალით გადახურული და მიწურიატაკიანი სახლები დგას. სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა მძიმედ შრომობს და მიწას პრიმიტიული იარაღებით ამუშავებს. გვალვების დროს მათ ხელით უწევთ სიმინდის, ლობიოსა და კაკაოს ნათესების მორწყვა. ქალები ქარგავენ ეროვნულ კექჩურ ორნამენტებს, აკეთებენ კალათებს და გასაყიდად აბარებენ სუვენირების მაღაზიაში მთელ ბელიზში. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს სოფლებს და უფრო დიდ დასახლებულ პუნქტებში გადადის სასწავლებლად თუ სამუშაოდ.

      1995 წელს ფრენკ და ელის კარდოსებს ძმებმა შესთავაზეს ტოლედოში დროებით სპეციალურ პიონერებად მსახურება აპრილსა და მაისში, რათა იქ გაევრცელებინათ ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №34 „რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე?“. ფრენკი იხსენებს: «ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი ამ მხარეში ყოველწლიური სამქადაგებლო მოგზაურობის დროს და ვიცოდი, რომ მაიას ხალხს სასიხარულო ცნობის გაგებაში უკეთ დაეხმარებოდი, თუ მათ მხარეში იცხოვრებდი. ფილიალში მირჩიეს, რომ იქ დამექირავებინა ოთახი, ჩამომეყალიბებინა ბიბლიის შესასწავლი ჯგუფი და ქალაქ სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წამეკითხა. ჩვენ გვევალებოდა, გაგვევრცელებინა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ ამ ქალაქსა და სხვა რვა სოფელში».

      კარდოსები ყოველკვირა ატარებდნენ დაინტერესებულების ჯგუფთან ბიბლიის შესწავლას თავიანთ დაქირავებულ ოთახში. ეს ოთახი ერთ-ერთი სახლის სარდაფი იყო. სულ რამდენიმე კვირაში ამ შეხვედრას უკვე სამი-ოთხი ოჯახი ესწრებოდა. ისინი კარდოსებთან ერთად პუნტა-გორდაშიც მიდიოდნენ თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე დასასწრებად. ძველი სატვირთო ავტომობილით ოღროჩოღრო გზის გავლას ერთ საათს ანდომებდნენ. პირველივე თვეს ფრენკმა სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წაიკითხა. ერთ-ერთი, ვინც პირველად დაესწრო შეხვედრას, ხესუს იჩი იყო. ის დიდი ინტერესით უსმენდა მის მოხსენებას. რადგანაც პროტესტანტული ეკლესიის წევრი იყო, ხესუსი ძალიან გააკვირვა იმის გაგებამ, რომ ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებას წარმართული დასაბამი ჰქონია და, რომ ბიბლიის თანახმად ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარე ყოფილა. შეხვედრის შემდეგ ის ფრენკს დაელაპარაკა და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვას კითხვაზე უსვამდა. მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ერთ წელიწადში მოინათლა კიდეც.

      ორთვიანი დროებითი სპეციალური პიონერული მსახურების დასასრულს კარდოსებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. „იმაზე მეტი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, ვიდრე ჩატარება შეგვეძლო, — იხსენებს ფრენკი. — აქაურობის დატოვებაზე გული გვეთანაღრებოდა და სინდისიც არ გვრთავდა ნებას, დავბრუნებულიყავით ლეიდივილში, ჩვენს კომფორტულ სახლში. მაგრამ, თუ სან-ანტონიოში დარჩენას გადავწყვეტდით, შეგვეძლო სარდაფის ნაცვლად იმავე სახლში ნორმალური ოთახი გვექირავებინა და უკეთეს პირობებში გვეცხოვრა. შემეძლო პატარა ნიჟარის დადგმა, წვიმის წყლის მოსაგროვებლად ღარის გაკეთება, დროთა განმავლობაში ელექტროენერგიის გაყვანა და მეტ-ნაკლებად კომფორტული საპირფარეშოს მოწყობა. ჩვენ ვლოცულობდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ იეჰოვას დახმარებით ამ ტერიტორიაზე კრება ჩამოყალიბდებოდა. ფილიალს მივწერეთ, რომ სან-ანტონიოში დარჩენა და პიონერად მსახურება გვსურდა“.

      ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ იეჰოვამ აკურთხა კარდოსების გადაწყვეტილება. სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, ნოემბერში მათ თავიანთ დაქირავებულ სახლში პირველი საჯარო შეხვედრა ჩაატარეს. მომდევნო წლის აპრილში თეოკრატიული მსახურების სკოლისა და სამსახურებრივი შეხვედრის ჩატარება დაიწყეს სან-ანტონიოში. როგორი გახარებული იქნებოდა ეს პატარა ჯგუფი, ყოველკვირა პუნტა-გორდაში შეხვედრებზე დასასწრებად და უკან დასაბრუნებლად 65 კილომეტრის გავლა რომ აღარ უწევდა.

      „მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა“

      სან-ანტონიოში ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფმა მალე სულიერად წინ წაიწია და ჭეშმარიტებისადმი მათი სიყვარულის დანახვა მართლაც სასიხარულო იყო. ფრენკი გვიყვება: „ამ სოფლებში მცხოვრებნი, განსაკუთრებით ქალები, ძალიან მორცხვები არიან; ისინი, ტრადიციისამებრ, მამებსა და ქმრებს ემორჩილებიან, უცნობებთან ლაპარაკს ერიდებიან. ამიტომ მათ ძალიან უჭირთ კარდაკარ მსახურება“.

      20 წლის პრისილიან შოს, რომელიც მოუნათლავი მაუწყებელი იყო, ძალიან სურდა მეზობლებისთვის ექადაგა. ერთხელ, როდესაც პრისილიანი თავის რძალთან, ამალია შოსთან ერთად განმეორებით მონახულებებზე მიდიოდა, მოულოდნელად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

      პრისილიანი იხსენებს: «მამამ ქადაგება ამიკრძალა. მეშინოდა და არ ვეუბნებოდი, საქადაგოდ რომ დავდიოდი. იმ კვირა დილით, როდესაც საქადაგოდ ვიყავით წასულები, მოულოდნელად ბაპტისტური ეკლესიის წინ მამა დავინახეთ. ის დადიოდა ხოლმე ამ ეკლესიაში. თავიდან მამას რომ არ დავენახეთ, მაღალ ბალახებში მივიმალეთ. მაგრამ მერე ჩემს რძალს ვუთხარი: „იცი, ამალია, იეჰოვა გვიყურებს. მამაჩემის კი არა, იეჰოვასი უნდა გვეშინოდეს“».

      პრისილიანის მამა საშინლად გაბრაზდა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომ მისი ქალიშვილი იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. პრისილიანი ბევრს ლოცულობდა ამ საკითხზე. კონგრესამდე ერთი დღით ადრე გამბედაობა მოიკრიბა, მამასთან მივიდა და უთხრა, რომ მონათვლას აპირებდა.

      — ხვალ ბელიზში მივდივარ, — უთხრა პრისილიანმა მამას.

      — რა გინდა ბელიზში? — ჰკითხა მამამ.

      — უნდა მოვინათლო. ის მინდა გავაკეთო, რასაც იეჰოვა მოელის ჩემგან. მიყვარხარ, მაგრამ იეჰოვაზე უარს ვერ ვიტყვი, — უპასუხა პრისილიანმა.

      — მართლა აპირებ მაგის გაკეთებას? — დაუყვირა მამამ.

      — კი მამა, საქმეების 5:29-ში წერია, რომ ადამიანზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილო, — მიუგო პრისილიანმა.

      გაბრაზებული მამა ოთახიდან შურდულივით გავარდა. პრისილიანი იხსენებს: „შეშინებული ვიყავი და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა სატვირთო ავტომობილის ძარაზე ავედი. არ ვიცოდი, რა მელოდა შინ როცა დავბრუნდებოდი, თუმცა ის კი ვიცოდი, რომ მონათლული ვიქნებოდი და, რომც მოვეკალი მამას, სწორი ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული“.

      შინ დაბრუნებულ პრისილიანს მამამ მაშინ არაფერი დაუშავა, თუმცა მოგვიანებით დაემუქრა, რომ მოკლავდა. „ის მიხვდა, რომ მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა და დღეს ძველებურად აღარ მეწინააღმდეგება“, — ამბობს პრისილიანი.

      მოწინააღმდეგე იეჰოვას მხარეს გადადის

      სან-ანტონიოში გულმოდგინე მაუწყებელთა ახალი ჯგუფი სულიერად მტკიცდებოდა, როცა მოულოდნელად კარდოსებმა სოფლის საბჭოდან წერილი მიიღეს, რომ სან-ანტონიო დაეტოვებინათ. ცოტა ხნით ადრე ფრენკმა სოფელში დარჩენის უფლება რომ მიეღო, ამისთვის დაწესებული სპეციალური გადასახადი გადაიხადა. ერთ-ერთ გავლენიან კაცს კარდოსების სოფლიდან გაძევება ჰქონდა გადაწყვეტილი. საბჭოს ერთ სხდომაზე ფრენკს გამოექომაგა სამი პიროვნება, რომლებსაც ის ბიბლიას ასწავლიდა. შემდეგ იმ კაცმა, რომლის სახლიც ფრენკს ჰქონდა დაქირავებული საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ კარდოსების გაძევების შემთხვევაში, ქირა საბჭოს გადასახდელი იქნებოდა. ფრენკმა საბჭოს საადგილმამულო დეპარტამენტიდან აღებული ცნობა წარუდგინა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ ვინმე კერძო საკუთრებას დაიქირავებდა, მისი გაძევება არავის შეეძლო. ბოლოს, საბჭომ კარდოსებს სოფელში დარჩენის ნება მისცა.

      იმ მამაკაცს, რომელსაც კარდოსების სოფლიდან გაძევება უნდოდა, ბასილიო ერქვა. ის ყოფილი ალკალდი (ბელადი) იყო, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ადგილობრივ ხალხში. ბასილიო ყველანაირად ცდილობდა სან-ანტონიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის ხელის შეშლას. მაშინ, როცა მოწმეთა პატარა ჯგუფს სამეფო დარბაზის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის ყიდვა სურდა, მან განუცხადა მათ: „ამ სოფელში სამეფო დარბაზს ვერასოდეს ეღირსებით!“ მიუხედავად ამისა, ძმებმა შეძლეს ნაკვეთის ყიდვა და უბრალო, მაგრამ კოხტა დარბაზის აშენება. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს 1998 წლის დეკემბერში სამეფო დარბაზის მიძღვნის პროგრამას ბასილიოც დაესწრო. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება მასში?

      ბასილიოს ორ ვაჟს თავიანთ ოჯახებში პრობლემები ჰქონდა. ბასილიომ ორჯერ სთხოვა თავის ეკლესიას, მის ვაჟებს დახმარებოდნენ, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. მოგვიანებით მისმა ვაჟებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ბასილიოს ცოლს, მარიას, შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ მათი ვაჟები უკეთესობისკენ იცვლებოდნენ და მათი ოჯახური ცხოვრება უმჯობესდებოდა. ამ ყველაფერმა მარია აღძრა, რომ თავადაც დაეწყო ბიბლიის შესწავლა.

      ის ამბობს: „მთელი გულით მინდოდა, გამეცნო იეჰოვა ღმერთი. ამიტომ ჩემს ქმარს ვთხოვე, წავსულიყავით სამეფო დარბაზში და იქ უფრო მეტი გაგვეგო მის შესახებ“. მართალია, ბასილიოსთვის ადვილი არ იყო, დაეძლია ის სიძულვილი, რომელსაც იეჰოვას მოწმეებისა და ფრენკ კარდოსას მიმართ გრძნობდა, რომელსაც „იმ უცხოელს“ ეძახდა, მაგრამ, როცა ხედავდა, როგორ იცვლებოდნენ მისი ვაჟები ჭეშმარიტების წყალობით, ცუდს ვეღარ ამბობდა. მან გადაწყვიტა, თვითონ გასაუბრებოდა იეჰოვას მოწმეებს და რამდენიმე საუბრის შემდეგ, იცით, ვინ აირჩია, რომ მისთვის ბიბლია ესწავლებინა?! ვინ და, „ის უცხოელი“, ფრენკ კარდოსა!

      „ბიბლიამ ბევრ რამეზე თვალსაზრისი შემიცვალა. სამოცი წელი კათოლიკე ვიყავი და ეკლესიაში გამოსახულებებს ვუკმევდი საკმეველს. მაგრამ ყველაფერი, რასაც იეჰოვას შესახებ ვიგებდი, მისივე წიგნში, ბიბლიაში ეწერა. მრცხვენია იმის, თუ როგორ ვექცეოდი ფრენკ კარდოსას, რომელიც დღეს ჩემი ძმაა. მაგრამ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ვცდებოდი. თავგამოდებით ვიცავდი იმას, რაზეც ვფიქრობდი, რომ ჩემი სოფლისა და ჩემი რელიგიისთვის საუკეთესო იქნებოდა. უარი ვთქვი მაიას ხალხში დამკვიდრებულ მკურნალობის იმ მეთოდებზე, რომლებიც სპირიტიზმთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენს სოფლებში საკმაოდ გავრცელებულია. მაიას პოლიტიკურ მოძრაობებშიც შევწყვიტე მონაწილეობა“. დღეს ბასილიო და მისი ცოლი, მარია, მონათლული მაუწყებლები არიან და სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას.

      იეჰოვას მსახურებს ყველგან იცნობენ, როგორც მოსიყვარულე, ბედნიერ და გულმოდგინე ადამიანებს. ბელიზის შორეულ მხარეებში მცხოვრებ ბევრ მაუწყებელს სამი ან მეტი საათი ფეხით სიარული და არაერთი მთის გადავლა უწევს, რომ ხალხს ჭეშმარიტება გააცნოს. ისინი არც შეხვედრებს აცდენენ. ერთ საღამოს ანდრეა იჩი თეოკრატიული მსახურების სკოლაში მობინადრის როლში უნდა გამოსულიყო. იმ დღეს თავის შვილებთან ერთად მან დაახლოებით 5 კილომეტრი იარა ჯუნგლებში, რათა ავოკადო დაეკრიფათ. ჯუნგლებში მას 23-მა კრაზანამ უკბინა. ამის მიუხედავად, ის შინ დაბრუნდა, ოჯახისთვის საჭმელი მოამზადა, შემდეგ კრების შეხვედრაზე წავიდა და თეოკრატიულ სკოლაშიც გამოვიდა. მართალია, მას სახე ნაკბენებისგან ჰქონდა დასიებული, მაგრამ მაინც სიხარულისგან უბრწყინავდა. ყველასთვის გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ მთელი დღე სატვირთო მანქანით ან ავტობუსით მგზავრობის მიუხედავად, მაია და-ძმები ძალიან აფასებენ კონგრესებზე სხვებთან ერთად ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობის შესაძლებლობას.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [ჩარჩო⁄სურათი 227, 228 გვერდებზე]

      ტროპიკულ ტყეებში ქადაგება

      «1991 წლის მარტში 23 და-ძმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პუნტა-გორდაში შევიკრიბეთ, რათა 10 დღის განმავლობაში ტროპიკულ ტყეში მდებარე სოფლებში გვექადაგა, — გვიამბობს მართა საიმონსი. — ტანსაცმლის, საბნებისა და ჰამაკების გარდა მიგვქონდა ლიტერატურა ინგლისურ, ესპანურ და კექჩი ენებზე; თან გვქონდა ათი დღის სამყოფი საკვებიც.

      დილას მატყლის ხის მორისგან დამზადებულ ნავში ჩავსხედით და აღელვებულ ზღვაში გავედით. სოფელ კრიკე-სარკოში გავჩერდით, ბარგი ჩამოვტვირთეთ და იქვე დავბანაკდით. იმ დროს, როცა ძმები ჰამაკებს ჭიმავდნენ, დები ჩვენი საყვარელი კერძის, გოჭის კუდის სუპის მომზადებას შევუდექით, რომელსაც მანიჰოტით, ბატატით, მწვანე შაქარა ბანანით, ქოქოსით, მოხარშული კვერცხითა და, რაღა თქმა უნდა, გოჭის კუდით ვამზადებდით. ჩვენი ჩასვლის ამბავი მალე მთელ სოფელს მოედო და, ცოტა ხანში, ჩვენ სანახავად სოფლიდან მოსული ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ასე შევძელით, გვექადაგა მთელი სოფლისთვის ორ საათში. იმ ღამეს ძმებს ჰამაკებში ეძინათ ბოძებზე მდგარი პოლიციის შენობის ქვეშ, დებს კი — ჩალით გადახურულ „კაბილდოში“, რომელიც სოფლის უხუცესების თავშეყრის ადგილი იყო.

      მეორე დღეს კვლავ ნავში ჩავსხედით და შევუყევით ვიწრო ყურეს, რომელიც ადგილ-ადგილ მანგროს ხის საჰაერო ფესვებით იყო დაბურული. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივადექით ნაპირს, ნავიდან ჩვენი ბარგი ჩამოვცალეთ და სოფელ სანდეივუდამდე ფეხით საათ-ნახევარი ბუჩქნარში ვიარეთ. იქაურები დაბალი ტანისანი იყვნენ. მათ მუქი ფერის კანი და შავი სწორი თმა ჰქონდათ. თითქმის ყველა ფეხშიშველი დადიოდა. ქალებს ტრადიციული კაბები ეცვათ და მძივებისგან გაკეთებული სამკაულები ეკეთათ. ჩალით გადახურულ სახლებს, რომლებიც ოთახებად არ იყო დაყოფილი, მიწური იატაკი ჰქონდა. სახლებში ჰამაკების გარდა არანაირი ავეჯი არ იდგა. საჭმელს, გარეთ, ცეცხლზე აკეთებდნენ. ეს იყო რამდენიმე ოჯახის საერთო „სამზარეულო“.

      ისინი ძალიან თბილები აღმოჩნდნენ და დიდი ინტერესით გვისმენდნენ. განსაკუთრებით კი იმით მოიხიბლნენ, რომ ჩვენ ლიტერატურა კექჩი ენაზე გვქონდა და მუხლებსაც კექჩი ენაზე ნათარგმნი ბიბლიიდან ვუკითხავდით.

      დილაადრიან მამლების, ჩიტებისა და ღრიალა მაიმუნების ხმაურმა გამოგვაღვიძა. ნოყიერი საუზმის შემდეგ განმეორებით მოვინახულეთ ისინი, ვინც წინა დღეს ინტერესი გამოავლინა. ბევრი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ და ყველას ვურჩიეთ, რომ ბიბლიის შესწავლა დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ მანამ, სანამ მომავალ წელს მათ მოსანახულებლად ჩავიდოდით. ასე გრძელდებოდა დღეები და ბოლოს ტროპიკული ტყეების სიღრმეში მდებარე სოფლებამდეც მივაღწიეთ.

      ტყეში გატარებული ათი ბედნიერი დღის შემდეგ ხშირად ვიხსენებდით გრძელ გზას, რომელიც გავიარეთ, სოფლებს, რომლებიც მოვინახულეთ და ადამიანებს, რომლებიც გავიცანით. იეჰოვას ვთხოვდით, რომ ჩვენი დათესილი ჭეშმარიტების მარცვალი მომავალ წელს ჩვენს შემდეგ ჩასვლამდე დაეცვა. ფეხები გვტკიოდა და ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ გული სავსე გვქონდა იეჰოვასადმი მადლიერებით იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც წლის სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილეობით მივიღეთ».

      [ჩარჩო⁄სურათები 235, 236 გვერდებზე]

      მაიები, რომელებმაც შეიყვარეს იეჰოვა

      ხორხე და ნიკოლას შოები (მათი და პრისილიანი)

      დაიბადნენ: 1969 წელს და 1971 წელს

      მოინათლნენ: 1997 წელს

      მოკლე ინფორმაცია: მაიას ტრადიციის მიხედვით მშობლების მიმართ დაქორწინებული შვილებისგანაც კი დიდი პატივისცემა და უსიტყვო მორჩილება მოითხოვება.

      ◼ მას შემდეგ, რაც ნიკოლასმა და ხორხემ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და იეჰოვა შეიყვარეს, მათი მამა ყველანაირად ცდილობდა მათთვის ხელის შეშლას.

      „მე ავუხსენი მამაჩემს, რომ იმას, რასაც ვსწავლობდი, ჩემთვის მხოლოდ სიკეთის მოტანა შეეძლო, — ამბობს ნიკოლასი. — მაგრამ ის ბაპტისტური ეკლესიის წევრი იყო და ჩემი არ ესმოდა. არ მინდოდა, მისთვის გული მეტკინა, ამიტომ რამდენჯერმე შევწყვიტე ბიბლიის შესწავლა. თუმცა ისიც კარგად მესმოდა, რომ მამასთან ერთად ლოთობით შვილებს ცუდ მაგალითს ვაძლევდი. ჩემი ცოლ-შვილი ისეთი დათრგუნული და უბედური იყო, რომ მათ სახეზე ღიმილს ვერასდროს ნახავდით.

      მაგრამ, როგორც კი ბიბლიის რეგულარული შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დავიწყე, ცუდი ჩვევები დავძლიე. ოჯახი რომ მერჩინა, ბევრს ვშრომობდი და ამჯერად შემოსავალს უკვე ოჯახის კეთილდღეობას ვახმარდი. ახლა მე და ჩემი ცოლ-შვილი იეჰოვას ვემსახურებით და ჩვენს სახლში ბედნიერებამ და მხიარულებამ დაისადგურა“.

      თითქმის იმავეს თქმა შეიძლება ხორხეზეც. ის ბილწსიტყვაობდა და ლოთობდა, რითაც ოჯახს ბევრ პრობლემას უქმნიდა. შაბათ-კვირას მას შინ ვერასოდეს ნახავდი. ბიბლიის შესწავლამ ისიც ძირფესვიანად შეცვალა.

      «რაც უფრო წინ მივიწევდი სულიერად, მამა მით უფრო მეწინააღმდეგებოდა, — იხსენებს ხორხე. — ის ცრუწინასწარმეტყველებს გვეძახდა. მაჩეტეთიც (დიდი ზომის დანა) არაერთხელ დაგვდევნებია. ძმა კარდოსა, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, წინააღმდეგობებთან შესახვედრად გვამზადებდა. „დავუშვათ, მამამ სახლიდან გაგყარათ, რას იზამთ?“ — გვკითხა ერთხელ მან. „მამაჩვენი ამას არასდროს გააკეთებს, რადგან ძალიან ვუყვარვართ,“ — ვუპასუხე მე. მაგრამ, სამწუხაროდ, ის სწორედ ასე მოიქცა.

      ძალიან მიყვარდა ის, რასაც ვსწავლობდი და ჩემი ცხოვრება თანდათანობით გაუმჯობესდა. ის, რომ ქრისტიანი გავხდი ამან ჩემი ოჯახური ცხოვრება სრულიად შეცვალა. ერთმანეთს პატივს ვცემდით და ერთმანეთთან ურთიერთობით ვხარობდით. დღეს ქადაგება დიდ სიხარულს მანიჭებს და იეჰოვას დახმარებით პიონერად ვმსახურობ».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება