-
იერონიმე — ბიბლიის პირველი მთარგმნელი, რომლის ნაშრომიც სადავო გახდასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 იანვარი
-
-
იერონიმე — ბიბლიის პირველი მთარგმნელი, რომლის ნაშრომიც სადავო გახდა
ტრიდენტის კრებამ 1546 წლის 8 აპრილს დაადგინა, რომ ლათინური „ვულგატა“ „მოიწონა [კათოლიკურმა] ეკლესიამ. . . და რომ ვერავინ ბედავს რაიმე საბაბით მის უარყოფას“. თუმცა „ვულგატის“ თარგმნა უკვე ათასზე მეტი წლის წინათ იყო დამთავრებული, ის და მისი მთარგმნელი, იერონიმე, დიდი ხნის მანძილზე დავის საგანს წარმოადგენდნენ. ვინ იყო იერონიმე? რატომ დაობდნენ მასსა და ბიბლიის მის თარგმანზე? რა გავლენას ახდენს მისი ნაშრომი ბიბლიის თარგმნაზე დღეს?
-
-
იერონიმე — ბიბლიის პირველი მთარგმნელი, რომლის ნაშრომიც სადავო გახდასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 იანვარი
-
-
კრიტიკის მიუხედავად, იერონიმეს პაპი დამასი სრულად უჭერდა მხარს. პაპს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, თუ რატომ მოუწოდებდა იერონიმეს, გაეგრძელებინა ბიბლიის კვლევა. იმ დროს ლათინურ ენაზე ბიბლიის მრავალ თარგმანს იყენებდნენ. თარგმანების უმეტესობა ზერელე იყო და მათში თვალში საცემი შეცდომები აღინიშნებოდა. დამასს სხვა მიზეზიც აწუხებდა — ენა ეკლესიის აღმოსავლურ და დასავლურ სამფლობელოებს ყოფდა. ლათინური ენა აღმოსავლეთში ცოტამ თუ იცოდა; უფრო ნაკლებმა იცოდა ბერძნული ენა დასავლეთში.
ასე რომ, პაპ დამასს ძალიან უნდოდა, ჰქონოდა სახარებების გადამუშავებული ლათინური თარგმანი. მას სურდა, რომ ამ თარგმანს ზუსტად გადმოეცა ბერძნული დედნის ტექსტი და, ამავე დროს, ლამაზი და გასაგები ენით ყოფილიყო დაწერილი. იერონიმე იმ მცირეთაგან ერთ-ერთი სწავლული იყო, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი თარგმანის გაკეთება. რადგან კარგად ფლობდა ბერძნულ, ლათინურ და სირიულ ენებს, ამასთანავე, საკმარისად იცოდა ებრაული ენა, შეეძლო ამ საქმის შესრულება. ასე რომ, დამასის დავალებით იერონიმემ დაიწყო მუშაობა იმაზე, რის შესრულებასაც ოც წელზე მეტი ხანი დასჭირდა.
დავა ძლიერდება
თუმცა იერონიმე დიდი სისწრაფით თარგმნიდა სახარებებს, მან სწავლულისთვის დამახასიათებელი შესრულების ნამდვილი ოსტატობა გამოავლინა. მან შეადარა იმ დროს არსებული ყველა ბერძნული ხელნაწერი და შეიტანა სტილისტური და აზრობრივი ცვლილებები ლათინურ ტექსტში, რათა ის უფრო მიახლოებული ყოფილიყო ბერძნულ ტექსტთან.
იერონიმეს მიერ გადათარგმნილ ოთხ სახარებას, ისევე როგორც ფსალმუნნის ბერძნული „სეპტუაგინტის“ ტექსტზე დაფუძნებულ ლათინურ ვერსიას, კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ჰყავდა კრიტიკოსები. იერონიმე წერდა: „ზოგი საზიზღარი ქმნილება განზრახ მაბრალებდა, რომ ვცდილობდი სახარებებში ზოგი ადგილის შესწორებას ხუცესების ნებართვის გარეშე და მთელი მსოფლიოს თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ“. ასეთი ბრალდებები გაძლიერდა 385 წელს პაპ დამასის სიკვდილის შემდეგ. ახალ პაპთან იერონიმეს არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ამიტომ მან დატოვა რომი და ის კვლავ აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა.
როგორ გახდა ებრაული ენის სპეციალისტი
386 წელს იერონიმე დასახლდა ბეთლემში, სადაც ცხოვრების დარჩენილი ნაწილი უნდა გაეტარებინა. მას თან ახლდა ერთგული მიმდევრების პატარა ჯგუფი, რომელთა შორისაც იყო პავლა, არისტოკრატული წარმოშობის მდიდარი რომაელი მანდილოსანი. იერონიმეს ქადაგების შედეგად პავლამ ასკეტური ცხოვრება დაიწყო. მისგან ფინანსური დახმარებითა და იერონიმეს ხელმძღვანელობით დაფუძნდა მონასტერი. იერონიმემ იქ თავის მეცნიერულ ნაშრომზე მუშაობა განაგრძო და დაასრულა თავის ცხოვრებაში უდიდესი ნაწარმოები.
პალესტინაში ყოფნამ მას შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინა ებრაული ენის ცოდნა. ენის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით მან რამდენიმე ებრაელი მასწავლებელი დაიქირავა, მაგრამ ეს არც მათი დახმარებით იყო ადვილი. ერთ-ერთი მათგანის, ტიბერიელი ბარანინასის, შესახებ იერონიმემ თქვა: „რა დამტანჯველია და რა ძვირად მიჯდება, რომ ბარანინასი ღამ-ღამობით მასწავლის“. რატომ სწავლობდნენ ისინი ღამით? ბარანინასს ეშინოდა, რას იტყოდნენ იუდეველები „ქრისტიანთან“ მისი ურთიერთობის შესახებ.
იერონიმეს დღეებში ებრაელები ხშირად დასცინოდნენ ებრაულ ენაზე მოლაპარაკე არაებრაელებს, რადგან მათ უჭირდათ ხორხისმიერი ბგერების წარმოთქმა. მაგრამ დიდი ძალისხმევის შემდეგ იერონიმემ შეძლო ამ ბგერების სწორად წარმოთქმა. მან აგრეთვე ლათინურ ენაზე მრავალი ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია გააკეთა. ამან არა მარტო დაამახსოვრებინა მას მრავალი სიტყვა, არამედ ხელი შეუწყო იმდროინდელი ებრაული წარმოთქმის შემონახვას.
იერონიმეს მიერ გამოწვეული უდიდესი დავა
არ არის ცნობილი, თუ პაპ დამასს ბიბლიის რამდენი ნაწილის გადათარგმნა უნდოდა იერონიმეს ხელით. მაგრამ ჩვენთვის გასაგებია, თუ როგორ უყურებდა თავად იერონიმე ამ საქმეს. ის მიზანდასახულად და გადამწყვეტად მოქმედებდა. მას ძალიან სურდა, შეექმნა ისეთი რამ, რაც „სასარგებლო იქნებოდა ეკლესიისთვის და ღირსეული — მომავალი თაობისთვის“. ამიტომ მან გადაწყვიტა მთლიანი ბიბლიის ლათინური თარგმანის გადამუშავება.
ებრაული წერილების თარგმნა იერონიმემ „სეპტუაგინტის“ საფუძველზე დააპირა. ებრაული წერილების ამ ბერძნულ თარგმანს, რომელიც პირველად ძვ. წ. III საუკუნეში გაკეთდა, მრავალი ღვთისგან შთაგონებულად მიიჩნევდა. ამიტომ „სეპტუაგინტა“ ფართოდ იყო გავრცელებული იმდროინდელ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანებში.
საქმე წინ მიიწევდა, მაგრამ იერონიმე წააწყდა შეუთანხმებლობას ბერძნულ ხელნაწერებს შორის, ისევე როგორც ეს ლათინურ ენასთან დაკავშირებით დაემართა. მას სულ უფრო უცრუვდებოდა გული. ბოლოს დაასკვნა, რომ სანდო თარგმანის გასაკეთებლად გვერდზე უნდა გადაეწყო ბერძნული ხელნაწერები, მათ შორის დიდად პატივცემული „სეპტუაგინტა“, და სამუშაო შეესრულებინა თვით ებრაული დედნიდან.
ამ გადაწყვეტილებას ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა. იერონიმეს ტექსტის ფალსიფიკატორი, ღვთისმგმობელი, იუდეველების გულისთვის ეკლესიის ტრადიციების მიმტოვებელი უწოდეს. ეკლესიის იმდროინდელი წამყვანი ღვთისმეტყველი ავგუსტინეც კი ეხვეწებოდა მას, დაბრუნებოდა „სეპტუაგინტის“ ტექსტს: „თუ შენს თარგმანს წაიკითხავენ მრავალ ეკლესიაში, საშინელი რამ მოხდება, როცა საღვთო წერილის კითხვისას ლათინურსა და ბერძნულ ეკლესიებს შორის სხვაობები იჩენს თავს“.
დიახ, ავგუსტინე შიშობდა, რომ ეკლესია გაიყოფოდა, თუ დასავლური ეკლესიები გამოიყენებდნენ ებრაულ ტექსტებზე დაფუძნებულ იერონიმეს ლათინურ ტექსტს, აღმოსავლეთის ბერძნული ეკლესიები კი — „სეპტუაგინტის“ თარგმანსb. ამასთანავე, ავგუსტინე იმასაც შიშობდა, რომ „სეპტუაგინტას“ გვერდზე გადადებდნენ თარგმანის გამო, რომლის დაცვაც მხოლოდ იერონიმეს შეეძლო.
როგორ რეაგირებდა იერონიმე ამ წინააღმდეგობაზე? ისე, როგორც ახასიათებდა — ყურადღებას არ აქცევდა კრიტიკოსებს. მან ებრაულიდან განაგრძო თარგმნა და 405 წლისთვის დაასრულა ლათინური ბიბლია. წლების შემდეგ მის თარგმანს ეწოდა „ვულგატა“, რაც ნიშნავს საყოველთაოდ აღიარებულ ვერსიას (ლათინური სიტყვა „ვულგატუს“ ნიშნავს „საყოველთაოს — იმას, რაც პოპულარულია“).
მიღწევები, რომლებმაც დროს გაუძლო
იერონიმეს მიერ თარგმნილი ებრაული წერილები არსებული ტექსტის გადამუშავებაზე მეტი იყო. მომავალი თაობებისთვის მან შეცვალა ბიბლიის შესწავლისა და თარგმნის კურსი. ისტორიკოსმა უილ დიურანტმა თქვა: « „ვულგატა“ რჩება მეოთხე საუკუნის უდიდეს და ყველაზე გავლენიან სალიტერატურო ნაწარმოებად».
მიუხედავად იმისა, რომ იერონიმეს მწარე ენა ჰქონდა და სადავო პიროვნება იყო, ბიბლიის კვლევა მან სხვების დახმარების გარეშე მიმართა ღვთივსულიერი ებრაული ტექსტისკენ. მან დიდი გულმოდგინებით შეისწავლა და შეადარა ძველი ებრაული და ბერძნული ხელნაწერები, რომლებიც დღემდე ვერ შემორჩა. მისი ნაშრომი იუდეველი მასორეტების ნაშრომის წინამორბედი იყო. ამიტომ „ვულგატა“ ძვირფასი წყაროა ბიბლიის თარგმანების სხვადასხვა ვარიანტების შესადარებლად.
ღვთის სიტყვის მოყვარულები აფასებენ ბიბლიის ამ მთარგმნელის გულმოდგინებას — პირველი მთარგმნელისა, რომლის ნაშრომი და პიროვნება სადავო გახდა, თუმცა თვალს არ ხუჭავენ მის უკიდურეს ქცევებსა და რელიგიურ შეხედულებებზე. დიახ, იერონიმემ მიაღწია მიზანს — ‘მომავალი თაობისთვის ღირსეული’ ნაწარმოები შექმნა.
-
-
იერონიმე — ბიბლიის პირველი მთარგმნელი, რომლის ნაშრომიც სადავო გახდასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 იანვარი
-
-
b საბოლოო ჯამში, იერონიმეს თარგმანი დასავლური ქრისტიანული სამყაროს ძირითად ბიბლიად იქცა, „სეპტუაგინტას“ კი დღემდე იყენებენ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში.
-