რა მომავალი ელის დედამიწას?
„მონაცემების თანახმად, მე-20 საუკუნემ ყველა საუკუნეს გადააჭარბა მოქალაქეთა ძალადობაში, კომფლიქტების ზრდასა და ლტოლვილთა მომრავლებაში; მილიონობით ადამიანი დაიხოცა ომებში; დიდძალი თანხები იხარჯება თავდაცვაზე“, — ნათქვამია ერთ-ერთ გამოცემაში („სამხედრო და სოციალური მსოფლიო დანახარჯები 1996 წლისთვის“ [World Military and Social Expenditures 1996]). შეიცვლება კი ოდესმე ეს მდგომარეობა? მოციქულმა პეტრემ საუკუნეების წინ ღვთის მიერ აღთქმული შეახსენა ქრისტიანებს: „ხოლო ჩვენ მისი [ღვთის] აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). თავდაპირველად ეს სიტყვები ესაიას წინასწარმეტყველებაში ეწერა (ესაია 65:17; 66:22). ძველი დროის ისრაელმა იხილა ამ წინასწარმეტყველების ნაწილობრივი შესრულება, როდესაც ბაბილონში 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ აღთქმულ მიწას დაუბრუნდა. ასეთივე დაპირება ‘ახალ ცასა და ახალ მიწასთან’ დაკავშირებით გაიმეორა პეტრემ, რითაც უჩვენა, რომ ეს წინასწარმეტყველება უფრო დიდი, მსოფლიო მასშტაბით უნდა შესრულებულიყო! მთელ დედამიწაზე სამართლიანი პირობების დამყარება ღვთის განზრახვაა და მას მოიტანს მისი ზეციერი მთავრობა, რომლის მეფედაც იესოა დანიშნული. „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:4). იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ სწორედ ასეთ სრული სიმშვიდისა და უსაფრთხოების მოლოდინში ყოფილიყვნენ და ამისთვის ელოცათ, რომელსაც, ჩვეულებრივ, „მამაო ჩვენოს“ ან „უფლის ლოცვას“ უწოდებენ: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). ისურვებდით ცხოვრებას ზეცასავით სამართლიან მსოფლიოში? ამ საიმედო მომავალს სთავაზობს ბიბლია ყველას, ვინც მთელი გულით ცდილობს ღვთის შეცნობას და მის სამართლიან გზებთან შეთანხმებულად ცხოვრებას.