-
ბოლო დღეები რა გაგებით?გამოიღვიძეთ! — 2008 | აპრილი
-
-
ბოლო დღეები რა გაგებით?
თუ მაღაზიის ვიტრინაზე შეამჩნევთ წარწერას „ბოლო დღეები“, ნუ გაგიკვირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ან ფასდაკლება დასრულდება ან მაღაზია დაიკეტება. მაგრამ, ვინმეს რომ ეთქვა, ბოლო დღეებში ვცხოვრობთო, რას იფიქრებდით?
სიტყვები „ბოლო დღეები“, იგივე „უკანასკნელი დრო“, დიდი ხნის წინ ჩაიწერა ბიბლიაში (2 ტიმოთე 3:1; დანიელი 12:4). დაახლოებით 2 500 წლის წინათ დანიელ წინასწარმეტყველმა ხილვაში ნახა მსოფლიო იმპერიები და მათ შორის გამართული ბრძოლები, რომლებიც უნდა გაგრძელებულიყო „უკანასკნელი დროის“ ჩათვლით. დანიელმა ისიც გაიგო, რომ ამ ხილვების მნიშვნელობა უკანასკნელი დროისთვის გახდებოდა ცნობილი (დანიელი 8:17, 19; 11:35, 40; 12:9). მან აგრეთვე დაწერა: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).
იესო ქრისტესაც უკანასკნელი დრო ჰქონდა მხედველობაში, როდესაც პასუხობდა მოწაფეების შეკითხვას, თუ ‘რა იქნებოდა მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?’ (მათე 24:3—42). როგორც ჩანს, დანიელიც და იესოც აღსასრულს გულისხმობდნენ, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა იმ ადამიანთა მდგომარეობას, ვინც დღეს ცხოვრობს და ვისაც ოდესმე უცხოვრია. დანიელი წერდა ყველა მიწიერი მთავრობის აღსასრულის შესახებ, იესო კი „ქვეყნიერების აღსასრულზე“ საუბრობდა.
ღირს თუ არა ამ საკითხით დაინტერესება? რასაკვირველია, რადგან ეს თითოეული ადამიანის მომავალს ეხება. თუმცა მრავალი ამას უგულისყუროდ ეკიდება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: «ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“» (2 პეტრე 3:3, 4). ბევრის აზრით, ისტორია მეორდება და ეს ყოველთვის ასე იქნება.
არსებობს რაიმე მტკიცება, რომ ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ? გაეცანით შემდეგ სტატიას.
-
-
ბოლო დღეები როდის?გამოიღვიძეთ! — 2008 | აპრილი
-
-
ბოლო დღეები როდის?
„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით ერთი მილიარდი წლის შემდეგ დედამიწა გახრიოკებულ და უნაყოფო უდაბნოდ გადაიქცევა. საეჭვოა, გადარჩებიან თუ არა ცოცხალი ორგანიზმები“, — აღნიშნული იყო ჟურნალ „ცა და ტელესკოპის“ ერთ-ერთ ბოლო ნომერში. ამის მიზეზი ჟურნალ „ასტრონომში“ იხსნებოდა: „მცხუნვარე მზე ზღვებს ამოაშრობს და კონტინენტებს გადაბუგავს. ეს აპოკალიფსური მოვლენა მხოლოდ მწარე სინამდვილე კი არ არის, არამედ ჩვენი გარდაუვალი ხვედრია“.
თუმცა ბიბლიაში სრულიად საპირისპირო აზრი წერია: ‘ღმერთმა მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ’ (ფსალმუნი 104:5). შემოქმედი გვარწმუნებს, რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება. ფაქტია, რომ ღმერთმა დედამიწა „დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). თუმცა მისი მიზანი არ ყოფილა, რომ მასზე ბოროტ და მოკვდავ ადამიანებს ეცხოვრათ. ამიტომ, ღმერთმა დაადგინა დრო, როცა თავის მმართველობას აღადგენდა იმ სამეფოს მეშვეობით, რომელზეც დანიელის 2:44-შია საუბარი.
იესოს ქადაგებაც სწორედ ღვთის სამეფოს ეხებოდა. ის კაცობრიობის გასამართლების დროზე ლაპარაკობდა. აგრეთვე აფრთხილებდა ხალხს დიდი გასაჭირის შესახებ, რომლის მსგავსიც არასოდეს ყოფილა. მან დაგვიტოვა ნიშანი, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებაზე მიუთითებს (მათე 9:35; მარკოზი 13:19; ლუკა 21:7—11; იოანე 12:31).
იესოს ნათქვამმა მრავალ ადამიანს აღუძრა ცნობისმოყვარეობა. როდის უნდა მომხდარიყო ეს მოვლენები? ზოგი აღსასრულის თარიღის დადგენას ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და ქრონოლოგიაზე დაყრდნობით ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო 17-ე საუკუნეში მოღვაწე მათემატიკოსი ისააკ ნიუტონი, რომელმაც მსოფლიო მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა და დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის სისტემა შექმნა.
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები და ვადები, რომლებიც მამის ძალაუფლებაშია“ (საქმეები 1:7). თავისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის“ შესახებ კი აღნიშნა: „იმ დღესა და საათზე . . . მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:3, 36). შემდეგ იესომ ნოეს დროინდელი მოვლენები შეადარა იმ მოვლენებს, რომლებიც მაშინ მოხდებოდა, ‘როცა კაცის ძე მოსული იქნებოდა’. მერე კი თქვა: „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:39, 42).
ჩვენთვის უცნობია ქვეყნიერების აღსასრულის ზუსტი დრო, მაგრამ იესომ მოიხსენია „ნიშანი“, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ბოლო დღეების ამოცნობა (2 ტიმოთე 3:1). ამ დროს ყველამ უნდა ვიფხიზლოთ, რათა ‘თავი დავაღწიოთ მოსახდენს და წარვდგეთ კაცის ძის წინაშე’ (ლუკა 21:36).
კონკრეტული ნიშნის დასახელებამდე იესომ თქვა: «ფრთხილად იყავით, რომ შეცდომაში არ შეგიყვანონ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ის“, „მოახლოვდა დანიშნული დრო“, მაგრამ ნუ გაჰყვებით მათ. როცა მოისმენთ ომებისა და არეულობების შესახებ, ნუ შეძრწუნდებით. ჯერ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე არ დადგება აღსასრული» (ლუკა 21:8, 9).
რა ნიშანზეა საუბარი?
ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელ მოვლენებზე საუბრისას იესომ თქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. იქნება საზარელი მოვლენები და დიდი ნიშნები ციდან“ (ლუკა 21:10, 11). იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ცხადია, რომ იესოს მიერ ჩამოთვლილი მოვლენები — ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები, საკვების უკმარისობა — ყველა ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი. ეს მოვლენები კაცობრიობის ისტორიას ოდითგანვე ახსოვს.
მაგრამ ერთდროულად თუ ხდებოდა ეს მოვლენები? 1914 წლიდან მოყოლებული ადამიანები მომსწრენი გახდნენ გამანადგურებელი მსოფლიო ომების, დამანგრეველი მიწისძვრების, რასაც თან ახლავს ცუნამი, ფართოდ გავრცელებული მომაკვდინებელი დაავადებების, როგორიცაა მალარია, ზოგიერთი სახეობის გრიპი და შიდს-ი. მილიონობით ადამიანი საკვების უკმარისობის გამო კვდება. მთელი მსოფლიო ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შიშით არის მოცული. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგებენ სასიხარულო ცნობას ღვთის ზეციერი სამეფოს შესახებ. როგორც ვხედავთ, ყველაფერი იესოს წინასწარმეტყველების თანახმად სრულდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რაც მოციქულმა პავლემ დაწერა: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5). უდავოა, რომ „მძიმე დრო“, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკანონობა, უღვთოობა, სისასტიკე და აგრესია, მთელ მსოფლიოს მოიცავდაa.
მაგრამ იქნებ ჯერ არ დამდგარა ბოლო დღეები, რომელსაც აღსასრული მოჰყვება, და მომავალში უნდა დადგეს? კიდევ რა ამტკიცებს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ?
როდის უნდა დამდგარიყო უკანასკნელი დრო?
მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა მოვლენები, რომლებიც შორეულ მომავალში უნდა მომხდარიყო, ანგელოზმა უთხრა: «იმ დროს [დანიელის 11:40-ის თანახმად „უკანასკნელ დროს“] აღსდგება მიქაელი [იესო ქრისტე], დიდი მთავარი, რომელიც შენი ხალხის ძეების გულისთვის დგას» (დანიელი 12:1). რა უნდა გაეკეთებინა მიქაელს?
წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებულია ის დრო, როცა მიქაელი უნდა გამეფებულიყო და მოქმედება დაეწყო: „ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი. ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7—9, 12).
ბიბლიის თანახმად ომს, რომლის შედეგად ზეცა სატანისა და დემონებისგან უნდა გაწმენდილიყო, მოჰყვებოდა დედამიწაზე დიდი ვაი. ეშმაკი განრისხებული იქნებოდა, რადგან დედამიწაზე მისი მმართველობის დრო მალე ამოიწურებოდა. ბოლო დღეების განმავლობაში, არმაგედონში დამარცხებამდე, ის კიდევ უფრო განრისხდებოდა (გამოცხადება 16:14, 16; 19:11, 15; 20:1—3).
შემდეგ მოციქული იოანე აცხადებს: «გავიგონე ციდან დიდი ხმა: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე!“» (გამოცხადება 12:10). მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს მუხლი ქრისტეს სამეფოს დამყარებაზე მიუთითებს, რომელიც 1914 წელს დამყარდა ზეცაშიb. თუმცა ფსალმუნის 110:2-ის თანახმად, იესოს „მტრებს შორის“ უნდა ემმართველა მანამ, სანამ მისი სამეფო დედამიწაზეც არ დაიწყებდა მმართველობას, ისევე როგორც ზეცაში (მათე 6:10).
საინტერესოა, რომ იმავე ანგელოზმა დანიელს უთხრა: „შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე წიგნს უკანასკნელ დრომდე. ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დანიელი 12:4). ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ დღეს უკანასკნელ დროში ვცხოვრობთ. ამ წინასწარმეტყველებების მნიშვნელობა დღეს უკვე ცნობილია და მის შესახებ ქადაგება მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობსc.
როდის დასრულდება ბოლო დღეები?
ბიბლიაში ზუსტად არ წერია, რამდენ ხანს გაგრძელდება ბოლო დღეები. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ბოლო დღეებში მსოფლიო მდგომარეობა გაუარესდება, რადგან იწურება სატანის ჟამი. პავლე მოციქულმა დაწერა: „ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმოთე 3:13). იესომ კი იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა მომხდარიყო, თქვა: „იმ დღეებში ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ღვთის ქმნილებათა შექმნიდან იმ დრომდე და არც აღარასოდეს იქნება. იეჰოვას რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის, რომლებიც თავად ამოირჩია, შეამოკლა ის დღეები“ (მარკოზი 13:19, 20).
ჯერ კიდევ მოსახდენი მოვლენებიდან ერთ-ერთი „დიდი გასაჭირია“, რომელსაც არმაგედონის ომი მოჰყვება. სატანა და მისი დემონები დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებზე ვეღარ მოახდენენ გავლენას (მათე 24:21). ღმერთი, „რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“, გვარწმუნებს, რომ ეს ყოველივე უსათუოდ მოხდება (ტიტე 1:2). არმაგედონი და სატანის უფსკრულში ჩაგდება ღვთის ჩარევის მაჩვენებელი იქნება.
პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა, თუ რომელი მოვლენის შემდეგ დაიწყებოდა ღვთის ომი. „დროებისა და ვადების“ შესახებ პავლემ თქვა: „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ“ (1 თესალონიკელები 5:1—3). ამ მოჩვენებითი „მშვიდობისა და უსაფრთხოების“d ზუსტი მიზეზი უცნობია, ამას მხოლოდ დრო გამოაჩენს; მაგრამ იეჰოვას გასამართლების დღე უეჭველად დადგება.
თუ გვჯერა, რომ ეს წინასწარმეტყველებები ნამდვილად შესრულდება, უნდა ვიმოქმედოთ. პეტრე მოციქული წერს, რისი გაკეთება გვმართებს: „თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე, რომელიც ალმოდებულ ცას დაშლის და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს!“ (2 პეტრე 3:11, 12). მაგრამ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „ეს მე რას მომიტანს?“ ამას მომდევნო სტატიიდან გაიგებთ.
[სქოლიოები]
a „ბოლო დღეების“ შესახებ დამატებითი და უტყუარი ინფორმაციისთვის იხილეთ 2007 წლის აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 8—10; 2006 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 4—7; 2005 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 4—7 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
b დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანმიმდევრობით შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 215—218 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
c იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ და „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული — 2008“, გვერდები 31—39 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
d იხილეთ წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 250, 251, აბზაცები 13, 14.
[ჩანართი 5 გვერდზე]
იესომ თქვა, რომ მხოლოდ ღმერთმა იცის „იმ დღესა და საათზე“
[სურათი 4 გვერდზე]
ისააკ ნიუტონი
[საავტორო უფლება]
© A. H. C./age fotostock
[სურათები 7 გვერდზე]
იესოს მიერ მოხსენიებული ნიშანი 1914 წლიდან სრულდება
[საავტორო უფლებები]
© Heidi Bradner/Panos Pictures
© Paul Smith/Panos Pictures
-
-
ბოლო დღეები რა იქნება შემდეგ?გამოიღვიძეთ! — 2008 | აპრილი
-
-
ბოლო დღეები რა იქნება შემდეგ?
ბოლო დღეების ხსენება ზოგს შიშის ზარს სცემს (2 ტიმოთე 3:1). მათთვის ბოლო დღეები მძიმე დროსთან ასოცირდება. მაშინ რატომღა ელოდა საუკუნეების მანძილზე მრავალი ადამიანი ბოლო დღეების დადგომას? მიზეზი ის არის, რომ ბოლო დღეები უკეთესი დღეების დადგომას მოასწავებს.
მაგალითად, ისააკ ნიუტონი დარწმუნებული იყო, რომ უკანასკნელი დროის დასრულებით დაიწყებოდა ახალი ეპოქა; ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობა მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანდა. მისი აზრით, სწორედ მაშინ შესრულდებოდა მიქას 4:3-სა და ესაიას 2:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, სადაც ვკითხულობთ: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“.
როდესაც აღსასრულზე ლაპარაკობდა, იესომ თავის მოწაფეებს დადებითი განწყობილების შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ დიდი გასაჭირის დროს მრავალ სირთულესა თუ საწუხარს შეხვდებოდნენ, და ყველგან შიში დაისადგურებდა. შემდეგ კი გაამხნევა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28). მაგრამ, რისგან საჭიროებენ ადამიანები ხსნას?
რას გვპირდება ღმერთი?
ომები, დამნაშავეობა, ძალადობა და შიმშილი მხოლოდ რამდენიმეა იმ უბედურებათა შორის, რომლებიც დღეს მილიონობით ადამიანს შიშის ზარს სცემს. აქედან ერთ-ერთი უბედურების მსხვერპლი შეიძლება თქვენც იყოთ. ღმერთი გვპირდება:
„კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).
„ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და მყუდრო მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს“ (ესაია 32:18).
„[იეჰოვა] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:9).
„თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4).
„უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).
„ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“ (იგავები 1:33).
იმ შემთხვევაშიც, თუ შედარებით უკეთეს პირობებში ვცხოვრობთ, ავადმყოფობასა და სიკვდილს მაინც ვერსად გავექცევით. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში კი ავადმყოფობაც და სიკვდილიც წარსულს ჩაჰბარდება. ჩვენ კვლავ შევხვდებით გარდაცვლილ ახლობლებს. ყურადღება მიაქციეთ:
„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
„[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).
„უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26).
„მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).
პეტრე მოციქულმა ეს ყველაფერი შესანიშნავი სიტყვებით შეაჯამა: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). სიმართლე რომ დამკვიდრდეს, არ უნდა არსებობდნენ ის ადამიანები, ვინც ხელს უშლიან სიმართლის დამკვიდრებას. იმავეს თქმა შეიძლება იმ ერებზეც, რომლებსაც მხოლოდ ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ, და ამის გამო კონფლიქტებსა და სისხლის ღვრაში მიუძღვით ბრალი. ყველა მიწიერ მთავრობას ღვთის სამეფო შეცვლის, რომელსაც სათავეში ქრისტე უდგას. ბიბლიაში წერია: „მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება დავითის ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად და სამართლიანობითა და სიმართლით მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას“ (ესაია 9:7).
ასეთი მომავლის პერსპექტივა თქვენთვისაც რეალურია. ბიბლია გვარწმუნებს: „[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4). ნუ დააყოვნებთ იმ ცოდნის შეძენას, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ (იოანე 17:3). დაუკავშირდით ამ ჟურნალის გამომცემლებს და მოითხოვეთ ბიბლიის უფასო შესწავლა.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე, გაიხაროთ მშვიდობით და გქონდეთ სრულყოფილი ჯანმრთელობა
-